განაჩენი

სისხლის სამართლის 12.11.2019
საქმის ნომერი
190100119003180366
თარიღი
12.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 1/727-19

(N078290713003)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

 

საქართველოს სახელით

 

01 ნოემბერი, 2019 წელი ქ. რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე ქეთინო ლუაშვილი

სხდომის მდივანი გიორგი გიგლემიანი

ბრალდების მხარე: პროკურორი ზურაბ ხატიაშვილი

დაცვის მხარე: ადვოკატი ნიკა გუჯაბიძე

ბრალდებული: გ-----------------ე(დასწრების გარეშე),მამის სახელი: გ--–--------ი

დაბადებული: 09.10.1--- წ.

პირადი ნომერი: 1----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: უმაღლესი

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული: გარდაბნის რაიონი, სოფელი ს---------–ა.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილი - ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

 

სხდომის სახე: ღია;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

 

1. დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დამტკიცებულად ცნო:

 

2013 წლის 29 ივლისს, დაახლოებით 20:00 საათზე, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის 33-ე კილომეტრზე, ქ. საგარეჯოდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა ,,ბმვ“-ის მარკის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით - Y------, რომელსაც მართავდა გ-----------------ე. გზაზე მსვლელობისას, ამ უკანასკნელმა ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხოდ მართვა, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები: მარცხნივ მოხვევის მანევრის კანონდარღვევით შესრულებისას გადავიდა საპირისპირო სავალ ზოლში, სადაც შეეჯახა შემხვედრი მიმართულებით მოძრავ „მერსედეს ბენცი“-ს მარკის ავტომობილს, სახელმწიფო ნომრით S------, რომელსაც მართავდა ო--------–-------–ი. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ო--------–-------–ის მგზავრმა მაჰალათ აჰმადოვამ მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

 

2. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

2.1. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ო--------–-------–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ 2013 წლის 29 ივლისს, საღამოს საათებში, მოძრაობდა თბილისი-ბაკურციხის საავტომობილო გზაზე ლაგოდეხის მიმართულებით. სოფ. ს---------–ასთან, მოძრაობდა დაახლოებით 60კმ/სთ სიჩქარით. ეკლესიასთან, გზის გასაყართან შენიშნა საპირისპირო მხრიდან მოძრაობდა „ბმვ“-ს მარკის ა/მანქანა, რომელიც მარცხნივ აპირებდა შეხვევას და გაჩერდა უწყვეტ ხაზთან. „ბმვ“-ს მარკის ა/მანქანის მძღოლმა გაატარა მის წინ მიმავალი მსუბუქი ა/მანქანა. დიდი დისტანციის გამო იფიქრა, მასაც გაატარებდა, მაგრამ „ბმვ“-ს ა/მანქანის მძღოლმა, ისე რომ მისკენ არც გაუხედია, მკვეთრად მოუხვია მარცხნივ შეხვევის მიზნით და წინა ნაწილით გადავიდა მის სავალ გზაზე. მან ვეღარ მოასწრო დამუხრუჭება, საჭე მიმართა მარჯვნივ და დაეჯახა „ბმვ“-ს მარკის ა/მანქანას წინა მარჯვენა ნაწილში. შეჯახების შედეგად მისმა მგზავრმა მიიღო დაზიანება. მისივე განმარტებით, ზიანი აუნაზღაურდა და ბრალდებულის მიმართ პრეტენზია არ აქვს(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.2. სასამართლო სხდომაზე საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის შესაბამისად გამოქვეყნებული იქნა დაზარალებული მ--–---------------ას დაკითხვის ოქმი(01.08.2013 წ.), რომლის მიხედვითაც დადასტურებულია, რომ 2013 წლის 29 ივლისს, საღამოს საათებში მოძრაობდა საავტომობილო გზაზე თბილისიდან ლაგოდეხის მიმართულებით „მერსედეს ბენცის“-ის მარკის ავტომობილით. ა/მანქანაში ჩაეძინა და როგორ მოხდა შეჯახება არ უნახავს. მისი დაკითხვის ოქმით ირკვევა, რომ ზიანი ანაზღაურებულია და ბრალდებულის მიმართ პრეტენზია არ აქვს (იხ.დაკითხვის ოქმი, ტ.1. ს.ფ. 40-41).

 

2.3. სასამართლო სხდომაზე საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის შესაბამისად გამოქვეყნებული იქნა თ----–------------ის დაკითხვის ოქმი (01.08.2013 წ.), რომლის მიხედვითაც დადასტურებულია, რომ 2013 წლის 29 ივლისს, საღამოს საათებში, მოძრაობდა თბილისიდან ლაგოდეხის მიმართულებით „მერსედეს ბენცის“-ის მარკის ავტომობილით დედასთან, მ--–---------------ასთან ერთად. მათ მიერ ნაქირავები ა/მანქანა „მერსედეს ბენცი“-ს მძღოლი, მოძრაობდა დასაშვები სიჩქარით. სოფ. ს---------–ასთან, გზის გასაყართან მოულოდნელად საპირისპირო მხრიდან მოძრავმა „ბმვ“-ს მარკის ა/მანქანამ, მკვეთრად მოუხვია მარცხნივ შეხვევის მიზნით და წინა ნაწილით გადავიდა მათ სავალ გზაზე. „მერსედეს ბენცის“ მძღოლმა ვეღარ მოასწრო დამუხრუჭება, საჭე მიმართა მარჯვნივ და დაეჯახა „ბმვ“-ს მარკის ა/მანქანას წინა მარჯვენა ნაწილში(იხ.დაკითხვის ოქმი, ტ.1. ს.ფ.34-35).

 

2.4. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 04 ნოემბრის სამედიცინო ექსპერტიზის N004951813 დასკვნის თანახმად მ--–---------------ა მკურნალობდა სატაციონალურად 30.07.13 წ-დან 08.08.13 წ-მდე დიაგნოზით: მარცხენა ბარძაყის ძვლის დახურული ციბრუტქვედა, ციბრუტებზე გამავალი მოტეხილობა-ცდომით, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარიხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით(იხ. დასკვნა, ტ.1. ს.ფ. 48-51)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას მითითებული დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა ალექსი ბარათაშვილმა.

 

2.5. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 04 ნოემბრის სატრანსპორტო-ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის N005454216 დასკვნის თანახმად:

1. კონკრეტული ა/ საგზაო შემთხვევა გამოწვეულია შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ „ბმვ“-ს მძღოლის გ-----------------ის ქმედებით, რომელსაც უგულებელყოფილი აქვს „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, რომელთა დაცვის დროსაც კონკრეტულ ა/საგზაო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა.

2. შემთვევაში მონაწილე ავტომობილ „მერსედესი“-ს მძღოლს ო--------–-------–ზე არ იყო დამოკიდებული კონკრეტული ა/საგზაო შემთხვევის თვიდან აცილება და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება (ტ.1. ს.ფ. 60-63).

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას მითითებული დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა ემზარ გავაშელიშვილმა.

 

გამოძიების მიერ ჩატარებულ ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესებზე ჩვენებები მისცეს გამომძიებლებმა თ-------------–---–მა და ე-------–------–მა, რომლებმაც აღწერეს თითოეული მოქმედების ჩატარების გარემოებები. გამოქვეყნებული იქნა ბრალდებული გ-----------------ის დაკითხვის ოქმი( ტ.1. ს.ფ.54-56), სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა ასევე საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებები.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველო სსსკ-ის მე-9 მუხლის შესაბამისად საქმის განხილვა მიმდინარეობდა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესის შედეგი დამოკიდებულია მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებდნენ მხარეები თავიაანთ პოზიციას და რა მტკიცებულებებით დაადასტურებდნენ მათ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.

 

ამავე კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული მუხლების დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისთვის უნდა არსებობდეს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მათ მიერ დანაშაულის ჩადენაში.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო პრაქტიკის თანახმად ტრანსპორტის მოძრაობის და უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევა ყველაზე ფართოდ გავრცელებულ დანაშაულს წარმოადგენს. ამ დანაშაულის საშიშროების მარალი ხარისხი განპირობებულია ტრანსპორტის უსაფრთხო ფუნქციონირების წესების დაუცველობით, რის შედეგადაც ზიანი ადგება ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.

 

ქმედების სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის, საჭიროა დადგინდეს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების (ან ექსპლუატაციის) წესის დარღვევის ფაქტი იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავდა, ხოლო მოცემული შემთხვევისათვის კი, გამოიწვია თუ არა ამ ქმედებამ ჯანმრთელობის დაზიანება. აღსანიშნავია, რომ ნორმა ბლანკეტურია და ზოგადად მიუთითებს ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევაზე, კონკრეტული წესი კი რეგულირებულია 2014 წლის 1 მარტის კანონით ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“, რომლის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად,მოძრაობის დაწყების, ზოლიდან ზოლში გადასვლის, მოხვევის(მობრუნების0 და გაჩერების... მანევრი უნდა იყოს უსაფრთხო, რათა მოძრაობის სხვა მონაწილეებს არ შეექმნათ დაბრკოლება.

 

სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი უშიშროება, ხოლო დამატებითი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, მოცემულ შემთხვევაში მ--–---------------ას ჯანმრთელობა.

 

დანაშაულის საგანს წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალება, რომლის არასწორმა ექსპლუატაციამ გამოიწვია მართლსაწინააღმდეგო შედეგი.

 

დანაშაულის სუბიექტი არის ის, ვინც მართავს მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას იმის მიუხედავად აქვს თუ არა მას ტრანსპორტის, ან მოცემული სახის ტრანსპორტის მართვის უფლება, ე.ი. სახეზეა საერთო ამსრულებელი.

 

განსახილველი დანაშაულის ობიექტური მხარე მოიცავს: 1. ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლოატაციის წესების დარღვევას; 2. მძიმე შედეგს, კერძოდ, ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას, ანდა ორი ან მეტი ადამიანის სიკვდილს. 3. წესების დარღვევის ფაქტსა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივ კავშირს.

 

სუბიექტური მხრივ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული გაუფრთხილებელია, შეიძლება განხორციელდეს თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით.

 

სასამართლომ გამოიკვლია საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, გაანალიზა სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული შეაფასა სისხლის სამართლის საქმეზე მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მიიჩნია, რომ საქმეში არსებობს გ-----------------ის დამნაშავედ ცნობის შესახებ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რის გამოც იგი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

გ-----------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები საქმეში არ გამოვლენილა.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.

 

სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება.

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ასევე ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლო ითვალისწინებს, რომ გ-----------------ე, რომელიც მართავდა სატრანსპორტო საშუალებას, როგორც მომეტებული საფრთხის წყაროს, ყველა შემთხვევაში ვალდებული იყო უზრუნველეყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა. საქმეში არსებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი და მძღოლის მიერ უსაფრთხო მართვის რაიმე ობიექტური გარემოება. სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ გარემოებამ ასახვა უნდა ჰპოვოს ბრალდებულის მიმართ სასჯელის ობიექტურობასა და სამართლიანობაზე.

 

იმის გათვალისწინებით, რომ გ-----------------ის მიერ ჩადენილია გაუფრთხილებელი დანაშაული, არ არის ნასამართლევი, დაზარალებულების პოზიციის გათვალისწინებით, რომ ზიანი ანაზღაურებულია და მის მიმართ პრეტენზიები არ აქვთ, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ს 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევისთვის, სამართლიანობის პრინციპის დაცვით უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელის სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს მის შემდგომ რესოციალიზაციას. მასვე, უნდა აეკრძალოს ა/სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება სანქციით გათვალისწინებულ ფარგლებში;

 

6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები

 

გ-----------------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიება არ გამოყენებულა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 81-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ-----------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000(ერთი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მასვე, აეკრძალოს ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება 06 (ექვსი) თვის ვადით, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

2. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

3. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით; თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე, სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება აქვს ბრალმდებელს, ზემდგომ პროკურორს, მსჯავრდებულს ან მის ადვოკატს.

 

მოსამართლე

 

ქეთინო ლუაშვილი