გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210015001096264
2-3295/15
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
10/07/2019 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე
სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე
მოსარჩელე - აჭ--------------------------------–--------------------------------------------ო
წარმომადგენელი - ზ--------------ე
მოპასუხე - შპს ,,I------------------------------------“
წარმომადგენელი - გ--------–--–------------------------–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა
აჭ--------------------------------–--------------------------------------------ომ სარჩელი აღძრა შპს ,,I------------------------------------“-ს მიმართ და სასარჩელო განცხადებით მოითხოვა მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაეკისროს 371 903.72 ევროს ექვივალენტი ლარის და 561 803.76 ლარის გადახდა.
მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:
ა---------------------------------------ის 2009 წლის 6 იანვრის №1 ბრძანებით პირდაპირი მიყიდვის ფორმით 118 026 ლარად, შპს ,,I------------------------------------“-ს, ვალდებულების შესრულების პირობით საკუთრებაში გადაეცა ხ--–----------------–----–----------------–-----–--ში მდებარე 39 342 კვ.მ მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი 22.25.05.055. აღნიშნული ბრძანების შესრულების მიზნით, აჭ--------------------------------------------------ოს და შპს ,,I------------------------------------“-ს შორის გაფორმდა 2009 წლის 6 იანვარს ნასყიდობის ხელშეკრულება, რაშიც 2010 წლის 13 იანვარს, 2011 წლის 10 თებერვალს, 2012 წლის 16 მაისს და 2013 წლის 9 ოქტომბერს შეტანილ იქნა სხვადასხვა შინაარსის ცვლილებები. ხელშეკრულების მიხედვით, მოპასუხე ვალდებული იყო შეთანხმებულ ვადაში გადაეხადა ნასყიდობის ფასი, 2014 წლის ბოლომდე უზრუნველეყო 3D პანელის, მეტალის კონსტრუქციების, ასევე, სხვა სამშენებლო მასალის საწარმოს მშენებლობა და ექსპლუატაციაში შეყვანა, რისთვისაც უნდა განახორციელოს არანაკლებ ექვსი მილიონი ევროს ინვესტიცია. მათ შორის, 2014 წლის პირველ მაისამდე არანაკლებ ერთი მილიონი ევროს ინვესტიცია. 2014 წლის პირველ მაისამდე საწარმოს ექსპლუატაციაში შეყვანამდე უნდა დაასაქმოს არანაკლებ ორმოცდაორი მოქალაქე და მათი ოდენობა 2014 წლის ბოლომდე უნდა გაიზარდოს არანაკლებ ას მოქალაქემდე. დასაქმებულთა რაოდენობის შენარჩუნება უნდა უზრუნველყოს არანაკლებ სამი წლის განმავლობაში. ამასთან, დასაქმებულთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 80 % უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე. ხელშეკრულება იმავდროულად შეიცავდა შეთანხმებას პირგასამტეხლოს გადახდაზე, კერძოდ, ხელშეკრულების მეოთხე მუხლით მოპასუხეს პასუხისმგებლობა ეკისრება სამუშაო ადგილების შეუქმნელობისა და დაუსაქმებლობის ასევე საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. კერძოდ, სამუშაო ადგილის შეუქმნელობისათვის გათვალისწინებულია ჯარიმა ნასყიდობის ფასის 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ასევე პირგასამტეხლოა დაწესებული ინვესტიციის განუხორციელებლობისას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1 %-ის ოდენობით. ასევე პირგასამტეხლოა დაწესებული სხვა ვალდებულებების შეუსრულებლობისას, მათ შორის, ხელშეკრულების 4.4 პუნქტის მიხედვით, მყიდველს პირგასამტეხლოს სახით ეკისრება ნასყიდობის ფასის 50 %-ის გადახდა. მოპასუხემ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები და არ უზრუნველყო სამშენებლო მასალის საწარმოს მშენებლობა და ინვესტიციის განხორციელება. ასევე, მოქალაქეთა დასაქმება. აღნიშნულის გამო მას პირგასამტეხლოს სახით უნდა გადახდეს 2012 წლის 1 ნოემბრამდე საწარმოს ექსპლუატაციაში შეყვანამდე არანაკლებ 42 ადამიანის სამუშაო ადგილის შეუქმნელობისთვის ჯარიმა ქონების ნასყიდობის ფასის (118 026) 1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც შეადგენს დღეში 1180.26 ლარს. 2012 წლის 1 ნოემბრიდან 2013 წლის 9 ოქტომბრის ჩათვლით, 343 ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს 404 829.19 ლარს. 2012 წლის 1 ნოემბრამდე განსახორციელებელი ინვესტიციის (842 284.9 ევრო) 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, სულ დარიცხული პირგასამტეხლო 2012 წლის 1 ნოემბრიდან 2013 წლის 2013 წლის 9 ოქტომბრის ჩათვლით, 343 ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს 288 903,72 ევროს. 2014 წლის 1 მაისამდე საწარმოს ექსპლუატაციაში შეყვანამდე არანაკლებ 42 მოქალაქის დაუსაქმებლობის გამო, ქონების ნასყიდობის ფასის (118 026 ლარი) 1 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (დღეში 1180.26 ლარი) 2014 წლის 1 მაისიდან 2014 წლის 22 ივლისის ჩათვლით (83 ვადაგადაცილებული დღე) ჯარიმა 97 961.58 ლარი. ამავე პერიოდში, ერთი მილიონი ევროს ინვესტიციის განუხორციელებლობისათვის პირგასამტეხლოს სახით ეკისრება პირგასამტეხლო 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (დღეში 1000 ლარი) 2014 წლის 1 მაისიდან 2014 წლის 22 ივლისის ჩათვლით (83 ვადაგადაცილებული დღე), სულ ჯარიმა 83 000 ევრო. საერთო ჯამში მას პირგასამტეხლოს სახით გადასახდელი აქვს 371 903.72 ევროს ექვივალენტი ლარი და 561 803.76 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია:
შპს ,,I------------------------------------“ სარჩელს ცნობს ნაწილობრივ. მისი წარმომადგენლები ადასტურებენ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ა---------------------------------------ის 2009 წლის 6 იანვრის №1 ბრძანებით შპს ,,I------------------------------------“-ს ვალდებულების შესრულების პირობით საკუთრებაში გადაეცა 39 342 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა გარკვეული პირობების შესრულების ვალდებულებას. ასევე ითვალისწინებდა ვალდებულების შეუსრულებლობისას პირგასამტეხლოს დარიცხვას. ადასტურებენ, რომ ვალდებულება ჯეროვნად ვერ შესრულდა, მაგრამ ვალდებულების შეუსრულებლობა არ იყო მხოლოდ მოპასუხის ბრალი. ვალდებულების შეუსრულებლობაში გარკვეულწილად ხელშეწყობის პრობლემას ასახელებს. საერთო ჯამში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობას ადასტურებს და ამტკიცებს რომ მას პირგასამტეხლოს სახით გადასახდელი აქვს მხოლოდ 695000 ლარი, (კერძოდ: 404 829.18 ლარი არ აქვს გადასახდელი, 288 903,72 ევროდან გადასახდელი 123 402 ლარი, 97 961,5 ლარი არ აქვს გადასახდელი, 83 000 ევროდან გადასახდელი აქვს 43 000 ევრო და 59 013 ლარი აქვს გადასახდელი). ასევე მოითხოვს გათვალისწინებულ იქნას ის გარემოება, რომ მას ამ პროექტის განხორციელებაში დახარჯული აქვს 1 111 970 ლარი, რითაც კომპანია დაზარალდა.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ა---------------------------------------ის 2009 წლის 6 იანვრის №1 ბრძანებით პირდაპირი მიყიდვის ფორმით 118 026 ლარად შპს ,,I------------------------------------“-ს ვალდებულების შესრულების პირობით საკუთრებაში გადაეცა ხ--–----------------–----–----------------–-----–--ში მდებარე 39 342 კვ.მ მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი 22.25.05.055.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ა-------------------------------------არის 2009 წლის 6 იანვრის №1 ბრძანება ტ.1. ს.ფ. 23-24;
3.1.2. 2009 წლის 06 იანვარს ა-------------------------------------------------------სა და შპს ,,I----------------------------------t“-ს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის 3.2 მუხლით მყიდველმა აიღო შემდეგი ვალდებულებები:
ა) დადგენილ ვადაში გადაიხადოს ნასყიდობის ფასი და მიაწოდოს გამყიდველს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტები;
ბ) ხელშეკრულების ხელმოწერიდან 5 (ხუთი) წლის განმავლობაში უზრუნველყოს მეტალის კონსტრუქციების საწარმოს მშენებლობა და ექსპლუატაციაში შეყვანა, რისთვისაც განახორციელოს არანაკლებ 10 (ათი) მილიონი ევროს ინვესტიცია, მათ შორის 2009 წლის განმავლობაში-არანაკლებ ერთი მილიონი ევროს ინვესტიცია;
გ) ქონებაზე უზრუნველყოს 2009 წლის განმავლობაში არანაკლებ 20 (ოცი) საქართველოს მოქალაქის დასაქმება, 2010 წლიდან ვიდრე საწარმოს ექსპლუატაციაში შეყვანამდე-არანაკლებ 100 (ასი) საქართველოს მოქალაქის დასაქმება, მათ შორის, ძირითადად აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების დასაქმება;
დ) ქარხნის ექსპლუატაციაში შეყვანის მომენტისათვის უზრუნველყოს არანაკლებ 300 (სამასი) საქართველოს მოქალაქის დასაქმება და იზრუნოს დასაქმებულთა რაოდენობის შენარჩუნებისათვის. მათ შორის, ძირითადად აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების დასაქმება;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ნასყიდობის ხელშეკრულება ტ.1. ს.ფ. 27-33.
3.1.3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების, შპს ,,I----------------------------------t”-ისთვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ აჭარის არ მთავრობის თავმჯდომარის 2009 წლის 6 იანვრის №1 ბრძანებაში, ა-----------------------------------------ის 2010 წლის 13 იანვრის №2, 2011 წლის 10 თებერვლის №30, 2012 წლის 16 მაისის №108 და 2013 წლის 9 ოქტომბრის №233 ბრძანებებით შეტანილი იქნა ცვლილებები, საპრივატიზებო პირობებში და ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თარიღი გადავადდა, ხელშეკრულებით ნაკისრი სხვადასხვა პირობების, ინვესტიციის ჩადების, საწარმოს მშენებლობის, მოქალაქეთა დასაქმების მხრივ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ა-----------------------------------------ის 2010 წლის 13 იანვრის №2, 2011 წლის 10 თებერვლის №30, 2012 წლის 16 მაისის №108 ბრძანებები ტ.1. ს.ფ. 30; 67; 80;
-2010 წლის 15 იანვრის, 2011 წლის 21 თებერვლის, 2012 წლის 30 მაისის შეთანხმების აქტები ტ.1. ს.ფ. 34-39; 69-74;
-მხარის განმარტებები;
3.1.4. 2013 წლის 2 დეკემბერს ა----------------------------------------------------ოსა და შპს ,,I----------------------------------t“-ს შორის კვლავ გაფორმდა შეთანხმების აქტი, რომლითაც 2009 წლის 6 იანვარს გაფორმებულ ხელშეკრულებაში შეტანილი იქნა ცვლილებები და ვალდებულებები ჩამოყალიბდა შემდეგნაირად:
ბ) 2014 წლის ბოლომდე უზრუნველყოს 3D პანელის, მეტალის კონსტრუქციების, ასევე სხვა სამშენებლო მასალის საწარმოს ექსპლუატაციაში შეყვანა, რისთვისაც განახორციელოს არანაკლებ 6 (ექვსი) მილიონი ევროს ინვესტიცია, მათ შორის 2014 წლის 1 მაისამდე _ არანაკლებ 1 (ერთი) მილიონი ევროს ინვესტიცია.
გ) 2014 წლის 1 მაისამდე საწარმოს ექსპლუატაციაში შეყვანამდე დაასაქმოს არანაკლებ 42 (ორმოცდაორი) მოქალაქე, ხოლო 2014 წლის ბოლომდე გაზარდოს დასაქმებულთა რაოდენობა არანაკლებ 100 (ასი) მოქალაქემდე, უზრუნველყოს დასაქმებულთა რაოდენობის არანაკლებ 3 (სამი) წლის განმავლობაში შენარჩუნება და საწარმოში დასაქმებულთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 80%-მდე საქართველოს მოქალაქის დასაქმება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2013 წლის 9 ოქტომბრის №233 ბრძანება ტ.1. ს.ფ. 126;
- 2013 წლის 2 დეკემბრის შეთანხმების აქტი ტ.1. ს.ფ. 132-137 ;
- მხარეთა განმარტებები;
3.1.5. ვალდებულების დარღვევისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო, კერძოდ ინვესტიციის განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების 4.2 პუნქტით განსაზღვრულია ჯარიმა განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. სხვა ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ქონების ნასყიდობის ფასის 1% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში მყიდველს დაეკისრება ნასყიდობის ფასის 50 %-ის გადახდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ნასყიდობის ხელშეკრულება ტ.1. ს.ფ. 27-33;
3.1.6. მხარეები არ დაობენ მასზედ, რომ მოპასუხემ შეთანხმებულ ვადაში ვერ უზრუნველყო 3D პანელის, მეტალის კონსტრუქციების, ასევე, სხვა სამშენებლო მასალის საწარმოს მშენებლობა და ექსპლუატაციაში შეყვანა. ვერ განახორციელა არანაკლებ ექვსი მილიონი ევროს ინვესტიცია, მათ შორის, 2014 წლის პირველ მაისამდე არანაკლებ ერთი მილიონი ევროს ინვესტიცია. 2014 წლის პირველ მაისამდე საწარმოს ექსპლუატაციაში შეყვანამდე ვერ დაასაქმა არანაკლებ ორმოცდაორი მოქალაქე. შესაბამისად 2014 წლის ბოლომდე ვერ გაზარდა მოქალაქეთა რაოდენობა არანაკლებ ას მოქალაქემდე. ვერ უზრუნველყო დასაქმებულთა რაოდენობის შენარჩუნება არანაკლებ სამი წლის განმავლობაში.
შპს ,,I------------------------------------“-მა ვალდებულების შესრულების მიზნით შეასრულა გარკვეული სახის სამუშაოები, კერძოდ: მოასწორა ბორცვებიანი დაჭაობებული ტერიტორია, რისთვისაც შეიტანა ქვა-ღორღი, წამოწია ტერიტორია და გაუსწორა ცენტრალური მაგისტრალის ნიშნულს. ტერიტორია შემოღობა ერთი კილომენტი სიგრძის მეტალო კონსტრუქციის რკინა-ბეტონის შეღებილი ღობით. ტერიტორიაზე მოეწყო ბეტონის საძირკვლები, ქარხნის ძირითადი საწარმო კომპლექსის პირველი საამქროსათვის. მომავალი ქარხნის საჭიროებისათვის სამი ახალგაზრდა სპეციალისტი კომპანიის ხარჯებით იტალიაში გაიგზავნა სასწავლებლად. კომპანიის აპარატში დასაქმდნენ იმ ეტაპის საჭიროების სპეციალისტები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა განმარტებები;
3.1.7. სადაო არაა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ა---------------------------------–---------------------------------------------ომ 2014 წლის 22 ივლისის №ს-437 ბრძანებით ხელშეკრულება ცალმხრივად მოშალა და მოპასუხესთან დადებული ხელშეკრულებიდან გავიდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა განმარტებები;
-2014 წლის 22 ივლისის №ს-437 ბრძანება ტ.1. ს.ფ. 144-152;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეთა შორის სადაოა ფორსმაჟორთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. ასევე მხარეთა შორის სადაოა პირგასამტეხლოს გონივრულობა. დადგენილია და მხარეებიც არ დაობენ მასზედ, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვაზე მხარეები შეთანხმდენ ხელშეკრულებით. სარჩელებში მოთხოვნილი ოდენობის პირგასამტეხლო არის თუ არა გონივრული, ეს საკითხი არ წარმოადგენს ფაქტობრივ გარემოებას. იგი სამართლებრივი შეფასების კატეგორიისა და მასზე სასამართლო იმსჯელებს საკითხის სამართლებრივი შეფასებისას.
3.2.2. მხარეებს შორის სხვა გარემოებებიცაა სადაო, მაგრამ დავის გადაწყვეტისათვის ფორს-მაჟორის დადგენა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.
3.2.3. სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოების სადაოობისას სასამართლო ხელმძღვანელობს შეჯიბრებითობის, დისპოზიციურობისა და თანასწორობის პრინციპით, რაც გულისხმობს მას, რომ საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს იმგვარად, რომ ფაქტის მტკიცება ობიექტურად შესაძლებელი იყოს. მხარეს, რომელსაც დაეკისრება რომელიმე ფაქტის დამტკიცება, მისთვის ასეთი გარემოების დამტკიცება ობიექტურად შესაძლებელი უნდა იყოს. მხარეებს არ უნდა დაეკისროთ იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია. სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,I----------------------------------t”-ს უნდა დაეკისროს დაამტკიცოს, რომ მან სამუშაოები შეთანხმებულ ვადაში ვერ შეასრულა მისგან დამოუკიდებელი ძალის ზეგავლენის გამო. ამ გარემოებათა დამტკიცება შესაძლებელია ზეპირი განმარტებით, მოწმის ჩვენებით, ასევე ნებისმიერი იმ მტკიცებულებით, სადაც ასახული იქნება დაუძლეველი ძალის ხელშეშლა.
3.2.4. მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება არ გამორიცხავს მხარეთა უფლებას, წარმოადგინონ ის მტკიცებულებები, რომელიც არაა დაკავშირებული დაკისრებული მტკიცების ტვირთთან, მაგრამ დაკავშირებულია საქმის სადაო ფაქტობრივ გარემოებებთან. ამ გზით ისინი შეძლებენ მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაბათილებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება სრულებით შეესაბამება შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპს და სამართლიანი განაწილებაა.
3.2.5. თავისი საპროცესო ვალდებულების შესრულების მიზნით შპს ,,I----------------------------------t“-ის წარმომადგენელმა ზეპირად განმარტა, რომ 2009 წლის 6 იანვრის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობები ვერ შეასრულა იმის გამო, რომ 2009 წლის მაისში ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან განხორციელდა გარკვეული სახის დესტრუქციული ქმედებები, რომელთა გამო შეუძლებელი გახდა შემდგომი მუშაობის გაგრძელება. აღნიშნულმა ქმედებებმა გამოიწვიაკომპანიის ფინანსური ზარალი და მისი საქმიანი რეპუტაციის შელახვა. აღნიშნულის გამო კომპანიის უცხოელმა პარტნიორებმა უარი განაცხადეს პროექტში მონაწილეობაზე. შექმნილ ვითარებაში შპს ,,I----------------------------------t“-ის ქართველმა დამფუძნებელმა დაიწყო დაფინანსების სხვა გზების მოძიება, მაგრამუშედეგოდ. შექმნილ ვითარებაში არავინ არ ისურვა რაიმე სახის საინვესტიციო აქტივობა და ეს გამოწვეული იყო არა პროექტის ეკონომიკური გაუმართლებლობით, არამედ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარებით. 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, საბოოლოდ ინვესტორად შეირჩა თურქული კომპანია „იამანლარი“. თურქმა ინვესტორებმა ვითარების გარკვევა-გამოსწორებამდე დროებით შეაჩერა საინვესტიციო აქტივობა და საბრუნავი თანხების გადარიცხვა. შემდეგში მოსარჩელემ გამოსცა ბრძანება, რომლითაც შეწყდა ნასყიდობის ხელშეკრულება და შპს ,,I----------------------------------t“დაეკისრა პირგასამტეხლო.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ ფორმსაჟორი ფაქტობრივი გარემოებაა. ფორსმაჟორის დამტკიცებაში მხარეები ერთმანეთს ეჯიბრებიან მტკიცებულებებით. მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას ფორსმაჟორის არსებობის შესახებ. მოსარჩელემ უნდა წარმოადგინოს მტლიცებულება და დაამტკიცოს, რომ მან ვალდებულება ვერ შეასრულა ფორსმაჟორის გამო. თითოეული მტკიცებულება ფასდება სასამართლოს მიერ და ამიტომაც არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ფორსმაჟორის დადასტურებისათვის ყველა მტკიცებულება არ გამოდგება. ყველა საკითხი ინდივიდუალურია, ამიტომ კონკრეტული მტკიცებულება რიგ შემთხვევაში შეიძლება ადასტურებდეს დაუძლეველი ძალის ზეგავლენას, რიგ შემთხვევაში კი არა. წინამდებარე შემთხვევაში მოპასუხეს დაუძლეველი ძალის ზეგავლენით ვალდებულების შეუსრულებლობას ამტკიცებს მხოლოდ ზეპირი განმარტებით. მას სხვა მტკიცებულება არ აქვს. მართალია მოპასუხის ზეპირი განმარტებაც მტკიცებულებაა, მაგრამ გასათვალისწინებელია მტკიცებულებათა კონკურენციის პრობლემა. მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელემ ზეპირი განმარტებითვე უარყო. სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა ზეპირი განმარტებაც მტკიცებულებაა. მხარეებს უფლება აქვთ ზეპირად ამტკიცონ ესა თუ ის გარემოება, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზეპირი განმარტებით ფაქტების მტკიცების უფლება აქვს ორივე მხარეს. მოპასუხეს შეუძლია ზეპირად უარყოს მოსარჩელის მიერ გადმოცემული ფაქტები, და პირიქით. ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტები მაშინ ითვლება დადგენილად და დადასტურებულად, როდესაც მხარეები მას ადასტურებენ და სადაოდ არ ხდიან. თუ ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტი, მხარეებისათვის სადაოა, მაშინ ის აღარ წარმოადგენს სათანადო მტკიცებულებას. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია გაცხადებული ფაქტები დასტურდებოდს ზეპირ განმარტებაზე უფრო მყარი მტკიცებულებით. ზეპირად ნებისმიერ პირს, ნებისმიერი ფაქტის გადმოცემა შეუძლია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია რამდენად სარწმუნოა მისი განმარტება. თითოეული ზეპირი განმარტება უნდა დასტურდებოდეს სხვა უფრო მყარი მტკიცებულებით. ანუ აუცილებელია გამოყენებული იქნას მტკიცების უფრო მაღალი სტანდარტი, ვიდრე ზეპირი განმარტების სტანდარტია. აღნიშნულიდან გამომდინარე ზეპირი განმარტება ვერ იქნება დაუძლეველი დაბრკოლების ანუ ფორსმაჟორის დამადასტურებელი მტკიცებულება. შესაბამისად მოპასუხემ ვერ დაამტკიცა, რომ მან ვალდებულების შესრულებას შეეცადა, მაგრამ მის შესრულებაში ხელი შეეშალა დაუძლეველი ძალის ზეგავლენით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ აჭ--------------------------------–--------------------------------------------ოს სარჩელი ნაწილობრივ საფუძვლიანია. შპს `I----------------------------------t“-მა ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა, რის გამოც მან უნდა გადაიხადოს ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლო. ამასთან პირგასამტეხლო არაა გონივრულად გაანგარიშებული და მისი ოდენობა უნდა შემცირდეს.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, სასამართლოს მეშვეობით დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხემ ნაკისრი მოვალეობა არ შეასრულა, რის გამოც ის ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო. თუ მოპასუხემ არ შეასრულა ნაკისრი მოვალეობა, მაშინ მისი ქმედება (ან უმოქმედება) უნდა შეფასდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გზით მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს გადახდა.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლება შესაბამისი საფუძვლის გარეშე არარსებობს. თანხის გადახდის მოთხოვნას აუცილებლად სჭირდება შესაბამისი ვალდებულების არსებობა (საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი). მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. მოსარჩელე მიუთითებს სახელშეკრულებო ურთიერთობაზე. სახელშეკრულებო ურთიერთობისათვის მთავარი მახასიათებელია სათანადო პირობებით შეთანხმებული გარიგების არსებობა.
6.3. დადგენილია და სადაო არარის ის გარემოება, რომ აჭ--------------------------------–--------------------------------------------ოს ერთერთი ფუნქციაა აჭ-------------------------------------ი პოლიტიკის განსაზღვრა. თავის მხრივ შპს ,,I------------------------------------“ კერძო სამართლის სუბიექტია და მისი მიზანია მოგების მიღება. სწორედ ამ მიზნებმა დააკავშირა მოსარჩელე და მოპასუხე ერთმანეთს. დადგენილია, რომ 2009 წლის 6 იანვარს ა-------------------------------------------------------სა და შპს `I----------------------------------t-ს~ შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ იკისრა 2014 წლის ბოლომდე უზრუნველყოს 3D პანელის, მეტალის კონსტრუქციების, ასევე სხვა სამშენებლო მასალის საწარმოს ექსპლუატაციაში შეყვანა, რისთვისაც განახორციელოს არანაკლებ 6 (ექვსი) მილიონი ევროს ინვესტიცია, მათ შორის 2014 წლის 1 მაისამდე _ არანაკლებ 1 (ერთი) მილიონი ევროს ინვესტიცია. 2014 წლის 1 მაისამდე საწარმოს ექსპლუატაციაში შეყვანამდე დაასაქმოს არანაკლებ 42 (ორმოცდაორი) მოქალაქე, ხოლო 2014 წლის ბოლომდე გაზარდოს დასაქმებულთა რაოდენობა არანაკლებ 100 (ასი) მოქალაქემდე, უზრუნველყოს დასაქმებულთა რაოდენობის არანაკლებ 3 (სამი) წლის განმავლობაში შენარჩუნება და საწარმოში დასაქმებულთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 80%-მდე საქართველოს მოქალაქის დასაქმება. აჭ--------------------------------–--------------------------------------------ოსხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის ფასის სრულად დაფარვის შემდეგ გაეცა მყიდველზე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. ამ გარიგების საფუძველზე მხარეებს ერთმანეთის მიმართ წარმოეშვათ ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობები.
6.4. გარიგების დადების შემდეგ მნიშვნელოვანია დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვანი შესრულების საკითხი. თითოეულ მხარეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე უფლება აქვს მეორე მხარისაგან მოითხოვოს ნაკისრი მოვალეობის შესრულება. თავის მხრივ ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი გარიგების მონაწილეებს ავალდებულებს ვალდებულება შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მხარეები ვალდებულნი არიან დასახელებული მოთხოვნობი დაიცვან ზედმიწევნით. მხოლოდ ამ წესის დაცვის შემთხვევაში ჩაეთვლებათ მათ ვალდებულება შესრულებულად. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება თავისი შინაარსით პირობიანი ნასყიდობის ხელშეკრულებაა. მისი გაფორმების შემდეგ, აჭ--------------------------------–--------------------------------------------ოს, როგორც უძრავი ქონების გამყიდველს უფლება ჰქონდა მოეთხოვა მოპასუხეს შეძენილ ქონებაში მოეწყო ის ინფრასტრუქტურა, რაზეც ხელშეკრულებით იყვენ შეთანხმებულნი. თავის მხრივ შპს ,,I----------------------------------t“ ვალდებული იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ანუ სამუშაოები შეესრულებინა შეთანხმებული პირობების შესაბამისად დათქმულ დროში. ვალდებულების შესულების მიზნით შპს „I----------------------------------t~-მა შეასრულა გარკვეული სამუშაოები, მაგრამ მან სამუშაოები შეთანხმებულ ვადებში ვერ დაასრულა, ვერ უზრუნველყო:
- 2014 წლის ბოლომდე უზრუნველყო 3D პანელის, მეტალის კონსტრუქციების, ასევე სხვა სამშენებლო მასალის საწარმოს ექსპლუატაციაში შეყვანა, რისთვისაც განახორციელებინა არანაკლებ 6 (ექვსი) მილიონი ევროს ინვესტიცია, მათ შორის 2014 წლის 1 მაისამდე _ არანაკლებ 1 (ერთი) მილიონი ევროს ინვესტიცია.
- 2014 წლის 1 მაისამდე საწარმოს ექსპლუატაციაში შეყვანამდე ვერ დაასაქმა არანაკლებ 42 (ორმოცდაორი) მოქალაქე, ხოლო 2014 წლის ბოლომდე ვერ გაზარდა დასაქმებულთა რაოდენობა არანაკლებ 100 (ასი) მოქალაქემდე, ვერ უზრუნველყო უნდა დასაქმებულთა რაოდენობის არანაკლებ 3 (სამი) წლის განმავლობაში შენარჩუნება და საწარმოში დასაქმებულთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 80%-მდე საქართველოს მოქალაქის დასაქმება.
6.5. უდაო გარემოებაა, რომ მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდენ პირგასამტეხლოს გადახდაზე. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულება, რის გამოც მას გადასახდელად უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო. მოსარჩელის დასახელებული მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების საფუძვლებიდან. დასახელებულ ნორმებში განმარტებულია პირგასამტეხლოს შინაარსი, რომლის მიხედვითაც პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა. მისი მიზანია ხელშეკრულების მხარეთა იძულება ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისაკენ. თითოეულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას მოჰყვება პასუხისმგებლობა და გარდა ძირითადი ვალდებულების შესრულებისა, დამატებით დაეკისრება საჯარიმო სანქცია. დამატებითი ხარჯების გაწევის თავიდან აცილების მიზნით, თითოეულმა მხარემ დროულად და ჯეროვნად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ამასთან პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მინიმალურ მოთხოვნას. მისი გადახდა ეკისრება იმ პირს, ვინც დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს.
განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლო, მხარეთა შორის წერილობით არის შეთანხმებული და ის მხარეთა შორის დავას არ იწვევს. ხელშეკრულების 4-ე მუხლი ითვალისწინებს შპს ,,I----------------------------------t“-ს პასუხისმგებლობას, რომლის 4.2. პუნქტის თანახმადაც - „თუ მყიდველი წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში არ შეასრულებს თავის ვალდებულებებს, მაშინ: მყიდველი უხდის გამყიდველს ჯარიმას/პირგასამტეხლოს - „ბ.ა) ინვესტიციის განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში - დარჩენილი განსახორციელებლი ინვესტიციის 0,1 %-ის ოდენობით ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის; ბ.ბ) წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში - ქონების ნასყიდობის ფასის ერთი პროცენტის ოდენობით ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის“. 4.4. პუნქტის თანახმად - „გამყიდველის მიერ ხელშეკრულების 4.3. პუნქტით მინიჭებული უფლების გამოყენების შემთხვევაში მყიდველს ეკისრებაპირგასამტეხლო ქონების ნასყიდობის ფასის 50%-ის ოდენობით.
მტკიცებულებათა გამოკვლევით დადგენილია, რომ შპს ,,I----------------------------------t“-მა ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადას გადააცილა. ამ ვალდებულების სათანადო შეუსრულებლობა წარმოშობს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას იმ წესის მიხედვით, რა წესით პირგასამტეხლოს გაანგარიშებაზე მხარეები შეთანხმდენ ხელშეკრულებით. მართალია მან ვალდებულების დარღვევაში თავისი ბრალეულობა გამორიცხა და ფორსმაჟორზე მიუთითა, მაგრამ ფორსმაჟორთან დაკავშირებით მისი არგუმენტები სასამართლომ არ გაიზიარა.
6.6. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით ,,სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო”.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია მოვალის პასუხისმგებლობის ამაღლების მცდელობა. მოვალემ პირგასამტეხლოს თავის არიდების მიზნით კრედიტორის წინაშე ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და დროულად. ასევე მისი მიზანია ვალდებულების დაყოვნებით კრედიტორზე მიყენებული ზიანის კომპენსირება და დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს მიზანი არაა კრედიტორის გამდიდრება მოვალის ხარჯზე. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობასაც იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ, თუ ეკონიმიკურ შედეგებს. ასევე გასათვალისწინებელია დარღევის ხარისხი, შედეგი, მოპასუხის დამოკიდებულება ვალდებულებისადმი, დამდგარი ზიანი და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. მათი ერთობლიობით უნდა გადაწყდეს პირგასამტეხლოს გონივრულობის საკითხი.
წინამდებარე შემთხვევაში მხარეებს პირგასამტეხლო გამოხატული აქვთ პროცენტული მაჩვენებლით. თუმცა პირგასამტეხლოდ გაანგარიშებული თანხის ოდენობა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. 0.1 %-ს და 1% ოდენობის პირგასამტეხლო რიგ შემთხვვაში გუნივრულია, რიგ შემთხვევაში ცდება გონივრულობის ზღვარს. თითოეული ვალდებულების მნიშვნელობა განსხვავებულია, განსხვავებულია დარღვევის შედეგიც, ამიტომ დაუშვებელია ყველა სახის დარღვევისათვის ერთი მოცულობის თანხა იყოს პირგასამტეხლოდ განსაზღვრული. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოცემულ შემთხვევაში კანონმა სასამართლოს მიანიჭა უფლება კონკრეტული გარემოებების გათვალისწინების შედეგად შეამციროს პირგასამტეხლოს ოდენობა. სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს პროცენტული მაჩვენებელი (ორივე შემთხვევაში ერთდროულად) შემცირდეს 1,9-ჯერ. შესაბამისად შპს `I----------------------------------t“-ს გადასახდელად უნდა დაეკისროს 800 000 ლარი.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ ბაჟის ოდენობა გამოიანგარიშა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის მოთხოვნათა დაცვით. დასახელებული ნორმით სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში იურიდიული პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს. დავის საგნის ღირებულების მიხედვით აჭ--------------------------------–--------------------------------------------ოს სარჩელზე გადასახდელი ბაჟის ოდენობა შეადგენს 5000 ლარს. სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფიების გამო ბაჟის თანხა მხარეებს შორის უნდა განაწილდეს თანაბრად. შპს `I----------------------------------t“-ს ბაჟის სახით უნდა დაეკისროს 2500 ლარის გადახდა. ამდენივეს გადახდა ეკისრება აჭ--------------------------------–--------------------------------------------ოსაც, მაგრამ ის სახ. ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
უზრუნველყოფის ღონისძიება განსახილველ საქმეში გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. აჭ--------------------------------–--------------------------------------------ოს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივად;
2. შპს ,,I----------------------------------t“-ს აჭ--------------------------------–--------------------------------------------ოს სასარგებლოდ დაეკისროს 800 000 ლარის გადახდა;
3. შპს `I----------------------------------t“-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 2500 ლარის ოდენობით;
4. აჭ--------------------------------–--------------------------------------------ო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ.ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. 30);
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე