განაჩენი

სისხლის სამართლის 16.10.2019
საქმის ნომერი
330100119003157227
თარიღი
16.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/3907-19 (#0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

16 ოქტომბერი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე ნინო ნაჭყებია

სხდომის მდივანი თამარ შუბითიძე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ლ-–- ა-------–---–ი

სტაჟიორ-პროკურორი - ლ---- კ------ე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ა---- ი-------ის ძე ა-–---ი - დაბადებული 1--- წლის 1-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ს------–-----------–--------------–------------–--–-------------ში

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს გარდაბნის მაგისტრი სასამართლოს 2019 წლის 14 თებერვლის დადგენილებით, ა---- ა-–---ს საქართველოს ასკ-ის 45-ე მუხლით, ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისთვის განესაზღვრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

 

2019 წლის 25 მაისს, ა---- ა-–---ს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად ,,ოპიუმის ჯგუფის“ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარების ფაქტი დაუდგინდა მაშინ, როდესაც იგი იყო ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ, მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (ბრალდებულისა და მოწმეთა ჩვენებები; ცნობა ადმინისტრაციული სახდელის შესახებ, 2019 წლის 14 თებერვლის რუსთავის საქალაქო სასამართლოს გარდაბნის მაგისტრი სასამართლოს დადგენილება, ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და სხვ.) ერთობლიობა ა---- ა-–---ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ა---- ა-–---მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით.

 

3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ა---- ა-–---ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ახალი განზრახი დანაშაულის ჩადენა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში.

 

4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით_ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, დანაშაულის ხასიათის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ა---- ა-–---ს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით; მასვე, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, უნდა ჩამოერთვას ამავე კანონის მე-3 მუხლში მითითებული უფლებები.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ა---- ა-–---ის მიმართ არსებობს კანონიერ ძალაში შესული, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 თებერვლის განაჩენი, კერძოდ:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 თებერვლის განაჩენით, ა---- ა-–---ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით, ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.

 

თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 26 ივნისის წერილის თანახმად, ზ/აღნიშნული განაჩენით განსაზღვრული 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით ჯარიმიდან აღსრულებულია ნაწილი - 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო დარჩენილი დავალიანების ამოღების მიზნით ა---- ა-–---ი რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში.

 

ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს 2019 წლის 26 ივნისის წერილის თანახმად, ზ/აღნიშნული განაჩენით დანიშნული საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით, ა---- ა-–---ს არ აქვს შესრულებული.

 

ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ა---- ა-–---ის მიმართ საბოლოო სასჯელის განსაზღვრა უნდა მოხდეს საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის საფუძველზე.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით, საქართველოს კანონით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ა---- ა-–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ა---- ა-–---ის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 თებერვლის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 4 (ოთხი) წელი;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლადდანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან (4 წელი პირობითი მსჯავრი, 4 წლის გამოსაცდელი ვადით, ჯარიმა 6000 ლარი და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათის ვადით) – 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა---- ა-–---ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით და ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

მსჯავრდებულ ა---- ა-–---ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების მომენტიდან - 2019 წლის 16 ოქტომბერიდან.

 

ა---- ა-–---ს ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვას:

 

ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება;

დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება;

ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება;

ვ) პასიური საარჩევნო უფლება;

ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.

 

ა---- ა-–---ს ზ/აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნინო ნაჭყებია