გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№3/161-2017
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
24 მაისი, 2019 წელი ქ. სამტრედია
შესავალი ნაწილი
სამტრედიის რაიონული სასამართლო
სასამართლოს
მოსამართლე ნონა ზარქუა
სხდომის მდივანი ნათია ძაძამია
მოსარჩელე - სსიპ შ--------–---------------ი;
წარმომადგენელი - თ----------------ე;
მოპასუხეები - შპს „ს--------–-“, გ---------–--–---–ი, შპს „ს–---------------------“,დავის საგანი - ცრუმაგიერ პირებად აღიარება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
შპს „ს--------–-“-ს, გ---------–--–---–ის, შპს „ს–---------------------“-ს ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარება.
მოსარჩელის განმარტებით, შპს „ს--------–-“ (ს/ნ 2--------) რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 1997 წლის 14 იანვრიდან. საწარმოს იურიდიული მისამართია: ქ.სამტრედია, გ--------------------. ფაქტიური ქ.სამტრედია, ს------–---------------–-. საქმიანობის სფერო - სარემონტო და სამშენებლო საქმიანობა.შპს „ს--------–-“-ს (ს/ნ 2--------) აღიარებული საგადასახადო დავალიანება შემოპსავლების ერთიანი ელექტრონული ბაზების მონაცემების მიხედვით 2017 წლის 27 სექტემბრისათვის შეადგენს 7227 ლარს. 2011 წლის 20 დეკემბრიდან რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება. შეტყობინების გაცნობის თარიღია 2011 წლის 25 დეკემბერი. 2014 წლის 05 ნოემბერს ადმინისტრირების დეპარტამენტის მიერ გამოცემულია N0------ ბრზანება შპს „ს--------–-ს“ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, ბრძანების გაცნობის თარიღია 2014 წლის 14 ნოემბერი. მარეგისტრირებელი ორგანოებიდან მიღებული, ასევე გადასხადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად გადასახადის გადამხდელს საკუტრებაში ან/და ბალანსზე რიცხული ქონება არ გააჩნია. შპს „ს--------–-ს“ საგადასახადო დავალიანებას შეადგენს 2013 წელს დღგ-ში დეკლარირებით და დასკვნით დარიცხული თანხები (2917 ლარი). საგადასახადო დავალიანების წარმოშობის შემდეგ საწარმომ საქმიანობა შეწყვიტა და მას შემდეგ არარ გაუგრძელებია. შპს „ს--------–-ს“ დავალიანების წარმოშობის და სამეწარმეო საქმიანობის შეწყვეტის შემდეგ გ---------–--–---–მა დააფუძნა ახალი საწარმო შპს „ს–---------------------“(ს/ნ 4--------), რომელიც რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 2015 წლის 30 მარტიდან. საქმიანობის სფერო - სარემონტო და სამშენებლო საქმიანობა. აღნიშნულიდან გამომდინარე მიაჩნია, რომ დავალიანების წარმოშობის შემდგომ შპს „ს--------–-“-ს მიერ საქმიანობის შეჩერება, შემდეგ იმავე მისამართზე იგივე საქმიანობის გაგრძელება მიზნად ისახავდა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების ღონისძიებისაგან თავის არიდებას. მათ გააჩნდათ საერთო მიზანი - გაერიდებინატ ქონება საწარმოდან, რადგან არ მომხდარიყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. საგადასახადო ვალდებულებისაგან თავის არიდების განზრახვა, რომ არ აქვთ სჩანს მათ მიერ ვალდებულების აღიარებაში. ის გარემოება, რომ ორი სხვადასხვა საზოგადოების დირექტორი არის ერთიდაიგივე პირი, და რომ შპს „ს--------–-ს“ მიერ საქმიანობის შეჩერების შემდგომ იმავე მისამართზე საქმიანობა დაიწყო შპს „ს–---------------------- არ წარმოადგენს მათი ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის საფუძველს. ამდენად, მოპასუხეთა მიერ განხორციელებული მოქმედება მართლზომიერია და არ არსებობს ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველი. (იხ. შესაგებელი,მოპასუხის ახნა-განმარტება, 2019 წლის 14 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი)
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის (მომზადების თარიღი 14/12/2011) თანახმად,შპს „ ს--------–-“ (ს/კ 2--------) სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღია 14/01/1997 წელი, იურიდიული მისამართი სამტრედია, გ--------------------, ფაქტიური მისამართი, სამტრედია, ს------–---------------–-. 100% წილის მფლობელი, პარტნიორი და დირექტორი არის გ---------–--–---–ი (პ/ნ 3----------).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (მომზადების თარიღი 14/12/2011) (ს.ფ 22-23 );
-მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამართლოს 2019 წლის 14 მაისის სხდომის ოქმი)
- N1----------- 03/11/2017 წერილი შ--------–---------------ის დავების დეპარტამენტის უფროსისადმი (ს.ფ 17 )
3.1.2 შპს „ს--------–-ს“ დავალიანება შეადგენს 2013 წელს დღგ-ში დეკლარირებით და დასკვნით დარიცხული თანხები (2917 ლარი). საწარმომ საქმიანობა შეწყვიტა საგადასახადო დავალიანების წარმოშობის შემდგომ 2013 წლიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- N1----------- 03/11/2017 წერილი შ--------–---------------ის დავების დეპარტამენტის უფროსისადმი (ს.ფ 17 )
3.1.3. შ--------–---------------ის ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მიერ 2014 წლის 05 ნოემბერს გამოცემულ იქნა №0------ ბრძანება შპს „ს--------–-ს“-ის (ს/ნ 2--------), ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-შ--------–---------------ის ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის 2014 წლის 05 ნოემბრის №0------ ბრძანება (ს.ფ 20 )
3.1.4 მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის (მომზადების თარიღი 15/03/2016) თანახმად, შპს ,,ს–---------------------“-ს სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღია 30/03/2015 წელი, იურიდიული მისამართი სამტრედიის რაიონი, ს------–---------------–-, საქმიანობის გზის სამშენებლო, სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება. 100% წილის მფლობელი, პარტნიორი და დირექტორი არის - გ---------–--–---–ი (პ/ნ 3----------).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (მომზადების თარიღი 15/03/2016) (ს.ფ. 24-25 ).
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამართლოს 2019 წლის 14 მაისის სხდომის ოქმი)
3.1.5 შპს „ს–---------------------ს“ დავალიანება შეადგენს 2017 წლის მარტის და აპრილის თვეების დღგ-ს დეკლარირებით დარიცხული თანხები (14694 ლარი).
3.1.6 შ--------–---------------ის ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მიერ 2017 წლის 22 თებერვალს გამოცემულ იქნა №0------ ბრძანება შპს „შპს ს–---------------------“-ს (ს/ნ 4--------), ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, რომლის გაცნობის თარიღია 2017 წლის 23 თებერვალი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- N1----------- 03/11/2017 წერილი შ--------–---------------ის დავების დეპარტამენტის უფროსისადმი (ს.ფ 17-19 )
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამართლოს 2019 წლის 14 მაისის სხდომის ოქმი)
3.1.7. შ--------–---------------ის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით 2017 წლის 27 სექტემბრის მდგომარეობით შპს „ს--------–-“-ს ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 7227 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-შ--------–---------------ის გადახდევინების ღონისძიებების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წერილი ამავე სამსახურის დავების დეპარტამენტის უფროსისადმი (ს.ფ 17-19).
3.1.8 შ--------–---------------ის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით 2017 წლის 27 ოქტომბრისთვის შპს „ს–---------------------“-ს ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 14344 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-შ--------–---------------ის გადახდევინების ღონისძიებების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის №1----------- წერილი ამავე სამსახურის დავების დეპარტამენტის უფროსისადმი (ს.ფ 17).
3.1.9. შ--------–---------------ის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით შპს„ს--------–-“ და შპს „ს–---------------------“ ერიცხება საგადასახადო დავალიანება, ხოლო უძრავ-მოძრავი ქონება რომლითაც შეიძლება უზრუველყოფილი ყოფილიყო საგადასახადო ვალდებულების შესრულება მათ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანების გამოცემის დროისათვის არ გააჩნდათ და განხორციელებულმა გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებმა ვერ უზრუნველყო დავალიანების დაფარვა. შ--------–---------------ის გადახდევინების ღონისძიებების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მიერ 2017 წლის №1----------- წერილით ამავე სამსახურის დავების დეპარტამენტის უფროსს ეთხოვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შესაბამისად მიემართა სასამართლოსათვის შპს „ს--------–-ს“-ის, გ---------–--–---–ის, შპს „ს–---------------------ს“-ს, ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარების მოთხოვნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-შ--------–---------------ის გადახდევინების ღონისძიებების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის 2017 წლის №1----------- წერილი ამავე სამსახურის დავების დეპარტამენტის უფროსისადმი (ს.ფ 18).
3.1.10. შპს „ს–---------------------ს“ საქმიანობას სფეროს წარმოადგენს გზის სარემონტო სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები.
2016 წლის 20 ივნისს შპს „ა------------–-“-ის ფილილმა საქართველოს რესპუბლიკაში შპს „ს–--------------------თან“ დადო ქვეკონტრაქტის ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა 2016 წლის 18 ივლისს შპს ‘ს----------–-------–-----–--სა“ და შპს „ა------------–-“-ს საქართველოს ფილიალს საქართველოს რესპუბლიკაში, შორის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ N1------- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სენაკის მუნიციპალიტეტში ც------------ის მდინარეთა შორის ახალსოფლის დამშრობი სისტემის (ნაწილი) სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება. სარეაბილიტაციო სამუშაოები მოიცავდა კოლექტორების მოწყობას, ქვაყრილის მოწყობას მილხიდის თავზე, არხის შემკლრების გაწმენდას და ა.შ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 20 ივლისის ქვეკონტრაქტის ხელშეკრულება (ს.ფ. 121-131 );
-მიღება-ჩაბარების აქტები (ს.ფ. 133-140);
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.2 შპს „ს--------–-ს“ საქმიანობის საგანს წარმოადგენდა ტვირთგადაზიდვა.
აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოსარჩელეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია
-სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-შპს „ს--------–-ს წესდება“ (ს.ფ. 178 )
-შ--------–---------------ის ადმინისტრირების დეპარტამენში 2014 წლის 14 ნოემბერს წარდგენილი განცხადება (ს.ფ. 35)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია;
საქართველოს საგადასახადო კოდექსი;
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება
6.1.საქართველოს კონსტიტუციის 42.1. მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის შესაბამისად, კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე
6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25.1. მუხლის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.
სსიპ შ--------–---------------ის სარჩელი შპს „ს--------–-ს“-ის, გ---------–--–---–ის, და შპს „ს–---------------------“-ს მიმართ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ წარმოადგენს აღიარებით სარჩელს, რომლის მიმართ მოსარჩელის იურიდიული ინტერესი გამომდინარეობს მოსარჩელის კანონისმიერი კომპეტენციიდან, რადგანაც საქართველოს კონსტიტუცია საგადასახადო კანონმდებლობას მიაკუთვნებს საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას, რითაც ხაზს უსვამს მის როლს სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირებაში. გადასახადების აკრეფის ფუნქცია სახელმწიფოსთვის სასიცოცხლო დანიშნულების ფუნქციაა. გადასახადები არის სახელმწიფო თუ სხვადასხვა დონის ბიუჯეტის შევსების უმთავრესი წყარო და საჯარო ამოცანების განხორციელების ერთ-ერთი ძირითადი მატერიალური წინაპირობა.
6.3 კონსტიტუციით გათვალისწინებული პრინციპის ჯეროვნად აღსრულების მიზნით, საგადასახადო კოდექსი საგადასახადო ორგანოს ბოჭავს კონკრეტული სამართლებრივი ნორმებით, რათა ბიუჯეტის წინაშე ანგარიშგება განხორციელდეს პირის ძირითადი უფლებების დარღვევის გარეშე. საგადასახადო ორგანოთა ვალდებულებები გათვალისწინებულია საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლით, რომლის ,,ა“, ,,ბ“, ,,რ“ ქვეპუნქტები ადგენენ, რომ საგადასახადო ორგანოები ვალდებულნი არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დაიცვან საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა, იმოქმედონ ამ კოდექსისა და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის სხვა აქტების მოთხოვნათა შესაბამისად და მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო საგადასახადო პოლიტიკის განხორციელებაში; დაიცვან გადასახადის გადამხდელთა უფლებები და სახელმწიფოს ინტერესები; გადასახადის გადამხდელს წარუდგინონ საგადასახადო მოთხოვნა, ხოლო მისი შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში ამ კოდექსით დადგენილი წესით მიიღონ ზომები მისი შესრულების უზრუნველსაყოფად. ამასთან, ამავე ნორმატიული აქტის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტი საგადასახადო ორგანოს ანიჭებს უფლებამოსილებას თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადასახადის გადამხდელისაგან საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებით დადგენილ ვადაში ამოიღონ გადაუხდელი გადასახადი ან/და სანქციის სახით დაკისრებული თანხა.
6.4 საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ სავალდებულოა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით.
6.5 გადასახადის გადამხდელის მხრიდან კუთვნილი საგადასახადო ვალდებულების უპირობო შესრულებაზე მიუთითებს, ასევე, საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.
მითითებულ ნორმათა შინაარსის გათვალისწინებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ საგადასახადო ვალდებულების შესრულების პროცესში გადასახადის გადამხდელები, ისევე როგორც, საგადასახადო ორგანოები იმყოფებიან სამართლებრივი ბოჭვის პირობებში. აღნიშნული მიზნით მათ მიერ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს შესაბამის კანონმდებლობასთან.
6.6 საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, რომ საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა; ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა; გ) ქონებაზე ყადაღის დადება; დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია; ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა; ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება.
საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის კანონით დადგენილი ღონისძიებების გამოყენება იწვევს პირის კანონით დაცული უფლებების, მათ შორის, საკუთრებით თავისუფლად სარგებლობისა და განკარგვის შეზღუდვას. ამასთან, პირს ეკისრება აღნიშნულის თმენის ვალდებულება, რადგან მსგავსი ღონისძიებების გატარება ემსახურება საჯარო ლეგიტიმურ მიზანს - საგადასახადო ვალდებულების შესრულებას და მათი გამოყენების საფუძველი სწორედ გადასახადის გადამხდელის ქმედება - საგადასახადო ვალდებულების ჯეროვანი შეუსრულებლობაა. ამრიგად, არ ასრულებს რა ნაკისრ მოვალეობებს, აღნიშნული გამოიწვევს მის მიმართ სათანადო ღონისძიებების გამოყენების შესაძლებლობას. გარდა აღნიშნულისა, საგადასახადო კანონმდებლობა იცნობს ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარების ინსტიტუტს, რომლის დროსაც გადახდევინების მიქცევა ხდება არა გადასახადის გადამხდელის, არამედ მესამე პირის ქონებაზე, როდესაც დასტურდება, რომ აღნიშნული პირი გამოყენებული იყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით. აღნიშნული მიზნად ისახავს გადასახადების გადახდისაგან თავის არიდების გამორიცხვას, რათა გადასახადის გადამხდელმა ბოროტად არ გამოიყენოს ის გარემოება, რომ მესამე პირის ქონებაზე გადახდევინების მიქცევა არ ხდება და არ მოახდინოს მხოლოდ აღნიშნული მიზნით სხვა პირის შექმნა და მისთვის ქონების გადაცემა გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების მიზნით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246.1. მუხლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
ვინაიდან ცრუმაგიერ პირებად ცნობა უშუალოდ არის დაკავშირებული პირის საკუთრების უფლების შეზღუდვასთან, მის ქონებაზე საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებასთან, აუცილებელია, რომ აღნიშნული ფაქტი დადგინდეს კანონით დადგენილი ყველა დანაწესის სრული დაცვით და ფაქტობრივი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად. აღნიშნული ასევე არის დაკავშირებული სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპთან, რამეთუ მხოლოდ კონკრეტული ერთი ფაქტის საფუძველზე პირთა ერთმანეთის ცრუმაგიერად აღიარებამ შეიძლება გამოიწვიოს მისი დაუცველ მდგომარეობაში ყოფნა, მისი უფლებებისა და კანონით დაცული ინტერესების უკანონო ხელყოფა.
სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 246–ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ანუ გადასახადის გადამხდელი პირი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით ისეთ კავშირში შედის სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მათი განსხვავება.
სასამართლო აღნიშნავს, ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოსარჩელე უფლებამოსილი იქნება განახორციელოს უზრუნველყოფის ღონისძიება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, გამოკვლეულ იქნეს და უტყუარად დადგინდეს მოპასუხეთა ქმედება, რომელიც წინააღმდეგობაში მოვა კანონით დაწესებულ რეგულაციებთან, რათა უსაფუძვლოდ არ მოხდეს პირის კონსტიტუციით დაცული საკუთრების უფლების გაუმართლებელი ხელყოფა.
განსახილველ შემთხვევაში მნიშვნელოვანია განისაზღვროს ცრუმაგიერად ცნობის კონკრეტული წინაპირობები. საგადასახადო კოდექსის 246–ე მუხლის თანახმად, პირები ცრუმაგიერად მიიჩნევიან თუკი:
1)პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან, ამასთან,2)ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან თავის არიდების მიზნით.
ამდენად, არსებული რეგულაცია ადგენს ორ ძირითად პირობას, რომელიც უნდა არსებობდეს ერთობლიობაში, რათა დადგინდეს პირთა ცრუმაგიერობა. ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, შეუძლებელი უნდა იყოს პირთა განსხვავება ერთმანეთისგან. სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებული ჩანაწერი არ მოიაზრებს პირთა ფიზიოლოგიურ თუ საიდენტიფიკაციო მონაცემთა შორის განსხვავებას (ასეთ შემთხვევაში სადავო გარემოებაც არ იარსებებდა), არამედ გადასახადის გადამხდელთა განსხვავება შეუძლებელი უნდა იყოს მათი მიზნიდან გამომდინარე. ფაქტობრივად არსებულ ორ, ან მეტ პირს შორის განხორციელებული ოპერაცია მიმართული უნდა იყოს საერთო მიზნის მიღწევისკენ. თუმცა, ამავდროულად ეს მიზანი უნდა წარმოადგენდეს საგადასახადო ვალდებულების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან თავის არიდებას.
ამრიგად, განხორციელებული კონკრეტული ოპერაცია უნდა შეფასდეს, ემსახურება თუ არა იგი უზრუნველყოფის ღონისძიებისგან თავის არიდებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ დადასტურდეს პირთა ცრუმაგიერობის ფაქტი, სავალდებულოა დადგინდეს, რომ მოპასუხეები საერთო ეკონომიური ინტერესების საფუძველზე მოქმედებდნენ გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით. აღნიშნული გარემოების დადგენის თვალსაზრისით, პრინციპული მნიშვნელობა ენიჭება იმ ფაქტის დადასტურებას, რომ კომპანიებს არ გააჩნიათ რეალური დამოუკიდებლობა, შექმნილია ფორმალურად, საწარმოები შექმნილია ერთი და იგივე გარიგებების განხორციელების მიზნით, ერთ საწარმოზე ფორმდება აქტივები, ხოლო მეორეზე ვალდებულებები, საწარმო გამოიყენება სხვა საწარმოს ან პარტნიორის ვალდებულებების დასაფარავად და საწარმოების დამოუკიდებულების ხარისხი არ იძლევა მათი გამიჯვნის შესაძლებლობას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო არაა, რომ მოპასუხე საზოგადოებების დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი არის ერთიდაიგივე პირი გ---------–--–---–ი. ნებისმიერ პირს უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით დააარსოს იურიდიული პირი და დამოუკიდებლად განსაზღვროს იურიდიული პირის საქმიანობის სფერო. მხოლოდ ის ფაქტი, რომ რამდენიმე საწარმოს ერთიდაიგივე დირექტორი და წილის მესაკუთრე ჰყავს არ გულისხმობს ავტომატურად აღნიშნულ პირთა პრაქტიკულად გამიჯვნის შეუძლებლობას. კანონის ამგვარად გაგება გამოიწვევდა თავისუფალი მეწარმეობის უფლებაში ჩარევას, რომელიც, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, არ უკრძალავს პირს, რომ დააარსოს რამდენიმე იურიდიული პირი, იყოს რამდენიმე საწარმოს დირექტორი და თუკი აღნიშნული იწვევს ინტერესთა კონფლიქტს, საწარმოს წარმოექმნება უფლება, რომ მიმართოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსითა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საკუთარი უფლებების დაცვის საშუალებებს, მაგრამ მოცემული ვერ გახდება იურიდიულ პირთა იდენტურობის დამადასტურებელი გარემოება. ამდენად, რამდენიმე იურიდიული პირის დამფუძნებელ/დირექტორად ყოფნა, დამოუკიდებლად, საკანონმდებლო ნორმით დადგენილი მიზნის დამამტკიცებელი ფაქტობრივი გარემოებების არსებობის გარეშე, არ ქმნის საწარმოთა ცრუმაგიერ პირებად მიჩნევის საფუძველს.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილია, რომ კომანდიტური საზოგადოების შეზღუდული პარტნიორი, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო საზოგადოებისა და კოოპერატივის პარტნიორები საზოგადოების კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ პირადად, თუ ისინი ბოროტად გამოიყენებენ პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივ ფორმებს. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია ხელმძღვანელობის უფლების მქონე პირები, ხოლო მითითებული მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ისინი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად; კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. საზოგადოების უარი რეგრესული ანაზღაურების მოთხოვნებზე ან საზოგადოების კომპრომისი ბათილია, თუ ანაზღაურება აუცილებელია საზოგადოების კრედიტორთა დასაკმაყოფილებლად.
სასამართლო განმარტავს, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილია დირექტორისა და საზოგადოების პარტნიორთა პასუხისმგებლობის საკითხი კრედიტორთა წინაშე, როდესაც მიუხედავად საზოგადოების შეზღუდული პასუხისმგებლობისა, კანონით დადგენილი კონკრეტული საფუძვლების არსებობისას პასუხისმგებლობა სწორედ პარტნიორებსა და დირექტორს ეკისრებათ, მაგრამ აღნიშნული საკითხის შესწავლა, კერძოდ, დირექტორის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, კრედიტორისადმი პირადი პასუხისმგებლობის საკითხის განხილვა არ წარმოადგენს განსახილველი ადმინისტრაციული დავის განხილვის საგანს და არ აქვს კავშირი ცრუმაგიერ პირად აღიარებასთან, რადგან, მართალია, ორივე შემთხვევაში წარმოიშვება მოთხოვნის უფლება არა უშუალოდ მოვალის, არამედ სხვა პირის მიმართ, მაგრამ მოთხოვნის საფუძვლები ორივე შემთხვევაში განსხვავებულია.
მოცემულ შემთხვევაში მხოლოდ ის გარემოება, რომ ორ იურიდიულ პირს ერთი დაიგივე დირექტორი ჰყავს და უფრო გვიან შექმნილი საზოგადოების რეგისტრაციის ადგილი ემთხვევა საქმიანობა შეწყვეტილი საზოგადოების ფაქტობრივ ადგილსამყოფელს არ ქმნის დასახელებული მუხლის შემადგენლობას პირთა ერთმანეთის ცრუმაგიერად მიჩნევისათვის. ვინაიდან დადგენილი გარემოებებით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ შპს „ს--------–-ს’ და შპს ‘ს–---------------------ს“ ერთმანეთისგან განსხვავება მოცემული ბიზნესაქტივობიდან გამომდინარე, შეუძლებელია. დაუსაბუთებელია მოსარჩელის მოთხოვნა დასახელებული პირების ერთ მეწარმე სუბიექტად განხილვის თაობაზე. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება რაც დაადასტურდებდა იმ გარემოებას, რომ დარღვეულია მიჯნა სხვადასხვა იურიდიულ/ფიზიკური პირების ბიზნესსაქმიანობას შორის. მოსარჩელის მიერ მტკიცებულების სახით წარმოდგენილი შპს „ს--------–-ს“ გ---------–--–---–ის განცხადებით, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი შპს „ს--------–-ს“ წესდებით და შპს „ს–---------------------ა“ და შპს „ა------------–-ს“ ფილიალი საქართველოს რესპუბლიკაში და შპს შ–-----“ სრის გაფორმებული ხელშეკრულებებიტ დადასტურებულია ის გარემოება, რომ შპს „ს--------–-“-ს და შპს ‘ს–---------------------“ -ს სამეწარმეო საქმიანობის საგანი არ არის ერთი და იგივე.
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო აღნიშნავს, რომ სახეზე არ არის საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით განსაზღვრული ურთიერთდამოკიდებულება, კერძოდ, ის რომ შპს „ს--------–-“ და შპს „ს–---------------------“ მოქმედებდნენ საერთო მიზნით, რათა გაერიდებინათ ფულადი საშუალებები დავალიანების მქონე საწარმოდან, რათა საწარმოს თავი აერიდებინათ როგორც ბიუჯეტის წინაშე წარმოშობილი ვალდებულებების, ასევე მოსალოდნელი უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის. ამასთან, შპს „ს--------–-ს“-ის დირექტორს გ---------–--–---–ს კანონმდებლობა არ ანიჭებს უფლებამოსილებას და არ აკისრებს მოვალეობას ზედამხედველობა გაუწიოს შპს „ს–---------------------“-ს და პირიქით შპს „ს–---------------------ს“ დირექტორმა ზედამხედველობა გაუწიოს შპს „ს--------–-“, სამეწარმეო კონტროლს დაუქვემდებაროს ან მიიღოს ინფორმაცია ერთმანეთის საგადასახადო ვალდებულებების (გადასახადების დეკლარირება, დეკლარაციების წარდგენა, გადასახადების გადახდა) შესახებ. შესაბამისად, არ არსებობს ფიზიკური პირის გ---------–--–---–ის, შპს „ს--------–-ს“-ის და შპს „----- ს–---------------------ს“ ცრუმაგიერ პირებად აღიარებისთვის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. ამდენად, მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ არარის დადასტურებული ის გარემოება, რომ გადასახადის გადამხდელ მოპასუხედ დასახელებულ პირებმა შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულებების გადახდისაგან თავის არიდების მიზნით მოახდინეს ურთიერთშორის ისეთი კავშირის შექმნა, რომ საგადასახადო ორგანო ვერ ახდენს გადასახადის გადამხდელი პირის იდენტიფიცირებას კონკრეტულ დასაბეგრ ოპერაციებზე. მოპასუხეთა ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარებისთვის სახეზე არ არის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა, რომ მოპასუხეები მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების ერთობლიობით მოქმედებდნენ კუთვნილი საგადასახადო ვალდებულებების თავიდან აცილების მიზნით.
7. საპროცესო ხარჯები
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ლ’’ ქვეპუნქტის თანახმად საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან სახელმწიფო საფინანსო-საკრედიტო, საგადასახადო, საბაჟო და სხვა მაკონტროლებელი ორგანოები, როგორც მოსარჩელეები ან მოპასუხეები- სარჩელზე გადასახადის, მოსაკრეფლების, სახელმწიფო ბაჟისა და სხვა აუცილებელი გადასახდელების ბიუჯეტში გადახდისა და ბიუჯეტიდან თანხის დაბრუნების შესახებ, აგრეთვე განსაკუთრებული წარმოების საქმეებზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შ--------–---------------ი ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 06 ოქტომბრის განჩინებით, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო მოპასუხეების სახელზე რეგისტრირებულ ქონებას.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რის გამოც უნდა გაუქმდეს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 06 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 25-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.სსიპ შ--------–---------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტარაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა № 32) სამტრედიის რაიონულ სასამართლოს(მდებარე: სამტრედია, ძმები ნინუების ქუჩა №1) მეშვეობით სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით.
მოსამართლე ნონა ზარქუა