გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.07.2019
საქმის ნომერი
330210015001146323
კატეგორია
დავის ტიპი
პატივისა და ღირსების დაცვის შესახებ
თარიღი
24.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/22742-15

(330210015001146323)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

24 ივლისი, 2019 წ. ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ზაალ მარუაშვილი

სხდომის მდივანი - ნინო ართილაყვა

მხარეები:

მოსარჩელე - ი-----–--–----–---–-

წარმომადგენელი - ლ-–------–-------

მოპასუხე - გ---------------–---–-

დავის საგანი - პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების უარყოფა

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნები:

დაევალოს მოპასუხე გ---------------–---–ს ყოველკვირეულ გაზეთ ,,ქ---------“-ში სტატიის გაკეთება/დაბეჭვდა, რაც გამოიხატება ი-----–--–----–---–-ს პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფით, შემდეგი ფორმით:

1.1. სიმართლეს არ შეესაბამება ყოველკვირეული გაზეთი ,,ქ---------“-ში N3------- 29.09.2015 მოსარჩელის მიმართ გავრცელებული ინფორმაცია, კერძოდ: ,,როცა ნელნელა ჩავიხედე ყველაფერში, აღმოვაჩინე, რომ ფულის კეთების სქემაა და სხვა არაფერი“

1.2. სიმართლეს არ შეესაბამება ყოველკვირეული გაზეთი ,,ქ---------“-ში N3------- 29.09.2015 მოსარჩელის მიმართ გავრცელებული ინფორმაცია, კერძოდ: ,,ახლავე აგიხსნით, რა ჯდება ერთი ვეტერანის ჩასახლება, მინიმუმ: მანდ მიდის ფულის გათეთრება ერთი ერთზე, ნახევარი ტყდება“;

1.3. სიმართლეს არ შეესაბამება ყოველკვირეული გაზეთი ,,ქ---------“-ში N3------- 29.09.2015 მოსარჩელის მიმართ გავრცელებული ინფორმაცია, კერძოდ: ,,ვაიმე რას ამბობ? არ დაიჯერო, რომ შ----–---–- მარტოა“;

1.4. სიმართლეს არ შეესაბამება ყოველკვირეული გაზეთი ,,ქ---------“-ში N3------- 29.09.2015 მოსარჩელის მიმართ გავრცელებული ინფორმაცია, კერძოდ: ,,...ნახევარი დეპარტამენტი სამსახურში არ დადის, ვინც მთელი დღე ფეისბუქში ზის, საქმე არა აქვთ, ხელოვნურად გაბერილი შტატები“;

1.5. სიმართლეს არ შეესაბამება ყოველკვირეული გაზეთი ,,ქ---------“-ში N3------- 29.09.2015 მოსარჩელის მიმართ გავრცელებული ინფორმაცია, კერძოდ: ,,მოვიდა თუ არა შ----–---–- დაცვით დადის, ყველაფერს უშიშროებას უთანხმებს“;

1.6. სიმართლეს არ შეესაბამება ყოველკვირეული გაზეთი ,,ქ---------“-ში N3------- 29.09.2015 მოსარჩელის მიმართ გავრცელებული ინფორმაცია, კერძოდ: მიწის ნაკვეთები არ რიგდებაო, ტყუილია - 25 კაცზეა გაცემული მიწის ნაკვეთი... აღმოჩნდა -25 კაცმა მიიღო ნაკვეთები;

1.7. სიმართლეს არ შეესაბამება ყოველკვირეული გაზეთი ,,ქ---------“-ში N3------- 29.09.2015 მოსარჩელის მიმართ გავრცელებული ინფორმაცია, კერძოდ: ,,მაგაზე უარესს გეტყით: უკვე ვმუშაობდით, რამდენიმე თვის წინათ ერთ-ერთი ჩემი თანამებრძოლი მოვიდა, შ----–---–თან ჰქონდა საქმე. აღმოჩნდა, რომ მას კარგად იცნობდა. ვილაპარაკეთ, როცა ის წავიდა, მე და შ--- დავრჩით, კარი გაიღო, ვიღაც ბიჭი შემოვიდა, რაღაც ილაპარაკეს და გავიდა. ი-----–--–----–---–- მეუბნება, - აიო, ამან მოკლა გ---------–-–---–---, ამან ესროლაო, პროფესიონალიაო. მერე გავიგე, რომ გ---------–-–---–- და ი-----–--–----–---–- ერთი სოფლიდან ყოფილან, დიდი ხნის დაპირისპირება ჰქონიათ ერთმანეთში.

1.8. სიმართლეს არ შეესაბამება ყოველკვირეული გაზეთი ,,ქ---------“-ში N3------- 29.09.2015 მოსარჩელის მიმართ გავრცელებული ინფორმაცია, კერძოდ: ,,თქვენ გგონიათ, მარტო შ----–---–თანაა მსგავსი პრობლემები? ყველგან კორუფციაა, მოსწრებაზე არიან. ჩვენ ქვეყანაში კი არა, დერეფანში ვცხოვრობთ, შ----–---–- კი გაიძახის, პოლიტიკოსი ვარო, მაგრამ ჩვეულებრივი საქმოსანია, ,,ძელეცი“ რომელიც მხოლოდ ფულზეა ორიენტირებული.

 

სარჩელის საფუძვლები:

2015 წლის 29 სექტემბერს, გაზეთ ,,ქ---------“-ის ნომერში (N3-------) პირველ გვერდზე დაიბეჭდა სტატია სათაურად, რომ ი-----–- შ----–---–მა მითხრა: ,,აიო, ამან მოკლა გ---------–-–---–--- პროფესიონალიაო“. ამ ნომერში მე-4 და მე-5 გვერდზე დაბეჭდილია გ---------------------–---–-- სტატია სადაც უამრავი ცილისმწამებლური და ცრუ ინფორმაციაა ფაქტებად მოყვანილი, რომელიც ლახავს მოსარჩელის პატივს, ღირსებას და საქმიან რეპუტაციას. აღნიშნული ცილისწამებლური და დამახინჯებული ფაქტობრივი გარემოებები, საფუძველს იძლევა, რომ მოპასუხემ შეგნებულად გაავრცელა მსგავსი ცილისმწამებლური ინფორმაცია, რითიც შეილახა მოსარჩელის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

 

შესაგებლის საფუძვლები:

სტატიაში, რომელზეც მოსარჩელე მიუთითებს, მხოლოდ გამოთქმულია აზრი და მოიცავს შეფასებით მსჯელობას გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით. სტატიის ავტორი არ ცდილობს მტკიცებით ფორმაში რაიმე ფაქტის გადმოცემას და დადასტურებას. შესაბამისად, მოცემულ სტატიას გააჩნია ,,აზრის სტატუსი და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია აღნიშნული კანონითა და საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით. შესაბამისად, სახეზე გვაქვს აზრის გამოხატვა და მისი შეზღუდვა რაიმე ფორმით დაუშვებელია. ხოლო თუ ცალკეული ეპიზოდები შეფასდება ,,ფაქტებად“, მათი უარმყოფელი მტკიცებულებების წარმოდგენის ვალდებულება აქვს მოსარჩელეს, ხოლო მას ამგვარი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2015 წლის 29 სექტემბერს, გაზეთ ,,ქ---------“-ის ნომერში (N3-------) პირველ გვერდზე დაიბეჭდა ინტერვიუ მოპასუხე, გ---------------–---–თან, სათაურით: ,,ი-----–- შ----–---–მა მითხრა: ,,აიო, ამან მოკლა გ---------–-–---–---, პროფესიონალიაო!“, სადაც მოპასუხის მიერ გავრცელებული იქნა მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი გამონათქვამები: ,,როცა ნელნელა ჩავიხედე ყველაფერში, აღმოვაჩინე, რომ ფულის კეთების სქემაა და სხვა არაფერი“; ,,ახლავე აგიხსნით, რა ჯდება ერთი ვეტერანის ჩასახლება, მინიმუმ: მანდ მიდის ფულის გათეთრება ერთი ერთზე, ნახევარი ტყდება“; ,,ვაიმე რას ამბობ? არ დაიჯერო, რომ შ----–---–- მარტოა“; ,,...ნახევარი დეპარტამენტი სამსახურში არ დადის, ვინც მთელი დღე ფეისბუქში ზის, საქმე არა აქვთ, ხელოვნურად გაბერილი შტატები“;, ,მოვიდა თუ არა შ----–---–- დაცვით დადის, ყველაფერს უშიშროებას უთანხმებს“; მიწის ნაკვეთები არ რიგდებაო, ტყუილია - 25 კაცზეა გაცემული მიწის ნაკვეთი... აღმოჩნდა -25 კაცმა მიიღო ნაკვეთები; ,,მაგაზე უარესს გეტყით: უკვე ვმუშაობდით, რამდენიმე თვის წინათ ერთ-ერთი ჩემი თანამებრძოლი მოვიდა, შ----–---–თან ჰქონდა საქმე. აღმოჩნდა, რომ მას კარგად იცნობდა. ვილაპარაკეთ, როცა ის წავიდა, მე და შ--- დავრჩით, კარი გაიღო, ვიღაც ბიჭი შემოვიდა, რაღაც ილაპარაკეს და გავიდა. ი-----–--–----–---–- მეუბნება, - აიო, ამან მოკლა გ---------–-–---–---, ამან ესროლაო, პროფესიონალიაო. მერე გავიგე, რომ გ---------–-–---–- და ი-----–--–----–---–- ერთი სოფლიდან ყოფილან, დიდი ხნის დაპირისპირება ჰქონიათ ერთმანეთში; ,,თქვენ გგონიათ, მარტო შ----–---–თანაა მსგავსი პრობლემები? ყველგან კორუფციაა, მოსწრებაზე არიან. ჩვენ ქვეყანაში კი არა, დერეფანში ვცხოვრობთ, შ----–---–- კი გაიძახის, პოლიტიკოსი ვარო, მაგრამ ჩვეულებრივი საქმოსანია, ,,ძელეცი“ რომელიც მხოლოდ ფულზეა ორიენტირებული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- ყოველკვირეული გაზეთის ,,ქ---------“-ის 2015 წლის 29 სექტემბრის N3------- (ს.ფ:-ები 16-20);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.2. მოპასუხის მიერ სადავო განცხადებების გაკეთების პერიოდში, მოსარჩელე, ი-----–--–----–---–- იყო ვ-----------------–-–----------------------- თავმჯდომარე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- ყოველკვირეული გაზეთის ,,ქ---------“-ის 2015 წლის 29 სექტემბრის N3--------ში მოცემული სტატია (ს.ფ:-ები 16-20);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებას, რომ სასარჩელო მოთხოვნის 1.1, 1.2, 1.3, 1.4. 1.5. და 1.8 პუნქტებში მითითებული გამონათქვამები წარმოადგენს მოპასუხის მოსაზრებებს, შესაბამისად, მას ვერ დაევალება ამ გამონათქვამების უარყოფა; რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნის 1.7. პუნქტში მითითებულ გამონათქვამს, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა აღნიშნულით მისთვის ზიანის მიყენების ფაქტი, ხოლო 1.6. პუნქტში მითითებულ გამონათქვამში მოსარჩელე არ არის ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირებული (დასაბუთება იხ. გადაწყვეტილების მე-5 პუნქტი).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. სამართლებრივი შეფასება

5.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით, ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო, ხოლო მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო.

 

„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ (შემდგომში - ,,კონვენცია„) მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებისა. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია თუ მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად”.

 

სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-19 მუხლით, თითოეულ ადამიანს აქვს საკუთარი აზრის შეუფერხებლად გამოხატვის უფლება; თითოეულ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად გამოთქვას თავისი აზრი; ეს უფლება მოიცავს თავისუფლებას, სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად მოიძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ყოველგვარი ინფორმაცია ზეპირად, წერილობით ან პრესის და გამოხატვის მხატვრული საშუალებებით ან საკუთარი არჩევანით სხვა საშუალებებით. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობა განსაკუთრებულ მოვალეობასა და განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გულისხმობს. ამიტომ, იგი შეიძლება დაექვემდებაროს გარკვეულ შეზღუდვებს, რომლებიც დადგენილია კანონით და აუცილებელია: a) სხვა პირთა უფლებებისა და რეპუტაციის დასაცავად; b) სახელმწიფო უშიშროების, საზოგადოებრივი წესრიგის, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ზნეობის დასაცავად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. იმავე კოდექსის 27.5-ე მუხლის შესაბამისად, იურიდიული პირის საქმიანი რეპუტაციის შელახვის შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსის მე-18 მუხლით გათვალისწინებული წესები.

 

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ (შემდგომში - ,,სპეციალური კანონი“) მე-3 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ცნობს და იცავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ფასეულობებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. ამავე კანონის მე-13 მუხლით, პირს ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა კერძო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა. ამავე კანონის მე-15 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირს ენიჭება კვალიფიციური პრივილეგია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადებისათვის, თუ იგი მიზნად ისახავდა საზოგადოების კანონიერი ინტერესების დაცვას და დაცული სიკეთე აღემატება მიყენებულ ზიანს.

 

ამდენად, სიტყვისა და გამოხატვის უფლების დაცვის პარალელურად, კანონი, ისევე როგორც, სამოქალაქო კოდექსის მე-18.2 მუხლი, იცავს პირის პატივს, ღირსებას და საქმიან რეპუტაციას შელახვისაგან. კანონის მე-13 მუხლი კრძალავს ნებისმიერი (კერძო და საჯარო, ფიზიკური და იურიდიული) პირის შესახებ არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი, პირისათვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადების გავრცელებას. ცილისწამებისათვის (რომელიც განიმარტება, როგორც „არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისათვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება“), გათვალისწინებულია სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა (კანონით განსაზღვრული გამონაკლისების გარდა, რომლებიც გათვალისწინებულია მისი მე-5, მე-15 და მე-16 მუხლებით).

 

კანონი ერთმანეთისგან განასხვავებს ერთის მხრივ, აზრის და, მეორეს მხრივ, ფაქტის შემცველ განცხადებას და განმარტავს, რომ აზრი არის შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე, ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს.

 

სპეციალური კანონის მე-4.1 მუხლის შესაბამისად, აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და მისი გამოხატვის ან გავრცელების გამო პირს პასუხისმგებლობა არ ეკისრება.

 

ცილისწამების მაკვალიფიცირებელი ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია განმცხადებლის მიერ ისეთი ფაქტების მითითება, რომელიც რეალობასთან ახლოა, უფრო კონკრეტულია და არა ზოგადი ხასიათის, უფრო მეტად ობიექტური შინაარსისაა, ვიდრე სუბიექტური, და, რაც მთავარია, მათი დამტკიცება შესაძლებელია.

 

კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გამოხატვის თავისუფლება განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობისაგან. ამიტომ ის შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებსა და სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ამ პუნქტში მითითებული კანონიერი მიზნების მისაღწევად, რომელთაგან ერთ-ერთია სხვა პირთა რეპუტაციის დაცვა.

 

5.2. გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის „აუცილებელობის“ ძირითადი პრინციპები ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (შემდგომში „ევროპული სასამართლო“ ან „სტრასბურგის სასამართლო“) დაადგინა მრავალ საქმეში. ამ გადაწყვეტილებებში სასამართლომ აღნიშნა, რომ გამოხატვის თავისუფლება ვრცელდება არა მხოლოდ იმ „ინფორმაციისა“ და „იდეების“ მიმართ, რომლებიც კეთილგანწყობით მიიღება, არაშეურაცხმყოფელად არის მიჩნეული ან ინდიფერენტული დამოკიდებულების საგანია, არამედ იმათ მიმართაც, რომლებიც შეურაცხმყოფელი, გამაოგნებელი ან შემაშფოთებელია. ამიტომ გამოხატვის თავისუფლების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა განსაზღვრული იყოს მკაცრად და მისი გამოყენების საჭიროება სარწმუნოდ უნდა იყოს დადასტურებული. შეზღუდვის გამოყენება უნდა იყოს „აუცილებელი“ დემოკრატიულ საზოგადოებაში სხვა პირთა რეპუტაციის დასაცავად. „აუცილებელი“ კი, სასამართლოს განმარტებით, ნიშნავს „მწვავე საზოგადოებრივ საჭიროებას“ (Handyside v. the United Kingdom (7 December 1976, Series A no. 24), Stoll v. Switzerland ([GC] no. 69698/01 , § 101, ECHR 2007-V); Animal Defenders International v. the United Kingdom [GC], no. 48876/08 , § 100, ECHR 2013; Morice v. France [GC], no. 29369/10 , § 124, 23 April 2015).

 

5.3. „სპეციალური კანონის“ კანონის პირველი მუხლის „ბ“ პუნქტის შესაბამისად, „აზრი“ განიმარტება, როგორც შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე, ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს. ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, აზრის ან ფაქტის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისას ყოველგვარი გონივრული ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს განცხადებაში მოყვანილი ცნობებისათვის აზრის სტატუსის მინიჭების სასარგებლოდ.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ აზრისა და ფაქტის ერთმანეთთან მჭიდრო კავშირის გამო მათი გამიჯვნა საკმაოდ რთულია, ამიტომ სადავო გამონათქვამის სწორი კვალიფიკაციისათვის უნდა შემოწმდეს მისი შინაარსი, გამოთქმის ფორმა და გამოთქმის კონტექსტი, რა ფაქტობრივი ელემენტებისაგან შედგება გამონათქვამი (იხ. სუსგ Nას-1477-1489-2011, 3 აპრილი, 2012 წელი). ცილისწამების ერთ-ერთი მაკვალიფიცირებელი ნიშანია განმცხადებლის მიერ იმ ფაქტების მითითება, რომლებიც რეალობასთან არც ისე შორსაა, უფრო კონკრეტულია და არა ზოგადი ხასიათის, უფრო მეტად ობიექტური შინაარსისაა, ვიდრე სუბიექტური და, რაც მთავარია, მათი დადასტურება (დამტკიცება) შესაძლებელია (იხ. სუსგ Nას-179-172-2012, 1 ოქტომბერი, 2014 წელი).

 

5.4. თავის გადაწყვეტილებებში, საქმეებზე: ,,ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ “ და ,,ობერშლიკი ავსტრიის წინააღმდეგ” სტრასბურგის სასამართლომ ზღვარი გაავლო ფაქტის შემცველ განხადებასა და შეფასებით მსჯელობას შორის და აღნიშნა, რომ ფაქტის არსებობა შეიძლება დემონსტრირებულ იქნას, მაშინ როცა შეფასებითი მსჯელობის სიმართლე შეუძლებელია მტკიცების საგანი იყოს. ამიტომ შეფასების სიმართლის დამტკიცება არ შეიძლება ვინმეს დაევალოს. ეს შეეწინააღმდეგებოდა თავად გამოხატვის თავისუფლების არსს (De Haes and Gijsels v. Belgium, 24 February 1997, §42, Reports-I). თუმცა, მაშინაც კი, როცა განცხადება შეფასებით მსჯელობად არის მიჩნეული, გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის პროპორციულობა შეიძლება იმაზე იყოს დამოკიდებული, არსებობს თუ არა ასეთი შეფასებისათვის საკმარისი „ფაქტობრივი საფუძველი“. თუ საკმარისი ფაქტობრივი საფუძველი არ არსებობს, მაშინ შეფასება შეიძლება გასცდეს პრივილეგიით დაცულ ზღვარს და მიჩნეულ იქნას, როგორც „გადაჭარბებული“ (De Haes and Gijsels, § 47; Oberschlick v. Austria (no. 2), 1 July 1997, § 33, Reports 1997-IV; Brasilier v. France, no. 71343/01 , § 36, 11 April 2006; and Lindon, Otchakovsky-Laurens and July, § 55).

 

5.5. საქმეზე ,,პერუზი იტალიის წინააღმდეგ” (Peruzzi v. Italy) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2015 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ,,იმისათვის, რათა მოხდეს წარმოთქმული სიტყვების გამართლება, თავდაპირველად ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტები და შეფასებითი მსჯელობა. ფაქტების არსებობა შეიძლება დამტკიცდეს, თუმცა შეფასებითი მსჯელობის დამტკიცება შეუძლებელია. (იხ. საქმე: ,,ობერშლიკი ავსტრიის წინააღმდეგ”, (Oberschlick v. Austria (no. 2),), № ECHR 1997), ასეთ შემთხვევაში მტკიცებულებების წარდგენა შეუძლებელია, შესაბამისად მისი წარდგენის მოთხოვნა ზღუდავს აზრის გამოხატვის თავისუფლებას, რაც მე-10 მუხლით განმტკიცებული უფლების ფუნდამენტს წარმოადგენს. (იხ. საქმე: ,,მორისი საფრანგეთის წინააღდმეგ”, (Morice v. France), [დიდი პალატა], №29369/10, §155, ECHR 2015). განცხადებების დაკვალიფიცირება ფაქტებად და შეფასებით მსჯელობად შედის ეროვნული ორგანოების კომპეტენციაში, განსაკუთრებით კი ეროვნული სასამართლოების კომპეტენციაში (იხ. საქმე ,,პრაგერი და ობერშლიკი ავსტრიის წინააღმდეგ”, (Prager and Oberschlick v. Austria), სერია ა, §313). თუმცა, მაშინაც კი, როდესაც გამონათქვამი წარმოადგენს შეფასებით მსჯელობას, მას უნდა გააჩნდეს საკმარისი ფაქტობრივი საფუძველი, სხვაგვარად იგი შეიძლება გადაჭარბებულად იქნეს მიჩნეული (იხ. საქმე: იერუსალიმი ავსტრიის წინააღმდეგ”, (Jerusalem v. Austria), №26958/95, §43, ECHR 2001-II და ზემოთ ციტირებული ორმანის საქმე, §64). გარდა ამისა, მე-10 მუხლით დაცულ სფეროში ჩარევის პროპორციულობის განხილვისას, ყურადღება უნდა მიექცეს ცილისწამების პროცედურებში პირის დაცვის მექანიზმების არსებობას. განსაკუთრებით, პირს რეალურად უნდა შეეძლოს დაამტკიცოს მის მიერ გაჟღერებული ბრალდებების ფაქტობრივი საფუძვლიანობა. (იხ.inter alia, საქმე ,,სტილი და მორისი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ”, (Steel and Morris v. the United Kingdom), №68416/01, §95, ECHR 2005-II, ასევე საქმე: ,,ჰასან იაზიჩი თურქეთის წინააღმდეგ”, (Hasan Yazıcı v. Turkey), №40877/07, §54, ECHR 2014, ასევე, ზემოთ ციტირებული მორისის საქმე §155).

 

5.6. გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური უფლება. როგორც ევროპული სასამართლო ხშირად აღნიშნავს: აზრის თავისუფალი გამოხატვის უფლება უმნიშვნელოვანესი გარანტიაა პირის დემოკრატიულ საზოგადოებაში ცხოვრებისთვის, შესაბამისად სასამართლო სიფრთხილით უდგება, ყველა იმ შემთხვევას, სადაც პირი ჩივის მე-10 მუხლის სავარაუდო დარღვევის თაობაზე. პრაქტიკის დახვეწასთან ერთად შეიქმნა გარკვეული ჯგუფები, რომელთაც გააჩნიათ კრიტიკის თმენის მეტი ვალდებულება (მაგალითად პოლიტიკოსები).

 

5.7. რაც შეეხება საჯარო მოხელეების მიმართ გამოთქმულ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს, ევროპულმა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში საქმეზე ,,ლეშნიკი სლოვაკეთის წინააღმდეგ“ (§53, 2003 წლის 11 მარტი, №35640/97) განმარტა, რომ „დასაშვები კრიტიკის საზღვრები ზოგიერთ შემთხვევაში უფრო ფართოა საჯარო მოხელეებისთვის ვიდრე კერძო პირებისთვის. თუმცა, პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, საჯარო მოხელეები გამიზნულად არ ხდიან საკუთარ ქმედებებს/მოსაზრებებს ფართო საზოგადოების კრიტიკის ობიექტად, შესაბამისად საჯარო მოხელეებისა და პოლიტიკოსების ქმედებების კრიტიკასთან მიმართებით არ შეიძლება არსებობდეს ერთიდაიგივე სტანდარტი.“ „იმისათვის, რათა საჯარო მოხელეებმა სრულყოფილად და ეფექტურად განახორციელონ მათზე დაკისრებული მოვალეობები, აუცილებელია მათ ჰქონდეთ საზოგადოების ნდობა, შესაბამისად სახელმწიფოს შესაძლებელია დასჭირდეს საჯარო მოხელეების დაცვა ისეთი გადამეტებული კრიტიკისგან, რომელიც შეურაცხყოფს მათ რეპუტაციას და რომელიც დაუსაბუთებელია.“ (იხ. საქმე: „ლეშნიკი სლოვაკეთის წინააღმდეგ“ , §53, 2003 წლის 11 მარტი, №35640/97, ასევე, საქმე: „UNGVÁRY AND IRODALOM KFT უნგრეთის წინააღმდეგ“, 2013 წლის 3 დეკემბერი, §44, 64520/10).

 

5.8. ასევე, თანამდებობის პირის ცილისწამებასთან დაკავშირებით, საქმეზე ,,კელლერი უნგრეთის წინააღმდეგ“ (33352/02), ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ,,იმისათვის, რათა შეფასდეს სადავო განცხადების გამართლებულობა, განსხვავება უნდა მოიძებნოს ფაქტის შესახებ განცხადებასა და შეფასებით მსჯელობას შორის, კერძოდ იმაში, რამდენადაც ფაქტების არსებობა შეიძლება დადასტურდეს, შეფასებითი მსჯელობის ნამდვილობა არ ექვემდებარება მტკიცებას. შეფასებითი მსჯელობის ნამდვილობის დამტკიცება ზოგადად შეუძლებელია და არღვევს აზრის თავისუფლებას, რომელიც არის მე-10 მუხლით დაცული უფლების ფუნდამენტური ნაწილი (იხ, მაგალითად, Lingens v. Austria, 1986 წლის 8 ივლისის გაადწყვეტილება, სერია A no. 103, გვ. 28, § 46; Oberschlick v. Austria (no. 1), 1991 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება, სერია A no. 204, გვ. 27, § 63). განცხადების, როგორც ფაქტის ან როგორც შეფასებითი მსჯელობის კლასიფიკაცია პირველ რიგში, ხვდება ეროვნული ხელისუფლების შეფასების ფარგლებში, კერძოდ, ეროვნული სასამართლოების (იხ. Prager და Oberschlick v. Austria, judgment of 26 April 1995 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება, სერია A no. 313, გვ. 18, § 36). However, even where a statement amounts to a value judgment, თუნდაც განცხადება წარმოადგენდეს შეფასებით მსჯელობას, უნდა არსებობდეს საკმარისი ფაქტობრივი ბაზისი მის გასამყარებლად, ამ პირობის შეუსრულებლობა შეიძლება იყოს გადაჭარბებული (Jerusalem v. Austria, no. 26958/95, § 43, ECHR 2001-II)“.

 

5.9. განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დგინდება, რომ მოპასუხის მიერ სადავო განცხადებების გაკეთებისას მოსარჩელე იყო ვ-----------------–-–----------------------- თავმჯდომარე, შესაბამისად, ,,სპეციალური კანონის„ მიზნებისათვის -საჯარო პირი (იხ. 3.1.2 და 3.1.3 უდავო ფაქტ. გარემოებები).

 

5.11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

„სპეციალური კანონის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აზრი დაცულია აბსოლუტური პირვილეგიით. ამავე კანონის პირველი მუხლის „ფ“ ქვეპუნქტის მიხედვით, აბსოლუტური პრივილეგია განმარტებულია, როგორც კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან პირის სრული და უპირობო განთავისუფლება. ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით, ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების შეზღუდვისას ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ამ უფლებების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ, ხოლო მე-5 პუნქტის თანახმად, აზრის ან ფაქტის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისას ყოველგვარი გონივრული ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს განცხადებაში მოყვანილი ცნობებისათვის აზრის სტატუსის მინიჭების სასარგებლოდ.

 

5.12. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო გამონათქვამები: ,,როცა ნელნელა ჩავიხედე ყველაფერში, აღმოვაჩინე, რომ ფულის კეთების სქემაა და სხვა არაფერი“; ,,ახლავე აგიხსნით, რა ჯდება ერთი ვეტერანის ჩასახლება, მინიმუმ: მანდ მიდის ფულის გათეთრება ერთი ერთზე, ნახევარი ტყდება“; ,,ვაიმე რას ამბობ? არ დაიჯერო, რომ შ----–---–- მარტოა“; ,,...ნახევარი დეპარტამენტი სამსახურში არ დადის, ვინც მთელი დღე ფეისბუქში ზის, საქმე არა აქვთ, ხელოვნურად გაბერილი შტატები“;, ,მოვიდა თუ არა შ----–---–- დაცვით დადის, ყველაფერს უშიშროებას უთანხმებს“ ; ,,თქვენ გგონიათ, მარტო შ----–---–თანაა მსგავსი პრობლემები? ყველგან კორუფციაა, მოსწრებაზე არიან. ჩვენ ქვეყანაში კი არა, დერეფანში ვცხოვრობთ, შ----–---–- კი გაიძახის, პოლიტიკოსი ვარო, მაგრამ ჩვეულებრივი საქმოსანია, ,,ძელეცი“ რომელიც მხოლოდ ფულზეა ორიენტირებული„ წარმოადგენს მოპასუხის, მოსარჩელესთან, მის საქმიანობასთან და სტატიაში ნახსენებ პროექტთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებს. მოპასუხე აღნიშნული განცხადებებით გამოხატავს მის პოზიციასა და აზრს, დეპარტამენტის საქმიანობის, პროექტთან და მის განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებთან დაკავშირებით და არ საუბრობს მტკიცებით ფორმაში. მოპასუხე არ მიუთითებს რომ იგი არის მის მიერ გამოთქმული მოსაზრებების პირველწყარო და მან დანამდვილებით იცის მომხდარის შესახებ. შესაბამისად, მოპასუხის ზემოაღნიშნული გამონათქვამები წარმოადგენს მოპასუხის აზრს და მოსარჩელეს, როგორც შესაბამის პერიოდში საჯარო მოხელეს, ეკისრება ასეთი გამონათქვამების თმენის ვალდებულება.

 

5.13. რაც შეეხება, გამონათქვამებს: ,,მაგაზე უარესს გეტყით: უკვე ვმუშაობდით, რამდენიმე თვის წინათ ერთ-ერთი ჩემი თანამებრძოლი მოვიდა, შ----–---–თან ჰქონდა საქმე. აღმოჩნდა, რომ მას კარგად იცნობდა. ვილაპარაკეთ, როცა ის წავიდა, მე და შ--- დავრჩით, კარი გაიღო, ვიღაც ბიჭი შემოვიდა, რაღაც ილაპარაკეს და გავიდა. ი-----–--–----–---–- მეუბნება, - აიო, ამან მოკლა გ---------–-–---–---, ამან ესროლაო, პროფესიონალიაო. მერე გავიგე, რომ გ---------–-–---–- და ი-----–--–----–---–- ერთი სოფლიდან ყოფილან, დიდი ხნის დაპირისპირება ჰქონიათ ერთმანეთში“, სასამართლო თვლის, რომ რამდენადაც მოსარჩელემ ,,სპეციალური კანონის“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტისა (ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს) და მე-14 მუხლის შესაბამისად (პირს ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა საჯარო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ, ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა და განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება), ვერ დაადასტურა, თუ რა ზიანი მიადგა მას ამ გამონათქვამით, არ არსებობს არც ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი წინაპირობები.

 

5.14. სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნის 1.6. პუნქტში მითითებული ცნობები: ,,მიწის ნაკვეთები არ რიგდებაო, ტყუილია - 25 კაცზეა გაცემული მიწის ნაკვეთი... აღმოჩნდა -25 კაცმა მიიღო ნაკვეთები“, წარმოადგენს ფაქტის შემცველ განცხადებას, თუმცა მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება ის გარემოება, რომ აღნიშნული გამონათქვამის ადრესატი იყო მოსარჩელე.

,,სპეციალური კანონის“ მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ცილისწამების თაობაზე სასამართლო დავის საგანი არ შეიძლება იყოს ისეთი განცხადება, რომელიც ეხება პირთა განუსაზღვრელ ჯგუფს ან/და რომელშიც მოსარჩელე არ არის ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირებული.

შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს ვერც ამ ცნობების უარყოფა ვერ დაევალება.

 

6. სასამართლო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 100 ლარი, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 55-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით,გადაწყვიტა:

 

1. ი-----–--–----–---–-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

2. მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

4. თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ზაალ მარუაშვილი