განაჩენი

სისხლის სამართლის 06.09.2019
საქმის ნომერი
330100119002938179
თარიღი
06.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/1564-19

#0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

6 სექტემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - შორენა გუნცაძე

სხდომის მდივანი - თამარ ფიფია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ქ--------------–---–-

 

დაცვის მხარე:

ადვოკატები - შ-----------–---–-, ნ---------------, გ-------------–---

 

ბრალდებული - ზ-----------–---, დაბადებული 1--- წლის 2-------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი #6----------, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები თბილისში, ლ-------- ქ.#-- ბინა #5-ში

 

წარდგენილი კვალიფიკაცია და დისპოზიცია: სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ‘‘ ქვეპუნქტი - სისტემატური ცემა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ; სსკ-ის 111,1443-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა ოჯახის წევრის მიმართ

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

თანაცხოვრების პერიოდში, 2019 წლის 25 თებერვლამდე, თბილისში, დ---–---- ქ.#---ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, ზ-----------–---, სახისა და სხეულის არეში ხელისა და ფეხის დარტყმით, არასრულწლოვანი შვილების - გ------- და დ-----------–------- თანდასწრებით, ახორციელებდა სისტემატურ ცემას მეუღლის - ი-------------–---–-- მიმართ, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი განიცდიდა ფიზიკურ ტანჯვას.

 

ამავე პერიოდში, თბილისში, დ---–---- ქ.#---ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, ზ-----------–--- სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მეუღლეს - ი-------------–---–-, ამცირებდა, აფურთხებდა და აიძულებდა, დაეჩოქა მის წინაშე, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი განიცდიდა მორალურ ტანჯვას და ფსიქიკურ ტკივილს.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2016 წლიდან 2019 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, ზ-----------–--- მეუღლეს - ი-------------–---–- სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა მას, რამაც გამოიწვია ტანჯვა.

 

სისტემატური ცემა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით,მისივე ოჯახის წევრის მიმართ

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

საქმის არსებითი განხილვისას დაზარალებულმა ი-------------–---–-- ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლოს არ მისცა ჩვენება მეუღლის - ზ-----------–---- წინააღმდეგ.

 

ამავდროულად, დაცვის მხარემ უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები - მოწმეების: ლ------------------, დ---------–----- და მ----------–---- გამოკითხვის ოქმები, დაზარალებულის განცხადება, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ასევე, სხვა მტკიცებულებები და საპროცესო დოკუმენტები, გარდა პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებისა და კვალიფიკაციის შეცვლის შესახებ დადგენილებისა.

 

სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტის შინაარსს, რომლის მიხედვითაც, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, მხარეები ფაქტობრივად თანხმდებიან კონკრეტული მტკიცებულებების შინაარსზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებს პრეიუდიციული მნიშვნელობა ენიჭება.

 

მოწმე ლ------------------ გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ 2019 წლის 25 თებერვალს მეზობლად მცხოვრებმა ი-------------–---–-- სთხოვა, ეზოში ჩასულიყო და შეხვედროდა. შეხვედრისას აღელვებულმა ი-------–-----–---- თვალებით უთხრა, რომ მეტი აღარ შეეძლო, პოლიციაში უნდა წასულიყო და შეეტყობინებინა, რომ ქმარი შვილების თანდასწრებით აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამცირებდა, იმ დღეს კი სახეში ხელიც გაარტყა. მოწმის განცხადებით, ზ-----------–---- მხრიდან ი-------- ძალადობის შესახებ მისგან პირველად მაშინ შეიტყო, მანამდე მათი ოჯახიდან მხოლოდ კონფლიქტის ხმა ესმოდა.

 

არასრულწლოვანი მოწმეების - დ---------–----- და მ----------–---- გამოკითხვის ოქმების თანახმად, ისინი ი-------------–---–---- ინგლისურ ენაში ემზადებიან. 2019 წლის 25 თებერვალს, მეცადინეობის დროს, კარზე კაკუნი შემოესმათ. როგორც ი----- მასწავლებელმა თქვა, ბავშვების მამა მივიდა. ოთახიდან გასული მასწავლებელი უკან ძალიან აღელვებული და განერვიულებული დაბრუნდა. დაახლოებით ორ წუთში მეცადინეობა დაასრულა და სახლში გაუშვა ისინი, მიუხედავად იმისა, რომ გაკვეთილი კიდევ 40 წუთი უნდა გაგრძელებულიყო. აღნიშნული არ გაკვირვებიათ, რადგან მასწავლებელი ძალიან აღელვებული იყო. სამეცადინო ოთახსა და მისაღებ ოთახს შორის ერთი ოთახია და მათ ყვირილის ან ჩხუბის ხმა არ გაუგიათ.

 

დაზარალებულ ი-------------–---–-- 2019 წლის 25 თებერვლით დათარიღებული განცხადების მიხედვით, მეუღლე ზ-----------–---მ, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ორჯერ გაარტყა ხელი სახეში, რამდენჯერმე შეაფურთხა და აგინა უშვერი სიტყვებით.

 

სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით, 2019 წლის 26 თებერვალს ი-------------–---–-- პირადი შემოწმებისას (ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში) მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღინიშნება. შესამოწმებლის გადმოცემით, 2019 წლის 25 თებერვალს, საღამოს საათებში, მეუღლემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, სახის მიდამოში დაარტყა ხელი.

 

როგორც აღინიშნა, მოცემულ ეპიზოდთან მიმართებით, დაზარალებულის ჩვენების გარდა, დაცვის მხარეს სადავოდ არცერთი მტკიცებულება არ გაუხდია, დაზარალებულმა კი სასამართლოს არ მისცა ჩვენება. შესაბამისად, სასამართლო უდავო მტკიცებულებების შეფასების შედეგად ადგენს, რომ არ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც ზ-----------–---- მიმართ წარდგენილ ბრალდებას დაადასტურებდა. კერძოდ, არ დასტურდება ზ-----------–---- მიერ, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, მეუღლის - ი-------------–---–-- სისტემატური ცემა, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით.

 

სასამართლო წარმოდგენილი მტკიცებულებების ფონზე აფასებს ბრალდებულისა და დაზარალებულის მეზობლის - ლ------------------ გამოკითხვის ოქმს, რომლის თანახმადაც, 2019 წლის 25 თებერვალს აღელვებული ი-------------–---–--გან შეიტყო, რომ ზ-----------–--- მას სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, ამცირებდა შვილების თანდასწრებით, იმ დღეს კი სახეში ხელი გაარტყა. ზ-----------–---- მიერ სავარაუდო ძალადობის სხვა ფაქტი მისთვის ცნობილი არ არის.

 

რაც შეეხება ი-------------–---–-- მოსწავლეებს - დ----- და მ----------–------, მათ მასწავლებლისგან შეიტყვეს, რომ სახლში ბავშვების მამა (ზ-----------–---) მივიდა, ხოლო რამდენიმე წუთში აღელვებულმა მასწავლებელმა გაკვეთილი განსაზღვრულ დროზე ადრე დაასრულა და ისინი სახლში გაუშვა. მოწმეთა ჩვენებების თანახმად, ბავშვებს ჩხუბის და ყვირილის ხმა არ გაუგიათ. ამდენად, მოწმეთა გამოკითხვის ოქმებში გადმოცემული ინფორმაცია შეეხება დაზარალებულის განწყობას და ადასტურებს მის ემოციურ მდგომარეობას, ხოლო უშუალოდ აღელვების მიზეზი მათთვის უცნობია.

 

სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ი-------------–---–- გამოკვლევისას ობიექტურად რაიმე დაზიანება არ აღენიშნებოდა. სასამართლოს ესმის, რომ შესაძლოა სახეში ხელის გარტყმამ არ გამოიწვიოს დაზიანება, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ ზოგადად გაუგებარია ზ-----------–----თვის ამ ეპიზოდში წარდგენილი ბრალის გარემოებები. კერძოდ, არ არის დაკონკრეტებული, თუ როდის ხდებოდა ბრალდებულის მხრიდან სხეულის სხვადასხვა ნაწილებში ხელისა და ფეხის დარტყმები, ან მოხდა თუ არა საერთოდ 2019 წლის 25 თებერვალს, რამდენადაც დადგენილებაში მითითებულია, რომ ზ-----------–---, სახისა და სხეულის არეში ხელისა და ფეხის დარტყმით, ახორციელებდა სისტემატურ ცემას ი-------------–---–-- მიმართ, თანაცხოვრების პერიოდში, 2019 წლის 25 თებერვლამდე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე, ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებაში (#538აპ-18) მითითებულია, რომ წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებული ბრალდების ფორმულირება, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს აღწერილი ის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, რომლის ჩადენასაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს. მოცემულ შემთხვევაში გაურკვეველია დანაშაულის ჩადენის დრო. სასამართლოს ესმის, რომ როდესაც ძალადობრივ ქმედებას ადგილი აქვს ხშირად, შესაძლოა, რთული დასამახსოვრებელი იყოს კონკრეტული დროები, თუმცა დადგენილებაში ისიც არ არის მითითებული, რა პერიოდიდან ჩადენილ ქმედებებში ედება ბრალი ზ-----------–---ს. ფაქტია, რომ დაზარალებულს არ მიუცია ჩვენება სასამართლოსთვის, ხოლო უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ ზ-----------–---- მიერ მეუღლის ცემის შემსწრე პირი არ არსებობს. მოწმე ლ------------------ გამოკითხვის ოქმში დაფიქსირებულ ინფორმაციას სასამართლო ეჭვქვეშ არ აყენებს, თუმცა აღნიშნავს, რომ შეუძლებელია მისი შეჯერება სხვა მტკიცებულებებთან. აღნიშნული თანხვედრაშია მხოლოდ დაზარალებულის განცხადებასთან, სადაც ეს უკანასკნელი აფიქსირებს, რომ იმ დღეს (2019 წლის 25 თებერვალს) ქმარმა ორჯერ გაარტყა სახეში ხელი, შვილების თანდასწრებით. ამასთან, არაფერია ნათქვამი ფიზიკურ ტკივილთან მიმართებით არც ლ------------------ გამოკითხვის ოქმში და არც დაზარალებულის განცხადებაში. შესაბამისად, დანაშაულის სუბიექტური კომპონენტი დადასტურებული არ არის.

 

ზემოაღნიშნული მტკიცებულების თავსებადი სხვა მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაშიც კი, ერთჯერადი ძალმომრეობითი აქტი, რაზეც ლ----------------- მიუთითებს, თუნდაც მან ფიზიკური ტკივილი გამოიწვიოს, არ შეიძლება ჩაითვალოს ცემად. სასამართლო განმარტავს, რომ ცემა ძალადობის ერთ-ერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა სისტემატური ცემისათვის. სისტემატურია ცემა, როცა ჩადენილია სამჯერ მაინც, თანაც დროის ხანმოკლე ინტერვალის დაშორებით. აღნიშნული გულისხმობს, რომ პირველი ცემით მიყენებული ფიზიკური და ფსიქიკური ტკივილი ჯერაც არ არის გამქრალი, როდესაც დაზარალებულის ცემა ისევ გრძელდება, რაც მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება.

 

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ ზ-----------–---ს გენდერული ნიშნით მეუღლის სისტემატური ცემის ბრალდება წარდგენილი აქვს დამამძიმებელი ნიშნით, რაც მოიცავს ცემას არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით. მტკიცებულებები, რომლებიც ბრალდებულის მიერ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლის სისტემატური ცემის ფაქტს დაადასტურებდა, საქმეში არ მოიპოვება. სასამართლოში არ დაკითხულან ბრალდებულის და დაზარალებულის შვილები - დ----- და გ-------------–------, გამოძიების ეტაპზე გამოკითხვისას კი მათ ახლო ნათესავის წინააღმდეგ ინფორმაციის მიცემაზე უარი განაცხადეს.

 

სასამართლო, რა თქმა უნდა, აცნობიერებს, რომ ოჯახური დანაშაულები თვითმხილველთა სიმცირით გამოირჩევა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პირის მიერ დანაშაულის ჩადენა დადგენილად იქნეს მიჩნეული მტკიცებულებათა ერთობლიობის არარსებობის და დანაშაულის არასრული შემადგენლობის პირობებში.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ზ-----------–--- უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ‘‘ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილისა და 33-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმით დადგენილია, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებელია ბრალდებულის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების დამდგენი მტკიცებულებების ერთობლიობის არსებობა. ამასთან, ეს მტკიცებულებები უნდა იყოს უტყუარი, არ უნდა ტოვებდეს ეჭვს კონკრეტული გარემოების თაობაზე, უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი. მათმა ერთობლიობამ უნდა გადალახოს ობიექტური პირის გონივრული ეჭვის ბარიერი, რომ შესაძლოა ბრალად წარდგენილი ქმედება ბრალდებულის მიერ არ იყოს ჩადენილი და უნდა იძლეოდეს კატეგორიული მტკიცების საშუალებას, რომ ბრალად წარდგენილი ქმედება ეჭვს გარეშე ბრალდებულის მიერ არის ჩადენილი.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ზ-----------–---- მიმართ არ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მისი მხრიდან, ი-------------–---–---- თანაცხოვრების პერიოდში, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, არასრულწლოვანი შვილების თანადასწრებით, მეუღლის - ი-------------–---–-- სისტემატური ცემის ფაქტს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილით კრიმინალიზებულია ძალადობა, რომელიც, ამავე მუხლის დისპოზიციის თანახმად, ობიექტური მხრივ გამოიხატება ცემაში ან სხვაგვარ ძალადობაში (ქმედება); მსხვერპლისთვის ფიზიკური ტკივილის მიყენებაში, ამავე კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგის გარეშე (შედეგი), და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამასთან, ცემა წარმოადგენს დაზარალებულის სხეულზე არა ერთ, არამედ - რამდენიმე დარტყმას.

 

მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ დანაშაულის ამ ეპიზოდთან მიმართებით წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, რომლებიც დაცვას არ გაუხდია სადავოდ და დაეთანხმა ამავე მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებს, სასამართლო ვერ ხედავს მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც საკმარისი იქნებოდა ზ-----------–---- მსჯავრდებისათვის ბრალდების ამ ეპიზოდში. გარდა ლ------------------ გამოკითხვის ოქმში დაფიქსირებული ინფორმაციისა და დაზარალებულის მიერ პოლიციაში გაკეთებული განცხადებისა, სადაც მითითებულია, რომ ზ-----------–---მ ბავშვების თანდასწრებით ორჯერ დაარტყა ხელი სახეში, სხვა შემთხვევებზე საუბარი კი საერთოდ არ არის, მხოლოდ 2019 წლის 25 თებერვლის ფიზიკური ძალადობის ფაქტი, რომელიც ნათლად ბრალდების შესახებ დადგენილებითაც კი არ იკვეთება, არ არის საკმარისი სისტემატური ცემის დასადგენად. შესაბამისად, არ არსებობს გამამტყუნებელი განაჩენისთვის საჭირო სამართლებრივი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

ამდენად, ზ-----------–--- უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ‘‘ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა ოჯახის წევრის მიმართ

 

როგორც აღინიშნა, სასამართლომ დაზარალებულ ი-------------–---–--გან ვერ მიიღო ჩვენება, რამდენადაც მან გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და უარი თქვა მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. რაც შეეხება სხვა მტკიცებულებებს, უდავოდ იქნა ცნობილი და შეიძინა პრეიუდიციული მნიშვნელობა. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, სასამართლო ახდენს თითოეული მტკიცებულების გაანალიზებას, როგორც ცალ-ცალკე, ისე, ერთობლიობაში, ერთმანეთთან მათი თავსებადობის დასადგენად და წარდგენილი ბრალდებით ზ-----------–---- დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით.

 

დაზარალებულის 2019 წლის 25 თებერვლით დათარიღებული განცხადებით, მეუღლე ზ-----------–--- წლებია, სისტემატურად აყენებს, როგორც სიტყვიერ, ისე, ფიზიკურ შეურაცხყოფას, ამცირებს, როგორც ქალს, და არის სერიოზული ფსიქოლოგიური ტანჯვის ქვეშ. 2019 წლის 25 თებერვალს, ფიზიკურთან ერთად, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შეაფურთხა, აგინებდა, ლანძღავდა, იმის გამო, რომ ბავშვმა თვითონ მოიმზადა საკვები.

 

მოწმე ლ------------------ გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ 2019 წლის 25 თებერვალს ი-------------–---–-- აღელვებულმა და ცრემლიანმა უთხრა, რომ ქმარი შვილების თანდასწრებით აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამცირებდა, მეტი აღარ შეეძლო და პოლიციისთვის უნდა შეეტყობინებინა.

 

არასრულწლოვანი მოწმეების - დ----- და მ----------–------- გამოკითხვის ოქმებით, ი-------------–---–---- მეცადინეობის დროს სახლში მივიდა ბავშვების მამა, რის შემდეგაც ი----- იყო ძალიან აღელვებული და ანერვიულებული და რამდენიმე წუთში გაკვეთილი შეწყვიტა.

 

ფონოსკოპიური ექსპერტიზის #1----- დასკვნით დადგენილია, რომ სადავო და ეტალონური ფონოგრამები ტექნიკური თვალსაზრისით ერთმანეთის თავსებადია დიქტორებისთვის - ზ-----------–----ა და ი-------------–---–--თვის.

 

დაზარალებულ ი-------------–---–-- მიერ განხორციელებული აუდიოჩანაწერის და მისი კრებსითი ამონაწერების (დართულია ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნაზე, ასევე, გადმოცემულია ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმში) ავთენტიკურობა დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, ასევე, დაეთანხმა მასში გადმოცემული საუბრების შინაარსს, რომლებიც ასახავს დროის სხვადასხვა პერიოდს - 2016-2018 წლებს. შესაბამისად, მითითებული საუბრების შინაარსი სასამართლომ მიიჩნია პრეიუდიციულად დადგენილ გარემოებად.

 

ზემოაღნიშნულ ჩანაწერებში ზ-----------–--- უწმაწური სიტყვებით მიმართავს რა მეუღლეს - ი-------------–---–-, საუბრებში ფიქსირდება შემდეგი სიტყვები და ფრაზები: ,,უნდა დაიჩოქო‘‘, ხოლო შეკითხვაზე, თუ რატომ, პასუხობს, ,,იმიტომ, რომ მონა ხარ‘‘ და აგინებს. ჩანაწერებში, ასევე, ასახულია ბრალდებულის საუბარი მეუღლესთან მის სექსუალურ ურთიერთობაზე სხვა ქალთან, რა დროსაც ეუბნება, რომ ტელეფონს დაალეწავს თავზე, აგინებს მეუღლის წარმომავლობას. ასევე, აღდგომის პერიოდში პასკის ღირებულებასა და რაოდენობასთან დაკავშირებით აღელვებული ტონით შეურაცხყოფს ი-------------–---–-, უმდაბლესი სიტყვებით მოიხსენიებს არასრულწლოვან შვილთან დედას. ი-------------–---–- უწოდებს ,,ლარის ქალს‘‘ და ეუბნება, რით ვერ გაიგო, ვისთან აქვს საქმე. ჩანაწერებს მუდმივად თან სდევს გინება და დამამცირებელი ეპითეტები.

 

სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის #0-------- და #0-------- დასკვნების თანახმად, სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით და ი-------------–---–-- ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით დგინდება, რომ ი-------------–---–- ზ-----------–---- ქმედების შედეგად ფსიქოლოგიური ტანჯვა არ განუცდია.

 

გარდა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებისა, ასევე, უდავოდაა ცნობილი სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნის გამცემი ექსპერტ-ფსიქოლოგების - თ---------------- და მ--------------- გამოკითხვის ოქმები, რომელთა შინაარსით ირკვევა, რომ 2019 წლის 17 ივნისს ფსიქოლოგიური კვლევა ჩაატარეს ცალკეულ ფსიქიკურ ფუნქციათა კვლევის მეთოდებით, ასევე, იმ ტესტებისა და კითხვარების გამოყენებით, რომლებიც პიროვნების შესწავლის საშუალებას იძლევა და დადგინდა, რომ ი-------------–---–- ზ-----------–---- ქმედების შედეგად ფსიქოლოგიური ტანჯვა არ განუცდია. კვლევის ჩატარების დროისთვის ი-------------–---–-- ფსიქოლოგიური მდგომარეობა იყო ნორმაში. ამავე გამოკითხვის ოქმების თანახმად, იმის განსაზღვრა, თუ რას განიცდიდა ი-------------–---–- მეუღლის მხრიდან უშუალოდ ზემოქმედების პროცესში, საექსპერტო კვლევის ფარგლებში შეუძლებელია.

 

აღნიშნული უდავო მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად, სასამართლო ადგენს, რომ ზ-----------–---, მეუღლესთან - ი-------------–---–---- თანაცხოვრების პერიოდში, სისტემატურად ამცირებდა და შეურაცხყოფდა მას გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, თუმცა წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა ბრალდებულის მიერ ამგვარ ქმედებათა ის სიძლიერე და ხარისხი, რაც დაზარალებულის ძლიერი ფიზიკური, ფსიქიკური ტკივილის ან მორალური ტანჯვის გამომწვევი იქნებოდა.

 

დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ობიექტური მხარე - პირის დამცირება, იძულება, არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. იძულება ნიშნავს ადამიანზე ფიზიკურ ან ფსიქიკურ ზემოქმედებას, რაც მიმართულია იქითკენ, რომ დაზარალებულმა შეასრულოს მოქმედება ან საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება. ამ დროს პირი დგება ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის თანახმად, ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო. დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას. ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, ადამიანის მიმართ მოპყრობა დამამცირებელია, თუ ის სერიოზულად შეურაცხყოფს ადამიანს სხვების წინაშე, ანდა აიძულებს მას, მოიქცეს საკუთარი ნებისა თუ სინდისის საწინააღმდეგოდ.

 

ადამიანის მიმართ მოპყრობა ჩაითვლება არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობად, თუ მისი სიმძიმე შეესაბამება სისასტიკის მინიმალურ დონეს, ამ მინიმუმის შეფასება დამოკიდებულია საქმის ყველა ისეთ გარემოებაზე, როგორიცაა მოპყრობის ხანგრძლივობა, მისი ფიზიკური და ფსიქიკური გავლენა. იმისათვის, რომ მოპყრობა ჩაითვალოს არაადამიანურად, აუცილებელია მან გამოიწვიოს ტანჯვის იმგვარი დონე, რაც ჩვეულებრივ დამახასიათებელია არაადამიანური მოპყრობისათვის.

 

ასევე, კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რომელიც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. შეურაცხყოფა არის სხვისი პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება, გამოხატული უწესო ფორმით.

 

მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულის მიერ ადგილი აქვს მეუღლის სისტემატურ შეურაცხყოფასა და დამცირებას, რაც დადასტურებულია ი-------------–---–-- 2019 წლის 25 თებერვლის განცხადებით, რომელშიც ის მიუთითებს, რომ მეუღლის ზემოქმედების შედეგად განიცდის ფსიქოლოგიურ ტანჯვას, მისი ამგვარი ქმედებები გრძელდება წლები და აქვს სისტემატური ხასიათი. აღნიშნულთან სრულ თანხვედრაშია აუდიოჩანაწერები, რომელთა მიხედვითაც, რიგ შემთხვევაში საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი უთანხმოების ნიადაგზე ან უმიზეზოდ, ბრალდებული სისტემატურად ამცირებს დაზარალებულს, აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებს, მიმართავს უწმაწური სიტყვებით, ლანძღავს, აბუჩად იგდებს. ასევე, აკნინებს დაზარალებულის ოჯახის წევრებს, დასცინის და ირონიით მოიხსენიებს მის კუთხურ წარმომავლობას, უყვება სხვა ქალთან სქესობრივი ურთიერთობის დეტალებზე. აუდიოჩანაწერების შინაარსით ირკვევა, რომ ბრალდებული დაზარალებულს აჩვენებს, რომ მას არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება და არ აქვს თავისუფალი მოქმედების უფლება. ამასთან, ჩანაწერში აშკარად იკვეთება გენდერული მოტივი. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, ასევე, იმ გარემოებას, რომ 2019 წლის 25 თებერვალს ზ-----------–---- მრისხანება გამოიწვია იმან, რომ შვილმა, რომელიც 15 წლის არის, თავად მოიმზადა საკვები. შესაბამისად, ჩანს, რომ მას ეს საქმიანობა მხოლოდ ქალის ვალდებულად მიაჩნია.

 

გარდა ამისა, მოწმე ლ------------------, რომელსაც ბრალდებულისა და დაზარალებულის ოჯახიდან კონფლიქტის ხმა ხშირად ესმოდა, დაზარალებულისგან შეიტყო, რომ მეუღლე სისტემატურად ამცირებს და შეურაცხყოფს. მის გამოკითხვის ოქმში ნიშანდობლივია ი-------------–---–-- სულიერი მდგომარეობა და მის მიერ ცრემლიანი თვალებით ნათქვამი სიტყვები, რომ მეტი აღარ შეეძლო და პოლიციისთვის უნდა მიემართა. აღნიშნული, ასევე, თავსებადია ხსენებულ ჩანაწერებთან.

 

ამასთან, სასამართლოსთვის ღირებული ინფორმაციის შემცველია მოწმეების - მ------ და დ---------–------- გამოკითხვის ოქმებში დაფიქსირებული ინფორმაცია, რომ ზ-----------–---- სახლში მისვლის შემდეგ მასწავლებელი (იგულისხმება ი-------------–---–-) ოთახში აღელვებული დაბრუნდა და ვეღარ შეძლო გაკვეთილის გაგრძელება.

 

ზემოხსენებული უდავო მტკიცებულებით უტყუარად დასტურდება, რომ ზ-----------–--- ამცირებდა და შეურაცხყოფდა მეუღლეს - ი-------------–---–-, გენდერული მოტივით, რასაც არ ჰქონდა ერთჯერადი ხასიათი, ჩანაწერებით უტყუარად დასტურდება, რომ აღნიშნულს ადგილი ჰქონდა 2016 წლიდან. ამასთან, სასამართლო ვერ გამორიცხავს, რომ ბრალდებულის ამგვარ ქცევას ადგილი ჰქონოდა მანამდე პერიოდშიც, მისი და დაზარალებულის თანაცხოვრების დროს, რამდენადაც, თითქოს, ჩვეულებადაა ქცეული ზ-----------–---- მხრიდან მეუღლის ამ სახით დამცირება, თუმცა უტყუარად დადასტურებულად მიიჩნევს 2016 წლიდან 2019 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში განხორციელებულ ქმედებებს.

 

ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდებულის ქმედებები, გამოხატული სიტყვიერ შეურაცხყოფაში, არ არის იმ დონის ინტენსივობის და აღქმადობის, რომ გამოეწვია დაზარალებულში დაუძლეველი ტანჯვის განცდა. რაც შეეხება ჩანაწერებში არსებულ დამამცირებელ სიტყვებს: ,,დაიჩოქე‘‘, ,,მონა ხარ‘‘ და მისთანებს, აღნიშნულს სასამართლო განიხილავს გენდერული დისკრიმინაციის კონტექსტში და, მიუხედავად ერთი შეხედვით მისი მსგავსებისა სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის შემადგენლობასთან, არ წარმოადგენს დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას, რომლის ინტენსივობა და ტანჯვის ხარისხი დაახლოებით წამებასთან მიახლოებული შეიძლება იყოს.

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ განხორციელებულ ალტერნატიულ ქმედებებში, ძალადობაში, სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟში, დამცირებაში, რასაც შედეგად უნდა მოჰყვეს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა.

 

მართალია, სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნით დადგენილია, რომ ი-------------–---–- არ განუცდია ფსიქოლოგიური ტანჯვა, თუმცა, ამავე დასკვნის თანახმად, დაზარალებული ყურადღებას ამახვილებს ზ-----------–---- აგრესიულ გამოხატულებებსა და ძალადობის ფაქტებზე, რის გამოც ისინი ერთად აღარ ცხოვრობენ, რაც ადასტურებს ზ-----------–---- მხრიდან მეუღლის მიმართ სისტემატურ შეურაცხყოფასა და დამცირებას.

 

აქვე, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 5 აპრილის #617აპ-18 განაჩენზე, რომლის თანახმადაც, იმისათვის, რომ დადგინდეს პირის უკანონო ქმედებებმა გამოიწვია თუ არა დაზარალებულის ტანჯვა, აუცილებელი არ არის სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის არსებობა, ეს საკითხი წარმოადგენს სასამართლოს შეფასების საგანს - საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან და წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზიდან გამომდინარე.

 

ყველა ზემოთ ხსენებული უდავო მტკიცებულების თავსებადია აუდიოჩანაწერები, რომლებიც ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულის მიმართ ზემოქმედების იმგვარ ფორმებზე მიუთითებს, როგორიცაა სისტემატური დამცირება, სიტყვიერი შეურაცხყოფა, გინება მისი და ახლო ნათესავების მისამართით, დაცინვა და მისი კუთხური წარმომავლობის ირონიით მოხსენიება, უწმაწური სიტყვებით მიმართვა, ლანძღვა, აბუჩად აგდება, მოთხოვნა, რომ დაეჩოქა, რადგან არის მონა, ,,ლარის ქალი‘‘ და სხვა შეურაცხმყოფელი ბილწი სიტყვები მეუღლის მიმართ, ასევე, იმის მუდმივად ხაზგასმა, რომ არაფერი შეუძლია, სხვა ქალთან სქესობრივი ურთიერთობის დეტალებზე საუბარი, დაზარალებულისათვის დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებისა და თავისუფალი მოქმედების უფლების შეზღუდვა, რომელთა საფუძველზე სასამართლო ადგენს, რომ ყოველივე აღნიშნული, თავისი ფორმით და დისკრიმინაციული მიდგომით, შეუძლებელია, დაზარალებულში ტანჯვას არ იწვევდეს.

 

დაზარალებულში ტანჯვის გამოწვევის შესაფასებლად სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის აგრესიულობას, ზემოქმედების ფორმას, მის სისტემატურობას და ამ გარემოებათა ერთობლიობით მიიჩნევს, რომ ობიექტურად შეუძლებელია აღნიშნულს დაზარალებულში ფსიქიკური ტკივილი ან მორალური ტანჯვა არ გამოეწვია.

 

ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ კომისიური ფსიქოლოგიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნას, მიუხედავად მისი შინაარსისა და უდავოობისა, სასამართლო ვერ მიიჩნევს კატეგორიულად, რამდენადაც დასკვნის გამცემი ექსპერტების მიერ გამოკითხვის ოქმებში მითითებული ინფორმაცია, რაც, ასევე, უდავოდაა მიჩნეული მხარეთა მიერ, წინააღმდეგობაშია მათ მიერ გაცემულ დასკვნასთან და შეუძლებელს ხდის იმის განსაზღვრას, თუ რა ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იყო ი-------------–---–- მის მიმართ ზემოქმედების განხორციელების დროს. შესაბამისად, ამ ექსპერტთა მიერ გაცემულ დასკვნას სასამართლო ვერ მიიღებს უტყუარ მტკიცებულებად და ვერ გაიზიარებს მას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლო თვლის, რომ საქმის არსებითი განხილვისას არ დადასტურდა ზ-----------–---- მიმართ შერაცხული ბრალდება ი-------------–---–-- მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის შესახებ. ამავდროულად, საქმეში არსებული რელევანტური, დასაშვები და უტყუარი მტკიცებულებებით, სასამართლოს ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2016 წლიდან 2019 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში ზ-----------–--- მეუღლეს - ი-------------–---–- სისტემატურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ტანჯვა.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ-----------–----თვის ბრალად შერაცხული ქმედება საქართველოს სსკ-ის 11,1443-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ფაქტების უტყუარად დადგენისათვის სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

 

ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების, მათ შორის, მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი, გონივრულ ეჭვს მიღმა, სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, სასამართლომ მიიჩნიოს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია, რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.

 

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრასა და ზოგადად ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება სახელმწიფოს მხრიდან ისეთი კანონების მიღება, როგორიცაა ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვის და დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი, ,,გენდერული თანასწორობის შესახებ‘‘ საქართველოს 2010 წლის 26 მარტის კანონი და ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ‘‘ საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი.

 

ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში უმნიშვნელოვანესია ევროპის საბჭოს კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ (სტამბულის 2011 წლის 11 მაისის კონვენცია), რომელიც გვთავაზობს ღონისძიებათა თანმიმდევრულ კომპლექსს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრისთვის. კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობას აღიარებს როგორც ადამიანის უფლების დარღვევად, აგრეთვე, დისკრიმინაციის ფორმად.

 

,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფითა ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის გამოიყენება სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქო-სამართლებრივი და ადმინისტრციულ-სამართლებრივი მექანიზმები. სისხლისსამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება ოჯახში ძალადობის იმ ფაქტის შემთხვევაში, რომელიც შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლი ამავე კოდექსის 1261-ე მუხლისაგან განსხვავდება ზემოქმედების სიმძიმისა და შედეგის ხარისხით. მოცემულ შემთხვევაში, ზ-----------–---- მიერ მეუღლის მიმართ განხორციელებული დამცირებისა და შეურაცხყოფის მიზნით მიყენებული ზემოქმედებები, თავისი სიძლიერით ვერ გამოიწვევდა დაზარალებულის ტანჯვის იმ ხარისხს, რომელიც აუცილებელია ქმედების სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლით კვალიფიკაციისთვის, მით უფრო, იმ ვითარებაში, როდესაც დაზარალებულმა სასამართლოს არ მისცა ჩვენება მის მიერ განცდილი ფსიქიკური ტკივილისა და მორალური ტანჯვის შესახებ.

 

ამასთან, ზემოთ განხილული, უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების შესწავლისა და გაანალიზების შედეგად, სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, რაც გამოიხატა ზ-----------–---- მხრიდან მეუღლის მიმართ სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფასა და უცენზურო სიტყვებით მოხსენიებაში, მის დამცირებაში, სასამართლოს აზრით, რა თქმა უნდა, გამოიწვევდა მის ტანჯვას. შესაბამისად, სასამართლოს ერთმნიშვნელოვნად დადგენილად მიაჩნია, რომ ზ-----------–---მ ჩაიდინა მეუღლის სისტემატური დამცირება და შეურაცხყოფა, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, რამაც გამოიწვია მისი ტანჯვა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მისი ქმედება მოიცავს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

ზ-----------–---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია, ხოლო მისი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი. ამასთან, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ზ-----------–---მ დაზარალებულ ი-------------–---–-- მიმართ განახორციელა დანაშაული, რომელიც გარკვეული პერიოდის მანძილზე ურღვევდა დაზარალებულს ფსიქიკურ ხელშეუხებლობას და მშვიდი ცხოვრების უფლებას, რამაც გამოიწვია მისი ტანჯვა. ამრიგად, საქმე გვაქვს მოძალადესთან, რომელიც ახორციელებს სისტემატურ შეურაცხყოფასა და დამცირებას ოჯახის წევრის - ქალის მიმართ, რაც ადამიანის უფლების დარღვევაა.

 

სასამართლოს შეფასებით, დანიშნულმა სასჯელმა ხელი უნდა შეუწყოს მომავალში ზ-----------–---- სათანადო ქცევას, რათა, მოძალადისა და მსხვერპლის ურთიერთობიდან გამომდინარე, მომავალშიც არ გაგრძელდეს მეუღლის მისამართით შეურაცხყოფა და დამცირება, მსჯავრდებულმა მოახდინოს სოციალური ღირებულებების გათავისება.

 

ბრალდებული ზ-----------–--- აშკარად მიდრეკილია მეუღლის მიმართ შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი ქმედებების ჩადენისაკენ და ისეთი ღონისძიებები, რაც არ არის დაკავშირებული მის იზოლაციასთან, ვერ გახდება მისთვის დამაფიქრებელი და ვერ იქონიებს პრევენციულ გავლენას, რის გამოც არასაპატიმრო სასჯელი ვერ იქნება შემაკავებელი და შესაძლოა, გაზარდოს ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ზ-----------–---- მიმართ სასჯელის სახით გამოყენებულ უნდა იქნეს თავისუფლების აღკვეთა.

 

ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

ნივთიერი მტკიცებულებების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად. კერძოდ, CD და DVD დისკები, რომლებზეც ჩაწერილია ხმის ნიმუშები და აუდიოჩანაწერები, შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ზ-----------–--- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ‘‘ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ზ-----------–---- ქმედება საქართველოს სსკ-ის 111,1443-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.

 

ზ-----------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

ზ-----------–---ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყოს 2019 წლის 26 თებერვლიდან.

 

ზ-----------–---- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

ნივთიერი მტკიცებულებები - CD და DVD დისკები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შორენა გუნცაძე