განაჩენი

სისხლის სამართლის 09.10.2019
საქმის ნომერი
080100119003114654
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
09.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/632-19 (№041210619004)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

9 ოქტომბერი 2019 წელი ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე თათია გოგოლაური

სხდომის მდივანი დავით აბაშიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: გ------- ხ-----

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - რ------–- რ------–-ს ძე თ---–----–---–- - დაბადებული 1----–-–-----------, საქართველოს მოქალაქე, პირადი N1----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრაციის მისამართი: ვანის რაიონი, თ---------–-------------; ფაქტობრივად მცხოვრები: ქუთაისი, ს---–---------------------------

 

ადვოკატი - ო----- რ------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (ორი ეპიზოდი); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი;

 

დისპოზიცია: ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის ივნისის დასაწყისში, ზუსტი თარიღი დაუდგენელია, ქუთაისში, ს---–-----------------------------ში არსებულ საცხოვრებელ ბინაში რ------–- თ---–----–---–-- ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს ნ---- ჩ---------. კერძოდ, ხელი მოუჭირა ყელში, რის შედეგადაც ნ---- ჩ---------- განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2019 წლის 21 ივნისს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქუთაისში, ს---–-----------------------------ში არსებულ საცხოვრებელ ბინაში რ------–- თ---–----–---–-- არასრულწლოვანი შვილის ა-------- თ---–----–---–-ს თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს ნ---- ჩ---------. კერძოდ, ორივე ხელზე დაარტყა საფერფლე, მარჯვენა გვერდსა და თავში ჩაარტყა მუჭი, ძალადობრივი ქმედებების შედეგად ნ---- ჩ---------- განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2016 წლიდან 2019 წლის 21 ივნისამდე დროის პერიოდში, ქუთაისში, ს---–-----------------------------ში არსებულ საცხოვრებელ ბინაში რ------–- თ---–----–---–- სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და ამცირებდა მეუღლეს ნ---- ჩ---------. შეურაცხყოფის და დამცირების შედეგად დაზარალებული განიცდიდა ტანჯვას.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გარდა რ------–- თ---–----–---–-ს აღიარებისა, სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (შეტყობინებები, ზეპირი შეტყობინების მიღების ოქმი, ნ---- ჩ---------- გამოკითხვის ოქმი, მარიამ ფილფანის გამოკითხვის ოქმი, რ------–- თ---–----–---–-ს დაკავების ოქმი, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა N0--------, ამბულატორიული სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა N0--------, შემაკავებელი ორდერის მასალები) ერთობლიობა რ------–- თ---–----–---–-ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი. აღნიშნული დანაშაულის ერთ-ერთი მაკვალიფიცირებელი ნიშანია ქმედება ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა უზენაესმა სასამართლომ თავის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში, სადაც მიუთითა, რომ „მოძალადე“ და „ძალადობის მსხვერპლი“ უნდა იყვნენ ერთი ოჯახის წევრები....“ იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 24 ოქტომბრის N403აპ-16 გადაწყვეტილება).

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ რ------–- თ---–----–---–-- ჩაიდინა: ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით; ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

3. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ რ------–- თ---–----–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.

 

სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. სასჯელის მოხდის პერიოდში ძალადობრივი დანაშაულისათვის, პიროვნული მახასიათებლიდან გამომდინარე, სასჯელის ხანგრძლივობა და თავისუფლების აღკვეთის ადგილას გატარებული დრო, როგორც სასჯელი დანაშაულისათვის, ზოგადად, პრევენციის კარგი გზაა. ეს დამნაშავეს აძლევს შესაძლებლობას იფიქროს, თუ რა ზეგავლენა იქონია მისმა ქმედებამ დაზარალებულზე, იფიქროს წარსულ შეცდომებზე და შეცვალოს ცხოვრების წესი.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახური ძალადობის გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა ვერ იქნება უზრუნველყოფილი რ------–- თ---–----–---–-ს მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებით, ვინაიდან აღნიშნული ვერ იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები. სასჯელის შემსუბუქების კუთხით, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის აღიარებას, თუმცა მხოლოდ ეს გარემოება ვერ გადაწონის სისხლის სამართლის საქმეში არსებულ რიგ გარემოებებს, კერძოდ: ბრალდებულის პიროვნებას და მის მიდრეკილებას ძალადობისაკენ. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ რ------–- თ---–----–---–-ს მხრიდან მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განხორციელდა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, რაც ფსიქიკურ და ფსიქოლოგიურ პრობლემებს იწვევს ნებისმიერ ადამიანში (მით უფრო არასრულწლოვანში) და წარმოადგენს ბავშვის ნორმალური განვითარებისა და აღზრდის ხელშემშლელ წინაპირობას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ რ------–- თ---–----–---–- დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 1 (ერთი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

რ------–- თ---–----–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის ივნისის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის ივნისის ეპიზოდი) - 1 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 1 (ერთი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, რ------–- თ---–----–---–- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით.

 

რ------–- თ---–----–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

რ------–- თ---–----–---–- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს მისი დაკავების მომენტიდან 2019 წლის 21 ივნისიდან.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თათია გოგოლაური