გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №180310019003225660 (3/384-19)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
24 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. მცხეთა
შესავალი ნაწილი
მცხეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა
სხდომის მდივანი - ნინო ჯანხოთელი
მოსარჩელე - ლ---------------ი
მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთის რაიონული სამმართველოს მ--------ს პოლიციის განყოფილება
წარმომადგენლები: და-------------ი (შემაკავებელი ორდერის შემდგენი პირი), მა---------------ე
მესამე პირი - გი--------------------–ი
დავის საგანი - შემაკავებელი ორდერის გაუქმება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთის რაიონული სამმართველოს მ--------ს პოლიციის განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის - და-------------ის მიერ 25.08.2019 წელს შედგენილი №0----- შემაკავებელი ორდერის გაუქმება.
2.მოპასუხის პოზიცია
2.1.მოპასუხე მხარემ წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე არ ცნო სარჩელი და ითხოვა მოსარჩელეს უარი ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
3.მესამე პირის პოზიცია
3.1.გი--------------------–იმ ცნო სარჩელი სრულად.
4.ფაქტობრივი გარემოებები
4.1.დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1.1.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთის რაიონული სამმართველოს მ--------ს მ--------ს პოლიციის განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის - და-------------ის მიერ 25.08.2019 წელს შედგენილ იქნა №0----- შემაკავებელი ორდერი და ოქმი, რომლითაც დადგენილია, რომ 24.08.2019 წელს ლ---------------მა განახორციელა ოჯახში ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა მამის - გი--------------------–ის მიმართ, რის გამოც მითითებული შემაკავებელი ორდერით მოძალადეს აეკრძალა:
-იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს;
-მსხვერპლთან, მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება;
-მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშულებების გამოყენებით;
-იარაღით (მათ შორის, სამსახურებრივი-საშტატო იარაღით) სარგებლობა;
-იარაღის შეძენის ნებართვის ან ლიცენზიის მოპოვება.
4.1.2.საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით მუხლით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის (თანასწორობის) პრინციპის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია შემაკავებელ ორდერში მითითებული გარემოებები. ამ კუთხით, აღსანიშნავია, რომ შემაკავებელი ორდერი გამყარებულია ოჯახური ძალადობის ფაქტზე ლ---------------ის მამხილებელი მტკიცებულებებით, სახელდობრ, 24.08.2019 წელს და 25.08.2019 წელს საგანგებო (ექსტრემალური) სამსახურების გამოძახების ერთიანი სატელეფონო ნომერზე − „112“-ზე შესული შეტყობინებებით და სავარაუდო მსხვერპლის - გი--------------------–ის, ასევე, ლაშა ბაირამოვის გამოკითხვის ოქმებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-შემაკავებელი ორდერი და ოქმი (ს.ფ. 72-78);
-შეტყობინება 112-ზე და წინა პერიოდის ადმინისტრაციული წარმოების მასალები (ს.ფ. 79-102);
-გამოკითხვის ოქმები (ს.ფ 103-108, 116);
-მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმის ჩვენება (იხ. 23.10.2019 წლის და 24.10.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმები).
სამოტივაციო ნაწილი
5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, ასევე მოწმის ჩვენებით, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ არსებობს ლ---------------ის მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
6.კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია; ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
7.სამართლებრივი შეფასება
7.1. ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციით მე-12 მუხლით, საქართველომ, როგორც ამ კონვენციის წევრმა სახელმწიფომ აიღო ვალდებულება უზრუნველყოს ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომა ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირის მხრიდან ამ კონვენციის მოქმედების სფეროში შემავალი ყველა ფორმის ძალადობის პრევენციისათვის.
კონვენციით რეგლამენტირებული გარანტიები მოცემულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსში და ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონში.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ)ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ)ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ)აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე და „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმე, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო სარჩელს წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან ნაწილობრივ გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს. . .
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის 10.1 მუხლის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები, იმავე მუხლის 36 ნაწილის მიხედვით, შემაკავებელი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე. იგი 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს, ხოლო შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში.
7.2. ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
იმავე კანონის შესაბამისად, მსხვერპლად მიიჩნევა – ქალი, აგრეთვე ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომელთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობით ან იძულებით და რომლებსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებულმა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (შემდგომ − მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი).
მითითებული კანონის მიზნებიდან გამომდინარე, ოჯახის წევრია დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
გასაჩივრებული შემაკავებელი ორდერი მოსარჩელის მიმართ შედგენილია იმ მოტივით, რომ მან ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად იძალადა მამაზე.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ა’’ და ,,ბ'' ქვეპუნქტით, ფიზიკური ძალადობაა ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს, ხოლო ფსიქოლოგიური ძალადობა არის შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას.
როგორც ზემოთ აღინიშნა, მოსარჩელის მიმართ შედგა შემაკავებელი ორდერი, თუმცა მხოლოდ ეს ფაქტი არ ნიშნავს იმას, რომ მოსარჩელე მოძალადეა, რამდენადაც არსებობს შემაკავებელი ორდერის შედგენისას ცდომილების შესაძლებლობა ანუ სასამართლომ უნდა შეამოწმოს მისი კანონიერება. ამ მხრივ კი მნიშვნელობა ენიჭება მტკიცებულებებს, რომლებიც უტყუარად ადასტურებენ შემაკავებელ ორდერში მითითებული ძალადობის ფაქტს.
მოცემულ ვითარებაში, საქმეში მოიპოვება რელევანტური და სარწმუნო მტკიცებულებათა ერთობლიობა შემაკავებელ ორდერში მითითებული გარემოებების დასადასტურებლად. განვიხილოთ მითითებული მტკიცებულებები ცალ-ცალკე:
უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია, რომ სასამართლოს სხდომაზე მესამე პირმა გი--------------------–იმ ცნო სარჩელი, რითაც უარყო შემაკავებელ ორდერში მითითებული გარემოებები. მსგავსი პოზიცია დააფიქსირა სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მოსარჩელის ძმამ და მესამე პირის შვილმა - ლაშა ბაირამოვმა, რასაც სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან დადგენილია, რომ გამოძიება დაწყებულია 112-ზე 24.08.2019 წელს 2---- საათზე შესული შეტყობინებით, კერძოდ, საგანგებო (ექსტრემალური) სამსახურების გამოძახების ერთიანი სატელეფონო ნომერზე მსხვერპლის გი--------------------–ის მიერ საკუთარი ტელეფონიდან - 5------------დან განხორციელებული ზარით ცნობილი გახდა, რომ იგი შვილის მიერ არის ნაცემი. გი--------------------–ის მხრიდან შეტყობინება ოჯახური ძალადობის თაობაზე იქნა წარდგენილი 112-ზე ასევე 25.08.2019 წელს 0---- საათზე, რომლითაც გი--------------------–იმ განმარტა, რომ შვილთან აქვს კონფლიქტი, იგი მას არ უშვებს სახლში.
როგორც აღინიშნა, შეტყობინებების საფუძველზე მ--------ს პოლიციის განყოფილებაში დაიწყო გამოძიება, რომლის ფარგლებში გამოიკითხა 24.08.2019 წელს ოჯახური ინციდენტის მსხვერპლი - გი--------------------–ი და აღნიშნული ფაქტის შემსწრე პირი - ლაშა ბაირამოვი.
გი--------------------–ის 25.08.2019 წლის გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2019 წლის 24 აგვისტოს იქნებოდა დაახლოებით 1---- საათი, როდესაც დაამთავრა სამუშაო და მივიდა სახლში. სახლში აღნიშნულ მომენტში იმყოფებოდნენ მისი შვილები ლაშა და ლ---------------ები.
გი--------------------–ის თავის შვილთან ლ---------------თან მოუვიდა სიტყვიერი შეკამათება მის სამეგობრო წრესთან დაკავშირებით, რაზედაც გაღიზიანდა ლ---------------ი, გახდა აგრესიული, დაუწყო გი--------------------–ის დედის მისამართით გინება და მივარდა ყელის არეში და ახრჩობდა, რა დროსაც გი--------------------–იმ განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულ ფაქტს ესწრებოდა გი--------------------–ის მეორე შვილი - ლაშა ბაირამოვი, რომელიც ცდილობდა თავის ძმისთვის ლ---------------ისათვის ხელიდან გამოეგლიჯა გი--------------------–ი.
გი--------------------–იმ გამოძიებას მისცა ჩვენება მასზედ, რომ მას მეორე შვილი ლაშა ბაირამოვი რომ არ დახმარებოდა, ვერ მოახერხებდა ლ---------------ისაგან თავის განთავისუფლებას. გიორგი ბარამ ოღლიმ გამოძიებას ასევე განუმარტა, რომ აღნიშნული ძალადობის დროს ლ---------------მა გი--------------------–ის შემოახია პერანგი და ისიც მიუთითა, რომ ლ---------------ს არაერთხელ მიუყენებია გი--------------------–ისათვის ფიზიკური შეურაცხყოფა.
გი--------------------–ის მიერ ლ---------------ის მხრიდან მასზედ ძალადობის ფაქტის ამსახველ ჩვენება განმეორებით იქნა მიცემული გამოძიებისათვის 26.08.2019 წელს.
მსგავსი ჩვენება მისცა გამოძიებას 26.08.2019 წელს ოჯახის წევრმა და ოჯახური ძალადობის ფაქტის უშუალოდ შემსწრე ლაშა ბაირამოვმა, მისი გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ ლაშა ბაირამოვის მიერ დადასტურებულია გი--------------------–ის მხრიდან გამოძიებისათვის მიცემული ჩვენება ლ---------------ის მიერ მასზედ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების თაობაზე.
ნიშანდობლივია, რომ გი--------------------–ის მიერ მითითებული გარემოება მის ოჯახში სავარაუდო ძალადობის ფაქტების 25.08.2019 წლის გარდა ადრეულ პერიოდშიც არსებობის თაობაზე, დადგენილია მოპასუხის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით 112-ზე შესული შეტყობინებებით, პატაკებით და გამოკითხვის ოქმებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მოსაზრებით, ოჯახში ძალადობის გამომრიცხველ მტკიცებულებად ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს სხდომაზე მესამე პირის - გი--------------------–ის განმარტება და მოწმე ლაშა ბაირამოვის ჩვენება.
სასამართლო ამახვილებს ყურადღებას გი--------------------–ის მიერ სარჩელის ცნობაზე, რაც სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დისპოზიციურობის გამოვლინებაა. სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობა საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია, თუმცა აგრეთვე სამოქალაქო საპროცესო და მატერიალური კანონმდებლობის ძირითად პრინციპს წარმოადგენს კეთილსინდისიერება, შესაბამისად, უფლებების გამოყენებაც (თუნდაც სარჩელის ცნობისა) უნდა მოხდეს ამ პრინციპის ფარგლებში.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც ცნობილია, რომ გი--------------------–ი არის ლ---------------ის მამა, ხოლო ლაშა ბაირამოვი - ლ---------------ის ძმა. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ინციდენტს ადგილი ჰქონდა 24.08.2019 წელს, ხოლო გი--------------------–ისთან და ლაშა ბაირამოვთან გამოკითხვის ოქმები შედგენილია 25.08.2019 წელს და 26.08.2019 წელს ანუ შემთხვევიდან დაუყოვნებლივ, რაც მიუთითებს მასზედ, რომ გამოკითხვის ოქმებში გადმოცემული ინფორმაცია მიღებულია გამოკითხული პირების მხრიდან გულწრფელი და გულახდილი ჩვენების შედეგად და სასამართლო სხდომაზე განსხვავებული პოზიციის დაფიქსირება, სასამართლოს მოსაზრებით განპირობებულია გი--------------------–ისა და ლაშა ბაირამოვის მხრიდან მათი ოჯახის წევრის და ახლო ნათესავის - ლ---------------ისადმი გულშემატკივრობით.
სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმადაც, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
კონკრეტულ ვითარებაში, მოპასუხემ შეძლო შემაკავებელი ორდერის კანონიერების თაობაზე თავისი პოზიციის დასაბუთება არა მხოლოდ ახსნა-განმარტებით, არამედ საქმეში წარმოდგენილი და ზემოთ განხილული სხვა წერილობითი მტკიცებულებებით.
ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, რამდენადაც საქმეში მოიპოვება ობიექტურად ერთმანეთთან დაკავშირებული, რელევანტური და დამაჯერებელი მტკიცებულება მოსარჩელის მხრიდან მამის მიმართ ძალადობის ფაქტის განხორციელების შესახებ, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8.საპროცესო ხარჯები
8.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. მოცემულ შემთხვევაში შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე მოთხოვნით აღძრული სარჩელის შემთხვევაში, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სახელმწიფო ბაჟის გადახდა გათვალისწინებული არ არის. ამდენად, არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი მხარეებზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრებისა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 2112-ე, 2114-ე მუხლებით, ,,ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1.ლ---------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2.ძალაში დარჩეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთის რაიონული სამმართველოს მ--------ს პოლიციის განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის - და-------------ის მიერ 25.08.2019 წელს შედგენილი №0----- შემაკავებელი ორდერი;
3.მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4.გადაწყვეტილება შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 03 (სამი) დღის ვადაში, მცხეთის რაიონული სასამართლოს (მდებარე: ქ. მცხეთა, სამხედროს 17) მეშვეობით.
მოსამართლე მანუჩარ ცაცუა