განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N110100119003219625
N1/281-2019
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10 ოქტომბერი, 2019 წელი ქ.ზესტაფონი
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე
სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ი-–------–-------;
დაცვის მხარე:
ადვოკატი - გ--------- ჩ--------;
ბრალდებული - ბ------ მ------, დაბადებული 1----–-–-----------, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნ-------------------), უ-----–-----------–-----------, დაოჯახებული, ნასამართლეობის არმქონე, მცხოვრები: ქ.ჭიათურა, დ.აღმაშენებლის ქუჩა N--;
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (იძულება, ესე იგი, ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, მისი ფსიქიკური იძულება შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა);
სხდომის სახე - ღია.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. 2019 წლის 29 აგვისტოს, დაახლოებით 20:30 საათზე, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბ------ მ------მ პისტოლეტის ფორმის სანთებელას გამოყენებით განახორციელა ფსიქიკური იძულება ქ.ჭიათურა, გაგარინის ქუჩა N---ში მცხოვრები, 26.05.1940 წელს დაბადებული ნ-------- ბ-–---- მიმართ, კერძოდ, ბ------ მ------, ამ უკანასკნელს თავისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში, ყოველგვარი მიზეზის დასახელების გარეშე, აიძულებდა შეესრულებინა მისი მოთხოვნა, რომ აეღო ტელეფონი და გაჰყოლოდა საცხოვრებელი სახლის გარეთ, რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება ნ------- ბ-–---- უფლება იყო.
2. ბ------ მ------მ წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, გულწრფელად აღიარა და მოინანია ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა.
3. წინასასამართლო სხდომაზე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებულ არცერთ მტკიცებულებას სადავოდ არ ხდიდნენ და როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე, სრულად დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ წინასასამართლო სხდომაზე საქმეზე მოპოვებული არცერთი მტკიცებულება მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
4. სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).
5. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ (2014 წლის 24 აპრილი, განაცხადი No. 9043/05, პარ 91) განმარტა: იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (აგრეთვე იხ.: სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, პარ 135-136, Scoppola v. Italy, (no. 2) [GC], no. 10249/03, 17.09.09; პოიტრიმოლი საფრანგეთის წინააღმდეგ, პარ 31, Poitrimol v. France, 23 November 1993, Series A no. 277-A; ჰერმი იტალიის წინააღმდეგ, პარ 73, Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, ECHR 2006 XII).
6. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი, თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
7. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბ------ მ------- მიერ დანაშაულის ჩადენას, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, უტყუარად ადასტურებს შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობა: დაზარალებულ ნ------- ბ-–---- გამოკითხვის ოქმები; მოწმე - ც------ ბ-–---- გამოკითხვის ოქმი; ბრალდებულ ბ------ მ------- გამოკითხვის ოქმები; ამოღების ოქმი და ფოტოსურათები; ბალისტიკური ექსპერტიზის N162/ბ დასკვნა; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ფოტოსურათები; საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების ოქმი და ფოტოსურათები; საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები და მასალები.
8. სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნულ ეჭვის გამომრიცხავ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულია ბ------ მ------- მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.
სამართლებრივი შეფასება:
9. სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი დანაშაულისაგან (სსკ 150-ე მუხლი) სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანისათვის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული თავისუფლება, კანონის ფარგლებში იმოქმედოს საკუთარი შეხედულებისამებრ. ობიექტური მხრივ იძულება გამოიხატება მოქმედებაში - ადამიანის თავისუფლების უკანონო შეზღუდვაში, კერძოდ, პირის ფიზიკურ ან ფსიქიკურ იძულებაში შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება. როგორც ამ მუხლის დისპოზიციიდან ჩანს, ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების შეზღუდვა უნდა იყოს უკანონო. ამდენად, განსახილველი დანაშაულის ობიექტური მხარე ვლინდება პირის ფიზიკურ იძულებაში. პირის ფიზიკურ იძულებაში იგულისხმება მისი გათოკვა, ხელების გაკავება, ხელიდან რაიმე დოკუმენტისა ან სხვა საგნის (საგნების) გამოგლეჯა, ცემა, ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება. ფიზიკური ზემოქმედებით ადამიანს აიძულებენ შეასრულოს გარკვეული მოქმედება. საერთოდ, სსკ 150-ე მუხლის შემადგენლობა სახეზეა მაშინ, როცა პირს აიძულებენ შეასრულოს ან არ შეასრულოს ისეთი მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ე.ი. კანონით მისი გადასაწყვეტია ამ ქმედებას ჩაიდენს თუ არა. აღსანიშნავია, რომ სსკ 150-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის აუცილებელი არ არის ის ქმედება, რის ჩადენასაც პირს აიძულებენ, იკრძალებოდეს სამართლის ან მორალის ნორმით. სსკ 150-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა პირს აიძულებენ შეასრულოს რაიმე ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), ანდა აიძულებენ საკუთარ თავზე გამოსცადოს მისი ნების საწინააღმდეგო ზემოქმედება, იმის მიუხედავად, შეასრულა თუ არა მან დამნაშავისთვის სასურველი ქმედება. იძულების ამსრულებელია ყოველი შერაცხადი პირი, რომელიც მიღწეულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს. სუბიექტური მხრივ დანაშაულის მოტივს ქმედების კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს, იგი მხედველობაში მიიღება სასჯელის დანიშვნისას. ხოლო მიზანს ქმედების კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა აქვს. ფიზიკური და ფსიქიკური იძულების მიზანია სხვა პირს ჩაადენინოს რაიმე ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), ან საკუთარ თავზე განაცდევინოს მისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება. მიაღწია თუ არა მიზანს დამნაშავემ, ამას კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს. ბრალის ფორმის მიხედვით დანაშაული პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ განხორციელებული ქმედებით ბ------ მ------მ ჩაიდინა - იძულება, ესე იგი, ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, მისი ფსიქიკური იძულება შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
11. ბ------ მ------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
13. საქართველოს სსკ 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას - აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბ------ მ------ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის მიზანია როგორც ბრალდებულზე, ასევე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბ------ მ------ არ არის ნასამართლევი, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, აღნიშნული ქმედების ჩადენის შემდგომ არ არის კონფლიქტში კანონთან. ოჯახში ცხოვრობს მეუღლესთან და სკოლის მოსწავლე შვილთან ერთად. აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა (სწორ ნაწლავზე, მე-3 სტადია სიმსივნე). შესაბამისად, ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის და მისი პიროვნების გათვალისწინებით, ბ------ მ------ს საქართველოს სსკ 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ჩადენილი ქმედებისათვის, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. სასამართლო იზიარებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის (2016 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება N54-აპ-16, სამოტივაციო ნაწილი, პარაგრაფი N3) განმარტებას, რომ „საქართველოს სსკ 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. საკასაციო პალატა, ასევე, იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ საქართველოს სსკ 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური“. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ბ------ მ------- მიმართ დანიშნული სასჯელით - ჯარიმით, უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა.
ნივთიერი მტკიცებულებები:
14. საქმეზე დართული საგნებისა და ნივთების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-20, 21-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებითა და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბ------ მ------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;
ბ------ მ------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს;
საქმეზე დართული საგნები და ნივთები: გამოძიების მიმდინარეობისას ამოღებული პისტოლეტის ფორმის მქონე სანთებელა წარწერით „CZ 83 CAL. 7,65 BROWNING MADE IN CHINA“, რომელიც დალუქული სახით ინახება ჭიათურის რაიონულ სამმართველოში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ზურაბ ბალავაძე