გადაწყვეტილება

სამოქალაქო 09.10.2019
საქმის ნომერი
140210019003004168
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
09.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №140210019003004168

საქმე №2/695-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

09 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. გორი

შესავალი ნაწილი

გორის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე მაია კუთხაშვილი

სხდომის მდივანი თემურ საათაშვილი

მოსარჩელე - ა----–---------ე

წარმომადგენელი - ი-–---------ე

მოპასუხე - ზ------------–----ე

წარმომადგენელი - გ----------------–---–ი

დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ზ------------–----ეს არასრულწლოვანი შვილის ლ---------–----ის (დაბ: 15.11.2018) რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტის სახით დაეკისროს თვეში 700 ლარი.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2018 წლის იანვრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მოპასუხე ზ------------–----ესთან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი ლ---------–----ე (დაბ. 2018 წლის 15 ნოემბერს). 2019 წლის თებერვლის თვიდან მხარეებს შორის ფაქტობრივად შეწყდა ქორწინება ხასიათის შეუთავსებლობის გამო. ოჯახის აღდგენა და შერიგება შეუძლებელი იყო, რის გამოც სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ შეწყდა რეგისტრირებული ქორწინება. მოპასუხე არ ზრუნავს შვილის აღზრდა განვითარებაზე, იგი მატერიალურ დახმარებას არ უწევს ბავშვს. ვინაიდან მოსარჩელე არის უმუშევარი, იგი ვერ უზრუნვეყოფს ბავშვის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას იმ პირობებში, როდესაც ლიკა ტალახაძეს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები და მას სისტემტიურად ესაჭიროება ექიმის კონსულტაცია და მკურნალობა, რაც დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. გარდა ამისა მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხის ყოვეთვიური ანაზღაურება შეადგენს 2000 ლარამდე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ, 200 ლარის ფარგლებში და მიუთითა, რომ მონაწილეობას იღებს ლუკა ტლახაძის აღზრდაში და უზრუნველყოფს მატერიალურად. მოპასუხე აღნიშნავს რომ იგი მოსარჩელეს აძლევდა გარკვეულ თანხას, რომელიც არსადაა დაფიქსირებული და სამსახურებრივად დაზღვევა ვცელდება როგორც ბავშვზე ისე მოსარჩელეზეც. მოპასუხე აღნიშნავს, რომ იგი აცნობიერებს მშობლის პასუხისმგებლობას და ზრუნავს შვილზე და შეეცდება მომავალშიც იზრუნოს. გარდა ამისა იგი აღნიშნავს, რომ იხდის იპოთეკურ სესხს იმ ბინის გამო, სადაც ცხოვრობს თვითონ და თავისი ახალი ოჯახი, მეუღლე, რომელსაც პირველი ქორწინებიდან ყავს შვილი და არის ფეხმძიმედ. გარდა ამისა მან ზეპირი მოსმენის დროს აღნიშნა, რომ მეუღლე ყავს ფეხმძიმედ და რაღაც დროის შემდგენ მისი მეუღლე ვეღარ შეძლებს მუშაობას, რის გამოც მას წარმოეშობა დამატებითი ხარჯები.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. მხარეები 2018 წლის იანვრიდან 2019 წლის 15 აპრილამდე რეგისტრირებულ ქორწინებაში იყოფებოდნენ, თუმცა 2019 წლის თებერვლის თვიდან ფაქტობრივად ერთად აღარ ცხოვრობდნენ.

 

მტკიცებულებები:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- განქორწინების მოწმობა

 

3.1.2. მხარეებს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი, 2018 წლის 15 ნოემბერს დაბადებული ლ---------–----ე.

 

მტკიცებულებები:

 

- ლ---------–----ის დაბადების მოწმობა.

 

3.1.3. მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და არასრულწლოვანი შვილი - ლ---------–----ე ცხოვრობს დედასთან ერთად.

 

მტკიცებულება:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.4. მცირეწლოვანი ლ---------–----ე სარგებლობს ჯანმრთელობის დაზღვევით

 

მტკიცებულება:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- სს “სადაზღვევო კომპანია იმედი L“-ის მიერ გაცემული ცნობა.

 

3.1.5. მოპასუხეს გააჩნია ფინანსური ვალდებულება სს „თიბისი ბანკის“ წინაშე და მის ყოველთვიური შენატანი შეადგენს 305 აშშ დოლარს.

 

მტკიცებულება:

 

- ამონაწერები საბანო ანგარიშებიდან და ცნობა დავალიანების შესახებ

 

3.1.6. ზ------------–----ეს ამჟამად ჰყავს მეუღლე

 

მტკიცებულება:

 

- ქორწინების მოწმობა

 

3.1.7. მოპასუხე ზ------------–----ის ყოვეთვიური ფულადი შემოსავლის ხელზე ასაღები ოდენობა არის 1884.82 ლარი

 

მტკიცებულება:

 

- სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის 2019 წლის 04 ივნისის ცნობა.

 

4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. მხარეთა შორის სადავო გარემოებას წარმოადგენს ალიმეტის ოდენობა.

 

მტკიცებულებები:

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ა----–---------ის სარჩელი ზ------------–----ის მიმართ ალიმენტის, დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ვინაიდან არსებობს მოპასუხისათვის ალიმენტის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1187-ე, 1197-ე, 1198-ე, 1202-ე, 1212-ე, 1214-ე მუხლები;

„ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენცია.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1187-ე მუხლის მიხედვით, მშობლებისა და შვილების ურთიერთუფლება-მოვალეობებს საფუძვლად უდევს შვილების წარმოშობა, რაც დადასტურებულია კანონით დადგენილი წესით.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეებს ჰყავთ საერთო შვილი ლ---------–----ე, რომელიც ცხოვრობს დედასთან.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.

 

7.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ბავშვს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და ესაჭიროება რეგულარული მკურნალობა. ამასთან, მოპასუხეს დაზღვული ჰყავს შვილი, გარდა ამისა იგი მზად არის მონაწილეობა მიიღოს ბავშვის მკურნალობისათვის გაწეულ ხარჯების ანაზღაურებაში. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მოპასუხე აღიარებს ალიმეტის სახით მოთხოვნილი თანხიდან 200 ლარს.

 

7.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულები არიან ან ცხოვრობენ ცალ-ცალკე.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეები ცხოვრობენ ცალცალკე და ბავში ცხოვრობს დედასთან.

 

7.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები.

 

7.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილების რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

განსახილველ შემთხვევაში, ალიმენტის ოდენობასთან დაკავშირებით, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მოპასუხეს გააჩნია ფინანსური ვალდებულება, კერძოდ, იგი ყოველთვიურად იპოთეკურ სესხზე იხდის 311 აშშ დოლარს. მუხედავად იმის, რომ სესხი წარმოადგენს პერიოდულ ვალდებულებას და მსგავსი ვალდებულების არსებობა არ წარმოადგენს პრიორიტეტს მისი მხრიდან ალიმენტის გადახდის ვალდებულებასთან შედარებით და მსესხებელს შეუძლია სესხის ხელშეკრულების ვადა გააგრძელოს და შეამციროს ყოველთვიურად გადასახდელი თანხის ოდენობა, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ აღნიშნული სესხის ხელშეკრულება დადებულია სწორედ იმ საცხოვრებელი სახლის შესაძენად, რომელიც მის საცხოვრებელ სახლს წარმოადგენს, მისი მხრიდან ამ ვალდებულების შეუსრულებლობა მას დატოვებს საცხოვრებელი სახლის დაკარგვის რისკის წინაშე მაშინ, როცა ამ სახლში მის გარდა ასევე ცხოვრობს არასრულწლოვანი და ფეხმძიმე მეუღლე. რაც შეეხება მოპასუხის პოზიციას, რომ მას ყავს მშობლები, რომლებზეც იგი ზრუნავს, სასამართლო ვერ გაიზიარებს და აღნიშნავს, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხის მშობლები იღებენ პენსიას და ისინი სარგებლობენ ჯანრთელობის დაცვის კუთხით სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამით, მოპასუხის მხრიდან მათი რჩენის ვალდებულებაზე მითითება ვერ მოახდენს ზეგავლენას მისი შვილისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობაზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის მითითებული ნორმებით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს.

 

„ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ამავე კონვენციის 27-ე მუხლის შესაბამისად, მშობელს (მშობლებს) აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

 

ბავშვის ასეთი განსაკუთრებული დაცვის აუცილებლობა გათვალისწინებულია გენერალური ასამბლეის მიერ 1959 წლის 20 ნოემბერს მიღებული ბავშვთა უფლებათა დეკლარაციით, რომლის მიხედვითაც ბავშვი, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვასა და მზრუნველობას, შესაბამისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით. ბავშვი ექვემდებარება განსაკუთრებულ დაცვას. ყველა ზომა უნდა იქნეს მიღებული, რათა ბავშვს მიეცეს შესაძლებლობა და საშუალებები განვითარდეს ფიზიკურად, გონებრივად, მორალურად, სულიერად და სოციალურად ჯანსაღი და მისაღები ფორმით, თავისუფლებისა და პატივისცემის ატმოსფეროში. ბავშვი უნდა იყოს სოციალურად დაცული. მას აქვს ჯანსაღ გარემოში აღზრდისა და განვითარების უფლება; სათანადო კვების, საცხოვრებლის, დასვენებისა და სამედიცინო მომსახურების მიღების უფლება, განათლების მიღების უფლება. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მის აღზრდასა და განათლებაზე პასუხისმგებელი ყველა პირისათვის სახელმძღვანელო პრინციპია და ეს პასუხისმგებლობა, უპირველესყოვლისა, ეკისრებათ მშობლებს.

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას მისთვის ძირითადი საარსებო პირობების შექმნას და თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში.

 

სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ მოპასუხეს დაზღვეული აქვს ბავშვის ჯანმრთელობა, გარდა ამისა იგი მზად არის მონაწილეობა მიიღოს ბავშვის მკურნალობისათვის გაწეულ ხარჯებში. გარდა ამისა, აღიარებს ალიმეტის სახით მოთხოვნილი თანხიდან 200 ლარს. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბავშვს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, დასადგენია კონკრეტული დიაგნოზი და მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ცნობები ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, იძლევა საფუძველს იმისათვის, რომ ბავშვს პერიოდულად ესაჭიროპება ექიმის კონსულტაციები, გარკვეული დიაგნოსტიკური კვლევები, რომელთა ანაზღაურებაც ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტში არ შედის, შესაბამისად სადავო არ არის ის გარემოება, რომ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლას, დადგენას და გაუმჯობესებას ესაჭიროება დამატებითი ხარჯები, რაც საალიმენტო ვალდებულების ფარგლებს სცილდება და სასამართლო ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ამ ხარჯებზე ვერ იმსჯელებს.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მშობლებისა და შვილების მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რათა რეალურად იყოს შესაძლებელი გადაწყვეტილების აღსრულება და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ალიმენტვალდებული პირი არ აღმოჩნდეს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში, არასრულწლოვანი შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის, აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა იქნება ყოველთვიურად 340 ლარი, სარჩელის აღძვრიდან - 2019 წლის 21 მაისიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახლმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

დადასტურებულია, რომ მოსარჩელე გათავისუფლებულია ალიმენტის გადახდისაგან, შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს.

 

8.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ ნაწილობრივ აღიარა სარჩელი და სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ზ------------–----ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 ლარის ოდენობით.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 38-ე, 39-ე, 49-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ა----–---------ის სარჩელი ზ------------–----ის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. ზ------------–----ეს ა----–---------ის სასარგებლოდ დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის, 2018 წლის 15 ნოემბერს დაბადებული ლ---------–----ის რჩენა - აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტის გადახდა 340 ლარის ოდენობით, 2019 წლის 21 მაისიდან მის სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის შეცვლამდე.

 

3. მოპასუხე ზ------------–----ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 ლარის ოდენობით.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია კუთხაშვილი