გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 11.10.2019
საქმის ნომერი
010310019003136014
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
11.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N3-396/19 (010310019003136014)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

03 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი

 

შესავალი ნაწილი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე კობა გოცირიძე

სხდომის მდივანი ქეთევან თურმანიძე

 

მოსარჩელე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

წარმომადგენელი - თ-----------–---–------------–---–-

 

მოპასუხე - ბ------------------

 

დავის საგანი - ზედმეტად მიღებული სახელფასო თანხის დაბრუნება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1.სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.მოპასუხისათვის ზედმეტად მიღებული სახელფასო თანხის - 146.95 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურების (უკან დაბრუნება) დავალდებულება.

 

2.მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ბ------------------ რომელიც სხდომის დღის შესახებ გაფრთხილებული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე. სასამართლომ სარჩელი განიხილა გამოუცხადებელი მხარის დასწრების გარეშე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე. (იხ. 2019 წლის 09 სექტემბრის განჩინება საჯარო შეტყობინების შესახებ და 2019 წლის 03 ოქტომბრის სასამართლოს სხდომის ოქმი) შესაბამისად, მოპასუხის პოზიცია სარჩელთან დაკავშირებით უცნობია.

 

3.ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ არის

 

3.2.დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1.მოპასუხე ბ------------------ მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს (ქ. ბათუმი) ხელვაჩაურის სახანძრო-სამაშველო განყოფილებაში, უმცროს ინსპექტორად (მეხანძრე-მაშველი). იგი სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 23 მარტის №697774 ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში 2017 წლის 23 მარტიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სარჩელი;

-ბრძანება;

-მხარის ახსნა-განმარტება;

 

3.2.2. ბ------------------ დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა 2017 წლის 22 მარტის N681796 პირადი პატაკის საფუძველზე, 2017 წლის 23 მარტის №697774 ბრძანებით. სააგენტოს სახელფასო პოლიტიკიდან გამომდინარე, ბ------------------ს 2017 წლის მარტის თვის შრომის ანაზღაურება სრულად ჰქონდა ჩარიცხული. ამდენად, ზედმეტად დარიცხული ხელფასი შეადგენს 146.95 ლარს, რაც ექვემდებარება სახელმწიფი ბიუჯეტში დაბრუნებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სარჩელი;

-15.10.2018 წლის წერილი;

-საგადახდო მოთხოვნა N19241

-მხარის ახსნა-განმარტება

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5.კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6.სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს, ხოლო 34-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობებში, სახელმწიფო მონაწილეობს, როგორც შესაბამისი უფლებაუნარიანობით აღჭურვილი იურიდიული პირი და შესაბამისად, მას აქვს უფლება ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა იმ უფლებით, რაც განსაზღვრულია იურიდიული პირებისათვის, სათანადო გამონაკლისების გათვალისწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობენ ისევე, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირები. სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებებს ამ დროს ახორციელებენ მისი ორგანოები (უწყებები, დაწესებულებები და ა. შ.) ისე, რომ ისინი არ არიან იურიდიული პირები.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე ბ------------------ 2017 წლის 23 მარტამდე მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს (ქ. ბათუმი) ხელვაჩაურის სახანძრო-სამაშველო განყოფილებაში, უმცროსი ინსპექტორის (მეხანძრე-მაშველი) თანამდებობაზე.

 

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება: ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებზე ამ კანონის მოქმედება ამ პუნქტში ჩამოთვლილ მოსამსახურეებზე ვრცელდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი. ამრიგად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სამინისტროში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეს შორის არსებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, მათ შორის თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობის შემადგენელი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა შეაფასოს, გამომდინარეობს, თუ არა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონიდან, სხვა საკანონმდებლო, თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებიდან, მოსარჩელე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოთხოვნა ბ------------------------- თანხის დაკისრებასთან დაკავშირებით.

 

6.2. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, მოხელეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო. ამავე კანონის მე-3 პუნქტის თანახმად მოხელის შრომის ანაზღაურება მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, საკლასო დანამატს, სახელფასო დანამატს და ფულად ჯილდოს. ხოლო მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად მოხელეთა შრომის ანაზღაურების ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოხელის თანამდებობრივი სარგოს შემცირების საფუძველი, შრომის ანაზღაურება მოხელეს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ეძლევა. მოხელეთა თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული თანამდებობების თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის წესი დგინდება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 23 მარტის N697774 ბრძანების თანახმად, სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს (ქ. ბათუმი) ხელვაჩაურის სახანძრო-სამაშველო განყოფილებაში, უმცროსი ინსპექტორი (მეხანძრე-მაშველი) ბ------------------ გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2017 წლის 23 მარტიდან. სადავო არ არის რომ ის გარემოება, რომ განთავისუფლებისას ბ------------------ს მთლიანად ჩაერიცხა 2017 წლის მარტის თვის ხელფასი. შესაბამისად, ზედმეტად იქნა დარიცხული 9 დღის - 2017 წლის 23 მარტიდან, ამავე წლის პირველ აპრილამდე პერიოდის ხელფასი 146.95 ლარის ოდენობით, რომელიც ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას.

 

ამასთან, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე ბ------------------ს, 2017 წლის 23 მარტიდან ფაქტობრივად აღარ შეუსრულებია სამუშაო. შესაბამისად, მოპასუხეს ცხრა დღის შრომის ანაზღაურება ჩაერიცხა იმ პირობებში, როდესაც მასთან შრომითი-სამართლებრივი ურთიერთობა შეწყვეტილი იყო.

 

6.3.სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გარდა ადმინისტრაციული კანონმდებლობისა, გამოყენებას ჰპოვებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმები, რომელიც ასევე არეგულირებს მოცემულ ურთიერთობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც არეგულირებს უსაფუძვლო გამდიდრებას, რომელთა თანახმადაც პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს გარკვეული კუმულატიური წინაპირობები, კერძოდ: ა) მოპასუხე უნდა გამდიდრდეს; ბ) მოპასუხის გამდიდრება უნდა გამოიწვიოს მოსარჩელის ქმედებამ, - ქმედებასა და შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი; გ) მოპასუხის გამდიდრება, როგორც შედეგი, უნდა იყოს უკანონო, ანუ მას არ უნდა ჰქონდეს კანონისმიერი შესაძლებლობა კომპენსაციის გარეშე მიითვისოს აღნიშნული ქონება. რომელიმე ამ პირობის არარსებობა გამორიცხავს უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებას, ამიტომ ცალ-ცალე და ერთობლივად უნდა დადგინდეს თითოეული მათგანის არსებობა.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოპასუხემ მოსარჩელისგან მიიღო კონკრეტული ოდენობის თანხა, რასაც ცხადია მოჰყვებოდა მისი გამდიდრება, რაც, როგორც აღინიშნა, გამოწვეული იყო მოსარჩელის ქმედებით. ამასთან, საყურადღებოა ისიც, რომ თანხის გადარიცხვა ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე განხორციელდა, შესაბამისად, მოპასუხის გამდიდრება და მიზეზობრივი კავშირის არსებობა მოსარჩელის ქმედებასა და მოპასუხის გამდიდრებას შორის უდავოდ სახეზეა. ასევე, არ იკვეთება გამდიდრების ანაზღაურების გარეშე მითვისების შესაძლებლობის კანონისმიერი თუ სახელშეკრულებო საფუძვლები.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის სამსახურიდან გათავისუფლების შემდგომ, ხელფასის გაცემის სახით მოსარჩელის მიერ განხორციელებულ ქმედებას ყოველგვარი სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა. ამდენად, სავსებით შესაძლებელია სადავო ურთიერთობის მოსაწესრიგებლად უსაფუძვლო გამდიდრების მარეგულირებელი ნორმების გამოყენება, კერძოდ კი, სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტისა, რომლის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. სწორედ განსახილველ ვითარებას აქვს მოცემულ შემთხვევაში ადგილი: მოპასუხემ მოსარჩელისგან ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მიიღო 146.95 ლარი, რითაც ზიანი მიადგა სახელმწიფო ბიუჯეტს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სარჩელი საფუძვლიანია, იგი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 146.95 ლარის გადახდა.

 

7.საპროცესო ხარჯები

 

7.1.„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სამინისტრო ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე.

 

ამავე კოდექსის 37-ე მუხლის შესაბამისად, 1. პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. 2. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. 3. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

მოსარჩელე მხარე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის საფუძველზე, მოითხოვს მოპასუხე მხარისათვის, პროცესის ხარჯის, კერძოდ, წარმომადგენლის ტრანსპორტირებისა და სასტუმროში განთავსების ხარჯის ანაზღაურებას, 126.00 ლარის ოდენობით. აღნიშნულთან დაკავშირებით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ იქნა საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებები. (იხ. 03.10.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი)

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-9, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 37-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2.მოპასუხე ბ------------------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს ხელფასის სახით უკანონოდ მიღებული თანხის – 146.95 (ასორმოცდაექვსი ლარი და ოთხმოცდათხუთმეტი თეთრი) ლარის ანაზღაურება;

 

3.მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

4. ბ------------------ს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასარგებლოდ დაეკისროს საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯის, 126.00 (ასოცდაექვსი) ლარის გადახდა.

 

5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), გადაწყვეტილების ასლის მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა №30) მეშვეობით. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად;

 

მოსამართლე: კობა გოცირიძე