გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
130210019003155791
2-711-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
12 ნოემბერი, 2019 წ. ქ. ხაშური
ხაშურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ზაზა რამიშვილი
სხდომის მდივანი ქეთევან ცერიაშვილი
მოსარჩელე იური ჭოხონელიძე
წარმომადგენელი ქეთევან გონგლაძე
მოპასუხე შპს ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი
წარმომადგენლები ოლეგ გრძელიძე და მარიამ რუსაძე
დავის საგანი ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხეს დაეკისროს იური ჭოხონელიძის სასარგებლოდ 15 287 ლარის და 26 თეთრის გადახდა. სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელის საკუთრებაშია უძრავი ქონება - საცხოვრებელი სახლი - ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში, სადაც მოპასუხე - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი'' აწარმოებს სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას. მშენებლობის დროს განხორციელებულმა მრავალჯერადმა აფეთქებებმა გამოიწვია მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის დაზიანება; სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დაზიანება გამოწვეულია სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში წარმოებული აფეთქებითი სამუშაოების შედეგად; მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის მოქმედებით მიყენებული ზიანია 15 287 ლარი და 26 თეთრი - ინდმეწარმე ზვიად გოგოლაძის მიერ შედგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით - სახლის აღდგენა-გაძლიერებისათვის საჭირო თანხა;
2. მოპასუხის პოზიცია მოპასუხე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი'' სარჩელს არ ცნობს იმ გარემოებებზე მითითებით, რომ მოსარჩელის სახლის დაზიანება არ არის გამოწვეული მოპასუხის ბრალით: - მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა დაუსაბუთებელია;
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელის საკუთრების უფლებაა დარეგისტრირებული ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში მდებარე უძრავ ნივთზე 960.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკადასტრო კოდით 69 06 10 038 (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს.ფ.16);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელის კუთვნილი სახლი დაზიანებულია და ის გამოწვეულია მოპასუხის მიერ განხორციელებული აფეთქებითი სამუშაოებით.
მოსარჩელემ წარმოადგინა საჯარო სამართლის იურიდიული პირი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ.33-46), რომლის თანახმად, იური ჭოხონელიძის საცხოვრებელი სახლის ტექნიკური ნდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, თუმცა, ამ ეტაპზე მზიდ კედლებში განვითარებული დაზიანებები საფრთხის შემცველი არ არის და შენობა ვარგისია ექსპლუატაციისათვის, მაგრამ შენობის შემდგომი ხანგრძლივი ექსპლუატაციისათვის საჭიროა ჩატარდეს შენობის ტექნიკური მდგომარეობის დეტალური გამოკვლევა და მიღებული შედეგების ანალიზის შემდეგ - აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოები, ამ მიზნით სპეციალურად დამუშავებული გამაგრების პროექტის მიხედვით. ევროპის მაკროსეისმური სკალის მიხედვით დაზიანებები მიეკუთვნება მე-2 ხარისხს. იური ჭოხონელიძის სახლის დაზიანებები და მანამდე არსებული დაზიანებების დამძიმება (თუა ასეთი დაზიანებები არსებობდა N9 გვირაბის მშენებლობის დაწყებამდე) გამოწვეულია N9 გვირაბის მშენებლობის პროცესში წარმოებული სამუშაოების შედეგად;
მოპასუხე მხარემ წარმოადგინა აფეთქებების მონიტორინგის საერთაშორისო კომპანია ,,ექსორიქსის" და შპს ,,აუდიტ-სერვის-ცენტრის" დასკვნები. ,,ექსორიქსის" დასკვნის თანახმად, მოსარჩელის სახლი აფეთქების ზემოქმედების ზონაში არ მდებარეობს და შესაბამისად, მისი დაზიანება არ არის გამოწვეული მოპასუხის მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად;
3.2.2. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის სახლის რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხაა 15 287 ლარი და 26 თეთრი;
მოპასუხის მიერ წარმოდგენილ შპს ,,აუდიტ-სერვის-ცენტრის" დასკვნაში აღნიშნულია, რომ სახლზე არსებული დაზიანებების აღდგენითი-სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებაა 1355 ლარი;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა დადგენილია მოპასუხე მხარის ბრალეულობა მოსარჩელისათვის ზიანის მიყენებაში. ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნული დაზიანებების და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში მითითებული სამუშაოების ღირებულების ურთიერთშედარების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს 10 000 ლარის გადახდა;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი
6. სამართლებრივი შეფასება
სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების დასაბუთება 6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს დელიქტური ვალდებულება. ამგვარი ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ წინაპირობებს, რომლებიც აუცილებელია დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციასთან. აქედან თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელის საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ექსპერტის დასკვნაში მითითებული მიზეზით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს; ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით; საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით; შედეგად; ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად იური ჭოხონელიძის საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებები და მანამდე არსებული დაზიანებების დამძიმება (თუა ასეთი დაზიანებები არსებობდა N9 გვირაბის მშენებლობის დაწყებამდე) გამოწვეულია N9 გვირაბის მშენებლობის პროცესში წარმოებული სამუშაოების შედეგად; მოპასუხემ, ამ დასკვნის საწინააღმდეგოდ, წარმოადგინა აფეთქებების მონიტორინგის საერთაშორისო კომპანია ,,ექსორიქსის" და შპს ,,აუდიტ-სერვის-ცენტრის" დასკვნები. ,,ექსორიქსის" დასკვნის თანახმად, მოსარჩელის სახლი აფეთქების ზემოქმედების ზონაში არ მდებარეობს და შესაბამისად, მისი დაზიანება არ არის გამოწვეული მოპასუხის მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად; მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, სახლის რეაბილიტაციისათვის საჭიროა 15 287 ლარი და 26 თეთრი; მოპასუხის მიერ წარმოდგენილ ,,აუდიტ-სერვის-ცენტრის" დასკვნაში აღნიშნულია, რომ მოსარჩელის სახლის დაზიენებების აღდგენითი-სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებაა 1355 ლარი; მოპასუხის მიერ წარმოდგენილი დასკვნა, როგორც მასშია აღნიშნული, შედგენილია სამთო-სამონტაჟო-აფეთქებადი საქმის საკონსულტაციო და საინჟინრო მომსახურების კომპანია ,,ექსორიქსის" 2017 წლის ივლისში შედგენილ დასკვნის ანგარიშებზე დაყრდნობით. ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 14 თებერვლის დასკვნა ემყარება გამოსაკვლევი ობიექტის 2019 წლის 11 იანვრის ვიზუალურად შესწავლას. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი შპს ,,აუდიტ-სევის-ცენტრის“ მიერ გაცემული ექსპერტის დასკვნისაგან განსხვავებით, რომელიც უძრავი ნივთის დაზიანების რამოდენიმე სავარაუდო მიზეზზე მიუთითებს, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე შედგენილ დასკვნაში კატეგორიულად არის მითითებული სახლის დაზიანების ერთადერთ მიზეზზე - მოპასუხის მიერ გვირაბის მშენებლობისას წარმოებულ სამუშაოებზე; აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო იზიარებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დაზიანების მიზეზის შესახებ, - მიუთითებს რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე და 105-ე მუხლებზე, რომელთა თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს უარი დასკვნის მიღებაზე დასაბუთებულ უნდა იქნეს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში ან განჩინებაში. ,,აუდიტ-სერვის-ცენტრის" დასკვნიდან ჩანს, რომ ექსპერტიზა ჩატარდა მოსარჩელის სახლის დაზიანებების შესწავლის, მათი წარმოშობის მიზეზების და შესაძლო სეისმური მოვლენების შედეგად მიყენებული ზიანის აღდგენითი ღირებულების განსაზღვრის მიზნით. შინაარსის მიხედვით, ამ დასკვნით რევიზია გაუკეთდა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას და მასში აღნიშნულია, რომ საერთოდ, ძნელი დასადგენია პროცენტული მაჩვენებელი, თუ რომელი მოვლენების ზემოქმედების შედეგადაა გამოწვეული არსებული დაზიანებები: ასაკობრივი ცვეთის, ატმოსფერული ნალექების, მიწისძვრების, მშენებლობის ნორმების დარღვევის, აფეთქებების შეეგად გამოწვეული დინამიური დატვირთვებით; ამდენად, ,,აუდიტ-სერვის-ცენტრის" დასკვნა მიუთითებს უძრავი ნივთის დაზიანების რამოდენიმე სავარაუდო მიზეზზე და ზუსტად არ ასახავს მოსარჩელის სახლის რეაბილიტაციისათვის საჭირო ხარჯებს. გარდა აღნიშნულისა, სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57-ე დადგენილების 34-35 ე მუხლების თანახმად ყველა ორგანიზაციას, რომელიც მსგავსი მასშტაბური ხასიათის მშენებლობებს დაიწყებდა, უნდა გამოეკვლია რისკის ზონაში მყოფი მოსახლეობის სახლების მდგომარეობა, რათა შემდგომ მარტივად ყოფილიყო აღქმადი, თუ რა დაზიანებები გამოიწვია წარმოებულმა მშენებლობამ, ან საერთოდ გამოიწვია, თუ არა ის. საქმის მასალებით კი მსგავსი კვლევის ჩატარება არ დასტურდება, აღნიშნული გარემოება მოპასუხის მტკიცების ტვირთზე ნეგატიურ გავლენას ახდენს - როგორც იმავე ტიპის საქმეებზე ზემდგომი სასამართლოების არაერთ გადაწყვეტილებაშია აღნიშნული; სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ექსპერტის დასკვნას, რომლის თანახმად, სახლზე არსებული დაზიანებები, მოპასუხის მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად არის გამოწვეული. ზიანის ოდენობაზე მსჯელობისას, სასამართლო ადარებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაში აღწერილ დაზიანებებს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში მითითებული დაზიანებებს და მიაჩნია, რომ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით სახლის რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხა, რაც მოსარჩელეს უნდა მიეკუთვნოს, უნდა შემცირდეს 10 000 ლარამდე;
მოსარჩელე მოითხოვს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემას, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, რასაც მოპასუხე არ ეთანხმება იმ გარემოებებზე მითითებით, რომ ასეთ შემთხვევაში აზრს დაკარგავს გადაწყვეტილების გასაჩივრება, მიადგება გამოუსწორებელი ზიანი. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნა გადაწყვეტილების დაყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის მოთხოვნის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან მართალია, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა, არადამაკმაყოფილებელია, მაგრამ აღნიშნულია, რომ სახლზე არსებული დაზიანებები საფრთხის შემცველი არ არის და შენობა ვარგისია ექსპლუატაციისათვის. დასკვნიდან არ ჩანს და არც სხვა მტკიცებულებაა წარმოდგენილი, რაც დაადასტურებდა, რომ არსებობს განსაკუთრებული გარემოებები, რომელთა გამო აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება მოსარჩელეს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ან გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. მოსარჩელეს გადახდილი აქვს: სახელმწიფო ბაჟი - 459 ლარი (ს.ფ.15), ექსპერტიზის ხარჯი - 900 ლარი (ს.ფ.31-32;47-48) და წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯი 250 ლარი (ს.ფ.65); სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ გაღებულ ექსპერტიზის ხარჯში გათვალისწინებული უნდა იქნეს მხოლოდ ბოლო ექსპერტიზის ჩატარებისათვის გადახდილი 700 ლარი, რადგან პირველმა ექსპერტიზამ, რისთვისაც გადახდილი იყო 200 ლარი, მოსარჩელის მიერ დასმულ შეკითხვას სახლის დაზიანების მიზეზის შესახებ პასუხი არ გასცა, მიუთითა, რომ ამისათვის საჭირო იყო დამატებითი მონაცემების წარდგენა. ამის შემდეგ ჩატარდა მეორე ექსპერტიზა, რაშიც გადახდილია 700 ლარი და დასკვნით სრულყოფილი პასუხი გაეცა მოსარჩელის შეკითხვას; სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა გადახდეს აღნიშნული ხარჯი მოსარჩელის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად- სახელმწიფო ბაჟის თანხა - 300 ლარი, ექსპერტიზის ხარჯი - 457 ლარი, წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯი - 163 ლარი და 50 თეთრი;
მოსარჩელე ითხოვს ასევე საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისათვის გაწეული ხარჯი 500 ლარის მოპასუხისათვის დაკისრებას, თუმცა, ამ ხარჯის გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, შესაბამისად, ეს მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს;
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, მუხლებით და
გადაწყვიტა
1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფს" იური ჭოხონელიძის სასარგებლოდ გადახდეს 10 000 (ათი ათასი) ლარი.
2. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფს" იური ჭოხონელიძის სასარგებლოდ გადახდეს სახელმწიფო ბაჟის თანხა 300 (სამასი) ლარი, ექსპერტიზის ხარჯი - 457 (ოთხას ორმოცდაჩვიდმეტი) ლარი, წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯი - 163 (ას სამოცდასამი) ლარი და 50 (ორმოცდაათი) თეთრი;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხაშურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ზაზა რამიშვილი