გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 100210019003128028
2/240-19წ
გა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
15.10.2019 წელი ქ. საჩხერე
საჩხერის რაიონული სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე: ივანე ყიფიანი
სხდომის მდივანი: ნათია ბერიძე
მოსარჩელე: გ---- კ----–--ე
წარმომადგენელი: ნ--- ღ--------–---–ი
მოპასუხე: მ------ კ----–--ე
წარმომადგენელი: გ--------- ჩ-------ე
დავის საგანი: თანხის დაკისრების თაობაზე
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. საჩხერის რაიონულ სასამართლოს 2019 წლის 01 აგვისტოს სარჩელით მომართა გ---- კ----–--ემ (პ/ნ3----------) მოპასუხე - მ------ კ----–--ის (პ/ნ. 3----------) მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე.
1.2. მოსარჩელე მიუთითებს, რომ აღიარების ხელწერილით მ------ კ----–--ემ აღიარა რომ მას აქვს მოსარჩელის ვალი. ვალი შეადგენდა 1000 ევროს, 2700 ა.შ.შ. დოლარს და 3500 ლარს. მოპასუხემ აიღო ვალდებულება, რომ აღნიშნულ თანხას გადაიხდიდა ხელშეკრულებაში მითითებული გრაფიკით. მოპასუხემ ნაწილობრივ შეასრულა თავისი ვალდებულება , გადაიხდა 3500 ლარი ნაწილ -ნაწილ და 400 დოლარი 2017 წლის ბოლომდე. მოპასუხეს გადასახდელი აქვს 2300 ა.შ.შ. დოლარი და 1000 ევრო.
1.3. მოსარჩელე ითხოვს მის სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისროს 2300 ა.შ.შ. დოლარისა და 1000 ევროს გადახდა.
2. მოპასუხე მხარის პოზიცია
2.1. მოპასუხე - არ ცნობს სარჩელს და განმარტავს, რომ სესხის სახით მას აღებული ჰქონდა გ---- კ----–--ისგან სესხის თანხა, მაგრამ სესხის სახით აღებული თანხა მას მთლიანად აქვს აღებული.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები .
3.1.1. მხარები მოცემული დავის დასარეგულირებლად გამოიყენეს სასამართლოს მიერ მორიგებისათვის დადგენილი ვადები თუმცა ვერ შეთანხმდნენ
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენილია, რომ 2016 წლის 02 აგვისტოს მოსარჩელე გ---- კ----–--ესა და მოპასუხე მ------ კ----–--ეს შორის შედგა ხელშეკრულება ვალის აღიარების შესახებ . ხელშეკრულების თანახმად ვალი შეადგენს 1000 ევროს 2700 ა.შ.შ. დოლარს და 3500 ლარს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოვალე-მ------ კ----–--ე კრედიტორს-გ---- კ----–--ეს გადაუხდის ვალს შემდეგი გრაფიკით:1000 ევროს და 2700 ა.შ.შ. დოლარს გადაიხდის 2016 წლის 01 სექტემბერს, ხოლო 3500 ლარს გადაიხდის 2016 წლის 10 აგვისტოს. მხარეებმა განაცხადეს, რომ დავალიანება წარმოიშვა 2015 წლის ივლისის თვეში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება ვალის აღიარების შესახებ (ს.ფ.14)
- მხარეთა განმარტებები. (იხ.ოქმი)
3.2.2. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ კრედიტორისათვის დაბრუნებულია 3500 ლარი და 400 დოლარი. ოქმში პიროვნების გამოკითხვის შესახებ მ------ კ----–--ე უთითებს, რომ მას ასანაზღაურებელი დარჩა 500 ა.შ.შ. დოლარი, როცა შესაგებლით საერთოდ უარყოფს ვალს. სასამართლო თვლის, რომ მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მ------ კ----–--ის მიერ სასარჩელო მოთხოვნაში მითითებული თანხის დაბრუნებას მოსარჩელისათვის, საქმეში არ არსებობს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ოქმი (ს.ფ. 60)
- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი)
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მასალების და მხარეთა ახსნა-განმარტებების შეფასების საფუძველზე სასამართლო თვლის, რომ გ---- კ----–--ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50--ე , 286-ე, 292-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, 623-ე, 624-ე.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო მიუთითებს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას“ (იხ. სუსგ ას-1529-1443-2012, ას-973-1208-04; ას 664-635-2016).
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად „ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.“
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის შესაბამისად სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.
6.4. დადგენილია, რომ 2016 წლის 02 აგვისტოს მოსარჩელე გ---- კ----–--ესა და მოპასუხე მ------ კ----–--ეს შორის შედგა ხელშეკრულება ვალის აღიარების შესახებ . ხელშეკრულების თანახმად ვალი შეადგენს 1000 ევროს 2700 ა.შ.შ. დოლარს და 3500 ლარს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოვალე-მ------ კ----–--ე კრედიტორს-გ---- კ----–--ეს გადაუხდის ვალს შემდეგი გრაფიკით:1000 ევროს და 2700 ა.შ.შ. დოლარს გადაიხდის 2016 წლის 01 სექტემბერს, ხოლო 3500 ლარს გადაიხდის 2016 წლის 10 აგვისტოს. მხარეებმა განაცხადეს, რომ დავალიანება წარმოიშვა 2015 წლის ივლისის თვეში.
6.5.სასამართლო ხაზს უსვამს სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმით გათვალისწინებულ მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგად წესს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად თანხის გადაცემის მტკიცების ტვირთი გამსესხებელს ეკისრება ანუ, გამსესხებლის ვალდებულება შემოიფარგლება თანხის გადაცემისა და გადაცემული თანხის ოდენობის მტკიცებით, ხოლო მსესხებლის მტკიცების ტვირთი შემოიფარგლება სესხის თანხის დაფარვით ან თანხის სხვა სამართლებრივ საფუძველზე მიღებით.
6.6.დადგენილია, რომ სარჩელით მოთხოვნილი თანხა დაბრუნებული არ არის. აღნიშნული ფაქტი შესაბამისი მტკიცებულებით ვერ იქნა დადასტურებული მოპასუხის მიერ. ამდენად სასამართლო თვლის, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.7. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.
8. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა. დადგენილია, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ---- კ----–--ის სარჩელი მ------ კ----–--ის მიმართ დაკმაყოფილდეს და მ------ კ----–--ეს დაეკისროს გ---- კ----–--ის სასარგებლოდ 2300 (ორი ათას სამასი) ა.შ.შ. დოლარისა და 1000 (ათასი) ევროს გადახდა ეროვნულ ვალუტაში.
2. მ------ კ----–--ეს დაეკისროს გ---- კ----–--ის სასარგებლოდ 304 (სამასაოთხი) ლარის და 25 (ოცდახუთი) თეთრის გადახდა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).
4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ივანე ყიფიანი