განაჩენი

სისხლის სამართლის 06.11.2019
საქმის ნომერი
190100119003132812
თარიღი
06.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N1-635-19

( N012080719001)

რუსთავის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

06 ნოემბერი, 2019 წელი ქ. რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე მამია ფხაკაძემ

ქეთი ინასარიძეს მდივნობით,პროკურორ - ანი ხუბეჯასვილის;

ბრალდებულ - გიორგი აბრამიშვილის;

ადვოკატ - დავით სანაძის;

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ:

 

გიორგი ტარიელის ძე აბრამიშვილის - (დაბადებული 1983 წლის 04 სექტემბერს, პირადი ნომერი 35001045640, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლებით, განქორწინებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული მისამართზე: გარდაბნის რაიონის სოფელი ახალი სამგორი და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე - ქ. რუსთავი, ტაშკენტის ქუჩა N5/133) მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. ქმედების კვალიფიკაცია პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით:

 

2019 წლის 8 ივლისს, ღამის საათებში, ქ. რუსთავი, ტაშკენტის ქუჩა N5/133-ში არსებულ საცხოვრებელ სახლში, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა მეუღლეებმა ნონა აბრამიშვილმა და გიორგი აბრამიშვილმა იკამათეს, რა დროსაც გიორგი აბრამიშვილმა ნონა აბრამიშვილს სახის არეში დაარტყა ხელი, რის შედეგადაც ნონა აბრამიშვილმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

აღნიშნული ქმედებისთვის გიორგი აბრამიშვილს ბრალი წარედგინა დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

2.სასამართლომ დაადგინა:

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გიორგი აბრამიშვილის ბრალეულობას, ბრალად შერაცხულ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში.

 

3. დანაშაულებრივი ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის, ფორმა N1-ს მიხედვით: სისხლის სამართლის № 012080719001 საქმეზე გამოძიება დაიწყო 2019 წლის 07 ივლისს, დანაშაულის ნიშნებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, ბარათი შედგენილია გამომძიებელ გიზო შალვაშვილის მიერ. ბარათის მიხედვით, ქ. რუსთავში, ტაშკენტის ქუჩა N5/133-ში ყოფილმა მეუღლეებმა ნონა აბრამიშვილმა და გიორგი აბრამიშვილმა ერთმანეთს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, რაზეც გამოიცა შემაკავებელი ორდერი . (ტ1. ს.ფ. 1)

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა N1773452 შეტყობინება, რომლის მიხედვით ქ. რუსთავში, ტაშკენტის ქუჩა N5/133-ში მცხოვრებმა აბრამიშვილმა ნონამ, რომლის მობილური ტელეფონის ნომერია 574004683, განაცხადა, რომ მასზე მეუღლე ძალადობს, სავარაუდოდ ხელი აქვს მოტეხილი (ტ1. ს.ფ. 2).

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა N1773490 შეტყობინება, რომლის მიხედვით ქ. რუსთავში, ტაშკენტის ქუჩა N5/133-ში ყოფილმა მეუღლეებმა ნონა აბრამიშვილმა და გიორგი აბრამიშვილმა ერთმანეთს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, რაზეც გამოიცა შემაკავებელი ორდერი

(ტ1. ს.ფ. 3).

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი გიზო შალვაშვილი, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 08 ივლის რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში, მიიღეს შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტზე, რომლის მიხედვითაც ნონა აბრამიშვილს მეუღლე გიორგი აბრამიშვილი აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მოწმეს (გიზო შალვაშვილმა) გამოკითხული ჰყავს დაზარალებული ნონა აბრამიშვილი, რომელმაც განმარტა, რომ მეუღლემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. მოწმის განმარტებით, ნონა აბრამიშვილს სახის არეში აღენიშნებოდა დაზიანება, დაზარალებულმა თავადაც განმარტა, რომ ჰქონდა დაზიანებები, თუმცა სამედიცინო შემოწმებაზე უარი განაცხადა, ასევე უარი განაცხადა სამედიცინო შემოწმების შეთავაზების ოქმზე ხელის მოწერაზე. ადგილზე გამოძახებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რომელმაც გაუწია დახმარება ნონა აბრამიშვილს. ამის შემდეგ დააკავეს გიორგი აბრამიშვილი. გიზო შალვაშვილმა გააცნო სამედიცინო დახმარების შეთავაზების ოქმი რაზეც გიორგი აბრამიშვილმა უარი განაცხადა, ბრალდებულს გარეგნულად დაზიანებები არ აღენიშნებოდა. 2019 წლის 09 ივლისს მოწმემ (გიზო შალვაშვილმა) ბრალდებულს გააცნო ბრალდებულად ცნობის დადგენილება და გამოკითხა როგორც მოწმე. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ ნონა აბრამიშვილი სიმთვრალეზე არ შეუმოწმებიათ, ვინაიდან გარეგნულად ნასვამ მდგომარეობაში ყოფნა არ ეტყობოდა. (ტ.2 ს.ფ.116-118)

 

სასამართლოში სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი ზაზა კვაშილავა, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 08 ივლისს ღამის საათებში ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც მიიღო შეტყობინება, ოჯახური ძალადობის ფაქტზე, რომლის მიხედვითაც, ქალაქ რუსთავში ტაშკენტის N5/N133-ში, გიორგი აბრამიშვილმა მიყენა ფიზიკური შეურაცხყოფა ნონა აბრამიშვილს. ასევე ინფორმაციაში მითითებული იყო, რომ ნონა აბრამიშვილს მოტეხილი ჰქონდა ხელი. რაზეც დაიწყო გამოძიება. აღნიშნული საქმის ირგვლივ გიზო შალვაშვილმა შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში, მოწმის სახით გამოკითხა ნონა აბრამიშვილი, რომელმაც განმარტა, რომ მეუღლემ გიორგი აბრამიშვილმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, მასზე იძალადა, ააფარა პირზე ხელი და ასევე ატკინა ხელი. თავდაპირველად ეგონა, რომ ნონა აბრამიშვილს ხელი ჰქონდა მოტეხილი, თუმცა შემდეგ აღმოჩნდა, რომ არ ჰქონია ხელი მოტეხილი. მოწმის განმარტებით, მისი სამუშაო მაგიდა, გიზო შალვაშვილის მაგიდისგან დაშორებულია დაახლოებით, 08-09 მეტრით, შესაბამისად მას შეეძლო გაეგო ნონო აბრამიშვილის საუბარი, რადგან ნონა აბრამიშვილი იყო ეიფორიაში, ტიროდა და საუბრობდა ხმამაღლა. ნონა აბრამიშვილი ალკოტესტზე არ შეუმოწმებიათ. მოწმის განმარტებით მის მიერ მოხდა გიორგი აბრამიშვილის ბრალდებულის სახით დაკავება იმავე საცხოვრებელი ბინის ( ქალაქ რუსთავში ტაშკენტის N5/N133), სადარბაზოს კიბის უჯრედზე, დაკავებისას მის მიერ მოხდა ბრალდებულისთვის დაკავების საფუძვლების და უფლებების გაცნობა. მის მიერ მოხდა ბრალდებულის დაკავების ფაქტობრივ ადგილზე ოქმის შედგენა , ბრალდებულის დაკავების შემდეგ მოხდა მისი პოლიციის განყოფილებაში გადაყვანა, სადაც გადასცეს მისი დაკავების ოქმის ასლი. მოწმის განმარტებით გამომძიებელ გიზო შალვაშვილმა ბრალდებულს შესთავაზა სამედიცინო შემოწმება, ხოლო მან დაკავების შესახებ ბრალდებულის დასზე გააკეთა შეტყობინება, რაზეც შეადგინა ოქმი. ზაზა კვაშილავამ, ასე გამოიკითხა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი გიორგი ვენეცკი. მოწმემ მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერება დაადასტურა (ტ.2 ს.ფ.118-121).

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, ექსპერტი ირაკლი წვერავა, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის ივლისის თვეში მიიღო შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტზე, რასთან დაკავშირებითაც მის მეწყვილესთან ექსპერტ ალექსი ქუქჩიშვილთან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე, ქალაქ რუსთავში, 21-ე მიკრორაიონის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში. საცხოვრებელ სახლში დახვდათ ქალბატონი და გამომძიებელი დავით ფოფხაძე. მოწმის განმარტებით, საცხოვრებელი ბინა იყო ერთ ოთახიანი. შესასვლელი ოთახიდან, ხელმარჯვნივ იყო ერთი საერთო ოთახი, პირდაპირ სააბაზანო, შემდეგ პატარა კორიდორი, რომლის მარცხენა მხარეს იყო სამზარეულო. მოწმის განმარტებით საგამოძიებო მოქმედების დროს ათვალიერებდნენ იყო თუ არა დაზიანებული რაიმე ნივთი. მოწმემ განმარტებით, შემთხვევის ადგილიდან არ ამოუღიათ არც ერთი ნივთი. მოწმემ ასევე განმარტა, რომ შემთხვევის დათვალიერების ოქმი შედგენილ იქნა გამომძიებლის მიერ, რასაც გაეცნო და მოაწერა ხელი. (ტ.2 ს.ფ.66-72)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, ქვემო ქართლის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი ინსპექტორი მიხეილ ნერსესოვი, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 07-08 ივლის ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც მიიღო შეტყობინება ქალაქ რუსთავში მესხიშვილის ქუჩაზე განხორციელებულ ოჯახური ძალადობის ფაქტზე. შემთხვევის ადგილზე მისულს ადგილზე დახვდათ გიორგი აბრამიშვილი, ნონა აბრამიშვილი და მათი მცირეწლოვანი ვაჟი. ორივე პირი (გიორგი აბრამიშვილი და ნონა აბრამიშვილი) გაღიზიანებული იყო და გამოხატავდნენ აგრესიას ერთმანეთის მიმართ. მოწმის განმარტებით მათი თანდასწრებით, ძალადობრივ ქმედებას ადგილი არ ქონია. მათ მხარეები დააცალკევეს, მისმა მეწყვილემ გიორგი აბრამიშვილი გაიყვანა სამზარეულოში, ხოლო მისაღებ ოთახში თავად გაესაუბრა ნონა აბრამიშვილს. გასაუბრებისას ნონა აბრამიშვილმა განმარტა, რომ მეუღლესთან მოუვიდა კონფლიქტი, რა დროსაც მას მეუღლემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, დაარტყა ხელი რამდეჯერმე. ნონა აბრამიშვილს ზედაპირულად ეტყობოდა გარკვეული დაზიანებების კვალი. მოწმის განმარტებით შეთხვევის ადგილზე იყო სამედიცინო დახმარების სამსახურიც, რომელმაც ნონა აბრამიშვილს გაუწია პირველადი დახმარება. ნონა აბრამიშვილი იყო აღელვებული, მას დაალევინეს დამამშვიდებელი მედიკამენტები. გიორგი აბრამიშვილისთვის სასწრაფო დახმარების ექიმებს სამედიცინო დახმარება არ გაუწევიათ. მოწმის განმარტებით მათ მიერ შემთხვევის ადგილზე შეივსო შემაკავებელი ორდერის კითხვარი, რის საფუძველზეც გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რაც გააცნო გიორგი აბრამიშვილს. მცირე დროის შემდეგ მივიდა კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები. მოწმის განმარტებით, შემთხვევის ადგილზე მათი მხრიდან არ არსებობდა პირის დაკავების საფუძვლები, რადგან უშუალოდ ძალადობის ფაქტს ისინი არ შესწრებიან, ორივე კონფლიქტის მონაწილე პირი იყო უბრალოდ აღელვებული. საცხოვრებელი სახლში იმყოფებოდა, ნონა აბრამიშვილის და გიორგი აბრამიშვილის ბავშვი, რომელიც იყო მშვიდად, სანამ შეავსეს შემაკავებელი ორდერი დაეძინა. (ტ.02 ს.ფ.72-79)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი, ლია რუხაია, რომელმაც განმარტა, რომ აღნიშნული საქმის ფარგლებში, გამოკითხული ჰყავს, სასწრაფო დახმარების მედდა, მას სხვა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია (ტ.02 ს.ფ.86-88)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექთანი ნანა მურჯიკნელი, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 08 ივლისს, გამოიძახეს ქ. რუსთავში, გამოძახებაზე გავიდა თავის თანამშრომელ გიორგი ვენეცკისთან ერთად. ადგილზე დახვდათ ცოლ-ქმარი, რომელთაც ერთმანეთთან მოუვიდათ კონფლიქტი. ნონა აბრამიშვილი იყო აფორიაქებული, უჩიოდა თავის ტკივილს და ითხოვდა გამაყუჩებელს. მოწმის განმარტებით მათ ნონა აბარამიშვილს დაალევინეს გამაყუჩებელი, გიორგი აბრამიშვილისთვის კი, სამედიცინო დახმარება არ გაუწევიათ. გიორგი ვენეცკიმ შეადგინა სამედიცინო ბარათი. მოწმის განმარტებით შემთხვევის ადგილზე მისული იყო ასევე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟიც. მოწმემ განმარტა, რომ სახლში იყო ერთი ბავშვი, იჯდა საწოლზე დედასთან ერთად. მოწმის განმარტებით ნონა აბრამიშვილი სიმთვრალეზე არ შეუმოწმებიათ. (ტ.2 ს.ფ.95-100)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი გიორგი ვენეცკი, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 08 ივლისს, მიიღო შეტყობინება, ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით. რასთან დაკავშირებითაც ნანა მურჯიკნელთან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდათ ცოლ-ქმარი. ქალბატონის განმარტებით, მას მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მოწმის განმარტებით ქალბატონი ნონა აბრამიშვილი უჩიოდა სხვადსხვა სახის ჩივილებს, რაზეც გაეწია დახმარება მედიკამენტებით. ასევე მას შესთავაზეს ჰოსპიტალში გადაყვანა, რაზეც ნონა აბრამისვილმა უარი განაცხადა. სასამართლო სხდომაზე პროკურორის მიერ გამოქვეყნდა სამედიცინო ბარათი, რომლის მიხედვითაც ,,პაციენტის გადმოცემით, ყოფილმა მეუღლემ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, აღნიშნა, რომ დაარტყა თავის, ზედა კიდურების და მხრის მიდამოში, აღენიშნება ტკივილი, აღენიშნება ფორიაქი, ობიექტურად აღენიშნება ექსკორაციები, სისხლნაჟღენთები სხვადასხვა მიდამოში, მაჯვენა მუხლზე, მარცხენა მხარზე, მარჯვენა იდაყვის მიდამოში ტკივილი. დამამშვიდებლად მიეცა მედიკამენტი ,,კორსიზი“ და ,,ანალგინი“.

 

მოწმემ განმარტა, რომ სამედიცინო დოკუმენტი რომელიც გამოქვეყნდა პროკურორის მიერ მისი შედგენილია და დაადასტურა მისი ნამდვილობა, ასევე აღნიშნა, რომ ქალბატონს არ აღენიშნებოდა სისხლდენა. მოწმემ განმარტა, რომ იმ შემთხვევაში თუ კი ქალბატონი იქნებოდა ნასვამ მდგომარეობაში, აუცილებლად მიუთითებდნენ სამედიცინო ბარათში. დახმარება არ გაუწევიათ გიორგი აბრამიშვილისთვის.

 

მოწმემ დამატებით განმარტა, რომ ბარათის შედგენისას უთითებენ დაზიანებებს, რომლებიც გარეგნულად ჩანს. მაგალითად თუ არის სილურჯე ან სიწითლე უთითებენ სამედიცინო ბარათში. საცხოვრებელ სახლში, იმყოფებოდნენ მისაღებ ოთახში, სადაც იყო მაგიდა და საწოლი. მოწმემ განმარტა, რომ მედდა ეხმარება სამედიცინო დახმარების გაწევაში, აძლევს მედიკამენტებს და ა.შ. ხოლო სამედიცინო ბართს ავსებს ექიმი. (ტ.02 ს.ფ.100-105)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ექსპერტი, ბესიკი მანჯგალაძე, რომელმაც დაადასტურა მის მიერ 2019 წლის 01 სექტემბერს გაცემული ექსპერტიზის N006098219 დასკვნის სისწორე, რომლის მიხედვითაც: 1,2,3 ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით მოქ. ნონა აბრამიშვილს 08.07.19წ. დაუდგინდა: ექსკორაციები და სისხლნაჟღენთები მარჯვენა მუხლზე და მარცხენა მხარზე, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად; დაზიანების ხანდაზმულობა მისი მორფოლოგიური აღწერილობის არ არსებობის გამო ვერ დადგინდა (ტ.2 ს.ფ.61-64).

 

ბესიკი მანჯგალაძემ განმარტა, რომ ამ შემთხვევაში კვლევა მოხდა მხოლოდ სამედიცინო ბარათით. ბარათში აღნიშნული იყო მხოლოდ ჩივილები და დაზიანებები. (ტ.2 ს.ფ. 94-95)

 

N010077 შემაკავებელი ორდერის მიხედვით - ორდერი შედგენილია პატრულ-ინსპექტორ მიხეილ ნერსესოვის მიერ, 2019 წლის 08 ივლისს, 02:40 საათზე. შემაკავებელი ორდერი გაცემულია 30 (ოცდაათი) დღის ვადით მოძალადე გიორგი აბრამიშვილის (პ/ნ 35001045640) მიმართ. მსხვერპლს წარმოადგენს ნონა აბრამიშვილი (პ/ნ 24001045669). ორდერის თანახმად გიორგი აბრამიშვილმა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა ნონა აბრამიშვილს, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით. მოძალადეს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს; აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება; მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით. მსხვერპლი, მასზე დამოკიდებული პირები განრიდებულნი იქნენ მოძალადისგან. ოქმს თან ერთვის მსხვერპლის და პატრულ-ინსპექტორის ხელმოწერა.

(ტ.1. ს.ფ.101-107)

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სამედიცინო ბარათი N800-ის მიხედვით, სამედიცინო ბარათი შედგენილია 2019 წლის 08 ივლისს. პაციენტის - ნონა აბრამიშვილის (პ/ნ 24001045669) განმარტებით ყოფილმა მეუღლემ მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაარტყა თავის, ზედა კიდურის და მხრების მიდამოში. პაციენტი უჩივის ტკივილს. აღენიშნება მაცერაცეები, ექსკორაციები, სისხლნაჟღენთები სხეულის სხვადსხვა მიდამოში. (მუხლზე, მარცხენა მხარზე, მარჯვენა იდაყვის სახსარში ტკივილი). სამედიცინო ბართს ხელს აწერს პაციენტი, ექიმი - გ. ვენეცკი და ექთანი - ნ. მურჯიკნელი. (ტ.1 ს.ფ.94)

 

ბრალდებულ გიორგი აბრამიშვილის დაკავების ოქმის მიხედვით - ოქმის შედგენა დაიწყო 2019 წლის 08 ივლისის 05:32 საათზე და დამთავრდა 2019 წლის 08 ივლისის 05:58 საათზე, ოქმის შემდგენია შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი ზაზა კვაშილავა. ბრალდებულის დაკავება მოხდა ქ.რუსთავში, ტაშკენტის ქუჩა N5/133-ის შესასვლელთან სადარბაზოს კიბის უჯრედზე 2019 წლის 08 ივლისს 05:30 საათზე. ოქმი შედგენილ იქნა ბრალდებულ გიორგი აბრამიშვილის ფაქტობრივი დაკავების ადგილას.

 

ბრალდებულს დაკავებისას ვიზუალური დათვალიერებით მარცხენა ხელის მარჯვენა მხარეს ნეკნების მიდამოში და ყელზე მარჯვენა მხარეს აღენიშნებოდა ექსკორაციები განაკაწრების სახით, რაც 2019 წლის 08 ივლისს ღამის საათებში მიაყენა მისმა მეუღლემ ნონა აბრამიშვილმა. გიორგი აბრამიშვილი დაკავებულ იქნა სასამართლოს განჩინების გარეშე, ვინაიდან არსებობდა საფრთხე მისი მიმალვის. დაკავებისას ბრალდებულს გაეცნო უფლებები. ბრალდებულის დაკავებაში მონაწილეობას ღებულობდა ასევე უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ლევან წაქაძე. ოქმს ხელს აწერს ყველა მონაწილე და რაიმე სახის შენიშვნა არ არის დაფიქსირებული (ტ.1. ს.ფ.10-15).

 

2019 წლის 08 ივლისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით - ოქმი შედგენილია შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებლის დავით ფოფხაძის მიერ. საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ადგილია ქ. რუსთავი, ტაშკენტის ქუჩა N5/133. საგამოძიებო მოქმედების დაწყების დროა 2019 წლის 08 ივლისის 06:00 საათი და დამთავრების დროა 2019 წლის 08 ივლისის 06:25 საათი. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობდნენ: მოწმე - ნონა აბრამიშვილი, ექსპერტები ალექსი ქუქჩიშვილი და ირაკლი წვერავა. ოქმის მიხედვით საგამოძიებო მოქმედების დროს გამოყენებულია ,,ნიკონის“ ფირმის ფოტოაპარატი, რომლითაც გადაღებულ იქნა შემთხვევის ადგილის ფოტოსურათები. შემთხვევის ადგილი დათვალიერებულია მესაკუთრის/მფლობელის (ნონა აბრამიშვილის) წერილობითი თანხმობით. დათვალიერება მიმდინარეობდა მშვიდ და წყნარ გარემოში, შერეული განათების პირობებში, ნებაყოფლობით, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე. დათვალიერების შედეგად არაფერი ამოღებული არ ყოფილა. ოქმს ხელს აწერს ყველა მონაწილე და რაიმე სახის შენიშვნა არ დაფიქსირებულა. (ტ.1.ს.ფ.27-36)

 

დაზარალებულ ნონა აბრამიშვილის 2019 წლის 08 ივლისის ნოტარიულად დამოწმებული განცხადების მიხედვით - ნონა აბრამიშვილს (დაბ.13.01.1992 წელს, პ/ნ N24001045669) გიორგი აბრამიშვილის (დაბ.1983 წლის 04 სექტემბერს, პ/ნ N35001045640) მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნია და არც მომავალში ექნება. აქვე ითხოვს გიორგი აბრამიშვილის მიმართ კანონით დადგენილი შეღევათების გამოყენებას, რასაც ადასტურებს ხელმოწერით. (ტ.1.ს.ფ.37-38)

 

სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ნონა აბრამიშვილმა ისარგებლა მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მისი ოჯახის წევრის (მეუღლის) გიორგი აბრამიშვილის დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე. ( ტ.2. - ს.ფ. 38-39)

 

დაზარალებულ ნონა აბრამიშვილის სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიუცემლობის სამართლებრივ შედეგებზე მსჯელობისას საყურადღებოა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილი, რომლის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ, ამდენად სასამართლო მიიჩნევს, რომ დაზარალებულის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია, რომელიც დაცვის მხარის მიერ სადაოდ იქნა მიჩნეული საქმის წინასასამართლო სხდომაზე ვერ იქნება საქმეზე მტკიცებულებითი ძალის მქონე ინფორმაცია, რასაც შესაძლოა დაეყრდნოს სასამართლო პირის დამნაშავედ ცნობის საკითხის გადაწყვეტისას.

 

ბრალდებულმა გიორგი აბრამიშვილმა წარდგენილ ბრალდებაში არ სცნო თავი დამნაშავედ და ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლებით.

 

სასამართლო სხდომაზე სხვა მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა. შესაბამისად საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების შეფასება და გაანალიზება სასამართლომ მოახდინა ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის, სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლი ითვალისწინებს ძალადობის არა ყველა ამ შემთხვევას, არამედ მხოლოდ ფიზიკურს. განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ უნდა გავიგოთ როგორც ცემა, სხვაგვარი ძალადობა, სისტემატური ცემა და სხვა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება.

 

საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ სასამართლოში დაკითხული მოწმეების გიზო შალვაშვილის, ზაზა კვაშილავას, გიორგი ვერნეცკის, ნანა მურჯიკნელლის, ლი რუხაიას, მიხეილ ნერსესოვის, ირაკლი წვერავას ჩვენებები - გიორგი აბრამიშვილის მიმართ შერაცხულ ბრალდებასთან მიმართებაში არის ირიბი ჩვენებები, ვინაიდან არცერთი მათგანი არ არის უშუალოდ ძალადობის ან კონფლიქტის ფაქტის შემსწრე და მათი ჩვენებები გადმოსცემს, მხოლოდ დაზარალებულ ნონა აბრამიშვილისგან მიღებულ ინფორმაციას, რომელმაც სასამართლო პროცესზე ისარგებლა მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მისი ოჯახის წევრის (მეუღლის) გიორგი აბრამიშვილის დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე.

 

სასამართლოს შეფასებით, ირიბი ჩვენება სარწმუნოობის თვალსაზრისით უფრო დაბალი ხარისხით ხასიათდება და ნაკლები მტკიცებულებითი ძალა გააჩნია თავდაპირველ მტკიცებულებებთან შედარებით.

 

ირიბი ჩვენების მტკიცებულებით მნიშვნელობაზე მსჯელობისას საყურადღებოა სტრასბურგის სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული მინიმალური სტანდარტი. კერძოდ, იმისთვის, რომ ირიბი ჩვენების გამოყენებამ არ გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, შემდეგი ორი პირობა უნდა იქნეს დაცული: უნდა არსებობდეს მოწმის სასამართლოში არგამოცხადების მნიშვნელოვანი მიზეზი ან/და ირიბი ჩვენება არ უნდა წარმოადგენდეს განაჩენის არსებით ან ერთადერთ საფუძველს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე “ Al-Khawaja and Tahery v. The United Kingdom “ , საჩივრები: N26766/05 და N22228/06 და გადაწყვეტილება საქმეზე „ Horncastle and Others v. The United Kingdom “ საჩივარი: N4184/1 0 )

 

ამავე მიმართებით საყურადღებოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22ივნისის N 1/1/548 გადაწყვეტილება, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მეორე ნაწილის დანაწესზე, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა მიჩნეული ამ ნორმის, ნორმატიული შინაარსი, რომლის თანახმადაც შესაძლებელი იქნებოდა ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა და მიიჩნია, რომ ირიბი ჩვენებები ვერ ქმნის აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც საკმარისია პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

 

განსახილველ საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას საყურადღებოა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით: გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მნიშვნელოვანია ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლთან (ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით) დაკავშირებული განმარტება, კერძოდ, ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, § 161).

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი გულისხმობს „მოთხოვნას, რომ საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს“. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 22/01/2015 წლის გადაწყვეტილება საქმეზე №548, II-7).

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დადგენილად მიიჩნევს, რომ საქმეზე არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დააკმაყოფილებდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, რომ ბრალდებულმა გიორგი აბრამიშვილმა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესეი იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი პირის ბრალდების შეახებ დადგენილების ბრალდების ფორმულირებისა და ბრალის აღწერილობით ნაწილში ბრალდების მხარის მიერ არ არის მითითება დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებაზე, კერძოდ, ბრალდებულ გიორგი აბრამიშვილის მიერ დანაშაულის ჩადენაზე ,,არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ “, ხოლო ბრალდების დადგენილების დანაშაულის კვალიფიკაციის ნაწილში მითითებულია ,, ე.ი. მან ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით“, ასევე სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული არც ერთი პირდაპირი მტკიცებულებით არ დადასტურებულა არ მარტო არასრულწლოვნის თანდასწრებით დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, არამედ ბრალდებულის მიერ ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, შესაბამისად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა არ არსებობს, რომელიც საკმარისი იქნებოდა გიორგი აბრამიშვილის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

4.სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა (სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში ) არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი. მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელსაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს (დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე), რომელიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მოცემულ შემთხვევაში, გიორგი აბრამიშვილის ბრალდების დამადასტურებელი არც ერთი პირდაპირ მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება, ყველა მტკიცებულება, რომლიც სასამართლო სხდომაზე იქნა გამოკვლეული, წარმოადგენს ირიბ მტკიცებულებას და მათ შორის არ იკვეთება შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა გიორგი აბრამიშვილის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რის გამოც გიორგი აბრამიშვილი წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 21-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 275-ე-277-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გიორგი აბრამიშვილი უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს;

 

2. ბრალდებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში;

 

3. განემარტოს გიორგი აბრამიშვილს, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე მამია ფხაკაძე