გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 25.10.2019
საქმის ნომერი
010310919003237343
კატეგორია
დავის ტიპი
დამცავი ორდერის გამოცემა
თარიღი
25.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010310919003237343

საქმე # 3/523-2019წ

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

25 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - ალექსანდრე გოგუაძე

სხდომის მდივანი - თამარ გიორგაძე

 

განმცხადებელი - ან------------ე

წარმომადგენელი (ადვოკატი) - ინ-----ა სა-–--ე

 

მოძალადე - რუ--–-ნ ბე-----–---ი

 

მოთხოვნის არსი - დამცავი ორდერის გამოცემა

 

აღწერილობითი ნაწილი :

 

ან------------ემ განცხადებით მომართა სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა რუ--–-ნ ბე-----–---ის მიმართ, დამცავი ორდერის გამოცემა.

 

თავის მოთხოვნას განმცხადებელი შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:

 

ან------------ის 2019 წლის 30 ივლისის განცხადების საფუძველზე რუ--–-ნ ბე-----–---ის მიმართ შედგენილ იქნა შემაკავებელი ორდერი N019857, რომლის მოქმედების ვადაც განისაზღვრა 30 დღით. განმცხადებლის მტკიცებით მიუხედავად აღნიშნულისა რუ--–-ნ ბე-----–---ი კვლავაც აგრძელებდა ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას ან------------ის მიმართ.

შესაბამისად, ან------------ე მიიჩნევს, რომ არსებობს რეალური საშიშროება იმისა, მოძალადემ შესაძლოა სამომავლოდ კვლავ განახორციელოს მის მიმართ ძალადობა.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელი და მისი ინტერესების დამცველი ინ-----ა სა-–--ე მოითხოვენ გამოიცეს დამცავი ორდერი.

 

2019 წლის 25 ოქტომბერს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა რუ--–-ნ ბე-----–---ი, რომელიც არ დაეთანხმა დამცავი ორდერი დამტკიცდეს და განმარტა, რომ განცხადებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება სიმართლეს (იხ. სხდომის ოქმი).

 

სასამართლომ განიხილა განცხადება და მოისმინა მასთან დაკავშირებით მხარეთა განმარტებები მიიჩნევს, რომ ის უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

ან------------ის 2019 წლის 30 ივლისის განცხადების საფუძველზე რუ--–-ნ ბე-----–---ის მიმართ შედგენილ იქნა შემაკავებელი ორდერი N019857, რომლის მოქმედების ვადაც განისაზღვრა 30 დღით. მიუხედავად შემაკავებელი ორდერის გამოცემისა რუ--–-ნ ბე-----–---ი კვლავაც აგრძელებდა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული შეზღუდვის არსის პირობების დარღვევას.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს რეალური საშიშროება იმისა, რომ მოძალადემ შესაძლოა სამომავლოდ კვლავ განახორციელოს ან------------ის მიმართ ძალადობა.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ რუ--–-ნ ბე-----–---ის მიერ ან------------ის მიმართ ოჯახური ძალადობის ფაქტი/ფაქტები, ერთმნიშვნელოვნად არის დადგენილი.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2113 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე სასამართლოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, დროებითი ღონისძიების სახით, შესაძლებელია გამოცემულ იქნეს დამცავი ორდერი. ამდენად, დამცავი ორდერი გაიცემა მხოლოდ მაშინ, თუ დადასტურდება ძალადობის რაიმე ფორმის განხორციელება განმცხადებლის მიმართ.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე განცხადებით სასამართლოს მომართა ან------------ემ (რომელიც ზემოაღნიშნული კანონის მიზნებისათვის წარმოადგენს ოჯახის წევრს).

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს. ეს კანონი, ამ კანონით დადგენილ თავისებურებათა გათვალისწინებით, ვრცელდება ასევე იმ ურთიერთობებზე, რომლებითაც ირღვევა არასრულწლოვნის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

 

ამავე კანონის მე-31 მუხლის მიხედვით, ქალთა მიმართ ძალადობა გულისხმობს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალების მიმართ გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობისათვის დამახასიათებელ ყველა ქმედებას, რომელთაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, ფსიქოლოგიური ან სექსუალური ტანჯვის ან ეკონომიკური ზიანის მიყენება, მათ შორის, ასეთი ქმედებების ჩადენის მუქარა, ქალების იძულება ან მათთვის თავისუფლების თვითნებური აღკვეთა.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკური ძალადობა არის ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს; ამავე მუხლის „ბ” ქვეპუნქტის თანახმად, ფსიქოლოგიური ძალადობა არის შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; „ვ” ქვეპუნქტის თანახმად, მსხვერპლი არის ქალი, აგრეთვე ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომელთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობით ან იძულებით და რომლებსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებულმა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (შემდგომ − მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი). „ვ1” ქვეპუნქტის თანახმად, სავარაუდო მსხვერპლი არის პირი, რომელსაც მიაჩნია, რომ არის მსხვერპლი, და რომელიც მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრის მიზნით შესაბამის სამსახურს/ორგანოს/მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფს მიმართავს;

 

ამავე კანონის მე-11 მუხლის თანახმად, დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნის უფლება მსხვერპლს, აგრეთვე მისი ოჯახის წევრს ანდა მსხვერპლის თანხმობით პირს, რომელიც მსხვერპლს უწევს სამედიცინო, იურიდიულ, ფსიქოლოგიურ დახმარებას, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. ამავე კანონის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დამცავი ორდერი არის პირველი ინსტანციის სასამართლოს (მოსამართლის) მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები.

 

ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად 1. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის გამოიყენება სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქო სამართლებრივი და ადმინისტრაციულ სამართლებრივი მექანიზმები. ხოლო ამვე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად კი ადმინისტრაციულსამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება შემაკავებელი ორდერის/დამცავი ორდერის გამოცემით, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც სამართალდარღვევის ხასიათი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არ იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და მისი აღკვეთა შესაძლებელია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმების გამოყენებით.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2115 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, დამცავი ორდერი შეიძლება ითვალისწინებდეს: ა) მსხვერპლის, მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისაგან დაცვის ზომებს; ბ) მსხვერპლის, მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისაგან გარიდების და მათ თავშესაფარში მოთავსების საკითხებს; გ) მოძალადის მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილიდან გარიდების საკითხს; დ) მოძალადის ვალდებულებას – არ შეზღუდოს მსხვერპლი, ისარგებლოს პირადი ნივთებით, ავტომანქანით ან სხვა იმ ქონებით, რომელიც აუცილებელია ადამიანის ნორმალური არსებობისათვის; ე) მოძალადისათვის თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობის უფლების აკრძალვას; ვ) მოძალადის არასრულწლოვნისაგან განცალკევების, მასთან შეხვედრისა და ურთიერთობის რეგულირების საკითხებს; ზ) მოძალადის მსხვერპლთან, მის სამსახურთან და სხვა იმ ადგილებთან, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მიახლოების საკითხებს; თ) მოძალადისათვის დამცავი ორდერის მოქმედების პერიოდში ან დამცავი ორდერით განსაზღვრულ პერიოდში იარაღით (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღით) სარგებლობის უფლების შეზღუდვას ან აკრძალვას, იარაღის შეძენის ან მის შეძენაზე ნებართვის ან ლიცენზიის მოპოვების უფლების აკრძალვას და პირად საკუთრებაში არსებული ან/და კუთვნილი იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის ან დროებით ჩამორთმევის პირობებს; ი) მოძალადის მიერ მსხვერპლის მკურნალობის, თავშესაფარში ყოფნის და სხვა, გონივრული ხარჯების ანაზღაურების საკითხებს; კ) მოძალადის დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს;ლ) მოძალადის მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლის საკითხს; მ) მოძალადის გაფრთხილებას დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ნ) სხვა საკითხებს, რომელთა გადაწყვეტაც აუცილებელია მსხვერპლის უსაფრთხოებისათვის.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და მითითებული ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ქმედება, რომელიც ხორციელდება რუ--–-ნ ბე-----–---ის მხრიდან ან------------ის მიმართ, იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას, აღნიშნული კი თავის მხრივ წარმოადგენს ფსიქოლოგიურ ძალადობას. ამასთან, განმცხადებლის განმარტებით, კვლავ არსებობს ძალადობის განხორციელების საშიშროება. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის გათვალისწინებული ძალადობა მოძალადე რუ--–-ნ ბე-----–---ის მხრიდან მსხვერპლის - ან------------ის მიმართ, რაც წარმოადგენს განცხადების დაკმაყოფილებისა და დამცავი ორდერის გამოცემის საკმარის საფუძველს.

 

„ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, დამცავი ორდერის მოქმედება ამ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა განისაზღვროს, 6 თვით.

 

სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი არაერთგზის ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 2112, 2113, 2115 მუხლებით, ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი, მე-3, მე-4, მე-9, მე-10, მე-11, მე-12 მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ან------------ის განცხადება, დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ დაკმაყოფილდეს:

 

2. დამცავი ორდერი დამტკიცდეს შემდეგი პირობებით:

 

ა) მოძალადე - რუ--–-ნ ბე-----–---ს (პ/ნ 62--------0; მისამართი: ქ---------------------–--------------), აეკრძალოს მსხვერპლთან - ან------------ესთან (პ/ნ 60--------8) სიტყვიერი და ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელება.

 

ბ) მოძალადე - რუ--–-ნ ბე-----–---ს (პ/ნ 62--------0; მისამართი: ქ---------------------–--------------), აეკრძალოს მსხვერპლთან ან------------ესთან (პ/ნ 60--------8) იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მუშაობს ან/და ცხოვრობს.

 

გ) მოძალადე - რუ--–-ნ ბე-----–---ს აეკრძალოს მსხვერპლთან - ან------------ესთან სატელეფონო/ სხვადასხვა სოციალური ქსელის მეშვეობით კომუნიკაცია.

 

დ) მოძალადე - რუ--–-ნ ბე-----–---ს აეკრძალოს მსხვერპლის - ან------------ის ოჯახის წევრებთან (შვილი, და, ძმა, დედა და მამა) კომუნიკაცია ;

 

ე) მოძალადე - რუ--–-ნ ბე-----–---ს აეკრძალოს მსხვერპლის ან------------ის პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალის სოციალურ ქსელში ატვირთვა, სოციალური ქსელის მეშვეობით სხვა პირებისათვის გაგზავნა ;

 

3. დამცავი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვროს 6 (ექვსი) თვით;

 

4. განემარტოთ მხარეებს, რომ დამცავი ორდერის დამტკიცების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება გამოცხადებისთანავე შედის ძალაში და მისი გასაჩივრება არ აჩერებს დამცავი ორდერის მოქმედებას;

 

5. გადაწყვეტილება გაეგზავნოთ მხარეებს და საქართველოს შს სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ქალაქ ბათუმის საქალაქო სამმართველოს შესაბამის საუბნო სამსახურს დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევაზე რეაგირების მიზნით;

 

6. განემარტოს მოძალადეს, რომ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოიწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.

 

7.გადაწყვეტილება შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 (სამი) დღის ვადაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა №30) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ალექსანდრე გოგუაძე