გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 110210019002982934
N2/252-2019
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
სარეზოლუციო ნაწილი
31.10.2019 წელი ქ. ზესტაფონი
შესავალი ნაწილი
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ელენე ოსაძე
სხდომის მდივანი სოფიო რობაქიძე
მოსარჩელე შპს ,,დ--–----”,წარმომადგენელი და---- ბ---------ე,,მოპასუხე ხ---------–ის მუნიციპალიტეტის მერია,წარმომადგენელი მ-----ნა ბ--------–---ი
დავის საგანი: თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაკავებული პირგასამტეხლოს 32 200 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოპასუხისათვის მოსარჩელე შპს „დ--–----“-ის სასარგებლოდ.
1.2. საგარანტიო ვადის გასვლიდან გამომდინარე დაეკისროს მოპასუხეს დაკავებული საგარანტიო თანხის 5 699 ლარის ანაზღაურება.
1.3. დაეკისროს მოპასუხეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1136.97 ლარის ანაზღაურება.
მოსარჩელის მოსაზრება
2015 წლის 14 დეკემბერს მოსარჩელე შპს „დ--–----“-სა და მოპასუხე ხ---------–ის მუნიციპალიტეტის მერიას შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N 2--, ხ---------–ის მუნიციპალიტეტში ფ---–----–ის ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის მშენებლობის სამუშაოების ჩატარების შესახებ. ხელშეკრულების საერთო ღირებულებამ შეადგინა 230 000 ლარი. პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,5% ყოველ ვადა გადაცილებულ დღეზე. საგარანტიო ვადად განისაზღვრა 2 წელი, რომლის გასვლის შემდეგ მოპასუხეს უნდა დაებრუნებინა დაკავებული საგარანტიო თანხა - შესრულებული სამუშაოების ღირებულების 2,5% თანხით 5699 ლარი. სამუშაოების დასრულების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 14 მარტამდე.
ნალექიანი ამინდების გამო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ვადა მხარეთა შეთანხმებით გაგრძელდა ორჯერ, ხოლო მესამედ ვადის გაგრძელებაზე მოპასუხე მხარემ უარი განაცხადა. საბოლოოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადად დადგინდა 2016 წლის 2 მაისი.
2016 წლის 3 მაისის წერილით მოპასუხეს ეცნობა სამუშაოების დასრულების შესახებ. ვინაიდან მის მიერ არ მოხდა შესრულებული სამუშაოების მიღება, 2016 წლის 13 მაისს დამატებით აცნობა წერილით სამუშაოების დასრულების შესახებ.
მოპასუხე მხარე მიზანმიმართულად მოქმედებდა, რომ დაეჯარიმებინა კომპანია და მათ მიერ დაკავებულმა პირგასამტეხლომ შეადგინა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,5% თანხით 32 000 ლარი, რაც შეუსაბამოდ მაღალია. ამასთან 13 მაისიდან დარიცხული პირგასამტეხლო სრულიად უსაფუძვლოა და არ უნდა დაეკავებინათ, რადგან ამ დროისათვის სამუშაოები კომპანიას დასრულებული ჰქონდა.
საგარანტიო ვადა დასრულდა 2018 წლის 3 ივნისს, მაგრამ მოპასუხემ მას არ დაუბრუნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული უკვე დაკავებული საგარანტიო თანხა 5699 ლარი. ითხოვს უკვე დაკავებული პირგასამტეხლოსა და საგარანტიო თანხის დაბრუნებას.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ხ---------–ის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა: მხარეებს შორის 2015 წლის 14 დეკემბერს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულების ვადა გაგრძელდა ორჯერ და საბოლოოდ სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 2016 წლის 2 მაისი. ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად დადგინდა 2016 წლის 3 ივნისი.
მოსარჩელემ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ვერ შეძლო სამუშაოების დასრულება. ხ---------–ის მუნიციპალიტეტის მერიაში 2015 წლის 30 მაისს შევიდა წერილი მოსარჩელის მიერ სამუშაოების დასრულების შესახებ. 2016 წლის 31 მაისს ხ---------–ის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით შექმნილმა კონტროლის ჯგუფმა სამუშაოების გადამოწმების დროს დაადგინა, რომ სამუშაოები ჩატარდა ხარვეზებით, ასევე წარმოსადგენი იყო აუდიტისა და ექსპერტიზის ლაბორატორიული დასკვნა ცემენტი-ბეტონის და შესრულებული სამუშაოების ხარისხზე და მოცულობაზე.
მოსარჩელის წარმომადგენელი, ნდობით აღჭურვილი პირი ეთანხმებოდა პირგასამტეხლოს დარიცხვას და ითხოვდა დანარჩენი თანხის ჩარიცხვას. შესაბამისად ხელშეკრულების თანახმად, რომელსაც ეთანხმება და ხელს აწერს მოსარჩელე, პირგასამტეხლოს თანხა დაუკავდა კანონის შესაბამისად.
საგარანტიო თანხა დაუკავდა მოსარჩელეს ხელშეკრულების 4.2 პუნქტის საფუძველზე, ვინაიდან მის მიერ შესრულებული სამუშაოები იყო ხარვეზიანი, რაც ეცნობა მოსარჩელეს და მის მიერ არ მოხდა ხარვეზების აღმოფხვრა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 14 დეკემბერს მოსარჩელე შპს „დ--–----“-ს და მოპასუხე ხ---------–ის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N 2-- (-------------). ხელშეკრულების საგანია ხ---------–ის მუნიციპალიტეტში ფ---–----–ის ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის მშენებლობის სამუშაოების ჩატარება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- 2018 წლის 14 დეკემბრის ხელშეკრულება N2-- (-------------);
- მხარეთა განმარტება.
3.1.2. 2015 წლის 14 დეკემბრის N2-- ხელშეკრულების თანახმად სამუშაოების დასრულების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 14 მარტამდე. ხელშეკრულების საერთო ღირებულებაა 230 000 ლარი. ხელშეკრულების მე-9 პუნქტის თანახმად განისაზღვრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის ან ვადის დარღვევისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,5%.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- 2018 წლის 14 დეკემბრის ხელშეკრულება N2-- (-------------);
- მხარეთა განმარტება.
3.1.3. ხელშეკრულების 4.2, მე-11 და მე-13 პუნქტების თანახმად ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით განისაზღვრა გარანტია ხელშეკრულების ღირებულების 5%-ის ოდენობით. საგარანტიო ვადად განისაზღვრა ორი წელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- 2018 წლის 14 დეკემბრის ხელშეკრულება N2-- (-------------);
- მხარეთა განმარტება.
3.1.4. 2016 წლის 11 მარტის N1 შეთანხმების თანახმად N2-- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადამ გადაიწია 28 კალენდარული დღით 2016 წლის 11აპრილის ჩათვლით და ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 13 მაისის ჩათვლით. სხვა პირობები და ვალდებულებები დარჩა უცვლელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- 2016 წლის 11 მარტის N1 შეთანხმება;
- მხარეთა განმარტება.
3.1.5. 2016 წლის 11 აპრილის N2 შეთანხმების თანახმად N2-- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადამ გადაიწია 2016 წლის 02 მაისის ჩათვლით და ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 03 ივნისამდე. სხვა პირობები და ვალდებულებები დარჩა უცვლელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- 2016 წლის 11 აპრილის N2 შეთანხმება;
- მხარეთა განმარტება.
3.1.6. 2015 წლის 14 დეკემბრის შესყიდვების N2-- ხელშეკრულების საფუძველზე შპს „დ--–----“-ის მიერ ხ---------–ის მუნიციპალიტეტის ფ---–----–ის ადმინისტრაციულ ერთეულში შესრულებული გზის საამშენებლო სამუშაოები ღირებულებით 227 978.68 ლარი მიიღო მოპასუხე მხარემ 2016 წლის 20 ივნისს და საანგარიშო პერიოდში სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 75 637.81 ლარი. ჩატარებული სამუშაოები მიჩნეული იქნა დამაკმაყოფილებლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- 2016 წლის 20 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტი;
- მხარეთა განმარტება.
3.1.7. ხელშეკრულების 4.2 პუნქტის თანახმად ყოველ შესრულებულ სამუშაოზე დაკავებული გარანტიის თანხის, ხელშეკრულების ღირებულების 2.5% უნდა მოხდეს სამუშაოების სრული დასრულების და შემსყიდველის მიერ შექმნილი კონტროლის ჯგუფის მიერ შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო მეორე 2.5% უნდა დაბრუნდეს საგარანტიო ვადის 2 წლის გასვლის შემდეგ. შესრულებული სამუშაოს ნაკლის ან უხარისხობის აღმოჩენის შემთხვევაში, აღნიშნული თანხა დაბრუნდება დეფექტების გამოსწორების შემდეგ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- ხელშეკრულება N 2--;
- მხარეთა განმარტება.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2016 წლის 03 მაისს შპს „დ--–----“-ის დირექტორმა წერილით მიმართა ხ---------–ის მუნიციპალიტეტის გამგეობას, რომ სამუშაოები დასრულებულია. შესრულებული სამუშაოების აქტს (ფორმა N2) წარადგენდა ექსპერტიზის პასუხთან ერთად. აღნიშნული წერილი ხ---------–ის მუნიციპალიტეტის გამგეობაში რეგისტრირებულია 2016 წლის 31 მაისს და შესული წერილის საფუძველზე ხ---------–ის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მოსარჩელეს ეცნობა, რომ კონტროლის ჯგუფის მიერ გადამოწმდა შესრულებული სამუშაოები და გამოვლინდა ხარვეზები. 2016 წლის 31 მაისის შუალედური დასკვნის თანახმად შპს „დ--–----“-მა სამუშაოები დაასრულა 2016 წლის 31 მაისს ნაცვლად N2 შეთანხმებით გათვალისწინებული 2016 წლის 02 მაისისა. 3 მაისიდან 30 მაისის ჩათვლით 28 კალენდარულ დღეზე პირგასამტეხლო შეადგენს 32 200 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- შპს „დ--–----“-ის დირექტორის მინდობილი პირის 2016 წლის 03 მაისის მიმართვა;
-ხ---------–ის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 10 მაისის N4------ და 31 მაისის N 4------ მიმართვები;
- კონტროლის ჯგუფის 2016 წლის 31 მაისის შუალედური დასკვნა;
- მოსარჩელის განმარტება.
- მოპასუხის განმარტება.
3.2.2. ხ---------–ის მუნიციპალიტეტის მერიამ, ვალდებულების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში შეუსრულებლობის გამო, შპს „დ--–----“-ს პირგასამტეხლოს სახით დააკისრა 32 000 ლარის გადახდა. აღნიშნული თანხა მოპასუხემ შემსრულებელს გაუქვითა შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან და მოსარჩელეს შესრულების თანხა 32 000 ლარით ნაკლები ჩაურიცხა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
-ხ---------–ის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 04 მაისის N49/1840 და 13 მაისის მიმართვა;
- მოპასუხის განმარტება.
- მოსარჩელის განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 361-ე, 416-ე, 417-ე, 418-ე 420-ე, 629-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
კონკრეტულ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ 2015 წლის 14 დეკემბერს, ხ---------–ის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შ.პ.ს. ,,დ--–----“-ს შორის დაიდო N2-- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომელიც წარმოადგენს ნარდობის ხელშეკრულებას. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად შ.პ.ს. ,,დ--–----“-მა აიღო ვალდებულება ხ---------–ის მუნიციპალიტეტის სოფელში ფ---–----–ის ადმინისტრაციულ ერთეულში შეესრულებინა საავტომობილო გზის მშენებლობის სამუშაოები 2016 წლის 14 მარტამდე. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენს 230 000 ლარს.
შ.პ.ს. „დ--–----“-ის განცხადების საფუძველზე სამუშაოების შესრულების ვადა ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებში გაიზარდა ორჯერ და ხელშეკრულების შესრულების ბოლო ვადად განისაზღვრა 2016 წლის 02 მაისის ჩათვლით.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
მოცემულ შემთხვევაში, დადასტურებულია, რომ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა ნარდობის სახით. ამ ხელშეკრულების თანახმად მოპასუხე მხარემ - მენარდემ იკისრა ვალდებულება შეესრულებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, შეთანხმებულ ვადაში, 2016 წლის 02 მაისის ჩათვლით, ხოლო შემკვეთი ხ---------–ის მუნიციპალიტეტის გამგეობა ვალდებული იყო გადაეხადა მენარდისათვის შესრულებულ სამუშაოში შეთანხმებული საზღაური.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
6.3. სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სსსკ-ის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
6.4. დადგენილია, რომ ხელშეკრულების მე-5 მუხლით განისაზღვრა შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი. რომლის თანახმად შესყიდვის ობიექტის მიღება ხდება ერთჯერადად ან ეტაპობრივად ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების შესაბამისად. „მიმწოდებელი“ ვალდებულია ჩაატაროს ექსპერტიზა შესრულებული სამუშაოების ხარისხზე, მოცულობასა და ფასებზე სამუშაოს საბოლოო მიღება-ჩაბარების დროს. ფაქტიურად შესრულების დამტკიცებას კი ახდენს ხ---------–ის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ შექმნილი ინსპექტირების ჯგუფი.
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ 2016 წლის 03 მაისს მან წერილით აცნობა მოპასუხეს სამუშაოების დასრულების შესახებ, რაც ვერ ჩაითვლება ვალდებულების დროულად შესრულებად, ვინაიდან 2016 წლის 13 მაისის წერილით თვითონვე ადასტურებს, რომ სამუშაოების დასრულების შესახებ ადრე აცნობეს მოპასუხეს და მითითებული ხარვეზები მათ მიერ გამოსწორებულია. შესაბამისად 03 მაისის მდგომარეობით მას სამუშაოები დასრულებული არ ჰქონდა.
მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოსარჩელის 2016 წლის 13 მაისის წერილი მათ მიერ მიღებულია 2016 წლის 30 მაისს და 2016 წლის 31 მაისს კი შესრულებული სამუშაოების შემოწმება მოხდა მოპასუხის მიერ შექმნილი კონტროლის ჯგუფის შუალედური დასკვნის საფუძველზე. საწინააღმდეგო მტკიცებულება კი მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ვერ იქნა.
ხელშეკრულების მე-5 მუხლით გათვალისწინებული წესით კი მოსარჩელის მიერ სამუშაოები დასრულდა 2016 წლის 20 ივნისს, რასაც ადასტურება 2016 წლის 14 ივნისის ექსპერტიზის აქტი, მხარეთა მიერ შედგენილი შესრულებული სამუშაოების მიღება ჩაბარების აქტი. შესაბამისად უტყუარად დასტურდება მოსარჩელის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილება 28 დღით.
6.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ხელშეკრულების შესრულების ვადაგადაცილებასთან დაკავშირებით მოსარჩელის პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოება და შესაბამისად, მოპასუხეს შეეძლო ხელშეკრულების შესრულების ვადის გადაცილების გამო პირგასამტეხლოს თანხა დაეკავებინა მოსარჩელისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებები - პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
განსახილველ საქმესთან დაკავშირებით, სადავო არ არის ის გარემოება, რომ მხარეთა მიერ, ხელშეკრულებით, შეთანხმებული იქნა მოსარჩელის უფლება მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დარიცხვისა, ამ უკანასკნელის მიერ სამუშაოების შესრულების ვადაგადაცილების შემთხვევაში: მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 9.2. პუნქტის მიხედვით, შემსყიდველი უფლებამოსილია გრაფიკით გათვალისწინებული ვადის გადაცილების შემთხვევაში დააკისროს მიმწოდებელს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.5%-ის ოდენობით. მოცემულ შემთხვევაში კი ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 230 000 ლარს. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ასევე სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს ოდენობას და მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი.
6.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების უფლება ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგნია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულობის შეფასებისას, სასამართლო, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ითვალისწინებს როგორც ვალდებულების დარღვევის ხასიათს, ასევე, დაკისრებული თანხის მოცულობას, დარღვევის პერიოდსა და სხვა გარემოებებს. საკითხს, იმის თაობაზე, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, შეუსაბამოდ მაღალია თუ არა პირგასამტეხლო, ექვემდებარება, თუ არა იგი შემცირებას და კონკრეტული დავის მიხედვით, ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, როგორ უნდა განისაზღვროს მისი ოდენობა, საბოლოოდ აფასებს და წყვეტს სასამართლო.
6.7. სასამართლო განმარტავს, რომ იგი უფლებამოსილია, კონკრეტული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, შეამციროს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული არაგონივრული, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. აღნიშნული ნორმის მიზანია ის, რომ მხარეთა მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლო არ იქცეს მოვალის დასჯის მექანიზმად და არ დაკარგოს მისი, როგორც ვალდებულების დარღვევის პრევენციის დანიშნულება. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ 2015 წლის 14 დეკემბერს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №2-- ხელშეკრულების 9.2 პუნქტით გათვალისწინებულ პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს, რადგან პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. დაკსრებული პირგასამტეხლო არ გამომდინარეობს გამოწვეული სავარაუდო ზიანიდან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები უკვე შესრულებულია და ობიექტი ჩაბარებულია. მოცემულ შემთხვევაში მართალია მოსარჩელემ გადააცილა ხელშეკრულების შესრულების ვადას, მაგრამ აღნიშნულით არსებითი ხასიათის ზიანი არ მიდგომია სახელმწიფო ან/და კერძო პირთა ინტერესებს. მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტი სადავოდ არ გაუხდია მოპასუხე მხარეს. მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, 2015 წლის 14 დეკემბერს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №2-- ხელშეკრულების 9.2 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 0.5% უნდა შემცირდეს 0.05%-მდე და ვადაგადაცილებულ დღეთა (28 დღე) შესაბამისად უნდა განისაზღვროს 3220 ლარით.
ხელშეკრულების საბოლოო ანგარიშსწორებისას ხ---------–ის მუნიციპალიტეტიდან მოსარჩელეს სრულად ჩაერიცხა ფატიურად შესრულებული სამუშაოს საფასური, პირგასამტეხლოს გამოკლებით. ხელშეკრულების თანახმად, დაუკავდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სახელშეკრულებო ღირებულების 0,5%-ის ოდენობით, რაც ჯამში შეადგენს 32 000 ლარს“. ამდენად, მოპასუხის მიერ სადავოდ არ არის გამხდარი ვალდებულების შესრულების ფაქტი და ის გარემოება, რომ პირგასამტეხლო სწორედ, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან იქნა დაკავებული პირგასამტეხლოს ანგარიშში.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან, პირგასამტეხლოს ანგარიშში, მხოლოდ 3220 ლარის დაკავების მართლზომიერი საფუძველი გააჩნდა, ხოლო 28 980 ლარის დაკავება განხორციელებულია არამართლზომიერად და დაბრუნებას ექვემდებარება.
შესაბამისად მოპასუხეს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს შესრულებული სამუშაოს ღირებულება 28 980 ლარის ოდენობით. 2016 წლის 20 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტით და კონტროლის ჯგუფის შუალედური დასკვნით შესრულებული სამუშაოს ოდენობა და ხარისხი მხარეთა შორის სადავო არ არის, შესაბამისად, შემკვეთმა (მოსარჩელე) მენარდეს (მოპასუხე) უნდა აუნაზღაუროს მის მიერ შესრულებული სამუშაოს ფასი.
6.8. სამოქალაქო კოდექსის 424-ე მუხლის თანახმად მოვალის გარანტიად ითვლება, როცა მოვალე კისრულობს რაიმე უპირობო მოქმედების შესრულებას ან ისეთი მოქმედების შესრულებას, რომელიც სცილდება ხელშეკრულების საგანს. ამავე კოდექსის 426-ე მუხლის თანახმად გარანტია უნდა გაფორმდეს წერილობით.
მხარეთა შორის 2015 წლის 14 დეკემბერს დადებული საელმწიფო შესყიდვების N2-- ხელშეკრულებით განისაზღვრა ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით გარანტია. 4.2 პუნქტის თანახმად სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით შემსყიდველის მიერ ყოველ შესრულებულ სამუშაოზე დაკავებულია გარანტიის თანხა, ხელშეკრულების ღირებულების 5%, რომლის ნახევრის დაბრუნება უნდა მოხდეს სამუშაოების სრული დასრულების და შემსყიდველის მიერ შექმნილი კონტროლის ჯგუფის მიერ შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო მეორე 2.5% უნდა დაბრუნდეს საგარანტიო ვადის 2 წლის გასვლის შემდეგ. შესრულებული სამუშაოს ნაკლის ან უხარისხობის აღმოჩენის შემთხვევაში, აღნიშნული თანხა დაბრუნდება დეფექტების გამოსწორების შემდეგ. ხელშეკრულების მე-13 პუნქტებით საგარანტიო ვადად განისაზღვრა ორი წელი.
ხელშეკრულება ითვალისწინებს გარანტიის დაბრუნების ორ პირობას. შესრულებული სამუშაოს ხარისხის დაცვას და საგარანტიო ვადის გასვლას. ამგვარი შეთანხმება წარმოადგენს პირობით გარიგებას. სამოქალაქო კოდექსის 90-ე მუხლის თანახმად, პირობითად ითვლება გარიგება, როდესაც იგი დამოკიდებულია სამომავლო და უცნობ მოვლენაზე იმით, რომ ან გარიგების შესრულების გადადება ხდება მის დადგომამდე, ანდა გარიგების შეწყვეტა – ამ მოვლენის დადგომისთანავე.
6.9. წარმოდგენილი ხელშეკრულების 4.2 პუნქტის პირობების თანახმად დაკავებული გარანტიის თანხა დაბრუნებას ექვემდებარება ორწლიანი საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ. ხოლო შესრულებული სამუშაოს ნაკლის ან უხარისხობის აღმოჩენის შემთხვევაში, აღნიშნული თანხა დაბრუნდება დეფექტების გამოსწორების შემდეგ.
მოპასუხე ხ---------–ის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 19 ივნისის N 4------ წერილის თანახმად მოსარჩელე მხარეს ეცნობა, რომ გზის ექსპლოატაციის პირობებში გამოვლინდა გარკვეული ხარვეზები, კერძოდ დაზიანებულია და დაბზარულია გზის საფარი და დაზიანებულია სანიაღვრე არხები და განესაზღვრა ხარვეზების გამოსასწორებლად 2 კვირის ვადა. თუმცა აღნიშნული ინფორმაციის მოსარჩელისათვის გადაცემის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ვერ იქნა. ასევე მოპასუხის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები გზის საფარის და სანიაღვრე არხების დაზიანების და დაბზარვის გამომწვევი მიზეზების შესახებ. იყო თუ არა აღნიშნული დაზიანებები გამოწვეული მოსარჩელის ბრალით.
წარმოდგენილი მტკიცებულებებით კი შესრულებული სამუშაოების 2016 წლის 20 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტით და კონტროლის ჯგუფის შუალედური დასკვნის თანახმად შესრულებული სამუშაოები დამაკმაყოფილებელია. 2016 წლის 14 ივნისის ექსპერტიზის დასკვნით კი დადგენილია, რომ შესრულებული სამუშაოების ხარისხი შეესაბამება ხარჯთაღრიცხვით და ფორმა N2-ით დადგენილ ნორმებს. გზის საფარი ვიზუალური დათვალიერების შედეგად დამაკმაყოფილებელია. ბეტონის მარკიანობა საკონტროლო კუბიკების გამოცდის შედეგები შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს.
შესაბამისად მოპასუხის მიერ ვერ იქნა უტყუარი მტკიცებულებებით დადასტურებული, რომ მოსარჩელემ ხარვეზებით შეასრულა სამუშაოები, მიუხედავად მითითებისა არ გამოასწორა, რაც საგარანტიო თანხის დაუბრუნებაზე, უარის თქმის საფუძველი გახდებოდა.
დადგენილია, რომ შეთანხმებების საფუძველზე ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 03 ივნისამდე. საგარანტიო ვადა გავიდა 2018 წლის 03 ივნისს, მოპასუხის მიერ საგარანტიო ვადაში სამუშაოების ხარვეზებით შესრულების ფაქტი დადასტურებული ვერ იქნა და მოპასუხე მხარე ვალდებულია დაკავებული საგარანტიო თანხა 5699 ლარი დაუბრუნოს მოსარჩელეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
სარჩელის აღძვრისას მოსარჩელის მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 1136.97 ლარის ოდენობით. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რის გამოც მოპასუხე ხ---------–ის მუნიციპალიტეტის მერიას დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 1046.01 ლარის გადახდა. ამასთან, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი სარჩელის დაუკმაყოფილებელი ნაწილის პროპორციულად 90.96 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე 257-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. მოსარჩელე შპს ,,დ--–----“-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1 2015 წლის 14 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №2-- ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო 0.5% შემცირდეს 0.05 პროცენტამდე და შესაბამისად პირგასამტეხლოდ განისაზღვროს 3220 ლარი.
1.2 მოპასუხე ხ---------–ის მუნიციპალიტეტის მერიას (ს/კ 2--------) დაეკისროს მოსარჩელე შპს „დ--–----“-ის (ს/კ 2--------) სასარგებლოდ 34 699 ლარის ანაზღაურება, საიდანაც 28 980 ლარი არის დაკავებული პირგასამტეხლო, ხოლო 5699 ლარი არის დაკავებული გარანტიის თანხა.
1.2 სარჩელი დაკავებული პირგასამტეხლოს 3220 ლარის დაბრუნების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე ხ---------–ის მუნიციპალიტეტის მერიას (ს/კ 2--------) დაეკისროს მოსარჩელე შპს „დ--–----“-ის (ს/კ 2--------) სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 1046.01 ლარის ანაზღაურება.
3. მოსარჩელე შპს „დ--–----“-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 90.96 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ელენე ოსაძე