განაჩენი

სისხლის სამართლის 03.10.2019
საქმის ნომერი
080100119002971321
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
03.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

 

საქმის №1/344-19 03.10.2019 წელი ქუთაისი

 

მოსამართლე ციცინო მოსიძე

 

სხდომის მდივანი თეონა აბზიანიძე

 

სხდომის სახე ღია

 

ბრალდების მხარე

პროკურორი გ------- გ----------ე

 

დაცვის მხარე

 

ადვოკატი მ------- მ--–-------

 

ბრალდებული: ე------ ვ----–--ის ძე ფ------ე

დაბადების თარიღი: 07.05.1975 წელი

პირადი ნომერი: 5----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: უმაღლესი

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: არმქონე

მცხოვრები: წყალტუბოს რაიონი, სოფელი ხ------–-

 

სისხლის სამართლის საქმე: №0-----------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ე------ ფ------ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ რაც გამოიხატა შემდეგში:

 

- 2019 წლის 9 აპრილს, დაახლოებით 22:00 საათზე, წყალტუბოს რაიონის სოფელ ხ------–ში მდებარე სახლში, ე------ ფ------ემ იძალადა არასრულწლოვან შვილზე ჯ--- ფ------ეზე. დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ე------ ფ------ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის (ფორმა N1) თანახმად, 2019 წლის 10 აპრილს დაიწყო გამოძიება ე------ი ფ------ის მიერ შვილის - ჯ--- ფ------ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე.

 

ე------ ფ------ე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა 2019 წლის 10 აპრილს 04:42 სთ-ზე წყალტუბოს რაიონის სოფელ ხ------–ში, თავის საცხოვრებელ სახლში.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ა-–---------- ქ------მ სასამართლოს უჩვენა, რომ 2019 წლის 9 აპრილს შემოვიდა შეტყობინება წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში. შეტყობინების ავტორი იყო ნ--- შ---–--ე, მისი თქმით ის იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „ს-----------–---ს“ დირექტორი, რომელსაც დაუკავშირდა ჯ--- ფ------ე, რომელიც მისი ბენეფიციარი იყო. ჯ--- ფ------ემ მას უთხრა, რომ მამამისმა ე------ ფ------ემ მასზე იძალადა - „სიგარეტი მომაწვაო და მცემაო“. აჩვენა სისხლიანი ხელი და სახე. როგორც ქალბატონი აცხადებდა, ეს არაერთხელ მომხდარა. აღნიშნული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ოჯახური ძალადობის მუხლით. ა-–---------- ქ------მ მოიყვანა არასრულწლოვანი ბავშვი გამოსაკითხად სამმართველოში, მას დაენიშნა საპროცესო წარმომადგენელი, ბავშვმა იგივე დაადასტურა. ამის შემდეგ უბნის-ინსპექტორ გამომძიებელმა თ---------- ნ-------- დააკავა ე------ ფ------ე. ის წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში იქნა შემოყვანილი, მას განუმარტა მისი უფლება-მოვალეობები და მისი დაკავების შესახებ აცნობა მის მეუღლეს გ----–- ლ-------–---–ს, რომელმაც დაადასტურა ძალადობის ფაქტი.

 

მოწმე თ---------- ნ-------- სასამართლოს უჩვენა, რომ ოპერატიული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა წყალტუბოს სოფელ ხ------–ში. საქმის ვითარების გარკვევის შემდეგ მოხდა ხელმძღვანელობის საქმის კურსში ჩაყენება, რის შემდეგაც წამოიყვანეს პოლიციაში მეუღლე და ბავშვი დაკითხვის მიზნით. ამის შემდეგ მიიღო დავალება, რომ მისულიყო ე------ ფ------ის სახლში, რათა დაეკავებინა ე------ ფ------ე და შეედგინა დაკავების ოქმი. დაკავებამ ჩაიარა მშვიდ ვითარებაში.

საქმის სასამართლო განხილვის დროს, დაზარალებულმა ჯ--- ფ------ემ ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მისი ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე (იხ. სხდომის ოქმი).

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს, მოწმე გ----–- ლ-------–---–მა ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მისი ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე (იხ. სხდომის ოქმი).

 

ბრალდებულმა ე------ ფ------ემ ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლებით, ასევე უარი განაცხადა სასამართლოში მოწმის სახით ჩვენების მიცემაზე (იხ. სხდომის ოქმი).

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული სტანდარტი, თავისი შინაარსით, ეს არის სასამართლოს მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში (საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი). ეს არის მტკიცებულებითი სტანდარტის ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება, რადგანაც, მოცემულ შემთხვევაში, მთავარი აქცენტი გადატანილია არა ვარაუდზე, არამედ, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად, ცალკეული ფაქტების არსებობაზე, რომელთა გამოკვლევის შედეგად არ უნდა დარჩეს გონივრული ეჭვი ბრალდებულისათვის წარდგენილი ბრალდების ჭეშმარიტებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

მტკიცებულებების დამაჯერებლობა უპირველეს ყოვლისა გამოიხატება იმაში, თუ რა სიზუსტით შეუძლია მას დაადასტუროს ან უარყოს ესა თუ ის ფაქტი თუ გარემოება.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე ,,სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას“, რაც, გულისხმობს ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე, ამ მტკიცებულებათა შემხებლობას დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.

 

სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით განიხილა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა ერთმანეთთან შეთანხმებული აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულ ე------ ფ------ის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენას, რაც საფუძველი გახდებოდა საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში, თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს ოჯახში ძალადობას, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, სისტემატიურ შეურაცხყოფას, შანტაჟს ან დამცირებას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ;

 

საქმის სასამართლო განხილვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის განმარტებას ბრალდებულ ე------ ფ------ის უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის მისთვის წარდგენილი ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის.

კერძოდ, 2019 წლის 9 აპრილის ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის არანაირი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა წარდგენილ ბრალდებას. ხოლო თავის მხრივ, დაზარალებულმა ჯ--- ფ------ემ უარი განაცხადა მამის საწინააღმდეგოდ ჩვენების მიცემაზე. ჩვენების მიცემაზე ასევე უარი განაცხადა მოწმე გ----–- ლ-------–---–მა და თვით ბრალდებულმა ე------ ფ------ემ.

 

მოცემულ შემთხვევაში 2019 წლის 9 აპრილის ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით შეიძლება ვისაუბროთ მხოლოდ ვარაუდზე და არა სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად ცალკეული ფაქტების არსებობაზე, რომელთა გამოკვლევის შედეგად არ უნდა დარჩეს გონივრული ეჭვი ბრალდებულისათვის წარდგენილი ბრალდების ჭეშმარიტებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნულის საწინააღმდეგო, პირდაპირი უტყუარი მტკიცებულება, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში არ არის წარმოდგენილი და გამოკვლეული, რომელიც ე------ი ფ------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი გახდებოდა.

 

სასამართლო ბრალდების მხარის მტკიცებულებებს არ მიიჩნევს უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს ე------ი ფ------ის ბრალეულობა ოჯახურ ძალადობაში, რადგანაც ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა რაიმე პირდაპირი უტყუარი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ 2019 წლის 9 აპრილს ე------ი ფ------ემ იძალადა მის შვილზე - ჯ--- ფ------ეზე, რის შედეგადაც, ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. მტკიცების ტვირთის თვალსაზრისით ბრალდების მხარის მიერ მითითებული გარემოებები ვერ სცილდება ვარაუდის ფარგლებს და არსებობს მხოლოდ ეჭვის დონეზე, რაც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს პირის დამნაშავედ ცნობას.

 

საქმეში არსებული ნებისმიერ მტკიცებულების შეფასება ემყარება მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების პრინციპს, რის გამოც, არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია განისაზღვროს მტკიცების საგანში შემავალ რამდენად მნიშვნელოვან საკითხს ეხება იგი და როგორი დამაჯერებლობით და სიზუსტით ამტკიცებს დასადგენ გარემოებებს. აქედან გამომდინარე, პირდაპირ მტკიცებულებას გააჩნია მეტი მტკიცებულებითი ძალა ვიდრე არაპირდაპირ მტკიცებულებებს.

 

სასამართლომ ერთობლიობაში შეაფასა საქმის სასამართლო განხილვით მოპოვებული მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებული ე------ ფ------ე ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

მოცემულ სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვით მოპოვებული ვერ იქნა დამაჯერებელი, პირდაპირი მტკიცებულებები წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად, რადგანაც ბრალდება თავის დასკვნას პირის ბრალდების შესახებ ამყარებს მხოლოდ მოწმეთა ირიბ ჩვენებებზე და ვარაუდზე, რომ ე------ ფ------ემ იძალადა შვილზე და ამ ძალადობის შედეგად ჯ--- ფ------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

სასამართლომ ზემოთ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭიროა უტყუარი მტკიცებულებები. ამასთან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების არსებობის აუცილებლობა, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და იძლევა პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე, გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას.

 

პირდაპირი მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო, რაც მთლიანად გამყარებულია მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით. საქმეში არ მოიპოვება არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ე------ ფ------ემ იძალადა შვილზე და ამ ძალადობის შედეგად ჯ--- ფ------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

საქმის სასამართლო განხილვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ ე------ ფ------ის მიმართ, არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას, რადგანაც გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესოს კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ასევე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს დაკითხულ მოწმეთა ჩვენებების და საქმეში არსებული სხვა მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებულ ე------ ფ------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ იქნა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ბრალდებულ ე------ ფ------ის ბრალეულობაში, რის გამოც, ე------ ფ------ე ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-276-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ე------ ფ------ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

ე------ ფ------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

განემარტოს ე------ ფ------ეს, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ციცინო მოსიძე