განაჩენი

სისხლის სამართლის 04.09.2019
საქმის ნომერი
330100119002937171
თარიღი
04.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/1549-19

გამოძიების #0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

4 სექტემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა

 

სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ი----------

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ზ------ ე-----–--ი - თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1--- წლის 2-----------ს, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი: თ---–---- დ---------- ქუჩა #9-----

 

ადვოკატი - ა-–---------- კ-------

თარჯიმანი - თ--- ს-------

 

კვალიფიკაცია:

 

1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - 2018 წლის ივლისის ეპიზოდი).

 

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ - 2019 წლის მარტის ეპიზოდი).

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. 2018 წლის 10 ივლისიდან - 15 ივლისამდე დროის მონაკვეთში, თ---–--–-- დ---------- ქუჩა #9------ში, ზ------ ე-----–--მა ურთიერთშელაპარაკების დროს მეუღლეს ტ------ა ე-----–--ს სახის არეში გაარტყა ხელი, რა დროსაც ტ------ა ე-----–--მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

1.2. 2019 წლის 7 მარტს, დაახლოებით 08:00 საათზე, თ---–--–-- დ---------- ქუჩა #9------ში, ზ------ ე-----–--მა ურთიერთშელაპარაკების დროს მეუღლეს ტ------ა ე-----–--ს, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, სახის არეში გაარტყა ხელი, რა დროსაც ტ------ა ე-----–--მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. 2019 წლის 7 მარტს, დაახლოებით 08:00 საათზე, თ---–--–-- დ---------- ქუჩა #9------ში, ზ------ ე-----–--მა მეუღლეს ტ------ა ე-----–--ს, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, სახის არეში გაარტყა ხელი, რა დროსაც ტ------ა ე-----–--მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (2019 წლის 7 მარტის ეპიზოდი)

 

3.1. 2019 წლის 7 მარტს, ,,112-ში“ შევიდა #5----- შეტყობინება ოჯახში ძალადობის ფაქტზე. შეტყობინების ინიციატორი იყო დაზარალებული ტ------ა ე-----–--ი. ინფორმაციის თანახმად, თ---–--–-- დ-------- უ-----ის ქუჩა N9---ში, მეუღლემ ზ------ ე-----–--მა, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

3.2. პატრულ-ინსპექტორის მოწმე დ----- ა--------ს ზეპირი ჩვენებით დადგინდა, რომ 2019 წლის 7 მარტს მეწყვილესთან, გ------- ზ-----–---–თან ერთად, ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც მოქალაქე ტ------ა ე-----–--ისგან მიიღეს შეტყობინება ოჯახში ძალადობის ფაქტზე. პატრულ-ინსპექტორები მყისიერად გამოცხადდნენ ტ------ა ე-----–--ის მიერ მითითებულ მისამართზე. ბინაში დახვდათ აფორიაქებული და შეშინებული ტ------ა ე-----–--ი არასრულწლოვან შვილებთან ერთად. ტ------ა ე-----–--მა შემთხვევის ადგილზე გამოცხადებულ პოლიციელებს დაუდასტურა ძალადობის ფაქტი, მსხვერპლმა დააკონკრეტა, რომ მეუღლემ ზ------ ე-----–--მა ორი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით სახეზე ხელი დარტყა, რაც ეტკინა. იგი ხელს იდებდა სახის არეზე და ასე აღწერდა ძალადობის ადგილს. ინიციატორის განმარტებით, მას შემდეგ რაც მოძალადემ გაიგონა, რომ მსხვერპლი რეკავდა პოლიციაში დატოვა შემთხვევის ადგილი. მოწმის განმარტებით შემთხვევის ადგილზე მას ჩართული ჰქონდა სამხრე კამერა. კამერაზე დეტალურად აისახა შემთხვევის ადგილზე არსებული ვითარება, ინიციატორის განცხადება-განმარტებები და მისი ფსიქო-ემოციური მდგომარეობა.

 

3.3. პატრულ-ინსპექტორის მოწმე გ------- ზ-----–---–ის ზეპირი ჩვენებით დადგინდა, რომ 2019 წლის 7 მარტს, მეწყვილესთან დ----- ა-------თან ერთად შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე. მისამართზე დახვდათ შეტყობინების ინიციატორი ტ------ა ე-----–--ი ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად. შეტყობინების ინიციატორმა პოლიციელებს განუცხადა, რომ მეუღლემ ზ------ ე-----–--მა არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ფიზიკურად იძალადა მასზე, მას შემდეგ რაც გაიგო, რომ დაზარალებული რეკავდა პოლიციაში შემთხვევის ადგილი დატოვა. ტ------ა ე-----–--მა განაცხადა, რომ მოძალადემ სახის არეში დაარტყა ხელი, რაც ეტკინა, განცხადების პარალელურად მტკივან ადგილზე - სახეზე იკიდებდა ხელს, იყო შეშინებული. მოწმის ჩვენებით მსხვერპლთან კონტაქტი და კომუნიკაცია ვიდეო-აუდიო სახით გადაიღო სამხრე კამერით.

 

3.4. მსხვერპლის დაცვის მიზნით 2019 წლის 7 მარტს გამოიცა შემაკავებელი ორდერი #0-----. შემაკავებელი ორდერის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს მსხვერპლი და ამ ხელმოწერით ეთანხმება ოქმის შინაარს, მითითებულია, რომ ბრალდებულმა 2019 წლის 7 მარტს, დილით, თბილისში დ-------- უ-----ის ქუჩა #9---ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანი შვილების ჯ----- ე-----–--ისა და მ----ი ე-----–--ის თანდასწრებით მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.

 

3.5. დაზარალებულის მეზობლის - მოწმე ვ----–---- კ----–-–---–ის ზეპირი ჩვენებით დადგინდა, რომ 2019 წლის 7 მარტს, ტ------ა ე-----–--ის თხოვნით, იმის გამო, რომ მას არ შეეძლო არცერთ ენაზე წერა, გამოკითხვის და შემაკავებელი ორდერის გამოცემის პროცესში მოწვეული იყო გარეშე პირის სტატუსით. გამოკითხვის პროცესში გამომძიებლის მიერ დასმულ კითხვებზე ტ------ა ე-----–--ი პასუხობდა, რომ მეუღლემ ზ------ ე-----–--მა დაარტყა ხელი, რაც ეტკინა, ასევე აცხადებდა, რომ მეუღლე მუდმივად ამცირებდა, წნეხის ქვეშ ამყოფებდა, აკნინებდა იმის გამო, რომ გაიზარდა ბავშვთა სახლში. დაზარალებული ლოყაზე იკიდებდა ხელს და აღნიშნავდა, რომ დილით მეუღლემ სწორედ ამ ადგილზე გაარტყა ხელი.

 

3.6. მოწმე გამომძიებლის - ვ--–------ ა----------ის ზეპირი ჩვენებით დადგინდა, რომ გამოძიების ფარგლებში 2019 წლის 7 მარტს, დაზარალებულის გამოკითხვის და შემაკავებელი ორდერის გამოცემის მიზნით გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდა მსხვერპლი ტ------ა ე-----–--ი, ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად. ტ------ა ე-----–--ი იყო აღელვებული, ეტყობოდა, რომ სულიერი ტრავმა ჰქონდა მიღებული, გარდა ამისა, ვიზუალურადაც ლოყაზე ემჩნეოდა დაზიანება. დაზარალებულმა ტ------ა ე-----–--მა, როგორც გამოკითხვის ოქმში, ასევე შემაკავებელი ორდერის ოქმში, მისი ინიციატივით მოწვეული სანდო, გარეშე პირის ვ----–---- კ----–-–---–ის თანდასწრებით განაცხადა, რომ რამდენიმე წელია ქორწინებაში იმყოფება ზ------ ე-----–--თან, ბრალდებულის სასიყვარულო ურთიერთობებისა და მისი აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულების გამო მუდმივად აქვთ კონფლიქტი. კონფლიქტებს ახლავს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფები, მოძალადე ხშირად ამცირებს მორალურად, ეუბნება, რომ არის უპატრონო, ბავშვთა სახლში გაზრდილი. მიმდინარე წლის 7 მარტის დილასაც, უმიზეზოდ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ბავშვების თვალწინ სახეში, მარჯვენა ლოყაში გარტყა ხელი. ტ------ა ე-----–--ის განმარტებით, მიყენებული დაზიანებით განიცადა ფიზიკური და სულიერი ტკივილი. სწორედ გაუსაძლისი მდგომარეობა და ძალადობა გახდა 7 მარტს პოლიციაში დარეკვის მიზეზიც. იგივე ინფორმაცია დაადასტურა მსხვერპლმა შემაკავებელი ორდერის ოქმშიც.

 

3.7. ექსპერტის მ------ ქ----–---–ის ზეპირი ჩვენებით დადგინდა, რომ მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაათვალიერა პატრულ-ინსპექტორების სამხრე კამერებით გადაღებული ჩანაწერები. ვიდეო-აუდიო ჩანაწერში ჩანდა დაზარალებული ქალი და ბავშვები. ქალი აცხადებდა, რომ მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

3.8. წერილობითი მტკიცებულებით - დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ ექსპერტის მიერ ნამდვილად დათვალიერდა #0--- და #1--- სამხრე კამერების ჩანაწერები (ორი ჩანაწერი). კადრში აღბეჭდილია ტ------ა ე-----–--ი, რომელიც მიემართება მისაღები ოთახისაკენ, მასთან ერთად შედიან პატრულ-ინსპექტორები. ოთახში იმყოფება ტ------ა ე-----–--ის ორი მცირეწლოვანი შვილიც. პატრულ-ინსპექტორები ესაუბრებიან ტ------ა ე-----–--ს.

 

3.9. სხდომაზე გამოკვლეული იქნა #0--- და #1--- სამხრე კამერების ჩანაწერები. ჩანაწერებში სრულად არის ასახული დაზარალებულის მიერ პატრულ ინსპექტორებისთვის მიწოდებული ინფორმაცია ძალადობის შესახებ. ასევე ნათლად ჩანს მსხვერპლის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა განმარტებების გაკეთების პროცესში. პირველივე კადრები, არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ მსხვერპლი იყო შეშფოთებული და პირველივე კითხვაზე, პატრულებს უპასუხა, რომ მეუღლემ დაარტყა ხელი და ეს უკანსაკნელი სახლიდან წავიდა. დაზარალებულის მიერ პატრულ-ინსპექტორებთან ვერბალურად გაცხადებული ინფორმაცია ადასტურებს ძალადობის მატერიალურ ფაქტს, ტ------ა ე-----–--ი აცხადებდა, რომ მეუღლემ მასზე იძალადა ბავშვების თანდასწრებით. მას პატრულ ინსპექტორები შეჰყავს საძინებელ ოთახში და აღწერს ძალადობის ქრონოლოგიას, უყვება პოლიციელებს, რომ სწორედ აღნიშნულ ოთახში დაარტყა ხელი მეუღლემ და ხელს იდებს სახის კონკრეტულ ადგილზე, იქვე დასძენს მსხვერპლი, რომ ძალადობის პროცესში მეუღლეს სთხოვა, არ დაერტყა ბავშვების თანდასწრებით. კადრებში ნათლად ჩანს, რომ მსხვერპლი ძალიან განიცდის მომხდარს, ტირის გარკვეულ ეპიზოდში და ახდენს იმის დემონსტრირებას რომ არის მოწყვლადი. ამონარიდი ვიდეო ჩანაწერიდან, სადაც მსხვერპლი ახდენს ფაქტების კონსტანტაციას ,,...დამარტყა, ახლა წავიდა. ადრეც ასე დამარტყა და მერე გაიქცა..., ,,...თქვენ არ იცით როგორ მირტყამს...“, ,,...ქირას მე ვიხდი და მცემს მაინც...“, ,,ვეუბნებოდი ნუ მირტყამ ბავშვების თანდასწრებით და მაინც დამარტყა...“, ,,...ბავშვების წართმევით დამემუქრა..“, ,,...ყველა ქალი იცემება და შენც უნდა იცემოო...“, ,, მეუბნება, მერე რა, ყველა სცემს ცოლსო...“, ,,...ორსული რომ ვიყავი ხელი მკრა კიბეებზე ...“, ,,...სულ ცემა-ტყეპაში ვარ...“, ...პოლიციაში იმიტომ დავრეკე, რომ ვინმე დაელაპარაკოს, რომ უპატრონო არ ვეგონო“, მსხვერპლი იმდენად შეძრწუნებულია მოხდარი ძალადობრივი ფაქტებით და დაუცველობით, რომ პოლიციელებს ეუბნება, ,,მეტი არ შემიძლია, მე მოვკლავ და წავალ ციხეში“.

 

3.10. სასამართლო ხაზს უსვამს ოჯახური ძალადობის დანაშაულის თავისებურებას, ამ კატეგორიის დანაშაულისათვის დამახასიათებელია ლატენტურობა, ვინაიდან იგი ძირითადად დახურულ - ოჯახურ სივრცეში ხდება სადაც მხოლოდ მსხვერპლი და მოძალადე არიან, ხშირად დაზარალებულები მოძალადის შიშით ან მასზე ეკონომიკური დამოკიდებულების გამო ვერ ააშკარავებენ ძალადობის ფაქტებს და სახელმწიფოს დახმარებას არ სთხოვენ სანამ მდგომარეობა არ გაუარესდება და სამართალდამცავების ჩართულობა მათთვის სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის დაზიანებისგან დაცვის ერთადერთი გზა აღმოჩნდება. სწორედ იდენტურია განსახილველი შემთხვევაც, ტ------ა ე-----–--მა იმის გამო, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრებოდა დარეკა პოლიციის განყოფილებაში და დახმარება ითხოვა. პატრულ-ინსპექტორების სამხრე კამერების ჩანაწერების მიხედვით ინიციატორი არ მალავს, რომ დანაშაულის ლატენტურობის გამო მოძალადეს გაუჩნდა დაუსჯელობის განცდა და აღნიშნულის გამო აგრძელებს მასზე ფსიქოლოგიურ ძალადობას, მუდმივად ამცირებს.

 

3.11. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა დაზარალებული ტ------ა ე-----–--ი, რომელმაც ზეპირ ჩვენებაში რადიკალურად შეცვალა გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაცია და უარყო ბრალდებულის მხრიდან მასზე ფიზიკური, ფსიქოლოგიური თუ სხვა სახის ძალადობა. დაზარალებულმა ზეპირ ჩვენებაში განმარტა, რომ ზ------ ე-----–--თან ცოლქმრული თანაცხოვრების პერიოდში ჰქონდა კარგი ურთიერთობა, მეუღლეს არასდროს მიუყენებია მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

3.12. დაზარალებულ ტ------ა ე-----–--ის ზეპირი ჩვენების პარალელურად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე გამოქვეყნდა გამოკითხვის ოქმი. 2019 წლის 7 მარტის გამოკითხვის ოქმში, ტ------ა ე-----–--ი დეტალურად აღწერს ძალადობის ფაქტს, უთითებს, რომ გაიზარდა ბავშვთა სახლში. დაახლოებით ექვსი წელია ქორწინებაში იმყოფება ზ------ ე-----–--თან და ჰყავთ ორი მცირეწლოვანი შვილი. დაზარალებული ოჯახთან ერთად ქირით ცხოვრობს თ---–--–-- უ-----ის ქუჩა N9---ში. ბრალდებული თანაცხოვრების პერიოდში, ხშირად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ფიზიკურადაც ძალადობდა მასზე. კონფლიქტების მიზეზი იყო ზ------ ე-----–--ის სასიყვარულო ურთიერთობები, 2016 წელს ისინი განქორწინდნენ, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ, ზ.ე-----–--ის თხოვნით ისევ დაუბრუნდნენ თანაცხოვრებას. შერიგების შემდეგ, შეეძინათ მეორე შვილი, მ----ი ე-----–--ი. ზ------ ე-----–--მა დაიწყო მორალური და ფსიქოლოგიური ძალადობა მსხვერპლზე. ხშირად ეჩხუბებოდა დაზარალებულს, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ეუბნებოდა, რომ იყო უსაქმური და უპატრონო ნაბიჭვარი, ბავშვთა სახლში აღზრდილი. ყოველგვარი მიზეზის გარეშე ახდენდა მასზე ფსიქოლოგიურ ძალადობას. 2019 წლის 7 მარტს, დილით, ზ------ ე-----–--მა დაზარალებულს დაუწყო ლანძღვა, ეუბნებოდა, რომ იყო უსაქმური, რადგან ისევ საწოლში იწვა. ზ------ ე-----–--მა სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ, ტ------ა ე-----–--ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, მარჯვენა ლოყაში გაარტყა ხელი, რამაც გამოიწვია ძლიერი ფიზიკური ტკივილი. მას შემდეგ რაც დაზარალებულმა უთხრა, რომ დარეკავდა საპატრულო პოლიციაში, ზ------ი წავიდა სახლიდან. ფიზიკური ძალადობა განხორციელდა არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით. ჯ----- ე-----–--მა მამას სთხოვა არ დაერტყა დედისთვის. მომხდარით ბავშვებმა განიცადეს მორალური ტრავმა.“

 

3.13. სასამართლო ვიდრე მოახდენდეს დაზარალებულის ზეპირი ჩვენების და გამოკითხვის ოქმის შეფასებას, აკეთებს განმარტებას მტკიცებულებების არსის, რაობის და გამოკვლევის თაობაზე. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლი ადგენს საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე გამოკითხვის ოქმის გამოკვლევის შესაძლებლობას. მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მხარე უფლებამოსილია მოითხოვოს მისი გამოკითხვის ოქმის ან მის მიერ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების მთლიანად ან ნაწილობრივ საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე ამ ჩვენების აუდიო - ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება). სასამართლო ვალდებულია დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნა. მოცემულ შემთხვევაში ტ------ა ე-----–--ის გამოკითხვის ოქმი გამოქვეყნდა კანონის შესაბამისად, ანუ პროცედურული ნაწილი მტკიცებულების გამოქვეყნების დაცულია. საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილის თანახმად: ,, მტკიცებულება არის კანონით დადგენილი წესით სასამართლოში წარდგენილი ინფორმაცია, ამ ინფორმაციის შემცველი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან სხვა ობიექტი, რომლის საფუძველზედაც მხარეები სასამართლოში ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, სამართლებრივად აფასებენ მათ, ასრულებენ მოვალეობებს, იცავენ თავიანთ უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, ხოლო სასამართლო ადგენს, არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე, ახასიათებს მის პიროვნებას. დოკუმენტი მტკიცებულებაა, თუ ის შეიცავს სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დასადგენად საჭირო ცნობას“. ანუ, მტკიცებულებას წარმოადგენს როგორ მოწმის ზეპირი ჩვენება, ასევე ნებისმიერი დოკუმენტი (მათ შორის მოწმის, დაზარალებულის გამოკითხვის ოქმი), რითიც შესაძლოა დადგინდეს საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტები და გარემოებები. ამავე ნორმის თანახმად ,,დოკუმენტად ითვლება ნებისმიერი წყარო, რომელშიც ინფორმაცია აღბეჭდილია სიტყვიერ-ნიშნობრივი ფორმით ან/და ფოტო-, კინო-, ვიდეო-, ბგერისა თუ სხვა ჩანაწერის სახით ან სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით“. ტ------ა ე-----–--ის გამოკითხვის ოქმი წარმოადგენს დოკუმენტს, ვინაიდან მასში ასახული ინფორმაცია აღბეჭდილია სიტყვიერ-ნიშნობრივი ფორმით, გარდა ამისა, გამოკითხვის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის დაცვით და ტ------ა ე-----–--ი გამოკითხული არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად, ამავე დროს, გამოკითხვის ოქმი წინასასამართლო სხდომაზე დაშვებულია როგორც მტკიცებულება და დღის წესრიგში არ დამდგარა მისი დაუშვებლობის საკითხი.

 

3.14. სასამართლო ხაზს უსვამს ზეპირობის და უშუალობის პრინციპს, რომელიც გულისხმობს სასამართლოს უშუალო კონტაქტს პირებთან, რომლებიც ჩვენებას იძლევიან პროცესზე, რათა შესაძლებელი გახდეს მოწმის ქცევის მანერასა და სანდოობაზე ყურადღებით დაკვირვება. სწორედ ამ პრინციპზე დაყრდნობით სასამართლო, როგორც ობიექტური დამკვირვებელი დარწმუნდა, რომ დაზარალებულის ზეპირი ჩვენება იყო არასარწმუნო, არადამაჯერებელი. ჩვენების სანდოობა გაბათილდა შემდეგი მტკიცებულებებით და არგუმენტაციით:

 

ა) დაზარალებულის ჩვენება, რომ 2019 წლის 7 მარტს, ადგილი არ ჰქონია ოჯახში ფიზიკურ ძალადობას ბათილდება 2019 წლის 7 მარტს, დაზარალებულის მიერ ,,112-ში“ გაკეთებული შეტყობინებით. გამოკვლეული მტკიცებულებით დასტურდება, რომ შეტყობინების ინიციატორი არის უშუალოდ ტ------ა ე-----–--ი, რომელმაც პოლიციას აცნობა, რომ მეუღლემ ზ------ ე-----–--მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა შეცვლილი პოზიციით გამორიცხა ბრალდებულის მხრიდან ფიზიკური ძალადობის ჩადენის ფაქტი, ზეპირ ჩვენებაში ვერ უარყო, რომ ,,112-ის“ შეტყობინების ინიციატორი თავად იყო, ასევ ვერ უარყო შეტყობინების შინაარსი ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით.

 

ბ) დაზარალებულის ჩვენება, რომ 2019 წლის 7 მარტს ადგილი არ ჰქონია ოჯახში ფიზიკურ ძალადობას ასევე ბათილდება შემაკავებელი ორდერის ოქმით, რომლის შინაარსობრივ მხარეს ხელმოწერით ადასტურებს მსხვერპლი. ოქმში აღწერილია მსხვერპლის მიერ გამომძიებლისთვის მიწოდებული ინფორმაცია ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშირებით. ოქმის მე-3 პარაგრაფი ,, 2019 წლის 7 მარტს, დილით, თ---–--–-- დ-------- უ-----ის ქუჩა #9---ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ტ------ა ე-----–--ს მეუღლემ ზ------ ე-----–--მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი“. დაზარალებულის ინიციატივით მოწვეულმა გარეშე პირმა, მეზობელმა ვ----–---- კ----–-–---–მა ზეპირ ჩვენებაში დაადასტურა, რომ ტ------ა ე-----–--მა გამომძიებელს ნამდვილად განუცხადა ფიზიკური ძალადობის თაობაზე. გარდა გარეშე პირისა, შემაკავებელი ორდერის ოქმის გამომცემმა პირმა ვ--–------ ა---------მა ზეპირ ჩვენებაში განმარტა, რომ შემაკავებელი ორდერის ოქმში ასახა მხოლოდ ის ინფორმაცია, რაც მიაწოდა მსხვერპლმა.

 

გ) დაზარალებულის ზეპირ ჩვენებას ერთმნიშვნელოვნად და კატეგორიულად აბათილებს პატრულ-ინსპექტორების სამხრე კამერების აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, რომელიც გამოკვლეულ იქნა სასამართლო სხდომაზე. ჩანაწერების მიხედვით, ტ------ა ე-----–--ი ბინაში პოლიციელების ვიზიტისთანავე აცხადებს, რომ მეუღლემ დაარტყა ხელი, პირადად მიუთითებს ოთახზე სადაც განხორციელდა ფიზიკური ძალადობა, საილუსტრაციოდ სახეზე იდებს ხელს და აცხადებს, რომ სწორედ აღნიშნულ ადგილზე დაარტყა მეუღლემ.

 

დ). დაზარალებულის ზეპირ ჩვენებას, თითქოს გამოკითხვის ოქმში ასახული ინფორმაცია არის შეესაბამება სინამდვილეს, სასამართლოს მიერ გაზიარებული არ იქნა შემდეგ გარემოებათა გამო: არგუმენტი 1: ტ------ა ე-----–--ის ჩვენებით იგი არ ფლობს ქართულ ენას, გამოძიების ეტაპზე არ ჰყავდა თარჯიმანი, შესაბამისად არ იცის თუ რა ჩაწერა გამომძიებელმა გამოკითხვის ოქმში. დაზარალებულის აღნიშნულ არგუმენტს ცალსახად აბათილებს პატრულ-ინსპექტორების სამხრე კამერების ჩანაწერები, სადაც მკაფიოდ და გარკვევით ისმის, რომ დაზარალებული უხარვეზოდ საუბრობს ქართულ ენაზე. მართალია, ტ------ა ე-----–--ი ეთნიკურად არ არის ქართველი, თუმცა იგი დაიბადა, გაიზარდა და მუდმივად ცხოვრობს საქართველოში, აქედან გამომდინარე იგი თავისუფლად ფლობს ქართულ ენას, რაც დასტურდება სამხრე კამერების ვიდეო ჩანაწერებით. უფრო მეტიც, პატრულ-ინსპექტორებთან კომუნიკაციის დროს იგი იყენებს ქართულ სალიტერატურო ლექსიკას. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ჩანაწერების მიხედვით ბავშვებიც კი საუბრობენ ქართულად. გარდა ამისა, გარეშე პირის ვ----–---- კ----–-–---–ის ზეპირი ჩვენებით მტკიცდება, რომ იგი მეზობელთან ტ------ა ე-----–--თან მხოლოდ ქართულ ენაზე ამყარებდა კომუნიკაციას, როგორც ვ----–---- კ----–-–---–ის, ასევე პატრულ-ინსპექტორების დ----- ა--------ს, გ------- ზ-----–---–ის, გამომძიებლის ვ--–------ ა---------ის ჩვენებებით დასტურდება ფაქტი იმის შესახებ, რომ ტ------ა ე-----–--ს გამოძიების ეტაპზე შეეთავაზა თარჯიმანი, რაზედაც მან უარი განაცხადა და არგუმენტად დაასახელა ქართული ენის სათანადო ფლობა (წერა არ იცის არცერთ ენაზე). არგუმენტი 2: ზეპირი ჩვენების პროცესში ტ------ა ე-----–--ს წარედგინა გამოკითხვის ოქმი, მან დაადასტურა, რომ ოქმზე არსებული ხელმოწერა ნამდვილად მას ეკუთვნის. არგუმენტი 3: დაზარალებულის ზეპირი ჩვენებით, სახლში პოლიციელების გამოცხადების დროს და შემდგომ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების პროცესში იმყოფებოდა ალკოჰოლური თრობის ქვეშ, რის გამოც, არ გამორიცხავს, რომ მისი მხრიდან პატრულებისთვის და შემდეგ გამომძიებლისთვის მიწოდებული ინფორმაცია ყოფილიყო გაზვიადებული, აღნიშნული არგუმენტის საწინააღმდეგოდ სასამართლო კვლავ მოიშველიებს პატრულ-ინსპექტორების სამხრე კამერების აუდიო-ვიდეო ჩანაწერს, სადაც ნათლად ჩანს, რომ განმცხადებელი არის სრულიად ფხიზელი, ადეკვატურად პასუხობს პოლიცელების მიერ დასმულ შეკითხვებს, გარდა ამისა, გარეშე პირმა ვ----–---- კ----–-–---–მა, ასვე მოწმე პოლიციელებმა არ დაადასტურეს ტ------ა ე-----–--ის სიმთვრალე.

 

3.15. დაზარალებულთან ზეპირი ჩვენების პროცესში აშკარად გამოვლინდა მსხვერპლის მოწყვლადობა, რაც გამოწვეული იყო მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობით, ტ------ა ე-----–--ის შფოთვის დონე იყო უკიდურესად მაღალი, მისი არავერბალური ქცევა - თვალშისაცემი კანკალი, დაბნეულობა, განმარტება, რომ ძალიან მძიმე და ტრაგიკული წარსული ჰქონდა, აღიზარდა ბავშვთა სახლში, გარკვეული პერიოდი ცხოვრობდა ქუჩაში და შიში იმისა, რომ კვლავ დარჩება ქუჩაში, შვილებს ვეღარ არჩენს, რადგანაც მატერიალურად დამოკიდებულია ზ------ს ე-----–--ზე, მიუთითებდა მის გამოუვალ მდგომარეობაზე არ მიეცა მეუღლის წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენება. გამოკვლეული მტკიცებულებების და დაზარალებულის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის ანალიზი სასამართლოს არწმუნებს, რომ ტ------ა ე-----–--ი არის ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლი, დაკომპლექსებული წარსულით და განცდით, რომ ვერავინ უშველის. პატრულ-ინსპექტორების სამხრე კამერების ჩანაწერების მიხედვით, მას შემდეგ, რაც პოლიციელები უმარტავენ, რომ პროცესში სოციალური მუშაკი ჩაერთვება, მსხვერპლი ერთგვარ პანიკაში ვარდება, იწყებს საუბარს მტკივნეულ წარსულზე, იმაზე, რომ ბავშვთა სახლში გაიზარდა, მოძალადე მეუღლე ამცირებს და აკნინებს მისი წარსულით, ხშირად ემუქრება ბავშვების წართმევით და სოციალური მუშაკის ჩართვის შემთხვევაში შესაძლოა შვილების გარეშე დარჩეს, ბავშვები წაართვან და დაკარგოს საცხოვრებელი ადგილი, ჯანმრთელობის დაზღვევაც. ამონარიდი აუდიო-ვიდეო ჩანაწერიდან - საუბრობს ტ------ა ე-----–--ი ,,...სოციალური მუშაკი და ბავშვთა სახლი ვიცი რას ნიშნავს..., ,,ქმარმა გცემოს და მერე კიდევ სოციალური მუშაკი მოვიდეს..., ,,ქირას მე ვიხდი და მაინც მცემს..., ... ვერ დამიცავს პოლიციაც, ვინაიდან მას არაფრის ეშინია, აქვს დიდი გავლენები და ფული..., ...პოლიციაში იმიტომ დავრეკე, რომ გაიგოს უპატრონო არ ვარ...“. მსხვერპლი მასზე განხორციელებული ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ძალადობის გამო იმდენად მოწყვლადი და დათრგუნულია, რომ აქვს უიმედობა მოძალადის დაუსჯელობის და მიიჩნევს, რომ მისი შიშის გამართლების შემთხვევაში უფრო დიდი საფრთხის - ძალადობის ქვეშ ამოჩნდება, სწორედ აღნიშნულით არის განპირობებული მისი მხრიდან ზეპირ ჩვენებაში დანაშაულებრივი ფაქტების უარყოფა და გამოძიებაში სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაზე უარი.

 

3.16. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, ძალადობა რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ესე იგი ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით - პატრულ-ინსპექტორების სამხრე კამერების აუდიო-ვიდეო ჩანაწერებით, მოწმეთა ჩვენებებით, დაზარალებულ ტ------ა ე-----–--ის გამოკითხვის ოქმით, შემაკავებელი ორდერის ოქმით, პოლიციის განყოფილებაში შესული შეტყობინებით და სხვა გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2019 წლის 7 მარტს, ზ.ე-----–--მა ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე ტ------ა ე-----–--ზე. ძალადობის შედეგად მსხვერპლმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. დანაშაულის შემადგენლობის - ტკივილის განცდაზე მიუთითებს ტ------ა ე-----–--ის გამოკითხვის ოქმი, ასევე აუდიო-ვიდეო ჩანაწერში მისი მხრიდან ტკივილის დადასტურება. რაც შეხება დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებას, ძალადობის ჩადენას არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ - დადასტურდა იგივე მტკიცებულებებით, დაზარალებული გამოკითხვის ოქმში ადასტურებს, რომ მეუღლემ მისი ორი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით სცემა, იგივეს აფიქსირებს პატრულ-ინსექტორებთან აუდიო-ვიდეო ჩანაწერში ,, ვეუბნებოდი ნუ მირტყამ ბავშვების თანდასწრებით და მაინც დამარტყა“, გარდა ამისა, აუდიო-ვიდეო ჩანაწერის კადრებში ჩანს, რომ სახლში არის ორი არასრულწლოვანი ბავშვი.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი (2018 წლის 10 ივლისიდან - 2018 წლის 15 ივლისამდე პერიოდი).

 

3.17. დაზარალებულის ტ------ა ე-----–--ის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, 2013 წლიდან ქორწინებაში იმყოფება თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქესთან ზ------ს ე-----–--თან, 2016 წელს ისინი ოფიციალურად განქორწინდნენ, თუმცა მალევე შერიგდნენ. თანაცხოვრების პერიოდში ხშირად ჰქონდა ადგილი მეუღლის მხრიდან ტ------ა ე-----–--ზე მორალურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას, ეუბნებოდა რომ იყო ,,ნაბიჭვარი“, უპატრონო, ბავშვთა სახლში აღზრდილი, აგინებდა და ლანძღავდა. 2018 წლის 10 ივლისიდან - 15 ივლისამდე პერიოდში ზ------ ე-----–--მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, შედეგად განიცადა ტკივილი, მაგრამ მომხდარი ფაქტი პოლიციისთვის არ უცნობებია.

 

3.18. პატრულ-ინსპექტორების სამხრე კამერების აუდიო-ვიდეო ჩანაწერში მართალია დაზარალებული ადასტურებს, რომ 2019 წლის 7 მარტამდეც უძალადია ზ------ ე-----–--ს მასზე, თუმცა მსხვერპლი პატრულ-ინსპექტორებთან საუბრისას არ აკონკრეტებს დანაშაულის ჩადენის დროს, ამდენად, მხოლოდ გამოქვეყნებული მტკიცებულება - გამოკითხვის ოქმი არასაკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ამ ეპიზოდში გამამტყუნებელი განაჩენის მისაღებად, რაც შეეხება პატრულ - ინსპექტორების სამხრე კამერების აუდიო-ვიდეო ჩანაწერს - აღნიშნული მტკიცებულება ვერ გახდება დასტური 2018 წლის ივლისის თვეში ჩადენილი დანაშაულის, ვინაიდან, მსხვერპლი 2019 წლის 7 მარტს პატრულ-ინსპექტორებთან კომუნიკაციის დროს არ ახდენს წინა ძალადობის თარიღის იდენტიფიცირებას. სასამართლო ხაზს უსვამს დაზარალებულის და მოძალადის ქორწინების ხანგრძლივ პერიოდს - 6 წელს, შესაბამისად, აუცილებელია დანაშაულის ხანდაზმულობის საკითხის გარკვევისთვის უტყუარად და საკმარისი მტკიცებულებებით იქნეს გამოკვეთილი დანაშაულის ჩადენის დრო.

 

3.19. 2018 წლის 10 ივლისიდან - 2018 წლის 15 ივლისამდე პერიოდის ძალადობის ეპიზოდში ზ------ ე-----–--ი მტკიცებულებების არასაკმარისობის გამო უნდა გამართლდეს.

 

3.20.დაცვის მხარის პოზიციათა ანალიზი:

 

3.20.1. დაცვის მხარის პოზიცია 2019 წლის 7 მარტის ეპიზოდთან მიმართებაში მტკიცებულებების არასაკმარისობის თაობაზე სასამართლოს მიერ გაზიარებული არ იქნა. ზ------ ე-----–--ის ბრალეულობა 2019 წლის 7 მარტის ეპიზოდთან მიმართებაში დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ შეთანხმებულ და ურთიერთავსებად მტკიცებულებათა ერთობლიობით, როგორიცაა: დაზარალებულის ტ------ა ე-----–--ის გამოკითხვის ოქმი, პატრულ-ინსპექტორების სამხრე კამერების აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, პატრულ-ინსპექტორების, გამომძიებლის ვ--–------ ა---------ის, ვ----–---- კ----–-–---–ის ზეპირი ჩვენებები, შემაკავებელი ორდერის ოქმი, შეტყობინება, სამხრე-კამერების ჩანაწერების დათვალიერების ოქმი და სხვა.

 

3.20.2. დაცვის მხარის პოზიცია გამამართლებელი განაჩენის მიღების მოთხოვნასთან მიმართებაში იმ არგუმენტზე მითითებით, რომ მსხვერპლმა სასამართლოში არ დაადასტურა გამოძიებაში მიცემული ინფორმაცია - სასამართლოს მიერ გაზიარებული არ იქნა შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, 2017 წლის 5 აპრილს რატიფიცირებული იქნა „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ კონვენცია. კონვენციის 55-ე მუხლი ხელშემკვრელ მხარეებს, რომელთა შორისაც არის საქართველო, ავალდებულებს, რომ ფიზიკური ძალადობის დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე და რომ სასამართლო პროცესი უნდა გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა ტ------ა ე-----–--მა ზეპირ ჩვენებაში დაუსაბუთებელი და მცდარი არგუმენტებით უარყო გამოძიებაში მიცემული მამხილებელი ინფორმაცია, მხოლოდ ეს გარემოება, კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ვერ გახდება გამამართლებელი განაჩენის მიღების საფუძველი. ზ------ ე-----–--ის მიერ ოჯახში ძალადობის ჩადენა დადასტურდა არაერთი მტკიცებულებით და ამ მტკიცებულებებისა და საქმის გარემოებების ლოგიკური ანალიზით. სასამართლო ხაზს უსვამს ოჯახური ძალადობის დანაშაულის თავისებურებას, იგი ძირითად ხორციელდება დახურულ სივრცეში - ოჯახის პირობებში, როდესაც მოძალადე, მსხვერპლი და მოწმეც არიან ერთი ოჯახის წევრები და მათი ოჯახური კავშირიდან გამომდინარე დანაშაული რჩება ლატენტური (გაუმჟღავნებელი და დაფარული), აღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს, თუ რამდენად ოპერატიულად მოხდა სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა და ამ კუთხით დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება. განსახილველ შემთხვევაში ჩარევა იყო იმდენად დროული, მყისიერი და ეფექტური, რომ შეიქმნა დამატებითი მტკიცებულებები პატრულ-ინსპექტორების სამხრე კამერების ჩანაწერების, პატრულ ინსპექტორების, გამომძიებლის და გარეშე პირის ვ----–---- კ----–-–---–ის ჩვენებების, დაზარალებულის გამოკითხვის ოქმისა და შემაკავებელი ორდერის ოქმის თვალსაზრისით. დაზარალებულის გამოკითხვის ოქმით და პატრულ-ინსპექტორების სამხრე კამერების ჩანაწერებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ოჯახში ნამდვილად ჰქონდა ადგილი ფიზიკურ ძალადობას და აღნიშნულის მკაფიო დასტურია სამხრე-კამერის ჩანაწერის ის ნაწილი, სადაც მსხვერპლი შემთხვევის ადგილზე მყისიერად მისულ პოლიციელებს უდასტურებს, რომ მეუღლემ ზ------ ე-----–--მა ბავშვების თანდასწრებით სახის არეში მიაყენა ფიზიკური დაზიანება და მას სჭირდება დაცვა, ,,...დამარტყა, ახლა წავიდა. ადრეც ასე დამარტყა და მერე გაიქცა..., ,,...თქვენ არ იცით როგორ მირტყამს...“, ,,...ქირას მე ვიხდი და მცემს მაინც...“, ,,ვეუბნებოდი ნუ მირტყამ ბავშვების თანდასწრებით და მაინც დამარტყა...“, ,,...ბავშვების წართმევით დამემუქრა..“, ,,...ყველა ქალი იცემება და შენც უნდა იცემოო...“, ,, მეუბნება, მერე რა, ყველა სცემს ცოლსო...“, ,,...ორსული რომ ვიყავი ხელი მკრა კიბეებზე ...“, ,,...სულ ცემა-ტყეპაში ვარ...“, ...პოლიციაში იმიტომ დავრეკე, რომ ვინმე დაელაპარაკოს, რომ უპატრონო არ ვეგონო“. ვიდეო ჩანაწერებში ნათლად ჩანს, რომ მსხვერპლი იყო უკიდურესად აღელვებული, შეშინებული, ტიროდა. პატრულ-ინსპექტორების ჩვენებებით დასტურდება იგივე ფაქტობრივი გარემოებები, რაც აღწერილია დაზარალებულის გამოკითხვის ოქმში და სამხრე კამერების აუდიო-ვიდეო ჩანაწერებში. პატრულ-ინსპექტორების ჩვენებებით ტ------ა ე-----–--ს სახეზე ეტყობოდა ძალადობის კვალი - სიწითლე. ძალადობის მყისიერად გამოვლენა ეფექტურია იმ თვალსაზრისითაც, რომ დროის სიმცირიდან გამომდინარე მსხვერპლს ინტელექტუალური თვალსაზრისით არ აქვს ობიექტური შესაძლებლობა დაამახინჯოს ან გააზვიადოს ფაქტები, ამ დროს, მისი მხრიდან პატრულ-ინსპექტორებისთვის მიწოდებული ინფორმაცია არის გულწრფელი, მეტად სანდო და სარწმუნო. გარდა აღნიშნულისა, ტ------ა ე-----–--ის მიერ მოწვეული სანდო - გარეშე პირი, მეზობელი ვ----–---- კ----–-–---–ი ადასტურებს, რომ დაზარალებულმა გამომძიებელს გამოკითხვის პროცესში დაუდასტურა, რომ მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, იგივე ინფორმაცია დაადასტურა გამომძიებელმა ვ--–------ ა---------მა, რომელმაც ძალადობიდან მცირე დროში გამოკითხა მსხვერპლი. ოჯახური დანაშაულის კატეგორიის საქმეებში მნიშვნელოვანია გამოვლინდეს თუ ვინ სთხოვს სახელმწიფოს დახმარებას, ვინ არის დანაშაულის შესახებ შეტყობინების ინიციატორი, გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ შეტყობინების ინიციატორი იყო თავად მსხვერპლი. ეს ფაქტობრივი გარემოება არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, ვინაიდან, ამ კატეგორიის საქმეები ცხადყოფენ, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლები სახელმწიფოს დახმარებას არ სთხოვენ, სანამ მდგომარეობა არ გაუარესდება და სამართალდამცავების ჩართულობა მათთვის სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის დაზიანებისგან დაცვის ერთადერთი გზა აღმოჩნდება. სწორედ იდენტურია განსახილველი შემთხვევაც. ასევე მნიშვნელოვან მტკიცებულებას წარმოადგენს შემაკავებელი ორდერის ოქმი, რომელიც აღწერს უშუალოდ მსხვერპლის მიერ გადმოცემულ ინფორმაციას და ინციდენტის ფაბულას ძალადობის შესახებ, ოქმის შინაარსის სისწორეს და სანდოობას მოწმობს ტ------ა ე-----–--ის და გარეშე პირის ვ.კ----–-–---–ის ხელმოწერები.

 

3.21. დაცვის მხარის პოზიცია პატრულ-ინსპექტორების ჩვენებების იმპიჩმენტთან მიმართებაში - სასამართლომ არ გაიზიარა შემდეგ გარემოებათა გამო:

 

ა) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის #№1/1/548 გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო სასამართლომ არ გამორიცხა, გამონაკლის შემთხვევებში, ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერება. ასეთი გამონაკლისის დაშვება, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე. მაგალითად, სასამართლომ შესაძლებელია განიხილოს ირიბი ჩვენების დაშვების შესაძლებლობა, როდესაც მოწმე ან დაზარალებული დაშინებულია ან არსებობს მისი როგორც მოწმის უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობა. ბრალდებულის კანონსაწინააღმდეგო ქმედებამ - მოწმის დაშინებამ არ უნდა შეაფერხოს მართლმსაჯულების განხორციელება და სწორედ ამიტომ, გამონაკლის შემთხვევებში, სასამართლო უფლებამოსილი უნდა იყოს, შეაფასოს ირიბი ჩვენების დასაშვებობისა და მისი გამოყენების აუცილებლობა. აუცილებლობა შეიძლება წარმოიშვას სხვა შემთხვევაშიც, როდესაც ინფორმაციის ავტორი თავად ვერ ახერხებს ან არ სურს ჩვენების მიცემა და ამისთვის მნიშვნელოვანი მიზეზი არსებობს. ვინაიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს ირიბი ჩვენების ზოგად დასაშვებობას, მისი გამოყენება შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაშიც, როდესაც მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, ამის აუცილებლობა არ არსებობს. მოცემულ საქმეში სახეზეა ის საგამონაკლისო შემთხვევა, როდესაც მსხვერპლმა შეცვალა ჩვენება მოძალადის ,,გადარჩენის“ მიზნით და განსახილველი საქმე ლატენტური კატეგორიისაა. სასამართლო ირიბი ჩვენების გამოყენების დროს აფასებს, თუ რა ვითარებაში და გარემოებაში იქნა მიღებული ინფორმაცია, ვინ არის ინფორმაციის მიწოდების წყარო და ეს წყარო რამდენად იყო დაინტერესებული სწორი ინფორმაცია გაეცა, ასევე ირიბი ჩვენების ავტორი, რამდენად არის გულწრფელი და დამაჯერებელი. განსახილველ შემთხვევაში დადგინდა, რომ მოწმე პოლიციელებმა დანაშაულის შესახებ ინფორმაცია მიიღეს ძალადობის ჩადენიდან დროის უმოკლეს პერიოდში, შემთხვევის ადგილზე, უშუალოდ მსხვერპლისგან, რომელსაც დროის სიმცირიდან გამომდინარე ინტელექტუალური თვალსაზრისით არ ჰქონდა ფაქტების დამახინჯების შესაძლებლობა, ამავე დროს ინფორმაციის მიმწოდებელი პირი არ იყო დაინტერესებული ცრუდ ემხილა ოჯახის წევრი - მეუღლე, რაც შეეხება თავად მოწმეთა სანდოობას, საქმის მასალებით არაფერი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოწმე პოლიციელები იყვნენ დაინტერსებული ცრუდ ემხილათ ბრალდებული ზ------ ე-----–--ი. სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ბრალდების არსებით ნაწილში პატრულ-ინსპექტორების ჩვენებები თანხვედრაშია სამხრე-კამერების ჩანაწერებთან.

 

ბ)მოწმე პოლიციელების ჩვენებები საქმის გარკვეულ, რელევანტურ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას. მართალია, ისინი უშუალოდ არ არიან ძალადობის თვითმხილველი მოწმეები, თუმცა ხსენებულმა პირებმა შემთხვევიდან დროის მცირე მონაკვეთში ნახეს დაზარალებული, რომელიც იყო აღელვებული, ტიროდა, სახეზე აღენიშნებოდა ძალადობის კვალი სიწითლის სახით. პატრულ-ინსპექტორების ჩვენებები მსხვერპლის ემოციურ მდგომარეობასთან და ძალადობის კვალთან მიმართებაში არის პირდაპირი ინფორმაცია, აღნიშნულიდან გამომდინარე, მათი ზეპირი ინფორმაციის ირიბ ჩვენებებად განხილვა არ არის მართებული.

 

3.22.ბრალდების მხარის პოზიციათა ანალიზი:

 

3.22.1.ბრალდების მხარის მოთხოვნა 2018 წლის ივლისის ეპიზოდთან მიმართებაში გამამტყუნებელი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე სასამართლოს მიერ გაზიარებული არ იქნა, სასამართლო განმარტავს, რომ განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სასამართლოს შეფასებით 2018 წლის ივლისის ეპიზოდთან მიმართებაში არ არსებობს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გამამტყუნებელი განაჩენის მისაღებად.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. მან უნდა წარმოადგინოს ბრალდებულის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება, ბრალდებულს არ ევალება საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება, დაცვის საშუალებების ან მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც აბათილებს მის წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებას.

 

4.2. განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

4.3. სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა სამართლებრივი შეფასების გარეშე არ უნდა დარჩეს. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ’’ კონვენცია აღიარებს ქალთა მიმართ ძალადობის, როგორც გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის სტრუქტურულ ბუნებას და იმას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ერთ-ერთი ის მთავარი სოციალური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ქალები იძულებულნი არიან, დაიკავონ მამაკაცებთან შედარებით დაქვემდებარებული მდგომარეობა. დასახელებული კონვენციის, „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე ქალთა მიმართ ძალადობა აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო იღებს ვალდებულებას დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან და აღკვეთოს, სისხლისსამართლებრივად დევნოს და აღმოფხვრას ძალადობა ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობა. ხელი შეუწყოს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას და ქალებსა და მამაკაცებს შორის რეალური თანასწორუფლებიანობის ჩამოყალიბებას, მათ შორის, ქალებისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემის გზით.

 

4.4. სასამართლომ შეაფასა გამოკვლეული მტკიცებულებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, ამ მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების თანახმად შეიქმნა ერთიანი ლოგიკური მტკიცებულებითი ჯაჭვი, რომლის საფუძველზეც სასამართლომ გამოიტანა დასკვნა, რომ ზ------ ე-----–--ის მიერ ჩადენილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებული ბრალეული ქმედება, რის გამოც იგი წარდგენილი კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4.5. რაც შეეხება 2018 წლის ივლისის ეპიზოდს, ამ ნაწილში სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას მხოლოდ გამოქვეყნებული გამოკითხვის ოქმის საფუძველზე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადგინოს ძალადობის მატერიალური ფაქტი და შეაფასოს ფიზიკური ტკივილის კომპონენტი.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

5.1. ზ------ ე-----–--ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

5.2. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის მასშტაბი, - როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური რამაც მსხვერპლი განსაკუთრებულ მოწყვლად მდგომარეობაში ჩააყენა.

 

6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

6.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.

 

6.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

6.3. სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ შემდეგ გარემოებას:

 

6.3.1.გარდა იმისა, რომ ზ------ ე-----–--მა მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, არღვევდა ზნეობის და მორალის ფარგლების ნორმებს, ტ------ა ე-----–--ს აკნინებდა იმის გამო რომ გაიზარდა ბავშვთა სახლში, ეძახდა უაპტრონოს, ბავშვთა სახლში აღზრდილს და ა.შ. ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ძალადობის გამო მსხვერპლის მენტალური მდგომარეობა არის საგანგაშო, არის უკიდურესად დათრგუნული, შფოთვის დონე მაღალია.

 

6.4. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს სასჯელის დანიშვნის ზოგად საწყისებს და პრინციპებს, სწორედ ამ პრინციპების საფუძველზე სასამართლო განსაზღვრავს სამართლიან და კანონიერ სასჯელს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. მე-3 ნაწილის მიხედვით, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. განსახილველი საქმე არის ის შემთხვევა, როდესაც მსუბუქი სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს ჩადენილი დანაშაულის სიმძაფრიდან გამომდინარე.

 

6.5. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის მიზნები მოითხოვს მოძალადე ისჯებოდეს ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე სანქციების საშუალებით, ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის სერიოზულობის გათვალისწინებით. დამამძიმებელი გარემოების მხედველობაში მიღებით აუცილებელია ზ------ ე-----–--ის იზოლაცია და ზომიერად მკაცრი სასჯელის განსაზღვრა. სასამართლოს შეფასებით, ზომიერად მკაცრმა სასჯელმა ხელი უნდა შეუწყოს მომავალში ზ------ ე-----–--ის სათანადო ქცევას, რათა მოძალადისა და მსხვერპლის ურთიერთობიდან გამომდინარე მომავალშიც არ გაგრძელდეს იგივე დაზარალებულის მიმართ ფიზიკური ძალადობა და მსჯავრდებულმა მოახდინოს ახალი სოციალური ღირებულებების გათავისება.

 

7. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

7.1. ელექტრონული დისკები შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ზ------ ე-----–--ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

2. ზ------ ე-----–--ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 მარტის განჩინებით ზ------ ე-----–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 11 მარტიდან.

 

4. ნივთიერი მტკიცებულება:

 

ელექტრონული დისკები შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე

 

6. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ხ.ხარჩილავა