გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/37425-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
11 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მაკა ჭედია
სხდომის მდივანი კახა კომლაძე
მოსარჩელე მე-------------–---
წარმომადგენელი თე----------–-–---–-, მა-------------–-–---–-, ნი-------–----
მოპასუხე გვ--–--–---------
წარმომადგენელი ლა–--–-------, ლე---------–---–-
დავის საგანი ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე
ქმედებების დავალდებულება
აღწერილობითი ნაწილი
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაევალოს მოპასუხე გ---–--–--------ს ხელშეკრულების 3.2.1. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება:
1.1.1. 0--2--0--0---0-- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე მ--------------–--ის მიერ აშენებული ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცედურების უზრუნველყოფა, კერძოდ, შენობის ექსპლუატაციაში ჩაბარების შესახებ განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა.
1.1.2. თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ, N0--2--0--0---0-- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის მიერ აშენებული ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ დაევალოს გ---–--–--------ს მიწის ნაკვეთისა და შენობის ნახევარზე ½ წილზე მ--------------–--ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
მხარეთა შორის გაფორმდა შეთანხმება, მოპასუხის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე 1000 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე საცხოვრებელი სახლის მშენებლობის შესახებ. 2017 წლის 17 მაისს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შემსრულებელი ვალდებულებას იღებდა დამკვეთის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე ს/კ N0--2--0--0---0-- ფართობი 500 მ2, მისამართი, თბილისი, დ----–--------------------ს (ყოფილი კ-----) ქუჩა N6 ააშენოს საცხოვრებელი სახლი თანდართული პროექტის შესაბამისად.
ხელშეკრულების პირველი მუხლის 1.2. პუნქტის მიხედვით, მშენებლობის განხორციელება შემსრულებლის ვალდებულებაა, ყველა საჭირო რესურსის, საჭიროების შემთხვევაში ნებართვის და ა.შ. ჩათვლით. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 18 თვით წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერიდან.
მშენებლობის დასრულება (შემსრულებლის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება) უნდა დადასტურებულიყო არსებული წესით თბილისის მერიის მიერ შენობის ექსპლუატაციაში მიღებით.
ხელშეკრულების თანახმად, შემსრულებლის მიერ მშენებლობის დასრულებისა და აშენებული შენობის ექსპლუატაციაში მიღების/საჯარო რეესტრში რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღისა)დამკვეთი ვალდებულია საკუთრებაში გადასცეს მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთისა და წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე აშენებული შენობის 50% შემსრულებელს.
დამკვეთი გვ--–--–--------- ვალდებული იყო არ გაესხვისებინა და არ დაეტვირთა რაიმე ვალდებულებით მიწის ნაკვეთი წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების მანძილზე.
მხარეთა შორის დადებული შეთანხმების ყველა პირობა მოსარჩელემ ჯეროვნად შეასრულა. მან დაასრულა ნაგებობის აღმართვა. მოპასუხე თავს არიდებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას გადასცეს მოსარჩელეს საკუთრებაში მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილი შენობის 50%-თან ერთად.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნოს სარჩელის მოთხოვნა. მხარეთა შორის ხელშეკრულების პირობები განსაზღვრულია მათ შორის წერილობით გაფორმებულ ხელშეკრულებაში, მათ შორის შეთანხმება 1000 კვ.მ. შენობა-ნაგებობის აშენებასთან დაკავშირებით არ ყოფილა. მიწის ნაკვეთზე არსებული კოეფიციენტის გაზრდის ინტერესი მოსარჩელეს გააჩნდა. ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელეს ეკისრებოდა ვალდებულება აეშენებინა ორი ტოლფასი ღირებულებისა და ვიზუალური მონაცემების მქონე უძრავი ქონება, საიდანაც ერთი ნაწილი გადაეცემოდა მას, იმ შემთხვევაში, თუ იგი ჯეროვნად შეასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას, რაც მოიცავდა დადგენილი არქიტექტურული პროექტით მშენებლობის განხორციელებას, ყოველგვარი დარღვევის, კორექტირებებისა და ცვლილებების გარეშე. მან პროექტის დარღვევით განახორციელა მშენებლობა, რომელმაც გამოიწვია საჯარიმო სანქციის 10 000 ლარის მშენებლობაზე გავრცელება. ჯარიმის თანხის გადახდამდე, შეუძლებელია მშენებლობის ექსპლუატაციაში შესვლა. ჯარიმის გადახდის ვალდებულება მოსარჩელეს ეკისრება, რადგან ხელშეკრულების შესაბამისად მის ვალდებულებას წარმოადგენს უზრუნველყოს მშენებლობის ექსპლუატაციაში შესვლა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მე-------------–---სა და გ---–--–--------ს შორის 2017 წლის 17 მაისს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შემსრულებელი ვალდებულებას იღებს დამკვეთის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე ს/კ N0--2--0--0---0-- ფართობი 500 მ2, მისამართი, თბილისი, დ----–--------------------ს (ყოფილი კ-----) ქუჩა N6 ააშენოს საცხოვრებელი სახლი თანდართული პროექტის შესაბამისად.
ხელშეკრულების პირველი მუხლის 1.2. პუნქტის მიხედვით, მშენებლობის განხორციელება შემსრულებლის ვალდებულებაა, ყველა საჭირო რესურსის, საჭიროების შემთხვევაში ნებართვის და ა.შ. ჩათვლით. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 18 თვით წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერიდან.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მხარეთა ახსნა-განმარტება.
2017 წლის 17 მაისის ხელშეკრულება.
3.1.2. მშენებლობის დასრულება (შემსრულებლის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება) უნდა დადასტურებულიყო არსებული წესით თბილისის მერიის მიერ შენობის ექსპლუატაციაში მიღებით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მხარეთა ახსნა-განმარტება.
2017 წლის 17 მაისის ხელშეკრულება.
3.1.3. ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1. პუნქტის 3.1.2. ქვეპუნქტის თანახმად, დამკვეთის ვალდებულებაა: შემსრულებლის მიერ მშენებლობის დასრულებისა და აშენებული შენობის ექსპლუატაციაში მიღების/საჯარო რეესტრში რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღისა) საკუთრებაში გადასცეს მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთისა და წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე აშენებული შენობის 50% შემსრულებელს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მხარეთა ახსნა-განმარტება.
2017 წლის 17 მაისის ხელშეკრულება.
3.1.4. გვ--–--–---------ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მ--------------–--ის ხარჯით აღმართულია შენობა-ნაგებობა.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მხარეთა ახსნა-განმარტება.
სასაქონლო ზედნადებები.
შედარების აქტები.
ფაქტების კონსტატაციის ოქმი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასარჩელო მოთხოვნების შინაარსიდან გამომდინარე, დავის გადაწყვეტისათვის, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია, იმსჯელოს მხარეთა შორის სადავო ფაქტობრივ გარემოებებზე, მოსარჩელე მ--------------–--ის მიერ ვალდებულების ჯეროვან შესრულებასთან, მათ შორის პროექტის დარღვევით მშენებლობის წარმოებასთან, პროექტის დარღვევის გამო მშენებლობის პროცესში დამატებითი ხარჯების წარმოშობასთან, (ჯარიმის), სადავო სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მხარეთა უფლება-მოვალეობებთან დაკავშირებით.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს სასარჩელო მოთხოვნების შინაარსიდან გამომდინარე, მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები , რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე, 361-ე მუხლებით.
საქართველოს კონსტიტუცია.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება წარმოადგენს მართლმსაჯულების აქტს, რომელიც გამოიტანება საქმის განხილვის შედეგად და მისი სამართლებრივი შედეგები კონსტიტუციითაა რეგლამენტირებული. საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სასამართლოს აქტები შესასრულებლად სავალდებულოა. სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისათვის ხელის შეშლა ისჯება კანონით. სასამართლო გადაწყვეტილების უპირველესი ფუნქცია მოდავე პირებისათვის უფლებათა და ვალდებულებათა არსებობა-არარსებობის დადგენაა, რაც საბოლოოდ უზრუნველყოფს მართლწესრიგის დამკვიდრებასა და სამართალდარღვევის პროფილაქტიკას. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 59-ე მუხლის დანაწესი მართლმსაჯულებას ახორციელებენ საერთო სასამართლოები, ერთმნიშვნელოვნად გულისხმობს, რომ სამოქალაქო საქმეებზე მართლმსაჯულება უნდა განხორციელდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესებით. სასამართლო გადაწყვეტილების მნიშვნელობიდან გამომდინარე, კანონი აწესებს მკაცრ მოთხოვნებს სასამართლო გადაწყვეტილების შინაარსთან მიმართებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დანაწესით, რომ ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა (მე-2 მუხლი), პირის სასამართლოსათვის მიმართვის უფლებასთან ერთად მოიაზრება სასამართლოს ვალდებულება, დასაბუთებულად და სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისად დააკმაყოფილოს ან უარი უთხრას მის მოთხოვნას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-5 ნაწილი იმპერატიულად ადგენს, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს დასკვნას სარჩელის დაკმაყოფილების ან სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ, მითითებას სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე, აგრეთვე, მითითებას გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადასა და წესზე. ამდენად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ზუსტად უნდა განსაზღვრავდეს მოდავე პირთა უფლებებსა და ვალდებულებებს. ამავდროულად, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამომავლოდ არ უნდა ქმნიდეს გაურკვევლობისა და საეჭვოობის, შესაბამისად, მისი აღუსრულებლობისა და კვლავ სადავოობის განცდას. ყოველივე აღნიშნული არღვევს პირის როგორც ეროვნული კანონმდებლობით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას (იხ. კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი). ამ მხრივ საგულისხმოა საქმეზე აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნა. წინამდებარე საქმეში განმცხადებლის საჩივარი ეხება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. სასამართლოს მითითებით, “აღნიშნული უფლება, რომელიც აშკარად კონვენციის არც ერთ დებულებაში არ არის მოცემული, კონვენციის ორგანოების მიერ ინტერპრეტირებული იქნა, როგორც “სასამართლო პროცესის” განუყოფელი ნაწილი მეექვსე მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის. სასამართლო შეგვახსენებს, რომ მეექვსე მუხლის პირველი პუნქტი ნებისმიერ პირს აძლევს შესაძლებლობას სასამართლოს წარუდგინოს თავის სამოქალაქო უფლებებსა და მოვალეობებთან დაკავშირებული სარჩელი. სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება. მხარეთა ეფექტიანი დაცვა და კანონიერების აღდგენა გულისხმობს ადმინისტრაციული უწყებების მიერ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ვალდებულებას. საქმეში -შპს “იზა” და მ-ძე საქართველოს წინააღმდეგ სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანი განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ კონტრაქტორი სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა, ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითი დარჩენილიყო. ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება “სასამართლო პროცესის” განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე. სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულოობა დღის წესრიგში აყენებს მისი აღსრულებადობის უზრუნველყოფის საკითხს. თუ პირი, რომლის მიმართაცაა სასამართლო აქტი გამოცემული, თავისი ნებით არ შეასრულებს ამ გადაწყვეტილებას, კრედიტორის განცხადების საფუძველზე, საქმეში ერთვება საამისოდ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო -სააღსრულებო ბიურო, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების აღსრულებას „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ამ კანონის პირველი მუხლის მიხედვით, ეს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების მიერ მიღებული აქტების აღსრულების წესსა და პირობებს. ამავე კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის გარეშე, რომელშიც ასახულია აღსასრულებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. ამდენად, სააღსრულებო ბიუროს ფუნქცია კანონით მკაცრადაა განსაზღვრული და მან უნდა უზრუნველყოს აღსასრულებლად გადაცემულ სასამართლო აქტში -სააღსრულებო ფურცელში განსაზღვრული მოქმედებების ზუსტ შესაბამისობაში აღსრულება. აღსასრულებელი გადაწყვეტილების დაუზუსტებლობა კი იწვევს აღმასრულებლის მხრიდან მისი განმარტების აუცილებლობას (“სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლი).
სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
აღნიშნული ნორმის ანალიზით ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა კერძო სამართლის სუბიექტებს - კრედიტორსა და მოვალეს შორის ურთიერთობაა, შესაბამისად, მოთხოვნაზე უფლებამოსილი და შესრულებაზე ვალდებული, სწორედ, ეს პირები არიან. იგივე დანაწესია ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელ ნორმებშიც (სამოქალაქო კოდექსის 629-656-ე მუხლები), რომლითაც ამ ხელშეკრულების მხარეთა უფლება-მოვალეობანი სწორედ ამ მხარეებს - მენარდესა და შემკვეთს გააჩნიათ. ნარდობის ხელშეკრულება დადებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც მხარეები მის ყველა არსებით პირობებზე შეთანხმდებიან კანონით გათვალისწინებული ფორმით. ნარდობის ხელშეკრულებით მენარდის ძირითადი ვალდებულებაა, შეასრულოს მისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური (სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილი).
კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მე-------------–---სა და გ---–--–--------ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე, რომლის შესაბამისად, მოსარჩელეს როგორც მენარდეს ეკისრებოდა საკუთარი ხარჯით, შემკვეთის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე შენობის აღმართვის ვალდებულება. აღნიშნულის სანაცვლოდ მოპასუხე კისრულობდა ვალდებულებას, მისთვის საკუთრებაში გადაეცა მიწის ნაკვეთიდან და შენობიდან 50%.
მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნებია დაევალოს მოპასუხეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, კერძოდ, მოსარჩელის მიერ მოპასუხის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე აშენებული ნაგებობის ექსპლუატაციაში ჩაბარების შესახებ განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა და აშენებული ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ მიწის ნაკვეთისა და შენობის ნახევარზე ½ წილზე მ--------------–--ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ეს დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს.
სასამართლო განმარტავს, რომ მშენებლობის დასრულების შემდეგ, დასრულებული შენობის ექსპლუატაციაში შესვლასთან დაკავშირებული პროცედურების უზრუნველყოფა, სცილდება ნარდობის კერძო სახელშეკრულებო ურთიერთობის სუბიექტების უფლება-მოვალეობების შინაარსს და საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროში შედის. ზემოაღნიშნული დადგენილების 95-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, განხორციელებული მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღება ნიშნავს დასრულებული მშენებლობის სანებართვო პირობებთან შესაბამისობის საბოლოო დადგენას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება შესაძლებელია, თუ წარმოებული მშენებლობის შედეგად შესრულდა და არ არის დარღვეული სანებართვო პირობებით განსაზღვრული ვალდებულებები.
ამავე დადგენილების 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის უფლებამოსილ ორგანოს შენობა-ნაგებობის შესაბამისი კლასისათვის ექსპლუატაციაში მიღებისათვის განსაზღვრულ ვადაში დამკვეთი მიმართავს განცხადებით, რომელსაც უნდა ერთვოდეს ამავე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული დოკუმენტები. დადგენილების 97-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო განმარტავს, რომ მშენებლობის ექსპლუატაციაში მისაღებად საჭიროა დამკვეთის, ამ შემთხვევაში გვ--–--–---------ს განცხადება, რომლის საფუძველზეც დაიწყება ადმინისტრაციული წარმოება, რომლის შედეგადაც შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო მიიღებს გადაწყვეტილებას. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც დასრულებული მშენებლობის ექსპლუატაციაში შესვლა დამოკიდებულია ადმინისტრაციული წარმოების პროცესის შედეგად, უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებაზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩება და ვერ უზრუნველყოფს ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, მესაკუთრის ვალდებულების შესასრულებლად, უძრავი ქონების ნახევარზე, მენარდის (მოსარჩელის) საკუთრების უფლების დადგენას.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. დასახელებული ნორმის მესამე ნაწილის მიხედვით კი, სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
რადგან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 3000 ლარის ოდენობით, ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
რადგან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უნდა გაუქმდეს მ--------------–--ის სარჩელზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე გ---–--–--------ს (პ/ნ 0----------) აეკრძალა მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე - ქ. თბილისი, დ----–------- ქუჩა ფ------------ყოფ. კ----) N6, დაზუსტებული ფართობი: 500 კვ.მ. საკადასტრო კოდი 0--2--0--0---0-- გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 2591-ე 367-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. მ--------------–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაკა ჭედია