გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/547-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
1 ივლისი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე
სხდომის მდივანი ციალა გახელაძე
მოსარჩელე - რ-------------ა
წარმომადგენელი - კ-----------------–-–---–ი
მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 26 ნოემბრის №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.
1.2. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 27 დეკემბრის №3---- ბრძანება.
2. მოპასუხის პოზიცია
სსიპ შემოსავლების სამსახურს საქმის განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია.
3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 26 ნოემბერს 22:46 საათზე შედგა №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმად, 2018 წლის 26 ნოემბერს სგპ „სადახლო-საავტომობილოს“ კონტროლის ზონაში, საქართველოს მხრიდან შევიდა მაზდას მარკის მსუბუქი ავტომანქანა, რუსული სახელმწიფო ნომრით B--------, რომელსაც მართავდა ორმაგი მოქალაქეობის მქონე რ-------------ა. აღნიშნული ავტომანქანის საქართველოში შემოყვანილი იყო კ-----------------–-–---–ის მიერ 2018 წლის 7 სექტემბერს და საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის ვადად განესაზღვრა 60 კალენდარული დღე. დოკუმენტების გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ავტომანქანას დაუფიქსირდა ვადაგადაცილება 20 დღე, აღნიშნულის გამო რ-------------ა დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით და სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 26 ნოემბრის №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი (ს.ფ.12-13).
3.2. რ-------------ამ 2018 წლის 3 დეკემბერს საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 26 ნოემბრის №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმება.
საჩივრის თანახმად, რ-------------ა სარგებლობდა მისი შვილის ვ-–----------------ას საკუთრებაში მყოფი ავტომობილით სახელმწიფო ნომრით B--------. ვინაიდან მას არ ჰქონდა მატერიალური შესაძლებლობა, განებაჟებინა აღნიშნული ავტომობილი და იმისთვის, რომ არ დაერღვია უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომანქანით საქართველოში გადაადგილების კანონიერი ლიმიტი, პერიოდულად ვ-–----------------ას, კ-----------------–-–---–სა და რ-------------ას გაჰყავდათ ავტომობილი საქართველოს საზღვრიდან. საჩივარში აღნიშნულია, რომ რ-------------ამ არ იცოდა იმ ნორმატიული აქტების შესახებ, რომელიც საქართველოს მოქალაქისათვის და უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის აწესებდა განსხვავებულ ვადებს საქართველოში შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე. საჩივრის თანახმად, რ-------------ა მიიჩნევს, რომ „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანების ზემოაღნიშნული დანაწესი არის დისკრიმინაციული ხასიათის. საჩივარში დამატებით მითითებულია, რომ რ-------------ა დააჯარიმეს, როგორც რუსეთის მოქალაქე და განუსაზღვრეს 90 კალენდარული ავტომობილის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის გამო.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 27 დეკემბრის №3---- ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ბრძანების თანახმად, 2018 წლის 26 ნოემბერს სგპ „სადახლო-საავტომობილო“ საბაჟო კონტროლის ზონაში საქართველოს მხრიდან შევიდა მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალება რუსული სახელმწიფო ნომრით B--------, რომელსაც მართავდა საქართველოს და რუსეთის ორმაგი მოქალაქე რ-------------ა. შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში რეგისტრირებული მონაცემების თანახმად, აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება საბაჟო გამშვები პუნქტი „წითელი-ხიდის“ გავლით, საქართველოს ტერიტორიაზე შემოყვანილ იქნა საქართველოს მოქალაქის, კ-----------------–-–---–ის მიერ 2018 წლის 7 სექტემბერს. ამდენად, დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ საქართველოს საბაჟო საზღვარზე უკანასკნელად ავტომობილი შემოიყვანა საქართველოს მოქალაქე კ-----------------–-–---–მა, რომელსაც კანონის შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოცხადების/დეკლარირებისათვის განესაზღვრა 60 კალენდარული დღე. მოცემულ შემთხვევაში საბაჟო კონტროლის ზონაში წარდგენის ბოლო ვადა იყო 2018 წლის 6 ნოემბერი. საბაჟო გამშვები პუნქტი „სადახლო-საავტომობილოს“ საბაჟო კონტროლის ზონაში ავტომობილის გამოცხადება დაფიქსირდა 20 დღის დაგვიანებით - 2018 წლის 26 ნოემბერს. შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, რაც გამოიხატა მომჩივნის მიერ სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების და დეკლარირების ვადის დარღვევაში. ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის კი პასუხისმგებლობას ითვალისწინებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის პირველი ნაწილი. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გამოცემულია გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს. შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო, ასევე, უთითებს იმ გარემოებაზე, რომ გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალება რუსული სახელმწიფო ნომრით B516BY7, პირველად საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა 2015 წლის 20 თებერვალს. ამ თარიღიდან დღემდე, თითქმის 4 წლის განმავლობაში, ავტომობილით საქართველოს საზღვარი გადაკვეთილია 20-ჯერ, მათ შორის, 8 შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალება საქართველოში დაბრუნებულია იმავე დღეს როდესაც გავიდა. სატრანსპორტო საშუალება დღემდე არ არის მოქცეული იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში. აღნიშნული გარემოება ცხადყოფს, რომ მომჩივანისათვის კარგად იყო ცნობილი საქართველოს საბაჟო საზღვარზე მოქმედი წესები და კანონით დადგენილი ვადები. ამასთანავე, ის ფაქტი, რომ პირები სატრანსპორტო საშუალებით სარგებლობენ თითქმის 4 წლის განმავლობაში, თუმცა მათ მიერ ავტომობილის განბაჟება დღემდე არ მომხდარა, მიუთითებს მათ არაკეთილსინდისიერებაზე, რაც გამორიცხავს შემოსვლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრული დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების შესაძლებლობას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- რ-------------ას 2018 წლის 3 დეკემბრის საჩივარი (ს.ფ.14-16);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 27 დეკემბრის №3---- ბრძანება (ს.ფ.17-20).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი,43-ე, 207-ე, 269-ე, 289-ე მუხლები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4, მე-17 მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლები, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანება.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სადავო სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 26 ნოემბრის №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 27 დეკემბრის №3---- ბრძანება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენენ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
6.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 207-ე მუხლის „ს“ ქვეპუნქტის მიხედვით, საბაჟო ზედამხედველობა არის შემოსავლების სამსახურის მიერ გასატარებელ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია საქონლის მიმართ სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების დაცვა, ხოლო „ტ“ ქვეპუნქტის თანახმად, საბაჟო კონტროლი არის შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული ცალკეული მოქმედებები, რომელთა მიზანია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფა.
ამავე კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
ამავე კოდექსის 289-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირის მიერ საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 1000 ლარისა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 26 ნოემბერს 22:46 საათზე შედგა №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმად, 2018 წლის 26 ნოემბერს სგპ „სადახლო-საავტომობილოს“ კონტროლის ზონაში, საქართველოს მხრიდან შევიდა მაზდას მარკის მსუბუქი ავტომანქანა, რუსული სახელმწიფო ნომრით B--------, რომელსაც მართავდა ორმაგი მოქალაქეობის მქონე რ-------------ა. აღნიშნული ავტომანქანის საქართველოში შემოყვანილი იყო კ-----------------–-–---–ის მიერ 2018 წლის 7 სექტემბერს და საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის ვადად განესაზღვრა 60 კალენდარული დღე. დოკუმენტების გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ავტომანქანას დაუფიქსირდა ვადაგადაცილება 20 დღე, აღნიშნულის გამო რ-------------ა დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით და სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.
სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 26 ნოემბრის №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი რ-------------ამ გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურში, რომლის 2018 წლის 27 დეკემბრის №3---- ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სარჩელის დასაბუთებულობის შემოწმების მიზნით სასამართლო მოიხმობს „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანების მე-6 მუხლს, რომლის მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადა (გარდა ამ მუხლის მე-6–მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) განისაზღვრება 60 კალენდარული დღით, ხოლო სეს ესნ-ის 8429 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე − 30 კალენდარული დღით.
ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის (მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქის, რომელიც იმავდროულად საქართველოს მოქალაქეა) მიერ შემოტანილი, უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების, მისი მისაბმელის ან ნახევრად მისაბმელის, ავტობუსის ან მოტოციკლეტის (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) გაფორმების ადგილამდე მიტანის ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან მის გატანამდე ვადა შეადგენს 90 კალენდარულ დღეს.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანების მე-20 მუხლის ადგენს სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრის ვადებს, რომლის მე-2 პუნქტის თანახმად, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის დეკლარირება ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან მოწმობის შევსების თარიღიდან 60 კალენდარულ დღეში.
ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით კი, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის (მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქის, რომელიც იმავდროულად საქართველოს მოქალაქეა) მიერ შემოტანილ, უცხოეთში რეგისტრირებულ მსუბუქ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, მის მისაბმელზე ან ნახევრად მისაბმელზე, ავტობუსზე ან მოტოციკლეტზე (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) საბაჟო დეკლარაცია წარედგინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის თარიღიდან 90 კალენდარულ დღეში.
მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლო აღნიშნავს, რომ საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა თუ გატანა უნდა მოხდეს კანონმდებლობის სრული დაცვით. „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანება დეტალურად განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქის, უცხო ქვეყნის მოქალაქისა და ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებისათვის ავტოსატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე მიყვანისა და დეკლარაციების ვადებს. განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ არის ის ფაქტი, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება (რუსული სახელმწიფო ნომრით B--------) საქართველოს საზღვარზე შემოიყვანა საქართველოს მოქალაქემ 2018 წლის 7 სექტემბერს, რომელსაც კანონმდებლობით მიეცა 60 დღის ვადა აღნიშნული ავტომანქანის გაფორმების ადგილზე წარსადგენად და დასადეკლარირებად. რ-------------ამ, რომელიც ორმაგი მოქალაქეა (საქართველოს საზღვრიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების გაყვანის მიზნით), საბაჟო გამშვებ პუნქტში სადავო ავტომანქანა მიიყვანა 2018 წლის 26 ნოემბერს. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მხრიდან აგილი ჰქონდა სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, რისთვისაც პასუხისმგებლობა განსაზღვრულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის წარმომადგენლის არგუმენტაციას, რომ არ უნდა დაჯარიმდეს რ-------------ა, რადგან აღნიშნული დანაწესების შესახებ იგი არავის გაუფრთხილებია.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ნორმატიული აქტის არცოდნა არ ათავისუფლებს პირს პასუხისმგებლობისაგან, ვინაიდან სამართლებრივ ურთიერთობაში მოქმედებს ნორმატიული აქტის ცოდნის პრეზუმფცია, რაც გულისხმობს იმას, რომ პირმა იცის ნორმატიული აქტის ნორმები. შესაბამისად, ნორმის არცოდნა ან მისი არასათანადოდ გაგება არ შეიძლება იყოს ნორმატიული აქტის გამოუყენებლობის ანდა ამ ნორმით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველი, ვინაიდან ნორმატიული აქტი ქვეყნდება საჯაროდ და პირი ვალდებულია გაეცნოს მის დანაწესს. სასამართლო დამატებით მიუთითებს იმ გარემოებაზეც, რომ მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალება რუსული სახელმწიფო ნომრით B516BY7, პირველად საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა 2015 წლის 20 თებერვალს. ამ თარიღიდან თითქმის 4 წლის განმავლობაში, ავტომობილით საქართველოს საზღვარი გადაკვეთილია 20-ჯერ.
მოსარჩელე, ასევე, მიუთითებს, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანების სადავო ნომრების დისკრიმინაციულ ხასიათზე.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონის, მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების საფუძველზე უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი.
ამავე ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი.
სასამართლო განმარტავს, რომ ნორმატიული აქტის ან მისი რომელიმე დანაწესის საქართველოს კონსტიტუციურობის, მათ შორის, დისკრიმინაციის ნიშნით, განხილვა/დადგენის უფლებამოსილება გააჩნია აქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სადავო სამართლებრივი ნორმების არაკოსნტიტუციურობას. ამდენად, სასამრთლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ დასახელებულ ზემოაღნიშნულ არგუმენტზე.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ამავე კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ამრიგად, ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. ამდენად, მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მტკიცებულებითი სამართლის მნიშვნელოვანი კომპონენტია მტკიცების ტვირთის გადანაწილება, რაც, ხშირ შემთხვევაში, ხდება დადგენილი ზოგადი პრიციპის შესაბამისად - თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა სამართლებრივი ურთიერთობის სპეციფიკის ან მტკიცებულებათა მოპოვების ობიექტური თუ სუბიექტური შესაძლებლობის გათვალისწინებით, სამართალი განსაზღვრავს მტკიცების ზოგადი პრინციპისგან განსხვავებულ რეჟიმსაც.
ამრიგად, სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები, თუმცა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ის გარემოებები, რომელიც შეიძლება გახდეს სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.
6.3. განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს, ასევე, მოსარჩელის კეთილსინდისიერად მიჩნევის ფაქტი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს, რომ საგადასახდო სანქციისაგან გათავისუფლების ერთ-ერთ საფუძველს ითვალისწინებს საქართველოს საგადსახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი, რომლის თანახმადაც, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, აღნიშნული მუხლით დავის განმხილველ ორგანოს ენიჭება დისკრეციული უფლებამოსილება, რომლის ფარგლებშიც მან უნდა იმოქმედოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესებით.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე (საქმე №ბს-222-219(კ-14) და განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი საგადასახადო ორგანოს/სასამართლოს ანიჭებს დისკრეციულ უფლებამოსილებას, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი დარიცხული სანქციისაგან, რაც გულისხმობს, რომ საგადასახადო ორგანო არ არის ვალდებული, ნებისმიერ შემთხვევაში გამოიყენოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმა. გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერების პრინციპი პასუხისმგებლობის გამომრიცხველ გარემოებად განიხილება. საქართველოს საგადასახადო კოდექსი გადასახადის გადამხდელის ქმედების შესაფასებლად არ განსაზღვრავს „კეთილსინდისიერების“ ან „არაკეთილსინდისიერების“ ცნებას. თუმცა კეთილსინდისიერების საკითხს საგადასახადო დავის გადაწყვეტისა და კონკრეტული საგადასახადო-სამართლებრივი ნორმების შეფარდების პროცესში განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია. გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირს სწამს, რომ მისი ქმედება კანონიერია, არ არის მართლსაწინააღმდეგო. ამასთან, პირი მოქმედებს ე.წ საპატიებელი შეცდომის პირობებში, ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას. საპატიებელი შეცდომის დროს პირი ფიქრობს, რომ არ არსებობს ისეთი ნორმა, რომელიც მის ქმედებას კრძალავს. მაშასადამე, მას არ გააჩნია სამართალდარღვევის ჩადენის შეგნება. მოცემულ შემთხვევაში კანონის მიზანს წარმოადგენს, საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს არა სტანდარტულად შეცდომის დამშვები პირი, არამედ პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს. გადასახადის გადამხდელი შეიძლება კეთილსინდისიერად ცდებოდეს კანონის არსთან მიმართებაში, თუ აშკარად ბუნდოვანი და ორაზროვანი შინაარსის გამო კანონის ნორმა აზრთა სხვადასხვაობის, განსხვავებული ინტერპრეტაციისა და არაერთგვაროვანი განმარტების საშუალებას იძლევა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ასკვნის, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი საგადასახადო პასუხისმგებლობისგან პირის გათავისუფლების იმგვარ საკითხებს აწესრიგებს, როდესაც უფლებამოსილ ორგანოს აძლევს შესაძლებლობას, გაათავისუფლოს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან პირი, თუ იგი საგადასახადო კანონმდებლობის ნორმის აშკარა ბუნდოვანი და ორაზროვანი შინაარსის გამო, კეთილსინდისიერად ცდებოდა კანონის არსთან მიმართებაში. ამდენად, აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული რეგულირების ქვეშ არ ექცევა მოსარჩელისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის პირველი ნაწილით დაჯარიმების შემთხვევა.
სასამართლო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერად მიჩნევის შემთხვევაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი უჭირავს მტკიცების ტვირთის გადანაწილების საკითხს. დავების განხილვის ორგანოებს მხოლოდ სათანადო დასაბუთების შემთხვევაში უნდა ჰქონდეთ უფლება გაათავისუფლონ გადასახადის გადამხდელი სანქციისგან, რათა გამოჩნდეს ის ფაქტები, გარემოებები, რომელსაც ისინი დაეყრდნობიან გადაწყვეტილების მიღებისას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მართალია, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი, მაგრამ სადავო საკითხთან მიმართებაში მტკიცების ტვირთის გადატანა ადმინისტრაციულ ორგანოზე, არ უნდა იყოს გამოყენებული, რამდენადაც ამ შემთხვევაში სადავოა და დამტკიცებას ექვემდებარება არა დავის საგნის სამართლებრივი მხარე, არამედ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერების ფაქტის დადგენა/არ დადგენა. ამ შემთხვევაში კი აუცილებელია მოდავე მხარეებზე მტკიცების ტვირთი პროპორციულად იქნას გადანაწილებული.
სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. შესაბამისად, სწორედ საგადასახადო ორგანოზე იქნება მტკიცების ტვირთი დაამტკიცოს სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტის ნამდვილობა. თუმცა, სანქციისგან კეთილსინდისიერი გადამხდელის გათავისუფლების მტკიცების ტვირთის გადანაწილების საკითხი კანონმდებლობით არ არის განმარტებული. მოსარჩელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი სათანადოდ მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის გათავისუფლების წინაპირობების არსებობას, შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნული მუხლის მიხედვით მოსარჩელისთვის დარიცხული სანქციისაგან გათავისუფლების საფუძვლები.
6.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამეთუ არ იკვეთება სამართლებრივი აქტების გამოცემისას კანონის მოთხოვნათა თუ მათი მომზადებისა და გამოცემის წესის დარღვევა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
დადგენილია, რომ მოსარჩელეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 თებერვლის განჩინების საფუძველზე გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა ადმინისტრაციულ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანამდე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში შეადგენს არაქონებრივ დავაზე 100 ლარს. ამდენად, მოსარჩელეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, მე-13, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. რ-------------ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. რ-------------ას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. თბილისი გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ, №6) მეშვეობით 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის დღიდან.
მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე