გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N3/92-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
26 დეკემბერი, 2018 წ. ქ.სამტრედია
შესავალი ნაწილი
სამტრედიის რიონული სასამართლო
მოსამართლე ნონა ზარქუა
სხდომის მდივანი ნათია ძაძამია
მოსარჩელე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის რაიონული განყოფილება
წარმომადგენელი - (არ გამოცხადდა)
მოპასუხე - მ-----ა შ-----–ია (არ გამოცხადდა)
დავის საგანი - ზედმეტად მიღებული თანხის დაბრუნება
აღწერილობითი ნაწილი :
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე - მ-----ა შ-----–იას დაეკისროს სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი, ზედმეტად მიღებული საარსებო შემწეობის - 180 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაბრუნება.
მოსარჩელის მითითებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის რაიონული განყოფილების წარმოებაშია მ-----ა შ-----–იას ოჯახის საქმე, რომელიც შეეხება სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი, ზედმეტად აღებული საარსებო შემწეობის უკან დაბრუნებას. მ-----ა შ-----–იას ოჯახს 2015 წლის 18 აპრილს გადამოწმების საფუძველზე მიენიჭა სარეიტინგო ქულა 32460. სარჩელის წარმოდგენის მომენტისათვის მ-----ა შ-----–იას ოჯახი არ წარმოადგენს საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახს. სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 27 ივნისის N04/41910 კორესპოდენციით და მასზე დართული სიით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის რაიონული განყოფილებისთვის ცნობილი გახდა მ-----ა შ-----–იას ოჯახის წევრის ბენეფიციარ ზ----ა შ-----–იას 2015 წლის 13 ოქტომბერს გარდაცვალების შესახებ. აღნიშნული გარემოება მ-----ა შ-----–იას სააგენტოსათვის არ უცნობებია, გარდაცვალების რეგისტრაცია ოჯახმა განახორციელა დაგვიანებით 2017 წლის 25 აპრილს. მ-----ა შ-----–იას ოჯახს ზედმეტად დაერიცხა 180 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - მ-----ა შ-----–იას შესაგებელი არ წარმოუდგენია, არც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა, მხარე გაფრთხილებული იყო კანონით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მ-----ა შ-----–იას ოჯახი, რომელიც შედგებოდა 4 წევრისაგან: ზ----ა შ-----–ია, ტ------– შ-----–ია, მ-----ა შ-----–ია, ვ--ო შ-----–ია, რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველთა ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.
სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ოჯახის დეკლარაცია.(ს.ფ 19-26)
- მოხსენებითი ბარათი (ს.ფ 9)
3.1.2. ოჯახის ერთ– ერთი წევრი ზ----ა შ-----–ია გარდაიცვალა 2015 წლის 13 ოქტომბერს.
სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახნა-განმარტება (სარჩელი ს.ფ. 3-4)
_ ინფორმაცია სოციალურად დაუცველთა ბაზიდან (ს.ფ 12).
3.1.3. მ-----ა შ-----–იას ოჯახს, ზ----ა შ-----–იას გარდაცვალების შემდეგ მიღებული აქვს სოციალური შემწეობა 180 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახნა-განმარტება (სარჩელი ს.ფ. 4)
-მ-----ა შ-----–იას განცხადება (ს.ფ 28)
3.1.4. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის რაიონული განყოფილების მიერ მოპასუხე მ-----ა შ-----–იას გაეგზავნა წერილი ზედმეტად მიღებული თანხის - 180 ლარის უკან დაბრუნების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის რაიონული განყოფილების 2017 წლის 28 ივნისის წერილი N04-06-08/1427; (ს.ფ 15)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1.მოცემულ საქმეზე საქმისთვის მნიშვნელობის მქონე სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს.
სამოტივაციო ნაწილი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის მასალების შესწავლის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლი; საქართველოს მთავრობის სოციალური დახმარების შესახებ 2006 წლის 28 ივლისის N145-ე დადგენილება; საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის N126 დადგენილება; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს N225/ნ ბრძანება;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ,,სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის ,,ე“ პუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სააგენტო ამ კანონითა და დებულებით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ფულადი სოციალური დახმარების ადმინისტრირებას;
6.2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს N225/ნ ბრძანებით დამტკიცებული მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ, პირველი მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ეს წესი ადგენს „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებულ ოჯახებზე მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესსა და პირობებს, რაც გულისხმობს მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნა-გაცემისათვის საჭირო მთელი ორგანიზაციული ციკლის რეგულირებას, განსაზღვრავს სოციალური დახმარების ადმინისტრირების ორგანოს კომპეტენციას, არეგულირებს მიზნობრივი სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს, ხოლო ამავე ბრძანების მე-7 მუხლის პირველი პუნქტით, საარსებო შემწეობის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს საარსებო შემწეობის მაძიებელ/მიმღებ ოჯახებზე სოციალური დახმარების დანიშვნას, გაცემას, შეწყვეტას, გაანგარიშებას, შეჩერებას, აღდგენას და საარსებო შემწეობის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადაწყვეტას.
6.3. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის N126 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ წესის მიზანია განსაზღვრული მეთოდოლოგიის გამოყენებით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) ფორმირება, რომლებიც საჭიროებენ სოციალურ დახმარებას და შეიძლება გახდნენ ამ დახმარების მიმღებნი. ამავე დადგენილების მეორე მუხლის ,,ბ.დ.“ ქვეპუნქტის შინაარსიდან გამომდინარე, ოჯახის შემადგენლობაში არ გაითვალისწინება: ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამ თვეზე მეტი ვადით წასული პირი; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს N225/ნ ბრძანების მე-9 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებულია: ა) ერთი თვის ვადაში აცნობოს სააგენტოს ოჯახის წევრთა შემადგენლობაში და/ან ოჯახის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მომხდარი ცვლილებები; საქართველოს მთავრობის სოციალური დახმარების შესახებ 2006 წლის 28 ივლისის N145-ე დადგენილების მე-10 მუხლის მეორე პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებულია: დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს ოჯახის წევრთა შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებები (წევრის გარდაცვალება, დაბადება, ქორწინება, საზღვარგარეთ სამ თვეზე მეტი ვადით წასვლა და სხვ.);
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სოციალური შემწეობის მიმღები ოჯახის ერთ–ერთი წევრი ზ----ა შ-----–ია გარდაიცვალა, ხოლო აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების შესახებ მ-----ა შ-----–იას არ უცნობებია სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის. საქართველოს მთავრობის სოციალური დახმარების შესახებ 2006 წლის 28 ივლისის N145-ე დადგენილების მე-10 მუხლის მეორე პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, მოპასუხე ვალდებული იყო დაუყოვნებლივ ეცნობებინა სააგენტოსათვის ოჯახის წევრთა შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებები (წევრის გარდაცვალება, დაბადება, ქორწინება, საზღვარგარეთ სამ თვეზე მეტი ვადით წასვლა და სხვ.);
6.4. საქართველოს მთავრობის სოციალური დახმარების შესახებ 2006 წლის 28 ივლისის N145-ე დადგენილების პირველი მუხლის თანახამად, ეს წესი ადგენს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ღატაკი ოჯახების სოციალური დახმარების ოდენობას, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების წესსა და ძირითად პრინციპებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების ადმინისტრირების კომპეტენტურ ორგანოსა და პროგრამის ფარგლებში სოციალური დახმარების გაცემის ძირითად პრინციპებს, ასევე რეინტეგრაციის შემწეობისა და შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობასა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა (შემდგომში – დევნილთა), ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების პროცედურებს. ამავე დადგენილების მეორე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ წესის მიზნებისათვის მიზნობრივი სოციალური დახმარება არის ფულადი სახის გასაცემელი (შემდგომში_ საარსებო შემწეობა), რომლის მიზანია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირება ან/და მისი პრევენცია.
6.5. საქართველოს მთავრობის სოციალური დახმარების შესახებ 2006 წლის 28 ივლისის N145-ე დადგენილების მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, საარსებო შემწეობის ადმინისტრირებისათვის სააგენტო უზრუნველყოფს: ა) საარსებო შემწეობის დანიშვნას, გაანგარიშებას, შეჩერებას, შეწყვეტას, განახლებას, აგრეთვე გაცემის ორგანიზაციას; ბ) საარსებო შემწეობის მიმღებთა აღრიცხვას; გ) სტატისტიკის წარმოებას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებიდან გამომდინარე, სააგენტო უფლებამოსილია, სისტემატურად შეამოწმოს საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი (ოჯახის გაერთიანების ან გაყოფის, ოჯახის წევრთა სოციალური სტატუსის, დასაქმების, რაოდენობის და/ან ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის სხვა არსებითი ცვლილებების გამოსავლენად); არსებული/გამოვლენილი ფაქტების გათვალისწინებით მიიღოს გადაწყვეტილება შემწეობის დანიშვნის, დანიშვნაზე უარის თქმის, შეჩერების, შეწყვეტის, ზედმეტად გაცემული შემწეობის დაქვითვის (უკან დაბრუნების) ან/და შემწეობის ოდენობის გადაანგარიშების შესახებ;
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ-----ა შ-----–იამ მ--------- შ-----–იას გარდაცვალების შემდეგ ზედმეტად მიიღო საარსებო შემწეობა ჯამში - 180 ლარის ოდენობით;
6.6. საქართველოს მთავრობის სოციალური დახმარების შესახებ 2006 წლის 28 ივლისის N145-ე დადგენილების მე-11 მუხლის მე-16 პუნქტის თანახმად, ზედმეტად დარიცხული საარსებო შემწეობის დაქვითვა (უკან დაბრუნება) შესაძლებელია სააგენტოს გადაწყვეტილებით ოჯახისათვის დანიშნული საარსებო შემწეობიდან.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის რაიონული განყოფილების 2017 წლის 28 ივნისის №04-06-08/1427 მ-----ა შ-----–იას ეცნობა ზედმეტად მიღებული თანხის ანაზღაურება, რაც მოპასუხის მიერ არ შესრულებულა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო განცხადება საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
განსახილველ შემთხვევაში მოცემული დავის საგანს წარმოადგენს სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრული სარჩელი რის გამოც მხარეები განთავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი :
სსასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მეორე, მე-12, მე-13-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე,364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის რაიონული განყოფილების სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხე მ-----ა შ-----–იას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს - 180 ლარის გადახდა;
3. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. N32) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ.სამტრედია, ძმები ნინუების ქ. N1).
მოსამართლე ნონა ზარქუა