განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/3657-19
გამოძიების #0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 აგვისტო, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა
სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ი-----–- ქ--------
დაცვის მხარე:
ბრალდებული ---------------–- კ-------- ო---–- ხ--–--–---ი, - საქართველოს მოქალაქე, პირადი #2----------, დაბადებული 1--- წლის 1-------------ს, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ--–---ს რაიონის სოფელ ყ--------–-–ი, მ---- ქუჩა, #4--–-.
ადვოკატი - დ-------- ბ---------
თარჯიმანი - ს----– ო--------
კვალიფიკაცია:
1.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი)
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში)
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2014 წლიდან - 2019 წლის 15 ივნისის ჩათვლით მ------------– ხ--–--–---ი ყოფილ მეუღლეს ე-–---- ა–-------ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, კერძოდ აგინებდა, მოიხსენიებდა სალანძღავი სიტყვებით, რაც ამ უკანასკნელში იწვევდა ტანჯვას.
1.2. 2019 წლის 15 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, თ---–--–-- ნ-----–----ის ბ--------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მ------------– ხ--–--–---ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მის ყოფილ მეუღლეს ე-–---- ა–-------ს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა შიში.
2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. წინასასამართლო სხდომის ეტაპზე მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მტკიცებულებების გამოკვლევაზე.
2.2.სასამართლოს დასკვნა მ------------– ხ--–--–---ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ ე-–---- ა–-------ს, მოწმეების - ს----- ა-–----ს, ბ---–-- ხ--–--–---ის გამოკითხვის ოქმებს, შემაკავებელ ორდერებს და შემაკავებელი ორდერის ოქმებს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
2.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია მ------------– ხ--–--–---ის მიერ დანაშაულის ჩადენა.
უდავო მტკიცებულებები:
ოჯახში ძალადობა
2.4.დაზარალებულ ე-–---- ა–-------ს გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ დაახლოებით 4 წლის წინ განქორწინდა მეუღლესთან მ------------– ხ--–--–---თან. დაშორების შემდეგ თ--–---ს რაიონის სოფელ ყ--------–-დან, საცხოვრებლად გადმოვიდა თ---–--–-- ა------------ის დასახლება #4-----–- და მუშაობა დაიწყო გარე მოვაჭრედ ე.წ. ,,------–--------------ში’’. დაშორების მიზეზი იყო მ. ხ--–--–---ის მხრიდან მასზე განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფები, რასაც წარსულში შვილების გამო არ ასაჯაროებდა. მიუხედავად განქორწინებისა მ.ხ--–--–---ი ხშირად ნასვამი მიდიოდა ნ-----–----ის ბ------ში და სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამცირებდა, აგინებდა და ლანძღავდა უცენზურო სიტყვებით. მდგომარეობას ართულებდა მ.ხ--–--–---ის ალკოჰოლზე დამოკიდებულება, რა დროსაც უკიდურესად აგრესიული ხდებოდა. 2019 წლის 15 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, მ------------– ხ--–--–---მა, ჩვეულებისამებრ ნასვამმა მიაკითხა სამსახურში, მოაწყო დებოში, აგინებდა უცენზურო სიტყვებით, მოითხოვდა მუშაობა შეეწყვიტა და შერიგებოდა. იძულებული გახდა დაერეკა 112-ში და განეცხადებინა მომხდარის თაობაზე. აღნიშნულ ფაქტს შეესწრო მისი მეგობარი ს----- ალიევი. დაზარალებულის განმარტებით, წარსულში გამოცემულია არაერთი შემაკავებელი ორდერი მ.ხ--–--–---ის მიმართ, მასზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე. სიტყვიერ შეურაცხყოფას და დამცირებას იმდენად ხშირი და სისტემატური სახე ჰქონდა, რომ მსხვერპლი გამოკითხვის ოქმში უთითებს, რომ თითოეული ამ შემთხვევის თარიღი არ ახსოვს, მაგრამ შეურაცხყოფის სისტემატურობა მასზე დამთრგუნველად მოქმედებს, იწვევს ძლიერ სტრესს და ფსიქოლოგიურ და მორალურ ტანჯვას.
2.5. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ,,112-ში“ შეტყობინების ინიციატორი არის ძალადობის მსხვერპლი ე-–---- ა–------- (რეგისტრაციის #1------------------------- სთ).
2.6. მოწმე ს----- ა-–----ს გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ ე-–---- ა–-------სთან ერთად მუშაობს თ---–--–-- ე.წ. ,,------–--------------ში’’ გარე მოვაჭრედ. მ------------– ხ--–--–---ი სისტემატურად სვამდა ალკოჰოლს, რის შემდეგაც აკითხავდა ბ------ში ყოფილ მეუღლეს, ე-–---- ა–-------ს და მოითხოვდა შერიგებოდა, უარის მიღების შემდეგ კი აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა უცენზურო, ღირსების შემლახავი სიტყვებით, აღნიშნულ ფაქტს არაერთხელ შესწრებია. 2019 წლის 15 ივნისს, დილის საათებში, ,,------–--------------ში’’ მივიდა მ.ხ--–--–---ი, ჩვეულებისამებრ ნასვამი, ჩხუბობდა, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ე.ა–-------ს, ითხოვდა მუშაობისთვის თავის დანებებას და მასთან ერთად ცხოვრების გაგრძელებას. ე.ა–------- იძულებული გახდა დაერეკა ,,112-ში“.
2.7. მოწმე ბ---–-- ხ--–--–---ის გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რამდენიმე წელია რაც მშობლები მ------------– ხ--–--–---ი და ე-–---- აშიროვი განქორწინდნენ. გადმოცემით იცის, რომ განქორწინების შემდეგაც ნასვამი მ.ხ--–--–---ი სისტემატურად მიდიოდა დედამისის სამუშაო ადგილას ე.წ. ,,------–--------------ში’’, მოითხოვდა ე.ა–-------ს შეეწყვიტა მუშაობა და შერიგებოდა. სიტყვიერი კამათი სრულდებოდა მ------------– ხ--–--–---ის მიერ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებით. 2019 წლის 15 ივნისს მობილური ტელეფონით დაუკავშირდა ე-–---- ა–------- და უთხრა, რომ მ.ხ--–--–---ი იმყოფებოდა ნ-----–----ის ბ------ში და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. მოწმის განმარტებით, მ.ხ--–--–---ის მხრიდან ძალადობა როგორც მეუღლის, ისე შვილების მიმართ ხორციელდებოდა წლების განმავლობაში. მ.ხ--–--–---ი სისტემატურად მოიხმარს ალკოჰოლურ სასმელს, რა დროსაც ხდება აგრესიული და ოჯახის წევრებს არ აძლევს მშვიდი ცხოვრების უფლებას, მის მიმართ გამოცემულია არაერთი შემაკავებელი ორდერი.
2.8. საქმეში წარმოდგენილი არაერთი შემაკავებელი ორდერი ცალსახად ადასტურებს, რომ ბრალდებული სისტემატურად სიტყვიერ და ფსიქოლოგიურ ძალადობას ახორციელებდა ყოფილ მეუღლეზე და არა მარტო მასზე, არამედ ოჯახის სხვა წევრებზეც. 2015 წლიდან - 2019 წლამდე თითქმის ყოველწლიურად და ხშირ შემთხვევაში წელიწადში რამდენჯერმე მსხვერპლი ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე რეკავდა პოლიციის განყოფილებაში დახმარების მიზნით. შემაკავებელი ორდერები გამოცემულია 21.01.2015, 22.04.2015, 27.05.2017, 22.08.2017, 24.11.2018 წლებში. შემაკავებელი ორდერები მ------------– ხ--–--–---ის მიმართ ასევე გამოიცა 21.01.2015, 03.11.2018 და 02.06.2019 წლებში მშობლების და შვილის მიმართ განხორციელებული სიტყვიერი და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებზე.
2.9. ბრალდებულმა მ------------– ხ--–--–---მა დასკვნით და საბოლოო სიტყვაში დაადასტურა, რომ ყოფილ მეუღლეს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას.
2.10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველ ნაწლში კრიმინალიზებულია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა. სისტემატური შეურაცხყოფა არის სხვისი პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება. აღნიშნული ქმედება რომ დასჯადად იქნეს მიჩნეული, სავალდებულოა ორი კომპონენტი. ერთი - ის ჩადენილი უნდა იქნეს ოჯახში და მეორე - უნდა გააჩნდეს სისტემატური ხასიათი. ეს უკანასკნელი კი გულისხმობს, რომ შეურაცხყოფის ფაქტს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ადგილი უნდა ჰქონდეს მინიმუმ სამჯერ დროის მცირე ინტერვალის დაშორებით და ყოველი მომდევნო შეურაცხყოფის დროს მსხვერპლს არ უნდა უნდა ჰქონდეს განელებული წინა შეურაცხყოფის ნიადაგზე განცდილი ტანჯვა. მოცემულ შემთხვევაში როგორც დაზარალებულის ე-–---- ა–-------ს და მოწმეების ს----- ა-–----ს, ბ---–-- ხ--–--–---ის გამოკითხვის ოქმებით, ასევე ბრალდებულისვე განმარტებებით სასამართლო სხდომაზე - დადასტურდა, რომ განქორწინების შემდეგ ბრალდებული მ------------– ხ--–--–---ი დაზარალებულ ე-–---- ა–-------ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, არ აძლევდა მშვიდი ცხოვრების საშუალებას, რაც იწვევდა მსხვერპლის ტანჯვას. ამონარიდი დაზარალებულ ე-–---- ა–-------ს 2019 წლის 15 ივნისის გამოკითხვის ოქმიდან ,,..დაშორების შემდეგ სისტემატიურად მოდის ჩემს სამუშაო ადგილას ქ.თბილისი, მ----–ეს ქუჩაზე ე.წ. ,,------–--------------ში“ და მაყენებს სიტყვიერ შურაცხყოფას, კერძოდ მაგინებს დედის მისამართით, ასევე მლანძღავს თითქმის ყველა სალანძღავი სიტყვით და მამცირებს..., ...სიტყვიერი შეუარცხყოფის ფაქტები არის სისტემატიური, რითაც მე განვიცადე მორალური, ფსიქოლოგიური, სულიერი ტანჯვა და სტრესი, რის გამოც ახლაც ვარ რთულ, ჩემთვის არასასურველ მდგომარეობაში.’’
მუქარა
2.11.დაზარალებულ ე-–---- ა–-------ს გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ განქორწინების შემდეგ ყოფილი მეუღლე მ------------– ხ--–--–---ი სისტემატურად აკითხავდა სამსახურში ე.წ. ,,------–--------------ში’’, მოითხოვდა თანაცხოვრების გაგრძელებას, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რასაც ყოველთვის თან ახლდა სიცოცხლის მოსპობის მუქარა. 2019 წლის 15 იანვარს, მ.ხ--–--–---მა გარდა იმისა, რომ მიაყენა სიტყვიერ შეურაცხყოფა, დაემუქრა, რომ თუ არ შეურიგდებოდა მოკლავდა. მუქრა აღიქვა რეალურად. სწორედ მუქარის რეალურობის შეგრძნებამ აიძულა დახმარების მიზნით დაერეკა 112-ში. ამონარიდი დაზარალებულის ჩვენებიდან ,,მე მეშინია მარტო საცხოვრებელი სახლიდან გამოსვლა, ასევე სამუშაო ადგილას მარტო დარჩენა, რადგან თუ კი იქ დამხვდება ჩემი ყოფილი მეუღლე მ------------– ხ--–--–---ი დაზუსტებით ვიცი, რომ იგი კვლავ მომაყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას, გამლანძღავს და დამემუქრება მოკვლით, ამიტომ ვცდილობ, რომ სულ ჩემი შვილის ბ---–--ის გვერდით ვიყო და არ დავრჩე მარტო. ჩემი შვილი მუშაობს ლილოში და როდესაც საღამოს იგი ასრულებს მუშაობას მაკითხავს ნ-----–----ის ბ------ში, რის შემდეგაც მივდივართ სახლში ერთად’’.
2.12. 2019 წლის 15 ივნისს მ------------– ხ--–--–---ის მიმართ ყოფილი მეუღლის - ე-–---- ა–-------ს მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე, 30 დღის ვადით გამოიცა შემაკავებელი ორდერი #0-----. შემაკავებელი ორდერით მ------------– ხ--–--–---ს (მოძალადე) აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც ე-–---- ა–------- (მსხვერპლი) ცხოვრობს, აგრეთვე მსხვერპლთან, მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. შემაკავებელი ორდერის ოქმის მე-4 და მე-10 გრაფებში აღწერილია მსხვერპლის მიერ პოლიციისთვის მიწოდებული ინციდენტის ფაბულა, მსხვერპლი აღნიშნავს, რომ ყოფილი მეუღლე მ------------– ხ--–--–---ი 2019 წლის 15 ივნისს, მ----–ის ქუჩაზე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, თუ კი არ წავიდოდა სამუშაო ადგილიდან და არ შეურიგდებოდა მას. მუქარა აღიქვა რეალურად, რადგან მ.ხ--–--–---ი გაუწონასწორებელია.
2.13. მოწმე ბ---–-- ხ--–--–---ის გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ მ.ხ--–--–---ი პერიოდულად ჩამოდიოდა სოფლიდან თბილისში და ე.ა–-------ს სთხოვდა შერიგებას, რაც კონფლიქტის საფუძველი ხდებოდა. 2019 წლის 15 ივნისს მობილურ ტელეფონზე დაურეკა ე.ა–-------მ და სთხოვა ნ-----–----ის ბ------ში მისვლა. შემთხვევის ადგილზე მისვლისას დაზარალებულმა მოწმეს უთხრა, რომ მ.ხ--–--–---მა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.
2.14. მოწმე ს----- ა-–----ს გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ მ------------– ხ--–--–---ი სისტემატურად აკითხავდა ყოფილ მეუღლეს ე-–---- ა–-------ს ,,------–--------------ში’’, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, სთხოვდა შერიგებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მოკვლით ემუქრებოდა. 2019 წლის 15 ივნისს, დილით ე.ა–-------სთან ერთად იმყოფებოდა ,,------–--------------ში’’, რა დროსაც მათთან მივიდა მ.ხ--–--–---ი, ჩვეულებისამებრ ნასვამი, მოაწყო დებოში, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ე.ა–-------ს და ითხოვდა აღარ ემუშავა, შერიგებოდა მას. წინააღმდეგ შემთხვევაში მოკლავდა. მუქარა სიცოცხლის მოსპობის თაობაზე მ.ხ--–--–---მა რამდენჯერმე გაიმეორა. მუქარა ე.ა–-------მ აღიქვა რეალურად და დახმარებისთვის დარეკა 112-ში. ე.ა–-------ზე სიტყვიერი შეურაცხყოფა და მუქარა სისტემატურად ხორციელდებოდა, რის გამოც დაზარალებული მარტო დარჩენას ერიდებოდა. მაშინ, როდესაც ს. ა-–---- მიდიოდა სამსახურიდან ე. ა–------- მობილური ტელეფონით უკავშირდება შვილებს და სთხოვდა მასთან მისვლას. სახლსა და სამსახურს შორის გადაადგილდებოდა მხოლოდ შვილებთან ერთად. ე-–---- ა–------- მუდმივად იმყოფება ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ, ჰქონდა შიშის განცდა, რომ მ------------– ხ--–--–---ი მუქარას სიცოცხლის მოსპობასთან დაკავშირებით რეალობაში მოიყვანდა.
2.15. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულმა მუქარის ეპიზოდშიც უდავოდ გახადა მტკიცებულებები და წინასასამართლო სხდომაზე აღიარა დანაშაული, დასკვნით და საბოლოო სიტყვაში გამორიცხა აღნიშნული დანაშაულის ჩადენა და განმარტა, რომ ყოფილ მეუღლეს არასდროს დამუქრებია სიცოცხლის მოსპობით.
2.16. სასამართლო არ იზიარებს ბრალდებულის პოზიციას მუქარის ეპიზოდში უდანაშაულობასთან დაკავშირებით, საქმეში წარმოდგენილი უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულის და დანაშაულის თვითმხილველი მოწმის ს----- ა-–----ს გამოკითხვის ოქმებით, ,,112-ში“ განხორციელებული შეტყობინებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ 2019 წლის 15 ივნისს, დილით, თ---–--–-- ნ-----–----ის ბ--------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მ------------– ხ--–--–---ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს ე.ა–-------ს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა შიში.
2.17. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია მუქარა, მუქარის განმახორციელებელი პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობის ჩადენით, მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება, რის გამოც ეს უკანასკნელი კარგავს სიმშვიდეს, ყოველწუთს ელოდება ძალადობით ქმედებას სხვა პირის მხრიდან. ამასთან კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია მუქარის შინაარსი. იგი უნდა გამოიხატებოდეს მხოლოდ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში. აუცილებელი არაა მუქარა იყოს რეალური. დამნაშავეს შეიძლება არ ამოქმედებდეს მუქარის განხორციელების მიზანი. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების რეალური შიში. დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. უდავო მტკიცებულებების შინაარსის შეფასების საფუძველზე სასამართლო ადგენს, რომ 2019 წლის 15 ივნისს მ------------– ხ--–--–---ის მხრიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რასაც წინ უსწრებდა წლების განმავლობაში უკიდურესად მძიმე შეურაცხყოფის არაერთი ფაქტი, დაზარალებულში ბუნებრივად აღქმული იქნა როგორც მუქარის რეალურად განხორციელების საფუძველი, რამაც ის ჩააგდო პანიკასა და შიშში.
2.18. უდავოა ფაქტი, რომ მოძალადე და მსხვერპლი არიან ერთი ოჯახის წევრები, ყოფილი მეუღლეები.
2.19. პატივი და ღირსება წარმოადგენს ადამიანის ხელშეუვალ უფლებას და მას იცავს საქართველოს კონსტიტუცია, ამ უფლების ხელყოფა, თუნდაც ოჯახის წევრის მიერ, აუცილებლად პასუხგაცემული უნდა იქნეს. საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ’’, რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისგან. კონვენცია აღიარებს ქალთა მიმართ ძალადობის, როგორც გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის სტრუქტურულ ბუნებას და იმას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ერთ-ერთი ის მთავარი სოციალური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ქალები იძულებულნი არიან, დაიკავონ მამაკაცებთან შედარებით დაქვემდებარებული მდგომარეობა. დასახელებული კონვენციის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე „ქალთა მიმართ ძალადობა“ აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო იღებს ვალდებულებას დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან და აღკვეთოს, სისხლისსამართლებრივად დევნოს და აღმოფხვრას ძალადობა ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობა. ხელი შეუწყოს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას და ქალებსა და მამაკაცებს შორის რეალური თანასწორუფლებიანობის ჩამოყალიბებას, მათ შორის, ქალებისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემის გზით.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
3.2. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლომ დაასკვნა, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა მ------------– ხ--–--–---ის მიერ დანაშაულის ჩადენა.
3.3. სასამართლომ შეაფასა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან და დაადგინა, რომ ბრალდებულმა მ------------– ხ--–--–---მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) გათვალისწინებული დანაშაულები, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. მ------------– ხ--–--–---ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის ნაწილობრივ აღიარება.
4.2. მ------------– ხ--–--–---ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა: დანაშაულის სიმრავლე, მასშტაბი, მოტივი, ასევე ქმედებების ჩადენა მუქარის ეპიზოდში ოჯახის წევრის მიმართ და ალკოჰოლური თრობის ქვეშ.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
5.3. სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელ ასევე დამამძიმებელ გარემოებებს. საქმეში წარმოდგენილია არაერთი დამამძიმებელი გარემოება:
5.3.1. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არის დანაშაულის მასშტაბი, ჩადენილია ორი მუხლით გათვალისწინებული განზრახი დანაშაული.
5.3.2. პასუხისმგებლობას ამძიმებს ის ფაქტი, რომ წლების განმავლობაში არაერთი შემაკავებელი ორდერი იქნა გამოცემული მოძალადის კერძო პრევენციის მიზნით, თუმცა ეს არ გახდა შემაკავებელი ხასიათის და მ------------– ხ--–--–---მა განაგრძო სისტემატური შეურაცხყოფა და მუქარა.
5.3.3. პასუხისმგებლობას ამძიმებს დანაშაულის მოტივი: ქორწინების გაგრძელებაზე მოძალადის დაჟინებული მოთხოვნა და ამ მოტივით ოჯახში ძალადობის და მუქარის ჩადენა მიუთითებს სამომავლოდ ამგვარი დანაშაულის ჩადენის რისკებზე, რასაც კიდევ უფრო ამყარებს დაზარალებულის გამოკითხვის ოქმში მითითებული გარემოებები ბრალდებულის პიროვნულ მახასიათებელთან მიმართებაში. ე-–---- ა–------- აღნიშნავს, რომ მ------------– ხ--–--–---ი არის გაუწონასწორებელი და აგრესიული პირი, რის გამოც მსხვერპლი შიშობს, რომ თუ არ შეურიგდება მოძალადე მართლაც შეასრულებს მუქარას, მოკლავს. ასევე გათვალისწინებული იქნა ის გარემოებაც, რომ მოძალადის მიერ ჩადენილი ქმედებების გამო მსხვერპლი მუდმივად სტრესულ მდგომარეობაში იმყოფებოდა და განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
5.3.4. პასუხისმგებლობას ამძიმებს ასევე დანაშაულის ჩადენა ალკოჰოლის მდგომარეობაში. უდავო მტკიცებულებების: დაზარალებულის და მოწმე ს. ა-–----ს გამოკითხვის ოქმების მიხედვით მ. ხ--–--–---ი ყოველდღიურად და სისტემატურად მოიხმარს ალკოჰოლს და ამ ფონზე ახორციელებს სიტყვიერ შეურაცხყოფას და მუქარას. მტკიცებულებები ადასტურებენ, რომ დამნაშავე პირის ალკოჰოლზე დამოკიდებულება ხდებოდა საფუძველი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის.
5.3.5. მუქარის ნაწილში პასუხისმგებლობას ამძიმებს დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ. სსკ-ის 531 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. მე-3 ნაწილის თანახმად ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. ვინაიდან დანაშაული ჩადენილია ოჯახის წევრის მიმართ მ. ხ--–--–---ს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით უნდა განესაზღვროს მაქსიმალური სასჯელი.
5.4. სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა პირობითი მსჯავრის გამოყენების თაობაზე. ადვოკატის მოთხოვნაში მითითება დამნაშავის მხრიდან დანაშაულის აღიარებაზე, მტკიცებულებების უდავოობაზე და იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოძალადე არ არის ნასამართლევი ოჯახური დანაშაულისთვის, დამამძიმებელი გარემოებების და სამომავლო რისკების შეფასების გარეშე ვერ გახდება სასჯელის ისეთი სახის და ზომის გამოყენების საფუძველი, რაც არ არის დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან. სასამართლო ხაზს უსვამს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნას: ,,სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას“. განსახილველი საქმე არის სწორედ ის შემთხვევა, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებებიდან გამომდინარე. ის, რომ ბრალდებული წარსულში არ არის ნასამართლევი სასამართლოს შეფასებით არ წარმოადგენს პირის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას: უდავო მტკიცებულებით - დაზარალებულის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ უკანასკნელი ეპიზოდის ჩადენამდე ბრალდებული არაერთხელ ძალადობდა ფიზიკურად მსხვერპლზე, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამცირებდა, ემუქრებოდა, თუმცა ყველა ეს დანაშაულებრივი ფაქტი რჩებოდა ლატენტური, რაც იწვევდა დამნაშავე პირის დაუსჯელობის განცდას და დროის მცირე პერიოდში ახალი განზრახი ეპიზოდების ჩადენას. გარდა ამისა, მ. ხ--–--–---ი სრულად არ აღიარებს დანაშაულს, შესაბამისად არ არსებობს პირობითი მსჯავრის გამოყენების სამართლებრივი საფუძველიც.
5.5. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის მიზნები მოითხოვს მოძალადე ისჯებოდეს ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე სანქციების საშუალებით, ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის სერიოზულობის გათვალისწინებით. სასამართლოს შეფასებით, დანაშაულის მოტივის, ეპიზოდთა სიმრავლის და ინტენსივობის მხედველობაში მიღებით დანიშნულმა ზომიერად მკაცრმა სასჯელმა ხელი უნდა შეუწყოს მომავალში მ------------– ხ--–--–---ის სათანადო ქცევას, რათა მსჯავრდებულმა მოახდინოს ახალი სოციალური ღირებულებების გათავისება, მისი ქცევების კორექტირება და თვითშეგნების ამაღლება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ------------– ხ--–--–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 2 (ორი) თვის ვადით.
2. მ------------– ხ--–--–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
3.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მ------------– ხ--–--–---ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 2 (ორი) თვის ვადით.
4.გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 29 ივნისის განჩინებით მ------------– ხ--–--–---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 28 ივნისიდან.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე
6. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ხ.ხარჩილავა