გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 11021001900-055862
N 2/354-2019
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30.10.2019 წ. ქ. ზესტაფონი
შესავალი ნაწილი
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ელენე ოსაძე
სხდომის მდივანი სოფიო რობაქიძე
მოსარჩელე მ------ნ ს-----------ე,წარმომადგენელი ე----–-----ე,ნ---- ა--------,მოპასუხე ხ---------–-- მუნიციპალიტეტის მერია,წარმომადგენელი თ----- ს---–-----–--ე,მ------- ბ--------–---ი
დავის საგანი: საკომლო წიგნის ჩანაწერის ნაწილის შეცდომად აღიარება და გაუქმება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ხ---------–-- რაიონის ბ--------ს სასოფლო საბჭოს და საკრებულოს სოფელ უ----- საკომლო წიგნის ჩანაწერის - საკომლო წიგნში ზ------ი გ-------–-ს ძე ს-----------ის შვილად დაფიქსირებული ნ------- ზ------ის ძე ს-----------ის ჩანაწერის შეცდომად აღიარება და მისი გაუქმება.
მოსარჩელის პოზიცია
2017 წლის 06 ივლისს მ------ნ ს-----------ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობით მან მიიღო მამის ზ------ ს-----------ის დანაშთი სამკვიდრო ქონება სრულად. საჯარო რეესტრმა არ დაურეგისტრირა საკუთრების უფლება ხ---------–ში, სოფელ უ----ში მდებარე უძრავ ქონებაზე ს/კ 3-.0-.0-.0---), რადგან საკომლო წიგნში ზ------ ს-----------ის შვილად ფიქსირდება ვინმე ნ------- ს-----------ე, როგორც კომლის უფროსი. ხ---------–-- მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 18 ოქტომბრის წერილით მას აცნობეს, რომ ზ------ი გ-------–-ს ძე ს-----------ის შვილად დაფიქსირებული ნ-------ი ზ------ის ძე ს-----------ის იდენტიფიცირება შეუძლებელია. ელ.ბაზაში არ იძებნება მის მიმართ არც პირადობის მოწმობის/პასპორტისგაცემის შესახებ ინფორმაცია და არც გარდაცვალების აქტის ჩანაწერი. აღნიშნული პირი უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ შეცდომითაა შეყვანილი კომლის შემადგენლობაში. აღნიშნულით კი ზიანი ადგება მის კანონიერ უფლებებს. ამ ჩანაწერის შეცდომად აღიარებისა და მისი გაუქმების შეასახებ აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესია საკუთრებაში დაირეგისტრიროს სამკვიდრო ქონება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ხ---------–-- მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა როგორც მოსამზადებელ ასევე მთავარ სხდომაზე სარჩელი სცნო და განმარტა: მ------ნ ს-----------ის განცხადების საფუძველზე ჩაატარეს მოკვლევა და სახელმწიფო სერვისების სააგენტოს ხ---------–-- სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა მათ მიაწოდა ინფორმაცია, რომ პირადობის მოწმობის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში, 1949 წლის 16 ნოემბერს დაბადებულ ნ------- ზ------ის ძე ს-----------ის შესახებ პირადობის მოწმობის ან პასპორტის გაცემის შესახებ, ასევე გარდაცვალების აქტის რეგისტრაციის შესახებ ჩანაწერი არ იძებნება. ნ-------ი ზ------ის ძე ს-----------ის იდენტიფიცირება შეუძლებელია. აღიარებს რომ კომლის შემადგენლობაში ნ-------ი ზ------ის ძე ს-----------ე შეცდომით არის შეყვანილი უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ. მაგრამ ხ---------–-- მუნიციპალიტეტის მერია არ არის უფლებამოსილი რაიმე სახის შესწორება შეიტანოს საკომლო წიგნებში. საკომლო წიგნები წარმოადგენს კანონმდებლობის საფუძველზე დაარქივებულ დოკუმენტაციას და მასში რაიმე ცვლილების შეტანა შეუძლებელია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მ------ნ ს-----------ემ მიიღო 2--- წლის 06 დეკემბერს გარდაცვლილი მამის ზ------ ს-----------ის დანაშთი სამკვიდრო ქონება სრულად და 2017 წლის 06 ივლისს მ------ნ ს-----------ის მიმართ გაიცა სამკვიდრო მოწმობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- სამკვიდრო მოწმობა გაცემული 2017 წლის 06 ივლისს;
- მხარეთა განმარტება.
3.1.2. მ------ნ ს-----------ემ განცხადებით მიმართა ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონულ ოფისს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ხ---------–-- მუნიციპალიტეტის სოფელ უ----ში მდებარე უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდით 3-.0-.0-.0--- ცვლილების რეგისტრაცია. ვინაიდან განმცხადებლის მიერ ვერ იქნა წარდგენილი დოკუმენტი საკომლო წიგნის საარქივო ჩანაწერებში დაფიქსირებული ნ-------ი ზ------ის ს-----------ე და მ------ნი ზ------ის ძე ს-----------ე წარმოადგენდა ერთ და იმავე პიროვნებას, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა და აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დარჩა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- მ------ნი ს-----------ის განცხადებები;
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება;
- მხარეთა განმარტება.
3.1.3. ზესტაფონის რეგიონულ არქივში დაცულ ხ---------–-- რაიონის ბ--------ს სასოფლო საბჭოს და საკრებულოს სოფელ უ----- 1986-1998 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად რეგისტრირებულია ზ------ი გ-------–-ს ძე ს-----------ე.1999-2006 წლებში მის კომლში ირიცხება შვილი ნ-------ი ზ------ის ძე ს-----------ე ოჯახის უფროსად, ხოლო ზ------ი გ-------–-სძე ს-----------ეს -ოჯახის უფროსს ხაზი აქვს გადასმული, გარდაცვლილია 2--- წელში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- ზესტაფონის რეგიონული არქივის 2016 წლის 28 დეკემბრის N--------- ჩანაწერი;
- მხარეთა განმარტება.
3.1.4. ნ------- ზ------ის ძე ს-----------ის მიმართ (დაბადებული 1949 წლის 26 ნოემბერს) პირადობის მოწმობის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში პირადობის მოწმობის ან პასპორტის გაცემის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება. ასევე არ მოიძებნა აღნიშნული პირის მიმართ შედგენილი გარდაცვალების აქტის ჩანაწერი სამოქალაქო აქტების ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხ---------–-- სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 07 სექტემბრის N--------- წერილი;
- მხარეთა განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
მხარეთა შორის სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ არის.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე, 1513-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 180-ე მუხლები;
,,საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ" მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილების, სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის №29 დეკრეტი;
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი აღიძვრება უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.
იურდიული ინტერესი სამართლებრივი სიკეთეა, რომელიც მხარემ შეიძლება მიიღოს სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რაც არ გულისხმობს მხოლოდ ქონების გადაცემას. იურიდიული ინტერესის ცნებაში იგულისხმება ის მატერიალურ-სამართლებრივი უფლება, რომლის დაცვასაც უზრუნველყოფს აღიარებითი სარჩელი. ამასთან, კანონმდებელმა იმპერატიულად განსაზღვრა, რომ აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება მხოლოდ მაშინაა დასაშვები, თუ მხარე დაადასტურებს, რომ ეს აღიარება სასამართლო წესით უნდა მოხდეს, სასამართლო წესით უფლების აღიარების აუცილებლობა უნდა გამოირკვეს და ამ აღიარებას უნდა მოჰყვებოდეს სამართლებრივი შედეგი. იურიდული ინტერესი ნამდვილია იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობიდან გამომდინარე, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეიძლება დადგეს ის შედეგი, რასაც მხარე ისახავს მიზნად. აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებია ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავლაში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა.
იურდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მოითხოვს ზ------ გ-------–-ს ძე ს-----------ის კომლში შვილის ნ-------ი ზ------ის ძე ს-----------ის ჩანაწერის შეცდომად აღიარებას და მის გაუქმებას, ვინაიდან კანონიერად მიღებულ სამკვიდრო ქონებას თავის საკუთრებად ვერ ირეგისტრირებს ამ შეცდომის გამო.
6.2 კომლში ნ-------ი ზ------ის ძე ს-----------ის სადავო რეგისტრაცია მ------ნ ს-----------ის კუთვნილი ქონებაზე ნ------- ს-----------ის საკუთრების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია და მისი შეცილების გარეშე მ------ნ ს-----------ე საკუთრებას ვერ მიიღებს. ამდენად მას იურიდიული ინტერესი გააჩნია. ნ------- ს-----------ის კომლში შეცდომით რეგისტრაციის დადგენა კი მხოლოდ, აღიარებითი სარჩელით არის შესაძლებელი.
გარდა ამისა ვინაიდან მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარდგენილი დოკუმენტი, რომ საკომლო წიგნის საარქივო ჩანაწერებში დაფიქსირებული ნ-------ი ზ------ის ს-----------ე და მ------ნი ზ------ის ძე ს-----------ე წარმოადგენდა ერთ და იმავე პიროვნებას, ქონების რეგისტრაციის ცვლილების შესახებ სარეგისტრაციო წარმოება მ------ნ ს-----------ის მიმართ შეწყდა. აღნიშნული გარემოება კი ასევე ადასტურებს მოსარჩელის იურიდიულ ინტერესს სასარჩელო მოთხოვნისადმი.
6.3. თვით მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია და მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ ნ-------ი ზ------ის ძე ს-----------ის მიმართ (დაბადებული 1949 წლის 26 ნოემბერს) პირადობის მოწმობის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში პირადობის მოწმობის ან პასპორტის გაცემის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება. ასევე არ იძებნება აღნიშნული პირის მიმართ შედგენილი გარდაცვალების აქტის ჩანაწერი სამოქალაქო აქტების ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში.
მოპასუხის მიერ აღიარებულია, რომ ხ---------–-- რაიონის ბ--------ს სასოფლო საბჭოს და საკრებულოს სოფელ უ----- საკომლო წიგნში ზ------ი ს-----------ის შვილად დაფიქსირებული ნ-------ი ზ------ის ძე ს-----------ის იდენტიფიცირება შეუძლებელია და იგი უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ შეცდომით არის შეყვანილი კომლის შემადგენლობაში, მაგრამ ისინი არ არიან უფლებამოსილი გააუქმონ აღნიშნული ჩანაწერი.
აღნიშნულიდან გამომდინარე კომლის წევრად ნ------- ს-----------ის რეგისტრაცია შეცდომად უნდა იქნეს აღიარებული და აღნიშნული ჩანაწერი უნდა გაუქმდეს.
6.4. გარდა ამისა კიდევაც, რომ შეიძლებოდეს ნ-------ი ს-----------ის იდენტიფიცირება, მისი კომლის წევრად რეგისტრაცია მართლსაწინააღმდეგოა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ,,საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ" მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილების, სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის №29 დეკრეტის საფუძველზე დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და „სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლების შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ ორგანიზაციულ სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა. ამ დროიდან საკოლმეურნეო კომლებს სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და არსებობა შეწყვიტა. ხოლო ქონება, რომელიც კომლის ქონებას და შესაბამისად კომლის წევრთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, სამოქალაქო კოდექსის (1964 წ. რედ) 122-125-ე მუხლების შესაბამისად თანასაკუთრების უფლებით გადანაწილდა იმ პირებზე, რომელიც იმ პერიოდისთვის კომლის წევრები იყვნენ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, როდესაც კოლმეურნეობები გაუქმდა, ზ------ ს-----------ის საკოლმეურნეო კომლიც და კომლის საერთო ქონება გადაიქცა ამ პერიოდში ზ------ ს-----------ის კომლში მცხოვრები წევრების თანასაკუთრებად.
დადგენილია, რომ 1992 წლისათვის ზ------ ს-----------ის კომლში ირიცხება მხოლოდ თვითონ ზ------ ს-----------ე - ოჯახის უფროსი, ხოლო შვილს ქ------- ზ------ის ასულ ს-----------ეს ხაზი აქვს გადასმული, ამოწერილია 1991 წლიდან.
6.5. სასამართლო განმარტავს, საკომლო წიგნის ჩანაწერი უფლების დამდგენი საბუთია, იგი განსაზღვრავს პირის მიერ ქონების მართლზომიერ მფლობელობას, ხშირ შემთხვევაში ქონებაზე თანამესაკუთრეობას და წარმოადგენს საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველს. დასახელებული არგუმენტი გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1513-ე მუხლის საფუძვლიდან, რომლის თანახმად ფიზიკურ პირთა კანონიერ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც ინდივიდუალური სახლებია განლაგებული სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებიდან ითვლება იმ პირთა საკუთრებად და მათზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით უძრავი ნივთებისათვის გათვალისწინებული წესები.
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების თანახმად, საკომლო მეურნეობა არის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების, მათზე არსებული საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობების, აგრეთვე შესაბამისი გადამამუშავებელი მრეწველობის ობიექტებისა და მოწყობილობების ერთობლიობა, რომელიც წარმოადგენს ერთი ფიზიკური პირის საკუთრებას ანდა მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრების საერთო საკუთრებას. საკომლო მეურნეობა რეგისტრირებული უნდა იქნეს საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში). თუ ეს მეურნეობა მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრების საერთო საკუთრებაა, საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში) თითოეული მათგანი საკომლო მეურნეობის თანამესაკუთრედ უნდა იქნეს რეგისტრირებული. საკომლო მეურნეობა და მისი მესაკუთრეები (მესაკუთრე) აუცილებლად ასეთად უნდა იყვნენ რეგისტრირებულნი საჯარო რეესტრში. ე.ი. საჯარო რეესტრში უნდა დარეგისტრირდეს, რომ მიწის ნაკვეთი, ინვენტარი, ნაგებობები და ა.შ. ერთად არის საკომლო მეურნეობა და მისი მესაკუთრეენი არიან კონკრეტული ფიზიკური პირები.
ზ------ი ს-----------ის კომლი საჯარო რეესტრში საკომლო მეურნეობად არ დარეგისტრირებულა და ნ-------ი ს-----------ეს მასზე უფლებები, ზემოხსენებული კანონით გათვალისწინებული წესით, არ მოუპოვებია. მიუხედავად ამისა 1999 წლიდან იგი დარეგისტრირებულია სამართლებრივად არარსებული კომლის წევრად. შესაბამისად, ეს რეგისტრაცია მართლსაწინააღმდეგო იყო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლების წარმოშობასთან დაკავშირებით მოქმედი სამოქალაქო კოდექსის ნორმები უნდა იქნას გამოყენებული. ამავე კოდექსის მე-10 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოქმედებები, რომლებიც სამოქალაქო კოდექსის იმპერატიულ ნორმებს ეწინააღმდეგება, ბათილია.
აღნიშნულიდან გამომდინარედაც ზ------ი გ-------–-ს ძე ს-----------ის ყოფილ კომლში ნ-------ი ზ------ის ძე ს-----------ის რეგისტრაცია ეწინააღმდეგება უძრავ ნივთებზე უფლების წარმოშობის სამოქალაქო კოდექსით დადგენილ იმპერატიულ ნორმებს და ეს რეგისტრაცია ბათილია.
შესაბამისად მ------ნი ს-----------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, შეცდომით რეგისტრირებულად უნდა იქნას აღიარებული და გაუქმდეს ნ-------ი ზ------ის ძე ს-----------ის სახელზე საკომლო წიგნში განხორციელებული ჩანაწერის რეგისტრაცია.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე მოპასუხე ხ---------–-- მუნიციპალიტეტის მერიას უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე, 250-ე, 257-ე, 3-9-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. მ------ნ ს-----------ის (პ/ნ 3----------- სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1 შეცდომით რეგისტრირებულად იქნას აღიარებული და გაუქმდეს ხ---------–-- რაიონის ბ--------ს სასოფლო საბჭოს და საკრებულოს სოფელ უ----- საკომლო წიგნში, ზ------ი გ-------–-ს ძე ს-----------ის კომლში 1999 წლიდან ნ-------ი ზ------ის ძე ს-----------ის სახელზე განხორციელებული ჩანაწერის რეგისტრაცია.
2, მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
2.1 მოსარჩელე მ------ნ ს-----------ეს (პ/ნ 3----------- დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100(ასი) ლარი. ბაჟის გადახდის თარიღია 18 ივნისი, 2019 წელი, სახაზინო კოდი 3--------- გადამხდელი ე----–-----ე.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ელენე ოსაძე