განაჩენი

სისხლის სამართლის 20.09.2019
საქმის ნომერი
330100115783124
თარიღი
20.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/1728-15

#-------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

20 სექტემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - შორენა გუნცაძე

სხდომის მდივანი - თამარ ფიფია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - მ-----–-------

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი - ა----–-–---–---–-

 

განსასჯელი - კ------------------, დაბადებული 1----–-–----- ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქე, ამჟამად ძებნილი

 

კვალიფიკაცია და დისპოზიცია: სსკ-ის 105-ე მუხლი (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი კოდექსი) - განზრახ მკვლელობა

 

სხდომის სახე: ღია

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1993 წლის 10 ნოემბერს, თბილისში, დაახლოებით 04:00 საათისთვის, რ-------- ქ.#-- სახლის წინ, ურთიერთშელაპარაკების დროს წარმოშობილ ჩხუბში, გადაჭრილი გლუვლულიანი თოფიდან გასროლით, კ------------------- მოკლა 1----–--–- დაბადებული ზ--------------–---–-, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და თან წაიღო ცეცხლსასროლი იარაღი.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

სასამართლო გამოძიებით არ დადგინდა განსასჯელის მიერ საბრალდებო დასკვნით შერაცხული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა. შესაბამისად, კ------------------ უნდა გამართლდეს ზ--------------–---–-ს განზრახ მკვლელობისთვის წარდგენილ ბრალდებაში.

 

განზრახ მკვლელობა

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

დაზარალებულის უფლებამონაცვლის - ლ----------------–---–-- წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენების მიხედვით (რომელიც, საქართველოს სსსკ-ის 481-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე, მოწმის გარდაცვალების გამო, საჯაროდ იქნა წაკითხული სასამართლო სხდომაზე), შვილის მეგობრების დიდ ნაწილს იცნობდა, ზოგი სოფელში ჰყავდა ზ--------------–---–- ჩაყვანილი, ზოგს პროფტექნიკუმის საერთო საცხოვრებელში ნახულობდა, როცა შვილის ოთახს ალაგებდა. 1993 წლის 9 ნოემბერს ზ---- დიდუბის ავტოსადგურში ნახა, ამხანაგთან - ა-–------------------ ერთად იყო, სთხოვა, მასთან ერთად სოფელში დაბრუნებულიყო, მაგრამ ზ----მ რამდენიმე წუთი ა-–-------- ილაპარაკა, შემდეგ კი უთხრა, რომ აუცილებელი საქმე ჰქონდა და ვერ წაყვებოდა. 10 ნოემბერს გაიგო, რომ ზ---- თბილისში, რ-------- ქუჩაზე, მოუკლავთ და გვიან მორგიდან მიუსვენეს. შვილს სახის არეში ჰქონდა თოფი ნასროლი. ფიქრობს, რომ შვილის სიკვდილის მიზეზი იმ სვანმა ბიჭმა უნდა იცოდეს.

 

გარდაცვლილის დის - ი-------------–---–-- სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით, მისი ძმა - ზ--------------–---–- სწავლობდა თბილისში, რკინიგზის კოლეჯში, და კვირაში ერთხელ ან ორჯერ მიდიოდა მათთან სახლში, ა---–-----–-. ბოლოს მეგობარ ა-–------------------ ერთად ჩავიდა, ღამით დარჩნენ და დილას გამოემგზავრნენ, 10 ნოემბერს, ღამით კი, გარდაცვლილი ძმა სასწრაფოთი ჩაიყვანეს. ზ----ს ტყვია მარცხენა ყბაში ჰქონდა მოხვედრილი, საავადმყოფოში ცოცხალი მიუყვანიათ, მაგრამ პირველადი დახმარება რომ დაუწყეს და თავი გადაუხსნეს, გარდაცვლილა. დედამ შემთხვევის წინა დღეს ნახა ზ---- დიდუბეში, ა-–-------- ერთად. ბიჭებმა თქვეს, რომ ა-–--- მკვლელობის დღესაც ზ----სთან ერთად ყოფილა, უკვირდათ, რა უნდა მომხდარიყო. ძმის კურსელს უნახავს, რომ ისინი ერთად წასულან ვ---–-, კომენდანტის საათი იყო და იმ მომენტში მომხდარა ეს ამბავი. თბილისში, ა-----–---–-- ქუჩაზე მდებარე პოლიციაში, უთხრეს, რომ ზ---- ვინმე კ--------------- მოკლა. მანამდე ეს სახელი და გვარი არ გაუგია. მიზეზად ხალხი ათას რამეს ამბობდა, რაც ოჯახს გულს ტკენდა, რადგან ზ---- წესიერი ბიჭი იყო. ისიც თქვეს, რომ ბენზინგასამართ სადგურზე ჩხუბი მოუხდათ, კ--------- გვარით უყოყლოჩინიაო. იმ პერიოდში ისეთი განუკითხაობა იყო, იშვიათად ჩამოდიოდა გამოძიების ამბების გასაგებად, უგულისყუროდ ეპყრობოდნენ საქმეს, პოლიციელმა ისიც კი უთხრა, რომ კიტოვანებს ფული ჰქონდათ დახარჯული ამ საქმის არასწორად წარმართვაში.

 

მოწმე ლ------------- წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენების მიხედვით (რომელიც, საქართველოს სსსკ-ის 481-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე, მოწმის გარდაცვალების გამო, საჯაროდ იქნა სასამართლო სხდომაზე წაკითხული), უფროსი ქალიშვილი - დ---- ხ----- რაიონის სოფელ ქ----------–---–-- გათხოვილი, ჰყავს ქმარი დ----------------- და შვილები - დ---- და კ--- კიტოვანები. თვითონ თბილისში, რ-------- ქ.#---ში ცხოვრობდა, სადაც, ასევე, ჩაწერილი იყო შვილიშვილი კ---. კ---ს მიერ ჩადენილ მკვლელობასთან დაკავშირებით მხოლოდ ის იცის, რომ მან გადაჭრილი თოფით მოკლა ახალგაზრდა ბიჭი.

 

მოწმე ლ--–---------- გამოძიებაში მიცემული ჩვენებით (რომელიც, ასევე, საჯაროდ იქნა წაკითხული სასამართლო სხდომაზე, მოწმის გარდაცვალების გამო), ცხოვრობს თბილისში, რ-------- ქ.#---ში, სადაც მე-3 სართულზე ცხოვრობდა მისი ნათესავი - ლ------------- შვილიშვილი კ--------------, მეორე ცოლ-შვილთან ერთად, ცოლს სახელად მ------- ერქვა. კ--- თეთრი ფერის უცხოური მანქანით დადიოდა. 1993 წლის 10 ნოემბერს, დილის 8-ის ნახევარზე, მ------- ჩავიდა მასთან სახლში და უთხრა: ,,წუხელ ჩვენი სახლის წინ კ---მ თოფით მოკლა ვიღაც ახალგაზრდა ბიჭიო‘‘. მიზეზად დაუსახელა, რომ იმ ბიჭს მანქანის წართმევა უნდოდა. მ-------სგან გაიგო, რომ ამ ამბის გამო უნდა გაქცეულიყვნენ. მართლაც, შემთხვევის შემდეგ კ--------------ს ოჯახი აღარ უნახავს. გასროლის ხმა პირადად არ გაუგია, რადგან მისი ფანჯრები ქუჩის მხარეს არ გადის. შემთხვევიდან რამდენიმე დღეში თბილისში კ---ს მამა - დ----------------- ჩამოვიდა, რომელსაც აცნობა, რომ შვილს ვერ იპოვიდა, რადგან ახალგაზრდა ბიჭი მოკლა თოფით და გაიქცა.

 

მოწმე დ-----------------ს გამოძიებაში მიცემული ჩვენებებით (რომლებიც, მოწმის გარდაცვალების გამო, საქართველოს სსსკ-ის 481-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე, გამოკვლეულ იქნა სასამართლო სხდომაზე), შვილი - კ------------------, მეუღლესთან - მ------------–------------- და შვილებთან ერთად, ცხოვრობდა ბებიასთან - ლ-------------თან, თბილისში, რ-------- ქ.#---ში. ჰყავდა თეთრი ფერის ,,ტ---------‘‘ ფირმის მანქანა. როგორც კ---მ ერთ-ერთი შეხვედრისას უამბო, 1993 წელს ამ მანქანით მოძრაობდა, წვიმა იწყებოდა და ჭ--------- გამზირზე მანქანა გაუჩერა გოგოს და ბიჭს, მათ უთხრეს, რომ ძველ სტუდქალაქში მიდიოდნენ. უცბად სხვა ბიჭები გამოცვივდნენ და მანქანაში ჩაუსხდნენ, მიუთითეს, ვ---–- გაქანდი, თორემ მოგკლავთო. შემდეგ მანქანიდან ერთმა მისი მართვის მოწმობა ამოიღო და გვარი რომ წაიკითხა, შეურაცხმყოფლად მიმართა. სტუდქალაქში ჩამოვიდნენ, თვითონაც გადმოიყვანეს, აიყვანეს ოთახში, სუფრა იყო გაშლილი, ერთმა ქალმა ჭიქაში რაღაც ფხვნილი ჩაყარა, ეუბნებოდნენ, რომ ეს ღვინო უნდა დაელია, მაგრამ არ დალია და დაუწყეს ხელების გადაგრეხვა. იმის გამო, რომ ვერ მოერივნენ, ერთმა სვანმა ბიჭმა ოთახში სანადირო თოფი შეიტანა, კ---ს კონდახი ჩაარტყა კეფაში და წვივზე, რის გამოც ის დაეცა. უთხრეს, წინააღმდეგობის გაწევის გამო მისი მანქანით იკატავებდნენ და გასაღები წაართვეს, მაგრამ საკეტი დაბლოკილი ჰქონდა და თვითონ ჩაიყვანეს, საჭესთან დაჯდა, რა დროსაც ისევ ჰქონდა ადგილი მასზე ძალადობას. კ---მ მანქანა თავის სახლთან, რ-------- ქ.#---თან, გააჩერა, უთხრა, რომ ბენზინს ჩაიტანდა, მაგრამ ს---- ბიჭი გაჰყვა სანადირო თოფით. კ---მ მეზობელ ფ------------------- დაუძახა, მან გამოხედა, ამ დროს კ------------- მიბრუნდა და თავს დაესხა, თოფი წაართვა, რაშიც ფ--------– მიეხმარა. ს---- მოაჯირზე ჩაცურდა, კ--- თოფით ხელში გაჰყვა, ბიჭი მანქანაში ჩაჯდა, კ---ც მივარდა, თოფი დაუმიზნა ყველას და, გადმოდითო, უყვიროდა, მაგრამ არავინ გადმოსულა, ამასობაში მანქანიდან ბიჭი გადმოვიდა და მუცელზე მიახტა, რის გამოც კ--- ასფალტზე ზურგით დაეცა და პირდაპირ ესროლა თავდამსხმელს, რა დროსაც იმ ბიჭს ტყვია კისრის არეში მოხვდა და გვერდზე გადააგდო. ამის შემდეგ კ---, ოჯახთან ერთად, გაიქცა მეგობრის დახმარებით, მანქანა სახლთან მიატოვა. შემთხვევის შემდეგ სვანები მისულან და კ--- რომ ვერ უნახავთ, მანქანა წაუყვანიათ, მერე ის მანქანა რ---------–-- გამზირზე მხედრიონელებმა დაწვეს. შემთხვევის შემდეგ კ--- მეგობრის მეშვეობით დაუკავშირდა და ბავშვები მიუყვანა, სწორედ მისგან გაიგო მომხდარი ამბავი და ის, რომ თბილისში მხედრიონელები დასდევდნენ მოსაკლავად. სამ თვეში ისევ დაუკავშირდა კ---, ბავშვების თბილისში ჩამოყვანა დაავალა. შეხვდნენ ერთმანეთს, რა დროსაც გაიგო, რომ ბაქოში იყო წასული, მაგრამ იქაც მიაგნეს მხედრიონელებმა. შემდეგ სად აპირებდა წასვლას, არ იცის. იმ დღის შემდეგ შვილი აღარ უნახავს.

 

მოწმე მ---------------–---–-- სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, 1993 წლის 9 ნოემბერს დილიდან მორიგე იყო ვ---- რაიონის განყოფილებაში. 10 ნოემბრის გამთენიისას, დაახლოებით 4-5 საათისთვის, შეტყობინება მიიღო, რომ რ-------- ქუჩაზე, #-- თუ #---თან, გვამი ეგდო. ინიციატორი ქალი იყო, მაგრამ ვინაობა არ დაუსახელა და ტელეფონი გაუთიშა. აღნიშნულის თაობაზე მოახსენა ხელმძღვანელობას, რის შემდეგაც ადგილზე ოპერატიული ჯგუფი გავიდა, რომელშიც, როგორც ახსოვს, შ-----------–--- და ჯ----–--- შედიოდნენ. ჯგუფი ნახევარ საათში დაბრუნდა და თქვეს, რომ მართლაც იყო გარდაცვლილი ადამიანი, ტყვია სახის არეში ჰქონდა ნასროლი. სტუდენტის ბილეთით გაიგეს, რომ მოკლული ზ--------------–---–- იყო.

 

1993 წლის 10 ნოემბრის შემთხვევის ადგილისა და გვამის დათვალიერების ოქმის მიხედვით, თბილისში, რ-------- ქ.#---თან, ასვენია ახალგაზრდა, დაახლოებით 19-დან 23 წლამდე ასაკის, მამაკაცის გვამი, რომელსაც აღმოაჩნდა მოსწავლის ბილეთი, გაცემული ზ-----–--–--- ძე თ-------–---–-- სახელზე. დოკუმენტზე არსებული ფოტოსურათის გვამთან შედარებით დასტურდება, რომ ერთი და იგივე პირია. გვამს მარცხენა მხარეს სახეზე, თვალთან, სისხლმდენი ნაფლეთოვანი ჭრილობა აღენიშნება, ზომით 1 სმX1,5 სმ-ზე. გვამიდან გამოსული სისხლი შერეულია წყლის გუბესთან. გვამის ფეხიდან 1 მეტრისა და 50 სმ-ის დაშორებით აღმოჩენილია სანადირო თოფი, გასროლილი ცარიელი მასრა 16 კალიბრიანი ვაზნის. გვამის თავთან, 70 სმ-ის დაშორებით, მიწიდან აღებულ იქნა, ასევე, სანადირო თოფის გასროლილი 1-----–------ მასრა, მასრა დაპრესილი მუყაოსგან არის დამზადებული, აქვს პირველი მასრისნაირი წარწერები. ოქმზე დართულია გვამის და ადგილის 4 ფოტოსურათი.

 

სამედიცინო ექსპერტის #---- დასკვნით (გვამის ექსპერტიზა), ექსპერტიზა დაიწყო 1993 წლის 10 ნოემბერს და დამთავრდა 7 დეკემბერს. დადგენილია, რომ ზ-----–--–--- ძე თ-------–---–-- სიკვდილის მიზეზია მარცხენა საძილე არტერიის და საუღლე ვენის ცეცხლნასროლი დაზიანების შედეგად განვითარებული ზოგადი მწვავე სისხლნაკლებობა გარეგანი სისხლდენის გამო. ზ.თ-------–---–-- გვამზე აღინიშნება სახის მარცხენა ნახევარში, ლოყისა და პირის მარცხენა ნახევრის არეში - დაფლეთილი, ცეცხლნასროლი ჭრილობა, ჭრილობის არხში უცხო სხეულებით, ქეჩის ორი ტიზით და ტყვიის მეტალის მრავლობითი საფანტებით, ჭრილობის ირგვლივ და ჭრილობის არხში შებოლვის (მჭვარტლის) კვალით და კანზე თოფის წამლის დაუწვავი ნაწილაკებით. მარცხენა ლოყის წინა ნახევარში და პირის კუთხის არეში არსებული უსწორო, დაფლეთილი კიდეების მქონე ჭრილობა წარმოადგენს ტყვიის შესავალ ხვრელს, ჭრილობის არხის მიმართულებაა წინიდან უკან და მთავრდება კისრის მარცხენა უკანა ნახევარში, თითქმის, კანქვეშ. სროლა ნაწარმოებია ახლო მანძილიდან დამატებითი ფაქტორების მოქმედების ზონაში. დაზიანება განვითარებულია რაიმე სადალულიანი ცეცხლსასროლი იარაღით, რომელიც დატენილი იყო ტყვიის მეტალის საფანტით და ქეჩის ტიზებით.

 

1993 წლის 4 დეკემბრის ამოღების ოქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროდან ამოღებულ იქნა სანადირო გლუვლულიანი თოფის პიჟის ორი კომპლექტი და საფანტები, ამოღება მოხდა ექსპერტ ვ--------------, რომელმაც წარადგინა აღნიშნული ზ--------------–---–-ს გვამის გაკვეთის შედეგად. ტიზები და საფანტები ექსპერტმა გვამს ამოუღო თავის არედან.

 

1993 წლის 30 დეკემბრის ბალისტიკური ექსპერტის #------ დასკვნით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მასრები განკუთვნილია 1-----–------ სანადირო თოფებისათვის და მათი გასროლა შესაძლებელი იყო შესაბამისი კალიბრის სანადირო თოფითა და ამავე კალიბრის გადაჭრილი თოფით. კონკრეტულად, თუ რომლითაა გასროლილი, ამ საკითხის დადგენა შეუძლებელია. გვამიდან ამოღებული ტიზები თავისი ზომებით შეესაბამება შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ მასრებს. დადგენა იმისა, წარდგენილი ტიზებითა და საფანტით იყო თუ არა დამუხტული წარდგენილი მასრები, შეუძლებელია, მაგრამ არ გამოირიცხება შესაძლებლობა, რომ აღნიშნული მასრებიდან რომელიმე დამუხტული ყოფილიყო წარდგენილი ტიზებითა და საფანტით.

 

1996 წლის 18 აპრილის ჩხრეკის ოქმით, ხ----- რაიონის სოფელ ქ----------–---–-, დ-----------------ს სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, თოფი ან რაიმე საბრძოლო მალასა არ აღმოჩენილა.

 

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 1993 წლის 10 ნოემბერს, თბილისში, რ-------- ქ.#---თან აღმოჩენილ იქნა ცეცხლნასროლი დაზიანებით გარდაცვლილი ზ--------------–---–-, ამასთან, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისი იქნება განსასჯელის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნის თვალსაზრისით.

 

სასამართლოში წარმოდგენილ მოწმეთაგან გარდაცვლილის დამ - ი-------------–---–-- დაადასტურა მხოლოდ ფაქტი, რომ ზ--------------–---–- ცეცხლნასროლი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული და 1993 წლის 10 ნოემბერს გარდაცვლილი სახლში მიასვენეს სასწრაფო დახმარების მანქანით. ამასთან, მან სასამართლოს გადმოსცა პოლიციისგან მიღებული ინფორმაცია, რომ მისი ძმა კ------------------- მოკლა, რომლის სახელი და გვარი მანამდე გაგებული არ ჰქონდა და არც იცნობდა. ანალოგიურად, მხოლოდ შვილის ცეცხლსასროლი იარაღით გარდაცვალების ფაქტი აქვს დადასტურებული დაზარალებულის უფლებამონაცვლე ლ----------------–---–- გამოძიების ეტაპზე დაკითხვისას. ამასთან, ორივე მათგანის ვარაუდი იყო, რომ ზ--------------–---–-ს გარდაცვალების შესახებ შესაძლოა ინფორმაცია ჰქონოდა მის მეგობარ ა-–---------------, რომელიც, როგორც გაიგეს, მასთან ერთად იყო მკვლელობის დღეს, თუმცა არც გამოძიებაში და არც სასამართლოში მისი დაკითხვა არ მომხდარა. სასამართლო აღნიშნავს, რომ არცერთი მითითებული პირი (გარდაცვლილის დედა და და) შემთხვევის თვითმხილველი არ არის, მათ მიერ გადმოცემული ინფორმაცია კი ვერ მოწმდება ვერცერთი პირდაპირი მტკიცებულებით.

 

ამასთან, სასამართლოში დაიკითხა სამართალდამცავი უწყების თანამშრომელი, რომელმაც მხოლოდ ინფორმაცია მიიღო, რომ რ-------- ქუჩაზე აღმოჩენილი იყო გვამი, რის საფუძველზე ადგილზე გასული ოპერატიული ჯგუფისგან შეიტყო, რომ გარდაცვლილი ზ--------------–---–- იყო. მოწმე მ---------------–---–-- მიერ კ------------------ს გვარ-სახელი, როგორც მკვლელობის სავარაუდო ჩამდენის, არ გაჟღერებულა, რამდენადაც განაცხადა, რომ ინფორმაციის მიღების შემდეგ საქმესთან შეხება აღარ ჰქონია. შესაბამისად, მისი ჩვენება, ფაქტის შესახებ ინფორმატიულობის კუთხით, თითქმის, უტოლდება დაზარალებულთა ჩვენებებს.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის #1/1/548 გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობა. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, მტკიცებულების უტყუარობას განაპირობებს ის, თუ რამდენად არის შესაძლებელი ან უზრუნველყოფილი მისი შემოწმება. მართალია, მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვა მიმდინარეობს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი ნორმების საფუძველზე, თუმცა აღნიშნული უნდა გავრცელდეს ყველა სისხლის სამართლის საქმეზე, რათა ერთნაირი სტანდარტით მოხდეს ბრალდებულ და განსასჯელ პირთა მსჯავრდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სხვა პირდაპირ მტკიცებულებებთან შესაბამისობის დადგენის გარეშე, სასამართლო ზემოხსენებულ ირიბ ჩვენებებს ვერ მიიღებს უტყუარ მტკიცებულებად განსასჯელის საწინააღმდეგოდ.

 

დაზარალებულის უფლებამონაცვლის - ლ----------------–---–-- ჩვენების გარდა, მოწმეთა გარდაცვალების გამო, სასამართლოში გამოქვეყნდა ლ-------------, ლ--–---------- და დ-----------------ს წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებები. არცერთი მათგანი, ისევე, როგორც ზემოთ მითითებული პირები, ფაქტის თვითმხილველი არ არიან. ლ------------- გაცხადებული აქვს, რომ გაიგო, რომ მისმა შვილიშვილმა თოფით ახალგაზრდა ბიჭი მოკლა, ლ--–---------- კი, განსასჯელის მეუღლისგან - მ-------სგან შეიტყო, რომ კ--------------- მათ სახლთან იარაღით ბიჭი მოკლა, რომელიც მანქანის წართმევას ცდილობდა. არც წინასწარი და არც სასამართლო გამოძიების დროს არ მომხდარა განსასჯელის მეუღლის - მ------------–--------- დაკითხვა.

 

ამ მოწმეთაგან განსხვავებით, მეტი ინფორმაციის მომცემია კ------------------ს მამის - დ-----------------ს ჩვენებები, რამდენადაც მან სწორედ კ------------------სგან შეიტყო, რომ პირთა ჯგუფის მიერ მის მიმართ განხორციელებული ძალადობისშემცველი შემთხვევის დროს, მათივე იარაღით, მის მიერ დამიზნების შემდეგ, მოკვდა ბიჭი. მიუხედავად იმისა, რომ დემურ კ--------- უშუალოდ აქვს მიღებული ინფორმაცია განსასჯელისგან, მისი ჩვენებების მიღება პირდაპირი მტკიცებულების არარსებობის პირობებში, სასამართლოს მიზანშეუწონლად მიაჩნია. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს მოწმის მიერ მითითებულ გარემოებას, რომ ბიჭი, რომელშიც ზ--------------–---–- მოიაზრება, მანქანიდან გადმოხტა, მუცელზე მიახტა კ--- კ---------, კ--- დაეცა, რა დროსაც პირდაპირ ესროლა თავდამსხმელს. სასამართლო ვერ ამოწმებს მითითებულ გარემოებებს, იქნებ, მართლაც ჰქონდა ადგილი კ-------------------- განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებს და ის მართლწინააღმდეგობის გამომრიცხავ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რის გამოც ამ ინფორმაციას, სხვა მტკიცებულებებთან შეჯერების გარეშე, განსასჯელის საწინააღმდეგოდ ვერ გამოიყენებს.

 

ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ საქმეზე Schatschaschwili v. Germany მიიჩნია, რომ ,,მოწმის დაუსწრებლობის საპატიო მიზეზის არარსებობა თავისთავად ვერ იქნება სასამართლო განხილვის უსამართლობის განმაპირობებელი. აღნიშნულის გათვალისწინებით, ბრალდების მოწმის დაუსწრებლობის საპატიო მიზეზი მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია, რათა შეფასდეს ბალანსი სასამართლო განხილვის საერთო სამართლიანობის შეფასებისას. მოცემულმა ფაქტორმა ბალანსის დადგენისას შეიძლება გადაწონოს და დადგენილ იქნას 6.1 მუხლის და 6.3.(დ) მუხლის დარღვევა‘‘ (იხ. Schatschaschwili v. Germany, [GC], §113). სასამართლოს, რა თქმა უნდა, ესმის, რომ მოწმის გარდაცვალება, როგორც ზემოთაც აღინიშნა, წარმოდგენს მისი სასამართლოში გამოცხადების დაუძლეველ წინააღმდეგობას, თუმცა ხაზგასმით მნიშვნელოვანია განისაზღვროს, ხომ არ არის მისი ჩვენება საქმის შედეგის განმსაზღვრელი, ერთადერთი და გადამწყვეტი. სიტყვა ,,ერთადერთი‘‘, როგორც ბრალდებულის წინააღმდეგ ერთადერთი მტკიცებულების გაგებით, არ ქმნის სირთულეებს და ძირითადი კრიტიკა მიმართულია სიტყვაზე ,,გადამწყვეტი‘‘, რაც გაგებულ უნდა იქნეს ვიწრო მნიშვნელობით, როგორც ისეთი მნიშვნელობის მტკიცებულება, რომელიც, სავარაუდოდ, განსაზღვრავს საქმის შედეგს. როდესაც მოწმის გადაუმოწმებელი ჩვენება სხვა მტკიცებულებებითაა გამყარებული, იმის შეფასება, თუ რომელი მტკიცებულებაა გადამწყვეტი, მის ძალაზეა დამოკიდებული: რაც უფრო უტყუარია მხარდამჭერი მტკიცებულება, მით ნაკლებია შანსი, რომ გამოუცხადებელი მოწმის მიერ მიცემული ჩვენება იქნება მიჩნეული გადამწყვეტ მტკიცებულებად (Al-Khawaja and Tahery v. The United Kingdom [GC], §131). იმავე გადაწყვეტილებაში ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ თუ გამოუცხადებელი მოწმის მიერ მიცემული ჩვენება ერთადერთი ან გადამწყვეტია, პროცესზე მიცემული ჩვენებების ნაცვლად, ასეთი ჩვენების მტკიცებულებად გამოყენება მხოლოდ ,,უკანასკნელი ზომის‘‘ სახით უნდა მოხდეს (§ 125).

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის და გამოკვლეული მტკიცებულებების ფონზე, დ-----------------ს წინასწარ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებებს, რომელთა გადამოწმება ვერ მოხდა სასამართლოში, ამასთან, წარმოშვა ეჭვი შემთხვევის დროს გარკვეულ გარემოებებთან მიმართებით, სასამართლო ვერ მიიჩნევს კ------------------ს მსჯავრდებისთვის საკმარის მტკიცებულებად.

 

გარდაცვლილის დის ჩვენება, ასევე, დედის საქმეში არსებული განცხადება (საჩივარი) ზ--------------–---–-ს მკვლელობის კ------------------ს მიერ ჩადენაზე ემყარება მხოლოდ სამართლადამცავი ორგანოდან მიღებულ ინფორმაციას, რომელთა თანამშრომლების დაკითხვა, გარდა ინფორმაციის მიმღები პირისა, ასევე, არ მომხდარა, ხოლო რ-------- ქ.#---ში მცხოვრები ლ--–----------ა და ლ-------------, ასევე, გადაუმოწმებელი ჩვენებები, ისეთივე ირიბია, როგორც სხვა დანარჩენი და საჭიროებს სხვა პირდაპირი მტკიცებულებებით გამყარებას, რაც მოცემულ შემთხვევაში შეუძლებელია, რადგან არ არსებობს არცერთი მოწმე, ვინც უშუალოდ მიუთითებს კ------------------ს მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენაზე.

 

ამასთან, სასამართლო ვერ მიიჩნევს კატეგორიულად ექსპერტის #------ დასკვნას შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულ მასრებსა და გვამიდან ამოღებულ ტიზებთან მიმართებით, რამდენადაც დასკვნაში მითითებულია, რომ დადგენა იმისა, ზ--------------–---–-ს გვამიდან ამოღებული ტიზებითა და საფანტით იყო თუ არა დამუხტული შემთხვევის ადგილიდან წარდგენილი მასრები, შეუძლებელია, მაგრამ არ გამოირიცხება შესაძლებლობა, რომ აღნიშნული მასრებიდან რომელიმე დამუხტული ყოფილიყო წარდგენილი ტიზებითა და საფანტით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხსენებულ დასკვნას სასამართლო ვერ გამოიყენებს განსასჯელის წინააღმდეგ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 496-ე მუხლის თანახმად (1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რომლითაც სასამართლო ხელმძღვანელობს საქმის სასამართლოში განხილვისას), სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს დასკვნა უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე განხილულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და ეს მტკიცებულებები საკმარისი უნდა იყოს სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად.

 

ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ზემოხსენებულ გადაწყვეტილებაში, ასევე, განმარტა, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე, ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ასევე, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტს, რომ სახელმწიფო მოხელეთა შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება.

 

სასამართლო არ უარყოფს ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებათა ავთენტიკურობას და არც რელევანტურობას, თუმცა აღნიშნავს, რომ მათი ერთობლივი ანალიზით, რა დროსაც მხედველობაში იღებს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას, ყალიბდება აზრი, რომ არ არსებობს მტკიცებულებათა ის ერთობა, რომელიც საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენისთვის საჭირო ესოდენ მაღალი სამართლებრივი სტანდარტისათვის, მოცემულ შემთხვევაში, კ------------------ს ზ--------------–---–-ს განზრახ მკლელობაში მსჯავრდებისათვის.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. იგივე შინაარსის შემცველია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 132-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, თითოეული მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი დამოკიდებულების, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება მათი ერთობლიობით – დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით. ამასთან, ეჭვი დამნაშავედ პირის ცნობისათვის მტკიცებულების უტყუარობისა და მისი საკმარისობის თაობაზე უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, თუ ეჭვი არ შეიძლება გაბათილდეს დამატებით მტკიცებულებათა შეკრებით.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ,,ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ‘‘ (El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და ,,ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ‘‘ (Hassan v the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014).

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 503-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვის დროს დამტკიცდა განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 7 ნოემბრის #332აპ-18 გადაწყვეტილების თანახმად, კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo‘‘, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ, ასევე, მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტი თუ გარემოება დადასტურდეს მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ კ------------------ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის განხილვისას სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად ვერ იქნა დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოებები, რაზეც მითითებულია საბრალდებო დასკვნაში, რომ თბილისში, რ-------- ქ.#---თან, კ------------------- ცეცხლსასროლი იარაღით ჩაიდინა ზ--------------–---–-ს განზრახ მკვლელობა, რამდენადაც არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ის ერთობლიობა, რაც საკმარისი იქნება განსასჯელის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კ------------------ უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით (1998 წლის 20 თებერვლის კოდექსი) წარდგენილ ბრალდებაში.

 

ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 511-ე მუხლის ,,გ‘‘ პუნქტის შესაბამისად, უნდა გაუქმდეს კ------------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება და გამართლებულს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-228-ე მუხლების საფუძველზე, განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

 

ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

2015 წლის 16 აპრილის დადგენილებით მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ორი ცალი მასრა უნდა განადგურდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 495-498-ე, 504-ე, 506-507-ე, 510-512-ე, 523-ე მუხლებით (1998 წლის 20 თებერვლის კოდექსი) და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

კ------------------ ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი კოდექსით) წარდგენილ ბრალდებაში.

 

კ------------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

გამართლებულ კ---ბერ კ--------- უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

ნივთიერი მტკიცებულება - 2 (ორი) ცალი მასრა განადგურდეს.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: შორენა გუნცაძე