გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/159-2017
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
24.10.2019 წ. ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი თამარ კობაიძე
მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
წარმომადგენელი მერი კანთელაშვილი
მოპასუხე შპს ”კ-------–ი”
წარმომადგენელი დირექტორი კონსტანტინე ხაჟალია, გიორგი წაქაძე
დავის საგანი პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
შპს ”კ-------–ისათვის” 2303,30 ლარის დაკისრება;
სარჩელის გარემოებები:
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შპს კ-------–ს შორის 2016 წლის 13 ივნისს დაიდო სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ იკისრა ვალდებულება ხელშეკრულების დადებიდან 40 დღის ვადაში სამინისტროსათვის დაბა ვაზიანში მიეწოდებინა 5500 ცალი სპორტული შორტი. თითოეულის ღირებულებაა 10,738 ლარი, ხოლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულება 59 059 ლარი. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო საქონლის მიუწოდებლობის (მათ შორის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, უხარისხო, არასრული მოცულობით, საჭირო დოკუმენტაციის გარეშე) მისაწოდებელი საქონლის ღირებულების 0,15%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ სამუშაო დღეზე.
შპს კ-------–მა ჯეროვნად არ შეასრულა სახელშეკრულებო ვალდებულება. მან თავდაცვის სამინისტროს საქონელი დაგვიანებით მიაწოდა. პროდუქცია მიაწოდა 2016 წლის 29 აგვისტოს, რაზეც ხელშეკრულების შესაბამისად შედგა დროებით შენახვის აქტი. ვადის გადაცილება შეადგენს 26 სამუშაო დღეს, რა დროშიც დარიცხულია პირგასამტეხლო 2303,30 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
შპს კ-------–ი სარჩელს არ ცნობს შემდეგი გარემოებების გამო:
ხელშეკრულებით გათვალისწინებული მისაწოდებელი საქონლის საერთო რაოდენობა სხვადასხვა ზომებით, ხელშეკრულებაში და სატენდერო პირობებში მითითებული არ იყო კონკრეტული ზომის რამდენი შორტი უნდა მიეწოდებინა, რის გარეშეც ხელშეკრულებას ვერ ასრულებდა. ამ ინფორმაციის მოთხოვნით რამდენჯერმე წერილობით მიმართა თავდაცვის სამინისტროს 2016 წლის ივნისის ბოლოს, ხოლო სამინისტრომ კონკრეტული ზომის შარვლების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა 2016 წლის 4-5 ივლისს. მოპასუხის განმარტებით, იგი მცირე ბრუნვის მქონე ორგანიზაციაა და მუდმივი ოფისი არა აქვს. პირი, რომელმაც სამინისტროს წერილი ჩაიბარა მასთან არ მუშაობს, თავდაცვის სამინისტროს წერილი თავად ჩაიბარა სამინისტროში 2016 წლის 4-5 ივლისს. მოპასუხის განმარტებით, ორგანიზაციას მცირე შემოსავალი აქვს, რის გამოც მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 13 ივნისს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შპს ”კ-------–ს” შორის წერილობითი ფორმით დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომლის საგანია სამინისტროსათვის 5500 ცალი სპორტული შორტის მიწოდება, მიწოდების ადგილია დაბა ვაზიანი. ერთეულის ღირებულებაა 10,738 ლარი, ხოლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულებაა 59 059 ლარი. ხელშეკრულების 3.2. პუნქტის მიხედვით, საქონლის მახასიათებლები განისაზღვრება ხელშეკრულების N1 დანართით. ხელშეკრულების 8,1 პუნქტით საქონლის მიწოდების ადგილი და ვადა განისაზღვრება ხელშეკრულების N1 დანართით. N1 დანართში მითითებულია, რომ საქონლის მიწოდება უნდა მოხდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 40 კალენდარული დღის ვადაში. დანართში მითითებულია მისაწოდებელი საქონლის მახასიათებლები და ზომები, კერძოდ, შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი ზომებია 44, 46, 48, 50, 52, 54, 56, 58. ხელშეკრულებაში მითითებული არ არის, კონკრეტული ზომის რა რაოდენობის შორტი უნდა მიეწოდებინა მიმწოდებელს. ხელშეკრულების 16,4 მუხლით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო საქონლის მიუწოდებლობისათვის (მათ შორის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, უხარისხო არასრული მოცულობით, საჭირო დოკუმენტაციის გარეშე) მიუწოდებელი საქონლის ღირებულების 0,15%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ სამუშაო დღეზე.
სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება დადებულია სატენდერო წინადადების საფუძველზე, სადაც მითითებულია შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი შორტების მიწოდება კონკრეტული ზომებით, მოთხოვნილი ზომებია 44, 46, 48, 50, 52, 54, 56, 58, თუმცა არ არის მითითებული თითოეული ზომის კონკრეტული რაოდენობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 15-21. ტომი 1)
- სატენდერო წინადადების ასლი (ს.ფ. 80-88. ტომი 1)
3.1.2. შპს „კ-------–მა“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქცია მიაწოდა 2016 წლის 29 აგვისტოს, რის შესახებ მხარეების მიერ შედგენილია დროებითი შენახვის აქტი N112.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- მიღება-ჩაბარების აქტის ასლი (ს.ფ. 22. ტომი 1)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ შპს „კ-------–ის“ მოთხოვნით მოპასუხეს 2016 წლის 1 ივლისს აცნობა წერილობით მისაწოდებელი საქონლის ზომების კონკრეტული რაოდენობის შესახებ.
შპს კ-------–მა 2016 წლის 20 ივნისს წერილით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და მოითხოვა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ სისტემაში დროულად აიტვირთოს და მიეწოდოს მისაწოდებელი საქონლის ზომები, რათ თავიდან აიცილოს მიწოდების დაგვიანება.
2016 წლის 29 ივნისს შპს კ-------–მა წერილით მიმართ თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტს, სადაც მიუთითა, რომ მიუხედავად მრავალჯერადი მოთხოვნისა, ხელშეკრულების დადების დღიდან გასულია 16 დღე და პასუხისმგებელმა უწყებებმა კიდევ ვერ მოახერხდეს მისთვის გადაეცათ ხელშეკრულებით მისაწოდებელი საქონლის ზომები. ჩინეთიდან, მწარმოებელი ქარხნიდან მიიღეს გაფრთხილება, რომ თუ დროულად არ მიაწოდებდნენ, რიგს სამკერვალოში სხვას დაუთმობენ და შესაბამისად საქონელს მიიღებენ შეთანხმებულზე გვიან. ამის შესახებ ტელეფონით შეატყობინეს შესყიდვების დეპარტამენტს. ვადებში მათი გათვლით ზუსტად ეტეოდნენ და არ ჰქონდათ არცერთი ზედმეტი დღე, ხოლო მათ სჭირდებოდათ 10 დღე დამზადებისა და 30 დღე ტრანსპორტირებისათვის. წერილით მოთხოვნილია კონკრეტული ზომების რაოდენობის დროულად მიწოდება, ხოლო ინფორმაციის მიწოდების დაგვიანების შემთხვევაში საქონლის მიწოდების დაგვიანება ჩაეთვალოს საპატიოდ და არ მოხდეს კომპანიის დაჯარიმება.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილია სამინისტროს მიერ გაგზავნილი 2016 წლის 29 ივნისის წერილის ასლი, რომლითაც სამინისტრომ შპს კ-------–ს აცნობა 2016 წლის 13 ივნისს დადებული N382 ხელშეკრულებით მისაწოდებელი საქონლის ზომების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია. კერძოდ,ზომა 44 - რაოდენობა 7%, 385 ცალი
ზომა 46 - რაოდენობა 9%, 495 ცალი
ზომა 48 - რაოდენობა 20%, 1100 ცალი
ზომა 50 - რაოდენობა 25%, 1375 ცალი
ზომა 52 - რაოდენობა 18%, 990 ცალი
ზომა 54 - რაოდენობა 13%, 715 ცალი
ზომა 56 - რაოდენობა 4%, 220 ცალი
ზომა 58 - რაოდენობა 4%, 220 ცალი
მოსარჩელის განმარტებით, მან ეს წერილი ფოსტით გაუგზავნა მოპასუხეს ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე, სადაც კორესპონდენცია 2016 წლის 1 ივლისს ჩაიბარა ნ. ონიანმა.
მოპასუხე არ ეთანხმება 2016 წლის 1 ივლისს წერილის ჩაბარების გარემოებას, რადგან მისი განმარტებით ნ. ლიპარტელიანი მასთან დასაქმებული პირი არ არის და ეს პირი უფლებამოსილი არ იყო ჩაებარებინა შპს კ-------–ისათვის გაგზავნილი კორესპონდენცია.
მხარეებს შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების 21-ე მუხლით განსაზღვრულია მხარეებს შორის შეტყობინების გაგზავნის წესები. თუ ამ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მხარეთა შორის ამ ხელშეკრულების ფარგლებში ნებისმიერი ოფიციალური ურთიერთობა წარმოებს წერილობითი ფორმით და იგზავნება საფოსტო გზავნილის სახით ან მიეწოდება უშუალო ადგილსამყოფლის მიხედვით, შეტყობინება ძალაში შედის ადრესატის მიერ მის მიღების დღეს და შეტყობინების ძალაში შესვლის დადგენილ დღეს იმის მიხედვით, თუ ამ თარიღიდან რომელი უფრო გვიან დგება. შემსყიდველის მიერ შეტყობინება მიწოდებულად ითვლება იმ შემთხვევაში, თუ მან შეტყობინება გაგზავნა მიმწოდებლის ყოფილ მისამართზე, რომელიც მიმწოდებელმა შეიცვალა, მაგრამ ამის თაობაზე არ აცნობა შემსყიდველს, ამ შემთხვევაში შეტყობინება მიწოდებულად ითვლება გაგზავნის მეორე სამუშაო დღეს.
ხელშეკრულებაში მითითებულია შპს კ-------–ის მისამართი- თბილისი, ვ. ფშაველას 45, ბიზნეს ცენტრი მე-9 სართული. ასევე მითითებულია შპს კ-------–ის ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი.
მოპასუხის განმარტებით, შპს კ-------–ი მცირე ბრუნვის მქონე იურიდიული პირია, მას ჰყავს მხოლოდ რამდენიმე დასაქმებული, რომლებთან შრომის ურთიერთობას საჭიროების წარმოქმნის შემთხვევაში ამყარებს. სამუშაო ადგილი მუდმივი ოფისის სახით არა აქვს. მის მიერ წარმოდგენილია შპს კ-------–ის დირექტორის მიერ გაცემული 2019 წლის 30 სექტემბრის ცნობა, რომელშიც მითითებულია, რომ ფიზიკური პირები ს. ონიანი და ანდიაშვილი შპს კ-------–ის თანამშრომლები არასდროს ყოფილან.
სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ თავდაცვის სამინისტროს წერილი შპს კ-------–ს ჩაბარდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესის დაცვით 2016 წლის 1 ივლისს. ხელშკრულებით გათვალისწინებულია წერილობითი შეტყობინების ფოსტით ჩაბარება შემსყიდველის ადგილსამყოფელის მიხედვით, ხელშეკრულებაში კი მითითებულია მოპასუხის მხოლოდ ერთი მისამართი - თბილისი, ვაჟა ფშაველას 45, ბიზნეს ცენტრი მე-9 სართული. მოპასუხის იურიდიული მისამართი სხვა მისამართია, თუმცა ხელშეკრულების დადების დროს მოპასუხემ თავად მიუთითა საკონტაქტო მისამართად მისი ოფისის ადგილსამყოფელი. მოპასუხის განმარტებით, მას მუდმივმოქმედი ოფისი არა აქვს, ხოლო მითითებული მისამართი არის ბიზნეს ცენტრი, სადაც გაგზავნილი წერილი ჩაიბარა ნ. ლიპარტელიანმა. მოპასუხემ შპს კ-------–ის დირექტორის წერილი წარმოადგინა იმის დასტურად, რომ ნ. ლიპარტელიანი მასთან დასაქმებული არ არის, რაც ამ გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება არ არის, რადგან თავად მოპასუხის მიერ გაცემული მტკიცებულებაა და მხარის ახსნა-განმარტებაზე უფრო მეტი იურიდიული ძალა არ აქვს. მოპასუხეს არ წარმოუდგენია შემოსავლების სამსახურის ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელ დასაქმებულებს უხდის იგი ხელფასს, რომელი დასაქმებულების სასარგებლოდ იხდის საშემოსავლო გადასახადს მათი ხელფასიდან. გარდა ამისა, მოპასუხის განმარტებით, იგი ფაქტობრივად არ ფუნქციონირებს ამ მისამართზე, ხოლო ასეთ შემთხვევაში ხელშეკრულების საფუძველზე შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება.
სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებას
- ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 15-21. ტომი 1)
- სამინისტროს წერილი (ს.ფ. 138. ტომი 1)
- წერილების ასლები (ს.ფ. 104, 139. ტომი 1)
- საფოსტო ჟურანლის ასლი ( ს.ფ. 121-122. ტომი 1)
- შპს კ-------–ის ცნობა (ს.ფ. 144-145 ტომი 5 )
III სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ნასყიდობის საგნის მიწოდების ვადა უნდა აითვალოს 2016 წლის 1 ივლისიდან,5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 316-ე, 369-ე, 420–ე, 400-ე, 417–ე, 418-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 419-ე მუხლის პირველი ნაწილი
6. სამართლებრივი შეფასება
მხარეებს შორის ურთიერთობა წარმოიშვა 2016 წლის 13 ივნისს დადებული ხელშეკრულებით, რომელიც თავის არსით არის ნასყიდობის ხელშეკრულება, რადგან ითვალისწინებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკუთრებაში მოძრავი ნივთების, სპორტული ტანსაცმლის გადაცემას შესაბამისი საფასურის მიღების სანაცვლოდ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, 1. ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. 2. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
ამდენად, ნასყიდობის ხელშეკრულების არსია გამყიდველისათვის ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემა, ქონების და მასთან დაკავშირებული საბუთების მიწოდება, რის სანაცვლოდ მყიდველმა უნდა გადაიხადოს ნასყიდობის ფასი. სადაო ურთიერთობაში გამყიდველია შპს კ-------–ი, ხოლო მყიდველია საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. ხელშეკრულების დადების ინიციატორია თავდაცვის სამინისტროს, რადგან მხარეებს შორის დადებულია სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება, რომლის პირობები საჯარო ცხადდება სამინისტროს მიერ სატენდერო წინადადების ფორმით.
გამყიდველმა სამინისტროს მიაწოდა შეთანხმებული ნასყიდობის საგანი, ხოლო მხარეებს შორის დავას იწვევს ნასყიდობის საგნის მიწოდების ვადის დარღვევის საკითხი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით, 1. ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. 2. თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას.
სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების ჯეროვანი შესრულება მოვალის ვალდებულებაა, შესაბამისად მოვალემ უნდა მიიღოს ზომები, რათა კრედიტორის მიმართ ვალდებულება შესრულდეს სრულად, დროულად, შეთანხმებული პირობების დაცვით. კანონმდებლობა განასხვავებს ვალდებულების ჯეროვან (სათანადო) და არაჯეროვან (არასათანადო) შესრულებას. არაჯეროვანია შესრულება, როდესაც ვალდებულება მოვალის მიერ მართალია, სრულდება, თუმცა შესრულებას ხარვეზი გააჩნია, რომ იგი არ შეესაბამება ვალდებულების საფუძვლად არსებული გარიგების შინაარსსა და შესრულებით დაინტერესებული პირების მოლოდინს.
ვალდებულების ჯეროვნად შესრულება მოიცავს დადგენილ ვადაში შესრულებას კრედიტორის მიმართ. შესაბამისად, არაჯეროვან შესრულებად ითვლება ვალდებულების არადროულად შესრულება, შესრულება ვადის გადაცილებით.
ამ შემთხვევაში სადაოა ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების დროის დადგომის გარემოება, რადგან მოპასუხის განმარტებით, მას არ შეეძლო ხელშეკრულების შესრულება, ვიდრე არ ეცნობებოდა მისაწოდებელი სპორტული შარვლების ზომების კონკრეტული რაოდენობა. ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობისაა, რადგან დავის საგანია ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ გამყიდველის მიერ ნასყიდობის საგნის მიწოდების ვადა ანუ ხელშეკრულების შესრულების ვადა უნდა აითვალოს იმ დროიდან, როცა მას მყიდველმა მიაწოდა ინფორმაცია მისაწოდებელი ტანსაცმლის კონკრეტული ზომების რაოდენობის შესახებ და ხელშეკრულების შესრულების ვადის დასაწყისად არ შეიძლება განისაზღვროს ხელშეკრულების დადების დღე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 369-ე მუხლის მიხედვით, იმ პირს, რომელსაც ვალდებულება აკისრია ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეუძლია უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე საპასუხო მოქმედების განხორციელებამდე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იგი ვალდებული იყო თავისი ვალდებულება წინასწარ შეესრულებინა.
მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულება არის ორმხრივი ხელშეკრულება, რადგან ნასყიდობის ხელშეკრულება ითვალისწინებს ერთის მხრივ ნასყიდობის საგნის გადაცემის ვალდებულებას, ხოლო მეორეს მხრივ ნასყიდობის ფასის გადახდის ვალდებულებას. გამყიდველს ევალება მყიდველისთვის ნივთის საკუთრებაში გადაცემა, ხოლო მყიდველს ევალება ნასყიდობის საფასურის გადახდა.
369-ე მუხლის რეგულირების სფეროში ექცევა მკაფიოდ ორმხრივი ხელშეკრულებები. „ნორმის რეგულირების ფარგლებში ექცევა არა ყველა ორმხრივი ხელშეკრულება, არამედ სრულყოფილად ორმხრივად მავალდებულებელი ხელშეკრულებები (ორმხრივი სინალაგმატური ხელშეკრულებები), რაც იმას ნიშნავს, რომ ნორმა აწესრიგებს ისეთ ურთიერთობებს, როდესაც ხელშეკრულება ორივე მხარისთვის წარმოშობს ვალდებულებებს, რომლის დროსაც შესრულება და საპირისპირო შესრულება ურთიერთდამოკიდებულია. ვალდებულება კი იმიტომ სრულდება, რომ საპასუხო შესრულება იქნეს მიღებული („dout des“). ასეთ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება ნასყიდობა, გაცვლა, ქირავნობა, მომსახურება, ნარდობა, ამხანაგობა“. "ნორმას „სუსპენზიური ეფექტი“ გააჩნია, რაც იმას ნიშნავს , რომ „მოვალის“ მიერ შესრულების დაყოვნების უფლების განხორციელებით, ვალდებულებიდან გამომდინარე, ორმხრივი შესრულება ყოვნდება. შესრულება შეიძლება დაყოვნებულ იქნეს იმ ხანგრძლივობით, რომლის განმავლობაშიც არ სრულდება საპასუხო ვალდებულება. ნორმის „სუსპენზიური ეფექტი“ გამოიხატება როგორც ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმაში, ასევე დაწყებული ვალდებულების შესრულების შეჩერებაში. მოვალეს შესრულების დაყოვნების უფლება „აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „კრედიტორს“ ვალდებულება პირველს უნდა შეესრულებინა და არ შეასრულა" (369-ე მუხლის კომენტარი www.gccc.ge )
ნასყიდობის ხელშეკრულების საგანია სხვადასხვა ზომის სპორტული შარვლის მიწოდება, ხოლო ხელშეკრულებაში მითითებული არ არის კონკრეტული ზომის ტანსაცმელი რა რაოდენობით უნდა მიეწოდებინა გამყიდველს. ამდენად, ხელშეკრულებით ნასყიდობის საგანია სპორტული შარვლები, მაგრამ პროდუქცია ერთგვაროვანი მახასიათებლების არ არის, რადგან ხელშეკრულებით გათვალისწინებულია სხვადასხვა ზომის შარვლის მიწოდება. ხელშეკრულებაში მყიდველის ინტერესს წარმოადგენს სწორედ სხვადასხვა ზომის ტანსაცმლის მიწოდება, რის გამოც ხელშეკრულების სრულად და ჯეროვნად შესრულებისათვის აუცილებელი ინფორმაციაა კონკრეტული ზომის განსაზღვრული რაოდენობა.
ნასყიდობის ხელშეკრულების არსია მყიდველისათვის ნასყიდობის საგნის, მასთან დაკავშირებული საბუთების და საკუთრების უფლების გადაცემა, რის გამოც ნასყიდობის არსებითი პირობაა ხელშეკრულებაში მკაფიოდ განისაზღვროს რა არის ნასყიდობის საგანი, რისი გადაცემა ევალება გამყიდველს.
მართალია ხელშეკრულების მიხედვით, ხელშეკრულების შესრულების ვადა - საქონლის მიწოდების ვადა იწყება ხელშეკრულების დადების დღიდან, მაგრამ ზემოთაღნიშნული გარემოების გამო ამ დროიდან ხელშეკრულების შესრულების დაწყება შეუძლებელი იყო, რადგან ხელშეკრულებაში მითითებული არ იყო თითოეული ზომის მიხედვით მისაწოდებელი შარვლების რაოდენობა.
გამყიდველმა შპს „კ-------–მა“ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების საკითხში გულისხმიერება გამოიჩინა, მან წერილობით რამდენჯერმე მოსთხოვა მყიდველს კონკრეტული ზომების რაოდენობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. სამინისტრომ ინფორმაცია მისაწოდებელი პროდუქციის რაოდენობის შესახებ მოპასუხეს გადასცა 2016 წლის 1 ივლისს, რის შემდეგ გამყიდველს გაუჩნდა შესაძლებლობა დაეწყო ხელშეკრულების შესრულება. ხელშეკრულების შესრულების ვადის დაწყების საკითხისათვის მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ გამყიდველი არ აწარმოებს ნასყიდობის საგანს, ნასყიდობის საგანი არის ჩინეთში წარმოებული პროდუქცია, მწარმოებელია Zhejiang Sport Wear LTD. მოსარჩელეს უნდა მოეხდინა პროდუქციის შეკვეთა მწარმოებლისათვის და შემდეგ მისი იმპორტი საქართველოში.
ნასყიდობის საგანი არ არის გვაროვნული ნივთი, რადგან ხელშეკრულებით ნასყიდობის საგანი ინდივიდუალიზებულია, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრულია სპორტული შარვლების მიწოდება სხვადასხვა ზომების მიხედვით. ამასთან, ნასყიდობის საგანია კონკრეტული მწარმოებლის მიერ წარმოებული ტანსაცმლის მიწოდება.
ინდივიდუალურად განსაზღვრული ნივთი სახეზეა, თუ ვალდებულების შესრულების საგანი მხარეთა შეთანხმების საფუძველზე კონკრეტულად განსაზღვრულია და მოვალეს სხვა ნივთით ვალდებულების შესრულება არ შეუძლია. ინდივიდუალურად განსაზღვრული ნივთებია, მაგალითად: ხელოვნების ნიმუშები, შემკვეთის განსაკუთრებული სურვილის შესაბამისად დამზადებული ავეჯი, სპეციალურად დამზადებული მოდელები (ავტომობილი, ტანსაცმელი), ანტიკვარული ნივთები, ვინაიდან თითოეული მათგანი ინდივიდუალური, განსაკუთრებული ნიშან-თვისებებით ხასიათდება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ნივთის გვაროვნულობისათვის განმსაზღვრელი არ არის მის რაოდენობა, გვაროვნული ნივთის მთავარი მახასიათებელია მისი შეცვლის (ჩანაცვლების) უნარი, ნივთი გვაროვნულია თუ შესაძლებელია მისი შეცვლა ამავე სახეობის და თვისებების მქონე სხვა ნებისმიერი ნივთით. თუ ნივთი ჩანაცვლებადია, ე.ი. ვალდებულება გვაროვნული ნივთის მიმართ შესასრულებელია. აღნიშნული წესიდან არსებობს გამონაკლისი, მაშინ როდესაც ნივთი ჩანაცვლებადია, თუმცა, იგი თეორიაში მაინც ინდივიდუალურ ნივთად მიიჩნევა. ასეთი მდგომარეობა სახეზეა მაშინ, როდესაც გვაროვნულ ნივთთა საერთო მასიდან, მხარეთა შეთანხმებით, გვაროვნული ნივთის გამოყოფა ხდება ინდივიდუალური მახასიათებლებით. ასეთ შემთხვევაში ითვლება, რომ სახეზეა ნივთის ინდივიდუალიზაცია, ანუ ნივთთა გვარეობითი მასიდან კონკრეტულის გამოყოფა, შესაბამისად, ვალდებულება შესასრულებელი ხდება არა გვაროვნული, არამედ ინდივიდუალურად გამოყოფილი საგნის მიმართ. მოვალის პასუხისმგებლობა მხოლოდ გამოყოფილი, ინდივიდუალიზებული საგნით შემოიფარგლება,იმის გამო, რომ ხელშეკრულებით ნასყიდობის საგანი ინდივიდუალიზებულია, გამყიდველს კონკრეტულად ეს ინდივიდუალიზებული საგნები უნდა მიეწოდებინა, ხოლო რადგან ხელშეკრულებაში კონკრეტული ზომების რაოდენობრივი მახასიათებელი მითითებული არ იყო, მყიდველისგან დამატებით უნდა მიეღო ინფორმაცია ამ საკითხზე.
369-ე მუხლის საფუძველზე მოვალის უფლებამოსილება, უარი თქვას თავის ვალდებულების შესრულებაზე, მოქმედებს მხოლოდ მის წინაშე შესასრულებელი საპასუხო მოქმედების განხორციელებამდე, მთავარია, რომ სწორედ აღნიშნული ვალდებულების განხორციელებაზე იყოს დამოკიდებული „მოვალის“ მიერ მასზე დაკისრებული საპასუხო ვალდებულების შესრულება.
ამ შემთხვევაში გამყიდველის მიერ პროდუქციის მიწოდების ვალდებულების შესრულება დამოკიდებულია თავდაცვის სამინისტროს მხრიდან საპასუხო ვალდებულების შესრულებაზე - ნასყიდობის საგნის სხვადასხვა ზომების კონკრეტული რაოდენობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე. სამოქალაქო კოდექსის 369-ე მუხლიდან გამომდინარე შპს ”კ-------–ი“ უფლებამოსილი იყო ამ ინფორმაციის მიწოდებამდე არ შეესრულებინა ვალდებულება. ამ ინფორმაციის გარეშე გამყიდველს არ შეეძლო შეესრულებინა ნასყიდობის საგნის მიწოდების ვალდებულება, რადგან ამ ვალდებულების შესრულებას ვერ შეძლებდა მისაწოდებელი პროდუქციის კონკრეტული რაოდენობის ცოდნის გარეშე.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ნასყიდობის საგნის კონკრეტული ზომების მიხედვით რაოდენობის შესახებ ინფორმაცია მოპასუხეს მიაწოდა 2016 წლის 1 ივლისს, რის შემდეგ 40 დღეში - 2016 წლის 11 აგვისტოს ჩათვლით მოპასუხეს უნდა მიეწოდებინა ნასყიდობის საგანი. ნასყიდობის საგანი თავდაცვის სამინისტროს გადაეცა 2016 წლის 29 აგვისტოს.
სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა ) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას. სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლის მიხედვით, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული. მოპასუხემ მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მიღების შემდეგაც არ დაიცვა ხელშეკრულების შესრულების ვადა, მას ამ დროში სამინისტროსთვის არ უცნობებია შესრულების ხელისშემშლელი გარემოებების შესახებ და ამის გამო ვადის გაგრძელება არ მოუთხოვია.
ხელშეკრულებით პირგასამტეხლოს დაკისრების მიზნებისათვის ვადა განსაზღვრულია სამუშაო დღეებით. მითითებულ პერიოდში არის 12 სამუშაო დღე. ხელშეკრულებით პირგასამტეხლო განსაზღვრულია მისაწოდებელი პროდუქციის ღირებულების 0,15%-ით ყოველდღიურად, რაც შეადგენს ერთ ვადაგადაცილებულ დღეში 88,5885 ლარს. ვადის გადაცილების მითითებულ პერიოდში გადასახდელი პირგასამტეხლოა 1063,06 ლარი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი არ არსებობს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში. მხარეთა შეთანხმებით პირგასამტეხლო შეადგენს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,15%-ს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამრთლოს ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის თანახმად, შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. კანონმდებელი არ ადგენს რა გარემოებების გამო შეიძლება ჩაითვალოს პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ თანხად. შესაბამისად, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველი კონკრეტული სადაო სამართალურთიერთობის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად. კანონი ითვალისწინებს საქმის გარემოებებისადმი შეუსაბამოდ მაღლი პირგასამტეხლოს შემცირებას, რის გამოც კონკრეტული სადაო ურთიერთობის გარემოებები ინდივიდუალურად არის განმსაზღვრელი პირგასამტეხლოს შემცირების საკითხის დადებითად გადაწყვეტისათვის.
ამ შემთხვევაში ყოველდღიურად გადასახდელი პირგასამტეხლოა 88,5885 ლარი, ხოლო ვადის გადაცილებაა 12 დღე. პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისათვის მნიშვნელოვანია ვადის გადაცილების ხანგრძლივობა, შეუსრულებელი ვალდებულების მოცულობა, სახელშეკრულებო ვალდებულების შინაარსი და ხელშეკრულების მიმართ მხარის ინტერესი. პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას მხედველობაშია მისაღები მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასამტეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".
პირგასამტეხლოს შემცირების მიზანია გონივრული პირგასამტეხლოს განსაზღვრა, რაც მხოლოდ მოვალის ინტერესების დაცვას არ ნიშნავს. სამოქალაქო ურთიერთობა კეთილსინდიერებასა და მხარეთა თანასწორუფლებიანობას ეფუძნება, რის გამოც პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასების პროცესში გათვალისწინებული უნდა იქნას კრედიტორის ინტერესებიც, რადგან მან მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობით ვერ მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულება და ამით განიცადა ზიანი. პირგასამტეხლოს მიზანი კი არის კრედიტორისათვის ზიანის მინიმალურად ანაზღაურება. პირგასამტეხლოს შემცირების მიზანი არ არის მოვალისათვის სიმბოლური პასუხისმგებლობის დაკისრება, რადგან ეს გამოიწვევს კრედიტორს ინტერესების უგულებელყოფას.
ამ შემთხვევაში მოსარჩელეს ხელშეკრულების დროულად შესრულების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი ჰქონდა, რადგან ნასყიდობის საგანია საზაფხულო ტანსაცმელი, სპორტული შორტი, რომლის გამოყენება საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებს სეზონურად, ზაფხულში შეეძლოთ. ამდენად, პროდუქციის დროულად მიწოდება სამინისტროსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო. ამ გარემოებების გათვალისწინებით, ყოველდღიურად 88,5885 ლარის დაკისრება გონივრული ფულადი სანქციაა. სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი მხოლოდ მოპასუხე იურიდიული პირის მცირე შემოსავალი არ შეიძლება იყოს, რადგან დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხის 1063,06 ლარის გადახდა იურიდიული პირის გადახდისუნარიანობას საფრთხეს არ შეუქმნის.
7. პროცესის ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე. შესაბამისად მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდილი არა აქვს და ამ საქმეზე სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟი უნდა გადაიხადოს მოპასუხემ. სსსკ 39-ე პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 100 ლარს. საქმე სსსკ 14-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დავა არის მაგისტრატი მოსამართლის განსჯადი, რადგან სარჩელის ფასი 5000 ლარზე ნაკლებია. შესაბამისად, სსსკ 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი ნახევრდება და ამ დავაში შეადგენს 50 ლარს. მოპასუხეს სახელმწიფო ბაჟის 50 ლარი უნდა გადაიხადოს შემდეგ ანგარიშზე ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი - TRESGE22, ანგარიშის სახაზინო კოდი №30063150;
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რის გამოც ამ ნორმის საფუძველზე, უცვლელი უნდა დარჩეს ამ საქმეზე 2017 წლის 31 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც 2303,0 ლარი ფარგლებში ყადაღა დაედოს მოპასუხის საბანკო ანგარიშს - სს ,,თიბისი ბანკი”, ბანკის კოდი: T----------------–---------------------------------------
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი;
1.1. შპს „კ-------–ს“ დაეკისროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის 1063,06 ლარის გადახდა;
1.2. არ დაკმაყოფილდეს სარჩელი 1240,24 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ;
1. შპს ”კ-------–ს” დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი