გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 3-----19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
23.10.2019 წელი ქ.რუსთავი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ნინო ონიანი
სხდომის მდივანი - გუნა მოსიაშვილი
მოსარჩელე - ნ-----–---------–---–ი
წარმომადგენელი - თ-----------ე
მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - ნ----------------ე
მოპასუხე - გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - ნ-------------–---–ი, მ-------------ა
დავის საგანი: ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 16 მარტის №8----------3-08 გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.
1.2 ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 3 ივნისის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ №1----- გადაწყვეტიელბა.
1.3 ბათილად იქნეს ცნობილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 14 მარტის N------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
1.4 ბათილად იქნეს ცნობილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 10 აპრილის N04----- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
1.5 დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ახალი აქტის გამოცემა რომლითაც განხორციელდება ნ-----–---------–---–ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნ-------ში მდებარე 700.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კანონშესაბამისია, შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნა სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
2.2. მოპასუხე გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები კანონშესაბამისია და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
3.1 დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2018 წლის 10 მაისს №8----------- სარეგისტრაციო განაცხადით, ნ-----–---------–---–ის მიერ, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოთხოვნილ იქნა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნ-------ში მდებარე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ამავე წლის 24 მაისის განცხადებით მოსარჩელემ განმარტა, რომ ც---------–---–-----------------ას ასულის სახელზე ირიცხება 0.45 ჰა მიწის ნაკვეთი, საიდანაც სამი მიწის ნაკვეთი რეგისტრირებული--------------------------------------------------------დასტრო კოდებით, სულ 3716 კვ.მ. მოსარჩელემ მიუთითა, რომ სხვაობა დარჩენილია 784 კვ.მ ფართის ოდენობით, რაც აძლევს საშუალებას მოახდინოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- №8----------- სარეგისტრაციო განცხადება (ს.ფ 144-149)
-2018 წლის 24 მაისის განცხადება (ს.ფ 151);
3.1.2. 2018 წლის 30 მაისის N2----- მიმართვით, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით განსაზღვრული მიწის ნაკვეთისა და აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის მიზნით, საკითხი შესასწავლად გადაგზავნილ იქნა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ, ადგილზე გაუსვლელად და ოქმის შეუდგენლად, 2018 წლის 11 ივნისის N0------ წერილით განმარტა, რომ მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა ვერ ხერხდებოდა, ვინაიდან იგი ზედდებაში იყო იმ მიწის ნაკვეთთან, რომელზეც მოიპოვებოდა ბუნებრივი წიაღისეული. გარდა ამისა მიწის ნაკვეთზე მდებარეობდა წყარო, რომლითაც მრავალი წელია სარგებლობს სოფლის მოსახლეობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 30 მაისის N2----- მიმართვა (ს.ფ. 158)
- 2018 წლის 11 ივნისის N0------ წერილი (ს.ფ. 159)
3.1.3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 15 ივნისს მიღებულ იქნა რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ №8------------11 გადაწყვეტილება, რომელიც მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულ იქნა 2018 წლის 25 ივნისის №3-------- ადმინისტრაციული საჩივრით.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 24 ივლისის N3----- გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-№8------------11 გადაწყვეტილება (ს.ფ. 160-161)
- N3----- გადაწყვეტილება (ს.ფ. 163-168)
3.1.4. 2019 წლის 04 თებერვალს მოსარჩელე ნ-----–---------–---–ის წარმომადგენელმა თ-----------ემ №8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელი ნ-------ში მდებარე 780.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სარეგისტრაციო განაცხადზე მიუთითა, რომ დამატებითი დოკუმენტაცია იძებნებოდა №9----------- და №8----------- სარეგისტრაციო განცხადებაში დართულ დოკუმენტაციებში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- №8----------- სარეგისტრაციო განცხადება (ს.ფ 130-134)
3.1.5. 2019 წლის 08 თებერვლის №4---- მიმართვით, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სარეგისტრაციო განაცხადი თანდართული დოკუმენტაციით გადაგზავნა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის მიზნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2019 წლის 08 თებერვლის №4---- მიმართვა (ს.ფ 135)
3.1.6. 2019 წლის 08 თებერვლის N4---- წერილის პასუხად გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გადააგზავნა N0---- ადგილზე დათვალიერების ოქმი:
ოქმის თანახმად: გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნ-------ში მდებარე, ნ------–---------–---–ის სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთთან მიმართებით, ორი უშუალო მეზობელი ადასტურებს საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის იდენტურობას რეალურ მგომარეობასთან, მაგრამ მესამე უშუალო მოსაზღვრე მეზობელი გ---------–---------–---–ი არ ეთანხმება ზ/აღნიშნული მეზობლების პოზიციას და განმარტავს, რომ მიწის ნაკვეთი არ ეკუთვნის ნ------–---------–---–ს. ამ ნაკვეთში მდებარე წყაროთი კი სარგებლობს სოფლის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, რაც ქმნის შემდგომში ამ წყაროთი ვერ სარგებლობის საშიშროებას, რის გამოც ადმინისტრაციული ორგანო მოკლებულია შესაძლებლობას დაადასტუროს მისი იდენტობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2019 წლის 19 თებერვლის N04/1307 მიმართვა (ს.ფ 136);
-2018 წლის 15 იანვრის N04/253 მიმართვა (ს.ფ 137);
-სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი N0---- (ს.ფ 138-140)
3.1.7. მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2019 წლის 25 თებერვლის №8------------05 გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი N0-----ის საფუძველზე უარი ეთქვა საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2019 წლის 25 თებერვლის №8------------05 გადაწყვეტილება (ს.ფ. 141-142)
3.1.8. 2019 წლის 27 თებერვალს მოსარჩელე ნ-----–---------–---–ის წარმომადგენელმა თ-----------ემ №8----------3 სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელი ნ-------ში მდებარე 700.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ამავე განცხადებაში მიუთითა, რომ დამატებითი დოკუმენტაცია დართული იყო №8----------- სარეგისტრაციო განცხადებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- №8----------3 სარეგისტრაციო განცხადება (ს.ფ 110-114)
3.1.9. 2019 წლის 05 მარტს მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №8----------3-03 გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეს ეცნობა, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გამოითხოვა ინფორმაცია უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის შესახებ და გადაწყვეტილების მიღება გადაიდო პასუხის მიღებამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-№8----------3-03 გადაწყვეტილება (ს.ფ. 115)
3.1.10. 2019 წლის 05 მარტის N80092 მიმართვით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სარეგისტრაციო განაცხადი თანდართული დოკუმენტაციით გადაიგზავნა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის მიზნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2019 წლის N80092 მიმართვა (ს.ფ 125)
3.1.11. 2019 წლის 14 მარტს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მიღებული იქნა N------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის თანახმად წარდგენილი დოკუმენტებით დადგინდა, რომ ორთოფოტოზე არის ზედდება წიაღით სარგებლობის ობიექტზე. ასევე დასარეგისტრირებელ ნაკვეთში მდებარეობს წყარო, რომლითაც მრავალი წელია სარგებლობს სოფლის მოსახლეობის ნაწილი. დარეგისტრირების შემთხვევაში კი მის შემდგომ სარგებლობას შეიძლება შეექმნას საფრთხე. აქედან გამომდინარე, მოპასუხე გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შეუძლებელი გახდა იდენტურობის დადასტურება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2019 წლის 14 მარტის N------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ს.ფ 126)
3.1.12. 2019 წლის 22 მარტს N102381 წერილით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოსარჩელის წარმომადგენლის დამატებით წარდგენილი განცხადება გადაეგზავნა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას და დაევალა 2019 წლის 05 მარტის N80092 წერილით განსაზღვრული საკითხის ხელახლა განხილვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2019 წლის 22 მარტს N102381 წერილი (ს.ფ 127)
3.1.13. 2019 წლის 22 მარტს N102381 წერილის პასუხად გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2019 წლის 10 აპრილს მიღებული იქნა N04----- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის თანახმად მოსარჩელის მიერ დამატებით წარდგენილი განცხადებით შეცვლილია აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი და ამოღებულია წიაღით სარგებლობის ობიექტი (ჭა ანუ წყარო), თუმცა განცხადებას არ ერთვოდა ნახაზში შეტანილი ცვლილების ამსახველი ორთოფოტო. აღნიშნული წერილის თანახმად, წყაროს ირგვლივ არსებული ფართობი უნდა ყოფილიყო ხელშეუხებელი რათა მოსახლეობის მიერ წყაროს შემდეგ გამოყენებას არ შექმნოდა საფრთხე. მოპასუხე გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ იდენტურობის დადასტურობა კვლავ შეუძლებლად მიიჩნია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2019 წლის 10 აპრილის N04----- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ს.ფ 128)
3.1.14. 2019 წლის 16 აპრილს მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული იქნა N8----------3-08 გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.
ზემო აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველად მითითებულია გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის N04----- წერილი, რომლითაც წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი არ შეესაბამებოდა უფლების დამდგენი დოკუმენტით განსაზღვრულ უძრავ ნივთს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- N8----------3-08 გადაწყვეტილება (ს.ფ 123)
3.1.15. 2019 წლის 08 მაისს N208188/17 ადმინისტრაციული საჩივრით, მოსარჩელე ნ-----–---------–---–ის მიერ გასაჩივრდა N8----------3-08 გადაწყვეტილება. ადმინისტრაციული საჩივრით მოთხოვნილ იქნა სადავო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
2019 წლის 03 ივნისს მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული იქნა N1----- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2019 წლის 08 მაისს N208188/17 ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ 204-214)
- N1----- გადაწყვეტილება (ს.ფ. 217-221)
3.2 დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას. მისი განმარტებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საკითხი, უსაფუძვლოდ მიიღო სადავო აქტები, რის გამოც არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება
3.2.2. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მიღებული 2019 წლის 14 მარტის N------- და 2019 წლის 10 აპრილის N04----- აქტები ეწინააღმდეგება „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნებს, კერძოდ მე-16 მუხლს. აქტების მომზადებისას დარღვეულ იქნა საქართველოს იუსტიციის მინისტრის „მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მიერ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმის ფორმის დამტკიცების შესახებ“ 2016 წლის 30 ივლისის N150 ბრძანება, ვინაიდან მოპასუხე გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სადავო აქტების მიღებისას არ განხორციელებულა საკითხის ადგილზე შესწავლა, მიწის ნაკვეთის დათვალიერება და არ შედგენილა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების შესაბამისი ოქმი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ილ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებულ მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ-----–---------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოს ან დაწესებულებას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერ სხვა პირს, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს. ამავე მუხლის “კ“ ქვეპუნქტის თანახმად კი ადმინისტრაციული წარმოება გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე, ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების, ან გაუქმების მიზნით.
საკასაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებში არაერთგზის განმარტა ადმინისტრაციული მართლმსაჯულების არსი, ამოცანა და მისი როლი სახელმწიფოში კანონიერი საჯარო მმართველობის დამკვიდრებაში, კერძოდ: „სასამართლო ხელისუფლება ადმინისტრაციული მართლმსაჯულების მეშვეობით თავისი არსით ორ უმნიშვნელოვანეს კონსტიტუციურ ფუნქციას ახორციელებს:
1. კონფლიქტის (დავის) მოგვარება/გადაწყვეტა კანონიერად და სამართლიანად;
2. სასამართლო კონტროლის განხორციელება მმართველობითი ორგანოების გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებზე, რაც თავის მხრივ, ემსახურება სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს, კანონიერი საჯარო მმართველობის ფუნქციონირების უზრუნველყოფას.
მოქმედი კანონმდებლობით შესაძლებელია ადმინისტრაციულ ორგანოთა გადაწყვეტილებების, ხელშეკრულებების, ქმედებების /მოქმედება, უმოქმედობა/ გასაჩივრება საერთო სასამართლოში, რა დროსაც სასამართლოს ობიექტურობას, მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობას განუზომელი მნიშვნელობა აქვს, რათა აღადგინოს დარღვეული წონასწორობა პირსა და ოფიციალურ სტრუქტურას შორის“.
6.2 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და დაწესებულებების, აგრეთვე იმ პირების საქმიანობაზე, რომლებიც ამ კოდექსის შესაბამისად ითვლებიან ადმინისტრაციულ ორგანოებად.
6.3 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია წარმოადგენენ ადმინისტრაციულ ორგანოებს, ხოლო მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. ამდენად, მოპასუხეების მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემის წესი დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და იმ დროისათვის მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობით.
6.4 სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
6.5 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.
სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების პირობას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენს ის, რომ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი ეწინააღმდეგებოდეს კანონს და პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებდეს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავდეს მის უფლებას.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძვლებს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის მიხედვითაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოთ აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე სასამართლო განმარტავს, რომ დადგენილი უნდა იქნას, შეესაბამება თუ არა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონს და აყენებს თუ არა იგი პირდაპირ და უშუალო ზიანს მოსარჩელის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს.
6.6 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას”. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ,,ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს”.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განმარტებულია, როგორც – ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
სასამართლო მიუთითებს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებები წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და აღნიშნული აქტის კანონშესაბამისობა, მისი გამოცემის დროისათვის მოქმედ სამართლებრივ ნორმებთან, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.
6.7. სასამართლო განმარტავს, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი საფუძვლები და რეესტრის მწარმოებელი ორგანოს უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონით. მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-2 მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაციის და მათ შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რეგისტრაცია წარმოებს უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე, ხოლო ამ კანონის მე-2 მუხლის „ლ“, „კ“ პუნქტების თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები, ხოლო სარეგისტრაციო დოკუმენტი - სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას;
,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტისა და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელების გარდა, საკუთარი ინიციატივით სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ახორციელებს სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მოძიებასა და სისტემატიზაციას.
სასამართლო მიუთითებს, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი არის 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია), „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან სხვა დოკუმენტი.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს საქმის გარემოებათა გამოკვლევის წესს. კერძოდ – დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
6.8 საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.
საკუთრების უფლება ცალსახად აღიარებულია „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციითა“ და „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით. მიუხედავად იმისა, რომ გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური, კულტურული და სოციალური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტებში საკუთრების უფლება არ არის დეკლარირებული, მათში ასახული მთელი რიგი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისათვის აუცილებელია, რომ საკუთრების უფლება იყოს დაცული.
ყოველ ფიზიკურ და იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუზღუდავად სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.
სასამართლო მიუთითებს რომ ,,საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებიდან და ნორმებიდან გამომდინარე, საკუთრების უფლება წარუვალი და უზენაესი ადამიანური ღირებულებაა, საყოველთაოდ აღიარებული ძირითადი უფლება, დემოკრატიული საზოგადოების, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს ქვაკუთხედია. საკუთრება ადამიანის ყოფიერების არსებითი საფუძველია" (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1997 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება N1/51 საქმეზე ,,ქ.თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება".).
,,საკუთრების უფლებაც ბუნებითი უფლებაა, რომლის გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა. საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას. იმავდროულად, კერძო საკუთრება, როგორც ინსტიტუტი, საბაზრო ეკონომიკის ბირთვს წარმოადგენს. შესაბამისად, ის არის არა მხოლოდ მესაკუთრეებს შორის ეკონომიკური კონკურენციის, არამედ ასევე დემოკრატიული სახელმწიფოს და საზოგადოებრივი წყობილების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა" (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილება N1/2/384 საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები - დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი".).
6.9. ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველის პუნქტის ,,ი" ქვეპუნქტის თანახმად, მართლზომიერი მფლობელი არის ფიზიკური პირი, რომელსაც მესაკუთრედ რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოეშვა.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. ამავე კანონის მე-2 მუხლის „კ“ პუნქტი განმარტავს სარეგისტრაციო დოკუმენტის ცნებას - სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამდენად, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანის მიზნებისათვის, დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ უნდა იქნეს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ადმინისტრაციული აქტი, უფლებამოსილი ორგანოს/პირის მიერ გაცემული ცნობა, სასამართლოს გადაწყვეტილება და სხვა), რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს ცვლილების რეგისტრაციას;
განსახილველ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ 2018 წლის 10 მაისს №8----------- სარეგისტრაციო განაცხადით, ნ-----–---------–---–ის მიერ, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოთხოვნილ იქნა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნ-------ში მდებარე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ამავე წლის 24 მაისის განცხადებით მოსარჩელემ განმარტა, რომ ც---------–---–-----------------ას ასულის სახელზე ირიცხება 0.45 ჰა მიწის ნაკვეთი, საიდანაც სამი მიწის ნაკვეთი რეგისტრირებულ------------------------------------------------------------ასტრო კოდებით, სულ 3716 კვ.მ. მოსარჩელემ მიუთითა, რომ სხვაობა დარჩენილია 784 კვ.მ ფართის ოდენობით, რაც აძლევს საშუალებას მოახდინოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
2018 წლის 30 მაისის N2----- მიმართვით, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით განსაზღვრული მიწის ნაკვეთისა და აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის მიზნით, საკითხი შესასწავლად გადაგზავნილ იქნა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ, ადგილზე გაუსვლელად და ოქმის შეუდგენლად, 2018 წლის 11 ივნისის N0------ წერილით განმარტა, რომ მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა ვერ ხერხდებოდა, ვინაიდან იგი ზედდებაში იყო იმ მიწის ნაკვეთთან, რომელზეც მოიპოვებოდა ბუნებრივი წიაღისეული. გარდა ამისა მიწის ნაკვეთზე მდებარეობდა წყარო, რომლითაც მრავალი წელია სარგებლობს სოფლის მოსახლეობა.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 15 ივნისს მიღებულ იქნა რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ №8------------11 გადაწყვეტილება, რომელიც მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულ იქნა 2018 წლის 25 ივნისის №3-------- ადმინისტრაციული საჩივრით. 2018 წლის 24 ივლისის N3----- გადაწყვეტილებით კი ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
2019 წლის 04 თებერვალს მოსარჩელე ნ-----–---------–---–ის წარმომადგენელმა №8----------- სარეგისტრაციო განცხადებით განმეორებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. სარეგისტრაციო განაცხადზე მიუთითა, რომ დამატებითი დოკუმენტაცია იძებნებოდა №9----------- და №8----------- სარეგისტრაციო განცხადებაში დართულ დოკუმენტაციებში.
2019 წლის 08 თებერვლის №4---- მიმართვით, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სარეგისტრაციო განაცხადი თანდართული დოკუმენტაციით კვლავ გადაგზავნა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის მიზნით. 2019 წლის 08 თებერვლის N4---- წერილის პასუხად გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გადააგზავნა 2017 წლის 29 დეკემბრის N0---- ადგილზე დათვალიერების ოქმი:
ოქმის თანახმად: გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნ-------ში მდებარე, ნ------–---------–---–ის სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთთან მიმართებით, ორი უშუალო მეზობელი ადასტურებს საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის იდენტურობას რეალურ მგომარეობასთან, მაგრამ მესამე უშუალო მოსაზღვრე მეზობელი გ---------–---------–---–ი არ ეთანხმება ზ/აღნიშნული მეზობლების პოზიციას და განმარტავს, რომ მიწის ნაკვეთი არ ეკუთვნის ნ------–---------–---–ს. ამ ნაკვეთში მდებარე წყაროთი კი სარგებლობს სოფლის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, რაც ქმნის შემდგომში ამ წყაროთი ვერ სარგებლობის საშიშროებას, რის გამოც ადმინისტრაციული ორგანო მოკლებულია შესაძლებლობას დაადასტუროს მისი იდენტურობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2019 წლის 25 თებერვლის №8------------05 გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი N0-----ის საფუძველზე უარი უთხრა საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე.
2019 წლის 27 თებერვალს მოსარჩელემ №8----------3 სარეგისტრაციო განცხადებით კვლავ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელი ნ-------ში მდებარე 700.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ამავე განცხადებაში მიუთითა, რომ დამატებითი დოკუმენტაცია დართული იყო №8----------- სარეგისტრაციო განცხადებაზე.
2019 წლის 05 მარტის N80092 მიმართვით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სარეგისტრაციო განაცხადი თანდართული დოკუმენტაციით გადაიგზავნა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის მიზნით.
2019 წლის 14 მარტს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მიღებული იქნა N------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის თანახმად წარდგენილი დოკუმენტებით დადგინდა, რომ ორთოფოტოზე არის ზედდება წიაღით სარგებლობის ობიექტზე. ასევე დასარეგისტრირებელ ნაკვეთში მდებარეობს წყარო, რომლითაც მრავალი წელია სარგებლობს სოფლის მოსახლეობის ნაწილი. დარეგისტრირების შემთხვევაში კი მის შემდგომ სარგებლობას შეიძლება შეექმნას საფრთხე. აქედან გამომდინარე, მოპასუხე გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შეუძლებელი გახდა იდენტურობის დადასტურება. ამასთანავე, დადგენილია, რომ მოპასუხე გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი წარმომადგენლის მიერ არ განხორციელებულა ადგილზე გასვლა და დათვალიერება, შესაბამისად არ არის შედგენილი ადგილზე დათვალიერების ოქმი.
დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოსარჩელის წარმომადგენლის დამატებით წარდგენილი განცხადება გადაეგზავნა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას და დაევალა 2019 წლის 05 მარტის N80092 წერილით განსაზღვრული საკითხის ხელახლა განხილვა.
2019 წლის 22 მარტს N102381 წერილის პასუხად გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2019 წლის 10 აპრილს მიღებული იქნა N04----- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის თანახმად მოსარჩელის მიერ დამატებით წარდგენილი განცხადების თანახმად შეცვლილია აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი და ამოღებული წიაღით სარგებლობის ობიექტი (ჭა ანუ წყარო), თუმცა განცხადებას არ ერთვოდა ნახაზში შეტანილი ცვლილების ამსახველი ორთოფოტო. აღნიშნული წერილის თანახმად, წყაროს ირგვლივ არსებული ფართობი უნდა ყოფილიყო ხელშეუხებელი რათა მოსახლეობის მიერ წყაროს შემდეგ გამოყენებას არ შექმნოდა საფრთხე. მოპასუხე გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ იდენტურობის დადასტურობა კვლავ შეუძლებლად მიიჩნია. მითითებულ შემთხვევაშიც, მოპასუხის მიერ არ იქნა განხორციელებული ადგილზე გასვლა და საკითხის შესწავლა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დადგენილია, რომ 2019 წლის 16 აპრილს მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული იქნა N8----------3-08 გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. ზემო აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველად მითითებულია გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის N04----- წერილი, რომლითაც წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი არ შეესაბამებოდა უფლების დამდგენი დოკუმენტით განსაზღვრულ უძრავ ნივთს. თუმცა აქტის მომზადებისას მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არ გაუთვალისწინებია ის გარემოება, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას არ წარუდგენია ადგილზე დათვალიერების შესაბამისი ოქმი.
2019 წლის 08 მაისს N208188/17 ადმინისტრაციული საჩივრით, მოსარჩელე ნ-----–---------–---–ის მიერ გასაჩივრდა N8----------3-08 გადაწყვეტილება. ადმინისტრაციული საჩივრით მოთხოვნილ იქნა სადავო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაცია. 2019 წლის 03 ივნისს მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული იქნა N1----- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ N8----------3 სარეგისტრაციო განაცხადით მოსარჩელის მიერ წარდგენილ იქნა მიწის ნაკვეთის კორექტირებული აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომლის თანახმადაც აზომვითი ნახაზზე აღარ იყო დატანილი ჭა, შესაბამისად გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია არ იყო უფლებამოსილი 2019 წლის 10 აპრილს მიღებული N04----- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების თაობაზე. ამასთანავე სასამართლოსთვის გაურკვეველია ჭის არსებობა/არარსებობის ფაქტი, რატომ არის საფუძველი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის/არაიდენტურობის დადგენასთან დაკავშირებით.
6.10. სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა; მითითებულ ნორმაზე დაყრდნობით, სასამართლო განმარტავს, რომ კანონის მიზნებიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მიერ, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით განსაზღვრული მიწის ნაკვეთისა და წარდგენილი აგეგმვითი/აზომვითი ნახაზში ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობასთან მიმართებით, მიღებული გადაწყვეტილება, წარმოადგენს ადამინისტრაციულ სამართლებრივ აქტს, რომელზეც ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის დასაბუთების სტანდარტები.
სასამართლო განმარტავს, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მიღებული 2019 წლის 14 მარტის N------- და 2019 წლის 10 აპრილის N04----- აქტები ეწინააღმდეგება „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნებს, კერძოდ მე-16 მუხლს. აქტების მომზადებისას დარღვეულ იქნა საქართველოს იუსტიციის მინისტრის „მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მიერ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმის ფორმის დამტკიცების შესახებ“ 2016 წლის 30 ივლისის N150 ბრძანება, ვინაიდან მოპასუხე გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სადავო აქტების მიღებისას არ განხორციელებულა საკითხის ადგილზე შესწავლა, მიწის ნაკვეთის დათვალიერება და არ შედგენილა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების შესაბამისი ოქმი.
სასამართლო განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ არ იქნა შედგენილი ადგილზე დათვალიერების ოქმი, მათი მხრიდან არ მომხდარა საკითხის სრულყოფილად შესწავლა და არ იქნა დაცული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებული დასაბუთების სტანდარტები, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დამატებით უნდა მიემართა მუნიციპალიტეტისთვის „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლიდან გამომდინარე და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველი არ უნდა ყოფილიყო გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მიღებული 2019 წლის 14 მარტის N------- და 2019 წლის 10 აპრილის N04----- აქტები.
სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერ ვალდებულებას განაპირობებს ის გარემოება, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭილ იქნეს და მოექცეს სამართლებრივ ჩარჩოებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის სწორად გადაწყვეტამდე, ვინაიდან სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების შედეგს. გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე სუბიექტისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში.
სასამართლო განმარტავს, რომ აქტის დასაბუთებულად მიჩნევისათვის სრულებითაც არ კმარა მასში მხოლოდ კანონმდებლობის ცალკეული ნორმების მოხმობა, რადგან, დასაბუთება გულისხმობს როგორც სამართლებრივ, ასევე ფაქტობრივ დასაბუთებას, ფაქტობრივ დასაბუთებას კი გასაჩივრებული აქტები საერთოდ არ შეიცავენ, რაც ესოდენ საჭირო და მნიშვნელოვანია აღმჭურველი აქტებისათვის;
სასამართლო მიუთითებს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 21 ივლსის Nბს-667-642 (კ-13) გადაწყვეტილებაზე, სადაც სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება, გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილია პროცედურის დაცვა, რამდენადაც მიუკერძოებლად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობა-კანონიერების ხარისხი გაცილებით მაღალია, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა განმსაზღვრელ მნიშვნელობას ანიჭებს თვით აქტის კანონიერებას.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე მხარეს არც კი უმსჯელია და შეუსწავლია საკითხი ზემოაღნიშნულ გარემოებებთან მიმართებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანოებმა სრულყოფილად არ გამოიკვლიეს საკითხი, უსაფუძვლოდ მიიღეს სადავო აქტები, შესაბამისად სადავო აქტების მიღებისას დარღვეულ იქნა კანონმდებლობის მოთხოვნები, რის გამოც სახეზეა მისი ბათილობის სამართლებრივი საფუძვლები.
6.11. მოპასუხე მხარეებს არ წარმოუდგენია და საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, იმის შესახებ, რომ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ _ სამართლებრივ აქტის მიღების დროს შესწავლილი იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, არგუმენტებზე, რომლებიც არ არის სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლილი. ხოლო საქართველოს ასკ-ის მე-17 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ადმინისტრაციული აქტი.
ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული პირის მონაწილეობა აძლევს მას შესაძლებლობას დაიცვას თავისი უფლებები და პასუხობს პირის მოლოდინს, იმასთან დაკავშირებით, რომ მის მიმართ კანონიერი და დასაბუთებული აქტი გამოიცემა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას დაცული არ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი). ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი _ უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც მის მიერ არ განხორციელებულა; შესაბამისად, საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და მტკიცებულებათა შეგროვება განახორციელოს კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით, ხოლო უკვე არსებულ მტკიცებულებებს მისცეს სწორი და კანონშესაბამისი შეფასება.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ დარღვეულ იქნა საჯარო და კერძო ინტერესთა ბალანსი, რადგან გამოცემული ადმინისტრაციული აქტით არ დასაბუთდა მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება და მიზანშეწონილობა, რამაც გამოიწვია მოსარჩელის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
6.12. სასამართლო ადმინისტრაციულ ორგანოს უტოვებს საბოლოო გადაწყვეტილების _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის პრეროგატივას. სასამართლო, ასევე, იმ შემთხვევაში, როდესაც დაადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის უკანონობასა და მოსარჩელის სუბიექტური უფლების ხელყოფას, ავალებს ადმინისტრაციულ ორგანოს გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რამდენადაც სასამართლო არ არის უფლებამოსილი თვითონ განახორციელოს ადმინისტრაციული ორგანოსადმი კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება.
6.13. სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს წინასწარი გამოკვლევის გარეშე უარი განაცხადოს მის უფლებამოსილებაში შემავალ საკითხზე განცხადების ან შუამდგომლობის მიღებაზე იმ საფუძვლით, რომ ეს განცხადება ან შუამდგომლობა დაუშვებელი ან დაუსაბუთებელია.
6.14. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ადგილი არ ჰქონია საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლას, მიღებული აქტები არ არის დასაბუთებული, რის გამოც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 14 მარტის N------- და 2019 წლის 10 აპრილის N04----- ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტები და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 16 მარტის N8----------3-08 და 2019 წლის 03 ივნისის N1----- გადაწყვეტილებები და დაევალოს მოპასუხე მხარებსს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე ნორმის მესამე ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის ოდენობით გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, მე-12-13, 22-ე, 32-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ-----–---------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნეს ცნობილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 14 მარტის N------- და 2019 წლის 10 აპრილის N04----- ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტები და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 16 მარტის N8----------3-08 და 2019 წლის 03 ივნისის N1----- გადაწყვეტილებები და დაევალოს მოპასუხეებს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების, ურთიერთშეჯერების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
3. მოპასუხებს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის ოდენობით გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს (მდებარე ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე: ნინო ონიანი