გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 20.08.2019
საქმის ნომერი
180310519003087021
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
20.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N3/190-19 (180310519003087021)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

20 აგვისტო, 2019 წელი ქ. მცხეთა

 

შესავალი ნაწილი

 

მცხეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა

სხდომის მდივანი - ნინო ჯანხოთელი

 

მოსარჩელე - ლე------------–ი

წარმომადგენელი - მა------–------–--ე

 

მოპასუხე - დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

წარმომადგენელი - თამარ მირზიაშვილი

 

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 27 მარტის №2- საოქმო გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა;

 

1.2.საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 18 აპრილის №4-- განკარგულების ბათილად ცნობა;

 

1.3.დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის დავალება გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩ----–ი მდებარე, 9-- კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ლე------------–ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1.მოპასუხე მხარემ წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე არ ცნო სარჩელი და ითხოვა მოსარჩელეს უარი ეთქვას მოთხოვნის დაკამყოფილებაზე.

 

3.დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოება

 

3.1.1. 2018 წლის 20 ნოემბერს ლე------------–მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ითხოვა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩ----–ი მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ 72.52.0-.---) მომიჯნავედ მდებარე 9-- კვ.მ მიწის ნაკვეთის მის სახელზე დარეგისტრირება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებელი;

-განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია (ს.ფ. 65-87);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 20.08.2019 წლის სხდომის ოქმი).

 

3.1.2. 2018 წლის 20 ნოემბერს ლე------------–ის განცხადებით სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია გადაეგზავნა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებელი;

-განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია (ს.ფ. 65-87);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 20.08.2019 წლის სხდომის ოქმი).

 

3.2.დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1.დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში განიხილა შესული განცხადება თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, ამასთან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მიიღო 30.11.2018 წლის N6-------- მომსახურების ბარათი, რომლითაც დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული საარქივო მასალების, კერძოდ, დუშეთის რაიონის ბულაჩაურის მეცხოველეობის ს/მეურნეობის 1986 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით მოსარჩელის მიერ სარეგისტრაციოდ მითითებული 9-- კვ.მ. მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და აღნიშნული ინფორმაცია ნაკვეთის დანიშნულებისა და კატეგორიის შესახებ წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებულ საარქივო მასალებში დაცულ საბოლოო მონაცემს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებელი;

-სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ. 80);

-საკადასტრო აზომვითი ნახაზი (ს.ფ. 16);

-ორთოფოტოები (ს.ფ. 84-87);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 20.08.2019 წლის სხდომის ოქმი).

 

3.2.2. 2018 წლის 27 მარტს გაიმართა კომისიის სხდომა.

 

საქმის ზეპირი განხილვის შედეგად საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ განიხილა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მიღებული ინფორმაცია და 2019 წლის 27 მარტს მიიღო ჯერ №2- საოქმო გადაწყვეტილება ლე------------–ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო შემდგომ 2019 წლის 18 აპრილს იმავე შინაარსის მქონე №4-- განკარგულება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის (თანასწორობის) პრინციპის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ ვერ უზრუნველყო სარჩელის სათანადო გარემოებებითა და მტკიცებულებებით დასაბუთება. აღსანიშნავია, რომ ლე------------–ის მიერ ვერ იქნა დადასტურებული, თუ რატომ ეწინააღმდეგება კანონს გასაჩივრებული გადაწყვეტილებები და ისინი რა ზიანს აყენებს მას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-შესაგებელი;

-საოქმო გადაწყვეტილება (ს.ფ. 89);

-განკარგულება (ს.ფ. 94);

-მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმის ჩვენება (იხ. 20.08.2019 წლის სხდომის ოქმი).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების, მოწმეთა ჩვენებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5.კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

6.სამართლებრივი შეფასება

 

6.1.სასამართლო უპირველეს ყოვლისა მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით, ხოლო 23-ე მუხლის პირველი ნაწილით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

ვინაიდან, მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილებები ერთობლიობაში წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამის ნორმებთან, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2.სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების კანონისმიერი პირობა რეგლამენტირებულია საქართველოს კანონმდებლობით, ესენია: ა) გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა ეწინააღმდეგებოდეს კანონს და ბ) ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს უნდა აყენებდეს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავდნენ მის უფლებას. ერთ-ერთი ამ პირობის არარსებობისას წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილება გამოირიცხება.

 

აღნიშნული პირობების კონკრეტული გამოვლინებაა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლი, რომლითაც აღძრული სარჩელის საფუძველზე მოსარჩელეს შეუძლია მიაღწიოს იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას ან ძალადაკარგულად გამოცხადებას, რომელიც პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას და შესაბამისად, სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მხოლოდ იმ პირის ან პირების მიერ, რომელსაც ფაქტების მეშვეობით შეუძლია დაამტკიცოს, რომ მისი უფლებები და კანონიერი ინტერესები დარღვეული იქნა სადავო აქტით. სასამართლო მიუთითებს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის დარღვევის არსებობა-არარსებობის საკითხის დადგენის მნიშვნელობაზე. კერძოდ, კანონიერი უფლების ან ინტერესის არსებობა გულისხმობს როგორც კანონით, ისე კანონქვემდებარე აქტით დაცულ უფლებებს და ინტერესებს, ანუ მხოლოდ მხარის რეალურ, ფაქტობრივ უფლებასა თუ ინტერესს და გამორიცხავს მორალურ ან თეორიულ საკითხებს. ასევე სახეზე უნდა იყოს პირდაპირი და უშუალო (ინდივიდუალური) ზიანის მიყენების ფაქტი სამართლებრივად დაცულ უფლებებსა და ინტერესებზე.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარემ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ჩ----–ი მდებარე 9-- კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის გამომხატველი განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომლიდანაც ლე------------–ის განცხადება თანდართულ დოკუმენტებთან ერთად გადაგზავნილ იქნა აღიარების კომისიაში.

 

აღსანიშნავია, რომ საკუთრების უფლების აღიარების შესახებ განცხადებით განსაზღვრული საკითხის განხილვისას კომისია ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, მაგალითად, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონით, რომლის ძირითადი მიზანია თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწების საქართველოს მოქალაქეთა კერძო საკუთრებაში გადაცემა (პრივატიზება) - მათ მიერ საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და ამით მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა, თუმცა ამისათვის აუცილებელია სათანადო წინაპირობების არსებობა. მაგალითად, მითითებული კანონის მე-2 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტში ვკითხულობთ, რომ თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე (27.07.2007 წლამდე) ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე.

 

ყურადსაღებია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მნიშვნელოვანი განმარტება ხსენებული კანონის შესახებ, კერძოდ, საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ განჩინებაში აღნიშნა, რომ ,,მფლობელობა არის ფაქტი და იმის მიხედვით, რა სამართლებრივ საფუძველს ემყარება მფლობელობა ერთმანეთისაგან გამიჯნავენ არამართლზომიერ და მართლზომიერ მფლობელობას. მართლზომიერ მფლობელად ითვლება ყველა პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას, მაშინ, როდესაც არამართლზომიერი მფლობელობის დროს ნივთზე ბატონობა ხორციელდება სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ორივე შემთხვევაში სავალდებულოა, რომ პირი დაუფლებული იყოს ნივთს და ახორციელებდეს მასზე ფაქტობრივ ბატონობას’’.

აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ლ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწა - სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებული მიწის ნაკვეთი, მათ შორის, ის მიწის ნაკვეთი, რომელზე განთავსებული სახელმწიფო ქონებაც „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არ ექვემდებარება პრივატიზებას. მაშასადამე, კანონი განსაზღვრავს იმ მიწის ნაკვეთების ჩამონათვალს, რომელთა თვითნებურად დაკავება დაუშვებელია.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიები არის საძოვარი, სათიბი, სახნავი (მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამო მიწის ნაკვეთი.

 

აღნიშნული კატეგორიებიდან ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ძ.ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, პრივატიზებას არ ექვემდებარება სახელმწიფო ქონება - საძოვარი, გარდა 2005 წლის 30 ივლისამდე იჯარით გაცემული საძოვრებისა და საძოვრებისა, რომლებიც დადგენილი წესით შესაბამისი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს მიერ გაცემული აქტით დამაგრებულია მათზე მდებარე, ფიზიკური ან/და იურიდიული პირების კერძო საკუთრებაში არსებულ ან/და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობა - ნაგებობებზე.

 

ნიშანდობლივია, რომ მოპასუხემ, საკუთრების აღიარების კომისიამ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსაგან მიიღო ინფორმაცია 9-- კვ.მ. მიწის ნაკვეთის შესახებ 30.11.2018 წლის მოხსენებითი ბარათის სახით, რომლითაც დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული საარქივო მასალების, კერძოდ, დუშეთის რაიონის ბულაჩაურის მეცხოველეობის ს/მეურნეობის 1986 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით მოსარჩელის მიერ სარეგისტრაციოდ მითითებული 9-- კვ.მ. მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და აღნიშნული ინფორმაცია ნაკვეთის დანიშნულებისა და კატეგორიის შესახებ, წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებულ საარქივო მასალებში დაცულ საბოლოო მონაცემს, რაც ნიშნავს იმას, რომ მიწის ნაკვეთის კატეგორია დღემდე შეცვლილი არ არის. აღსანიშნავია, რომ მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლას ახორციელებს სათანადო უფლებამოსილი ორგანო - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომლის გადაწყვეტილება საქმეში წარმოდგენილი არ არის. აღნიშნულ ფაქტს აღიარებს თავად მოსარჩელე მხარეც.

 

ყურადსაღებია ასევე, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული საგენტოს მოხსენებითი ბარათი არ არის ერთადერთი წერილობითი მტკიცებულება, რაც მიუთითებს მიწის ნაკვეთის საძოვრის კატეგორიად მიჩნევის თაობაზე, აღნიშნულის დასტურია საქმეში არსებული ორთოფოტოები, რომლითაც სადავო 9-- კვ.მ. არ იკვეთება ვინმეს მხრიდან სარგებლობის (მაგალითად, დამუშავების) ფაქტი (ს.ფ. 84-87).

 

მართალია მოსარჩელემ წარმოადგინა ფოტო-სურათები, რომლითაც ირკვევა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი დღეის მდგომარეობით შემოკავებულია, თუმცა მოსარჩელე მხარის განმარტებით, მიწის ნაკვეთზე შემოკავება გაკეთდა 2-3 წლის წინ (იხ. დრო 06:17:15), რაც არ იძლევა დაინტერესებული პირის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტის შემადგენლობას.

 

რაც შეეხება მოწმეთა ჩვენებებს, უნდა აღინიშნოს, რომ მათ სასამართლოსათვის არ მიუთითებიათ იმ გარემოების შესახებ, რომ ლე------------–ი დაეუფლა 9-- კვ.მ. მიწის ნაკვეთს 27.07.2007 წლამდე ანუ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, რაც როგორც ზემოთ აღინიშნა, კანონის თანახმად, თვითნებურად დაკავების საფუძვლით დაინტერესებული პირისათვის მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის ერთ-ერთი სავალდებულო მოთხოვნაა.

 

6.3.საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს არ მიუთითებია, თუ სადავო აქტების მიღების დროს კანონით დადგენილი, რომელი მოთხოვნა დაირღვა მოპასუხის მიერ. მართალია მოსარჩელე აპელირებს, რომ იგი მოპასუხეს არ მიუწვევია ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, თუმცა ეს გარემოება გავლენას ვერ იქონიებდა მოპასუხის მიერ სადავო აქტებით დამდგარ შედეგზე წინამდებარე გადაწყვეტილების 6.2. პუნქტში მითითებული საკუთრების უფლების მოპოვების გამომრიცხველი გარემოებების გამო.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის შესაბამისად მხარეები თვითონ არიან ვალდებულნი წარუდგინონ მტკიცებულებები სასამართლოს.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან.

 

7.საპროცესო ხარჯები

 

7.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-13, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1.ლე------------–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2.სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი, დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

 

3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი N7ა) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარების დღიდან, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. მცხეთა, სამხედროს N17).

 

მოსამართლე: მანუჩარ ცაცუა