განაჩენი

სისხლის სამართლის 24.09.2019
საქმის ნომერი
330100119003023915
თარიღი
24.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/2475-19

#------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

24 სექტემბერი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა

გიორგი გარაშვილის მდივნობით

 

პროკურორ – რ---- ხ--------ის

ბრალდებულ – თ----- გ------------------ის

ადვოკატ – ზ------ ბ----–---–ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

– თ----- მ------ნის ასულ გ------------------ის, დაბადებულის 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი #-----------), ნასამართლობის არმქონის (ნასამართლობა გაქარწყლებულის), საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების: ზ----------–-----------–-----–----------–--------------------ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,117-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, თ----- გ------------------ს წარედგინა ბრალდება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისათვის, ესე იგი სხეულის დაზიანებისათვის, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, თ----- გ------------------ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 26 მარტს, საღამოს საათებში, თ----- გ------------------ი იმყოფებოდა ქ.თბილისში, ვ-–----–----–----------------------------–----------------------------ში, რა დროსაც, შელაპარაკების ნიადაგზე, დანის გამოყენებით, ფეხის არეში, სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობა მიაყენა მეუღლეს - ს---– ბ------ს. აღნიშნულმა ჭრილობამ ს---– ბ------ის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია.

 

ე.ი. თ----- გ------------------ს წარედგინა ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,117-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა დაზარალებულის პოზიცია, გაანალიზა საქმეზე შეკრებილი და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები ერთობლიობაში, თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი ყველა მტკიცებულება თ----- გ------------------ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, - მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, კერძოდ:

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ბრალდებულმა თ----- გ------------------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და გამოიყენა კანონით მინიჭებული დუმილის უფლება.

 

სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ს---– ბ------მა ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა თავისი ახლო ნათესავის (მეუღლის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

სხვა მტკიცებულებები - მოწმეების: ზ---- მ-----–---–ის, ლ-–- ხ------ის, ა------- ო-----–---–ის და თ----- გ---------ის გამოკითხვის ოქმები, 2019 წლის 27 მარტის ამოღების ოქმი, 2019 წლის 27 მარტის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმი, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 30 აპრილის სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 20 მაისის ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის #--------- დასკვნა მხარეების მიერ უდავოდ იქნა ცნობილი და მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

სასამართლომ შეაფასა რა გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მტკიცებულებები, რომლებიც ბრალდების მხარემ წარმოადგინა თ----- გ------------------ის მიერ ს---– ბ------ის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტის დასადასტურებლად, არ ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს იმის სამტკიცებლად, რომ თ----- გ------------------მა ნამდვილად ჩაიდინა ბრალად შერაცხული დანაშაული.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Tanişand Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, აშკარა და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან”.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული კატეგორიის დანაშაულთა სპეციფიკიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ ასეთ კატეგორიის საქმეებში უმეტესწილად თვითმხილველ მოწმეთა სიმრავლე ობიექტურად ვერ იარსებებს, შესაბამისად, ფაქტის უტყუარად დადასტურება შეუძლიათ მხოლოდ სავარაუდო კონფლიქტის მონაწილე პირებს - დაზარალებულს და ბრალდებულს. განსახილველ შემთხვევაში, დაზარალებულმა ს---– ბ------მა გამოიყენა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლება და უარი განაცხადა ახლო ნათესავის - მეუღლის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე, ხოლო ბრალდებულმა გამოიყენა საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული დუმილის უფლება და სასამართლოს არ მიაწოდა რაიმე ინფორმაცია ბრალად წარდგენილ ქმედებასთან დაკავშირებით. ასეთ ვითარებაში კი, როდესაც სავარაუდო კონფლიქტის მონაწილე პირები უარს აცხადებენ ჩვენების მიცემაზე, ხოლო სხვა რაიმე დამატებითი მტკიცებულება არ არსებობს, რომელიც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას დადასტურებულად მიეჩნია თ----- გ------------------ის მხრიდან ს---– ბ------ისათვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენების ფაქტი, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს პირის მსჯავრდების საფუძვლიანობაზე.

 

ბრალდების მხარემ დასკვნით სიტყვაში თ----- გ------------------ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის დამადასტურებელ მტკიცებულებებად მოიშველია უდავოდ ცნობილ მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, რომლებიც უშუალოდ ფაქტთან დაკავშირებით სასამართლოს არანაირ ინფორმაციას არ აწვდიან; სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნა, რომლის თანახმად, სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების მიხედვით, ს---– ბ------ს აღენიშნებოდა მარცხენა ბარძაყის შუა მესამედში ნაკვეთი ჭრილობა - მარცხენა ბარძაყის ღრმა არტერიის და ბარძაყის ვენის დაზიანებით. აღნიშნული დაზიანება განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედების შედეგად (დანაც მიეკუთვნება მჩხვლეტავ-მჭრელი საგნების ჯგუფს) და მიეკუთვნება მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს. აღნიშნული დასკვნით დასტურდება მხოლოდ ის ფაქტი, რომ ს---– ბ------ს ნამდვილად ჰქონდა მძიმე ხარისხის დაზიანება მარცხენა ბარძაყის შუა მესამედში, რაც განვითარებული იყო მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით, თუმცა აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით შეუძლებელია იმ ფაქტის დადგენა, თუ ვინ (თ----- გ------------------მა თუ სხვა პირმა) მიაყენა, ან როდის და რა ვითარებაში მიიღო ს---– ბ------მა აღნიშნული დაზიანება. შესაბამისად, ექსპერტიზის დასკვნით იმის მტკიცება, რომ მსხვერპლს დაზიანება მიაყენა კონკრეტულმა პირმა, შეუძლებელია. რაც შეეხება ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის #--------- დასკვნას, რომლის თანახმად, პაკეტში წარწერით „...დანა...“ მოთავსებულ დანის პირზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო დანაშრევი (ობ.#1) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ს---– ბ------ს (ობ.#6). ამავე დანის ტარზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ.#2) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომელშიც იკვეთება მაჟორული წილი. ობ.#2-ის გენეტიკურ პროფილში არ ვლინდება ს---– ბ------ის (ობ.#6) გენეტიკური თანამონაწილეობა; ასევე, პაკეტში, წარწერით „...ხალათი...“ მოთავსებულ ხალათზე არსებული მოყავისფრო ლაქა (ობ.#5) სისხლს არ წარმოადგენს. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით, დასტურდება მხოლოდ ის ფაქტი, რომ ს---– ბ------ს დაზიანება მიყენებული აქვს ბინის ჩხრეკისას ამოღებული დანით, თუმცა აღნიშნული დანით ვინ მიაყენა დაზიანება აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით ვერ დგინდება. ხოლო იმის გამორიცხვით, რომ აღნიშნული დანის ტარზე არ ფიქსირდება ს---– ბ------ის გენეტიკური პროფილი, ავტომატურად არ ნიშნავს, რომ დანის ტარზე არსებული გენეტიკური პროფილი ეკუთვნის თ----- გ------------------ს.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომელიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ, შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და საკმარისობის შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ თ----- გ------------------ი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,117-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, ვინაიდან, როგორც უკვე აღინიშნა, სახეზე არ არის აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიმართ წარდგენილ ზემოაღნიშნულ ბრალდებას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. თ----- გ------------------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,117-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

2. გაუქმდეს თ----- გ------------------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 აპრილის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და გირაოს გადამხდელ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა - 2.000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

3. ს---– ბ------ის სისხლის ნიმუში და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული დანა, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–----------------–-------------------–---ში, ასევე საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა და ტეტრაჰიდროკანაბინოლი, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცე-------–---------------–----------–-–-------------------ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

 

- ა----------–----აგან ამოღებული ს---– ბ------ის ჯინსის შარვალი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული თ----- გ------------------ის ხალათი, რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–----------------–-------------------–---ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ, შესაბამისად, ს---– ბ------ს და თ----- გ------------------ს, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

4. თ----- გ------------------ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბადრი კოჭლამაზაშვილი