გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №010310018002414778
№3-208/18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
4 მაისი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე
სხდომის მდივანი ინეზა ტარიელაძე
მოსარჩელე - შპს ,,ბ-------“
წარმომადგენელი - თ----- ბ-------ძე
მოპასუხე - სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - ნ------- ნა--------ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნები:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 26 ოქტომბრის N0----- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 26 ოქტომბრის შესაბამისობის შეფასების აქტი N0-------
1.2.თავის მოთხოვნას მოსარჩელე მხარე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:
შპს ,,ბ-------ს“ საკუთრებაშია ქ. ბათუმში, ვ. მა--------ის ქუჩა N4-ში მდებარე აგრარული ბაზარი. კომპანია თავად არ ეწევა სურსათის რეალიზაციას, წარმოებას ან დისტრიბუციას, მას აგრარულ ბაზარში არსებული ფართები გადაცემული აქვს იჯარის უფლებით.
2017 წლის 22 ივნისს, სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური სამმართველოს თანამშრომლებმა განახორციელეს ქ. ბათუმში, ვ. მა--------ის ქუჩა N4-ში მდებარე აგრარული ბაზრის გეგმიური შემოწმება, რის შედეგადაც ,,აღმოჩენილ“ იქნა არაკრიტიკული შეუსაბამობები. კერძოდ: 1.თევზის სარეალიზაციო განყოფილებაში გარეცხილი ინვენტარის დასალაგებლად (სამრეცხაო ნიჟარებთან) არ არსებობდა სტელაჟები; 2.თევზის სარეალიზაციო განყოფილებაში ახალი თევზი არ იყო განთავსებული ყინულოვან არეში; 3.რძის პროდუქტისა და თევზის სარეალიზაციო განყოფილებაში პერსონალი არ იყო შემოსილი, დამცავ ტანისამოსში.
2017 წლის 22 ივნისს ჩატარებული შემოწმებისას, შპს ,,ბ-------ს“ თანამშრომელი, ე-- ბ-------ძე არ დაეთანხმა სააგენტოს პოზიციას, რაც დააფიქსირა სამართალდარღვევის ოქმში, ამასთან, სიტყვიერად განუმარტა ოქმის შემდგენი მხარის წარმომადგენლებს, რომ ზემოაღნიშნული პირები არ იყვნენ შპს ,,ბ-------ს“ თანამშრომლები, აგრარულ ბაზარში მათ იჯარით ჰქონდათ აღებული კონკრეტული ტერიტორიები, კომპანიას მათთვის შექმნილი ჰქონდა შესაბამისი გარემო, თუმცა მოიჯარეთა ჩაცმულობის საკითხს შპს ,,ბ-------“ ვერ დაარეგულირებდა.
ზემოაღნიშნული შეუსაბამობების შემოწმების მიზნით, 2017 წლის 26 ოქტომბერს, 10.30 საათზე განმეორებით ჩატარდა შემოწმება ერთპიროვნულად, ისე, რომ სააგენტოს თანამშრომლებმა არ აცნობეს კომპანიის წარმომადგენელს, ასევე, თევზის უშუალო რეალიზატორებს. შემოწმება ჩატარდა ზედაპირულად, მათ დაადგინეს, რომ 2017 წლის 22 ივნისის შესაბამისობის შეფასების N0------------ გამომდინარე, ყველა მოთხოვნა იყო შესრულებული, გარდა ერთი პირობისა, კერძოდ, თევზი კვლავ არ იყო განლაგებული ყინულოვან არეში, მაშინ, როცა ამ პროდუქტის რეალიზატორები ელოდებოდნენ ყინულის დამამზადებელ მანქანას და მათ თევზი დროებით ჰქონდათ განთავსებული ე.წ. კამერა მაცივრებში. სააგენტოს თანამშრომლებმა ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი მიიჩნიეს დარღვევად და შპს ,,ბ-------ს“ მიმართ გამოიცა N0----- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც იგი ცნობილი იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენად და „სურსათის ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის“ კანონის 68-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული სახდელის სახედ განესაზღვრა - 1200 ლარით დაჯარიმება;
მოსარჩელის პოზიციით, გეგმიური ზედამხედველობა თავისი შინაარსით არის ადმინისტრაციული წარმოება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13-ე მუხლი კი ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს აქტის გამოცემის დროს ჩართოს ყველა დაინტერესებული პირი წარმოებაში და მათ მისცეს საკუთარი მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა.
N0----- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გამოიცა საქმის გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის გარეშე, ოქმის შემდგენმა მხარემ დაარღვია ოქმის შედგენის პროცედურული წესიც.
ამდენად, 2017 წლის 26 ოქტომბრის N0----- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და შესაბამისობის შეფასების აქტი N0------ ბათილად უნდა იქნას ცნობილი.
2.მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხის, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, განმარტა, რომ არ არსებობს გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.
სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა, 2017 წლის 22 ივნისის შესაბამისობის შეფასების N0------ აქტით გამოვლენილ არაკრიტიკულ შეუსაბამობებთან დაკავშირებით, 2017 წლის 26 ოქტომბერს, 10.30 საათზე ჩაატარეს განმეორებითი შემოწმება. დადგინდა, რომ შესაბამისობის შეფასების N0------ აქტში მითითებული გადაცდომები აღმოფხვრილი იყო, თუმცა, თევზის სარეალიზაციო განყოფილებაში თევზი კვლავ არ იყო განთავსებული ყინულოვან არეში. აგრარული ბაზარი მუშაობას იწყებს დილის 10.00 საათზე, შემოწმება ჩატარდა 10.30 საათზე, შესაბამისად, ამ დროისათვის თევზის ნაწარმი უნდა ყოფილიყო განთავსებული ყინულოვან არეში. ჩადენილი ქმედება დაკვალიფიცირდა ,,სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის“ 68-ე მუხლის მე-2-ე ნაწილით გათვალისწინებულ გადაცდომად.
შპს ,,ბ-------ს“ პოზიცია განსახილველი სამართალდარღვევის სუბიექტთან დაკავშირებით, მოკლებულია შესაბამის საფუძველს. ოქმის შემდგენი მხარის მიერ გადაცდომის სუბიექტი განისაზღვრა კანონის შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №417 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი - ,,აგრარულ ბაზრებზე/ბაზრობებზე სურსათისა და ცხოველის რეალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ ვრცელდება ყველა იმ ბიზნესოპერატორზე, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია აგრარულ ბაზრებზე/ბაზრობებზე სურსათისა და ცხოველის რეალიზაციასთან. ამავე რეგლამენტით ბიზნესოპერატორს ეკისრება თავისი საქმიანობის შესაბამისობის უზრუნველყოფა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. შპს ,,ბ-------“ წარმოადგენს ბიზნესოპერატორს, რომლის საქმიანობაზეც ვრცელდება ზემოაღნიშნული მოთხოვნები.
საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ თუკი შპს ,,ბ-------“ სადავოდ ხდიდა საკითხს, სამართალდარღვევის სუბიექტთან დაკავშირებით, იგი უფლებამოსილი იყო გამოეხატა პროტესტი ამასთან დაკავშირებით, ან გაესაჩივრებინა სააგენტოს მითითები, რასაც ამ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
სურსათის ეროვნული სააგენტო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული აქტები კანონშესაბამისია და არ არსებობს მათი გაუქმების საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.დადგენილია, რომ შპს ,,ბ-------“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 2--------) არის რეგისტრირებული ბიზნესოპერატორი, რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია აგრარულ ბაზარზე სურსათისა და ცხოველის რეალიზაციასთან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
-მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.2. 2017 წლის 22 ივნისს, ქ. ბათუმში, ვ. მა--------ის ქუჩა N4-ში მდებარე, შპს ,,ბ-------ს“ აგრარულ ბაზარში, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩაატარეს გეგმიური შემოწმება.
შესაბამისობის შეფასების №0------- აქტის თანახმად, ადგილი ჰქონდა არაკრიტიკულ შეუსაბამობებს, კერძოდ: 1.თევზის სარეალიზაციო განყოფილებაში გარეცხილი ინვენტარის დასალაგებლად (სამრეცხაო ნიჟარებთან) არ არსებობდა სტელაჟები; 2.თევზის სარეალიზაციო განყოფილებაში ახალი თევზი არ იყო განთავსებული ყინულოვან არეში; 3. რძის პროდუქტისა და თევზის სარეალიზაციო განყოფილებაში პერსონალი არ იყო შემოსილი დამცავ ტანისამოსში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შესაბამისობის შეფასების №0------- აქტი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.3.2017 წლის 26 ოქტომბერს, 10.30 საათზე, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების მიერ შპს ,,ბ-------ს“ აგრარულ ბაზარში ჩატარდა გეგმიური ინსპექტირება, შესაბამისობის შეფასების №0------- აქტში აღნიშნული მითითებების შესრულების შემოწმების მიზნით.
2017 წლის 26 ოქტომბრის შესაბამისობის შეფასების №0------ აქტის თანახმად, დაფიქსირდა არაკრიტიკული შეუსაბამობა, კერძოდ: თევზის სარეალიზაციო განყოფილებაში ახალი თევზი არ იყო განთავსებული ყინულოვან არეში.
2017 წლის 26 ოქტომბრის №0----- საჯარიმო ქვითრით (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი) შპს ,,ბ-------“ მიჩნეულ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენად და „სურსათის ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის“ კანონის 68-ე მუხლის მე-2-ე ნაწილის შესაბამისად, მის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახედ განისაზღვრა - 1 200 ლარით დაჯარიმება;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2017 წლის 26 ოქტომბრის შესაბამისობის შეფასების №0------ აქტი;
-2017 წლის 26 ოქტომბრის №0----- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;
-მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.4.შპს ,,ბაკურმა“ სარჩელით (საჩივარი) მომართა სასამართლოს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა 2017 წლის 26 ოქტომბრის N0----- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და 2017 წლის 26 ოქტომბრის შესაბამისობის შეფასების N0------ აქტის ბათილად ცნობა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-შპს ,,ბ-------ს“ სასარჩელო განცხადება (საჩივარი)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.1. საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს მხარეები სადაოდ არ ხდიან.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შპს ,,ბ-------ს“ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
-საქართველოს კანონი ,,სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი“;
-საქართველოს მთავრობის 2015 წლის 16 ოქტომბრის №533 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესი“;
-საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №417 დადგენილებით დამტკიცებული ,,აგრარულ ბაზრებზე/ბაზრობებზე სურსათისა და ცხოველის რეალიზაციის წესი’’
-საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
-საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
-საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს კანონის „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი“ 1-ლი მუხლის, 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის მიზანია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, მომხმარებელთა ინტერესების, ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის, მცენარეთა სიჯანსაღის დაცვა, აგრეთვე სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრა და სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ეს კოდექსი ვრცელდება სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების წარმოებაზე, გადამუშავებასა და დისტრიბუციაზე, რომლებიც ხორციელდება საქართველოს ტერიტორიაზე, პირველად წარმოებაზე, ცხოველთა ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, მცენარეთა სიჯანსაღეზე, ვეტერინარულ პრეპარატებზე, პესტიციდებსა და აგროქიმიკატებზე, აგრეთვე გარემოს დაცვაზე ამ კოდექსის მიზნიდან გამომდინარე.
დასახელებული საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კანონი ,,სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი“ ვრცელდება სურსათის, საკვების, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების წარმოებაზე და არეგულირებს ბიზნესოპერატორის ვალდებულებებს.
6.2.,,სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის“ მე-2 მუხლის ,,ყ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბიზნესოპერატორი არის პირი, რომლის საქმიანობა უკავშირდება სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდის, აგროქიმიკატის წარმოებას, პირველად წარმოებას, გადამუშავებას, დისტრიბუციას, აგრეთვე ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში მომსახურებას და რომელიც პასუხისმგებელია თავისი საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობისთვის.
ამავე კანონის მე-13 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს შესაბამისი საქმიანობის რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად სავალდებულოა იმ ბიზნესოპერატორის აღიარება, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებასთან ან/და გადამუშავებასთან.
დადგენილია, რომ შპს ,,ბ-------“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 2--------) რეგისტრირებულია ბიზნესოპერატორად. ქ. ბათუმში, ვ. მა--------ის ქუჩა N4-ში, საზოგადოება ფლობს აგრარულ ბაზარს. შესაბამისად, მისი საქმიანობაც დაკავშირებულია აგრარულ ბაზარზე სურსათისა და ცხოველის რეალიზაციასთან.
6.3.საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №417 დადგენილებით დამტკიცებული ,,აგრარულ ბაზრებზე/ბაზრობებზე სურსათისა და ცხოველის რეალიზაციის წესის’’ 1-ელი მუხლის შესაბამისად, 1.ეს ტექნიკური რეგლამენტი (შემდგომში − რეგლამენტი) ადგენს აგრარულ ბაზრებზე/ბაზრობებზე სურსათისა და ცხოველის რეალიზაციის წესებს. 2.ეს რეგლამენტი ვრცელდება იმ ბიზნესოპერატორზე, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია აგრარულ ბაზრებზე/ბაზრობებზე სურსათისა და ცხოველის რეალიზაციასთან.
რეგლამენტის მე-3-ე მუხლი ითვალისწინებს აგრარულ ბაზარზე/ბაზრობაზე სურსათისა და ცხოველის რეალიზაციის წესებს, რომლის შესაბამისად:
1.აგრარული ბაზრის/ბაზრობის მომწყობი ვალდებულია დარეგისტრირდეს ბიზნესოპერატორად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და უზრუნველყოს თავისი საქმიანობის შესაბამისობა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
2.აგრარული ბაზრის/ბაზრობის მომწყობი ვალდებულია:
ა) არ დაუშვას ბაზარზე განსათავსებლად სურსათი, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს;
ბ)არ დაუშვას ბაზარზე განსათავსებლად ცოცხალი ცხოველი, თუ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვეტერინარულ მოთხოვნებს;
გ)უზრუნველყოს ბაზრის/ბაზრობის ტერიტორიაზე (საწყობებში, მაცივრებში, პავილიონებსა და ა.შ.) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ჰიგიენის წესების დაცვა;
დ)უზრუნველყოს ბაზარზე/ბაზრობაზე განთავსებული ცხოველის ან/და სურსათის შენახვა/რეალიზაციისათვის შესაბამისი პირობების შექმნა და კონტროლი;
ე)უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების გატარება ცხოველთა გადამდები დაავადებების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ცხოველის ინფექციური დაავადების აღმოჩენისას ან ასეთ დაავადებაზე ეჭვის არსებობისას და დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ − სურსათის ეროვნულ სააგენტოს.
3.აგრარული ბაზრები/ბაზრობები, სადაც ხორციელდება ცხოველის რეალიზაცია, უნდა მოეწყოს საცხოვრებელი და საზოგადოებრივი შენობებიდან მოშორებით. ადგილის შერჩევისას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული გაბატონებული ქარების მიმართულება, მისასვლელი გზის არსებობა. ტერიტორია უზრუნველყოფილი უნდა იყოს წყალგაყვანილობითა და კანალიზაციით; უნდა იქნეს
დახრილი, რათა წვიმა და მოხმარებული წყლები კანალიზაციაში ადვილად ჩაედინებოდეს.
4.აგრარული ბაზრები/ბაზრობები, სადაც ხორციელდება ცხოველის რეალიზაცია, უნდა იყოს შემოღობილი, დაყოფილი განყოფილებებად, სადაც ცხოველები განთავსდებიან სახეობების მიხედვით. ტერიტორია, მათ შორის, მისასვლელი გზა და ჩამოსატვირთი მოედნები უნდა იყოს მოასფალტებული ან მობეტონებული (მოპირკეთებული), ადვილად ირეცხებოდეს და სუფთავდებოდეს. სატრანსპორტო საშუალებებისათვის უნდა მოეწყოს ცალკე შესასვლელი დეზობარიერით.
6.4.,,სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის“ 26-ე მუხლის 1-ელი ნაწილის შესაბამისად, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის კონტროლის, ვეტერინარული კონტროლისა და ფიტოსანიტარიული კონტროლის განხორციელების მექანიზმებია: ა)ინსპექტირება; ბ)მონიტორინგი; გ) ზედამხედველობა; დ) დოკუმენტური შემოწმება; ე) ნიმუშის აღება.
დადგენილია, რომ 2017 წლის 22 ივნისს, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს მიერ ჩატარდა ქ. ბათუმში, ვ. მა--------ის ქუჩა N4-ში მდებარე აგრარული ბაზრის გეგმიური ინსპექტირება შპს ,,ბ-------ს“ მიმართ. 2017 წლის 22 ივნისის №0------ შესაბამისობის შეფასების აქტით დადგენილ იქნა შეუსაბამობები, გაცემულ იქნა რეკომენდაციები და მოსარჩელეს მიეცა ვადა, მათ გამოსასწორებლად.
სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებული გადამოწმებისას აღმოჩნდა, რომ არაკრიტიკული შეუსაბამობების შესახებ გაცემული მითითებები სრულად არ იყო შესრულებული, რაზეც შედგენილ იქნა №0------ შესაბამისობის შეფასების აქტი, რომლის თანახმად შეუსაბამობა შემდეგი სახისა იყო: თევზის სარეალიზაციო განყოფილებაში ახალი თევზი არ იყო განთავსებული, ყინულოვან არეში.
ამასთან, საქმის განხილვისას, მოწმის სახით დაკითხულმა შპს ,,ბ-------ს“ თანამშრომელმა, ე-- ბ-------ძემ სასამართლოს განუმარტა, რომ 2017 წლის 26 ოქტომბერს, დილის საათებში აგრარულ ბაზარში შემოწმების ჩატარებისას, თევზის სარეალიზაციო განყოფილებაში ახალი თევზი არ იყო განთავსებული ყინულის არეში, თუმცა, თევზის რეალიზატორები ელოდებოდნენ ყინულის დამამზადებელი მანქანის მიერ ყინულის დამზადებას.
სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებული გადამოწმების და №0------ შესაბამისობის შეფასების აქტის საფუძველზე შედგენილ იქნა №0----- საჯარიმო ქვითარი, ბიზნესოპერატორის, შპს ,,ბ-------ს“ 1200 ლარით დაჯარიმების შესახებ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონის „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის“ მე-2 მუხლის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო კონტროლი არის უფლებამოსილი პირის ქმედება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში ბიზნესოპერატორის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად.
ამავე მუხლის „ჰ10“ პუნქტის თანახმად, შეუსაბამობა არის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში ბიზნესოპერატორის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამობა.
ამავე კანონის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ინსპექტირება არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომლის დროსაც ხორციელდება სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპების ცალკეული ასპექტების გამოკვლევა მათი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან და წესებთან შესაბამისობის დასადგენად, ბიზნესოპერატორის წინასწარი გაფრთხილების გარეშე და რომელიც მოიცავს ბიზნესოპერატორის საქმიანობის შემოწმებას სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე.
დასახელებული საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო კონტროლს და შემოწმებას ექვემდებარება ბიზნესოპერატორის საქმიანობა. შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაშიც ითვლება, რომ ბიზნესოპერატორის საქმიანობა არის შეუსაბამო საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია მოსარჩელის განმარტება, რომ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს 2007 წლის შესაბამისობის შეფასების N0------ აქტისა და სამმართველოს უფროსის 2017 წლის 10 მაისის №4--- ბრძანების საფუძველზე ჩატარებული შემოწმების შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე პასუხისმგებელი პირი არ შეიძლება იყოს შპს ,,ბ-------“, ვინაიდან აღმოჩენილი დარღვევები გამოწვეულია კონკრეტული მოიჯარეების ბრალით.
ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმები სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში შესაბამისი მოთხოვნების დაცვაზე პასუხისმგებლობას აკისრებს ბიზნესოპერატორს და სწორედ იგი არის ვალდებული უზრუნველყოს შესაბამისობის დაცვა.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ 2017 წლის 26 ოქტომბრის №0------ შესაბამისობის შეფასების აქტში დაფიქსირებულ დარღვევებზე (კრიტიკულ შეუსაბამობაზე) პასუხისმგებელი პირი არის შპს ,,ბ-------“ იგი, როგორც ბიზნესოპერატორი ვალდებული იყო დაეცვა საქართველოს კანონის ,,სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით“ დადგენილი მოთხოვნები.
6.5. საქართველოს კანონის ,,სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის“ მე-181 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ბიზნესოპერატორი თავისი საქმიანობის ფარგლებში ვალდებულია უზრუნველყოს სურსათის/ცხოველის საკვების ამ კოდექსისა და შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე.
ამავე კანონის 63-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ინსპექტირებისას შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში ბიზნესოპერატორი ჯარიმდება ამ კოდექსის მხოლოდ 68-ე მუხლის საფუძველზე, ხოლო 68-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ინსპექტირების დროს ისეთი შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც პირდაპირ საფრთხეს არ უქმნის ადამიანის ან/და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და რომლის სათანადო დონემდე შემცირება ან აღმოფხვრა შესაძლებელია კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებით შეჩერების გარეშე, უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული მითითების შეუსრულებლობა − გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას, 400 ლარის ოდენობით.
ამავე მუხლის მე-2-ე ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული მითითების ახალი გონივრული ვადის ამოწურვის შემდეგ შეუსრულებლობა. გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1 200 ლარის ოდენობით.
სასამართლო იზიარებს მოპასუხე მხარის მტკიცებას, რომ №0------ შესაბამისობის შეფასების აქტის შესაბამისად გამოვლინდა ისეთი კრიტიკული შეუსაბამობა, რაც პირდაპირ საფრთხეს არ უქმნის ადამიანის ან/და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და რომლის სათანადო დონემდე შემცირება ან აღმოფხვრა შესაძლებელი იყო კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებით შეჩერების გარეშე, თუმცა დადასტურებულია, რომ შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფას“ მიერ არ მოხდა უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული მითითების შესრულება.
ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონალური მართვის დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს უფროსი ინსპექტორის 2017 წლის 26 ოქტომბრის N0----- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და შესაბამისობის შეფასების აქტი N0------ გამოცემულია, კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით.
6.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა.
სასამართლო ამასთან აღნიშნავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, ხოლო მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთი არ გულისხმობს მოსარჩელის გათავისუფლებას სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებისა და მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან. სასარჩელო მოთხოვნა მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონალური მართვის დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს და სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ სრულყოფილად არის გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და სწორად არის გადაწყვეტილი შპს ,,ბ-------ს“ მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის როგორც სამართლებრივი კვალიფიკაცია, ისე სამართალდარღვევისათვის გამოყენებული პასუხისმგებლობის ღონისძიება.
მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არანაირად არ ადასტურებს საწინააღმდეგო გარემოებებს და მოსარჩელის სამართლებრივი პოზიცია, გასაჩივრებული აქტების კანონსაწინააღმდეგოდ შეფასებასთან დაკავშირებით, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და დასაბუთებას.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული, 2017 წლის 26 ოქტომბრის №0----- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და შესაბამისობის შეფასების აქტი N0------, გამოცემულია კანონის დაცვით და ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,ბ-------ს“ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;
39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არაქონებრივ დავაზე ბაჟის ოდენობაა 100 ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2 მე-5, 22-ე, 32-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს ,,ბ-------ს“ სარჩელი, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.
2. შპს ,,ბაკურს“ (ს/N2--------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის გადახდა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32/, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30/.
მოსამართლე: ჯუმბერ ბეჟანიძე