გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
841310219003008716
საქმე N3/2-19 წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
04 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. ტყიბული
ტყიბულის მაგისტრატი სასამართლო
მოსამართლე ციცინო კიკვაძე.
სხდომის მდივანი ფატმან მინდიაშვილი
მოსარჩელე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტყიბულის რაიონული
განყოფილება;
წარმომადგენელი - მ--- დ--–--–იშვილი;
მოპასუხე - ავ------ილ ტ-----ილაძე (არ გამოცხადდა);
დავის საგანი: - არასწორად მიღებული ფულადი სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობის) 400 ლარის დაბრუნება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. არასწორად მიღებული ფულადი სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობის) - 400 (ოთხასი) ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაბრუნება.
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, ავ------ილ ტ-----ილაძის ოჯახი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულია 2009 წლიდან, იგი სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობის) 50 ლარის მიმღები იყო 2016 წლის აპრილიდან 2018 წლის სექტემბრამდე. 2018 წლის 13 ივლისს N04/04/40611 წერილის და მოხსენებითი ბარათის 27.06.2018 წ. N04-14504 საფუძველზე, სოციალურმა აგენტმა განახორციელა ვიზიტი 2018 წლის 06 სექტემბერს, რა დროსაც გამოვლინდა, რომ ავ------ილ ტ-----ილაძე (მის: ტყიბული, დ------ის ქ. N2/56) მითითებულ მისამართზე მუდმივად არ ცხოვრობს და 8 თვეა საცხოვრებლად გადასულია სხვა მისამართზე. ამჟამად მისი ფაქტობრივი ადგილსამყოფელია სამტრედიის რაიონი სოფ. დიდი ჯიხაიში. ,,სოციალური დახმარების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის N126 დადგენილებით დამტკიცებული ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის’’ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ავ------ილ ტ-----ილაძის ოჯახმა (ს/კ 0-----------) სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მიზნით განაცხადის შევსებისას და სააგენტოში ჩაბარებისას, რიგ სხვა ვალდებულებებთან ერთად დაადასტურა თანხმობა, ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული (ოჯახის წევრთა რაოდენობის გაზრდა ან შემცირება) ან სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის შეცვლის შესახებ ეცნობებინა სააგენტოსათვის, ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში, შესაბამისი ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ოჯახს, ზემოთაღნიშნულის შეუსრულებლობის გამო ოჯახს წარმოეშვა ვალდებულება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ აენაზღაურებინა ზიანი და უკან დაებრუნებინა არასწორად მიღებული საარსებო შემწეობის თანხა 400 ლარის ოდენობით. მოპასუხეს არასწორად/უკანონოდ მიღებული საარსებო შემწეობის თანხის 400 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის უკან დაბრუნების თაობაზე ტყიბულის განყოფილების მიერ გაეგზავნა გაფრთხილება. აღნიშნული წერილი დაბრუნდა განყოფილებაში მიზეზით ,,სახლი დაკეტილია’’. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სოციალური მომსახურების სააგენტოს ტყიბულის რაიონული განყოფილება მოითხოვს მოპასუხე ავ------ილ ტ-----ილაძეს დაეკისროს არასწორად მიღებული სოციალური დახმარების 400 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაბრუნება. თანხა შეტანილ იქნეს ანგარიშზე: ბანკის კოდი TRESGE22, ანგარიშის N GE24NBO330100200165022, წინა წელს მიღებული დაფინანსებიდან მოსაბრუნებელი თანხის შემთხვევაში 302003460, მიმდინარე წელს მიღებული დაფინანსებიდან მოსაბრუნებელი თანხის შემთხვევაში - 302009921.
2. მოპასუხის პოზიცია.
2.1. მოპასუხე ავ------ილ ტ-----ილაძემ საქმის განხილვისას სასარჩელო მოთხოვნა არ ცნო და განმარტა, რომ ძალიან აწუხებდა ფეხის ტკივილი, დაუსკდა ვენები, ქუთაისში წავიდა ექიმთან და სამტრედიაში დასთან ელოდებოდა დაფინანსებას. იმდენად ცუდად იყო, რომ სახლში დაბრუნებაც ვერ შეძლო. სასწრაფომ გადაიყვანა საავადმყოფოში. ტყიბულში ცხოვრობს მარტო, დანიშნული აქვს ინვალიდობის პენსია 120 ლარი, თუმცა ხელზე იღებს მხოლოდ 80 ლარს, რადგან დანარჩენი აღებული აქვს. ახლაც ოპერაცია აქვს გასაკეთებელი და თვეში 150 ლარის წამლები სჭირდება, შესაბამისად, მოთხოვნილ თანხას 10-10 ლარობითაც ვერ დააბრუნებს.
3. ფაქტობრივი გარემოებები.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. ავ------ილ ტ-----ილაძის ოჯახი (ს/კ 0-----------) სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული იყო და სოციალურ დახმარებას იღებდა 2016 წლის აპრილიდან, 2018 წლის სექტემბრამდე, თვეში 50 ლარის ოდენობით. ოჯახი შედგება მხოლოდ ერთი წევრისაგან.
მტკიცებულება:
- ფორმა N2 (ს.ფ. 16);
- ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან; (ს.ფ.19)
3.1.2. 2018 წლის 27 ივნისს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორს წერილობით მიმართა, ამავე სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების გადამოწმების მიზნით, ნებართვის მიღების თაობაზე. 2018 წლის 13 ივლისს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, ამავე სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებს დაავალა მითითებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმება.
მტკიცებულება:
- 2018 წლის 27 ივნისის წერილი. (ს.ფ. 14).
- 2018 წლის 13 ივლისის წერილი (ს.ფ.13).
3.1.3. 2018 წლის 06 სექტემბერს სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა გადაამოწმა ავ------ილ ტ-----ილაძის ოჯახი და დაადგინა, რომ იგი 8 თვის წინ იყო გადასული საცხოვრებლად სხვა მისამართზე, რაც გახდა სოციალური დახმარების შეწყვეტის საფუძველი. 2018 წლის 30 ნოემბერს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტყიბულის რაიონულმა განყოფილებამ მოპასუხეს წერილობით მოსთხოვა შემწეობის თანხის -400 ლარის უკან დაბრუნება.
მტკიცებულება:
- ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების ოქმი (ს.ფ.18).
- 2018 წლის 30 ნოემბრის წერილი (ს.ფ.12).
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. საქმის მასალებით არ დასტურდება ავ------ილ ტ-----ილაძის მიერ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლის ფაქტობრივი გარემოება. კერძოდ, დადგენილია, რომ მოპასუხე ცხოვრობს მარტო, მას აქვს ამპუტირებული ერთი ხელი, შესაბამისად, შეზღუდული აქვს თვითმოვლის უნარი. 2018 წლის 31 მარტს შპს „ო. ჩხობაძის სახელობის ინვალიდთა და ხანდაზმულთა სამკურნალო-სარეაბილიტაციო კლინიკური ცენტრის“ მიერ გაცემული სამედიცინო ცნობით (ფორმა IV-100/ა), ავ------ილ ტ-----ილაძე სტაციონარში მოათავსეს 2018 წლის 28 მარტს, იქედან გაწერს 31 მარტს. დიაგნოზი დაუდგინდა ქვემო კიდურების ვენების ვარიკოზი წყლულისა და ვარიკოზის გარეშე. ამდენად, ვინადან მოპასუხეს არ შეეძლო ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დამოუკიდებლად, სხვისი დახმარების გარეშე ეცხოვრა, დროებით დარჩა დასთან, რომელიც უვლიდა ავადმყოფობის პერიოდში. აღნიშნულიდან გამომდინარე, დროებითი ფაქტობრივი საცხოვრებელი, არ უნდა ჩაითვალოს მუდმივ საცხოვრებელ ადგილად. მითუმეტეს იმ ვითარებაში, როცა მოპასუხეს სამტრედიის მუნიციპალიტეტში არც საცხოვრებელი სახლი გააჩნია და არც რაიმე საქმიანობით არის იქ დაკავებული.
მტკიცებულება:
- სამედიცინო ცნობები (ს.ფ. 46-49)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, მხარის ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
„ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილება
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის მე-6 მუხლის 1 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, განაცხადის შევსება და სააგენტოში ჩაბარება ადასტურებს, რომ ოჯახი თანახმაა: ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული (ოჯახის წევრ(ებ)ის გარდაცვალება, გამოკლება, დამატება (გარდა ამ წესის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), საზღვარგარეთ 3 თვეზე მეტი ვადით წასვლა) ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ აცნობოს სააგენტოს ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში;
დასახელებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ, რის შემდეგაც სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება შემწეობის დანიშვნის, დანიშვნაზე უარის თქმის, შეჩერების, შეწყვეტის ან/და შემწეობის ოდენობის გადაანგარიშების შესახებ; ასევე სააგენტო უფლებამოსილია ზედმეტად დარიცხული საარსებო შემწეობის დაქვითვა (უკან დაბრუნება) განახორციელოს ოჯახისათვის დანიშნული საარსებო შემწეობიდან.
დადგენილია, რომ 2018 წლის 06 სექტემბერს სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა გადაამოწმა ავ------ილ ტ-----ილაძის ოჯახი და დაადგინა, რომ იგი 8 თვის წინ იყო გადასული საცხოვრებლად სხვა მისამართზე. ვინაიდან მოპასუხეს აღნიშნულის თაობაზე ერთი თვის ვადაში არ უცნობებია „სააგენტოსათვის“, 2018 წლის სექტემბერის თვეში ავ------ილ ტ-----ილაძეს შეუწყვიტეს სოციალური დახმარება, ასევე მოსთხოვეს რვა თვის განმავლობაში მიღებული შემწეობის თანხის - 400 ლარის უკან დაბრუნება.
სადავო საკითხის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანია მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დეფინიციის განსაზღვრა. ამ კუთხით სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 9 ივნისის #ბს-1896-1849(კ-10) გადაწყვეტილებაში გაკეთებულ განმარტებებზე: მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, რომელსაც თან ახლავს პირის ნება, რომ სურს მოცემულ ადგილზე ჰქონდეს საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, პირის ნება, დააფუძნოს საცხოვრებელი ადგილი, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ნების დაკმაყოფილების შესაძლებლობით ე. ი. პირს უნდა ჰქონდეს ბინა, სახლი ან სხვა საცხოვრებელი სადგომი მოცემულ ადგილზე. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დადასტურდეს მაგალითად, გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითრით, საკომლო ჩანაწერით, მუდმივი მაცხოვრებლების აღწერის შედეგებით ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილად წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს.
განსახილველ შემთხვევაში, ავ------ილ ტ-----ილაძე ცხოვრობს მარტო, ამპუტირებული აქვს ერთი ხელი, ავადმყოფობის პერიოდში, დამ, რომელიც ცხოვრობს სამტრედიიის რაიონის სოფელ ჯიხაიშში, დროებით წაიყვანა მოსავლელად, რადგან თავად მოპასუხეს არ გააჩნადა ფიზიკური შესაძლებლობა, დამოუკიდებლად მიეღო წამლები და დაეკმაყოფილებინა აუცილებელი მოთხოვნები. შესაბამისად, არანაირი განზრახვა შეეცვალა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, მოპასუხეს არ ჰქონია. ეს იყო დროებითი მოვლენა გამოწვეული ობიექტური მიზეზებით (ავადმყოფობით), რაც არ უნდა ჩაითვალოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლად. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა მიღებული შემწეობის უკან დაბრუნების შესახებ დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო
აღნიშნულის გათვალისწინებით მხარები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტყიბულის რაიონული განყოფილების სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
2. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) ტყიბულის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ტყიბული, თაბუკაშვილის ქუჩა №4) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.
მოსამართლე : ციცინო კიკვაძე