გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 29.03.2019
საქმის ნომერი
030310018002522032
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
29.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 030310018002522032

№ 3/54-2018

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

29.03.2019 წ. ქ.ფოთი

შესავალი ნაწილი

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე

სხდომის მდივანი ლევანი ქირია

მოსარჩელე სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო

განყოფილება

წარმომადგენელი შ------- ღ-----

მოპასუხე ი-- პ--------

დავის საგანი სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი,ზედმეტად მიღებული, სახელმწიფო ფულადი დახმარების

ანაზღაურების დავალდებულება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

დაეკისროს მოპასუხე - ი-- პ--------ს სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი, ზედმეტად მიღებული სახელმწიფო ფულადი დახმარების 460 ლარის დაბრუნება, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და განმარტა, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილების 2018 წლის 17 აგვისტოს N2018/2 გადაწყვეტილებით ი-- პ--------ს დაენიშნა სოციალური პაკეტი მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის გამო. აღნიშნული სტატუსი ბენეფიციარს მიენიჭა ერთი წლით 2018 წლის 01 აგვისტოდან 2019 წლის 01 აგვისტომდე. 2018 წლის 01 აგვისტოდან 2019 წლის 01 აგვისტომდე. 2018 წლის 17 აგვისტოს ი-- პ--------მ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილებას, რათა მასზე ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობის თანხის 460 ლარის ეტაპობრივად დაფარვის მიზნით. აღნიშნული თანხის დაკავება მომხდარიყო მისი სოციალური პაკეტიდან თვეში 20%-ის ოდენობით, რაც თვეში შეადგენს 24 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე ამ დროისათვის ი-- პ--------ს დავალიანება შეადგენს 328 ლარს.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

განყოფილების სოციალური აგენტის მიერ შევსებული დეკლარაციის შედეგად, ი-- პ--------ს ოჯახს 2016 წლის 17 მარტს მიენიჭა სარეიტინგო ქულა 4550, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი დახმარების მიღებას ოჯახის ერთ წევრზე 50 ლარის ოდენობით. შესაბამისად, ოჯახს დაენიშნა სოციალური შემწეობა 460 ლარი. სოციალური დახმარების დანიშვნის ფორმის შევსებისას, აღნიშნული ოჯახი გაცნობილ იქნა საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის N126 დადგენილების მე-6 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ უფლებებს და მოვალეობებს და მათი დარღვევის შემთხვევაში სავარაუდო შედეგებს, რაც ასევე დასტურდება სოციალური დახმარების დანიშვნის შესახებ განცხადებაზე ი-- პ--------ს ხელმოწერითაც, რომელიც არის სოციალური დახმარების მიმღები ოჯახის წევრი. სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 20 ნოემბრის N04/72211 კორესპონდენციით და მასზე თანდართული სიით, რომელიც თან ახლავს სარჩელს, ცნობილი გახდა, რომ ი-- პ--------ს ოჯახის წევრებს - ნ----- დ--------ს და ნ--- დ--------ს დაუფიქსირდათ გარკვეული შემოსავალი, ვინაიდან ისინი დასაქმდნენ. ნ----- დ-------- შპს ,,პ------–------- ა--------ს ბ-------ში“, ხოლო ნ--- დ-------- სს ,,ქ--------–- ლ-----ს კ--------ში“. ოჯახს გაუუქმდა რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში 1 წლით 2017 წლის 01 ნოემბრიდან. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის N145 დადგენილების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებულია აცნობოს სააგენტოს იმ გარემოების დადგომა, რომელსაც თან სდევს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება ამ გარემოების წარმოშობიდან არა უგვიანეს ერთი თვისა, რაც ი-- პ--------ს ოჯახის მხრიდან არ მომხდარა. აღნიშნული ოჯახი არ წარმოადგენს საარსებო შემწეობის მიმღებს, რის გამოც საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის N145 დადგენილების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შეუძლებელია ზედმეტად გაცემული თანხის უკან დაბრუნება სააგენტოს გადაწყვეტილებით. ამავე დადგენილების მე-91 მუხლის ,,ბ“ პუნქტის თანახმად, თუ ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობა, ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობის თანხის უკან დაბრუნება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ი-- პ-------- სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და არც შესაგებელი წარმოუდგენია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ი-- პ-------- (პ/ნ 0----------) იღებდა სოციალურ პაკეტს თვეში 460 ლარს.

 

3.1.2. სოციალური დახმარების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების შესაბამისად, ი-- პ--------ს ოჯახის შემადგენლობაში შედიან: ი-- პ--------, ნ-------- დ--------, ნ----- ი-----–-–---–-, ნ--- დ--------, ნ-----–-- დ--------, თ------ გ----–---, მ------- დ--------, ს---- დ--------, მ------ დ--------.

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. ი-- პ--------ს ოჯახის წევრები - ნ----- დ-------- და ნ--- დ-------- დასაქმდნენ. ნ----- დ-------- შპს ,,პ------–------- ა--------ს ბ-------ში“, ხოლო ნ--- დ-------- სს ,,ქ--------–- ლ-----ს კ--------ში“. 2017 წლის 01 ნოემბრიდან აღნიშნულ ოჯახს ცენტრალიზებულად შეუწყდა რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში.

 

3.2.2. 2018 წლის 17 აგვისტოს ი-- პ--------მ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილებას, რათა მასზე ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობის თანხის 460 ლარის ეტაპობრივად დაფარვის მიზნით. აღნიშნული თანხის დაკავება მომხდარიყო მისი სოციალური პაკეტიდან თვეში 20%-ის ოდენობით, რაც თვეში შეადგენს 24 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე ამ დროისათვის ი-- პ--------ს დავალიანება შეადგენს 328 ლარს.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილების სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

მოპასუხე ი-- პ--------ს (პ/ნ 0----------) უნდა დაევალოს სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი ზედმეტად მიღებული სახ. ფულადი დახმარების 212 ლარის გადახდა 2019 წლის 01 აგვისტოდან (2019 წლის 01 აგვისტომდე მხარეები თავად არიან შეთანხმებულნი ყოველთვიურ გადახდაზე).

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ივნისის №155 დადგენილებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი (კონკრეტული მუხლები იხილეთ სამართლებრივ შეფასებაში).

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლო იზიარებს მოსარჩელის პოზიციას და მიიჩნევს, რომ მოპასუხემ უკანონოდ მიიღო საარსებო შემწეობის თანხა, რაც მას კანონით აღარ ეკუთვნოდა.

 

,,სოციალური დახმარების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს იმ გარემოებების დადგომა, რომელსაც თან სდევს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილება; ამავე დადგენილების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია, არსებული/გამოვლენილი ფაქტების გათვალისწინებით მიიღოს გადაწყვეტილება შემწეობის დანიშვნის, დანიშვნაზე უარის თქმის, შეჩერების, შეწყვეტის ან/და შემწეობის ოდენობის გადაანგარიშების შესახებ.

 

ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზი ცხადჰყოფს, რომ საარსებო შემწეობის მიმღები ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს, იმ გარემოებების დადგომა, რომელსაც თან სდევს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილება, რაც ი-- პ--------ს არ განუხორციელებია. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით დადგენილია, რომ თანხა, რომელიც მიიღო მოპასუხემ აღარ მიიჩნევა სოციალურ დახმარებად (საარსებო შემწეობად).

 

შესაბამისად, ცალსახაა, რომ ი-- პ--------ს ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა განხორციელდა სათანადო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რადგან აღარ არსებობდა უფლებამოსილი ორგანოს იმ ვალდებულების წარმოშობის საფუძველი, რომლის ძალითაც იგი ახდენდა მოპასუხის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვას. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს უსაფუძვლო გამდიდრების მარეგულირებელ ნორმებზე დაყრდნობით მოითხოვოს მოპასუხისთვის უსაფუძვლოდ ჩარიცხული თანხების უკან დაბრუნება.

 

ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გარდა ადმინისტრაციული კანონმდებლობისა, გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმები, რომელიც ასევე არეგულირებს მოცემულ ურთიერთობას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისას, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლის მიხედვით, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნას მოთხოვილი.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია, რომ ერთი პირის გამდიდრება მოხდეს მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს იურიდიულ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობს ან შემდგომში იშლება. მნიშვნელობა არა აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე არა აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას თუ მართლწინააღმდეგობას. სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია მხოლოდ ობიექტური შედეგი – ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელია, რომ გამდიდრება უნდა მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე.

 

უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტის არსებობის შემთხვევაში იგულისხმება, რომ პირმა ქონება მიიღო (შეიძინა) შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე, რის გამოც აღნიშნული შენაძენი ექვემდებარება კიდევაც უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას, ანუ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას.

 

ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ მოპასუხემ მოსარჩელისგან კანონდარღვევით მიიღო კონკრეტული ოდენობის თანხა, რაც გამოწვეული იყო მოსარჩელის ქმედებით. შესაბამისად, მიზეზობრივი კავშირის არსებობა სახეზეა. განსახილველ შემთხვევაში, სოციალური მომსახურების სააგენტო ვალდებული იყო ,,საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145” და ,,საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ივნისის №155’’ დადგენილებების შესაბამისად, მოეხდინა სოციალური დახმარების ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფა. მოპასუხის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილებამ კი, მოსარჩელის მიერ განხორციელებულ ქმედებებს ყოველგვარი სამართლებრივი საფუძველი გამოაცალა.

 

2018 წლის 17 აგვისტოს ი-- პ--------მ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილებას, რათა მასზე ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობის თანხის 460 ლარის ეტაპობრივად დაფარვის მიზნით. აღნიშნული თანხის დაკავება მომხდარიყო მისი სოციალური პაკეტიდან თვეში 20%-ის ოდენობით, რაც თვეში შეადგენს 24 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე ამ დროისათვის ი-- პ--------ს დავალიანება შეადგენს 328 ლარს.

 

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ საარსებო შემწეობას მოპასუხე მიიღებს 2019 წლის აგვისტომდე, ხოლო შემდგომ შესაბამისი ორგანო იმსჯელებს აღნიშნული ვადის გაგრძელებაზე.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილების სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

მოპასუხე ი-- პ--------ს (პ/ნ 0----------) უნდა დაევალოს სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი ზედმეტად მიღებული სახ. ფულადი დახმარების 212 ლარის გადახდა 2019 წლის 01 აგვისტოდან (2019 წლის 01 აგვისტომდე მხარეები თავად არიან შეთანხმებულნი ყოველთვიურ გადახდაზე).

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე.

 

შესაბამისად, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-9, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილების სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხე ი-- პ--------ს (პ/ნ 0----------) დაევალოს სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი ზედმეტად მიღებული სახ. ფულადი დახმარების 212 ლარის გადახდა 2019 წლის 01 აგვისტოდან (2019 წლის 01 აგვისტომდე მხარეები თავად არიან შეთანხმებულნი ყოველთვიურ გადახდაზე).

 

3. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება სააპელაციო წესით გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ფოთის საქალაქო სასამართლოს (ქ.ფოთი, დავით აღმაშენებლის ქ.№3) მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე