გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 30.09.2019
საქმის ნომერი
030310019003180373
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
30.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 030310019003180373

№ 3/100-2019

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30.09.2019 წ. ქ.ფოთი

შესავალი ნაწილი

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე

სხდომის მდივანი ლევანი ქირია

მოსარჩელე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო

განყოფილება

წარმომადგენელი შ------- ღ-----

მოპასუხე ა---- ვ----------

დავის საგანი სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი,ზედმეტად მიღებული, სახელმწიფო ფულადი დახმარების

ანაზღაურების დავალდებულება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

დაეკისროს მოპასუხე - ა---- ვ----------ს სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი, ზედმეტად მიღებული სახელმწიფო ფულადი დახმარების 500 ლარის დაბრუნება, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

მოქალაქე ა---- ვ----------ს 2017 წლის 05 ივლისს მიენიჭა სარეიტინგო ქულა 37620 და დაენიშნა სოციალური შემწეობა თვეში 50 ლარის ოდენობით. 2019 წლის 14 მარტს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილების სოციალური აგენტების მიერ გადამოწმდა ა---- ვ----------ს ოჯახი, მიზეზი: 06 თვის განმავლობაში არ განხორციელებულა საბანკო აქტიური ოპერაცია. ვიზიტისას გაირკვა, რომ ა---- ვ---------- იმყოფებოდა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, შედეგად გაფორმდა ოქმი და გაუუქმდა რეგისტრაცია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. ა---- ვ----------ს პატიმრობა არ იყო ასახული სამოქალაქო რეესტრის ბაზაში. შესაბამისად, სოციალური მომსახურების სააგენტოს წერილობით არ უცნობებია აღნიშნულის თაობაზე ფოთის საქალაქო განყოფილებისათვის. ფაქტის დასადასტურებლად წერილობით მიმართეს საქართველოს სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებას, საიდანაც წერილობით დადასტურდა, რომ ა---- ვ---------- სასჯელს იხდის 2017 წლის 19 ოქტომბრიდან. სოციალური მომსახურების სააგენტოს გასაცემლების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ა---- ვ----------ს ანგარიშზე, მისი პატიმრობის პერიოდში, ირიცხებოდა სოციალური შემწეობა 2017 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით, რამაც შეადგინა 800 ლარი, საიდანაც ბანკის მიერ დაბრუნებულ იქნა 300 ლარი. დარჩენილმა დავალიანებამ შეადგინა 500 ლარი. აღნიშნულთან დაკავშირებით წერილობით ეცნობა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, რომელსაც ასევე, ეთხოვა ა---- ვ----------სათვის ეცნობებინა მისი ვალდებულების შესახებ დავალიანების დაბრუნების თაობაზე. ზემოაღნიშნული უწყებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ა---- ვ----------ს ჩაბარდა შეტყობინება ქსნის N15 დაწესებულებაში და გადაეგზავნათ მისი წერილობითი პასუხი, რომლითაც იგი ადასტურებს თანხის მიღებას, მაგრამ უარს აცხადებს მის გადახდაზე, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სახელმწიფო მას კანონიერად ურიცხავდა თანხას. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის N145 დადგენილებით დამტკიცებული სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების წესის“ მე-6 მუხლის თანახმად, საარსებო შემწეობის ოდენობის გაანგარიშებისას ოჯახის წევრთა რაოდენობაში არ გაითვალისწინება ოჯახის წევრი, რომელიც მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მიუხედავად საარსებო შემწეობის დანიშვნის მომენტისათვის არის: ა) სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული, რომელსაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესაბამისად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა. ამავე დადგენილების მე-9 მუხლის თანახმად, საარსებო შემწეობის ადმინისტრირებისათვის სააგენტო უზრუნველყოფს: ა) საარსებო შემწეობის დანიშვნას, გაანგარიშებას, შეჩერებას, შეწყვეტას, განახლებას, აგრეთვე გაცემის ორგანიზაციას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ა---- ვ----------მ განცხადებით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა პროცესის ჩატარება მისი დასწრების გარეშე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ა---- ვ---------- (პ/ნ 4----------) იღებდა სოციალურ პაკეტს თვეში 50 ლარს.

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. ა---- ვ---------- იმყოფება სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, შედეგად გაფორმდა ოქმი და გაუუქმდა რეგისტრაცია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში

 

3.2.2. ა---- ვ---------- სასჯელს იხდის 2017 წლის 19 ოქტომბრიდან.

 

3.2.3. ა---- ვ----------ს ანგარიშზე, მისი პატიმრობის პერიოდში, ირიცხებოდა სოციალური შემწეობა 2017 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით, რამაც შეადგინა 800 ლარი, საიდანაც ბანკის მიერ დაბრუნებულ იქნა 300 ლარი. დარჩენილმა დავალიანებამ შეადგინა 500 ლარი.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, მხარის ახსნა-განმარტების მოსმენისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ივნისის №155 დადგენილებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი (კონკრეტული მუხლები იხილეთ სამართლებრივ შეფასებაში).

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლო იზიარებს მოსარჩელის პოზიციას და მიიჩნევს, რომ მოპასუხემ უკანონოდ მიიღო საარსებო შემწეობის თანხა 500 ლარი, რაც მას კანონით აღარ ეკუთვნოდა.

 

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის N145 დადგენილებით დამტკიცებული სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების წესის“ მე-6 მუხლის თანახმად, საარსებო შემწეობის ოდენობის გაანგარიშებისას ოჯახის წევრთა რაოდენობაში არ გაითვალისწინება ოჯახის წევრი, რომელიც მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მიუხედავად საარსებო შემწეობის დანიშვნის მომენტისათვის არის: ა) სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული, რომელსაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესაბამისად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა.

 

ამავე დადგენილების მე-9 მუხლის თანახმად, საარსებო შემწეობის ადმინისტრირებისათვის სააგენტო უზრუნველყოფს: ა) საარსებო შემწეობის დანიშვნას, გაანგარიშებას, შეჩერებას, შეწყვეტას, განახლებას, აგრეთვე გაცემის ორგანიზაციას.

 

სოციალური აგენტების მიერ გადამოწმდა ა---- ვ----------ს ოჯახი, მიზეზი: 06 თვის განმავლობაში არ განხორციელებულა საბანკო აქტიური ოპერაცია. ვიზიტისას გაირკვა, რომ ა---- ვ---------- იმყოფებოდა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, შედეგად გაფორმდა ოქმი და გაუუქმდა რეგისტრაცია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. ა---- ვ----------ს ანგარიშზე, მისი პატიმრობის პერიოდში, ირიცხებოდა სოციალური შემწეობა 2017 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით, რამაც შეადგინა 800 ლარი, საიდანაც ბანკის მიერ დაბრუნებულ იქნა 300 ლარი. დარჩენილმა დავალიანებამ შეადგინა 500 ლარი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით დადგენილია, რომ თანხა 500 ლარი, რომელიც მიიღო მოპასუხემ აღარ მიიჩნევა სოციალურ დახმარებად (საარსებო შემწეობად).

 

შესაბამისად, ცალსახაა, რომ ა---- ვ----------ს ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა განხორციელდა სათანადო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რადგან აღარ არსებობდა უფლებამოსილი ორგანოს იმ ვალდებულების წარმოშობის საფუძველი, რომლის ძალითაც იგი ახდენდა მოპასუხის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვას. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს უსაფუძვლო გამდიდრების მარეგულირებელ ნორმებზე დაყრდნობით მოითხოვოს მოპასუხისთვის უსაფუძვლოდ ჩარიცხული თანხების უკან დაბრუნება.

 

ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გარდა ადმინისტრაციული კანონმდებლობისა, გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმები, რომელიც ასევე არეგულირებს მოცემულ ურთიერთობას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისას, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლის მიხედვით, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნას მოთხოვილი.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია, რომ ერთი პირის გამდიდრება მოხდეს მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს იურიდიულ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობს ან შემდგომში იშლება. მნიშვნელობა არა აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე არა აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას თუ მართლწინააღმდეგობას. სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია მხოლოდ ობიექტური შედეგი – ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელია, რომ გამდიდრება უნდა მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე.

 

უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტის არსებობის შემთხვევაში იგულისხმება, რომ პირმა ქონება მიიღო (შეიძინა) შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე, რის გამოც აღნიშნული შენაძენი ექვემდებარება კიდევაც უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას, ანუ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას.

 

ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ მოპასუხემ მოსარჩელისგან კანონდარღვევით მიიღო კონკრეტული ოდენობის თანხა 500 ლარი, რაც გამოწვეული იყო მოსარჩელის ქმედებით. შესაბამისად, მიზეზობრივი კავშირის არსებობა სახეზეა. განსახილველ შემთხვევაში, სოციალური მომსახურების სააგენტო ვალდებული იყო მოეხდინა სოციალური დახმარების ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფა. იმ ფაქტმა, რომ მოპასუხე იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსარჩელის მიერ განხორციელებულ ქმედებებს ყოველგვარი სამართლებრივი საფუძველი გამოაცალა.

 

მოპასუხემ მოსარჩელისგან ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მიიღო 500 ლარი, რითაც ზიანი მიადგა სახელმწიფო ბიუჯეტს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და ის უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე.

 

შესაბამისად, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-9, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილების სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე ა---- ვ----------ს (პ/ნ 4----------) დაევალოს ზედმეტად მიღებული ფულადი სოციალური დახმარების - 500 ლარის ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

3. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება სააპელაციო წესით გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ფოთის საქალაქო სასამართლოს (ქ.ფოთი, დავით აღმაშენებლის ქ.№3) მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე