გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310019003068510
საქმე №---------
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
15 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლეილა გოგიშვილი
სხდომის მდივანი - ანა მგელაძე
მოსარჩელე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
წარმომადგენლები - მ---------------
მოპასუხე - შ--------–----------------
წარმომადგენელი - გ--------–--–---
დავის საგანი - თ-----------------
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე - შპს ,,ბ--–---------------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს, სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ-------–------------------------------–--–------------------ №---------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №1, განაშენიანების ფართით 1321 კვ.მ, შენობა №4, განაშენიანების ფართით 344 კვ.მ და 8233 კვ.მ, არამარლთზომიერი სარგებლობის საფასურის გადახდა:
შენობა ნაგებობა №1-ზე: 2014 წლის 15 ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით ჯამში 3038 ლარი, 2015 წლისთვის 18036 ლარი, 2016 წლის 18780 ლარი, 2017 წლისთვის 19884 ლარი, 2018 წლისთვის 19536 ლარი, 2019 წლის იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 1628 ლარი.
შენობა ნაგებობა №4-ზე: 2014 წლის 15 ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით ჯამში 190 ლარი, 2015 წლისთვის 1128 ლარი, 2016 წლის 1176 ლარი, 2017 წლისთვის 1248 ლარი, 2018 წლისთვის 1224 ლარი, 2019 წლის იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 102 ლარი.
8233 კვ.მ ფართზე: 2014 წლის 15 ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით ჯამში 3029 ლარი, 2015 წლისთვის 17976 ლარი, 2016 წლის 18732 ლარი, 2017 წლისთვის 19836 ლარი, 2018 წლისთვის 19476 ლარი, 2019 წლის იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 1623 ლარი.
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე შ--------–---------------- სამეწარმეო საქმიანობისათვის არამართლზომიერად, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე სარგებლობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ადგილზე დათვალიერების ოქმითა და ფოტომასალით, რომელზეც აღბეჭდილია შპს ,,ბ--–---------------ს“ კუთვნილი ქონება - სატრანსპორტო საშუალებები, ერთ-ერთ ფოტოზე ასევე ჩანს, რომ შენობა-ნაგებობის კარზე გაკრულია კომპანიის საფირმო სახელწოდება.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნით დგინდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობის (რომლითაც არამართლზომიერად სარგებლობს მოპასუხე) ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება, ამასთან კანონით გათვალისწინებული წესით, შესაბამისი თანხის გადასახდელად მოპასუხეს გაეგზავნა ქონების მმართველის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს არაერთი წერილობითი მოთხოვნა, თუმცა უშედეგოდ. მიუხედავად წერილობითი გაფრთხილებებისა, მოპასუხის მიერ თანხა არ არის გადახდილი. მოცემული კატეგორიის მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის აუცილებელ ორ წინაპირობას ნორმის დანაწესიდან გამომდინარე წარმოადგენს: 1. მოპასუხის მიერ არამართლზომიერად სარგებლობის ფაქტის დადგენა და 2. საბაზრო ღირებულების განსაზღვრა. წინამდებარე საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დგინდება, რომ მოპასუხე შ--------–---------------- სამეწარმეო საქმიანობის მიზნით არამართლზომიერად სარგებლობს ქონებით, რომლის საბაზრო ღირებულება დადგენილია სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №0-------- დასკვნის შესაბამისად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო შპს ,,ბ--–---------------სგან“ ითხოვს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, სამეწარმეო საქმიანობის მიზნით არამარლთზომიერი სარგებლობის საფასურის გადახდას.
2.1. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - შპს ,,ბ--–---------------ს“ წარმომადგენელმა გ--------–--–---მ შესაგებელი წარმოადგინა წერილობითი ფორმით და სასამართლო სხდომაზეც განმარტა, რომ მათ კომპანიას არასდროს უსარგებლია მითითებული მიწის ნაკვეთით და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით. შ--------–---------------- სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებს სხვა მიწის ნაკვეთზე, ხოლო რაც შეეხება მოსარჩელის განმარტებას ქ. თბილისში, სადგური ,,ლილოს“ მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე შპს ,,ბ--–---------------ს“ საკუთრებაში არსებული ტექნიკის განთავსებას, წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ არ დასტურდება ფოტოზე აღბეჭდილი ტექნიკაზე შპს ,,ბ--–---------------ს“ საკუთრება, თუნდაც ასეთს ჰქონდეს ადგილი, ისინი იჯარით გასცემენ სამშენებლო ტექნიკას და შესაძლოა რომელიმე მოიჯარის მიერ იყოს აღნიშნული ტექნიკა მათგან იჯარით აღებული.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. უძრავი ქონება, მდებარე: ქ-------–------------------------------–--–------------------ №---------------- (ყოფ. №----------------) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობები: №1, №2, №3, №4, №5, №6, №7, №8, №9 (ნანგრევი), №10 (ნანგრევი), №11, №12, №13, №14 (მიწისქვეშა), №15-16 (ნანგრევი), დაზუსტებული ფართობით 45437.00 კვ.მ. საკუთრების უფლებით აღრიცხულია სახელმწიფოს სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. №95-96).
3.1.2. შ--------–----------------, 2007 წლის 22 იანვარს, დარეგისტრირდა მეწარმე სუბიექტად, რომლის სამართლებრივი ფორმა არის შ------------–---------------–-----------------------–--), საიდენტიფიკაციო ნომერი - 2--------, იურიდიული მისამართი - საქართველო, ქ-------–-------–-------------–---–--------------------–----–---------------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის 2018 წლის 13 მარტის ამონაწერი (ს.ფ. №41-45).
3.1.3. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 22 ივნისის №0-------- ექსპერტის დასკვნის თანახმად, ქ-------–------------------------------–--–------------------ №---------------- (ყოფ. №----------------) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №1-ის (განაშენიანების ფართობი 1321 კვ.მ) მთლიანი ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება შეადგენს შემდეგს: 2014 წლის 15 ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით - 1199 ლარი, 2015 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 1503 ლარი, 2016 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 1565 ლარი, 2017 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 1657 ლარი, 2018 წლის იანვრიდან ექსპერტიზის დასკვნის გაცემის დღისთვის 1628 ლარი.
ქ-------–------------------------------–--–------------------ №---------------- (ყოფ. №----------------) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №4-ის (განაშენიანების ფართობი 344 კვ.მ) მთლიანი ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება შეადგენს შემდეგს: 2014 წლის 15 ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით - 75 ლარი, 2015 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 94 ლარი, 2016 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 98 ლარი, 2017 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 104 ლარი, 2018 წლის იანვრიდან ექსპერტიზის დასკვნის გაცემის დღისთვის 102 ლარი.
ქ-------–------------------------------–--–------------------ №---------------- (ყოფ. №----------------) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთიდან 8233 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მთლიანი ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება შეადგენს შემდეგს: 2014 წლის 15 ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით - 1196 ლარი, 2015 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 1498 ლარი, 2016 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 1561 ლარი, 2017 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 1653 ლარი, 2018 წლის იანვრიდან ექსპერტიზის დასკვნის გაცემის დღისთვის1623 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 22 ივნისის №0-------- ექსპერტის დასკვნა (ს.ფ. 20-30)
3.1.4. 2018 წლის 14 მარტს შედგენილი ადგილზე დათვალიერების ოქმის მიხედვით, ქ-------–------------------------------–--–------------------ №---------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ №1 და №4 შენობა-ნაგებობებს არამართლზომიერად სარგებლობს და უძრავ ქონებას სამეწარმეო საქმიანობისთვის (კომერციული მიზნით) იყენებს იურიდიული პირი შ--------–---------------- საიდენტიფიკაციო ნომერი - 2--------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 14 მარტის ადგილზე დათვალიერების ოქმი (ს.ფ. 31-40)
3.1.5. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 12 აპრილის №7/20306 და 2018 წლის 26 ივნისის №7/36248 წერილებით, შპს ,,ბ--–---------------ს“ გაეგზავნა გაფრთხილება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის საფასურის გადახდის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 12 აპრილის №7/20306 და 2018 წლის 26 ივნისის №7/36248 წერილებით (ს.ფ. 46-48)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოება:
3.2.1. მოცემულ შემთხვევაში არ დგინდება შპს ,,ბ--–---------------ს“ მიერ 2014 წლის 15 ოქტომბრიდან, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე: ქ-------–------------------------------–--–------------------ №---------------- (ყოფ. №----------------) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №1, განაშენიანების ფართით 1321 კვ.მ, შენობა №4, განაშენიანების ფართით 344 კვ.მ და 8233 კვ.მ.) სარგებლობისა და სამეწარმეო საქმიანობისთვის გამოყენების ფაქტი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად.
მოცემულ შემთხვევაში, შპს ,,ბ--–---------------ს“ მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამოყენების დასადასტურებლად მოსარჩელე უთითებს ადგილზე დათვალიერების ოქმზე და ფოტოსურათებზე, თუმცა იმ პირობებში როდესაც მოპასუხე უარყოფს სადავო მიწის ნაკვეთის ფლობისა და სამეწარმეო საქმიანობისათვის გამოყენების ფაქტს, გაურკვეველია ადგილზე დათვალიერების ოქმის შემდგენი პირის ვინაობა და უფლებამოსილება და საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათებით არ დგინდება ვის კუთვნილებას წარმოადგენს სამშენებლო მასალები, ავტომობილები და შენობა-ნაგებობები, ცალსახად იმის დადასტურება, რომ 2014 წლის 15 ოქტომბრიდან მოპასუხე მხარე ახორციელებს აღნიშნული უძრავი ნივთით სარგებლობას და მით უფრო სამეწარმეო მიზნით გამოყენებას, შეუძლებელია. სხვა რაიმე მტკიცებულება კი მოსარჩელე მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ ვერ იქნა დადასტურებული შპს ,,ბ--–---------------ს“ მიერ 2014 წლის 15 ოქტომბრიდან, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისა და სამეწარმეო მიზნით გამოყენების ფაქტი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებული მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საერთაშორისო სამართლის რიგი უმნიშვნელოვანესი წყაროები (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, ასევე რეგიონალური მნიშვნელობის - კერძოდ ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია), განსაზღვრავენ რა ადამიანის იმ ძირითად უფლებებს, რომლებიც კაცობრიობის განვითარების დღევანდელ ეტაპზე განუსხვისებელია ყოველი გონიერი არსებისაგან, ადგენენ მათი დაცვის გარანტიებსა და ასეთი დაცვის განხორციელების საზედამხედველო მექანიზმებს, ერთ-ერთ უმთავრეს უფლებად, სწორედ სასამართლოსადმი მიმართვის, ასევე სამართლიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოთი პირის უზრუნველყოფის ვალდებულებას აწესებენ.
საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" საქართველოს კანონისა და "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში პირდაპირი მოქმედებს, ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპული კონვენცია წარმოადგენს. კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს მისი სამოქალაქო უფლებების და მოვალეობების განსაზღვრისას საქმის სამართლიანი და საჯარო განხილვის უფლება აქვს გონივრულ ვადაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ, რომელიც შექმნილია კანონის საფუძველზე.
კონვენციის ეს ნორმა რეგლამეტირებულია ასევე საქართველოს კონსტიტუციაში, რომლის 31-ე მუხლი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი სამართლიანი სასამართლოს უფლების (fair trial) მარეგულირებელი ცენტრალური ნორმაა, რომელშიც მოცემულია მნიშვნელოვანი სამართლებრივ-სახელმწიფოებრივი საპროცესო გარანტიები.
6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით რეგლამენტირებულია დავების ჩამონათვალი, რაც შეიძლება განხილულ იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული ჩამონათვალი ამომწურავი არ არის, რადგან იმავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
ადმინისტრაციული სამართალი, როგორც საჯარო ინტერესის დამცველი და საჯარო სამართლის შემადგენელი ნაწილი, არეგულირებს ურთიერთობებს სახელმწიფოსა და ფიზიკურ პირებს შორის.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს სწორედ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, რამეთუ სახელმწიფო ქონების არამართლზომიერად სარგებლობის შემთხვევაში, მოსარგებლის მიერ საზღაურის გადახდა ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტში და ეს საჯარო ინტერესი დაცულია კანონით.
6.3. სასამართლო განმარტავს, რომ ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. დასახელებული კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო(შემდგომ − ქონების სააგენტო).
,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ა’’ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონება არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ნივთები, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, ამავე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების განკარგვა არის სახელმწიფო ქონების თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემა, პრივატიზება, მართვის უფლებით გადაცემა, რეალიზაცია, ლიზინგის ფორმით გაცემა, განაწილება და განადგურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამავე მუხლის ,,გ’’ პუნქტის თანახმად, პრივატიზება არის ელექტრონული ან/და საჯარო აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვისა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმებით, სავაჭრო ობიექტის, მესამე პირის მეშვეობით, აგრეთვე წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით ფიზიკური და იურიდიული პირების ან მათი გაერთიანებების მიერ სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა ამ კანონით დადგენილი წესით, ხოლო ამავე მუხლის ,,შ’’ პუნქტის თანახმად კი, საპრივატიზებო საფასური არის სახელმწიფო ქონების შემძენის/მართვის უფლებით მიმღების მიერ გადასახდელი თანხა, რომელიც შედგება საპრივატიზებო თანხისაგან, ასევე მესამე პირისათვის ან/და სხვა სუბიექტისათვის გადასახდელი თანხისაგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.
აღნიშნული ნორმების სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემა რეგულირდება კონკრეტული წესებით და მოითხოვს მოსარგებლისაგან სარგებლობის სანაცვლოდ გარკვეული საზღაურის გადახდას. კანონი ამავე ვალდებულებას აკისრებს ასევე იმ პირებს, რომლებიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმების (მაგ., იჯარის ხელშეკრულება) ანუ სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სამეწარმეო მიზნებისათვის სარგებლობენ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონებით.
მოცემულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნულ სამართლებრივ ნორმათა შინაარსისა და საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა ურთიერთშეჯერების საფუძველზე, იმ პირობებში, როდესაც ვერ იქნა დადგენილი შპს ,,ბ--–---------------ს“ მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართის არამართლზომიერად ფლობისა და სამეწარმეო მიზნით გამოყენების ფაქტი (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 3.2.1 პუნქტი) სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, რის გამოც, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, საქმის განხილვასთან გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 13-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი, არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრ.რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მეშვეობით.
მოსამართლე: ლეილა გოგიშვილი