გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 11.11.2019
საქმის ნომერი
080316619003227906
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა საქმეები
თარიღი
11.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080316619003227906

საქმე №3/605-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შემაკავებელი ორდერის გაუქმების შესახებ

11 ნოემბერი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლელა მილდენბერგერი

სხდომის მდივანი ალექსანდრე ხაჭაპურიძე

მოსარჩელე - ე--------------;

ადვოკატი - ნ----------------–--;

მოპასუხე (შემაკავებელი ორდერის გამომცემი უფლებამოსილი ორგანო - საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველო;

წარმომადგენელი - დ----------–----;

დაინტერესებული პირი - ი--------------ა;

დავის საგანი - შემაკავებელი ორდერი გაუქმება;

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

გაუქმდეს საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ - ინსპექტორის მიერ 2019 წლის 6 ოქტომბრის გამოცემული N003791 შემაკავებელი ორდერი.

 

მოსარჩელის განმარტებით, შემაკავებელ ორდერში აღნიშნული გარემოებები არ შეესაბამება სიმართლეს, მისი მხრიდან ი--------------ას მიმართ არანაირი ძალადობის განხორციელებას ადგილი არ ჰქონია. პატრულ-ინსპექტორის მიერ არ გამოკვლეულა გარემოებები და ისე იქნა შედგენილია შემაკავებელი ორდერი;

 

2. მოპასუხისა და დაინტერესებული პირის პოზიცია

 

2.1 მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელი არ დაეთანხმა ე--------------ს სასარჩელო მოთხოვნას;

 

2.2 დაინტერესებული პირი ი--------------ა სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა;

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი სადაო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ 2019 წლის 6 ოქტომბერს 22:01 საათზე რადიო სადგური „რიონი - 112“-ის საშუალებით მიღებული შეტყობინების საფუძველზე პატრულ ინსპექტორები გამოცხადდნენ ქუთაისი, ზ. ჭ-------ის გამზ. N50-თან, სადაც შეტყობინების ინიციატორმა მ----------იმ ითხოვა დახმარება ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტთან დაკავშირებით.

 

ადგილზე მისვლისას გაირკვა, რომ ემირა ნარმანიამ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ი--------------ას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შეტყობინება N2649399;

- რეაგირების ოქმი;

 

3.1.2. საქმეში წარმოდგენილია ი--------------ას ახსნა-განმარტება, რომლის თანახმად ამა წლის 6 ოქტომბერს, იგი მივიდა მისი მამინაცვალის ე--------------ს საცხოვრებელ სახლში მისი და დედის პირადი ნივთების წამოსაღებად, რა დროსაც მათ შორის მოხდა შელაპარაკება, რის შემდეგაც ე--------------მ მას მიაყენა, როგორც სიტყვიერი ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნულის გამო მან დახმარება სთხოვა დედის მეგობარს მ----------ის, რათა დაერეკა პოლიციაში და მისთვის გაეწიათ დახმარება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ი. სტარინინას ახსნა-განმარტება;

 

3.1.3. საქმეში წარმოდგენილია ე-–--------------ას ახსნა-განმარტება, სადაც იგი აღნიშნავს, რომ 2019 წლის 6 ოქტომბერს მისმა შვილმა დაურეკა მ----------ის და სთხოვა პოლიციაში დარეკვა, იმ მოტივით, რომ მისმა ყოფილმა მეუღლემ ე--------------მ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მის შვილს, რომელიც მასთან მივიდა პირადი ნივთების წამოსაღებად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ე. სტარინინას ახსნა-განმარტება;

 

3.1.4. დადგენილია, რომ საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ ინსპექტორის მიერ 2019 წლის 6 ოქტომბერს გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც ე--------------ს 30 დღით აეკრძალა ი--------------ას სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს. ე--------------ს აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. ასევე, ე--------------ს აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. შემაკავებელი ორდერის გამოცემას საფუძვლად დაედო ე--------------ს მხრიდან ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა, კერძოდ, ე--------------მ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ი--------------ას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- N003791 შემაკავებელი ორდერი;

- შემაკავებელი ორდერის ოქმი;

 

3.1.6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ხ----------–---–--მ აღნიშნა, რომ 2019 წლის 6 ოქტომბერს იმყოფებოდა მის საცხოვრებელ სახლის აივანზე, ქ. ქუთაისში, ჭ-------ის გამზ. N50 (კოტეჯი 34), რა დროსაც მის სახლში მივიდა ი--------------ა, რომელიც მის მეუღლემ შეიპატიჟა სახლში. ცოტა ხანში ასევე სახლში მივიდა მისი ცოლისძმა ე--------------, რომელიც საუბრობდა ი--------------ასთან. გარკვეული დროის შემდეგ იანა გარეთ გამოვიდა, გადავიდა ეზოდან, სურდა მეზობლის ეზოში შესვლა, რამდენიმე წუთში კი გამოიარა ტაქსმა, იანა ჩაჯდა ტაქსში და წავიდა. მოწმე აღნიშნავს, რომ ე--------------ს მისთვის არც სიტყვიერი და არც ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოწმის ჩვენება;

- ახსნა-განმარტება;

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმებისა და წარმოდგენილ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე და „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმე, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო სარჩელს წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან ნაწილობრივ გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო მე-10 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები, ამავე მუხლის მე-36 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე. იგი 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს, ხოლო შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში. ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის დ----------–----ს მიერ, 2019 წლის 6 ოქტომბერს გამოცემული იქნა №003791 შემაკავებელი ორდერი, მოძალადე - ე--------------ს მიმართ, მსხვერპლი - ი--------------ა. შემაკავებელი ორდერში ძალადობის ფორმად მითითებულია - ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა. ორდერის შედგენის საფუძვლად მითითებულია შემდეგი გარემოება - ე--------------მ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ი--------------ას.

 

ამასთან, შემაკავებელი ორდერი დამტკიცდა შემდეგი პირობებით: ე--------------ს 30 დღით აეკრძალა ი--------------ას სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს. ე--------------ს აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. ასევე, ე--------------ს აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

 

6.2. ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლი განმარტავს ძალადობის თითოეული ზემოაღნიშნული ფორმის არსს: ა) ფიზიკური ძალადობა – ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს; ბ) ფსიქოლოგიური ძალადობა - შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; გ) იძულება - ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება; დ) სექსუალური ძალადობა - სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ; ე) ეკონომიკური ძალადობა - ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას; ე1)არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა − მშობლის (მშობლების), სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან/და სხვა პასუხისმგებელი პირის მიერ არასრულწლოვნის ფიზიკური და ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საფრთხისაგან დაუცველობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო და სხვა მომსახურებებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა, თუკი მშობელს (მშობლებს), სხვა კანონიერ წარმომადგენელს ან/და სხვა პასუხისმგებელ პირს აქვს (აქვთ) სათანადო ინფორმაცია და შესაძლებლობა და ხელი მიუწვდება (მიუწვდებათ) შესაბამის მომსახურებაზე.

 

ამდენად, მითითებული საკანონმდებლო აქტების დანაწესების გათვალისწინებით, სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს, მოცემულ შემთხვევაში, ადგილი აქვს თუ არა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ისეთი სახის ძალადობის გამოყენებით, როგორიცაა ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ ,,შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის ფორმების დამტკიცების, აგრეთვე მათი შედგენის უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 13 ივლისის N81 ბრძანებით რეგულირებულია შემაკავებელი ორდერის დანართი N1 და დანართი N2 ფორმები. მითითებული ბრძანების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განმეორებითი ძალადობის რისკებისა და რისკის სიმძიმის შეფასება ხორციელდება შემაკავებელი ორდერის ოქმში ასახული კითხვების საშუალებით. მე-2 პუნქტის თანახმად, განმეორებითი ძალადობის რისკის სიმძიმე შეიძლება იყოს დაბალი, საშუალო და მაღალი, რომლის განსაზღვრა ხდება შემაკავებელი ორდერის ოქმში მითითებული კითხვებისთვის მინიჭებული ქულების საფუძველზე. მე-3 პუნქტის ბოლო წინადადების თანახმად კი, განმეორებითი ძალადობის დაბალი რისკი სახეზეა იმ შემთხვევაში, თუ დადებითი პასუხი ფიქსირდება შემაკავებელი ორდერის ოქმში მითითებულ მხოლოდ ისეთ კითხვებზე, რომელსაც მინიჭებული აქვს 1 ქულა. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, როცა სახეზეა განმეორებითი ძალადობის მაღალი ან საშუალო რისკი, ორდერი გამოიცემა 1 თვის ვადით, ხოლო როცა სახეზეა დაბალი რისკი, ორდერი შეიძლება გამოცემული იქნეს უფრო მცირე ვადითაც.

 

საქმეში წარმოდგენილი N003791 შემაკავებელი ორდერის დანართის ოქმის (დანართი N2) თანახმად, მე-4 გრაფის მე-12 პუნქტში კითხვაზე - ,,მოძალადე გაკონტროლებთ? რაში გამოიხატება არასასურველი კონტროლი’’ - მსხვერპლი მიუთითებს - აკონტროლებს მის გადაადგილებას (3 ქულა). კითხვაზე - ,,მოძალადემ შეგიზღუდათ თუ არა შრომის უფლება ან შეგიზღუდათ წვდომა საკუთრებაზე, თანხაზე, საკვებზე ან/და ოჯახში არსებულ სხვა რესურსებზე’’ - პასუხი - კი (1 ქულა).

 

სასამართლო განმარტავს, რომ შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ შემაკავებელი ორდერის შედგენისას კანონით დადგენილი სავალდებულო პირობების შესრულება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ფაქტის მიმართ მყისიერი და იმ წუთიერი რეაგირება გულისხმობს არა მხოლოდ სავარაუდო მსხვერპლის ჩვენების საფუძველზე რეაგირებას, არამედ იმ შემთხვევაში, თუ ინციდენტის ირგვლივ არსებობს რელევანტური და უცვლელი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა, უპირობოდ მოპოვებული და დაფიქსირებული იქნეს ყველა მტკიცებულება, რაც საკითხის ობიექტურად შეფასების შესაძლებლობას დაედება საფუძვლად. ინციდენტის შედეგად შემაკავებელი ორდერის შედგენამდე ყველა გარემოების გამოკვლევის ვალდებულება პოლიციის თანამშრომელს კანონით აქვს დაკისრებული. იმის გამო, რომ გამოკითხვის მონაცემები ძალადობის მსხვერპლის შესახებ ინფორმაციის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს, შეგროვებული ინფორმაცია კოორდინირებული ქმედების შედეგად უნდა იქნეს მიღებული. ეს გულისხმობს, რომ მონაცემთა შეგროვება უნდა მიმდინარეობდეს კონკრეტული მიზნებისთვის და ადმინისტრაციული თუ გამოკითხვის მონაცემები მაქსიმალურად ობიექტურ ფაქტებს უნდა ასახავდეს, რათა ერთის მხრივ, სავარაუდო მსხვერპლის დაცვის ყველა საშუალება იქნეს გამოყენებული და მეორეს მხრივ, სავარაუდო მსხვერპლს ან/და სავარაუდო მოძალადეს არ ჰქონდეთ შემდგომ ფაქტების არასწორი ინტერპრეტაციით მანიპულაციის საშუალება.

 

სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია განმარტოს შემაკავებელი ორდერის დანიშნულება და მიზანი. შემაკავებელი ორდერის გამოცემის მიზანს წარმოადგენს დაიცვას მსხვერპლი ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური იძულების, უგულებელყოფის და ეკონომიკური ძალადობისაგან. შესაბამისად, ყველა პირობა, რაც მითითებული იქნება შემაკავებელ ორდერში მიმართული უნდა იყოს და უნდა ემსახურებოდეს მსხვერპლის ძალადობისაგან დაცვას. ამდენად, შემაკავებელი ორდერის დანიშნულებას უნდა წარმოადგენდეს მსხვერპლის დაცვა და მოძალადისათვის ისეთი ქმედებების განხორცილების აკრძალვა, რაც ადამიანს აქცევს ფიზიკური, ფსიქოლოგიური ეკონომიკური თუ სხვა სახის ძალადობის მსხვერპლად, თუმცა აღნიშნული ღონისძიების გამოყენებამ არ უნდა გამოიწვიოს იმ უფლებებისა და თავისუფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვა, რაც დაცულია საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. სახელმწიფოს (მისი უფლებამოსილ პირის) მხრიდან ისეთი ღონისძიების განხორციელება, რომელიც პირს აყენებს მკაცრი, შემზღუდავი პირობის შესრულების ვალდებულების წინაშე, კანონის ზედმიწევნით დაცვითა და საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად უნდა ხორციელდებოდეს.

 

მოცემულ შემთხვევაში შემაკავებელი ორდერის გამოცემის საფუძველს წარმოადგენს ე--------------ს მიერ ი--------------ას მიმართ განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. კონკრეტულად კი, შემაკავებელი ორდერის თანახმად, მამინაცვალმა ემირი ნარმანიამ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ი--------------ას. შემაკავებელი ორდერისა და ორდერის ოქმში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით ე-------------- განმარტავს, რომ მას ი--------------ას დედასთა არ აკავშირებს რაიმე ოჯახური ურთიერთობა, ისინი მხოლოდ ნაცნობები არინ და არასოდეს ჰქონიათ ოჯახური ურთიერთობები. ი--------------ა და დედამისი ლენა სტარინინა გაიცნო რუსეთში, ხოლო მას შემდეგ რაც მათ გადაწყვიტეს საქართველოში ცხოვრება ის მხოლოდ მეგობრულად ეხმარებოდა მათ. რაც შეეხება 6 ოქტომბერს ი--------------ასთან შეხვედრის მიზეზებს, ემირი ნარმანიამ განმარტა, რომ მისი დის ოჯახში ინახებოდა სტარინინების ნივთები და იანა მივიდა მათ წასაღებად. ხოლო რაც შეეხება შემაკავებელი ორდერში ოქმში მითითებულ გარემოებას იმის თაობაზე, რომ ტუჩებზე შეინიშნება სისხლჩაქცევები, სხდომაზე აღნიშნულთან დაკავშირებით ე--------------მ განმარტა, რომ იანა სტარინას ტუჩზე ეტყობოდა ნანემსარები, კერძოდ გაკეთებული ჰქონდა ბოტოქსი, რისი შედეგიც იყო სისხლჩაქცევები, ტუჩის გაწითლება.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ იმისათვის რომ ე--------------ს მხრიდან განხორციელებული ქმედება მიჩნეული იქნეს ფსიქოლოგიურ ძალადობად, ბუნებრივი პირველ რიგში, უტყუარად უნდა იქნეს დადგენილი, რომ აღნიშნული ფაქტს ჰქონდა ადგილი, ხოლო შემდგომ უნდა მიეცეს შეფასება იმ გარემოებას, ქმედების შედეგად იკვეთება თუ არა ფსიქოლოგიური ძალადობა ან ასეთი ძალადობის ნიშნები. ამდენად, სახეზე უნდა იყოს ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ფსიქოლოგიური ძალადობის დეფინიციის შემცველი ისეთი ქმედება, როგორიცაა შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; ანუ, სავარაუდო მსხვერპლის მიმართ გამოვლენილი ქმედება უნდა შეიცავდეს ისეთ ემოციურ ან/და მორალური ძალადობის ნიშნებს, რომ იწვევდეს მსხვერპლის ფსიქოლოგიურ ტრავმირებას - შფოთვას, დეპრესიას, სტრესულ, ნერვიულ მოშლილობას, დათრგუნულობას, ღირსების გრძნობის შელახვას. კონკრეტულად ბავშვის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობა მოიცავს მის დაშინებას, ოჯახის წევრების მხრიდან კრიტიკას, აგრესიულ დამოკიდებულებას, ზოგ შემთხვევაში - უსამართლო დადანაშაულებას, ბრალდებებს, მომეტებული კონტროლის პრაქტიკას, დაცინვას, ყვირილს, სისტემატურ შეურაცხყოფას, დამამცირებელ მიმართვას, მუქარას და ა.შ. ფსიქოლოგიური ძალადობის არსებობა უნდა დასტურდებოდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით - წერილობითი, ვიდეო, აუდიო ჩანაწერებით, მოწმეთა ჩვენებები და ა.შ. და უნდა იყოს შემაკავებელი ორდერის გამოცემის დროისათვის აქტუალური. სასამართლოს მოსაზრებით, საქმის მასალებით და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე უტყუარად არ დასტურდება ის ფაქტი, რომ ე--------------ს მხრიდან ი--------------ას მიმართ ადგილი ჰქონდა ისეთი სახის სიტყვიერ სახის ქმედებას, რომელიც „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მიზნობრიობიდან გამომდინარე ფსიქოლოგიურ ძალადობად შეიძლება იქნეს მიჩნეული. სასამართლოს მიაჩნია, რომ ე--------------ს, ი--------------ას და შემაკავებელი ორდერის შემდგენი პირის მიერ მოცემული ახსნა-განმარტებითა, მოწმეთა ჩვენებებით და საქმეზე წარმოდგენილი და საქმის განხილვის დროს გამოკვლეული სხვა სახის მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება, რომ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას, ხოლო, ი--------------ას წერილობითი ახსნა-განმარტება, სხვა მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, ვერ გახდება შემაკავებელი ორდერის ძალაში დატოვების საფუძველი, რადგან საქართველოს კონსტიტუციის 31.7-ე მუხლის თანახმად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის, მოცემულ შემთხვევაში კი სარჩელის ავტორის სასარგებლოდ.

 

ამდენად, იმისათვის, რომ შემაკავებელი ორდერი გამოცემული იქნეს მიზნობრივად, სახეზე უნდა იყოს - მოძალადის მხრიდან ძალადობის გზით რაიმე მიზნის მიღწევის სურვილი და, ამ სურვილიდან გამომდინარე, ადგილი უნდა ჰქონდეს მსხვერპლის მიმართ ძალადობის ფაქტს (რაც მოძალადის მხრიდან მოიცავს ქცევის ან მახასიათებლების გამოყენებას), რომელიც მიზნის მიღწევის საშუალებას წარმოადგენს. შესაბამისად, ძალადობა (ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური) თავისი შინაარსით ურთიერთობის მოტივაციას წარმოადგენს და ქმედებას ოჯახში ძალადობის დეფინიციის სფეროში მოაქცევს, აღნიშნული კი სათანადო ორგანოების მხრიდან ადეკვატური რეაგირების საფუძველი უნდა იყოს. ამდენად, იმისათვის რომ ე--------------ს მხრიდან ი--------------ას მიმართ განხორციელებული ქმედება ჩაითვალოს ძალადობად ის უნდა წარმოადგენდეს მოძალადის განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მსხვერპლის, როგორც ძალადობის ძირითად მოტივად არსებულ სუბიექტის მიმართ, ან უნდა ეფუძნებოდეს მოძალადის სურვილს ოჯახში - როგორც ვიწრო სოციალურ სივრცეში - წარმოადგენდეს დომინანტ სუბიექტს, რაც მოძალადისა და მსხვერპლის შორის ძალაუფლების არათანაბარი განაწილების მიზეზია და იწვევს მსხვერპლის დაქვემდებარებულ მდგომარეობას როგორც კერძო, ისე საჯარო სფეროები.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ შემაკავებელი ორდერის სამართლებრივი მოქმედების პრინციპი ეყრდნობა მხარეთა შორის არსებული იმწუთიერი, კონკრეტულ დროში აღმოცენებული კონფლიქტის სწრაფი რეაგირებით მოწესრიგებას, რათა სავარაუდო კონფლიქტის მონაწილე მხარეები (მსხვერპლი და მოძალადე) დაცულები იყვნენ შემდგომი ვითარების ესკალაციისგან და იმ საფრთხეებისგან, რაც შეიძლება დაპირისპირებული მხარეების ქმედებამ გამოიწვიოს. სასამართლოს, საქმის გარემოებების ანალიზის საფუძველზე მიაჩნია, რომ ე--------------ს მხრიდან ადგილი არ ჰქონია ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის დარღვევას. მისი მხრიდან არ იკვეთება ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელი ნიშნები, რომელიც ზეგავლენას მოახდენდა ქცევის იმ მოდელზე, რაც ძალადობის გამოვლინებაში გამოიხატებოდა. სასამართლოზე ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება და ვერც მხარეთა მიერ იქნა მითითებული ისეთ გარემოებაზე, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა, რომ ე--------------მ განახორციელა ან/და არსებობს საშიშროება, რომ ე--------------მ მომავალში განახორციელებს ძალადობას ი--------------ას მიმართ.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმით დამკვიდრებული მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო, მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ, თავად წყვეტს რომელი მათგანი უნდა მიიჩნიოს სარწმუნოდ და გაიზიაროს. სასამართლოს მიერ მტკიცებულების შეფასება გულისხმობს მტკიცებულებათა როგორც ინდივიდუალურ, ასევე მათ ერთობლიობაში შეფასებას. ამასთან, სასამართლო ვალდებულია, მხარეთა ახსნა-განმარტება, წარმოდგენილი მტკიცებულება და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებიც შეაფასოს მათი შინაარსის და იურიდიული დამაჯერებლობის კუთხით. აღნიშნული გულისხმობს ყველა იმ ობიექტური თუ სუბიექტური კრიტერიუმების განხილვას, დადგენას და გამორიცხვას, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაზე.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს მიერ 2019 წლის 6 ოქტომბრის გამოცემული №003791 შემაკავებელი ორდერის გაუქმების საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. მოცემულ შემთხვევაში შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე მოთხოვნით აღძრული სარჩელის შემთხვევაში, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სახელმწიფო ბაჟის გადახდა გათვალისწინებული არ არის. ამდენად, არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი მხარეებზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრებისა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2.; მე-12; მე-13; 2112-ე, 2114-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლით, ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონით, და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ე--------------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. გაუქმდეს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის დ----------–----ს მიერ 2019 წლის 6 ოქტომბერს გამოცემული N003791 შემაკავებელი ორდერი.

 

3. გადაწყვეტილება საჩივრდება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე: ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.

 

მოსამართლე: ლელა მილდენბერგერი