გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 09.09.2019
საქმის ნომერი
330310019003046367
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
09.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №------------------

საქმე №3/4591-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

9 სექტემბერი, 2019 წ. ქ.თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნინო ბუაჩიძე

სხდომის მდივანი ნათია ფიცხელაური

 

მოსარჩელე - ლ-–-------------–---–ი

წარმომადგენელი - ა-–------------ა

 

მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო

წარმომადგენელი - ე---------------–--–ი

 

მესამე პირები - დ----------------ი, მ------------------ი

წარმომადგენელი - ი-----–-----------–---–ი

 

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 14 მაისის განკარგულება №A---------------- უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისში, ბ-----–-----------------------------; საკადასტრო კოდი 0---------------------- იძულებით საჯარო აუქციონზე გაყიდვის თაობაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

3. მესამე პირების პოზიცია

 

3.1. მესამე პირები არ დაეთანხმნენ სარჩელს.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. 2018 წლის 14 ივნისს მ------------------მა და დ----------------მა დადეს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება ლ-–-------------–---–თან. აღნიშნული ხელშეკრულებით, ლ-–-------------–---–მა მარიამ და დ----------------ებისგან ისესხა 60 000 (სამოცი ათასი) აშშ დოლარი, რამაც ეროვნულ ვალუტაში მაშინდელი კურსით შეადგინა 174330.84 ლარი (ასსამოცდათოთხმეტიათას სამასოცდაათი ლარი და 0,84 თეთრი). სესხი უნდა დაბრუნებულიყო ექვს თვეში, ყოველთვიური სარგებელი განისაზღვრა 3%-ით, რაც თვეში შეადგენდა 1800.00 (ათას რვაას) ლარს, პირგასამტეხლო შეადგენდა გადასახდელი თანხის 0.12 პროცენტს ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის - ლ-–-------------–---–ის კუთვნილი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, ბ-----–-----------------------------; საკადასტრო კოდი 0----------------------. ხელშეკრულების 5.6 პუნქტის თანახმად, თუ იპოთეკით დატვირთული ნივთის მესაკუთრე გააჭიანურებდა იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას და იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი არ გადავიდოდა კრედიტორის საკუთრებაში, ნოტარიუსი გასცემდა სააღსრულებო ფურცელს. მხარეებმა ამავე ხელშეკრულებაში (5.5. ქვეპუნქტი) დაადასტურეს, რომ მათ ჯეროვანი განმარტება მიიღეს ნოტარიუსისგან სააღსრულებო ფურცლის სამართლებრივი ინსტიტუტის შესახებ. აგრეთვე მასზე, რომ იპოთეკარს ჰქონდა უფლება, სასამართლოსადმი მიმართვისა და სასამართლო საქმისწარმოების გარეშე მიემართა ნოტარიუსისთვის სააღსრულებო ფურცლის მიღების მოთხოვნით.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- 2018 წლის 14 ივნისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება ( ს.ფ. 17-24);

 

4.2. 2018 წლის 26 დეკემბერს დ----------------ის, როგორც კრედიტორის და ამავდროულად, მეორე კრედიტორის - მ------------------ის წარმომადგენლის მოთხოვნის საფუძველზე, 2018 წლის 14 ივნისს დამოწმებული №--------- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმოშობილი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, ნოტარიუსის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- მინდობილობა (ს.ფ. 118-121);

- სააღსრულებო ფურცელი №--------- (ს.ფ. 14-16);

 

4.3. 2019 წლის 9 იანვარს დ----------------მა და მ------------------მა განცხადებით მიმართეს აღსრულების ეროვნულ ბიუროს და სააღსრულებო ფურცლის (№---------) საფუძველზე მოითხოვეს იპოთეკის საგნის - მდებარე: ქ. თბილისში, ბ-----–----------------------------- (საკადასტრო კოდი 0----------------------), რეალიზაცია. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ განცხადება წარმოებაში მიიღო.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- კრედიტორის განცხადება იძულებითი აღსრულების მიზნით სააღსრულებო დოკუმენტის წარმოებაში მიღების შესახებ (ს.ფ.96-97);

 

4.4. 2019 წლის 11 და 28 იანვარს ლ-–-------------–---–ს გაეგზავნა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, მოვალეს მიეცა წინადადება ნებაყოფლობით 7 (შვიდი) დღის ვადაში შეესრულებინა მოთხოვნა და შესრულების დადასტურება წარედგინათ აღმასრულებელთან. აღნიშნული წინადადება გაიგზავნა საქართველოს ფოსტის მეშვეობით. საქართველოს ფოსტის 2019 წლის 14 იანვრის შეტყობინების თანახმად, აღნიშნული გზავნილი ლ-–-------------–---–ს ვერ ჩაბარდა, რადგან კურიერს არ დახვდა მისამართზე, ხოლო 30 იანვარს საფოსტო გზავნილი ლ-–-------------–---–მა თავად ჩაიბარა.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ ( ს.ფ. 122-132).

- საქართველოს ფოსტის შეტყობინების ჩაბარების დასტური (ს.ფ. 127; 133);

 

4.5. სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნის საფუძველზე, ყადაღა დაედო ლ-–-------------–---–ის კუთვნილ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ. თბილისში, ბ-----–-----------------------------; საკადასტრო კოდი 0----------------------.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- ცნობები ყადაღის დადების შესახებ ( ს.ფ. 141-146).

 

4.6. აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 5 მარტის დასკვნის თანახმად, ლ-–-------------–---–ის საკუთრებაში არსებული ბინის (მდებარე თბილისში, ბ-----–-----------------------------; საკადასტრო კოდი 0----------------------.) საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 355 000 (სამასორმოცდათხუთმეტი ათასი) ლარი.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- შეფასების დასკვნა (ს.ფ. 40-45);

 

4.7. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 14 მაისის განკარგულების თანახმად, 2019 წლის 3 მარტს, იძულებით აუქციონზე გასხვისების შედეგად, ლ-–-------------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შემძენი გახდა დ----------------ი. ბიუროს მიერ 2019 წლის 23 მაისს გაცემულ იქნა ცნობა იმის შესახებ, რომ სააღსრულებო წარმოება საქმეზე №-------- დამთავრებულია.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 14 მაისის №A---------------- განკარგულება (ს.ფ. 156-157);

- ცნობა სააღსრულებო წარმოების დასრულების შესახებ (ს.ფ. 77).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანება.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი. სასამართლო ასევე მიუთითებს ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 183-ე მუხლზე, რომლის მე-10 პუნქტის თანახმად, სააღსრულებო წარმოებისას ქონების შემძენისათვის საკუთრების უფლების მინიჭების შესახებ განკარგულება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და იგი გასაჩივრდება სასამართლოში.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული აქტი არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან.

 

7.2 ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს.

 

ხსენებული საკანონმდებლო აქტის მე-2 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება: სანოტარო აქტი. ამავე კანონის 25-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსრულების დაწყების შესახებ სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირება ხდება ამ მუხლის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო უწყების ჩაბარებისთვის დადგენილი წესით, ხოლო მე-7 პუნქტის შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. მოვალეს ეცნობება: ა) ინფორმირებიდან 7 დღის ვადაში მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შემთხვევაში მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის შესაბამისი ნაწილის, ხოლო ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში − აღსრულების საფასურის სრული ოდენობით დაკისრების შესახებ, ბ) ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილი უფლებები, გ) სააღსრულებო წარმოების დაწყების სამართლებრივი შედეგები, დ) იძულებითი აღსრულებისათვის ამ კანონით გათვალისწინებული შესაძლო გასატარებელი ღონისძიებები, ე) აღსრულების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღების წესი და საშუალებები. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ მათთვის კანონით დადგენილი წესით ცნობილი არ ყოფილა უძრავ ქონების იძულებითი აუქციონის წესით გაყიდვის თაობაზე, არ მომხდარა მათთვის გაფრთხილების თაობაზე შესაბამისი წინანადედის ჩაბარება რითაც დარღვეულ იქნა სააღსრულებო წარმოების წესები.

 

საქმის მასალებით უდავოდ დგინდება ის გარემოება, რომ 2019 წლის 11 და 28 იანვარს ლ-–-------------–---–ს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაეგზავნა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, მოვალეს მიეცა წინადადება ნებაყოფლობით 7 (შვიდი) დღის ვადაში შეესრულებინა მოთხოვნა და შესრულების დადასტურება წარედგინა აღმასრულებელთან. ასევე, მოვალე გაფრთხილებულ იქნა, რომ მის მიმართ განხორციელდებოდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები - შეფასდებოდა აღწერილი და დაყადაღებული აღსრულების საგანი, სააუქციონო მომსახურების გაწევის მიზნით აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის საქმის გადაცემიდან ერთი თვის ვადაში ჩატარდებოდა პირველი იძულებითი აუქციონი, იმ შემთხვევაში თუ პირველ აუქციონზე არ მოხდებოდა ნივთის რეალიზაცია, პირველი აუქციონის დასრულებისთანავე დაინიშნებოდა განმეორებითი აუქციონი, თუ ქონების რეალიზაცია არ მოხდებოდა განმეორებით აუქციონზე, აღნიშნული ქონება გათავისუფლდებოდა იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისგან და დაუბრუნდებოდა მოვალეს. ამავე წინადადების თანახმად, მოვალეს ეცნობა, რომ იძულებითი აღსრულების ცალკეული ღონისძიებების შესახებ წინასწარ, პერსონალურად აღარ ეცნობებოდა. მათი მიმდინარეობის დროის, ადგილის და მდგომარეობის შესახებ მხარეს შეეძლო დეტალური ინფორმაციის მიღება აღსრულების ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე. უდავოა, რომ აღნიშნული წინადადებები გაიგზავნა საქართველოს ფოსტის მეშვეობით. საქართველოს ფოსტის 2019 წლის 14 იანვრის შეტყობინების თანახმად, აღნიშნული გზავნილი ლ-–-------------–---–ს ვერ ჩაბარდა, რადგან კურიერს არ დახვდა მისამართზე, ხოლო 30 იანვარს საფოსტო გზავნილი ლ-–-------------–---–მა თავად ჩაიბარა.

 

საქმეში წარმოდგენილი მტიცებულებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები შემდეგ გარემოებათა გამო: სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის თანახმად, იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმები, წესი და მასთან დაკავშირებული სხვა პროცედურები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებული იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმებისა და წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, აუქციონის ჩატარების თაობაზე აღსრულების ეროვნული ბიურო აქვეყნებს ინტერნეტ-განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს: ქონების საწყის ფასს, რომელიც არის ამ ქონების შეფასების აქტში მითითებული საბაზრო ღირებულების 75%. ამავე წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ პირველ აუქციონზე არ მოხდა ქონების რეალიზაცია, აღსრულების ეროვნული ბიურო პირველი აუქციონის დასრულებისთანავე (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) აცხადებს პირველ განმეორებით აუქციონს. პირველი განმეორებითი აუქციონი ცხადდება იმავე ფორმით, რა ფორმითაც გამოცხადდა პირველი აუქციონი. პირველ განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეადგენს ქონების შეფასების აქტში მითითებული საბაზრო ღირებულების 50%-ს. ამავე წესის მე-3 პუნქტის შესაბამისად, თუ ქონების რეალიზაცია პირველ განმეორებით აუქციონზედაც არ მოხდება, აღსრულების ეროვნული ბიურო პირველი განმეორებითი აუქციონის დასრულებისთანავე (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) აცხადებს მეორე განმეორებით აუქციონს. მეორე განმეორებითი აუქციონი ცხადდება იმავე ფორმით, რა ფორმითაც გამოცხადდა პირველი აუქციონი. მეორე განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეადგენს ნულ ლარს.

 

საქმეში დაცული მასალებით დგინდება, რომ ლ-–-------------–---–ისთვის მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე გასხვისების შესახებ ინფორმირების მიზნით თბილისის სააღრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ შეტყობინება იქნა დატოვებული მის საცხოვრებელ მისამართზე. უფრო ადრე, მოვალეს ეცნობა წინადადებაზე გადაწყვეტილების შესრულების შესახებ. მოვალე აღნიშნულ შეტყობინებებს არ გამოხმაურებია. როგორც საქმის მასალებით დგინდება, მესამე პირმა - დ----------------მა იძულებით საჯარო აუქციონზე 181050 ლარად შეიძინა მოვალის ქონება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-8 თავით დადგენილია იძულებითი აუქციონის ჩატარების შესაძლებლობა. იძულებითი აუქციონი იმართება მოვალის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისებისათვის, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მოვალისათვის დაკისრებული თანხის ამოღება. იძულებითი აუქციონის პროცედურები გაწერილია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული იძულებითი აუქციონის ჩატარების წესით. იძულებითი აუქციონის პროცედურული გაწერა ემსახურება იმ მიზანს, რომ სააღსრულებო წარმოება მიზანმიმართულად არ გაჭიანურდეს. ამგვარი გაწერა იცავს, როგორც მოვალის ისე კრედიტორის ინტერესს, შესაბამისი პროცედურის წარმართვით დადგეს შედეგი: ქონების გასხვისება ვალდებულების დასაფარავად, ან იძულებითი აღსრულების დასრულება ქონების გასხვისების შეუძლებლობისას (სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის 75-ე მუხლის მე-8 პუნქტი).

 

აღნიშნული გარემოებების შეფასება იძლევა იმის დასკვნის შესაძლებლობას, რომ აუქციონის მომზადებისა თუ ჩატარებისას აღმასრულებლის მიერ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონისა და შესასაბამისი წესის რაიმე ნორმა არ დარღვეულა, აუქციონი ჩატარდა ხსენებულ ნორმათა დაცვით და არ არსებობს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.

 

7.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების შესაბამისად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22–ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ბათილად გამოცხადების ობიექტს წარმოადგენს უკანონო ადმინისტრაციული აქტი. სასამართლო სწორედ ადმინისტრაციული აქტის მხოლოდ კანონიერების შემოწმებით შემოიფარგლება. საქმის მასალების ანალიზით სასამართლო თვლის, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, რამდენადაც კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყო გამოეყენებინა საქმიანობის აღნიშნული სამართლებრივი ფორმა, დაცულია სადაო აქტის გამოცემისთვის საჭირო საგნობრივი კომპეტენცია, ასევე ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ფორმა, ამასთან, ადმინისტრაციული აქტი შინაარსობრივად შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და შეესაბამება სამართლის იმ ნორმებს, რომელთა აღსრულებასაც ის ახდენს. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს სადავო აქტის ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებული იყო დაესაბუთებინა თავისი სარჩელი და წარედგინა შესაბამისი მტკიცებულებები. სასამართლო საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით თვლის, რომ მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა, ვერ მიუთითა შესაბამის მტკიცებულებებზე, რომლებიც დაადასტურებდნენ მის მიერ სადავოდ გამხდარი სამართალურთიერთობის კანონშეუსაბამობას, რის გამოც სარჩელს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე გადახდილი თანხა - 100 ლარი, უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-13, 22-ე, 32-ე, 34-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ლ-–-------------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს უცვლელად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან 14 დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის.: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა).

 

მოსამართლე ნინო ბუაჩიძე