განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/3607-19
გამოძიების #------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
3 სექტემბერი, 2019წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა
სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ა----–----–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - კ-------–- დ------- ძე ს----ე, - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1--- წლის 2-------, რეგისტრირებული: თ---–---- ა-–---------- გამზირი #4--, ბინა #---–- და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- ა-----–------- ქუჩა #--- ბინა #8--–--
კვალიფიკაცია:
1.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილი (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია).
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2019 წლის 6 ივნისს, დილის საათებში, თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირი #17-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, კ-------–- ს----ემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ა---------– ს--–--ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა ხელი და ფეხი თავისა და ტანის არეში, რის შედეგად ა---------– ს--–--მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიადგა ფიზიკური სახის ზიანი, კერძოდ მსუბუქად დაუზიანდა ჯანმრთელობა, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. წინასასამართლო სხდომის ეტაპზე მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მტკიცებულებების გამოკვლევაზე.
2.2.სასამართლოს დასკვნა კ-------–- ს----ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ გარდა ბრალდებულის მხრიდან დანაშაულის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ ა---------– ს--–--ს, მოწმეების - გ------- პ----–---–ის, თ-------------–---ს, ბ---- ა----–-–---–ის, კ-------–-ს ს----ის გამოკითხვის ოქმებს, სამედიცინო ექპერტიზის დასკვნას, სამედიცინო დოკუმენტაციას და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
2.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია კ-------–- ს----ის მიერ დანაშაულის ჩადენა.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება ობიექტური მხრივ გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ესე იგი ქმედების კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს - ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას და გამოწვეულ შედეგს -რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. კ-------–- ს----ის განზრახვას დაზარალებულის ჯანმრთელობის დაზიანებასთან მიმართებაში ადასტურებს ძალადობრივი დანაშაულის ხერხი - სხეულის სხვადასხვა ადგილზე ინტენსიური დარტყმების მიყენება. ბრალდებულის განზრახი ქმედების გამო ა---------– ს--–--ს სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით დაუდგინდა მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
3.2.სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა აუცილებლად პასუხიგაცემული უნდა იქნეს.
3.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
3.4. სასამართლომ საქმეში არსებული პრეიუდიციული ფაქტებისა და მტკიცებულებების საფუძველზე დაასკვნა, რომ ბრალდებულმა კ-------–- ს----ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია), რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. კ-------–- ს----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება, გამოძიებასთან თანამშრომლობა.
4.2. კ-------–- ს----ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა საჯარო ადგილზე - საზოგადოებრივ ტრანსპორტში, რამაც გარდა მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებისა გამოიწვია საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და მგზავრების უპატივცემულობა.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
5.3. სასამართლო სასჯელის განსაზღვრის დროს მხედველობაში იღებს პირის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას - დანაშაულის ჩადენას საჯარო ადგილზე - საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მგზავრების თანდასწრებით.
5.4. გათვალისწინებული იქნა ასევე პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებიც, როგორიცაა გამოძიებასთან თანამშრომლობა, დანაშაულის აღიარება, ბრალდებულს გაცნობიერებული აქვს ჩადენილი დანაშაულის გასაკიცხაობა, რაზეც მიუთითებს მისი მხრიდან მტკიცებულებების უდავოობა.
5.5. ბრალდებულის შუამდგომლობა სასჯელის სახედ ჯარიმის განსაზღვრის თაობაზე, სასამართლომ არ გაიზიარა, ვინაიდან დასახელებული სასჯელი არის არათანაზომიერი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებიდან გამომდინარე.
5.6. სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს სასჯელის დანიშვნის ზოგად საწყისებს და პრინციპებს, სწორედ ამ პრინციპების საფუძველზე სასამართლო განსაზღვრავს სამართლიან და კანონიერ სასჯელს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე ნორმის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ჩადენილი დანაშაულის ხასიათის და პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების მხედველობაში მიღებით კ-------–- ს----ეს უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით. სასამართლომ ასევე გაითვალისწინა რა დამნაშავე პირის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, ასევე მხედველობაში იქნა მიღებული კ. ს----ის ჯანმრთელობის მდგომარებაც და ის ფაქტიც, რომ დაზარალებული და ბრალდებული შერიგდნენ სასამართლოს შეფასებით ბრალდებულის საზოგადოებისაგან იზოლაციის გარეშეც, პირობითი მსჯავრითაც მიღწევადია სასჯელის მიზნები.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის თანახმად, ელექტრონული დისკი - შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კ-------–- ს----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.
2.გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 ივლისის განჩინებით კ-------–- ს----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
3.მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს - სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულმა ორგანომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
4. ნივთიერი მტკიცებულება:
ელექტრონული დისკი - შენახული იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
6. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ხ.ხარჩილავა