განაჩენი

სისხლის სამართლის 03.09.2019
საქმის ნომერი
330100119003146507
თარიღი
03.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/3803-19

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

3 სექტემბერი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა

გიორგი გარაშვილის მდივნობით

პროკურორ _ ლ---- ვ-------ის

ბრალდებულ _ ა----- მ----------ის

ადვოკატ _ გ-- დ--------–---–ის

თარჯიმან - ხ------- ს------ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

_ ა----- მ----------ის, დაბადებულის 1----–-–-------------, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქის (სომხეთის რესპუბლიკის პასპორტის №---------), ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით: სო-----------------–---–--------------------------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ------–--–--------–-------------–----------------------------ში, ამჟამად პატიმრობაში მყოფის მიმართ, იმ დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა----- მ----------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი);

მანვე ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

ა----- მ----------ის მიერ დანაშაულების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

ი---–-- გ----------ა და ა----- მ----------ი იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში. 2019 წლის 23 მაისს, დღის საათებში, ქ------–--–--------–-------------–----------------------------ში ა----- მ----------მა ი---–-- გ----------ას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ფეხებითა და ხელებით ურტყამდა სხეულის სხვადასხვა მიდამოებში. აღნიშნული ქმედებების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ე.ი. ა----- მ----------მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 23 მაისის ეპიზოდი).

2019 წლის 27 ივნისს, დღის საათებში, ქ------–--–--------–-------------–----------------------------ში ა----- მ----------მა ი---–-- გ----------ას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი რამდენჯერმე გაარტყა სახის არეში. აღნიშნული ქმედებების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ე.ი. ა----- მ----------მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 27 ივნისის ეპიზოდი).

2017 წლის დეკემბრიდან 2019 წლის მაისის ჩათვლით ა----- მ----------ი სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მის მეუღლეს – ი---–-- გ----------ას, ამცირებდა, აგინებდა მას, რის შედეგადაც ა----- მ----------ის მხრიდან მასზე განხორციელებული ქმედებების გამო ი---–-- გ----------ამ განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.

ე.ი. ა----- მ----------მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი).

სასამართლოს დასკვნა ა----- მ----------ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენის თაობაზე, თითოეულ ეპიზოდთან მიმართებით, გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დათვალიერების ოქმს, №------ შემაკავებელ ორდერს, დაზარალებულისა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენას.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ა----- მ----------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულების ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, კერძოდ:

აღსანიშნავია, რომ სასჯელი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს მკაცრად ინდივიდუალური და ადეკვატური. ბუნებრივია, რომ დამნაშავის დასჯაცა და მის მიმართ ჰუმანური ღონისძიებების გატარებაც სახელმწიფოს პრეროგატივაა, მაგრამ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობის გამოყენებამ და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების კუთხით.

სასამართლო მოცემული კატეგორიის საქმეთა განხილვისას, სხვა გარემოებებთან ერთად, საგანგებო ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათს, მისი ჩადენის გარემოებებს და მის ინტენსიურობას, ასევე აფასებს მომავალში მისი ჩადენის რისკებს. მოცემულ შემთხვევაში, ა----- მ----------ის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორციელებული ძალადობა ატარებდა არაერთჯერად ხასიათს და ამასთან, თითოეულ შემთხვევაში გამოირჩეოდა მომეტებული საშიშროებით, რაც გამოიხატებოდა ხელებისა და ფეხების მრავალჯერადი დარტყმით.

ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასჯელის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ძალადობის აღკვეთა, მსხვერპლის დაცვა, მოძალადის მიმართ ეფექტიანი იძულების ღონისძიების გამოყენება და პრევენცია. „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენციის) 45-ე მუხლი მოუწოდებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს, გაატარონ ყველა საჭირო ზომები იმისთვის, რომ ოჯახში ძალადობის დანაშაულები იყოს დასჯადი „ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე“ სანქციის მეშვეობით.

ამასთან, დანაშაულის რეციდივის რისკთან მიმართებით სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიმართ უკვე მიღებული ადმინისტრაციულსამართლებრივი ზომები შემაკავებელი ეფექტის მქონე არ აღმოჩნდა და მან კვლავ განაგრძო ძალადობრივი ქცევა დაზარალებულის მიმართ, ხოლო როგორც დაზარალებულის გამოკითხვის ოქმით ირკვევა, ყველა შემთხვევაში კონფლიქტი მოხდა უსაფუძვლოდ, რაც მეტყველებს ა----- მ----------ის არაკანონმორჩილებაზე და ძალადობის განმეორების მაღალ რისკზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მართალია, ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, მაგრამ მხოლოდ ეს გარემოება ვერ გახდება მის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების საფუძველი. „ქალთა წინააღმდეგ ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ“ ევროპის საბჭოს სახელმძღვანელოში მოცემული რეკომენდაციის თანახმად, მოძალადის მხრიდან ქმედების აღიარება და მონანიება სასამართლომ ავტომატურად არ უნდა განიხილოს შემამსუბუქებელ ფაქტორად, ასეთ დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ბრალდებულის მხრიდან ძალადობრივი დამოკიდებულების განგრძობადი ხასიათი. შესაბამისად, სასამართლოს აუცილებლად მიაჩნია მის მიმართ საპატიმრო სასჯელის განსაზღვრა, ვინაიდან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ანდა მხოლოდ პირობითი მსჯავრის დანიშვნით, ბრალდებულის პიროვნებისა და დანაშაულის რეციდივის მაღალი რისკის გათვალისწინებით, ვერ იქნება მიღწეული სასჯელის მიზნები (მით უფრო, პრევენციის მიზანი).

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ა----- მ----------ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასამართლო მხედველობაში იღებს ა----- მ----------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არ არის ნასამართლევი, ჰყავს სამი შვილი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი, რომელთა მარჩენალიცაა (დაკავებამდე დასაქმებული იყო მშენებლობისა და ტურიზმის სფეროში). ამასთან, როგორც საქმეში არსებული სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით ირკვევა, დაზარალებული შეურიგდა ბრალდებულს და მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, მეზობლებისაგან და სომხეთის რესპუბლიკის ელჩისაგან ხასიათდება დადებითად, ხოლო საქმეში მისი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ იკვეთება. ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლოს შესაძლებლად მიაჩნია საბოლოო სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ნახევრის პირობითად ჩათვლა და ბრალდებულის მიმართ გამოსაცდელი ვადის დადგენა, რამდენადაც, როგორც მისი განმარტებითა და საქმეში არსებული მასალებით (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან) ირკვევა, ა----- მ----------ს აქვს მის საკუთრებაში არსებული მუდმივი საცხოვრებელი საქართველოში და მასზე საპრობაციო ვადის განმავლობაში კონტროლის განხორციელება შესაძლებელია, ხოლო გამოსაცდელი ვადა იქნება პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მისი ნორმალური ქცევის უზრუნველმყოფელი, რათა მან გააგრძელოს ოჯახის წევრებთან მშვიდი და არაკონფლიქტური თანაცხოვრება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ა----- მ----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 23 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

2. ა----- მ----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 27 ივნისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

3. ა----- მ----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 23 მაისის ეპიზოდისათვის) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 27 ივნისისა და სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდებისათვის) გათვალისწინებული დანაშაულებისათვის დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა----- მ----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 6 (ექვსი) თვე ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

5. ა----- მ----------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 2 ივლისიდან.

6. მსჯავრდებულ ა----- მ----------ის ყოფაქცევაზე კონტროლი საპატიმრო სასჯელის მოხდის შემდეგ გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. ა----- მ----------ს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

7. ი---–-- გ----------ას მობილური ტელეფონის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები, განთავსებული 1 (ერთ) ცალ კომპაქტ-დისკზე, შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.

8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი