განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #-------------------
საქმე #1/3903-19
გამოძიების #0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 სექტემბერი, 2019წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა
სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ლ---- ვ--------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - დ----- თ------ს ძე გ---–---–ი, - საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, დაბადებული 1--- წლის 2-----------ს, რეგისტრირებული: თ---–---- უ-------- პ------–--–-------- #--–- და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- ს-------- ქ.#-, ბინა #1---–-
ადვოკატი - ნ--- ჯ-----–---
კვალიფიკაცია:
1.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი)
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. დ----- გ---–---–ი და ო-–--- ლ---------ი წელიწადნახევრის განმავლობაში ცხოვრობდნენ ერთად და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. 2019 წლის 7 ივლისს, ღამის საათებში, დაახლოებით 03:00 საათზე, თ---–--–-- ვ---------–---, ვ------------------- ქ.#--- ბინა #---–-, ო-–--- ლ---------თან სახლში მივიდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი დ----- გ---–---–ი, რომელმაც ამ უკანასკნელს ეჭვიანობის ნიადაგზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. კერძოდ, მუჭებს ურტყამდა სხეულის სხვადასხვა მიდამოში, მათ შორის სახეში, ასევე წააქცია და ზევიდან დარტყა მუჭი რამდენჯერმე სახის მარჯვენა მხარეს და თავის არეში. ძალადობის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და სხეულის სხვადასხვა მიდამოში მიიღო მრავლობითი დაზიანებები.
2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მტკიცებულებების გამოკვლევაზე.
2.2.სასამართლოს დასკვნა დ----- გ---–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ ო-–--- ლ---------ის, მოწმეების - ა-–---- ლ-----ის, ე-----–- ნ-----–--–---–ის, ლ---------–-–---–ის გამოკითხვის ოქმებს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, დაზარალებულის სხეულის ვიზუალური დათვალიერების ოქმს თანდართულ ფოტოსურათებთან ერთად და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
2.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია დ----- გ---–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენა.
უდავო მტკიცებულებები:
ოჯახში ძალადობა
2.4.დაზარალებულ ო-–--- ლ---------ის გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ დაახლოებით წელიწადნახევრის განმავლობაში ცხოვრობდა და ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას დ----- გ---–---–თან. დაშორების შემდგომ ქირით, საცხოვრებლად გადავიდა თ---–--–-- ვ---------–---, ვ------------------ის ქ.#--- ბინა #---–-. 2019 წლის 7 ივლისს, დაახლოებით 03:00 საათზე, ნასვამმა დ----- გ---–---–მა ეჭვიანობის ნიადაგზე მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, თხოვნამ -შეეწყვიტა დებოში და დაეტოვებინა საცხოვრებელი ბინა, დ.გ---–---–ი კიდევ უფრო გააღიზიანა და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, სხულის სხვადასხვა მიდამოში, მათ შორის სახის არეში, რამდენჯერმე დაარტყა მუშტი, წააქცია და კვლავ რამდენჯერმე მუშტი დაარტყა სახის მარჯვენა მხარისა და თავის არეში. ძალადობის შედეგად დაზიანება მიიღო მარჯვენა თვალის, ტუჩის და ყბის არეში, ასევე განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. დ.გ---–---–ის წასვლის შემდეგ მხოლოდ გამთენიისას შეძლო ძალის მოკრება და მეგობართან ა-–---- ლ-----ესთან დაკავშირება, რომლის რჩევითაც დახმარებისა და სათანოდო რეაგირების მიზნით დარეკა ,,112’’-ში.
2.5. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ,,112-ში“ შეტყობინების ინიციატორი არის ძალადობის მსხვერპლი ო-–--- ლ---------ი.
2.6. თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის უმცროსი ექიმის, მოწმე ე-----–- ნ-----–--–---–ის გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ 2019 წლის 8 ივლისს, 02:19 საათზე პირველადი დახმარება აღმოუჩინა ო-–--- ლ---------ს. პაციენტს სხეულის სხვადახვა არეში აღენიშნებოდა დაზიანებები: კერძოდ მარჯვენა თვალბუდის მიდამოში ჰემატომა, ტუჩის და პირის მიდამოში ჭრილობა, ჭრილობა შუბლის მიდამოში, თავის ტრავმა და მრავლობითი ესკორიაციები მარცხენა წვივის მიდამოში. ო-–--- ლ---------ის განმარტებით, დაზიანებები 2019 წლის 7 ივლისს, დაახლოებით 03:00 საათზე მიაყენა დ----- გ---–---–მა.
2.7. ანალოგიური შინაარსის ფაქტობრივი მონაცემები მიაწოდა გამოძიებას თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის უფროსმა ექიმმა ლია მამულაშვილმა.
2.8. მსხვერპლის ვიზუალური დათვალიერების ოქმის მიხედვით, ო-–--- ლ---------ს სახის არეში აღენიშნებოდა დაზიანებები, კერძოდ, მარჯვენა თვალბუდის, ტუჩის, პირის და ყბის მიდამოში მარჯვენა მხარეს მუქი ლურჯი და მოვარდისფრო ჰემატომა. ვიზუალური დათვალიერების პროცესში მოხდა დაზიანებების დასურათება. ფოტოსურათებზე ჩანს, რომ მსხვერპლი უმოწყალოდ არის ნაცემი.
2.9. ო-–--- ლ---------ის ჩვენების და გამოძიების პროცესში წარმოშობილი ვერსიის შესამოწმებლად ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით ირკვევა, რომ ო-–--- ლ---------მა თ---–--–-- ვ---------–---, ვ------------------ის ქ.#--- ბინა #---–- დეტალურად აღწერა ძალადობის სურათი და მიუთითა ადგილზე, სადაც განხორციელდა დანაშაულებრივი ქმედება.
2.10. მოწმე ა-–---- ლ-----ის გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ 2019 წლის 7 ივლისს, დილის საათებში მობილური ტელეფონით დაუკავშირდა მეგობარი, ო-–--- ლ---------ი და შეუძლოდ ყოფნის გამო სთხოვა მონახულება. ადგილზე მისვლისას ო-–--- ლ---------ს შესიებული ჰქონდა სახე, აღენიშნებოდა რამდენიმე ჰემატომა თვალისა და ყბის არეში, ტუჩიდან სისხლი სდიოდა. დაზარალებულის განმარტებით, დ----- გ---–---–მა ეჭვიანობის ნიადაგზე მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ მუშტი რამდენჯერმე დაარტყა სახისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში. მოწმემ ო.ლ---------ს გაუწია პირველადი სამედიცინო დახმარება.
2.11. სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით, მოქ. ო-–--- ლ---------ს პირადი შემოწმებისას სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებანი უსწოროკიდეებიანი ჭრილობების და სისხლნაჟღენთის სახით, რომლებიც განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს. დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
2.12. ბრალდებულმა დ----- გ---–---–მა დასკვნით და საბოლოო სიტყვაში დაადასტურა ო-–--- ლ---------ზე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი, თუმცა საკუთარ პოზიციებში შეამცირა ძალადობის მასშტაბი და ხერხი, გამორიცხა მისი მხრიდან მრავალჯერადად მუშტების დარტყმა სხეულის სხვადასხვა მიდამოში.
2.13. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლში კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ესე იგი ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. სასამართლომ უდავო მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტად მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულმა დ----- გ---–---–მა 2019 წლის 7 ივლისს ფიზიკურად იძალადა - ო-–--- ლ---------ზე, რომელთანაც თვეების განმავლობაში ცხოვრობდა და ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, ძალადობის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.14. სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა აუცილებლად პასუხიგაცემული უნდა იქნეს. საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ’’, რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისგან. კონვენცია აღიარებს ქალთა მიმართ ძალადობის, როგორც გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის სტრუქტურულ ბუნებას და იმას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ერთ-ერთი ის მთავარი სოციალური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ქალები იძულებულნი არიან, დაიკავონ მამაკაცებთან შედარებით დაქვემდებარებული მდგომარეობა. დასახელებული კონვენციის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე „ქალთა მიმართ ძალადობა“ აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო იღებს ვალდებულებას დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან და აღკვეთოს, სისხლისსამართლებრივად დევნოს და აღმოფხვრას ძალადობა ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობა. ხელი შეუწყოს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას და ქალებსა და მამაკაცებს შორის რეალური თანასწორუფლებიანობის ჩამოყალიბებას, მათ შორის, ქალებისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემის გზით.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
3.2. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლომ დაასკვნა, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა დ----- გ---–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენა.
3.3. სასამართლომ შეაფასა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან და დაადგინა, რომ ბრალდებულმა დ----- გ---–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) გათვალისწინებული დანაშაული, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. დ----- გ---–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია.
4.2. დ----- გ---–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის მასშტაბი და ხარისხი - მსხვერპლი უმოწყალოდ არის ნაცემი, ასევე ძალადობის ჩადენა ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
5.3. სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელ ასევე დამამძიმებელ გარემოებებს.
5.3.1. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ჩადენილი დანაშაულის ხერხი და მასშტაბი. დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანებების კვალი, რაც აღბეჭდილია ფოტოსურათზე, მიუთითებს მასზედ, რომ ო-–--- ლ---------ი უმოწყალოდ არის ნაცემი. დაზარალებულის სხეულზე - სახის არეში არსებული დაზიანებების მორფოლოგიური სურათი გამორიცხავს ბრალდებულის არგუმენტაციას გაჟღერებულს შესავალ და დასკვნით სიტყვაში, თითქოს ინტენსიური დარტყმები არ განუხორციელებია და არც მუჭები დაურტყამს მსხვერპლისთვის.
5.3.2. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ასევე დანაშაულის ჩადენა ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში, სასამართლოს შეფასებით სწორედ აღნიშნული მდგომარეობა გახდა მოტივატორი ძალადობის სასტიკის ხერხის - ინსტენსიური დარტყმების.
5.4.სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა პირობითი მსჯავრის გამოყენების თაობაზე. ადვოკატის მოთხოვნაში მითითება დამნაშავის მხრიდან დანაშაულის აღიარებაზე, მტკიცებულებების უდავოობაზე და იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოძალადე წარსულში არ არის ნასამართლევი, დამამძიმებელი გარემოებების და სამომავლო რისკების შეფასების გარეშე ვერ გახდება სასჯელის ისეთი სახის და ზომის გამოყენების საფუძველი, რაც არ არის დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან. სასამართლო ხაზს უსვამს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნას: ,,სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას“. განსახილველი საქმე არის სწორედ ის შემთხვევა, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებებიდან გამომდინარე. ის, რომ ბრალდებული წარსულში არ არის ნასამართლევი ოჯახური ძალადობის დანაშაულის ჩადენისათვის არ წარმოადგენს პირის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას ჩადენილი დანაშაულის მასშტაბიდან გამომდინარე. ასევე სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მხრიდან ადგილი არ ჰქონია დანაშაულის სრულ აღიარებას, დ----- გ---–---–მა შესავალ და დასკვნით სიტყვებში მაქსიმალურად შეამცირა ძალადობის მასშტაბი, რაც ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. ადვოკატის არგუმენტი: - სასამართლომ სავალდებულო წესით სასჯელის განსაზღვრის დროს მხედველობაში მიიღოს დაზარალებულის ნოტარიალური წესით დამოწმებული ხელწერილი და აქედან გამომდინარე დ. გ---–---–ს განუსაზღვროს პირობითი მსჯავრი, გაზიარებული არ იქნა: დაზარალებულის ხელწერილი დამნაშავის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გაწევის მოთხოვნაზე, არ წარმოადგენს უარგუმენტოდ გასათვალისწინებელ გარემოებას, - სასამართლო ვალდებულია დაზარალებულის პოზიციასთან ერთად შეაფასოს პირის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის განმეორების რისკები და ერთობლიობაში განსაზღვროს სამართლიანი სასჯელი. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის მიზნები მოითხოვს მოძალადე ისჯებოდეს ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე სანქციების საშუალებით, ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის სერიოზულობის გათვალისწინებით. სასამართლოს შეფასებით, სწორედ დანაშაულის ხერხის, სიმძიმის და მასშტაბის მხედველობაში მიღებით დანიშნულმა ზომიერად მკაცრმა სასჯელმა ხელი უნდა შეუწყოს მომავალში დ----- გ---–---–ის სათანადო ქცევას, რათა მსჯავრდებულმა მოახდინოს ახალი სოციალური ღირებულებების გათავისება, მისი ქცევების კორექტირება და თვითშეგნების ამაღლება.
5.5. ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე კერძო პრევენციის მიზნებისათვის და დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, დ----- გ---–---–ს უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის შესაბამისად, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს აღებული ანაწმენდი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.დ----- გ---–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
2.გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 ივლისის განჩინებით დ----- გ---–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 11 ივლისიდან.
3.ნივთიერი მტკიცებულება:
საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს აღებული ანაწმენდი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე
5. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ხ.ხარჩილავა