გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე N3/2845-18 31 მაისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ანა ჩხეტია
სხდომის მდივანი მანანა გოგიბედაშვილი, ნინო მაღალდაძე
მოსარჩელე - თ--------------–--ე
წარმომადგენელი - ჯ----–--------–---–ი
მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
წარმომადგენლები - შ-------------–-–---–----------------–--------------------------ა
მოპასუხე - მ–----ის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - მ------------–---–ი
მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გლდანის რაიონის გამგეობა
წარმომადგენელი - ნ--------------ა
მესამე პირი - ი-----–----------–-–---–ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობ
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნები (დაზუსტებული სარჩელი, ტომი 2, ს.ფ. 20-31, 2018 წლის 19 ნოემბრისა და 2019 წლის 23 იანვრის სხდომის ოქმები):
1.1. ,,საქქალაქაგორისერვისის“ მიერ 1996 წლის 12 დეკემბერს ი-----–----------–-–---–ის სახელზე გაცემული N7--- მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობა.
1.2. რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მ–----ის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 29 იანვრის N8------------03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს მის უსაფუძვლობაზე მითითებით.
2.2. მოპასუხეების - მ–----ის მუნიციპალიტეტის მერიის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გლდანის რაიონის გამგეობის წარმომადგენლების განმარტებით, განსახილველ სარჩელზე ისინი არ წარმოადგენენ სათანადო მოპასუხეებს.
3. მესამე პირის პოზიცია
მესამე პირი არ დაეთანხმა სარჩელს მის უსაფუძვლობაზე მითითებით.
4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. ი-----–----------–-–---–ი თბილისის პ------–--------------–-–----------------–-----------ის მებაღეობის ამხანაგობის წევრად 1985 წლის 1 მაისს იქნა მიღებული და მას მ–----ის რაიონის ს------–---–----ში მდებარე 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი გადაეცა, რაზედაც გაიცა შესაბამისი მებაღის წიგნაკი N21.
მტკიცებულება: მებაღის წიგნაკი (ტომი 1, ს.ფ. 112-120).
4.2. 1996 წლის 12 დეკემბრის N7--- მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, „საქქალაქაგროსერვისის“, საპროექტო სამშენებლო ნორმების დაცვის ორგანიზაციისა და სამკერვალო ფაბრიკა „კ---–----ის“ წარმომადგენლებმა ი-----–----------–-–---–ს გადასცეს გ-–------------ში მდებარე 1200 კვ.მ მიწის ნაკვეთი ორ ნაკვეთად (N21 და N20). ამავე მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, ი-----–----------–-–---–ისათვის გადაცემული ნაკვეთებიდან რეფორმამდე მიღებული იყო 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ხოლო 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი გამოეყო დამატებით. მიღება-ჩაბარების აქტზე დატანილი სქემატური გეგმის მიხედვით, ი-----–----------–-–---–ისათვის გადაცემულ მიწის ნაკვეთებს ჩრდილო-დასავლეთით ესაზღვრება გზა, ჩრდილო-აღმოსავლეთით - N22 ნაკვეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთით - N26 და N25 ნაკვეთები, ხოლო სამხრეთ-დასავლეთით - N19 ნაკვეთი. ამავე გეგმის მიხედვით, გადაცემული ნაკვეთებიდან N21 ნაკვეთზე დაფიქსირებულია შენობა-ნაგებობა.
მტკიცებულება: მიღება-ჩაბარების აქტის ასლი, რომელის დედნები გამოკვლეულ იქნა სხდომაზე (ტომი 1, ს.ფ. 160-161).
4.3. 2011 წლის 19 ივლისს ი-----–----------–-–---–მა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტს N8----------- განცხადებით მიმართა, რომლითაც ქალაქ თბილისში, გ-–------------ის ტერიტორიაზე მდებარე 600 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების დარეგისტრირება მოითხოვა. განცხადებასთან ერთად მარეგისტრირებელ ორგანოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და N21 მებაღის წიგნაკი წარედგინა.
მტკიცებულება: განცხადება თანდართული მასალით (ტომი 1, ს.ფ. 106-120).
4.4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მ–----ის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 10 აგვისტოს N8------------06 გადაწყვეტილებით ი-----–----------–-–---–ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ქალაქ თბილისში, გლდანში მდებარე 600.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა ი-----–----------–-–---–ის საკუთრებად საკადასტრო კოდით N72.13.04.0--. საჯარო რეესტრის შესაბამისი ამონაწერის მიხედვით, უფლების დამდგენი დოკუმენტის - თბილისის პ------–-----------------------–-----------ის მებაღეობის ამხანაგობის 1985 წლის 12 მაისის N21 მებაღის წიგნაკის საფუძველზე ი-----–----------–-–---–ის საკუთრება დარეგისტრირდა თბილისში, გლდანში მდებარე 600 კვ.მ მიწის ნაკავეთი და მასზე არსებული 64 კვ.მ შენობა-ნაგებობა.
მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მ–----ის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 10 აგვისტოს N8------------06 გადაწყვეტილება (ტომი 1, ს.ფ. 130), ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საკადასტრო გეგმა (ტომი 1, ს.ფ. 131-132, 133).
4.5. უძრავი ნივთის ნასყიდობის შესახებ 2013 წლის 8 აგვისტოს ხელშეკრულების საფუძველზე N7--1--0--0-- საკადასტრო კოდის უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილებით ტ------–-------ის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა.
მტკიცებულება: 2013 წლის 8 აგვისტოს უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 136), ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ტომი 1, ს.ფ. 143, 153).
4.6. 2014 წლის 27 იანვარს ი-----–----------–-–---–მა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტს N8----------- განცხადებით მიმართა, რომლითაც ქალაქ თბილისში, გ-–------------ის ტერიტორიაზე მდებარე 600 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების დარეგისტრირება მოითხოვა. განცხადებასთან ერთად მარეგისტრირებელ ორგანოს უფლების დამდგენი დოკუმენტის სახით 1996 წლის 12 დეკემბრის N7--- მიღება-ჩაბარების აქტი წარედგინა.
მტკიცებულება: შემოვლის ფურცელი, განცხადება თანდართული დოკუმენტებით (ტომი 1, ს.ფ. 187, 188-191).
4.7. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მ–----ის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 29 იანვრის N8------------03 გადაწყვეტილებით ი-----–----------–-–---–ის 2014 წლის 27 იანვრის განცხადება დაკმაყოფილდა და ქალაქ თბილისში, გ-–------------ის ტერიტორიაზე მდებარე 600.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი მის საკუთრებად დარეგისტრირდა საკადასტრო კოდით N7--1--04.0--.
მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მ–----ის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 29 იანვრის N8------------03 გადაწყვეტილება (ტომი 1, ს.ფ. 194), ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საკადასტრო გეგმა (ტომი 1, ს.ფ. 196-197, 195).
4.8. 2016 წლის 6 ოქტომბერს თ--------------–--ის წარმომადგენელმა ჯ----–--------–---–მა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტს N8----------- განცხადებით მიმართა, რომლითაც ქალაქ თბილისში, გ-–------------ის ტერიტორიაზე მდებარე 542 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში თ--------------–--ის საკუთრების უფლების დარეგისტრირება მოითხოვა. განცხადებასთან ერთად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა:
- წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- თ--------------–--ის წარმომადგენლის ჯ----–--------–---–ის განცხადება ახსნა-განმარტებით რეგისტრაციის თაობაზე მოთხოვნასთან დაკავშირებით;
- მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი;
- სააქციო საზოგადოება ფირმა ,,კ---–----ის“ N----- ცნობა (ხელმწოწერილი საზოგადოების გენერალური დირექტორის ვ------ის მიერ), რომლის მიხედვით, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1967 წლის 12 მაისის N303 დადგენილებით ,,მუშა-მოსამსახურეთა კოლექტიური მებაღეობისათვის მიწების გამოყოფის შესახებ“ თბილისის ყოფილ მ--------------–-----------ას (შემდგომში I მ---------------------–-----------ა, ხოლო თბილისის ნაძალადევის რაიონის სასამართლოს 1995 წლის N1/5 გადაწყვეტილებით სს ფირმა ,,კ---–----ი“) გამოეყო მიწის ნაკვეთები გარდაბნის რაიონის ავჭალისა და ნორიოს საბჭოთა მეურნეობის ტერიტორიებიდან 30,3 ჰა და განაწილდა ფაბრიკის 459 წევრზე, მათ შორის ფაბრიკის თანამშრომელზე, ლ--–-------–-----ე, რომელიც აღნიშნულ ფირმაში მუშაობდა 1977 წლის 6 აპრილიდან 1998 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ცნობაში ასევე მითითებულია, რომ 1984 წლის 4 ოქტომბრის N7 ოქმისა და მებაღეობის წევრთა სიის მიხედვით, მასზე ირიცხება ნაკვეთი N20;
- პ------–--------------–----------------–-----------ის მებაღეობის ამხანაგობის გამგეობის N7 სხდომის ოქმის ასლი, რომლის მიხედვით, განგეობამ ამხანაგობის 17 წევრს ჩამოართვა გადაცემული მიწის ნაკვეთები იმ საფუძვლით, რომ არ ხდებოდა მათი დამუშავება, ხოლო ჩამორთმეული მიწის ნაკვეთები გადანაწილდა ამხანაგობის ახალ წევრებზე, მათ შორის ლ--–-------–-----ე, რომელსაც გადაეცა N20 მიწის ნაკვეთი;
- სააქციო საზოგადოება - ფირმა ,,კ---–----ის“ (ყოფილი პ------–--------------–----------------–-----------ა) მებაღეობის ამხანაგობის წევრთა სიის ასლი, რომლის მიხედვით, ამხანაგობის N20 წევრად მითითებულია ლ--–-------–--ე, ხოლო N21 წევრად ი-----–----------–-–---–ი;
- სამკვიდრო მოწმობის ასლი, რომლის თანახმად, თ--------------–--ე არის 2001 წელს გარდაცვლილი ლ---–-------–--ის პირველი რიგის მემკვიდრე - შვილი, რომელმაც დედის სამკვიდრო ქონება მიიღო სრულად.
მტკიცებულება: შემოვლის ფურცელი, განცხადება, თანდართული დოკუმენტები (ტომი 1, ს.ფ. 229, 230, 231-248).
4.9. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2016 წლის 10 ოქტომბრის N8------------03 გადაწყვეტილების შესაბამისად, სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოძიების მიზნით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტომ 2016 წლის 10 ოქტომბერის N2----- წერილით საქართველოს ეროვნული არქივიდან, შემოსავლების სამსახურიდან და მ–----ის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან ინფორმაცია გამოითხოვა. განმცხადებელს ასევე ეცნობა, რომ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის თანახმად, სარეგისტრაციო უძრავი ნივთი ზედდებაში იყო N7--1--0--0-- და N7--1--0--305 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მონაცემებთან და N8820--107105 განაცხადით წარმოებაში მყოფ მონაცემებთან. ამავე გადაწყვეტილებით თ--------------–--ის N8----------- განცხადებაზე გადაწყვეტილების მიღება 2016 წლის 10 ოქტომბერის N2----- წერილის პასუხის მიღებამდე გადაიდო.
მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 10 ოქტომბრის N8------------03 გადაწყვეტილება (ტომი 1, ს.ფ. 251); სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 10 ოქტომბერის N2----- წერილი (ტომი 1, ს.ფ. 252), ზედდების ამსახველი ნახაზი (ტომი 2, ს.ფ. 135).
4.10. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2016 წლის 5 დეკემბრის N8------------10 გადაწყვეტილებით თ--------------–--ის N8----------- განცხადებაზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა იმაზე მითითებით, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია.
მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2016 წლის 5 დეკემბრის N8------------10 გადაწყვეტილება (ტომი 1, ს.ფ. 268).
4.11. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ი-----–----------–-–---–ზე გაცემული 1996 წლის 12 დეკემბრის N7--- მიღება-ჩაბარების აქტის ნამდვილი მონაცემები არის ჩასწორებული ან/და აქტი არის გაყალბებული.
მიღება-ჩაბარების აქტის ოთხ ეგზემპლარზე (დედანი დოკუმენტები გამოკვლევის შემდეგ დაუბრუნდე წარმომდგენ ორგანოს, ასლები - ტომი 2, ს.ფ. 41-48) დაფიქსირებულია ერთი სახის მონაცემები, რაც მეტყველებს მასზე, რომ ყველა მონაცემი დატანილია მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის პროცესში და შესაბამისად, ნამდვილია, სიყალბესთან დაკავშირებული განმარტებები კი არ დასტურდება რაიმე სახის მტკიცებულებით.
4.12. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ საჯარო რეესტრისათვის 2016 წლის 6 ოქტომბერს წარდგენილი N8----------- განცხადებით მითითებულ მიწის ნაკვეთი 2001 წლის მდგომარეობით (ლ--–-------–--ის გარდაცვალების დრო) იმყოფებოდა ლ--–-------–--ის მართლზომიერ მფლობელობაში.
მითითებული გარემოების დასადასტურებლად მოსარჩელე უთითებს შემდეგ მტკიცებულებებზე:
- სააქციო საზოგადოება ფირმა ,,კ---–----ის“ N----- ცნობა (ხელმოწერილი საზოგადოების გენერალური დირექტორის ვ------ის მიერ), რომლის მიხედვით, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1967 წლის 12 მაისის N303 დადგენილებით ,,მუშა-მოსამსახურეთა კოლექტიური მებაღეობისათვის მიწების გამოყოფის შესახებ“ თბილისის ყოფილ მ--------------–-----------ას (შემდგომში I მ---------------------–-----------ა, ხოლო თბილისის ნაძალადევის რაიონის სასამართლოს 1995 წლის N1/5 გადაწყვეტილებით სს ფირმა ,,კ---–----ი“) გამოეყო მიწის ნაკვეთები გარდაბნის რაიონის ავჭალისა და ნორიოს საბჭოთა მეურნეობის ტერიტორიებიდან 30,3 ჰა და განაწილდა ფაბრიკის 459 წევრზე, მათ შორის ფაბრიკის თანამშრომელზე, ლ--–-------–-----ე, რომელიც აღნიშნულ ფირმაში მუშაობდა 1977 წლის 6 აპრილიდან 1998 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ცნობაში ასევე მითითებულია, რომ 1984 წლის 4 ოქტომბრის N7 ოქმისა და მებაღეობის წევრთა სიის მიხედვით, მასზე ირიცხება ნაკვეთი N20;
- პ------–--------------–----------------–-----------ის მებაღეობის ამხანაგობის გამგეობის N7 სხდომის ოქმის ასლი, რომლის მიხედვით, განგეობამ ამხანაგობის 17 წევრს ჩამოართვა გადაცემული მიწის ნაკვეთები იმ საფუძვლით, რომ არ ხდებოდა მათი დამუშავება, ხოლო ჩამორთმეული მიწის ნაკვეთები გადანაწილდა ამხანაგობის ახალ წევრებზე, მათ შორის ლ--–-------–-----ე, რომელსაც გადაეცა N20 მიწის ნაკვეთი;
- სააქციო საზოგადოება - ფირმა ,,კ---–----ის“ (ყოფილი პ------–--------------–----------------–-----------ა) მებაღეობის ამხანაგობის წევრთა სიის ასლი, რომლის მიხედვით, ამხანაგობის N20 წევრად მითითებულია ლ--–-------–--ე, ხოლო N21 წევრად ი-----–----------–-–---–ი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული დოკუმენტებით დასტურდება მხოლოდ ის ფაქტი, რომ ლ--–-------–--ეს გადაეცა N20 მიწის ნაკვეთი და ლ--–-------–--ე ფლობდა მას 1984 წლის ოქტომბრიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თუმცა არ ირკვევა, რომ აღნიშნული მფლობელობა გაგრძელდა უწყვეტად. სააქციო საზოგადოება ფირმა ,,კ---–----ის“ N----- ცნობა იძლევა ინფორმაციას სწორედ 1984 წლის 4 ოქტომბრის N7 ოქმისა და მებაღეობის წევრთა სიის მიხედვით, რომლის შედგენის თარიღი საქმის მასალებიდან არ ირკვევა. მებაღეობის ამხანაგობის წევრობის და შესაბამისი მიწის ნაკვეთის მფლობელობის მტკიცებულებას წარმოადგენს მებაღის წიგნაკი, თუმცა ამგვარი დოკუმენტი მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა. იმის გათვალისწინებით, რომ მიწის ნაკვეთის დამუშავების ვალდებულების შეუსრულებლობა განაპირობებდა მასზე უფლების ჩამორთმევას, რისი კონკრეტული მაგალითებიც დასტურდება მოსარჩელის წარმოდგენილი დოკუმენტით - პ------–--------------–----------------–-----------ის მებაღეობის ამხანაგობის გამგეობის N7 სხდომის ოქმით, ამასთან, დადგენილია, რომ 1996 წლის 12 დეკემბრის N7--- მიღება-ჩაბარების აქტით ლ--–-------–-----ე 1984 წელს გადაცემული N20 მიწის ნაკვეთი გადაეცა იგივე ამხანაგობის წევრს იზოლდა მჭედლიძეს და აღნიშნული აქტი დადასტურებულია სამკერვალო ფაბრიკა „კ---–----ის“ წარმომადგენლის - შ--------------ის მიერ, იბადება დასაბუთებული ვარაუდი მასზე, რომ ლ--–-------–--ის მებაღის წიგნაკის მოუძიებლობა მისი მემკვიდრისათვის მეტყველებს ლ--–-------–--ის მფლობელობის შეწყვეტაზე, რის გამოც მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებები ვერ იქნება მიჩნეული მფლობელობის ფაქტის დასადგენად უტყუარ მტკიცებულებებად.
ზემოაღნიშნული დასკვნის დასასაბუთებლად გასათვალისწინებელია სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული შ--------------ის ჩვენება, რომლის მიხედვით, შ--------------ე 1994 წლიდან იყო პ------–--------------–----------------–-----------ა მებაღეობის ამხანაგობის თავმჯდომარე, ლ---–-------–--ეს და ი-----–----------–-–---–ს, როგორც ამხანაგობის წევრებს, გაუნაწილდათ მიწის ნაკვეთები, რომლებიც, როგორც ახსოვს, გვერდი-გვერდ იყო, ი-----–----------–-–---–ს ჰქონდა მებაღის წიგნაკი და მოგვიანებით მის სახელზე მიღება-ჩაბარების აქტიც გაიცა, ლ---–-------–--ეს რა დოკუმენტები ჰქონდა არ ახსოვს. მოწმის განმარტებით, ლ---–-------–--ე ბოლო დროს ვეღარ უვლიდა გადაცემულ ტერიტორიას და შეიძლება გაასხვისა, აღნიშნულზე ინფორმაცია არ აქვს. სასამართლო სხდომაზე მოწმემ დაადასტურა, რომ 1996 წლის 12 დეკემბერის N7--- მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტზე მისი ხელმოწერა იყო (2019 წლის 11 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი (16:40:06-16:58:46).
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქცია”, ,,საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილება, ,,ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში მცხოვრებთათვის მიწის გამოყოფისა და მისი ეფექტიანად გამოყენების ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 22 თებერვლის N45 ბრძანებულება.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. სადავო მიღება-ჩაბარების აქტით განხორციელდა რა სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე კერძო პირის უფლების განსაზღვრა მხარეთა მიერ შესაბამისი ნების გამოვლენის გზით, სახეზეა ადმინისტრაციული ხელშეკრულება - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ პირთან დადებული ხელშეკრულება (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ პუნქტი).
ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასა და მოქმედებასთან დაკავშირებით ნორმებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი განსაზღვრავს. აღნიშნული კოდექსის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით (65-ე მუხლის პირველი ნაწილი). ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ (56-ე მუხლის მე-2 ნაწილი). ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას. დაუშვებელია ადმინისტრაციული ხელშეკრულებით საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში მითითებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა (66-ე მუხლი).
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ხელშეკრულების ბათილად გამოცხადებას აწესრიგებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 70-ე მუხლი).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიხედვით, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
გასაჩივრებული მიღება-ჩაბარების აქტის შეფასება და მისი კანონიერების თაობაზე საკითხის გადაწყვეტა უნდა მოხდეს ამ აქტის გამოცემის პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესვლამდე (1997 წლის 25 ნოემბერი) მოქმედი საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის დამტკიცების შესახებ საქართველოს სსრ 1964 წლის 26 დეკემბრის კანონის 93-ე მუხლის თანახმად, მიწა წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას და იგი გაიცემოდა მხოლოდ სარგებლობისათვის. ასეთივე ჩანაწერი იყო 1971 წლის 1 ნოემბრიდან ამოქმედებულ მიწის კოდექსში, რომლის მე-4 მუხლის მიხედვით, მიწა წარმოადგენდა განსაკუთრებულ სახელმწიფო საკუთრებას და იგი გაიცემოდა მხოლოდ სარგებლობისათვის. ამავე კოდექსის მე-10 მუხლის შესაბამისად, მიწა სარგებლობისათვის მიეცემოდათ სსსრ კავშირის მოქალაქეებს, ხოლო მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ქალაქისა და დაბების მიწებიდან საწარმოების, ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და მოქალაქეების მუდმივ ან დროებით სარგებლობაში მიწის ნაკვეთის გაცემის უფლება ჰქონდათ მშრომელთა დეპუტატების საქალაქო, სადაბო საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტებს.
,,საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილებით მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთების ნორმის გადიდებისა და მიწის კერძო საკუთრებაში გადაცემით სოფლის მეურნეობაში საბაზრო ურთიერთობათა დამკვიდრების, სასურსათო პროდუქტების წარმოების გადიდების, ეკონომიკური კრიზისისაგან გამოსვლის მიზნით დადგინდა, რომ მიწა კერძო საკუთრებაში, მფლობელობასა და სარგებლობაში გადაეცემოდათ მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს (მე-2 პუნქტი). ამავე დადგენილების მიხედვით, მიწების ადრინდელ მესაკუთრეებს ან მათ მემკვიდრეებს მიწა საკუთრებაში, მფლობელობასა და სარგებლობაში მიეცემოდათ საერთო საფუძველზე (მე-3 პუნქტი).
,,ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში მცხოვრებთათვის მიწის გამოყოფისა და მისი ეფექტიანად გამოყენების ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 22 თებერვლის N45 ბრძანებულებით რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქებისა და რაიონული ცენტრების მცხოვრებთა საკარმიდამო მიწის ნაკვეთებით მაქსიმალურად დაკმაყოფილებისა და მათი მომსახურების გაუმჯობესების მიზნით დადგინდა:
1. რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქებისა და რაიონული ცენტრების მცხოვრებთათვის დამატებით გამოყოფილიყო მიწის ფართობები დანართის თანახმად;
2. დანართში ჩამოთვლილ რაიონებს ერთი თვის ვადაში დადგენილი წესით შეერჩიათ ქალაქებისა და რაიონული ცენტრების მცხოვრებთათვის გადასაცემი მიწის ფართობები საავტომობილო და სარკინიგზო გზებთან ახლოს და წარედგინათ სათანადო მასალები საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნებისა და კვების მრეწველობის სამინისტროსთვის, მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის დეპარტამენტისათვის, რომლებსაც სათანადო ორგანიზაციებთან შეთანხმების შემდეგ ერთი კვირის ვადაში უნდა განეხილათ სარეფორმო ფონდში გამოსაყოფი მიწის შერჩევის საკითხი და შესაბამისი დასკვნა წარედგინათ მმართველობის ადგილობრივი ორგანოებისათვის;
3. მმართველობის ადგილობრივ ორგანოებსა და მიწის რეფორმის კომისიებს მაქსიმალურად უნდა შეეწყოთ ხელი ქალაქებისა და რაიონული ცენტრების მცხოვრებთა უპირატესად მამაპაპისეულ სოფლებში მიწის ნაკვეთებით დაკმაყოფილებისა და ქალაქელთათვის კომპაქტურად გამოყოფილ მიწის ფართობებზე მათი დამაგრებისათვის;
4. ,,საქქალაქაგროსერვისს’’ უნდა უზრუნველეყო:
- თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის მერიებთან ერთად ქალაქების მცხოვრებთათვის გამოყოფილი მიწის ფართობების განაწილება, დაპროექტება და მიწის მიღება-ჩაბარების აქტების გაცემა სათანადო ანაზღაურებით;
- მებაღეობის ამხანაგობებში მიწის რეფორმის სამუშაოების დამთავრება 1995-1996 წლებში, რაშიც მისთვის ხელი უნდა შეეწყო შესაბამის საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს მმართველობის ადგილობრივ ორგანოებთან ერთად;
- თესლით, სარგავი მასალით, მოზარდეულით, მინერალური სასუქებით, შხამქიმიკატებით, ინვენტარითა და მეურნეობებისათვის საჭირო სხვა მატერიალური საშუალებებით მომარაგება, აგრეთვე, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკითა და აგროზოოვეტ მომსახურება საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროსადმი დაქვემდებარებულ სამსახურებთან, საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობისა და მომარაგების სამინისტროსთან, სოფლის მეურნეობის საწარმოო მომსახურებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სახელმწიფო კოორპორაცია ,,საქაგროტექსერვისთან’’ და ,,ცეკავშირთან’’ სათანადო ხელშეკრულებების საფუძველზე;
5. საქართველოს რესპუბლიკის საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტს, თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის მერიებს, აგრეთვე სხვა ქალაქების მმართველობის ადგილობრივ ორგანოებს ,,საქქალაქაგროსერვისის’’ შეკვეთით სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე დაენიშნათ ავტობუსების მარშრუტები გამოყოფილ მიწის ნაკვეთებამდე ქალაქის მოსახლეობის გადასაყვანად, რისთვისაც ნავთობპროდუქტების კონცერნს უზრუნველეყო მმართველობის ადგილობრივი ორგანოებისა და ,,საქქალაქაგროსერვისის’’ ენერგორესურსებით მომარაგება შესაბამისი ანგარიშსწორების საფუძველზე;
6. ,,საქქალაქაგროსერვისს’’ შეემუშავებინა ქალაქებისა და რაიონული ცენტრების მცხოვრებთათვის სოფლად გამოყოფილი საბაღე და საკარმიდამო ნაკვეთების მომსახურების პროგრამა მომსახურების კოოპერაციული ფორმების დანერგვისა და მატერიალურტექნიკური ბაზის განმტკიცებისათვის უცხოური ინვესტიციებისა და კრედიტების მოზიდვის გათვალისწინებით;
7. თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, რესპუბლიკის სხვა ქალაქებისა და რაიონების მმართველობის ადგილობრივ ორგანოებს ხელი შეეწყოთ "საქქალაქაგროსერვისისათვის" თავიანთი ქალაქების ტერიტორიაზე საკარმიდამო, საბაღე და სააგარაკო ნაკვეთების მფლობელთათვის მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების მიყიდვისა და ჭარბი პროდუქციის სარეალიზაციოდ საჭირო სავაჭრო ფართის გამოყოფაში;
8. საქართველოს რესპუბლიკის სარკინიგზო ტრანსპორტის დეპარტამენტს ,,საქქალაქაგროსერვისის’’ მოთხოვნის შესაბამისად შეძლებისდაგვარად დაეწესებინა საგარეუბნო მატარებლების დამატებითი გაჩერებები საკარმიდამო, საბაღო და სააგარაკო ნაკვეთების დიდი მასივების მიმდებარე ტერიტორიებზე;
9. საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურას, კონტროლის პალატას სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან ერთად ერთი თვის ვადაში უზრუნველეყო ,,საქქალაქაგროსერვისსა’’ და ყოფილი ,,საქაგროკოოპისადმი’’ დაქვემდებარებულ ორგანიზაციას ,,საქაგროკოოპმრეწვს’’ შორის წარმოქმნილი ქონებრივი დავის გადაწყვეტა;
10. საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ,,საქქალაქაგროსერვისთან’’ ერთად დაესახა და განეხორციელებინა საბაღე და საკარმიდამო ნაკვეთების დაცვის ღონისძიებები.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სადავო 1996 წლის 12 დეკემბრის N7--- მიღება-ჩაბარების აქტით „საქქალაქაგროსერვისის“, საპროექტო სამშენებლო ნორმების დაცვის ორგანიზაციისა და სამკერვალო ფაბრიკა „კ---–----ის“ წარმომადგენლებმა ი-----–----------–-–---–ს გადასცეს გ-–------------ში მდებარე 1200 კვ.მ მიწის ნაკვეთი ორ ნაკვეთად (N21 და N20). ამავე მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, ი-----–----------–-–---–ისათვის გადაცემული ნაკვეთებიდან რეფორმამდე მიღებული იყო 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ხოლო 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი გამოეყო დამატებით. მოყვანილი ნორმებიდან გამომდინარე, მიღება-ჩაბარების აქტით მიწის ნაკვეთის გადაცემა განხორციელდა საქქალაქაგროსერვისის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე და მოსარჩელის მიერ არ ყოფილა მითითებული და დადასტურებული გარემოება, რაც შეიძლებოდა, მიჩნეული ყოფილიყო ამ აქტის კანონის დარღვევით გამოცემაზე მეტყველ და მისი ბათილად ცნობის განმაპირობებელ გარემოებად. მიღება-ჩაბარების აქტში გაკეთებული ჩასწორება, რაზედაც აპელირებდა მოსარჩელე, შესაძლოა, ჩათვლილიყო მხოლოდ დოკუმენტისათვის მტკიცებულებითი ძალის მინიჭებისათვის ხელისშემშლელ გარემოებად, თუ ჩასწორების ხასიათი ეჭვქვეშ დააყენებდა არსებული მონაცემების სიზუსტეს, თუმცა ამგვარი ხარვეზი მიღება-ჩაბარების სხვადასხვა ეგზემპლარის გამოკვლევით არ დადგინდა - მიღება-ჩაბარების აქტის ოთხ ეგზემპლარზე დაფიქსირებულია ერთი სახის მონაცემები, რაც მეტყველებს მასზე, რომ ყველა მონაცემი დატანილია მისი შედგენის პროცესში და შესაბამისად, ნამდვილია, სიყალბესთან დაკავშირებული განმარტებები კი არ დასტურდება რაიმე სახის მტკიცებულებით. მიღება-ჩაბარების აქტის უკანონობაზე მეტყველ ძირითად გარემოებად მოსარჩელე ამ აქტით გათვალისწინებულ ქონებაზე თავისი უფლების უგულებელყოფას ასახელებს, თუმცა ამგვარი უფლების არსებობა წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ იქნა დადგენილი. შესაბამისად, გარდა იმისა, რომ არ დადგინდა მიღება-ჩაბარების აქტის შედგენა კანონმდებლობის დარღვევით, შესაბამისი აქტის ბათილად ცნობის მიმართ მოსარჩელის ინტერესი წარმოადგენს უსაფუძვლოს, ვინაიდან ვერ დასტურდება მიწის ნაკვეთზე მისი მფლობელობის უფლება.
7.2. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტი), რომელიც ბათილია, თუ ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი). სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ იგი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილი).
მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლომ შეამოწმა რა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მ–----ის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 29 იანვრის N8------------03 გადაწყვეტილების კანონიერება, მიიჩნევს, რომ არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მ–----ის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 29 იანვრის N8------------03 გადაწყვეტილების შინაარსიდან გამომდინარე, მისი კანონიერება უნდა იქნეს შეფასებული იმის გამორკვევით, გააჩნდა თუ არა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ქალაქ თბილისში, გ-–------------ის ტერიტორიაზე მდებარე 600.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის ი-----–----------–-–---–ის საკუთრებად დარეგისტრირების (საკადასტრო კოდი N7--1--0--0--) საფუძველი.
საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის განსაზღვრავს.
დასახელებული კანონის მიხედვით, საჯარო რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, სამისამართო და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრების ერთობლიობა (მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტი). უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრი კი არის უძრავ ნივთებზე უფლების, უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა (მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი).
ამავე კანონის მიხედვით, საჯარო რეესტრის წარმოებას და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს სააგენტო, რომელიც არის კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი და ამ კანონით განსაზღვრული საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განმახორციელებელი მარეგისტრირებელი ორგანო (მე-3 მუხლის პირველი პუნქტი).
ამავე კანონის მიხედვით, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლებისა და მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით ხორციელდება (მე-2 მუხლის „თ“ პუნქტი).
ამავე კანონის მიხედვით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ან განცხადება, რომელსაც უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია, კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად (,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლი).
რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე (კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი). სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები („საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,კ“ და ,,ლ“ პუნქტები). მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე („საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი).
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ მიხედვით, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები (მე-18 მუხლის პირველი პუნქტი).
განსახილველ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მ–----ის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 29 იანვრის N8------------03 გადაწყვეტილებით, ქალაქ თბილისში, გ-–------------ის ტერიტორიაზე მდებარე 600.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი 1996 წლის 12 დეკემბერს N7--- მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე დარეგისტრირდა და მითითებული უფლების დამდგენი დოკუმენტი დღეის მდგომარეობით ძალაშია. ამასთან, მოსარჩელემ ვერ შეძლო, დაედასტურებინა ამ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ისეთი სახის კანონდარღვევის არსებობა, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დადგენილი გარემოებების მიხედვით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მ–----ის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 29 იანვრის N8------------03 გადაწყვეტილებით მართლზომიერად მოხდა სადავო მიწის ნაკვეთზე ი-----–----------–-–---–ის საკუთრების უფლების რეგისტრაცის და არ არსებობს მითითებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი.
8. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, თუმცა მოსარჩელე, როგორც მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, გათავისუფლებულია ბაჟის გადახდისაგან ”სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ”მ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე (ტომი 1, ს.ფ. 49).
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. თ--------------–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს:
2. მოსარჩელე განთავისუფლებულია ბაჟისგან;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისში, გრ. რობაქიძის გამზირი N7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე ქ.თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, N6) სააპელაციო საჩივრის წარდგენის გზით.
მოსამართლე ანა ჩხეტია