გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 01.11.2019
საქმის ნომერი
180310019003050374
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
01.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/166-19 (180310-190-3050374)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

01 ნოემბერი, 2019 წელი ქ. მცხეთა

შესავალი ნაწილი

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა

სხდომის მდივანი - ნინო ჯანხოთელი

 

მოსარჩელე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი

წარმომადგენელი - ქე-------------ე

 

მოპასუხე - ნი----–---–-----ი

ადვოკატი - ირ-------–--–---–-

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.მოპასუხე ნი----–---–-----ისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 6714 ლარის გადახდის დაკისრება.

 

2.მოპასუხის პოზიცია

 

2.1.მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლოს სხდომაზე სარჩელი არ ცნო, ამასთან, მან მიუთითა სარჩელის ხანდაზმულობის საკითხზე.

 

3.დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1.მოპასუხე ნი----–---–-----მა 21.01.2--- წელს განაცხადით მიმართ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის შესახებ. აღნიშნული განცხადებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წინაშე ოჯახის პასუხისმგებელ პირად, უფლებამოსილ წარმომადგენლად მითითებული იქნა ნი----–---–-----ი, ხოლო ნი----–---–-----ის ოჯახს მიენიჭა საიდენტიფიკაციო კოდი N0----------4.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

-სარჩელი, შესაგებელი;

-განაცხადი (ს.ფ. 94);

-17.10.2018 წლის მოხსენებითი ბარათი (ს.ფ. 89);

-მხარის ახსნა-განმარტება (იხ. 09.10.2019 წლის სხდომის ოქმი).

 

3.1.2. 06.02.2--- წელს მოპასუხე ნი----–---–-----ის მიერ შევსებული იქნა ოჯახის დეკლარაცია, რომლითაც მოპასუხე ნი----–---–-----მა დაადასტურა, რომ მისი ოჯახის მისამართია დუშეთის მუნიციპალიტეტი, დ----–-----–ი, კორპუსი N16, ბინა N-- და ძირითადი საცხოვრებლის გარდა სხვა საცხოვრებელს არ ფლობს.

 

დეკლარაციის დამუშავების შედეგად სარეიტინგო ქულამ შეადგინა 4----0, მინიჭებული სარეიტინგო ქულათა ოდენობიდან გამომდინარე, 2--- წლის 10 მარტს დუშეთის რაიონული განყოფილების სოციალური აგენტის მიერ ნი----–---–-----ის ოჯახში განხორციელდა ფულადი დახმარების (საარსებო შემწეობა) დანიშვნის პროცედურა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

-სარჩელი, შესაგებელი;

-განაცხადი (ს.ფ. 94);

-17.10.2018 წლის მოხსენებითი ბარათი (ს.ფ. 89);

-პირველადი ოჯახის დეკლარაცია (ს.ფ. 108);

-მხარის ახსნა-განმარტება (იხ. 09.10.2019 წლის სხდომის ოქმი).

 

3.2.დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1.დადგენილია, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბ------------–ი მდებარე 140- კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზედ მდებარე N1 შენობა-ნაგებობა (საცხოვრებელი სახლი) 02.09.2--- წლის საარქივო ცნობის საფუძველზე 24.10.2--- წელს საჯარო რეესტრში აღირიცხა მოპასუხე ნი----–---–-----ის, ასევე, მისი მშობლების მა--------–------ის და რე-----–---–-----ის თანასაკუთრების უფლებით.

 

აღნიშნული ფაქტი არ ყოფილა ასახული ნი----–---–-----ის მიერ 03.04.2017 წელს შევსებულ ოჯახის დეკლარაციაში, კერძოდ, დეკლარაციის A11 პუნქტში მოპასუხემ დააფიქსირა, რომ მისი ოჯახი ძირითადი საცხოვრებლის გარდა არ ფლობს სხვა საცხოვრებელს (ბინას, სახლს, აგარაკს).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- შესაგებელი;

-17.10.2018 წლის მოხსენებითი ბარათი (ს.ფ. 89);

-ოჯახის დეკლარაცია (ს.ფ. 116);

-საარქივო ცნობა (ს.ფ. 85);

-ცნობა და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 46-47);

-მხარის ახსნა-განმარტება (იხ. 09.10.2019 წლის სხდომის ოქმი).

 

3.2.2.მოსარჩელისათვის იმ გარემოების შესახებ, რომ დეკლარაციაში მითითებული ქონების გარდა მოპასუხე ნი----–---–-----ი 24.10.2--- წლიდან თანასაკუთრების უფლებით ფლობდა უძრავ ნივთს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბ------------–ი, ცნობილი გახდა 08.10.2018 წელს, რის გამოც მოპასუხის ხელმოწერით შედგა ოქმი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ, რითაც მოსარჩელემ მოპასუხის ოჯახს შეუწყვიტა საარესებო შემწეობის გაცემა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- შესაგებელი;

-17.10.2018 წლის მოხსენებითი ბარათი (ს.ფ. 89);

-ოჯახის დეკლარაცია (ს.ფ. 116);

-საარქივო ცნობა (ს.ფ. 85);

-ცნობა და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 46-47);

-ოქმი (ს.ფ. 124);

-მხარის ახსნა-განმარტება (იხ. 09.10.2019 წლის სხდომის ოქმი).

 

3.2.3. 01.05.2--- წლიდან 01.10.2018 წლმადე საანგარიშო პერიოდში მოპასუხის ოჯახზე გაცემული საარსებო (ფულადი) შემწეობის ოდენობამ შედაგინა 14--- ლარი, თუმცა მოსარჩელის მოთხოვნაა მხოლოდ 2016 წლის დეკემბრის თვიდან 2018 წლის სექტემბრის თვის ჩათვლით გაცემული შემწეობის თანხის უკან დაბრუნება, რაც შეადგენს 6714 ლარს.

 

დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბ------------–ი მდებარე უძრავი ქონების თანასაკუთრებაში არსებობის შესახებ ინფორმაციის მოსარჩელისათვის შეუტყობინებლობით, მოსარჩელეს 6714 ლარის დაბრუნების უფლება კანონით არ წარმოეშობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

-სარჩელი, შესაგებელი;

-17.10.2018 წლის მოხსენებითი ბარათი (ს.ფ. 89);

-ოჯახის დეკლარაცია (ს.ფ. 116);

-საარქივო ცნობა (ს.ფ. 85);

-ცნობა და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 46-47);

-ოქმი (ს.ფ. 124);

-მხარის ახსნა-განმარტება (იხ. 09.10.2019 წლის სხდომის ოქმი).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5.კანონები (ნორმატიული აქტები), რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია; ,,სოციალური დახმარების შესახებ’’ (შემდგომში სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობა, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების წესი) 20-6 წლის 28 ივლისის საქართველოს მთავრობის N145 დადგენილება; ,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა დამოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ’’ 2010 წლის 24 აპრილის N126 დადგენილება; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 20-6 წლის 22 აგვისტოს N225/ნ ბრძანება ,,მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

6.სამართლებრივი შეფასება

 

6.1.საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ არ არის სავალდებულო სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 20-3 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, პუნქტი 34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, პუნქტი 61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, პუნქტი 43).

 

ამრიგად, სასამართლოს მხრიდან სამართლებრივი მსჯელობა განვითარდება მხოლოდ საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესახებ.

 

6.2.საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში, წინამდებარე დავა სწორედ ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარეს, რასაც ცხადყოფს ის ფაქტი, რომ სადავო ურთიერთობა მოწესრიგებულია ნორმატიული აქტებით: ,,სოციალური დახმარების შესახებ’’ (შემდგომში სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობა, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების წესი) 20-6 წლის 28 ივლისის საქართველოს მთავრობის N145 დადგენილებით და ,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა დამოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ’’ 2010 წლის 24 აპრილის N126 დადგენილებით.

 

,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ’’ 2010 წლის 24 აპრილის N126 დადგენილების მე-2 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის მიხედვით, მაძიებელი არის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მსურველი ოჯახი, რომელიც შეიძლება გახდეს სოციალური დახმარების მიმღები.

 

,,სოციალური დახმარების შესახებ’’ (შემდგომში სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობა, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების წესი) 20-6 წლის 28 ივლისის საქართველოს მთავრობის N145 დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად, ამ წესის მიზნებისათვის მიზნობრივი სოციალური დახმარება არის ფულადი სახის გასაცემელი (შემდგომში- საარსებო შემწეობა), რომლის მიზანია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირება ან/და მისი პრევენცია.

 

,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა დამოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ’’ 2010 წლის 24 აპრილის N126 დადგენილების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, მონაცემთა ბაზაში მიწოდებული ინფორმაციის სისწორისათვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ ამ ინფორმაციის გამცემ ოჯახის წევრ(ებ)ს, შესაბამის ორგანოს თუ დაწესებულებას, ხოლო მე-11 მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, სასაგენტოს უფლებამოსილი პირი დაკისრებული ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების ფარგლებში ადგენს მაძიებლის განაცხადში შეტანილ მონაცემთა სიზუსტეს.

 

აღნიშნული ნორმების სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მსურველი ოჯახის წევრი ანუ მაძიებელი, რომელიც განაცხადით მიმართავს სააგენტოს, ვალდებულია მიაწოდოს სააგენტოს სწორი და სრულყოფილი ინფორმაცია მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ, როგორც განაცხადის წარდგენის შემდგომ პირველადი დეკლარაციის შევსებისას, ისე მომდევნო პერიოდში, ნებისმიერ დროს, თუ მისი სოციალურ-ეკონომიკური პირობები შეიცვალა. ასევე იკვეთება სააგენტოს ვალდებულება იმგვარად, რომ მან მაძიებლის განაცხადის მიღების მომენტში გადაამოწმოს მაძიებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სიზუსტე.

 

აღსანიშნავია აგრეთვე ,,სოციალური დახმარების შესახებ’’ (შემდგომში სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობა, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების წესი) 20-6 წლის 28 ივლისის საქართველოს მთავრობის N145 დადგენილების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებულია აცნობოს სააგენტოს იმ გარემოების დადგომა, რომელსაც თან სდევს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება ამ გარემოების წარმოშობიდან არა უგვიანეს ერთი თვისა (აქტის 24.10.2--- წელს მოქმედი რედაქცია; ,,საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებულია აცნობოს სააგენტოს იმ გარემოების დადგომა, რომელსაც თან სდევს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილება ან ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში’’ - დღეის მდგომარეობით მოქმედი რედაქცია).

 

იმავე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად, ამ მუხლის მიზნებისთვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილებად ითვლება მხოლოდ ოჯახის წევრ(ებ)ის შემოსავლის გაზრდა/გაჩენა, უძრავი ქონების ან/და საქართველოს მთავრობის 2--- წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიით“ გათვალისწინებული მოძრავი ქონების შეძენა; ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სააგენტოს უფლება აქვს, შეაჩეროს ან შეწყვიტოს საარსებო შემწეობის გაცემა და/ან გადაამოწმოს ოჯახი, შეუწყვიტოს ოჯახს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია და/ან აუკრძალოს მომდევნო ერთი წლის განმავლობაში მონაცემთა ბაზაში განმეორებითი რეგისტრაცია.

 

დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ მოპასუხე იყო საარსებო შემწეობის მიმღები და მის მიმართ სოციალური დახმარების შეწვეტას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ მოპასუხემ ოჯახის დეკლარაციაში არ ასახა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბ------------–ი მდებარე 140- კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზედ მდებარე N1 შენობა-ნაგებობის (საცხოვრებელი სახლი) 02.09.2--- წლის საარქივო ცნობის საფუძველზე 24.10.2--- წლიდან საჯარო რეესტრში თანასაკუთრების უფლებით რეგისტრაციის ფაქტი.

 

ცნობილია, რომ 01.05.2--- წლიდან 01.10.2018 წლმადე საანგარიშო პერიოდში მოპასუხის ოჯახზე გაცემული საარსებო (ფულადი) შემწეობის ოდენობამ შედაგინა 14--- ლარი, თუმცა მოპასუხის მიერ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბ------------–ი მდებარე უძრავი ქონების თანასაკუთრებაში არსებობის შესახებ ინფორმაციის მოსარჩელისათვის შეუტყობინებლობის გამო, წინამდებარე სარჩელით სასარჩელო მოთხოვნაა 2016 წლის დეკემბრის თვიდან 2018 წლის სექტემბრის თვის ჩათვლით გაცემული შემწეობის თანხის - 6714 ლარის უკან დაბრუნება.

 

შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე, სასამართლოს მხრიდან განსახილველ საკითხს წარმოადგენს ის, რომ მოსარჩელისათვის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შესახებ ინფორმაციის შეუტყობინებლობის გამო, მოპასუხემ საარსებო შემწეობის შეწყვეტის გარდა, უნდა აგოს თუ არა პასუხი სხვა სახითაც - მიღებული საარსებო შემწეობის მოსარჩელისათვის უკან დაბრუნების ფორმით. ამ კუთხით, სასამართლო მოიხმობს 20-6 წლის 28 ივლისის საქართველოს მთავრობის N145 დადგენილების მე-91 მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტს, რომლის თანახმად, საარსებო შემწეობის ზედმეტად გაცემის (ჩარიცხვის) შემთხვევაში, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ამ თანხების უკან დაბრუნების შესახებ შემდეგი წესის დაცვით: ,,თუ ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობა, ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობის თანხის უკან დაბრუნება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად’’. ამ შემთხვევაში, კანონმდებლობის მოთხოვნაში იგულისხმება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 20-6 წლის 22 აგვისტოს N225/ნ ბრძანება ,,მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’, რომელიც შემუშავებულია „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 20-6 წლის 28 ივლისის N145 დადგენილების, „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის N126 დადგენილების, აგრეთვე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე და მისი მიზანია საქართველოში უკიდურეს სიღატაკეში მყოფი ოჯახებისათვის მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნა-გაცემასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება, მათ შორისაა, ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობის თანხების უკან დაბრუნების წესის განსაზღვრა. კერძოდ, მითითებული წესის მე-181 მუხლი ადგენს, რომ თუ ოჯახს ზედმეტად ჩაერიცხა საარსებო შემწეობის თანხა გასულ პერიოდში, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ამ თანხის უკან დაბრუნების შესახებ, შემდეგი წესების დაცვით:

 

ა) თუ ოჯახი საარსებო შემწეობის მიმღებია და სააგენტოში შემოსული ინფორმაციის შედეგად დადგინდა, რომ ოჯახს ჩაერიცხა რომელიმე წევრისთვის გათვალისწინებული ზედმეტი თანხა ოჯახის წევრ(ებ)ის გარდაცვალების ან სახელმწიფო საზღვრის სამ თვეზე მეტი ვადით კვეთის შემთხვევაში, სააგენტო ვალდებულია დაქვითოს გარდაცვლილი ან გასული წევრისთვის ზედმეტად გადარიცხული თანხა ოჯახის მიერ მისაღები საარსებო შემწეობის თანხიდან, გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვალების თვის მომდევნო თვიდან, სახელმწიფო საზღვრის სამ თვეზე მეტი ვადით კვეთის შემთხვევაში, საზღვრის კვეთიდან მესამე თვის მომდევნო თვიდან (თვეთა ათვლისას საზღვრის კვეთის თვე ითვლება პირველ თვედ), ხოლო შემოსავლების გაზრდა/გაჩენის შემთხვევაში, ამ წესის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ოდენობაზე მეტი ოდენობით შემოსავლის გაზრდის/გაჩენის თვის მომდევნო თვიდან, ყოველთვიურად, ოჯახის საარსებო შემწეობის თანხის 20%-ის ოდენობით;

 

ბ) თუ ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობა და სააგენტოში შემოსული ინფორმაციის შედეგად დადგინდა, რომ ოჯახს ან მის რომელიმე წევრს ზედმეტად გადაერიცხა საარსებო შემწეობის თანხა გასული პერიოდის განმავლობაში გარდაცვალების, სახელმწიფო საზღვრის სამ თვეზე მეტი ვადით კვეთის გამო, საარსებო შემწეობის თანხის დაბრუნება განხორციელდება გარდაცვალების შემთხვევაში - გარდაცვალების თვის მომდევნო თვიდან, სახელმწიფო საზღვრის სამ თვეზე მეტი ვადით კვეთის შემთხვევაში, საზღვრის კვეთიდან მესამე თვის მომდევნო თვიდან (თვეთა ათვლისას საზღვრის კვეთის თვე ითვლება პირველ თვედ), ოჯახის წევრისთვის ზედმეტად ჩარიცხული თანხის ოდენობით, ხოლო ამ წესის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ოდენობაზე მეტი ოდენობით შემოსავლის გაზრდის/გაჩენის შემთხვევაში, თანხის დაბრუნება განხორციელდება ამ გარემოების დადგომის თვის მომდევნო თვიდან ოჯახისათვის ზედმეტად ჩარიცხული თანხის ოდენობით.

 

თუ შევადარებთ აღნიშნული ნორმის - მე-181 მუხლის შინაარსს 20-6 წლის 28 ივლისის საქართველოს მთავრობის N145 დადგენილების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შინაარსს, მივალთ იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს კანონმდებლობა ერთმანეთისაგან განასხვავებს უძრავი ქონების შეძენას და შემოსავლის გაზრდა/გაჩენას, ამასთან, უძრავი ქონების შეძენის სახით სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ ინფორმაციის მოსარჩელისათვის (სააგენტოსათვის) შეუტყობინებლობამ, მართალია შესაძლოა გამოიწვიოს საარსებო შემწეობის შეწყვეტა, თუმცა აღნიშნული მიზეზით გაცემული საარსებო შემწეობა მოპასუხის მხრიდან დაბრუნებას არ ექვემდებარება.

 

6.3.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან და სამართლებრივი მსჯელობიდან გამომდინარე, სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7.საპროცესო ხარჯები

 

7.1.საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე. შესაბამისად, მოსარჩელე უნდა გათავისუფლდეს სასამართლო ხარჯების გადახდისგან და მას სსს კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, გაიღებს სახელმწიფო.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-13, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1.სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2.მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის ქ. №7ა) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარების დღიდან, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. მცხეთა, სამხედროს ქ. №17).

 

მოსამართლე: მანუჩარ ცაცუა