გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.11.2019
საქმის ნომერი
330210118002647255
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
11.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №-/27805-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

11 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ლილი ტყემალაძე

სხდომის მდივანი ანა მეშველიანი

 

მოსარჩელეები - რ----- კ-----–---–-ა, ნ--- ზ-----ე

წარმომადგენელი - გ------- ლ-----ა, ლ---- ლ-----ა

 

მოპასუხე - შპს „მ------ კ--------ი“

წარმომადგენელი - ზ------ მ-------ე

 

დავის საგანი - სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ნოტარიუსის მიერ 2016 წლის 19 თებერვალს გაცემული სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება - ვალდებულების მოცულობის 51 აშშ დოლარით განსაზღვრა ძირითადი თანხის ნაწილში, ხოლო პირგასამტეხლოს განსაზღვრა 300 აშშ დოლარით, ნაცვლად 2672 აშშ დოლარისა.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2012 წლის 19 დეკემბერს შპს „მ------ კ--------სა“ და ნ--- ზ-----ეს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად სესხის თანხა შეადგენდა 4000 აშშ დოლარის ექვივალენტ 6626 ლარს. სესხი გაიცა ორი თვის ვადით, თვეში სარგებლის -3,5%-ის დარიცხვით. სეხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, მდებარე თბილისი, დ---- დ------ი, მ--- მ/რ, კორპუსი №-, საკადასტრო კოდი 0----------------------. იპოთეკით დატვირთული ქონების მესაკუთრე გახდა შ----ა ლ-----ა, შემდგომში რ----- კ-----–---–-ა.

 

სესხის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ შ----ა ლ-----ა იხდიდა სესხის სარგებელს.

 

2016 წლის 19 თებერვალს მოპასუხის მოთხოვნის საფუძველზე ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა შეადგენდა სესხის თანხას 4000 აშშ დოლარს, ასევე სააღსრულებო ფურცლის გაცემამდე დარიცხულ პირგასამტეხლოს 2621 აშშ დოლარს და სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯს. სააღსრულებო ფურცლით დადგინდა იპოთეკის საგნის რეალიზაცია.

 

სააღსრულებო ფურცლის გაცემის შემდეგ 2016 წლის 31 მარტს შ----ა ლ-----ამ დაფარა სესხის თანხის დავალიანება 3949 აშშ დოლარით, რაც იმ დროს არსებული კურსით შეადგენდა 9350 ლარს.

 

2018 წლის 27 ივლისს მოპასუხემ სააღსრულებო ფურცელი წარადგინა თბილისის სააღსრულებო ბიუროში იძულებით აღსასრულებლად და მოითხოვა პირგასამტეხლოს 2672 აშშ დოლარის და სააღსრულებო ფურცლის გაცემის საფასურის გადახდევინება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი.

 

შესაგებელში განმარტებულია, რომ 2016 წლის 31 მარტს დაფარული დავალიანება შეადგენს 3949 აშშ დოლარს (იმ დროს არსებული კურსის (2,3679) მიხედვით 9350 ლარი).

 

მოთხოვნილი თანხა 2672 აშშ დოლარი წარმოადგენს არა პირგასამტეხლოს, არამედ ძირ თანხას, რაც წარმოადგენს დარჩენილ დავალიანებიდან 6621 აშშ დოლარიდან დარჩენილ დავალიანებას (2016 წლის 31 მარტს გადახდილი 3949 აშშ დოლარის გამოკლებით).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2012 წლის 19 დეკემბერს შპს „მ------ კ--------სა“ (იპოთეკარი) და ნ--- ზ-----ეს (მესაკუთრე) შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე იპოთეკარმა მესაკუთრეს ასესხა 4000 აშშ დოლარი, ყოველთვიურად სესხის ძირითად თანხაზე 3.5%-ის დარიცხვით.

 

ხელშეკრულების დამოწმებამდე იპოთეკარს მსესხებლისათვის თანხა გადაცემული ჰქონდა.

 

სესხი უნდა დაბრუნებულიყო 2 თვის ვადაში - 2013 წლის 19 თებერვალს.

 

სესხისა და მასზე დარიცხული პროცენტების დაბრუნება უზრუნველყოფილი იყო იპოთეკით. იპოთეკის საგანს წარმოადგენდა ავტოფარეხი, შენობა №--, ფართი 69.61 კვ.მ, მდებარე, თბილისი, დასახლება დ---- დ------ი, მ------რაიონი III, კორპუსი 2, საკადასტრო კოდი: 0----------------------, დაზუსტებული ფართობი 4385,00 კვ.მ.

 

უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოცულობა შეადგენდა 4280 აშშ დოლარს. იპოთეკით უზრუნველყოფილი იყო სესხი, მასზე დარიცხული პროცენტები, აგრეთვე შესაძლო ზიანი (სასამართლო და სააღსრულებო ხარჯები და სხვა).

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 22-26).

 

3.1.2. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მე-10 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის ხელშეკრულების დამრღვევი მხარე გადაიხდიდა პირგასამტეხლოს საერთო თანხის 0,1%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სააღსრულებო ფურცლის გაცემამდე.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 22-26).

 

3.1.3. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მე-9 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით იპოთეკარი (იგივე კ--------ორი) უფლებამოსილი იყო მიემართა ნოტარიუსისათვის სააღსრულებო ფურცლის მისაღებად.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 22-26).

 

3.1.4. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე 2016 წლის 19 თებერვალს ნოტარიუსმა (ე-–---- შ----–---–მა) გასცა №--------- სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვით ვალდებულების შესრულების დროა 2013 წლის 19 თებერვალი; აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხით - 4000 აშშ დოლარით, პირგასამტეხლო 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სააღსრულებო ფურცლის გაცემამდე - 2621 აშშ დოლარი, ჯამურად 6621 აშშ დოლარი; სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 126,72 ლარი და სააღსრულებო ხარჯი.

 

აღსასრულებელი ვალდებულების სახედ განისაზღვრა იპოთეკის საგნის რეალიზაცია: იპოთეკის საგანს წარმოადგენდა ნ--- ზ-----ის საკუთრებაში არსებული ავტოფარეხი, შენობა №--, ფართი 69.61 კვ.მ, მდებარე, თბილისი, დასახლება დ---- დ------ი, მ------რაიონი III, კორპუსი №-.

2018 წლის 27 ივლისს კ--------ორმა შპს „მ------ კ--------მა“ განცხადებით მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს №--------- სააღსრულებო ფურცლის იძულებითი აღსრულების მიზნით და მოითხოვა 2672 აშშ დოლარისა და 126,72 ლარის გადახდა.

 

თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 07 აგვიტოს გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადებით (A----------------) მოვალეს, ნ--- ზ-----ეს ეცნობა სააღსრულებო წარმოების დაწყებისა და კ--------ორის განცხადების შესახებ, რომლის თანახმად ნ--- ზ-----ეს დაეკისრა 2672 აშშ დოლარისა და 126,72 ლარის გადახდა.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

2018 წლის 20 აგვისტოს სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 35-37).

განცხადება (ს.ფ. 36).

გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადება (ს.ფ. 37-41).

 

3.1.5. 2016 წლის 31 მარტს შ----ა ლ-----ამ შპს „მ------ კ--------ის“ სასარგებლოდ, ნ--- ზ-----ის სასესხო ვალდებულების ძირითადი თანხის დაფარვის მიზნით, გადაიხადა 9350 ლარი, რაც იმ დროის გაცვლითი კურსის შესაბამისად შეადგენდა 3949 აშშ დოლარს.

 

სესხის ძირითადი თანხის დავალიანება შეადგენს 51 აშშ დოლარს.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

სს „ლ-------ი ბ---ის“ შემოსავლის ორდერი №---------- (ს.ფ. 35).

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 112-115).

მოპასუხის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 83).

 

3.1.6. 2012 წლის 25 დეკემბერის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ 0---------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება, მდებარე მდებარე, თბილისი, დასახლება დ---- დ------ი, მ------რაიონი III, კორპუსი 2, დაზუსტებული ფართობი 4385,00 კვ.მ. ავტოფარეხი შენობა №--, ფართი 69.61 კვ.მ 2011 წლის 30 სექტემბრიდან წარმოადგენდა ნ--- ზ-----ის საკუთრებას.

 

2016 წლის 26 თებერვლის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ აღნიშნული უძრავი ქონება 2016 წლის 26 თებერვლიდან აღირიცხა შ----ა ლ-----ას საკუთრებაში; 2018 წლის 31 მაისის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ აღნიშნული უძრავი ქონება 2018 წლის 31 მაისიდან აღირიცხა რ----- კ-----–---–-ას საკუთრებაში.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 18-21).

 

3.1.7. შპს „მ------ კ--------ის“ უფლებამონაცვლეს წარმოადგენს შპს „კ-------–ი“.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

შპს „კ-------–ის“ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 164-165).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

მხარეებს ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, მოსარჩელის მოთხოვნა დასაბუთებულია, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 420-ე, 623-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა 2012 წლის 19 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის თანახმად შპს „კ-------–მა“ ნ--- ზ-----ეს ასესხა 4000 აშშ დოლარი, ყოველთვიურად სესხის ძირითად თანხაზე 3,5%-ის დარიცხვით. დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2013 წლის 19 თებერვალი. სესხის თანხის მსესხებლის მიერ მიღების ფაქტი არ არის სადავო მხარეებს შორის.

 

„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე- 5 პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს იმ ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ, რომლის შესრულების ვადაც დამდგარია.

 

სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე 2016 წლის 19 თებერვალს ნოტარიუსმა გასცა №--------- სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვით ვალდებულების შესრულების დროა 2013 წლის 19 თებერვალი; აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხით - 4000 აშშ დოლარით, პირგასამტეხლო 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სააღსრულებო ფურცლის გაცემამდე - 2621 აშშ დოლარი, ჯამურად 6621 აშშ დოლარი.

 

დადგენილია, 2016 წლის 31 მარტს შ----ა ლ-----ამ შპს „მ------ კ--------ის“ სასარგებლოდ, ნ--- ზ-----ის სასესხო ვალდებულების ძირითადი თანხის დაფარვის მიზნით, გადაიხადა 9350 ლარი, რაც იმ დროის გაცვლითი კურსის შესაბამისად შეადგენდა 3949 აშშ დოლარს. შესაბამისად, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხიდან 4000 აშშ დოლარიდან 2016 წლის 31 მარტს დაიფარა 3949 აშშ დოლარი, დარჩენილმა ძირმა თანხამ კი შეადგინა 51 აშშ დოლარი. შესაბამისად, აღნიშნული ცვლილება უნდა შევიდეს სააღსრულებო ფურცელში და სესხის ძირითადი თანხა ნაცვლად 4000 აშშ დოლარისა უნდა განისაზღვროს 51 აშშ დოლარით.

 

6.2. სააღსრულებო ფურცლით მოთხოვნილია პირგასამტეხლო - 2621 აშშ დოლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

აღნიშნული ნორმის მიხედვით, პირგასამტეხლო მოვალეს ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში უპირობოდ ეკისრება. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ მოვალეს შეთანხმებულ ვადაში - 2013 წლის 19 თებერვლამდე ვალდებულება არ შეუსრულებია. ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მსესხებელს დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კ--------ორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კ--------ორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კ--------ორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა 2621 აშშ დოლარი არის შეუსაბამოდ მაღალი და მიზანშეწონილად მიაჩნია მისი შემცირება ვალდებულების დარღვევის შედეგად მოსალოდნელ სავარაუდო ზიანთან მიმართებაში; დამრღვევის მხრიდან ბრალის ხარისხის, დარღვევის სიმძიმისა და დარღვევის შედეგებიდან გამომდინარე, სასამართლოს გონივრულად მიაჩნია, რომ სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა შემცირდეს 300,00 აშშ დოლარამდე. შესაბამისად, აღნიშნული ცვლილება უნდა შევიდეს სააღსრულებო ფურცელში და პირგასამტეხლო ნაცვლად 2621 აშშ დოლარისა უნდა განისაზღვროს 300,00 აშშ დოლარით.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე დასაბუთებელია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოპასუხეს მოსარჩელეების სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 186,5 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება რჩება ძალაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნ--- ზ-----ისა და რ----- კ-----–---–-ას სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ნაწილობრივ გაუქმდეს ნოტარიუს ე-–---- შ----–---–ის მიერ 2016 წლის 19 თებერვალს გაცემული სააღსრულებო ფურცელი (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 1--------), კერძოდ ვალდებულების მოცულობა ძირითადი თანხის ნაწილში განისაზღვროს 51 აშშ დოლარით, ხოლო პირგასამტეხლოს ნაწილში - 300 აშშ დოლარით.

 

3. მოპასუხეს მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 186,5 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლილი ტყემალაძე