გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №(3/348-2019)010310019003088245
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
24.10. 2019 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე - კობა გოცირიძე
სხდომის მდივანი - ქეთევან თურმანიძე
მოსარჩელე - შინაგან საქმეთა სამინისტრო სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი;
წარმომადგენელი - გ--------–--–----–---–--
მოპასუხე - შპს ,,კონდოს რეალ ესტეიტ ინვესტმენტ გროუპ“
დავის საგანი - თანხის დაკისრება;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა და მოტივები:
1.1. 2019 წლის 9 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მომართა შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპატამენტმა მოპასუხე შპს ,,კონდოს რეალ ესტეიტ ინვესტმენტ გროუპის“ მიმართ და ითხოვა: შპს ,,კონდოს რეალ ესტეიტ ინვესტმენტ გროუპს“ შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს 1. დაცვის მომსახურების დავალიანების - 4------–----- გადახდა; 2. სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება;
მოსარჩელის განმარტებით, შპს ,,კონდოს რეალ ესტეიტ ინვესტმენტ გროუპსა“ (შემდგომში „დამკვეთი“) და შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს (შემდგომში „დაცვა“) შორის 2019 წლის 17 ივნისს გაფორმდა N429 ხელშეკრულება დაცვის მომსახურების შესახებ, რომლის თანახმად სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ხელშეკრულების 1.1. პუნქტის თანახმად იღებდა ვალდებულებას 2019 წლის 21 ივნისის 16.00 საათიდან, 22 ივნისის 05.00 საათამდე, უზრუნველყო ბათუმის ბულვარში, საჩოგბურთო კორტების ტერიტორიაზე, ,,დამკვეთის“ მიერ ორგანიზებულ კონცერტზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, მატერიალური პასუხისმგებლობის გარეშე. ზემოთაღნიშნული ხელშეკრულების 4.1. და 4.2. პუნქტების თანახმად ,დამკვეთის“ მიერ გაწეული დაცვის მომსახურების თანხის ანაზღაურება უნდა მომხდარიყო 2019 წლის 26 ივნისამდე. მოპასუხემ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელემ მოითხოვა ხელშეკრულების პირობების დარღვევით გამოწვეული დარღვევისათვის მომსახურების საფასურის - 4------–არის ანაზღაურება.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე შპს ,,კონდოს რეალ ესტეიტ ინვესტმენტ გროუპი“ რომელიც სხდომის დღის შესახებ გაფრთხილებული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე. სასამართლომ სარჩელი განიხილა გამოუცხადებელი მხარის დასწრების გარეშე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე. (იხ 24.10.2019 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი)
3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. შპს ,,კონდოს რეალ ესტეიტ ინვესტმენტ გროუპსა“ (შემდგომში „დამკვეთი“) და შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს (შემდგომში „დაცვა“) შორის 2019 წლის 17 ივნისს გაფორმდა N429 ხელშეკრულება დაცვის მომსახურების შესახებ, 2019 წლის 20 ივნისის მხარეთა შორის დაიდო #438 ურთიერთშეთანხმება, რომლითაც #429 ხელშეკრულებაში განხორციელდა ცვლილებები.
მტკიცებულება რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- მხარის ახსნა-განმარტება;
- 2019 წლის 17 ივნისის N429 ხელშეკრულება;
2019 წლის 20 ივნისის #438 ურთიერთშეთანხმება
3.2. ხელშეკრულების მიხედვით სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი 1.1. და 2.1. პუნქტების თანახმად იღებდა ვალდებულებას 2019 წლის 21 ივნისის 16.00 საათიდან, 22 ივნისის 05.00 საათამდე, უზრუნველეყო ბათუმის ბულვარში, საჩოგბურთო კორტების ტერიტორიაზე, ,,დამკვეთის“ მიერ ორგანიზებულ კონცერტზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, მატერიალური პასუხისმგებლობის გარეშე, 40 პოლიციელის მეშვეობით. 2019 წლის 21 ივნისის 16.00 საათიდან, 22 ივნისის 05.00 საათამდე, დეპარტამენტმა ჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება 40 პოლიციელის მეშვეობით აღნიშნული გარემოება დადასტურებულია ასევე დამკვეთის მიერ.
მტკიცებულება რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- მხარის ახსნა-განმარტება;
- 2019 წლის 17 ივნისის N429 ხელშეკრულება;
2019 წლის 20 ივნისის #438 ურთიერთშეთანხმება
21/06/2019 და 22/06/2019 წლის ბრძანებები
აქტი მომსახურების მიღება-ჩაბარების შესახებ.
3.3. #429 ხელშეკრულების 4.1. და 4.2. პუნქტების თანახმად დაცვის მომსახურების საერთო ღირებულება შეადგენდა 3 000 (სამი ათას) ლარს, დღგ-ს ჩათვლით; ,,დამკვეთის“ მიერ გაწეული დაცვის მომსახურების თანხის ანაზღაურება უნდა მომხდარიყო 2019 წლის 26 ივნისამდე. ხოლო #438 ურთიერთშეთანხმების ხელშეკრულების მე-2 პუნქტის თანახმად ცვლილება შევიდა #429-ე ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.1. პუნქტში და ჩამოყალიბდა შემდეგნაირად ;დაცვის მომსახურების საერთო ღირებულება შეადგენს 4000 ლარს დღგ-ს ჩათვლით.
მტკიცებულება რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- მხარის ახსნა-განმარტება;
- 2019 წლის 17 ივნისის N429 ხელშეკრულება;
2019 წლის 20 ივნისის #438 ურთიერთშეთანხმება
3.4. მოპასუხემ არ გადაიხადა ხელშეკრულების 4.1. და 4.2. პუნქტებით გათვალისწინებული დაცვის მომსახურების თანხა, 2017 წლის ივნისის თვის - 4------–არი.
მტკიცებულება რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ცნობა დავალიანების თაობაზე;
- თანხის ბრუნვის ბარათი;
სამოტივაციო ნაწილი;
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმის მასალების შესწავლის, საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტი, 251-ე მუხლის მე-2 ნაწილი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „ზ“ პუნქტი, 65-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა. ამავე კოდექსის 251 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულება. ამავე კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს მხოლოდ კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში. 2. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას. 3. დაუშვებელია ადმინისტრაციული ხელშეკრულებით საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში მითითებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის (ვალდებულების არსებობის პრეზუმფცია) შესაბამისად ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ხელშეკრულების თანახმად ,,დაცვას“ 2019 წლის 21 ივნისის 16.00 საათიდან, 22 ივნისის 05.00 საათამდე, უნდა უზრუნველეყო ბათუმის ბულვარში, საჩოგბურთო კორტების ტერიტორიაზე, ,,დამკვეთის“ მიერ ორგანიზებულ კონცერტზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, მატერიალური პასუხისმგებლობის გარეშე, რაც დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ იქნა შესრულებული ჯეროვნად. ხელშეკრულების 4.1. და 4.2. პუნქტების თანახმად დაცვის მომსახურების საერთო ღირებულება შეადგენდა 4 000 (ოთხი ათასი) ლარს, დღგ-ს ჩათვლით; ,,დამკვეთის“ მიერ გაწეული დაცვის მომსახურების თანხის ანაზღაურება უნდა მომხდარიყო 2019 წლის 26 ივნისამდე, რაც მან ჯეროვნად არ შეასრულა და გადაუხდელმა თანხამ შედგინა 4 000 ლარი. (იხ გადაწყვეტილების 3.3. პუნქტი)
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამდენად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1---------–ი) ლარის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ, იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12-ე მე-13-ე, 251-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 327-ე, 361-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2.შპს ,,კონდოს რეალ ესტეიტ ინვესტმენტ გროუპს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს 4-------------------) ლარის გადახდა;
3.შპს ,,კონდოს რეალ ესტეიტ ინვესტმენტ გროუპს“ დაეკისროს მოსარჩელის შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1---------–ი) ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), განჩინების ასლის მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა №30) მეშვეობით. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად;
მოსამართლე კობა გოცირიძე