გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 2-1544-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30 სექტემბერი, 2019 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - მამუკა ნოზაძე
სხდომის მდივანი - გვანცა ბერუაშვილი
მოსარჩელე - ა-–------------------ი
ადვოკატი - მ-----–------–ია
მოპასუხე - ნ--------------ე
წარმომადგენელი-გ----------------ე
დავის საგანი - საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხე ნ--------------ეს დაევალოს მოსარჩელის საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა უძრავ ნივთზე (მდებარე ქ---------------------------------------------–---------------------------------------, კერძოდ ხელშეშლის აღკვეთის მიზნით მოპასუხეს დაევალოს საკუთარი ბინის აბაზანის სანტექნიკის წყლის მილის შეცვლა.
მოსარჩელის განმარტებით, მისი საცხოვრებელი მისამართია: ქ---------------------------------------------–-------------- მოპასუხე ფლობს საკუთრებას მოსარჩელის ბინის ზემოთ, მე-7 სართულზე. მოპასუხის აბაზანის წყლის მილი საჭიროებს გამოცვლას, ვინაიდან პერიოდულად ჩამოდის წყალი და ზიანდება მისი საკუთრება, კერძოდ, ბინის კორიდორი და ტუალეტი, რითაც ეშლება ხელი საკუთრებით სარგებლობაში. მიუხედავად არაერთგზის მოთხოვნისა, მოპასუხე უარს ამბობს სანტექნიკის წყლის მილის გამოცვლაზე. რამდენჯერმე მის მიერ გამოძახებული იქნა საპატრულო პოლიცია, რომლებმაც განუმარტეს, რომ უნდა მიემართა სასამართლოსთვის. მისი ბინა დაცული რომ იყოს წყლის ჩადინებისაგან, მოპასუხის მხრიდან უნდა განხორციელდეს აბაზანის წყლის მილის გამოცვლა.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ წერილობითი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ცხოვრობს ქ-----------–------------------------–------- სართულზე. მოსარჩელე არის მისი სართულის ქვემოთ მეზობელი. 2008 წელს გააკეთა სახლში სარემონტო სამუშაოები, რომლის დროსაც ნამდვილად ჰქონდა მცირე ოდენობით მოსარჩელის ბინაში წყლის ჩასვლას ადგილი და კომპენსაციის სახით გადაუხადა გარკვეული თანხა მოსარჩელის აწ გარდაცვლელ მამას. ამის გამო გადაწყვიტა წყლის ძველ მილების შეცვლა და შესთავაზა ა-–------------------ს გამოეცვალათ კოროზირებული ე.წ. ,,სტაიკები“, რაზეც უარი მიიღო და იძულებული გახდა სადარბაზოს მხრიდან შემოეყვანა წყალი ახალი მილებით. ამის შემდგომ მოსარჩელის ბინაში დაყენებული იქნა ე.წ. ,,სტაიაკი“-ის ჩამკეტი ონკანი და წყალი მის სართულზე არ ამოდის, თუ თვითონ ა-–------------------ი არ გახსნის ონკანს. აქედან გამომდინარე წარმოეშვა ეჭვი, რომ მოსარჩელემ გახსნა მის ბინაში არსებული ონკანი და შესაძლებელია წარმოეშვა ის ზიანი, რომელზეც სარჩელში მიუთითებს. არაერთხელ ჰყავდა გამოძახებული ხელოსანი, რომელმაც მის ბინაში არსებული გაყვანილობა შეამოწმა, გამორიცხა წყლის გადინება და მოსარჩელეს ბინაში ჩასვლა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2019 წლის 21 აგვისტოს ამონაწერით საჯარო რეესტრიდან უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ---------------------------------------------------–--------------------------------------- რეგისტრირებულია ა-–------------------ის საკუთრების უფლება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს.ფ. 3-14)
-წერილობითი შესაგებელი (ს.ფ.27-46)
-ამონაწერი უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელეტრონული წიგნიდან; (ს.ფ.16-17)
3.1.2. 2008 წლის 30 ოქტომბრის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ---------------------------------------------------–-------------------------------------, რეგისტრირებულია ნ--------------ის საკუთრების უფლება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს.ფ. 3-14)
-წერილობითი შესაგებელი (ს.ფ.27-46)
-ამონაწერი უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელეტრონული წიგნიდან (ს.ფ.18)
3.1.3. მხარეთა საცხოვრებელი ბინები მეზობლად მდებარე საცხოვრებელი ბინებია. ბინები განლაგებულია მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში. ნ--------------ის საცხოვრებელი ბინის ქვემო სართულზე მდებარეობს ა-–------------------ის საცხოვრებელი ბინა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს.ფ. 3-14)
-წერილობითი შესაგებელი (ს.ფ.27-46)
-მოსარჩელისა და მოპასუხის ახსნა-განმარტება ( სხდომის ოქმი)
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ფართის დაზიანება არ გამოწვეულა მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, მოპასუხის მიერ არ განხორციელებულა მოსარჩელის საკუთრების უფლების სარგებლობის აშკარა ხელშეშლა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა(მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი განსაზღვრავს ნუსხას იმ მტკიცებულებებისა, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ გამოიყენონ თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად. დასახელებული ნორმის მე-2 ნაწილით ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არც ერთს არ გააჩნია უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით მოცემული გარემოებების დამტკიცებისათვის ამა თუ იმ მტკიცებულების არჩევის აუცილებლობას ზოგ შემთხვევაში კარნახობს ურთიერთობის მომწესრიგებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარასებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
განსახილველ შემთხვევაში, სადავოს წარმოადგენს მოპასუხის მიერ საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ სასამართლოს ვერ წარუდგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოსარჩელის საცხოვრებელი ფართი დაზიანდა მოპასუხის საცხოვრებელ სახლში არსებული დაზიანებული წყლის მილებით, უფრო მეტიც, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია არავითარი მტკიცებულება(ექსპერტიზის დასკვნა, სპეციალისტის ცნობა), რომ მისი საცხოვრებელი ბინის ფართი: კორიდორი და აბაზანა არის თუ არა წყლის ჩამოსვლის შედეგად დაზიანებული, ხოლო ასეთის შემთხვევაში დაზიანება გამოწვეულია თუ არა მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ წყლის მილი, რომლის დაზიანებასა და აღდგენაზე უთითებს მხარე, არის ნ--------------ის ინდივიდუალური საკუთრება და არა მრავალსართულიანი ბინის საერთო საკუთრება. სასამართლო ასევე ვერ ჩათვლის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად და უტყუარ მტკიცებულებად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ფოტოსურათებს, რაც სადაოდ გახადა მოპასუხემ, ვინაიდან შეუძლებელია სურათით მსჯელობა დაზიანების ხარისხზე, ხანდაზმულობასა და გამომწვევ მიზეზებზე. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ საპატრულო პოლიციის რეაგირების ოქმებს, მასში მხოლოდ ა-–------------------ის განმარტებაა დაფიქსირებული, რომ წყალი ჩამოდის მოპასუხის ბინიდან და ასევე ვერ გახდება აღნიშნული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლი; საქართველოს კონსტიტუციის 19-ე მუხლი;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე, 173-ე მუხლები;
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ საქართველოს კანონი მე-2, მე-5 მუხლი
6. სამართლებრივი შეფასება
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება.
საქართველოს კონსტიტუციის 19-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრების და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. კონსტიტუცია ასევე დასაშვებად მიიჩნევს საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების უფლების შეზღუდვას კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. თუმცა საკუთრების უფლების შეზღუდვა უნდა მოხდეს იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.
ხელშეშლა გულისხმობს მესაკუთრისათვის ისეთი მდგომარეობის შექმნას, რომლის გათვალისწინებითაც მესაკუთრეს ეზღუდება თავისი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობა და ამასთან, ამის რაიმე საფუძველი ხელშემშლელს არ გააჩნია. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა. ფაქტის არსებობა კი დადასტურებული უნდა იქნეს სათანადო მტკიცებულებებით. ნორმა იცავს მესაკუთრის უფლებას, გამორიცხოს მესამე პირების მიერ ნივთზე ზემოქმედება. ნივთის მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს ხელშეშლის მოქმედების აღკვეთა, ხოლო ხელშეშლა უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ-----------–----------------------------------------–-------------------------------------, რეგისტრირებულია ა-–------------------ის საკუთრების უფლება, ხოლო ქ-----------–----------------------------------------–--------------------------------------, რეგისტრირებულია ნ--------------ის საკუთრების უფლება. მხარეთა საცხოვრებელი ბინები მეზობლად მდებარე საცხოვრებელი ბინებია. ბინები განლაგებულია მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში. ნ--------------ის საცხოვრებელი ბინის ქვემოთ სართულზე მდებარეობს ა-–------------------ის საცხოვრებელი ბინა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსიის 174-ე მუხლის მიხედვით, მეზობელი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრენი, გარდა კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობებისა, ვალდებულნი არიან პატივი სცენ ერთმანეთს. მეზობლად მიიჩნევა ყველა ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება, საიდანაც შესაძლებელია გამომდინარეობდეს ორმხრივი ზემოქმედება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ ნორმის საფუძველზე სამეზობლო ურთიერთობაში მესაკუთრეებს, გარდა კანონით დადგენილი დანაწესების დაცვის ვალდებულებისა, ეკისრებათ ასევე ურთიერთპატივისცემის მოვალეობა, რაც სამეზობლო ურთიერთობის სოციალური მნიშვნელობის და ამ ურთიერთობისათვის დამახასიათებელი პირადი და უშუალო ურთიერთობების თავისებურებიდან გამომდინარეობს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის მიხედვით, მართალია საკუთრების უფლება აბსოლუტური უფლებაა, მაგრამ ეს უფლება ამავე ნორმის საფუძველზე შეზღუდულია სხვათა ინტერესებით, რადგან მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საკუთრებას აქვს სოციალური მნიშვნელობა და მესაკუთრეს კანონი ავალდებულებს საზოგადოებრივი ინტერესებისათვის ანგარიშის გაწევას, საკუთრების უფლებით სარგებლობისას სხვათა ინტერესების დაცვას. საკუთრების უფლების ასეთი მნიშვნელობა განსაკუთრებულად გამოკვეთილია სამეზობლო ურთიერთობებში. სამეზობლო სამართლოს ნომრების მიზანია მეზობლებს შორის მშვიდობიანი თანაცხოვრების უზრუნველყოფა.
სამეზობლო სამართლიდან გამომდინარე ურთიერთპატივისცემის პრინციპი ავალდებულებს მესაკუთრეს არ განახორციელონ ისეთი ქმედებები, რომლებიც ხელს შეუშლიან მეზობელს მისი საკუთრებით სარგებლობაში, ასევე, ზოგიერთ შემთხვევაში, იმოქმედონ იმისათვის, რომ ხელი არ შეეშალოს მეზობელს საკუთრების უფლების სრულფასოვნად განხორციელებაში. სწორედ ურთიერთპატივისცემის პრინციპიდან გამომდინარეობს სამეზობლო ურთიერთობაში თმენის ვალდებულება. „მეზობლები ქმნიან განსაზღვრულ სივრცობრივად ურთიერთდაკავშირებულ ერთობას, რაც მათ “აიძულებს” პატივი სცენ ერთმანეთს და ასევე, სამეზობლო სივრცე საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით გონივრულად მოაწყონ.“ (სამოქალაქო კოდექსის 174-ე მუხლის კომენტარი http://www.gccc.ge)
.
ურთიერთპატივისცემის პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში სამეზობლო ურთიერთობაში, რადგან მართალია ინდივიდუალურ საკუთრებაში მყოფი ბინები იზოლირებულია, დამოუკიდებელი შესასვლელები აქვთ, მაგრამ ბინები კორპუსში ერთ სისტემაშია გაერთიანებული და სივრცობრივად ურთიერთდაკავშირებულია, რის გამოც სამეზობლო ზემოქმედების შესაძლებლობა უფრო ინტენსიური ხასიათისაა. გარდა ამისა, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის თავისებურებაა ის, რომ იზოლირებულად არსებულ ბინებში გადის საერთო დანიშნულების საკომუნიკაციო ქსელები, რომელთა გამართულ მდგომარეობაში ყოფნა კორპუსის მცხოვრებთა ყოფითი პირობებისათვის მნიშვნელოვანია და მეზობლების საერთო ინტერესია.
განსახილველ შემთხვევაში დავა შეეხება მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ნ--------------ის აბაზანაში წყლის მილის შეცვლას, რითაც მოხდება მოსარჩელის საკუთრების უფლებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა. სასამართლოს მიაჩნია, რომ საკითხი უნდა გადაწყდეს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმათა გათვალისწინებით, რადგან სამოქალაქო კოდექსით დადგენილ სამეზობლო სამართლის ნორმების გარდა ამ კანონითაა მოწესრიგებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრებს შორის ურთიერთობები.
,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის თანახმად ამ კანონის მიზანია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მართვის, ექსპლუატაციისა და განვითარების სამართლებრივი პირობების უზრუნველყოფა.
ამავე კანონის მეხუთე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების შემადგენელი მიწის ნაკვეთი, სახლის ნაწილი და ის შენობა-ნაგებობები, დანადგარები, საინჟინრო ქსელები, მოწყობილობები, რომლებიც არ არის ინდივიდუალური საკუთრება, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას (საერთო საკუთრებას) წარმოადგენს.
ამდენად, მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში მდებარე საინჟინრო ქსელები არის ამხანაგობის წევრთა საერთო საკუთრება. შესაბამისად, მხარეთა საცხოვრებელ ბინებში არსებული წყლის მილი(ე.წ.სტაიაკი) არის ბინების მესაკუთრეთა საერთო საკუთრება.
ამ მილების გამართულ მდგომარეობაში ყოფნაზე და მის სარემონტო სამუშაოების ხარისხიანად შესრულებაზე პასუხისმგებელია არა მარტო მოპასუხე, არამედ მოსარჩელეც, რადგან წყლის მილი არის საერთო სარგებლობის საინჟინრო ქსელი და ამ მილის გამართული მუშაობა მეზობელთა საერთო ინტერესია. ვინაიდან საინჟინრო ქსელი საერთო საკუთრებაა და საჭიროების შემთხვევაში ეს სამუშაოები უნდა შესრულდეს ორივე ბინაში და ასეთი სამუშაოები უნდა შესრულდეს ორივე ბინის მესაკუთრის მეთვალყურეობით და მონაწილეობით.
უზენაესმა სასამართლომ საქმეზე №ას-368-352-2016 მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა ნეგატორული სარჩელის აღძვრის შემთხვევაში მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილებაზე და მიუთითა, რომ ნეგატორული სარჩელი, რომელიც სანივთო-სამართლებრივი სარჩელის ის სპეციალური სახეა, რომლის სამართლებრივი შედეგი არა ნივთზე უფლების მოპოვებაზე, არამედ ამ ნივთით სარგებლობის წესის განსაზღვრაზეა ორიენტირებული, ამ ნეგატორული სარჩელის დაკმაყოფილება დამოკიდებულია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების დამტკიცებაზე, რომელიც მოსარჩელის, როგორც ნივთის მესაკუთრის მტკიცების ტვირთს განეკუთვნება და თუკი დადასტურდება სსკ-ის 176-ე მუხლით დადგენილი წინაპირობები - სხვისი უკანონო მოქმედებით დაუშვებლად არის ხელყოფილი მესაკუთრის უფლება და ეს იმთავითვე აშკარაა. ამავე საქმეში უზენაესმა სასამართლომ, მიუთითა, რომ საკუთრების დაუშვებელი ხელყოფის ფაქტი, რაც იმთავითვე აშკარაა, კერძოსამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში უნდა დადგინდეს აღნიშნული პრეტენზიის საფუძვლიანობა.
საქმეზე № ას-865-807-2017, უზენაესი სასამართლომ კვლავ მიუთითა ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკაზე, რომ „სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა წარმოადგენს ნეგატორულ სარჩელს, რომელიც მესაკუთრის დაცვის მიზნით მიმართულია უფლების დამრღვევი პირის წინააღმდეგ. სასამართლო ამ ტიპის სარჩელის განხილვისას ადგენს არა რაიმე ახალ უფლებას (აწესებს, ცვლის, წყვეტს და სხვა), არამედ მოდავე სუბიექტთა უფლებრივი მდგომარეობის შეუცვლელად ახდენს სამოქალაქო უფლების სწორი რეალიზაციის წესის განსაზღვრას. აღნიშნული ტიპის სარჩელი დაკმაყოფილდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ნივთის მესაკუთრე, რომლის საკუთრების ხელყოფა ან საკუთრების გამოყენებაში სხვაგვარი ხელშეშლა ხორციელდება სხვა პირის უკანონო მოქმედებით“
მოსარჩელეს არ წარმოუდგენია, არავითარი მტკიცებულება, იმის შესახებ რაც მისი, როგორც მესაკუთრის უფლების დაცვის მიზნით, მის მოთხოვნას გაამყარებდა. მოსარჩელის მიერ არ წარმოდგენილა ექსპერტიზის დასკვნა ან სპეციალისტის ცნობა, რომელიც დაადასტურებდა იმ ფაქტს, რომ მისი საცხოვრებელი ბინის ფართი დაზიანდა ნ--------------ის აბაზანაში არსებული დაზიანებული მილებით, უფრო მეტიც, 2019 წლის 10 სექტემბრის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დაადასტურა, რომ ნ--------------ეს აქვს ინდივიდუალური წყლის მილი გაყვანილი, ხოლო დაზიანებული მილი ჩამკეტი ონკანი მოსარჩელის საცხოვრებელ ბინაშია გაკეთებული და ონკანის გაღება-დაკეტვა მხოლოდ მოსარჩელისთვისაა შესაძლებელი. აღნიშნული ფაქტი 2019 წლის 17 სექტემბრის სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს მოწმეებმაც ნ-----–----–----------–--–--–--------------
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს აღძრული აქვს ნეგატორული სარჩელი, რომელიც სანივთო-სამართლებრივი სარჩელის ის სპეციალური სახეა, რომლის სამართლებრივი შედეგი არა ნივთზე უფლების მოპოვებაზე, არამედ ამ ნივთით სარგებლობის წესის განსაზღვრაზეა ორიენტირებული. ამ ნეგატორული სარჩელის დაკმაყოფილება დამოკიდებულია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების დამტკიცებაზე, რომელიც მოსარჩელის, როგორც ნივთის მესაკუთრის მტკიცების ტვირთს განეკუთვნება. მოსარჩელის მხრიდან არ დადასტურებულა სსკ-ის 176-ე მუხლით დადგენილი წინაპირობები: მოპასუხის უკანონო მოქმედებით მოსარჩელის საკუთრების უფლებით სარგებლობის მართლსაწინააღმდეგო და აშკარა ხელშეშლა, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
7. საპროცესო ხარჯები
სახელმწიფო ხარჯის საკითხი უნდა გადაწდეს შემდეგნაირად:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.2 მუხლის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს ეთქვა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ამასთან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით დასტურდება, რომ მოსარჩელე რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში და იღებს შემწეობას. აღნიშნული გარემოება კი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მხარის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველია და შესაბამისად, მის მიერ აღძრულ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილი არ არის. ამდენად, აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი მოსარჩელეზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების დაკისრებისა.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. ა-–------------------ის სარჩელი ნ--------------ის მიმართ საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წაინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მამუკა ნოზაძე