გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
130210019003146029
2-680-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
13 ნოემბერი, 2019 წ. ქ. ხაშური
ხ-–------ რაიონული სასამართლო
მოსამართლე ზაზა რამიშვილი
სხდომის მდივანი ქეთევან ცერიაშვილი
მოსარჩელე თ----------------შვილი
წარმომადგენელი მაია ხაჩიძე
მოპასუხე შ-----------------------------------------------
წარმომადგენლები მარიამ რუსაძე
დავის საგანი ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხეს დაეკისროს თ----------------შვილის სასარგებლოდ 13 498 ლარის გადახდა. სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელის საკუთრებაშია უძრავი ქონება - საცხოვრებელი სახლი - ხ-–------ მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--–----–-, სადაც მოპასუხე - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,--------------------------------------------'' აწარმოებს სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას. მშენებლობის დროს განხორციელებულმა მრავალჯერადმა აფეთქებებმა გამოიწვია მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის დაზიანება; სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დაზიანება გამოწვეულია სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში წარმოებული აფეთქებითი სამუშაოების შედეგად; მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის მოქმედებით მიყენებული ზიანია 13 498 ლარი - ინდმეწარმე ზვიად გოგოლაძის მიერ შედგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით - სახლის აღდგენა-გაძლიერებისათვის საჭირო თანხა;
2. მოპასუხის პოზიცია მოპასუხე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,--------------------------------------------'' სარჩელს არ ცნობს იმ გარემოებებზე მითითებით, რომ მოსარჩელის სახლის დაზიანება არ არის გამოწვეული მოპასუხის ბრალით: - მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა დაუსაბუთებელია;
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელის საკუთრების უფლებაა დარეგისტრირებული ხ-–------ მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--–----–- მდებარე უძრავ ნივთზე 806.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკადასტრო კოდით 6-------------იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს.ფ.17-18);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელის კუთვნილი სახლი დაზიანებულია და ის გამოწვეულია მოპასუხის მიერ განხორციელებული აფეთქებითი სამუშაოებით.
მოსარჩელემ წარმოადგინა საჯარო სამართლის იურიდიული პირი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ.27-48), რომლის თანახმად, თ----------------შვილის საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. ასეთ ხარისხში დაზიანებული შენობები ექსპლუატაციისათვის ვარგისია, თუმცა საჭიროა სარემონტო მოპირკეთებითი სამუშაოების ჩატარება ბზარების გამონოლითებით. დაზიანებები, ძირითადად, გამოწვეულია სოფელ ქ--–----–- რკინიგზის N9 გვირაბის მშენებლობის პროცესში მრავალჯერადი აფეთქებების შედეგად წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით, ასევე, ნაწილობრივ - ასაკობრივი ცვეთით და ტექნიკური მოუვლელობით;
მოპასუხე მხარემ წარმოადგინა აფეთქებების მონიტორინგის საერთაშორისო კომპანია ,,ექსორიქსის" და შპს ,,აუდიტ-სერვის-ცენტრის" დასკვნები. ,,ექსორიქსის" დასკვნის თანახმად, მოსარჩელის სახლი აფეთქების ზემოქმედების ზონაში არ მდებარეობს და შესაბამისად, მისი დაზიანება არ არის გამოწვეული მოპასუხის მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად;
3.2.2. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით სახლის რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხაა 13 498 ლარი და 4 თეთრი;
მოპასუხის მიერ წარმოდგენილ შპს ,,აუდიტ-სერვის-ცენტრის" დასკვნაში აღნიშნულია, რომ სახლზე არსებული დაზიანებების აღდგენითი-სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებაა 1407 ლარი;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა დადგენილია მოპასუხე მხარის ბრალეულობა მოსარჩელისათვის ზიანის მიყენებაში. ექსპერტიზის დასკვნაში აღწერილი დაზიანებების და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში მითითებული სამუშაოების ღირებულების ურთიერთშედარების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს 8 000 ლარის გადახდა;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი
6. სამართლებრივი შეფასება
სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების დასაბუთება 6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს დელიქტური ვალდებულება. ამგვარი ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ წინაპირობებს, რომლებიც აუცილებელია დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციასთან. აქედან თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელის საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ექსპერტის დასკვნაში მითითებული მიზეზით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს; ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით; საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით; ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად მოსარჩელის სახლის დაზიანებები, ძირითადად, გამოწვეულია სოფელ ქ--–----–- რკინიგზის N9 გვირაბის მშენებლობის პროცესში მრავალჯერადი აფეთქებების შედეგად წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით, ასევე, ნაწილობრივ, - ასაკობრივი ცვეთით და ტექნიკური მოუვლელობით; მოპასუხემ, ამ დასკვნის საწინააღმდეგოდ, წარმოადგინა აფეთქებების მონიტორინგის საერთაშორისო კომპანია ,,ექსორიქსის" და შპს ,,აუდიტ-სერვის-ცენტრის" დასკვნები. ,,ექსორიქსის" დასკვნის თანახმად, მოსარჩელის სახლი აფეთქების ზემოქმედების ზონაში არ მდებარეობს და შესაბამისად, მისი დაზიანება არ არის გამოწვეული მოპასუხის მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად; მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, სახლის რეაბილიტაციისათვის საჭიროა 13 498 ლარი და 4 თეთრი; მოპასუხის მიერ წარმოდგენილ ,,აუდიტ-სერვის-ცენტრის" დასკვნაში აღნიშნულია, რომ მოსარჩელის სახლის დაზიანებების აღდგენითი-სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებაა 1 407ლარი; მოპასუხის მიერ წარმოდგენილი დასკვნა, როგორც მასშია აღნიშნული, შედგენილია სამთო-სამონტაჟო-აფეთქებადი საქმის საკონსულტაციო და საინჟინრო მომსახურების კომპანია ,,ექსორიქსის" 2017 წლის ივლისში შედგენილ დასკვნის ანგარიშებზე დაყრდნობით. ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 5 დეკემბრის დასკვნა ემყარება გამოსაკვლევი ობიექტის 2018 წლის 13 ნოემბრის ვიზუალურად შესწავლას. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი შპს ,,აუდიტ-სევის-ცენტრის“ მიერ გაცემული ექსპერტის დასკვნისაგან განსხვავებით, რომელიც უძრავი ნივთის დაზიანების რამოდენიმე სავარაუდო მიზეზზე მიუთითებს, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე შედგენილ დასკვნაში კატეგორიულად არის მითითებული სახლის დაზიანების მიზეზებზე - ძირითადად მოპასუხის მიერ გვირაბის მშენებლობისას წარმოებულ სამუშაოებზე, ასაკობრივ ცვეთასა და ტექნიკურ მოუვლელობაზე; აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო იზიარებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დაზიანების მიზეზის შესახებ, - მიუთითებს რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე და 105-ე მუხლებზე, რომელთა თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს უარი დასკვნის მიღებაზე დასაბუთებულ უნდა იქნეს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში ან განჩინებაში. ,,აუდიტ-სერვის-ცენტრის" დასკვნიდან ჩანს, რომ ექსპერტიზა ჩატარდა მოსარჩელის სახლის დაზიანებების შესწავლის, მათი წარმოშობის მიზეზების და შესაძლო სეისმური მოვლენების შედეგად მიყენებული ზიანის აღდგენითი ღირებულების განსაზღვრის მიზნით. შინაარსის მიხედვით, ამ დასკვნით რევიზია გაუკეთდა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას და მასში აღნიშნულია, რომ საერთოდ, ძნელი დასადგენია პროცენტული მაჩვენებელი, თუ რომელი მოვლენების ზემოქმედების შედეგადაა გამოწვეული არსებული დაზიანებები: ასაკობრივი ცვეთის, ატმოსფერული ნალექების, მიწისძვრების, მშენებლობის ნორმების დარღვევის, აფეთქებების შედეგად გამოწვეული დინამიური დატვირთვებით; ამდენად, ,,აუდიტ-სერვის-ცენტრის" დასკვნა მიუთითებს უძრავი ნივთის დაზიანების რამოდენიმე სავარაუდო მიზეზზე და ზუსტად არ ასახავს მოსარჩელის სახლის რეაბილიტაციისათვის საჭირო ხარჯებს; გარდა აღნიშნულისა, სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57-ე დადგენილების 34-35 ე მუხლების თანახმად ყველა ორგანიზაციას, რომელიც მსგავსი მასშტაბური ხასიათის მშენებლობებს დაიწყებდა, უნდა გამოეკვლია რისკის ზონაში მყოფი მოსახლეობის სახლების მდგომარეობა, რათა შემდგომ მარტივად ყოფილიყო აღქმადი, თუ რა დაზიანებები გამოიწვია წარმოებულმა მშენებლობამ, ან საერთოდ გამოიწვია, თუ არა ის. საქმის მასალებით კი მსგავსი კვლევის ჩატარება არ დასტურდება, აღნიშნული გარემოება მოპასუხის მტკიცების ტვირთზე ნეგატიურ გავლენას ახდენს - როგორც იმავე ტიპის საქმეებზე ზემდგომი სასამართლოების არაერთ გადაწყვეტილებაშია აღნიშნული; სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ექსპერტის დასკვნას, რომლის თანახმად, სახლზე არსებული დაზიანებები, ძირითადად, მოპასუხის მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად არის გამოწვეული ასევე, ნაწილობრივ - ასაკობრივი ცვეთით და ტექნიკური მოუვლელობით; სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი არ არის მოპასუხე მხარის მითითება იმ გარემოებაზე, რომ არ არის დადგენილი მოსარჩელის სახლს შეეხება თუ არა საქმეში არსებული ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 13 თებერვლის დასკვნა, რადგან ის შედგენილია სოფელ ქ--–----–- მდებარე ილია ღონღაძის სახლზე, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ, იმავე ბიუროს 2018 წლის 5 დეკემბრის დასკვნაში კი მითითებულია, რომ თ----------------შვილის სახლის წინა მესაკუთრე იყო მისი პაპა ილია ღონღაძე. უძრავი ქონების საკადასტრო კოდი კი აღნიშნული არ არის. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, როგორც ექსპერტიზის დასკვნიდან ჩანს, სახლის წინა მესაკუთრეზე მიუთითა მოსარჩელემ ექსპერტისათვის დასმულ კითხვაში, 2018 წლის 5 დეკემბრის დასკვნის შინაარსიდან ჩანს, რომ ის შედგენილია, 2018 წლის 13 ნოემბერს მოსარჩელის უძრავი ნივთის ვიზუალური შესწავლის შედეგად და ეჭვი იმის შესახებ 2013 წელს შედგენილი დასკვნა ზუსტად ამ ნივთს შეეხებოდა, ექსპერტის ბოლო დასკვნის რელევანტურობაზე უარყოფითად არ მოქმედებს. ზიანის ოდენობაზე მსჯელობისას, სასამართლო ადარებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაში აღწერილ დაზიანებებს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში მითითებული დაზიანებებს და მიაჩნია, რომ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში მითითებული, სახლის რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხა არათანაზომიერია მოპასუხის ბრალით მიყენებულ ზიანთან და მოსარჩელისათვის მისაკუთვნებელი თანხა უნდა განისაზღვროს 8 000 ლარით;
მოსარჩელე მოითხოვს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემას, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას დაახლოებით ერთი წელი დასჭირდება, ამ ხნის განმავლობაში ,,აღდგენითი სამუშაოებისათვის საჭირო თანხა ღირებულებას დაკარგავს“, რასაც მოპასუხე არ ეთანხმება იმ გარემოებებზე მითითებით, რომ ასეთ შემთხვევაში აზრს დაკარგავს გადაწყვეტილების გასაჩივრება, მიადგება გამოუსწორებელი ზიანი. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნა გადაწყვეტილების დაყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის მოთხოვნის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან მართალია, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა, არადამაკმაყოფილებელია, მაგრამ აღნიშნულია, რომ ასეთ ხრისხში დაზიანებული შენობები ექსპლუატაციისათვის ვარგისია. დასკვნიდან არ ჩანს და არც სხვა მტკიცებულებაა წარმოდგენილი, რაც დაადასტურებდა, რომ არსებობს განსაკუთრებული გარემოებები, რომელთა გამო აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება მოსარჩელეს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ან გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. მოსარჩელეს გადახდილი აქვს: სახელმწიფო ბაჟი - 405 ლარი (ს.ფ.65), ექსპერტიზის ხარჯი - 500 ლარი (ს.ფ.61), საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისათვის გაწეული ხარჯი 600 ლარი (ს.ფ.62); და წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯი 250 ლარი (ს.ფ.63); სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა გადახდეს აღნიშნული ხარჯი მოსარჩელის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად - 240 (ორას ორმოცი) ლარი - სახელმწიფო ბაჟი, ექსპერტიზის ხარჯი - 296 (ორას ოთხმოცდათექვსმეტი) ლარი, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისათვის გაწეული ხარჯი 355 (სამას ორმოცდათხუთმეტი) ლარი, წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯი -148 (ას ორმოცდარვა) ლარი;
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, მუხლებით და
გადაწყვიტა
1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ-------------------------------------------- თ----------------შვილის სასარგებლოდ გადახდეს 8 000 (რვა ათასი) ლარი.
2. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ-------------------------------------------- თ----------------შვილის სასარგებლოდ გადახდეს 240 (ორას ორმოცი) ლარი - სახელმწიფო ბაჟი, ექსპერტიზის ხარჯი - 296 (ორას ოთხმოცდათექვსმეტი) ლარი, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისათვის გაწეული ხარჯი 355 (სამას ორმოცდათხუთმეტი) ლარი, წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯი -148 (ას ორმოცდარვა) ლარი;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხ-–------ რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხ-–------ რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ზაზა რამიშვილი