გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/191-19 (180310-19003087715)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
01 ნოემბერი, 2019 წელი ქ. მცხეთა
შესავალი ნაწილი
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა
სხდომის მდივანი - ნინო ჯანხოთელი
მოსარჩელე - კო------------ლ
წარმომადგენლელი - ნი-----------ე
მოპასუხე - სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - ,,საქპატენტი’’
წარმომადგენლები: გიო---------–---–-----------------–-–---–ი
მესამე პირი - ,,ზე--------------------–-------ნი''
დავის საგანი: ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1.N95----3 განაცხადით წარდგენილი საერთაშორისო სასაქონლო ნიშნისათვის დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ საქპატენტის 0-.1-.2--- წლის N7-----3 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობა;
1.2.საქპატენტის სააპელაციო პალატის 2-.---2019 წლის N2-------9 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა;
1.3.საქპატენტის სააპელაციო პალატის 0-.0-.2019 წლის N4----- ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობა;
1.4.საქპატენტის დავალდებულება გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც განაცხადით სასაქონლო ნიშანს - ,,V---L’’-ს მიენიჭება დაცვა N95----3 განაცხადით წარდგენილი მე-3 და მე-5 კლასების საქონლის სრული ჩამონათვალის მიმართ (იხ. დაზუსტებული მოთხოვნა, 01.1-.2019 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი).
2.მოპასუხის პოზიცია
2.1.მოპასუხე მხარემ წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე არ ცნო სარჩელი და ითხოვა მოსარჩელეს უარი ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
3.მესამე პირის პოზიცია
მესამე პირს საქმეზე შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სხდომაზე გამოცხადებულა. შესაბამისად, სასამართლოსათვის მისი პოზიცია უცნობია.
4.დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1.უდავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. მესამე პირი - ზე--------------------–-------ნი არის მე-3 და მე-5 კლასის საქონლის მიმართ რეგისტირებული სასაქონლო ნიშნების - ,,ВИ---------H" (რეგ. N--) და ,,V---L S-----N" (რეგ. N--) მფლობელი, რასაც მინიჭებული აქვს დაცვა საქართველოს ტერიტორიაზე.
მესამე პირის მიერ აღნიშნული სიტყვიერი სასაქონლო ნიშანები განეკუთვნება ნიცის კლასიფიკაციის მე-3 კლასის საქონლის ჩამონათვალს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-სარეგისტრაციო ფურცლები (ს.ფ. 40-41);
-არსობრივი ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 55);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 01.1-.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
4.1.2.მოსარჩელე ,,კო------------ლ’’-მ განაცხადით მიმართა სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს ,,საქპატენტს’’ და მოითხოვა სიტყვიერი სასაქონლო ნიშნის - ,,V---L" -ის რეგისტრაცია.
მოსარჩელის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი სიტყვიერი სასაქონლო ნიშანი განეკუთვნება ნიცის კლასიფიკაციის მე-3 და მე-5 კლასის საქონლის ჩამონათვალს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-სარეგისტრაციო ფურცელი და საქონლის ჩამონათვალი (ს.ფ. 26, 28);
-არსობრივი ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 55);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 01.1-.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
4.2.დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.2.1. 0-.1-.2--- წელს საქპატენტში ჩატარდა არსობრივი ექსპერტიზა და მიღებულ იქნა დასკვნა, რომლითაც დადგენილია, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი სასაქონლო ნიშანი ,,V---L" ფონეტიკურად და ვიზუალურად აღრევამდე მსგავსია კომპანია ,,ზე--------------------–-------ნი’’-ს სახელზე რეგისტრირებული ნიშნებისა ,,ВИ---------H" და ,,V---L S-----N", ასევე მსგავსია მათი საქონლის ჩამონათვალი მე-3 და მე-5 კლასის საქონლის მიმართ, რაც ქმნის ნიშნებს შორის აღრევისა და მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის შესაძლებლობას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-სარეგისტრაციო ფურცლები (ს.ფ. 40-41);
-სარეგისტრაციო ფურცელი და საქონლის ჩამონათვალი (ს.ფ. 26, 28);
-არსობრივი ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 55);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 01.1-.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
4.2.2. 0-.1-.2--- წლის არსობრივი ექსპერტიზის დასკვნა საფუძვლად დაედო საქპატენტის მიერ 0-.1-.2--- წლის N7-----3 ბრძანების გამოცემას, რომლითაც უარი ეთქვა რეგისტრაციაზე მოსარჩელის მიერ წარდგენილ სასაქონლო ნიშანს (საიდ. N95----3) საქონლისა და მომსახურების განცხადებული ჩამონათვალის მიმართ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-სარეგისტრაციო ფურცელი და საქონლის ჩამონათვალი (ს.ფ. 26, 28);
-არსობრივი ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 28);
-ბრძანება (ს.ფ. 54);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 01.1-.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
4.2.3. მოსარჩელემ ,,საქპატენტის’’ 0-.1-.2--- წლის №7-----3 ბრძანება გაასაჩივრა ,,საქპატენტის’’ სააპელაციო პალატაში და მოითხოვა მითთებული ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე სასაქონლო ნიშნის - ,,V---L"-ის რეგისტრაცია მე-3 და მე-5 კლასის საქონლის გაცხადებული ჩამონათვალის მიმართ.
,,საქპატენტის“ სააპელაციო პალატის 2-.---2019 წლის N2-------9 წლის გადაწყვეტილებით, ,,კო------------ლ’’-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი ,,საქპატენტის’’ 0-.1-.2--- წლის №7-----3 ბრძანება იმ ნაწილში, რომლითაც უარი ეთქვა სასაქონლო ნიშანს ,,V---L"-ს საქართველოში დაცვის მინიჭებაზე მე-5 კლასის საქონლის ნაწილის მიმართ და დაცვა მიენიჭა აღნიშნულ სასაქონლო ნიშანს მე-5 კლასის საქონლის შემდეგი ჩამონათვალის მიმართ: ,,foodstuffs for children and sick persons; plasters; bandaging materials; material for stopping teeth and dental wax; preparations for destroying weeds and vermin; pesticides; fungicides’’.
2-.---2019 წლის გადაწყვეტილება დამტკიცებულია სააპელაციო პალატის 0-.0-.2019 წლის N4----- ბრძანებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-სარეგისტრაციო ფურცლები (ს.ფ. 40-41);
-სარეგისტრაციო ფურცელი და საქონლის ჩამონათვალი (ს.ფ. 26, 28);
-არსობრივი ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 55);
-ბრძანება (ს.ფ. 54);
-გადაწყვეტილება (ს.ფ. 44);
-ბრძანება (ს.ფ. 43);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 01.1-.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის მასალების გაცნობის, პროცესის მონაწილეთა ახსნა-განმარტებების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5.ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია; ,,ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის დამფუძნებელი კონვენცია’’; ,,სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენცია’’; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონი; საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2014 წლის 19 აგვისტოს N0- ბრძანებით დამტკიცებული „სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქცია.
6.სამართლებრივი შეფასება
6.1.სასამართლო უპირველეს ყოვლისა მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2--ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
ვინაიდან, მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული ბრძანებები და გადაწყვეტილება ერთობლიობაში წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2.ვინაიდან განსახილველი დავის საგანი პირდაპირ კავშირშია საკუთრების უფლებასთან, უპირველესად სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მიუთითოს, რომ საკუთრების უფლება დაცული და უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციით, რომლის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.
ასევე, ყურადსაღებია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმი, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების ძირითადი უფლებით დაცული სფეროს განუყოფელი ნაწილია ასევე პირის მოთხოვნის უფლება, რომელიც კანონმდებლობით წარმოეშობა მას და იგი ისეთივე დაცვის ღირსი ობიექტია, როგორც მთლიანად საკუთრების უფლება.
ამრიგად, საქართველოს კანონმდებლობით განმტკიცებულია საკუთრება, როგორც ძირითადი უფლება, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს ამ უფლების რეალურ განხორციელებას. ამისთვის საჭიროა, რომ იგი დაცული იყოს, როგორც ეფექტური სასამართლო სისტემით, ასევე სახელმწიფო ორგანოთა მხრიდან კანონიერი, სამართლიანი და კეთილსინდისიერი დამოკიდებულებით.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლითაც კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება სწორედ ასეა განმარტებული (იხ. თუნდაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 200- წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება №1/1-----------------------–--------------------------------------------------ი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, გვ.5), კერძოდ, აღნიშნულ გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებული საკუთრების უფლება (კონსტიტუციის ძველი რედაქცია) პირველ რიგში გულისხმობს საკუთრების უფლების ყველასათვის თანაბრად აღიარებასა უზრუნველყოფას, იმისაგან დამოუკიდებლად, თუ რა სახით ვლინდება საკუთრების უფლება - ფიზიკურ ნივთებზე უშუალო საკუთრების უფლებით, თუ მოთხოვნის უფლებაზე საკუთრებით. იქვე, საკონსტიტუციო სასამართლო უთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტულ სამართალზე, რომლის მიხედვითაც მოთხოვნის უფლება, ასევე შეიძლება განხილულ იქნეს როგორც საკუთრების უფლება.
ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტული სამართლის მიხედვით, საკუთრების ცნება, ასევე მოიცავს მოთხოვნის უფლებას და იგი კონვენციის პირველი დამატებითი ოქმით გარანტირებული საკუთრების უფლებით დაცული სფეროს განუყოფელი ნაწილია (იხ. თუნდაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე კლ-------------------–-----ი საქართველოს წინააღმდეგ საჩივრის №7---/0- გვ. 16). აღნიშნულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ამ მხრივ საჭიროა იმის შეხსენება, რომ მოცემულ სფეროში ჩამოყალიბებული პრეცედენტული სამართლის მიხედვით, „ქონების“ ცნება შეიძლება მოცავდეს, როგორც „ამჟამინდელ ქონებას“, ისე ქონებრივ ღირებულებებს, მათ შორის, ვალებს, რომლებზე დაყრდნობითაც მომჩივანს შეუძლია პრეტენზია ჰქონდეს სულ ცოტა „ლეგიტიმური მოლოდინის“ ქონაზე, მიიღოს სარგებელი საკუთრების უფლებიდან.
მცხეთის რაიონული სასამართლო განმარტავს, რომ არსებობს საკუთრების სხვადასხვა სახე, რომელთა შორისაა ინტელექტუალური საკუთრება. საკუთრების ნებისმიერი სხვა უფლების მსგავსად, ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლებები პატენტის, სასაქონლო ნიშნის, დიზაინის, საავტორო უფლების მფლობელს, სელექციონერს შესაძლებლობას აძლევს, მიიღოს სარგებელი საკუთარი ნაშრომიდან ან ინვესტიციიდან.
აღსანიშნავია, რომ საქართველო 1991 წლიდან ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის დამფუძნებელი კონვენციის წევრი სახელმწიფოა და მითითებული კონვენციის თანახმად, ინტელექტუალური საკუთრება მოიცავს უფლებებს, რომლებიც ეხება ლიტერატურის, ხელოვნებისა და სამეცნიერო ნაწარმოებებს; მსახიობ-შემსრულებელთა გამოსვლებს, ფონოგრამებსა და საეთერო მაუწყებლობის პროგრამებს; გამოგონებებს ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროში; მეცნიერულ აღმოჩენებს; სამრეწველო ნიმუშებს; სასაქონლო ნიშნებს, მომსახურების ნიშნებს, საფირმო სახელწოდებებსა და კომერციულ აღნიშვნებს; არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აღკვეთას და ყველა სხვა უფლებას, რომლებიც გამომდინარეობს ინტელექტუალური საქმიანობიდან მრეწველობის, მეცნიერების, ლიტერატურის ან ხელოვნების სფეროებში.
ინტელექტუალურ საკუთრება გულისხმობს სამრეწველო საკუთრებას, რის შესახებაც ყურადღების მიღმა ვერ დარჩება აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შემადგენელ ნაწილად ქცეული ,,სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენცია’’, რომლის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მიხედვით, სამრეწველო საკუთრების დაცვის ობიექტებია პატენტები, სასარგებლო მოდელები, სამრეწველო დიზაინები, სასაქონლო ნიშნები, მომსახურების ნიშნები, საფირმო სახელწოდებები, წარმოშობის აღნიშვნები და ადგილწარმოშობის დასახელებები, აგრეთვე არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აღკვეთა; სამრეწველო საკუთრება ფართო მნიშვნელობით არის გაგებული და ეხება არა მხოლოდ უშუალოდ მრეწველობასა და კომერციას, არამედ სოფლის მეურნეობას, მოპოვებით მრეწველობას და ყველა სამრეწველო და ბუნებრივ პროდუქტს, მაგალითად, ღვინოს, მარცვლეულს, თამბაქოს ფოთოლს, ხილს, მსხვილფეხა რქოსან საქონელს, სასარგებლო წიაღისეულს, მინერალურ წყალს, ლუდს, ყვავილებსა და ფქვილს.
ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს მასზედ, რომ ინტელექტუალური საკუთრება არის გონებრივი შემოქმედების შედეგი, რაც გამოიხატება ხსენებული დაცვის ობიექტებში და გააჩნია სიახლის თვისება.
„ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ“ შეთანხმების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, წინამდებარე შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე, ტერმინი ,,ინტელექტუალური საკუთრება” მოიცავს სასაქონლო ნიშანსაც. ამავე შეთანხმების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ნებისმიერი ნიშანი, ან ნიშანთა ერთობლიობა, რომელსაც უნარი შესწევს ერთი საწარმოს საქონელი ან მომსახურება განასხვაოს სხვა საწარმოთა საქონლის ან მომსახურებისაგან, შეიძლება წარმოადგენდეს სასაქონლო ნიშანს.
,,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტული სამართლით, სასაქონლო ნიშანი, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად მისი რეგისტრაციის მომენტიდან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით დაცულ ,,ქონებას“ წარმოადგენს, შესაბამისად, რეგისტრაციის პროცედურების დასრულების შემდგომ, სასაქონლო ნიშანი ხდება საკუთრების ობიექტი და მასზე ვრცელდება დაცვის ყველა სამართლებრივი რეგულაცია (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება Anheuser-Busch Inc. v. Portugal [GC], no. 73049/01, §§ 66-72, ECHR2007-I/.)" (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 01 დეკემბრის გადაწყვეტილება, საქმე #ას--------------4).
მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული აქტები, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა განცხადებული სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე. ამ საკითხს კი არეგულირებს სპეციალური ნორმატიული აქტი - საქართველოს კანონი ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’. კერძოდ, კანონის მე-3 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების მიხედვით, სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს ან/და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლისა ან/და მომსახურებისაგან (შემდგომში – საქონელი); სიმბოლო შეიძლება იყოს: სიტყვა ან სიტყვები, აგრეთვე ადამიანის სახელი; ასოები; ციფრები; ბგერები; გამოსახულება; სამგანზომილებიანი ფიგურა, მათ შორის, საქონლის ფორმა ან შეფუთვა ისევე, როგორც საქონლის სხვა გარეგნული გაფორმება ფერის ან ფერთა კომბინაციის გამოყენებით; სასაქონლო ნიშანი დაცულია „საქპატენტში“ მისი რეგისტრაციის ან საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე.
აღნიშნული ნორმის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ სასაქონლო ნიშანი, როგორც სიმბოლო, შესაძლებელია გამოხატული იქნეს სხვადასხვა ფორმით, მათ შორის იყოს უბრალოდ სიტყვიერი სახით, თუმცა იმისათვის, რომ მოხდეს მისი საქპატენტში რეგისტრაციით დაცვა, რაც ნიშნავს რეგისტრაციით აღიარებული მესაკუთრისათვის სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მინიჭებას და მისი მხრიდან ამ უფლების გამოყენებით სხვა პირთა მიმართ სასაქონლო ნიშნის გამოყენების აკრძალვას, აუცილებელია დასარეგისტრირებელი სასაქონლო ნიშანი განსხვავდებოდეს სხვა სასაქონლო ნიშნისაგან ან იმ საქონლისაგან, რომლის მიმართაც მოთხოვნილია მისი რეგისტრაცია. ამ იდეას ასახავს კანონის მე-5 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტი, როგორც სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი, რომლითაც უპირობოდ, სასაქონლო ნიშანი არ რეგისტრირდება, თუ მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო ნიშნის მსგავსია, ხოლო საქონელი – იდენტური ან იმდენად მსგავსი, რომ ჩნდება ამ სასაქონლო ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა.
სწორედ ეს ნორმა დაედო საფუძვლად სადავო აქტების გამოცემას, შესაბამისად, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, თუ რამდენად მართებულად გამოიყენა იგი მოპასუხემ.
სასამართლო მხარეთა ყურადღებას ასევე შეაჩერებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ განჩინებაზე, რომლითაც განმარტა შემდეგი: ,,თავად საკითხიდან გამომდინარე, ვინაიდან მსგავსება-განსხვავების შესწავლა საშუალო მომხმარებლის მხრიდან ორ პროდუქციას შორის გარჩევის საკითხს შეეხება, საკასაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნული სწორედ პროდუქციის ერთიანი იერ-სახისა და არა მისი ინდივიდუალური ნიშნების ურთიერთშედარებით უნდა განხორციელდეს, რადგანაც საყოფაცხოვრებო მოხმარების ნივთების შემთხვევაში, რომელთაც ყოველდღიურად იძენს მომხმარებელი, რა თქმა უნდა არ არის აღრევის საშიშროება თუკი სახეზე იმდენად მკვეთრი განმასხვავებელი ნიშნებია, რომლებიც მინიმუმ მომხმარებლის დაინტერესებას გამოიწვევს‘’ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 16 იანვრის განჩინება, საქმე #ას-9----------6).
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2014 წლის 19 აგვისტოს N0- ბრძანებით დამტკიცებული „სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, იმის დასადგენად არსებობს თუ არა რეგისტრაციაზე უარის თქმის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტით და მე-5 მუხლის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“, ,,ე“, ,,ვ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები, წარდგენილი სიმბოლო უნდა შედარდეს პარიზის კონვენციის 6ter მუხლით დაცულ სიმბოლოებს, საქართველოში დაცულ გეოგრაფიულ აღნიშვნებს ან ადგილწარმოშობის დასახელებებს, საქართველოში დაცულ დიზაინს, ეროვნული ან საერთაშორისო რეგისტრაციით საქართველოში დაცულ სასაქონლო ნიშნებს და საქპატენტში სარეგისტრაციოდ წარდგენილ სიმბოლოებს. იმავე მუხლის მე-5 პუნქტი კი ადგენს, რომ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შედარების დროს, სიმბოლოების მსგავსების დადგენის ძირითადი კრიტერიუმი შეიძლება იყოს სიმბოლოების სმენითი (ფონეტიკა, მუსიკალური ჟღერადობა), მხედველობითი (გრაფიკა, ფერთა შეხამება), აზრობრივი (სემანტიკა, არსი) მსგავსება. სიმბოლოების შედარებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საერთო შთაბეჭდილებას.
სასამართლო თვლის, რომ მოპასუხის მოსაზრება მართებულია, რამდენადაც საქპატენტში წარდგენილი სასაქონლო ნიშანს ,,V---L"-სა და მესამე პირის - ,,ზე--------------------–-------ნის'' სახელზე რეგისტრირებულ დაპირისპირებულ სასაქონლო ნიშნებს - ,,ВИ---------H" და ,,V---L S-----N" შორის არსებობს აღრევამდე მსგავსება ფონეტიკური ანუ სმენითი, აგრეთვე, მხედველობითი ანუ ვიზუალური თვალსაზრისით. სახელდობრ, განცხადებული სასაქონლო ნიშანი და დაპირისპირებული სასაქონლო ნიშანი - ,,V---L S-----N’’ შესრულებულია ლათინური ასოებით. ამასთან, დაპირისპირებული ნიშნის პირველი სიტყვა და განცხადებული ნიშანი იდენტურია. განცხადებული და დაპირისპირებული ნიშნები მსგავსია ფონეტიკურადაც, ვინაიდან განცხადებული ნიშანი და მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული ნიშნის პირველი სიტყვა გამოითქმის, როგორც ,,ვიდალ’’.
მსგავსი ვითარებაა მესამე პირის სახელზე რეგისტრირებულ მეორე სასაქონლო ნიშნის ნიშნის - ,,ВИ---------H"-ის მიმართ, ვინაიდან მოსარჩელის მიერ განცხადებული ნიშანი და აღნიშნული დაპირისპირებული ნიშნის პირველი სიტყვა გამოითქმის იდენტურად - ,,ვიდალ’’.
საყურადღებოა განცხადებული და დაპირისპირებული ნიშნების შეფასება აზრობრივი ანუ სემანტიკური თვალსაზრისითაც. ამ კუთხითაც, სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას და თვლის, რომ სამივე ნიშანი მომხმარებლის მიერ აღიქმება ფანტაზიურ ნიშნებად და სიტყვა ,,ვიდალ’’-ს არანაირი სემანტიკური მნიშვნელობა არ გააჩნია.
რაც შეეხება კანონის მე-5 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტის არსებობისათვის ისეთ სავალდებულო ელემენტს, როგორიცაა საქონელი აღრევამდე მსგავსება, მისი არსებობა უდავოდ დადასტურებულია არამხოლოდ საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებით - ნიშნის სარეგისტრაციო ფურცლებით (ს.ფ. 26, 28, 40, 41), არამედ 01.1-.2019 წლის სასამართლოს სხდომაზე მხარეთა მიერ დაფიქსირებული ახსნა-განმარტებებით, კერძოდ, მოსარჩელეს მის მიერ მე-3 და მე-5 კლასის მიხედვით განცხადებული საქონლის მსგავსება მესამე პირის საქონლის ჩამონათვალის მიმართ სადავოდ არ გაუხდია.
6.3.საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 2--ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს არ მიუთითებია, თუ სადავო აქტების მიღების დროს კანონით დადგენილი რომელი მოთხოვნა დაირღვა მოპასუხის მიერ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 10--ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის შესაბამისად მხარეები თვითონ არიან ვალდებულნი წარუდგინონ მტკიცებულებები სასამართლოს.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.
7.საპროცესო ხარჯები
7.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-13 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.,,კო------------ლ’’-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2.სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი, დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;
3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. N7ა) მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. მცხეთა, სამხედროს ქუჩა N17) 14 დღის ვადაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე: მანუჩარ ცაცუა