განაჩენი

სისხლის სამართლის 05.09.2019
საქმის ნომერი
330100119003145435
თარიღი
05.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/3797-19

გამოძიების №------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

სასამართლოს დასახელება

 

25 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

თარიღი ადგილი

 

მოსამართლე - დავით მგელიაშვილი

სხდომის მდივანი - ლელა აბალიშვილი

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე

პროკურორი ---------–--------

 

დაცვის მხარე

ბრალდებული - ლ-------–---------–---------- დაბადებული - 1----–-–---------–---, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, დაოჯახებული, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, გ-------------------------ში.

კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი);

- საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში - 3 ეპიზოდი).

- საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 30 ივნისს, ქ. თბილისში, ს---------------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, ლ-----–---------- მეუღლეს - თ------–--------ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ხელი დაარტყა სახის არეში, იმავდროულად, მხრებზე ხელი მოკიდა და აჯანჯღარა.

ლ-----–--------ის ქმედების შედეგად, თ------–--------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2019 წლის 30 ივნისს, ქ. თბილისში, ს---------------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, ლ-----–--------ე მეუღლეს - თ------–--------ეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.

2019 წლის 30 ივნისს, ქ. თბილისში, ს---------------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ლ-----–--------ე თავის არასრულწლოვან შვილს - ნ----–--------ეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.

2019 წლის 30 ივნისს, ქ. თბილისში, ს---------------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ლ-----–--------ე დედას - ნ-----------–--ეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.

2019 წლის 06 ივლისს, ქ. თბილისში, მ----------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ლ-----–--------ე მეუღლეს - თ------–--------ეს, სამართალდამცავი ორგანოსთვის მიმართვის შემთხვევაში, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ლ-----–--------ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას

 

დაზარალებულ თ------–--------ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სტატუსით მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ ლ-----–--------ე არის მისი მეუღლე. მათ შორის ხშირად იყო კონფლიქტი, რომლის მიზეზიც იყო ლ-----–--------ის მიერ ალკოჰოლური სასმელის მიღება. 2014 წელს ლ-----–--------ე გაემგზავრა საზღვარგარეთ და მხოლოდ სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდათ. 2019 წლის თებერვალში დაბრუნდა საქართველოში და 2019 წლის მაისის თვეში კვლავ დაიწყო ალკოჰოლური სასმელის მიღება. შესაბამისად, იქცეოდა არაადეკვატურად. 2019 წლის 30 ივნისს სახლში დაბრუნებულ ლ-----–--------ეს არ მოეწონა მის მიერ გარეცხილი სპორტული ფეხსაცმელი, რის გამოც დაიწყო გინება მისი მისამართით. სთხოვდა გაჩერებულიყო, რის გამოც ჯერ ხელი გაარტყა, ხოლო შემდეგ მხრებზე მოკიდა ხელები და შეაჯანჯღარა. აღნიშნულის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი. კონფლიქტისას ლ-----–--------ეს ხელში ეჭირა ლითონის ბასრი საგანი, რომლის გამოყენებით დაემუქარა, რომ გაუყრიდა მუცელში და მოკლავდა. აღნიშნულის გამო შვილთან - ნ----–--------ესთან მოუვიდა შელაპარაკება, რომელსაც სახის არეში ესროლა სიგარეტი და დაემუქრა. გინების და ჩხუბის ხმაზე გამოვიდა ლ-----ს დედა - თ------–--------ე, რომელმაც ლ-----ს მიმართა: ,,რა გაყვირებს ხალხი ცხოვრობს და წუხდებაო“, რის გამოც ლ-----–---------- მისი მისამართით დაიწყო გინება და მუქარა, რომ არ აცოცხლებდა, დაასისხლიანებდა, მანქანას აუფეთქებდა და სახლს გადაწვავდა. დედის მიმართ მუქარის დროს ხელში ეჭირა ლითონის მაკრატელი, რომლის გამოყენებითაც ემუქრებოდა. ლ-----–--------ე აღნიშნული კონფლიქტის შემდეგ გადავიდა მეორე სახლში - მ----------ზე, საცხოვრებლად. პერიოდულად მიდიოდა სასაუბროდ და ცდილობდა დაელაგებინა ურთიერთობა, მაგრამ ლ-----–--------ეს ჩხუბობდა და ეუბნებოდა „შენ არჩვენი გააკეთე და დედა აირჩიეო.“ 2019 წლის 06 ივლისს მივიდა ლ-----–--------ესთან სახლში, მისვლისთანავე ლ-----–---------- დაუწყო ლანძღვა თუ რატომ ემხრობოდა დედამისს და არ იჭერდა მის პოზიციას. ლ-----–--------ე დაემუქარა „მოგკლავ სიცოცხლეს გამოგასალმებ, თუ ესე გააგრძელებო, წადი მოშორდი თავი დამანებე, ნუ ერევი, თქვენ ნახავთ რას გიზამთო.“ ბრალდებული მუხლების დახვრეტით დაემუქრა, რაზეც განუცხადა, რომ პოლიციაში უჩივლებდა. ლ-----–--------ე კი დაემუქრა - „გაბედე და წადი პოლიციაში, გამოვალ ციხიდან და ნახავ მერე რაც მოგივაო, არ გაცოცხლებო“. დაზარალებულმა აჩვენა ისიც, რომ მას აღარ უნდა სულიერი სიმშვიდის დარღვევა და ფიზიკური ტკივილის განცდა იმის ფონზე, როცა სახლში ჰყავს არასრულწლოვანი შვილები და იმედი აქვს რომ ლ-----–--------ე პატიმრობაში ყოფნის პერიოდში გაიაზრებს მის მიერ ჩადენილ ქმედებას და გამოსწორდება.

დაზარალებულ ნ-----------–--ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სტატუსით მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ 2019 წლის 30 ივნისს იმყოფებოდა საძინებელში. მისი შვილი - ლ-----–--------ე გვიან დაბრუნდა სახლში, რომელმაც მეუღლეს დაუწყო ჩხუბი იმის გამო, რომ არ მოეწონა მის მიერ გარეცხილი სპორტული ფეხსაცმელი. გამოვიდა ოთახიდან და ბრალდებულს მიმართა, რომ ფეხსაცმელი კარგად იყო გარეცხილი და თუ არ მოსწონდა თავად გაერეცხა. აღნიშნულის გამო ლ-----–--------ე გაღიზიანდა, დაიწყო გინება მისი მისამართით და დაემუქრა ლითონის-მეტალის საგნის მუცელში გაყრით, რის გამოც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, გაერიდა სიტუაციას და გავიდა საძინებელში. დაზარალებულის განმარტებითვე, ლ----- ემუქრებოდა თ------–--------ეს და ნ----–--------ეს მოკვლით, იმუქრებოდა სახლის და მანქანის დაწვით. აღნიშნული ინციდენტის შემდეგ ლ----- გადავიდა მ----------ზე საცხოვრებლად, რომელთანაც პერიოდულად დადიოდა მისი რძალი - თ------–--------ე. 2019 წლის 6 ივლისს წავიდა სტუმრად დასთან, რა დროსაც დაუკავშირდა ლ-----–--------ე და კითხა სად იყო, რაზეც უპასუხა, რომ დეიდასთან იყო სტუმრად. ლ-----–--------ე გაბრაზდა „უზნეო ქალი ხარ და თ-------აც ხელს უწყობ უზნეობის ჩადენაში, რატომ დატოვე ჩემი ცოლ-შვილი და წახვედიო და დაემუქრა - შენ ნახე რას გიზამო.“ ძალიან დაიღალა ლ-----–--------ის მუქარით, თან ეშინოდა მისი, რძლის და შვილიშვილების გამო, რომ არაფერი დაეშვებინა ბრალდებულს მათთვის და ამიტომაც განცხადებით მიმართა პოლიციის განყოფილებას.

დაზარალებულ ნ----–--------ის ჩვენებით (უდავო მტკიცებულება) დადგინდა, რომ 2019 წლის 30 ივნისიდან, სახლში კონფლიქტის გამო მამამისი - ლ-----–--------ე აღარ ცხოვრობს მათთან და გადავიდა მათ მეორე სახლში მ----------- ქ. N---ში. მამას - ლ-----–--------ეს ხშირად ჰქონდა კონფლიქტი დედასთან - თ------–--------ესთან და ოჯახის წევრებთან. მამა წავიდა საფრანგეთში, საიდანაც დაბრუნდა 2019 წლის თებერვალში. თავდაპირველად იქცეოდა ნორმალურად, თუმცა შემდეგ დაიწყო ალკოჰოლის მოხმარება და გახდა აგრესიული. 2019 წლის 30 ივნისს დაახლოებით 23:00 საათზე, იწვა საწოლში, რა დროსაც გაიგონა კარის ძლიერად მიჯახუნების, მამის გინების და ლანძღვის ხმა. მამა - ლ-----–--------ე აგინებდა დედას იმის გამო, რომ კარგად არ იყო მისი სპორტული ფეხსაცმელი გარეცხილი. ჩხუბის და ყვირილის გამო ბებიამ - ნ-----------–--ემ შენიშვნა მისცა მამას რატომ ყვირიხარო, რაზედაც მამამ ბებიას უთხრა „გაგგუდავ საწოლშიო.“ საყვედურობდა ბებიას, რომ მის სახელზე ჰქონდა ყველაფერი გაფორმებული. მამას უთხრა საერთოდ მადლობელი უნდა იყო, რომ გინახავენო, რაზედაც მამა კიდევ უფრო აგრესიული გახდა და ესროლა სიგარეტი, რომელიც მოხვდა მხარზე, თან დაემუქრა - „მოგკლაც და ცემით დაგასისხლიანებო“, აგინებდა და ლანძღავდა უშვერი სიტყვებით. გაიწია მისკენ თუმცა დედამ და ბებიამ შეძლეს მისი შეკავება. აღნიშნულის გამო ძალიან შეეშინდა მისი, მუქარა აღიქვა რეალურად, იფიქრა, რომ ლ-----–--------ეს შეეძლო ეცემა და მოეკლა, რადგან გაიწია მისკენ და თან ესროლა ანთებული სიგარეტი. საბოლოოდ, ლ-----–--------ე დედამ და ბებიამ დააშოშმინეს. ის ღამე გაატარა სახლში, თუმცა მეორე დილით იგი წავიდა სახლიდან და გადავიდა მ----------- ქუჩაზე მდებარე მეორე სახლში. 2019 წლის 5 ივლისს ღამით, მამამ დედას დაურეკა ტელეფონზე და ეჩხუბა, მოსთხოვა მისთვის მიეტანა წამალი. 2019 წლის 06 ივლისს დედა წავიდა მამასთან და თან წაუღო წამალი. რამდენიმე წუთის შემდეგ თავადაც წავიდა მ----------- სახლში, როდესაც მივიდა ხსენებულ სახლში შეესწარო მამის - ლ-----–--------ის და დედის თ------–--------ის კამათს. მამა ეჩხუბებოდა დედას სახლის გადაფორმების საკითხებზე, ბრაზობდა, რომ ბებიას სახელზე იყო ყველაფერი გაფორმებული, იგინებოდა და ილანძღებოდა ყველას მისამართით, მათ შორის მისი მისამართითაც. მამა დედას ეუბნებოდა, რომ თავად იწვევდა მიეყენებინა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ეგინებინა მისთვის, ასევე ეუბნებოდა, რომ არ სურდა მისი ცოლი ყოფილიყო და აგინებდა. საბოლოოდ, დედამ უთხრა, რომ ამის გამო იგი პასუხს აგებდა კანონის წინაშე, რის შემდეგაც დედამ მიიღო გადაწყვეტილება მიემართა პოლიციისთვის დახმარების მიზნით. მამის მხრიდან განხორციელებული სიტყვიერი შეურაცხყოფების, ლანძღვა-გინებისა და მუქარების ფაქტებს მუდმივად განიცდიდა, თავს გრძნობდა შეურაცხყოფილად, მისი ჩხუბისა და აგრესიის გამო ხშირად უტირია და მუდმივად იყო ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ.

მოწმე გ-----------–--------–---–ის ჩვენების მიხედვით, დაზარალებულის განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით და მის მიერ პრეზიდენტის ადმინისტრადიიდან გამოთხოვილი იქნა ნასამართლობის შესახებ ინფორმაცია და განაჩენები.

მოწმე გ----------------–---–ის ჩვენების მიხედვით, მუშაობს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტში ვ---------------–----------------–-------------------–---ში უფროსი გამომძიებლის თანამდებობაზე. 2019 წლის 7 ივლისს დააკავა ლ-----–--------ე, რომელსაც ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რის შედეგად ამოღებული იქნა მომწვანო ფერის მცენარეული მასა, რომელიც წარმოადგენდა მცირე ოდენობით „მარიხუანას“. აცნობა ოჯახს დაკავების შესახებ და შეადგინა შესაბამისი ოქმი, რომელიც დადასტურებულია ხელმოწერებით.

მოწმე გ-------------- ჩვენების მიხედვით, მუშაობს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–-------------------–--ის გამომძიებლის თანამდებობაზე. მის მიერ გამოკითხული იქნა ლ-----–--------ის არასრულწლოვანი შვილი - ნ----–--------ე და უფლებები განუმარტა კანონიერ წარმომადგენელს.

ბრალდებულმა ლ-----–---------- ნაწილობრივ აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები (დედის მიმართ განხორციელებული მუქარის ნაწილში) და განმარტა, რომ ცხოვრობდა საზღვარგარეთ და მისთვის ცნობილი არ იყო, რომ ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა და მუქარა დასჯადი იყო, რაც სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება, რადგან აღნიშნული არ დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, არადამაჯერებელია, ეწინააღმდეგება და ვერ აბათილებს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს. სასამართლომ განიხილა ყველა მტკიცებულება მოცემულ საქმეში, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა და დაასკვნა, რომ ლ-----–--------ესთან მიმართებაში პროკურატურამ დაამტკიცა მათი სარწმუნოობა გონივრულ ეჭვს მიღმა.

ამრიგად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ლ-----–---------- ჩაიდინა: 1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც, არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; 2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (3 ეპიზოდი) და 3. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრული დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესის შედეგი დამოკიდებული იყო მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებდნენ მხარეები თავიანთ პოზიციას და რა მტკიცებულებებით დაადასტურებდნენ მათ.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. იგივე არის განცხადებული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. რადგან ლ-----–--------ე თავს ნაწილობრივ სცნობდა დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოიკვლია ბრალდების მხარის ყველა სადაო მტკიცებულება, ასევე შეაფასა უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა და დაასკვნა, რომ ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა მტკიცებულებათა სარწმუნოობა და ლ-----–--------ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა და აღნიშნული მუხლისგან სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება, იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი და ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. ამდენად, როგორც ამსრულებელი, ისე მსხვერპლიც უნდა იყოს ოჯახის წევრი და არა სხვა პირი. ოჯახის წევრად ითვლება დედა, მეუღლე, შვილი. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობაში; ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში - ფიზიკურ ტკივილში (რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) და გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური იძულებით. ძალადობამ არ უნდა გამოიწვიოს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი, მაგრამ იგი მაინც შეიძლება ჩაითვალოს ჯანმრთელობის საწინააღმდეგო დანაშაულად. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე დარტყმა, მოჭერა, მოქაჩვა - ძალადობა, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. აღნიშნული დანაშაულის ჩადენის ხერხს და საშუალებას კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით ან რაიმე მკვრივი საგნით, რასაც მოცემულ შემთხვევაში აქვს ადგილი.

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით განსახილველი ნორმის - მუქარის შემადგენლობა დაფუძნებული არაა ზოგადად რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ აქ პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობითი მუქარის ჩადენით, თანაც მუქარა გარეგნულად ისეთი ფორმითაა გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება. მუქარა შეიძლება გამოიხატოს სხვადასხვა ფორმით. შედეგად კი ვღებულობთ იმას, რომ დაზარალებულს ერღვევა მყუდროება, იგი კარგავს სიმშვიდეს, რამდენადაც ყოველ წუთს ელოდება ძალადობით ქმედებას სხვა პირის მხრიდან. სწორედ ამაში მდგომარეობს მუქარის საზოგადოებრივი საშიშროება. აღნიშნული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტური მხრივ ეს დანაშაული გამოიხატება: ა) მოქმედებაში, კერძოდ, მუქარაში, ბ) შედეგში - შიში (რომელიც ბრალდებულის ქმედებით განიცადა დაზარალებულმა) და გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, სახეზეა მატერიალური (შედეგიანი) დანაშაული. მუქარა შეიძლება განხორციელდეს როგორც სატელეფონო საუბრით, ისე პირისპირ საუბრით და ა.შ.

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით მუქარის შინაარსი დაკონკრეტებულია. იგი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარაში. ამასთანავე, არაა აუცილებელი მუქარა იყოს რეალური, ე.ი. იგი მართლაც მიმართული იყოს მუქარის შინაარსში გამოთქმული ქმედებების ჩასადენად. დამნაშავეს შეიძლება არც ამოძრავებდეს მუქარის განხორციელების მიზანი. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა. პირს თუ ასეთი შიში არ გაუჩნდა, დანაშაულის შემადგენლობა არ არსებობს. განსახილველი დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდება მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. მუქარის ამსრულებელია ნებისმიერი შერაცხადი 14 წლის პირი. სუბიექტური მხრივ მუქარის მოტივს კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს. იგი მხედველობაში მიიღება სასჯელის დანიშვნისას. კვალიფიკაციისათვის ასევე არა აქვს მნიშვნელობა დამნაშავის მიზანს. კერძოდ, ჰქონდა თუ არა მას გამიზნული ამ მუქარის რეალიზაცია. დამნაშავეს შეიძლება არც ჰქონდეს მიზნად თუნდაც სამომავლოდ ამ მუქარის განხორციელება, არამედ სურდეს პირის მხოლოდ დაშინება - რასაც ასევე განსახილველ შემთხვევაში აქვს ადგილი, ვინაიდან დაზარალებულები იყვნენ შეშინებულები, იმყოფებოდნენ ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ და იძლებულნი გახდნენ დახმარებისთვის პოლიციისათვის მიემართათ.

სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას კი, სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს (დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე), რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სწორედ სამართლიანი განხილვის უფლებიდან.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია. პირდაპირ მიემართება და რელევანტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენისათვის. ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია უდავოდ მიჩნეულ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა (შენკი შვეიცარიის წინააღმდეგ (Schenk v. Switzerland), განაცხადი no. 10862/84, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება, პუნქტები 45-46).

ამასთან, როგორც წესი, მტკიცებულება, მისი რელევანტურობა ფასდება ეროვნული სასამართლოების და არა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barberà, Messegué, Jabardo v. Spain), განაცხადები nos. 10588/83, 10589/83, 10590/83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

ამრიგად, სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმე, თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის და დასაშვებობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დასტურდა, რომ ლ-----–---------- ჩაიდინა: 1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც, არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; 2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (3 ეპიზოდი) და 3. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ლ-----–--------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ დანაშაული ჩაიდინა ოჯახის წევრების მიმართ.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო უთითებს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედაც სასჯელს.

სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების დამოკიდებულების მხრივ ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები და ოჯახში ძალადობა და ქალთა მიმართ ძალადობა ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ გამოწვევად რჩება.

ოჯახში ძალადობასთან საბრძოლველად მიღებული კანონების შესრულებას აბრკოლებს საზოგადოებაში არსებული დამოკიდებულება და ღრმად ფესვგადგმული პატრიარქალური მიდგომები და გენდერული სტერეოტიპები, რაც გენდერული ნიშნით ძალადობის მიმართ შემწყნარებლურ დამოკიდებულებას განაპირობებს, ხოლო ოჯახში ძალადობა ქვეყნის უმეტეს ნაწილში ძალზე პირადულ და არა საჯარო საკითხად მიიჩნევა.

პრაქტიკის ანალიზით ირკვევა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლები სახელმწიფოს დახმარებას არ სთხოვენ სანამ მდგომარეობა უკიდურესად არ გართულდება და სამართალდამცავების ჩარევა მათთვის სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის დაზიანებისაგან დაცვის ერთადერთი გზა არ აღმოჩნდება. ამ კონდიციამდე მისვლას კი ხშირად ხელს უწყობს ნათესავებისა და ოჯახის წევრების გარემო, რომლებიც ზეწოლას ახდენენ მსხვერპლის თავისუფალ ნებაზე. ხშირად მსხვერპლის თავისუფალი ნება პარალიზებულია მრავალი ფაქტორით, კერძოდ, სიყვარულით განპირობებული მიმტევებლობის, ნათესავების ზეწოლის, საზოგადოების რეაგირებისა თუ მოძალადის შიშის, შვილების ან საცხოვრებელის დაკარგვის საფრთხის გამო, ვერ ახერხებენ საკუთარი პოზიციის ბოლომდე დაფიქსირებას, რასაც მოგვიანებით ნანობენ და შედეგებსაც საკუთარ ჯანმრთელობაზე იღებენ. მსხვერპლის და მისი შვილების უსაფრთხოებას ექმნება განმეორებითი და შესაძლოა ინტენსივობით უფრო მაღალი ხარისხის საფრთხე, როდესაც მათ რთული სოციალურ-ეკონომიკური პირობების, შიშის თუ პრობლემის სერიოზულობის არასათანადო აღქმის გამო უხდებათ კონფლიქტურ სიტუაციაში დაბრუნება და თითქოსდა საკუთარი ნებით უარს ამბობენ გაერიდონ ძალადობრივ გარემოს.

სწორედ ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების პასუხისმგებლობა გონივრულობის ფარგლებში ეკისრება სახელმწიფოს.

აღსანიშნავია, გაეროს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე X და Y საქართველოს წინააღმდეგ (განაცხადი №24/2009), რომელიც საერთაშორისო ორგანოს მიერ საქართველოში ოჯახში ძალადობის შესახებ მიღებული პირველი გადაწყვეტილებაა და შეეხება სახელმწიფოს მიერ ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობას. ხსენებული გადაწყვეტილებით კომიტეტმა დაადგინა, რომ სახელმწიფომ დაარღვია „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კონვენციის მე-2 მუხლის (ბ)-(ვ) პუნქტები, პირველ და მე-5(ა) მუხლებთან და კომიტეტის „ქალთა წინააღმდეგ ძალადობის შესახებ №19“ რეკომენდაციასთან ერთობლიობაში და გარდა მომჩივანთა დარღვეული უფლებების აღსადგენი კონკრეტული ნაბიჯების მითითებისა, საქართველოს მთავრობას მიმართა რეკომენდაციით სხვა ქალებისა და ბავშვების დასაცავად გააძლიეროს ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები და ქალთა მიმართ ძალადობასთან, უფრო კონკრეტულად, ოჯახში ძალადობასთან მიმართებით გაატაროს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა. ამასთან, სახელმწიფოს დაევალა 6 თვის ვადაში კომიტეტისათვის წერილობითი პასუხის წარდგენა და ინფორმაციის მიწოდება კომიტეტის დასკვნებისა და რეკომენდაციების ფონზე განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებებზე.

ევროსასამართლოს პრაქტიკის შესაბამისადაც, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, ერთ მხრივ, თავად არ ხელყოს ადამიანის უფლებები და მეორე მხრივ, დაიცვას ადამიანი მესამე პირების მხრიდან განხორციელებული ძალადობისაგან. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ საქმეში OPUZ V. TURKEY - ოჯახში ძალადობის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც მოძალადის მიერ მსხვერპლის მკვლელობით დასრულდა, დადგინდა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და მასში ხაზი გაესვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობას იმ პირობებში, როდესაც ინფორმირებულია ძალადობის არსებობის შესახებ. ხსენებულ გადაწყვეტილებაში, სადაც ოჯახური ძალადობისაგან პრევენციული ოპერატიული ზომების გატარების თაობაზე პოზიტიური ვალდებულების ხელისუფლებისათვის დაკისრებაზეა საუბარი, ევროსასამართლომ დაადგინა „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-3 მუხლის დარღვევა ხელისუფლების ორგანოების უუნარობის გამო, დაეცვათ მომჩივანი მისი ყოფილი ქმრის მიერ ოჯახური ძალადობისაგან. დარღვევის დადგენის საფუძვლად კი მიჩნეული იქნა ხელისუფლების მხრიდან პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და ხელისუფლების ორგანოების არაჯეროვანი მოქმედება მომჩივანისა და მისი დედის მიმართ ძალადობის აღსაკვეთად, სისხლისსამართლებრივი ან სხვა შესაბამისი პრევენციული ზომების განუხორციელებლობა მიუხედავად მსხვერპლთა მიერ საჩივრების უკან გამოხმობისა, აგრეთვე ის გარემოება, რომ ხელისუფლების ორგანოებმა სათანადოდ არ გააანალიზეს საჩივრების გამოტანის მიღმა არსებული მოტივები.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მისი განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, წარსულ ცხოვრებას. ამდენად, დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულს უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლების სანქციით გათვალისწინებული საპატიმრო სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით.

ამასთან, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს სსკ-ის 531 და 59-ე მუხლების მოთხოვნებს (სასჯელის დანიშვნა დანაშაულთა ერთობლიობის და დამამძიმებელი გარემოებების დროს).

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-278-ე , 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ლ-----–--------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს:

- საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით;

- საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;

- საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;

- საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;

- საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.

2.საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს მეორე თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ლ-----–--------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 01 (ერთი) წლით და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

3.ლ-----–--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 07 ივლისიდან.

4.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

5.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე

 

დავით მგელიაშვილი