განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/965-19
(№0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
26 სექტემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - ლავრენტი მაღლაკელიძე
სხდომის მდივანი - მამუკა გოგოლიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ანი ჩუბინაშვილი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ---–- დ-----ის ძე მ----------- (დაბადებული 1--- წლის 1-----–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №1----------- ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები მისამართზე დ--–---ის რაიონი სოფელ ბ---------ში), აღკვეთის ღონისძიების გარეშე მყოფის მიმართ.
ადვოკატი - ი-----------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
დისპოზიცია: ნარკოტიკული საშუალება - მარიხუანას უკანონო შეძენა და შენახვა.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2----–-–-ს 1---------ს, დაახლოებით 01:00 საათზე, ქ. თბილისი დ. გ-------–---–ის გამზირი N---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ---–- მ----------- პირადად, უკანონოდ ინახავდა მის მიერ დაუდგენელ ვითარებაში შეძენილ, მომწვანო-მოყავისფრო ფერის, სპეციალური სუნის მქონე მცენარეულ მასას, რაც ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით არის გამომშრალი მარიხუანა წონით - 22,26 გრამი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. გ---–- მ-----------ს მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების - თ---------- ც------ის, ჯ------- ბ------–---ის გამოკითხვის ოქმებს, 2----–-–-ს 1--------ის პირადი ჩხრეკის ოქმს, საქართველოს შსს ს----------------------–----------ი დეპარტამენტის 2----–-–-ს 1--------ის ქიმიური ექსპერტიზის N1------------- დასკვნას და საქმეში არსებულ სხვა წერილობით მტკიცებულებებს.
2.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულმა გ---–- მ----------მა სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები სს საქმის არსებით სხდომაზე სადავოდ არ გახადა, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
2.3. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
2.4. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
2.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში სსკ-ის 273-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით კრიმინალიზებულია „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის ცხრილით გათვალისწინებული ჩამონათვალის „ნარკოტიკული საშუალებები“ 92-ე გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალების − მარიხუანას მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა.
3.2. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების - ,,მარიხუანას” უკანონო შეძენა-შენახვაში. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების (გამომშრალი მარიხუანა) უკანონოდ შეძენასა და შენახვაში. ნარკოტიკული საშუალების (გამომშრალი მარიხუანა) უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ. კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის მოპოვებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების უკანონოდ განხორციელება. აღნიშნულ ქმედებათა (შეძენა/შენახვა) უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ნარკოტიკული ნივთიერებების (გამომშრალი მარიხუანა) ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით.
3.3. მოცემულ შემთხვევაში მოწმეების - თ---------- ც------ის, ჯ------- ბ------–---ის გამოკითხვის ოქმებით, 2----–-–-ს 1--------ის პირადი ჩხრეკის ოქმით, საქართველოს შსს ს----------------------–----------ი დეპარტამენტის 2----–-–-ს 1--------ის ქიმიური ექსპერტიზის N1------------- დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა წერილობითი მტკიცებულებებით დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ გ---–- მ----------- 2----–-–-ს 1---------ს, დაახლოებით 01:00 საათზე, ქ. თბილისი დ. გ-------–---–ის გამზირი N---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, პირადად, უკანონოდ ინახავდა მის მიერ დაუდგენელ ვითარებაში შეძენილ, მომწვანო-მოყავისფრო ფერის, სპეციალური სუნის მქონე მცენარეულ მასას, რაც ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით არის გამომშრალი მარიხუანა წონით - 22,26 გრამი. სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ნარკოტიკული საშუალება - მარიხუანას უკანონო შეძენა და შენახვის - შემადგენლობისთვის სავალდებულო ყველა ნიშანი. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
3.4. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გ---–- მ----------მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 273-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
4.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
4.3. განაჩენის 4.1. და 4.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
4.4. საქართველოს სსკ-ის 273-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ას სამოციდან ორას ოც საათამდე.
4.5. სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ მუხლით პირის მსჯავრდებისას, მის მიმართ სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრის დროს, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ამ ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის მიერ გამოხატული ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი და პიროვნების მახასიათებელი კონკრეტული გარემოებები.
4.6. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ბრალდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს უნდა მოხდეს ინდივიდუალური მიდგომა, ინდივიდუალური ქმედებისა და ამ ქმედებიდან გამომდინარე კონკრეტული საფრთხის გაანალიზება მართლმსაჯულების განხორციელებისას. გ---–- მ-----------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ მან უდავოდ გახადა მტკიცებულებები, აღიარებს და ინანიებს ჩადენილს ქმედებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.
4.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გ---–- მ----------- აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს, ასევე, ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივ საშიშროებას და ხასიათს, ამოღებული ნარკოტიკული საშუალების ოდენობას, მის კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო სხდომაზე, ასევე, თავად ბრალდებულის პოზიციას, რომლის თანახმადაც, იგი მზადაა, რომ სასჯელის სახით განსაზღვრული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დაკისრების შემთხვევაში, პირნათლად შეასრულოს იგი, ვინაიდან ჯარიმის გადახდას თავად ვერ შეძლებს, მისი უმუშევრობისა და სოციალურად დაუცველობისა გამო. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ---–- მ----------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 160 (ას სამოცი) საათის ვადით. ზემოქმედების ეს, ღონისძიება სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და მნიშვნელოვანწილად შეუწყობს ხელს მის რესოციალიზაციას.
4.8. სასამართლოს ასევე მიაჩნია, რომ გ---–- მ----------ს 3 (სამი) წლით უნდა ჩამოერთვას ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული უფლებები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ---–- მ----------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 160 (ას სამოცი) საათის ვადით.
2. მსჯავრდებულ გ---–- მ----------- მიმართ სასჯელის სახით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სრულფასოვან აღსრულებაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს - სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. გ---–- მ----------ს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
3. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, მსჯავრდებულ გ---–- მ----------ს 3 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
4. მსჯავრდებულ გ---–- მ----------ს ზ/აღნიშნული ჩამორთმეული უფლებების ვადის ათვლა დაეწყოს სს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან.
5. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:
- გ---–- მ-----------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ინახება საქართველოს შსს ც--------–---------------–----- პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მ---------ამმართველოში, სს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - განადგურდეს.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე