განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N160100119002939146
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
საქმე №1/131-19 23 სექტემბერი 2019 წელი ქ. ბოლნისი
(გამოძიების N031220319004)
მოსამართლე: თეა ლეონიძე
სხდომის მდივანი: დიანა ქოჩორაშვილი, ვერიკო ნინიაშვილი
სხდომის სახე : ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი: მადონა ურუშაძე
დაცვის მხარე:
ადვოკატი: არჩილ ცაგურია
ბრალდებული: ე-––-- კ------ი
მამის სახელი: ი------
დაბადებული: 1----–-–----------------–-
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მარნეული, სოფელი ს-----------
ბრალდებული: ჟ--–- ს--------ა
მამის სახელი: ნ------–-
დაბადებული: 1----–-–---------------
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: არასრული საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მარნეული, სოფელი ს-----------
თარჯიმანი: სუსანა მარტიაშვილი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი.
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ე-––-- კ------ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად.
2019 წლის 21 მარტს, დაახლოებით 20:00 საათზე, მარნეულის რაიონის სოფელ ს----------ში, მშობლების საცხოვრებელ სახლში, ყოფითი ხასიათის საკითხებზე შელაპარაკების ნიადაგზე, ე-––-- კ------მა სახისა და ტანის არეში მუშტებისა და ფეხების რამდენჯერმე დარტყმის გზით ფიზიკურად იძალადა თავისი დედის, ზ------ მ----------ას მიმართ. იმავდროულად, ე-––-- კ------ის მეუღლემ, ჟ--–- ს--------ამ არაერთჯერადად დაარტყა მუშტები სხეულის არეში დედამთილს, ზ------ მ----------ას. ე-––-- კ------ისა და ჟ--–- ს--------ას მხრიდან ჯგუფურად განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შედეგად ზ------ მ----------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე, ბოლო ორი თვის მანძილზე სისტემური შეურაცხყოფის გზით ე-––-- კ------ი და ჟ--–- ს--------ა ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ ზ------ მ----------ას მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ტანჯვა.
1.2. ჟ--–- ს--------ას ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად.
2019 წლის 21 მარტს, მარნეულის რაიონის სოფელ ს----------ში, დაახლოებით 20:00 საათზე, მეუღლის ე-––-- კ------ის მშობლების საცხოვრებელ სახლში, ყოფითი ხასიათის საკითხებზე შელაპარაკების ნიადაგზე ჟ--–- ს--------ამ არაერთჯერადად მუშტების სხეულის არეში დარტყმის გზით იძალადა დედამთილის, ზ------ მ----------ას მიმართ. იმავდროულად, მისმა მეუღლემ ე-––-- კ------მა სახისა და ტანის არეში მუშტები და ფეხები ურტყა თავის დედას, ზ------ მ----------ას. ჟ--–- ს--------ას და ე-––-- კ------ის მხრიდან ჯგუფურად განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შედეგად ზ------ მ----------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე, ბოლო ორი თვის მანძილზე სისტემური შეურაცხყოფის გზით ჟ--–- ს--------ა და ე-––-- კ------ი ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ ზ------ მ----------ას მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ტანჯვა.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. 2019 წლის 21 მარტს, დაახლოებით 20:00 საათზე, მარნეულის რაიონის სოფელ ს----------ში, მშობლების საცხოვრებელ სახლში, ყოფითი ხასიათის საკითხებზე შელაპარაკების ნიადაგზე, ე-––-- კ------ს დედის, ზ------ მ----------ას მიმართ, ძალადობა არ განუხორციელებია. შესაბამისად იგი უნდა გამართლდეს და უდანაშაულოს უნდა იქნეს ცნობილი წარდგენილ ბრალდებაში.
2.2. ჟ--–- ს--------ამ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 21 მარტს, მარნეულის რაიონის სოფელ ს----------ში, დაახლოებით 20:00 საათზე, მეუღლის ე-––-- კ------ის მშობლების საცხოვრებელ სახლში, ყოფითი ხასიათის საკითხებზე შელაპარაკების ნიადაგზე ჟ--–- ს--------ამ არაერთჯერადად მუშტების სხეულის არეში დარტყმის გზით იძალადა დედამთილის, ზ------ მ----------ას მიმართ. ჟ--–- ს--------ას მხრიდან განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შედეგად ზ------ მ----------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე, ბოლო ორი თვის მანძილზე სისტემური შეურაცხყოფის გზით ჟ--–- ს--------ა ფსიქოლოგიურად ძალადობდა ზ------ მ----------ას მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ტანჯვა.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
3.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად. (ე-––-- კ------ის ეპიზოდი)
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ოჯახის წევრებად ითვლებიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
საქმეზე დადგენილია რომ ბრალდებული ე-––-- კ------ი არის დაზარალებული -ზიანიატ მ----------ას შვილი და ისინი არიან ერთი ოჯახის წევრები.
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა დაზარალებული ზ------ მ----------ა. მან განმარტა, რომ ე-––-- კ------ი არის მისი შვილი, ხოლო ჟ--–- ს--------ა რძალი. შემთხვევის დღეს ჩხუბი მოუვიდა რძალთან, ხოლო ე-––-- კ------მა ისინი გააშველა. დაზარალებულმა განმარტა, რომ ე-––-- კ------მა გაშველებისას მეუღლესაც დაარტყა და მასაც, რომელიც ეტკინა. პოლიციაში განცხადებასთან დაკავშირებით კი განმარტა, რომ უჩივლა შვილს, რადგან იყო გაბრაზებული, ცემით კი სცემა რძალმა.
ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გამოქვეყნდა მის მიერ გამოძიებისას მიცემული ჩვენება, რომელსაც იგი დაეთანხმა. ჩვენების თანახმად მას რძალთა აქვს დაძაბული ურთიერთობა დაახლოებით ორი თვეა და განიცდის ტანჯვას. დაზარალებულმა კიდევ განმარტა, რომ შვილის მიმართ ჩვენება პოლიციას მისცა გაბრაზების გამო.
საქმის არსებითი განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა ი------ მ----------მა სასამართლოს მოახსენა შემდეგი: ცხოვრობს მეუღლესთან - ზ------ მ----------თან ერთად. ზ------ი არის ნერვიული და ადვილად გამოდის მდგომარეობიდან. მის მეუღლეს - ზ------ს ჟ--–- არ მოსწონდა რძლად, რის გამოც ჰქონდათ კონფლიქტი. მოწმის განმარტებით, შემთხვევის დღეს ბრალდებული ე-––-- კ------ი სახლში არ იმყოფებოდა, მოვიდა მოგვიანებით. მეუღლისგან მისთვის ცნობილი გახდა, რომ იჩხუბა ჟ--–- ს--------ასთან. აღნიშნული მას დაუდასტურა რძალმაც.
მოწმის სახით დაიკითხა ბრალდებული ჟ--–- ს--------ა, რომელმაც თავის ჩვენებაში განმარტა რომ დედამთილთან ზიანიატ მ----------თან აქვს ცუდი ურთიერთობა. 2019 წლის 21 მარტს მასთან, უფროს შვილს დაარტყა სიგარეტის მოწევის გამო, რაც გახდა მიზეზი დედამთილთან კონფლიქტისა. მოწმის განმარტებით შემთხვევის დროს მისი მეუღლე ე-––-- კ------ი იმყოფებოდა სამსახურში, ქალაქ რუსთავში.
სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა მარნეულის რაიონული სამმართველოს გამომძიებელი ხ------- ბ--------ე, რომელმაც სასამართლოს მოახსენა, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩაატარა რიგი საგამოძიებო მოქმედებები. კერძოდ, გამოკითხა დაზარალებული რომელმაც განუმარტა რომ მასზე იძალადა შვილმა და რძალმა. ასევე დაზარალებულს აღენიშნებოდა სილურჯეები. აღნიშნულის შემდეგ ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა ე-––-- კ------ი.
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ბრალდებული ე-––-- კ------ი, რომელმაც განმარტა, რომ როგორც ახსოვს იქნებოდა 20 მარტი, დაბრუნდა სახლში და გაიგო რომ მისმა მეუღლემ ჟ--–- ს--------ამ და დედამ - ზ------ მ----------ამ იჩხუბეს. ბრალდებულს დედამ უთხრა, რომ იგი სცემა ჟ--–-მ. ე-––-- კ------მა განმარტა, რომ დედის სხეულზე დაზიანებები არ შეუნიშნავს, ასევე უარყო მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტიც.
სასამართლო სხდომაზე წერილობითი მტკიცებულებები (სამედიცინო ექსპერტიზის N002840019 დასკვნა, 2019 წლის 22 მარტის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და სხვა) არ გამოკვლეულა ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულისაგან (სსკ 1261-ე მუხლი) სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ უნდა გავიგოთ როგორც ცემა, სხვაგვარი ძალადობა და სხვა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. ცემა ძალადობის ერთერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით და სხვა. ცემა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე. კერძოდ: დაჟეჟილობას, დალილავებას ან მცირე სისხლნაჟღენთის კვალს, რასაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი აღნიშნავს დასკვნაში. ზოგჯერ, ცემის შედეგად შეიძლება სხეულს, ზედაპირზე არანაირი კვალი არ დაეტყოს. ასეთ შემთხვევაში ძალადობის ფაქტის დადგენის ტვირთი მთლიანად სასამართლოზეა, რომელიც დაეყრდნობა მსხვერპლის და მოწმის ჩვენებებს, ასევე საქმის სხვა გარემოებებს. სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე დარტყმა, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში წარმოდგენილ და გამოკვლეულ მტკიცებულებათა გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს, მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ე-––-- კ------ის მიერ წარდგენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის ზემოაღნიშნული მუხლით წარდგენილი ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის. სასამართლოს ეს მტკიცებულებები არ მიაჩნია უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს ე-––-- კ------ის ბრალეულობა ოჯახურ ძალადობაში. აღნიშნულის საწინააღმდეგო და დამაჯერებელი არგუმენტაციაც სხდომაზე ჩვენების, ან მტკიცებულების სახით არ წარმოდგენილა. შესაბამისად, საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა ე-––-- კ------ის მხრიდან დაზარალებულ ზ------ მ----------ას მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტი.
დაზარალებული ზ------ მ----------ა ჩვენებაში აცხადებს, რომ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა რძალმა და გააშველა შვილმა ე-––-- კ------მა. ასევე განაცხადა, რომ მან შვილის წინააღმდეგ გამოძიებაში მისცა ჩვენება, იმის გამო, რომ მასზე იყო გაბრაზებული. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ჟ--–- კ------ამ უარყო მეუღლის ე-––-- კ------ის კონფლიქტში მონაწილეობის ფაქტი. აღნიშნული ასევე დაადასტურა ზ------ მ----------ას მეუღლემ ი------ მ----------მა და განმარტა, რომ ე-––-- კ------ი შემთხვევის დღეს იმყოფებოდა რუსთავში. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. კონკრეტულ შემთხვევაში კი სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა ე-––-- კ------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2019 წლის 21 მარტს, დაახლოებით 20:00 საათზე, მარნეულის რაიონის სოფელ ს----------ში, მშობლების საცხოვრებელ სახლში, ყოფითი ხასიათის საკითხებზე შელაპარაკების ნიადაგზე, ე-––-- კ------ს ჟ--–- ს--------ასთან ერთად დედის, ზ------ მ----------ას მიმართ, ძალადობა არ განუხორციელებია.
4. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს in dubio pro reo (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, პარაგრაფი 77, Lavents v. Latvia, § 125, and Melich an Beck v. The Czech Republic, § 60).
სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას (საქმე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2015 წლის 22 იანვარი, გადაწყვეტილება N1/1/548), რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (პარაგრაფი N41).
დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღწვის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება (პარაგრაფი N42).
ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. უდანაშაულობის პრეზუმფცია, როგორც საქმის განხილვისას სახელმძღვანელო პრინციპი, უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან ასაცილებლად, აღიარებულია როგორც საერთაშორისო კანონმდებლობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. აღნიშნული პრინციპის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისა და შეფასების დროს წარმოშობილი ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არა ერთ საქმეში განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ბრალდებას ეკისრება და რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში საქმე ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain, § 77; Lavents v. Latvia, § 125 Melich and Beck v. the Czech Republic, § 49).
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და ასევე უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის პოზიცია ე-––-- კ------ის დამნაშავედ ცნობის შესახებ მოკლებულია უტყუარ და საკმარის მტკიცებულებით საფუძველს და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებენ ე-––-- კ------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულების ჩადენას.
5. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად. (ჟ--–- ს--------ას ეპიზოდი)
საქმის არსებითი განხილვისას მოწმის სახით დაიკითხა დაზარალებული ზ------ მ----------ა, რომელმაც ჩვენებაში განმარტა რომ ჟ--–- ს--------ა არის მისი რძალი, ხოლო ე-––--ი - შვილი. შემთხვევის დღეს ჟ--–- და ე-––--ი ავტომანქანით წავიდნენ ჟ--–-ს მშობლების სახლში, ხოლო როდესაც იქიდან დაბრუნდნენ ზ------ მ----------ას რძალთან მოუვიდა ჩხუბი. შემდეგ დაბრუნდა სახლში ე-––--ი, რომელიც აშველებდა მათ. ზიინიატ მ----------ა დაეთანხმა წინასწარ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებას, სადაც ის აღნიშნავს, რომ მის მიმართ ჟელე ს--------ას მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფა გრძელდება დაახლოებით 2 თვეა, რის გამოც განიცდის ტანჯვას. ასევე განმარტა, რომ შვილის მიმართ საჩივარი შეიტანა მხოლოდ იმიტომ, რომ მასზე იყო გაბრაზებული.
სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა მარნეულის რაიონული სამმართველოს გამომძიებელი ხ------- ბ--------ე, რომელმაც სასამართლოს მოახსენა, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩაატარა რიგი საგამოძიებო მოქმედებები. კერძოდ, გამოკითხა დაზარალებული, რომელმაც განუმარტა რომ მასზე იძალადა შვილმა და რძალმა. დაზარალებულს აღენიშნებოდა სილურჯეები მკლავზე და ფეხებზე. ხ------- ბ--------ემ განმარტა, რომ მათ ე-––-- კ------ი ადგილზე არ დახვდათ და გამოცხადდა მას შემდეგ, რას მის მეუღლეს შეატყობინეს, რომ უნდა გამოცხადებულიყო.
საქმის არსებითი განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა ი------ მ----------მა სასამართლოს მოახსენა შემდეგი: იგი ცხოვრობს მეუღლესთან -ზ------ მ----------თან ერთად, რომელიც არის ნერვიული და ადვილად გამოდის მდგომარეობიდან. ზ------ს ჟ--–- არ მოსწონდა რძლად, რის გამოც ჰქონდათ კონფლიქტი. როგორც მოწმეს ახსოვს ჟ--–-მ და ზ------მა იჩხუბეს მარტის თვეში, ხოლო მათ შორის ცუდი ურთიერთობა დაიწყო თებერვლის თვეში. ჩხუბის დროს ე-––--ი იმყოფებოდა რუსთავში. ი------ მ----------მა დამატებით განმარტა, რომ უშუალოდ არ დაუნახავს დარტყმის მომენტი, თუმცა ჟ--–-ს ტაფა ეჭირა ხელში, შემდეგ კი ტაფა ეგდო ძირს. ზ------ს სხეულზე ჰქონდა დალურჯებები. მოწმის აზრით ხელის დარტყმით იგი მსგავს დალურჯებებს ვერ მიიღებდა.
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ბრალდებული ე-––-- კ------ი. მან განმარტა, რომ დაახლოებით 2019 წლის 20 მარტს, როდესაც დაბრუნდა სახლში, მისთვის ცნობილი გახდა მეუღლის ჟ--–- ს--------ასა და დედის ზ------ მ----------ას ჩხუბის შესახებ. ბრალდებულს დედამ უთხრა, რომ იგი სცემა ჟ--–-მ, რის გამოც ზ------ მ----------ა წავიდა პოლიციაში. ე-––-- კ------მა განმარტა, რომ დედის სხეულზე მას დაზიანებები არ შეუნიშნავს, ჩხუბში მონაწილეობა არ მიუღია და არც ხელი დაურტყამს მისთვის.
მოწმის სახით დაიკითხა ბრალდებული ჟ--–- ს--------ა, რომელმაც თავის ჩვენებაში განმარტა რომ დედამთილთან ზიანიატ მ----------თან აქვს ცუდი ურთიერთობა. 2019 წლის 21 მარტს მასთან, უფროსი შვილის გამო, რომელსაც დაარტყა სიგარეტის მოწევისათვის, მოუვიდა კონფლიქტი. ზ------მა მას მიმართა ცუდად და უთხრა რომ არ დაერტყა ბავშვისთვის. ჩხუბის დროს ჟ--–- იყო განერვიულებული და ვეღარ აკონტროლებდა თავს. მან დედამთილს მოქაჩა თმები და დააგორა კიბეებზე. ასევე განმარტა რომ მიაყენა დაზიანებები მთელს სხეულზე და იმდენად აღელვებული იყო რომ მზად იყო იგი დაეხრჩო. მოწმის განმარტებით შემთხვევის დროს ე-––--ი იმყოფებოდა სამსახურში, ქალაქ რუსთავში, ხოლო მამამთილი სახლში დაბრუნდა მოგვიანებით. ბრალდებულის განმარტებით დაზარალებულთან შერიგების სურვილი არ აქვს და არ ელაპარაკება ამ დრომდე. ჟ--–- ს--------ამ განმარტა, რომ ჰყავს ორი შვილი 18 წლის და 15 წლის, რომლებიც თავად ზრუნავენ საკუთარ თავზე.
საქმეზე უდავოდ ცნობილი სამედიცინო ექსპერტიზის N 002840019 დასკვნის თანახმად: მოქ. ზ------ მ----------ას 23.03.19წ. ობიექტური შემოწმებით აღენიშნება მრავლობითი სისხლნაჟღენთები სხეულზე, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად; სისხლნაჟღენთები მარჯვენა დელტისებურ და მხრის მიდამოში ხანდაზმულობით ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ შემთხვევის თარიღს (უფრო ძველია), ხოლო ყველა სხვა დანარჩენი დაზიანება ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ შემთხვევის თარიღს.
სასამართლო სხდომაზე წერილობითი მტკიცებულებები (2019 წლის 22 მარტის ზ------ მ----------ას ვიზუალური დათვალიერების ოქმი, 2019 წლის 22 მარტის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და სხვა) არ გამოკვლეულა ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, პატივი და ღირსება, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ზ------ მ----------ა წარმოადგენს ოჯახური დანაშაულის სუბიექტს. ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის აუცილებელია, რომ ქმედება განხორციელდეს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ. სადავო არ გამხდარა ფაქტი, რომ ჟ--–- ს--------ა არის დაზარალებულ ზ------ მ----------ას რძალი, ცხოვრობენ ერთად და საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის შენიშვნის შესაბამისად, წარმოადგენს ოჯახის წევრს.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაზარალებულმა ზ------ მ----------მა პირდაპირ მიუთითა რძალზე- ჟ--–- ს--------აზე, როგორც მის მიმართ ფიზიკური ძალადობის განმახორციელებელ პირზე, რომლის ქმედების შედეგად მიადგა ფიზიკური ტკივილი და განიცადა ტანჯვა. აღნიშნული ასევე დაადასტურა დაკითხვისას ბრალდებულმა ჟ--–- ს--------ამ. სასამართლოს მიაჩნია, რომ დაზარალებულის ჩვენება სრულ თანხვედრაშია სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხული მოწმეების (ი------ მ----------ი, ბრალდებულ ე-––-- კ------ი, ხ------- ბ--------ის, ბრალდებულ ჟ--–- ს--------ა) და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით (N 002840019) დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან.
გასათვალისწინებელია, რომ ბრალდებული დეტალურად აღწერა თუ როგორ მიაყენა მან დაზიანებები ზ------ მ----------ას. ე-––-- კ------მა და ი------ მ----------მა დადასტურეს რომ რძალ-დედამთილს ზოგადად ჰქონდათ ცუდი ურთიერთობა. ასევე ი------ მ----------მა უშუალოდ ნახა ზ------ მ----------ას სხეულზე არსებული სილურჯეები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ცალსახად დგინდება, რომ 2019 წლის 21 მარტს, მარნეულის რაიონის სოფელ ს----------ში, დაახლოებით 20:00 საათზე, მეუღლის ე-––-- კ------ის მშობლების საცხოვრებელ სახლში, ყოფითი ხასიათის საკითხებზე შელაპარაკების ნიადაგზე ჟ--–- ს--------ამ არაერთჯერადად მუშტების სხეულის არეში დარტყმის გზით იძალადა დედამთილის, ზ------ მ----------ას მიმართ. ჟ--–- ს--------ას მხრიდან განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შედეგად ზ------ მ----------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე, ბოლო ორი თვის მანძილზე სისტემური შეურაცხყოფის გზით ჟ--–- ს--------ა ფსიქოლოგიურად ძალადობდა ზ------ მ----------ას მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ტანჯვა.
ასევე ჟ--–- ს--------ას წარდგენილი ბრალდებიდან უნდა ამოერიცხოს ქმედების ჩადენა ჯუგუფურად, რადგან სასამართლოს მიერ ე-––-- კ------ი გამართლებულ იქნა წარდგენილ ბრალდებაში.
6. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენადა მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ჟ--–- ს--------ამ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
7. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით_ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულებისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.
სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. სასჯელი დამნაშავეს აძლევს შესაძლებლობას იფიქროს, თუ რა ზეგავლენა იქონია მისმა ქმედებამ დაზარალებულზე, იფიქროს წარსულ შეცდომებზე და შეცვალოს ცხოვრების წესი.
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო ჟ--–- ს--------ას მიმართ სასჯელის განსაზღვრისას ყურადღებას აქცევს ძალადობის განხორციელების ფორმებს, დაზარალებულის ასაკს, დანაშაულის ჩადენის მოტივს, სასამართლო სხდომაზე თავად ბრალდებულის მიერ გაჟღერებულ პოზიციას მის მიერ ჩადენილ ქმედებასთან დაკავშირებით. სასამართლო მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივად სასარგებლო შრომის დანიშვნის შემთხვევაში სასჯელის მიზნები, კერძოდ დამნაშავის რესოციალიზაცია, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება ვერ იქნება მიღწეული.
სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია, მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც რეაგირება იქნება მკაცრი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების უზრუნველსაყოფად ჟ--–- ს--------ას მიმართ სასჯელის სახედ და ზომად გამოყენებული უნდა იქნეს 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, ვინაიდან მსუბუქი სასჯელი ვერ იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებები და გამოიტანოს სათანადო დასკვნები, არაადეკვატური, არაგონივრულად ლმობიერი სასჯელის გამოყენებამ კი შესაძლოა წარმოშვას დაუსჯელობის გრძნობის განვითარების რისკი.
ასევე სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ ჟ--–- ს--------ას მიმართ დანიშნული სასჯელი ვერ ჩაითვლება პირობითად. საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახ ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელიო დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაიოთვალოს პირობითად. კონკრეტულ შემთხვევაში მართალია, ბრალდებულმა აღიარა დანაშაული, მაგრამ მისი დამოკიდებულების გათვალისწინებით ჩადენილი ქმედებისადმი, სასამართლოს დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა არ მიაჩნია მიზანშეწონილად. აღნიშნული სასჯელი ბრალდებულს დააფიქრებს ჩადენილ ქმედებაზე, გამოწვეულ ზიანზე და ცხოვრების წესზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ე-––-- კ------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ე-––-- კ------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და 2019 წლის 2 აპრილს ანარ ს--------ის (პ/ნ 28001097597) მიერ გადახდილი გირაოს თანხა 2500(ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
ე-––-- კ------ს უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
ჟ--–- ს--------ას მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ჟ--–- ს--------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით.
ჟ--–- ს--------ას დანიშნული სასჯელის მოხდა დაეწყოს დაკავების მომენტიდან და მოთავსებულ იქნეს შესაბამის პენიტენციალურ დეპარტამენტში.
ჟ--–- ს--------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
განაჩენის აღსრულება დაევალოს მარნეულის რაიონულ სამმართველოს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თეა ლეონიძე