განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/2907-19
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
თბილისი 2 სექტემბერი, 2019 წელი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - გიორგი არევაძე
სხდომის მდივანი - ლალი ფაჩულია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ-------------ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ--------------------–----ა - საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, დაბადებული 1----–-–---------------ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული ს------–------------------------------------------------, ფაქტობრივად მცხოვრები თ---–--–-------------------------------.
ადვოკატი - გ----------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში).
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2019 წლის 24 მაისს, დღის საათებში, გ--------–----ა სატელეფონო ზარისა და მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ყოფილ მეუღლეს - თ------–-------ს, კერძოდ, დაურეკა და უთხრა, რომ მოკლავდა. ასევე, მიწერა მუქარის შემცველი შეტყობინება. თ------–-------ს მიერ აღნიშნული ქმედება აღქმულ იქნა რეალურად და მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ გ--------–----ას სისხლის სამართლის საქმეზე არსებული, ბრალდებისა და დაცვის მხარის მტკიცებულებები მხარეებს საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
2.2. სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადიno. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).
2.3. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ (2014 წლის 24 აპრილი, განაცხადი No. 9043/05, პარ 91) განმარტა: იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (აგრეთვე იხ.: სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, პარ 135-136, Scoppola v. Italy, (no. 2) [GC], no. 1-249/03, 17.09.09; პოიტრიმოლი საფრანგეთის წინააღმდეგ, პარ 31, Poitrimol v. France, 23 November 1993, Series A no. 277-A; ჰერმი იტალიის წინააღმდეგ,პარ73,Hermiv.Italy[GC],no.18114/02,ECHR2006XII).
2.4. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი, თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
2.5. სასამართლოს დასკვნა გ--------–----ას მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა მისი აღიარებისა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ თ------–-------ს, მოწმეების - თ-----------–---–-ს, ი-------------–-----ს, ნ----------------ს, თ--------–--------ს გამოკითხვის ოქმების, დოკუმენტების დათვალიერების ოქმების და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას.
2.6. სასამართლომ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებითი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.2. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება, რაც შესაძლოა, დაირღვეს მაშინ, როცა პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება ძალადობითი ქმედების ჩადენით და მუქარა ისეთი ფორმით არის გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს უჩნდება მისი მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. სსკ-ის 151-ე მუხლით მუქარის შინაარსი დაკონკრეტებულია. იგი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში. ობიექტური მხრივ, აღნიშნული დანაშაული წარმოადგენს მატერიალურ დანაშაულს, ვინაიდან აუცილებელია გამოკვეთილი იყოს მოქმედება (მუქარა) და მისგან გამოწვეული შედეგი (შიში). ამასთან, შიში უნდა იყოს საფუძვლიანი, რაზედაც კანონმდებელი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს. ქმედების აღნიშნული მუხლით კვალიფიკაციისათვის აუცილებელია დადგინდეს, რომ მუქარა წარმოთქმულ იქნა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ, რომ მუქარის მსხვერპლს გაუჩნდეს მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. შიშის ფაქტორის შეფასებისას კი გათვალისწინებული უნდა იყოს როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური კრიტერიუმები და დადგინდეს - ჩათვლიდა თუ არა ჩვეულებრივი ფსიქიკის ადამიანი ასეთ მუქარას ამ ვითარებაში რეალურად. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული მუქარა არ არის მხოლოდ განზრახვის გამომჟღავნება, რადგან ხშირ შემთხვევაში დამნაშავე შესაძლოა, არც აპირებდეს მის განხორციელებას, თუმცა დაზარალებულის მიერ მუქარის რეალურად აღქმა უკვე იძლევა ამ დანაშაულის შემადგენლობას. კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს დამნაშავის მიზანს, კერძოდ, ჰქონდა თუ არა მას გამიზნული ამ მუქარის რეალიზაცია, რადგან პოტენციურ დამნაშავეს შეიძლება არც ჰქონდეს მიზნად, თუნდაც სამომავლოდ, მუქარის განხორციელება, არამედ სურდეს პირის მხოლოდ დაშინება.
3.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რაც განმარტებულია, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 125-ე, 126-ე, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−151-ე, 160-ე, 171-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრები ასევე არიან პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
3.4. საქმეში არსებული გამოკითხვის ოქმებით დადგენილია, რომ გ--------–----ა და თ------–------- იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში და გარკვეული ხნის განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ ქ.თბილისში მდებარე თ------–-------ს საცხოვრებელ სახლში. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ შვილი. შესაბამისად, გ--------–----ა და თ------–------- ითვლებიან ოჯახის წევრებად.
3.5. სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები (დაზარალებულ თ------–-------ს, მოწმეების - თ-----------–---–-ს, ი-------------–-----ს, ნ----------------ს, თ--------–--------ს გამოკითხვის ოქმები, დოკუმენტების დათვალიერების ოქმები), შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მოისმინა ბრალდებულის აღიარება და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნულ ეჭვის გამომრიცხავ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულია გ--------–----ას მიერ ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ--------–----ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მისი მხრიდან დანაშაულის ნებაყოფლობითი აღიარება, სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა (სადავოდ არ გახადა მტკიცებულებები). იგი 2013 წლის 7 მაისიდან მსახურობს ს----------–-----------–-------–--ში და სამსახური ახასიათებს დადებითად. დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
5.2. საქართველოს სსკ 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლწინააღმდეგობას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, გ--------–----ას უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივი საშიშროებისა და ხასიათის გათვალისწინებით, მას, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით. იმის გათვალისწინებით, რომ მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ხასიათდება დადებითად, საბოლოოდ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს პირობითად.
5.3. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში კანონმდებლობა არ უნდა იძლეოდეს ე.წ. „სანიმუშო“ სასჯელების გამოყენების შესაძლებლობას, რადგან სასჯელი მისივე მიზნების გამო ობიექტურად აცდენილი ხდება. ასეთი მიდგომა არღვევს პროპორციულობის პრინციპს, შედეგად იწვევს პირის არაპროპორციულ დასჯას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, საქმეზე ბექა წიქარიშვილი, საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, პარაგრაფი 1-2). სწორედ „სანიმუშოდ დასჯის“ თავიდან აცილების მიზნით, სასამართლოს პროპორციულ ღონისძიებად მიაჩნია გ--------–----ას მიმართ საქართველოს სსკ 63-ე მუხლის გამოყენება და არ არის მიზანშეწონილი მის მიერ პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მოხდა. 1 (ერთი) წლის პირობით ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთა, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით, შეძლებს დააფიქროს გ--------–----ა უკეთ გააცნობიეროს ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე.
5.4. საქართველოს სსკ 521-ე მუხლის თანახმად, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა ნიშნავს იარაღის დამზადების, შეძენის ან/და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების ან/და გამოყენების შეზღუდვას ან/დააკრძალვას. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა დამატებით სასჯელად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც იგი ჩადენილი დანაშაულისათვის სასჯელად არის გათვალისწინებული ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის დამატებით სასჯელად დანიშვნისას აუცილებელი არ არის, იარაღი დანაშაულის იარაღი იყოს ან დანაშაულის ჩასადენად იყოს გამიზნული. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის შემთხვევაში იარაღის ჩამორთმევა ხდება და ჩამორთმეული იარაღი შეინახება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5.5. შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გ--------–----ამ განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია მის მიმართ დამატებითი სასჯელის განსაზღვრა, კერძოდ კი იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის განსაზღვრა და მას უნდა აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის, იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების და გამოყენების უფლება 1 (ერთი) წლის ვადით.
5.6. ასევე, სასამართლო მიიჩნევს, რომ პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში მსჯავრდებულის ყოფაქცევის ეფექტურად კონტროლის მიზნით, საქართველოს სსკ 65-ე მუხლის თანახმად, გ--------–----ას უნდა დაეკისროს მოვალეობა, პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე, არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი. ამავე მუხლის თანახმად, მასვე უნდა დაევალოს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 258-260-ე, 268-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.გ--------–----ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 (ერთი) წელი.
2.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის თანახმად, აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის, იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივი საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების და გამოყენების უფლება 1 (ერთი) წლის ვადით.
3. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი. ასევე, დაეკისროს მოვალეობა, გაიაროს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი.
4.გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სხდომის დარბაზიდან.
5. სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 26 მაისიდან 2019 წლის 2 სექტემბრის ჩათვლით.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გიორგი არევაძე