გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.10.2019
საქმის ნომერი
820210018002681909
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
23.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 820210018002681909 (2-657/18 )

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

23 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით გელაშვილი

სხდომის მდივანი სოფია კობახიძე

 

მოსარჩელე - შპს ,,ე--------------- +“

წარმომადგენელი - ნ-----------–---–ი

 

მოპასუხე - მ--------------ე, ჯ------------ე

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

მოპასუხეებს დაეკისროთ ხელშეკრულებით განსაზღვრული სესხის ძირითადი თანხა 2 044 (ორი ათას ორმოცდაოთხი) აშშ დოლარი.

 

მოპასუხეებს დაეკისროთ სარგებელი - 2350 (ორი ათას სამას ორმოცდაათი) აშშ დოლარი;

მოპასუხეებს დაეკისროთ მოსარჩელის მიერ ავტომობილის შეფასების აქტის მომზადების სანაცვლოდ გადახდილი თანხა - 100 (ასი) ლარი.

 

ზემოაღნიშნული თანხების გადახდევინება მოხდეს მოპასუხეების საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების რეალიზაციის გზით ანუ მოპასუხეებმა პასუხი აგონ მთელი თავისი ქონებით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცეს დაუყონებლივ აღსასრულებლად.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2016 წლის 13 მაისს მხარეებს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება N--------, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ მსესხებელს 5,0%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი 2 200 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო ამავე თარიღში, მოსარჩელესა და ჯ------------ეს შორის, გაფორმდა ხელშეკრულება სოლიდარული თავდებობის შესახებ.

მსესხებელი ვალდებული იყო სესხი გადაეხადა 36 თვის განმავლობაში იმგვარად, რომ ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავდა სესხს და გადაიხდიდა სესხის სარგებელს ხელშეკრულებაზე თანდართული გადახდის გრაფიკის შესაბამისად. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მის საკუთრებაში არსებული ავტომობილი - მ-------------ც.

მიუხედავად ნაკისრი ვალდებულებისა მსესხებელმა და თავდებმა ვერ/არ უზრუნველყვეს ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულება.

მოპასუხეების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მოხდა გირავნობის საგნის ჩამორთმევა და მისი საბაზრო ღირებულების შეფასება.

ავტომანქანა შეფასდა 1800 ლარად, ხოლო ლიკვიდობა 1000 ლარად. 2017 წლის 17 აგვისტოს ავტომანქანა გაიყიდა 1 444 ლარად. შესაბამისად მოპასუხეებს შპს ,,ე---------------+’’-ის მიმართ ერიცხებათ შემდეგი დავალიანება.

ა) სესხი 2044 (ორი ათას ორმოცდაოთხი) აშშ დოლარი.

ბ) სარგებელი - 2350 (ორი ათას სამას ორმოცდაათი) აშშ დოლარი; 2016 წლის 13 დეკემბერი სესხის დარჩენილი ნაწილზე თვიურად დარიცხულ 5.0%-ს (102 აშშ დოლარი), მთლიანობაში 23 თვის დარიცხული სარგებელი.

გ) შეფასების აქტის საფასური -100 (ასი) ლარი

სესხისა და გირავნობის ხელშეკრულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან მიღებული თანხა საკმარისი არ იქნება უზრუნველყოფილი მოთხოვნის მთლიანად დასაფარავად მაშინ მსესხებელს დაეკისრება პასუხისმგებლობა ნებისმიერ ასეთ ნაშთზე. იგივე გაგრძელდება იმ ხარჯებსა და დანახარჯებზეც, რაც შეიძლება წარმოიშვას გირავნობის საგნის რეალიზაციის პროცესში. ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემდეგ კომპანიამ რამდენჯერმე გაუგზავნა გაფრთხილების წერილები მოპასუხეებს მაგრამ უშედეგოდ. წერილი ასევე გაეგზავნათ ავტომობილის რეალიზაციამდეც სადაც მიუთითებდა, რომ კრედიტორი ჩამორთმეული ავტომობილის რეალიზაციას აპირებდა. ავტომობილის რეალიზაციის შემდეგ, შეტყობინება გაეგზავნა მსესხებელსა და თავდებს რომელშიც განმარტებული იყო დაუფარავი ვალდებულების არსებობის შესახებ, თუმცა შეტყობინებებს რეაგირება არ მოჰყოლია.

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ სცნეს და მიუთითეს, რომ სესხს იხდიდა ერთ წელზე მეტი პერიოდის მანძილზე, ხოლო როდესაც ვერ შეძლო სესხის დაფარვა გადასცა ავტომანქანა მოსარჩელეს, რაზეც განუმარტეს, რომ მისი რეალიზაციით დაიხურებოდა მის სახელზე არსებული დავალიანება. ავტომანქანა შეფასდა და გასხვისდა ბევრად დაბალ ფასად.

 

სასამართლო სხდომებზე მოპასუხე ჯ------------ე არ გამოცხადდა.

 

სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მ--------------ემ ნაწილობრივ სცნო სარჩელი სესხის ძირი თანხის 2044 აშშ დოლარის ნაწილში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 13 მაისს შპს ,,ე--------------- +“ და მოპასუხე მ--------------ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება N--------, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ მსესხებელს 5,0%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი 2 200 აშშ დოლარის ოდენობით, 36 თვის ვადით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი, შესაგებელი,- 2016 წლის 13 მაისის ხელშეკრულება;

- ახსნა-განმარტებები,- შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ.

 

3.1.2 სესხის დაბრუნებისა და სარგებლის გადახდის, აგრეთვე შესაძლო ზიანის, დაზღვევის, სასამართლო, რეალიზაციის, სააღსრულებო, იურიდიული ხარჯების და სხვ. ანაზღაურების უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის მ--------------ის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალება ,,მ--------–----–ი“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი, შესაგებელი

- 2016 წლის 13 მაისის ხელშეკრულება;

- ახსნა-განმარტებები

 

3.1.3. 2016 წლის 13 მაისს შპს ,,ე--------------- +“ და მოპასუხე ჯ------------ეს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც თავდები იღებს ვალდებულებას თავდებად დაუდგეს და სოლიდარულად აგოს პასუხი კრედიტორის წინაშე მესამე პირის მ--------------ის მიერ ძირითადი ვალდებულების შესრულებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი, შესაგებელი

- 2016 წლის 13 მაისის ხელშეკრულება;

- 2016 წლის 13 მაისის სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება,- წერილობითი განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ,- ახსნა-განმარტებები

 

3.1.4. მსესხებელს მ--------------ეს სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად გადახდები აღარ უწარმოებია 2016 წლის 13 დეკემბრის შემდეგ;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი

- მხარეთა ახსნა-განმარტებები

- გადახდის გრაფიკი

- პროგრამული ამონაწერი ანგარიშიდან

 

3.1.5. მოპასუხე მ--------------ემ შპს ,,ე--------------- +“ მიმართ დავალიანება ცნო ნაწილობრივ - სესხის ძირი თანხის ნაწილში - 2044 აშშ დოლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მოპასუხის ახსნა-განმარტება;

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოსარჩელის მიერ რამოდენიმეჯერ მოხდა როგორც ძირითადი მსესხებლის, ასევე თავდების გაფრთხილება ვალდებულების შესრულებაზე, მაგრამ მიუხედავად ამისა ვალდებულება არ იქნა შესრულებული, რის გამოც მოპასუხის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის გამო, მოსარჩელემ შეწყვიტა ხელშეკრულება და მოითხოვა გირავნობის საგნის ავტომობილის გადაცემა, მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით, რა დროსაც რამდენჯერმე აცნობა ძირითად მსესხებელს გირავნობის საგნის მოსალოდნელი რეალიზაციის თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი

- მხარეთა ახსნა-განმარტებები

- შეტყობინებები.

 

3.2.2. 2017 წლის 20 აპრილის შეფასების ანგარიშით გირავნობის საგნის სატრანსპორტო საშუალების ,,მ-------------ცის“ საბაზრო ღირებულება შეადგენს 1800 ლარს. 2017 წლის 17 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ავტომობილი გაიყიდა 1444 ლარად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი, შესაგებელი

- 2017 წლის 20 აპრილის შეფასების ანგარიში

- 2017 წლის 17 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულება,- ახსნა-განმარტებები

 

3.2.3. მოპასუხეთა დავალიანება საერთო ჯამში შეადგენს ძირ თანხას 2044 ა.შ.შ. დოლარს; სარგებელი – 2350 (ორი ათას სამას ორმოცდაათი) აშშ დოლარი; ავტომობილის შეფასების აქტის საფასური -100 (ასი) ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი,- ახსნა-განმარტებები

- 2016 წლის 13 მაისის ხელშეკრულება;

- 2016 წლის 13 მაისის სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება,- წერილობითი განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ,ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელის განხილვისა და მხარეების ახსნა-განმარტებისა მოსმენის შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შპს ,,ე--------------- +“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე, 301-ე, 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 417-418-ე, 420-ე, 463-465-ე, 623- 625-ე, 867-ე, 891-895-ე, მუხლები; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2, მე-4, 102-ე, 103-ე, მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობა მხარეებს შორის გამომდინარეობს სახელშეკრულებო-სამართლებრივი სფეროდან. იგი ეფუძნება საბანკო მომსახურების და საკრედიტო მომსახურეობის სფეროებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამ დებულების შინაარსიდან გამომდინარე საბანკო კრედიტი წარმოადგენს სასესხო ურთიერთობის ნაირსახეობას, ერთ-ერთ ფორმას. ამიტომ, ამ ურთიერთობის რეგულირებისას ასევე გამოიყენება სესხის ხელშეკრულების წესები იმ ფარგლებში, რაც არ ეწინააღმდეგება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეებმა შეიძლება გაითვალისწინონ პროცენტი.

 

დადგენილია, რომ 2016 წლის 13 მაისს შპს ,,ე--------------- +“ და მოპასუხე მ--------------ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება N--------, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ მსესხებელს 5,0%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი 2 200 აშშ დოლარის ოდენობით, 36 თვის ვადით.

 

მითითებული გარემოებები ცხადყოფს, რომ მოცემულ ვითარებაში სახეზეა კერძო სამართლებრივი ურთიერთობა, რა დროსაც მოქმედებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რაც გულისხმობს თავისუფლად, მხარეთა ნების შესაბამისად, ხელშეკრულების დადებას და მისი შინაარსის განსაზღვრას.

 

სესხის დაბრუნებისა და სარგებლის გადახდის, აგრეთვე შესაძლო ზიანის, დაზღვევის, სასამართლო, რეალიზაციის, სააღსრულებო, იურიდიული ხარჯების და სხვ. ანაზღაურების უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის მ--------------ის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალება ,,მ--------–----–ი“.

 

დადგენილია, რომ მსესხებელს მ--------------ეს სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად გადახდები აღარ უწარმოებია 2016 წლის 13 დეკემბრის შემდეგ, რითაც მან დაარღვია ხელშეკრულების პირობები;

 

მოსარჩელის მიერ რამოდენიმეჯერ მოხდა როგორც ძირითადი მსესხებლის, ასევე თავდების გაფრთხილება ვალდებულების შესრულებაზე, მაგრამ მიუხედავად ამისა ვალდებულება არ იქნა შესრულებული, რის გამოც მოპასუხის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის გამო, მოსარჩელემ შეწყვიტა ხელშეკრულება და მოითხოვა გირავნობის საგნის ავტომობილის გადაცემა, მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით, რა დროსაც რამდენჯერმე აცნობა ძირითად მსესხებელს გირავნობის საგნის მოსალოდნელი რეალიზაციის თაობაზე.

 

2017 წლის 20 აპრილის შეფასების ანგარიშით გირავნობის საგნის სატრანსპორტო საშუალების ,,მ-------------ცის“ საბაზრო ღირებულება შეადგენს 1800 ლარს. 2017 წლის 17 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ავტომობილი გაიყიდა 1444 ლარად.

 

ასევე დადასტურებულია, რომ მოპასუხეთა დავალიანება საერთო ჯამში შეადგენს ძირ თანხას 2044 ა.შ.შ. დოლარს; სარგებელი – 2350 (ორი ათას სამას ორმოცდაათი) აშშ დოლარი; ავტომობილის შეფასების აქტის საფასური -100 (ასი) ლარი.

 

6.2. დადგენილია, რომ 2016 წლის 13 მაისს შპს ,,ე--------------- +“ და მოპასუხე ჯ------------ეს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც თავდები იღებს ვალდებულებას თავდებად დაუდგეს და სოლიდარულად აგოს პასუხი კრედიტორის წინაშე მესამე პირის მ--------------ის მიერ ძირითადი ვალდებულების შესრულებაზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის შესაბამისად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ხოლო ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის მიხედვით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს, ხოლო 465-ე მუხლი ადგენს, რომ კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს, როგორც მთლიანად, ისე ნაწილობრივ.

 

მოპასუხეები შპს ,,ე--------------- +“ გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულების თანახმად სოლიდარულად იღებენ პასუხისმგებლობას ძირითად მსესხებელთან ერთად ბანკის წინაშე საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებაზე; შესაბამისად ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს;

 

დადგენილია, რომ მოსარჩელის მხრიდან სრულად იქნა შესრულებული ნაკისრი ვალდებულება - შეთანხმებული საკრედიტო თანხის გაცემის თაობაზე, ხოლო მოპასუხის მხრიდან ვალდებულება არ იქნა შესრულებული დათქმულ დროს. კერძოდ, მ--------------ემ საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მიიღო სესხის თანხა, რომელიც მოსარჩელეს არ აუნაზღაურა, რითაც დაარღვია სესხის ხელშეკრულების პირობები.

 

რაიმე სახის მტკიცებულება მოპასუხე მხარეს სასარჩელო მოთხოვნის საწინააღმდეგოდ არ წარმოუდგენია, შემოიფარგლა მხოლოდ განმარტებით, რომ გადასცა ავტომანქანა მოსარჩელეს, რაზეც განუმარტეს, რომ მისი რეალიზაციით დაიხურებოდა მის სახელზე არსებული დავალიანება. ავტომანქანა შეფასდა და გასხვისდა ბევრად დაბალ ფასად.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,ე--------------- +“ უფლებამოსილია მოითხოვოს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გადაცემული თანხის - სესხის ძირი 2044 (ორი ათას ორმოცდაოთხი) აშშ დოლარის დაბრუნება და ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა დასაბუთებულია სრულად. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ სცნო სარჩელი ძირი თანხის ნაწილში, ეს გარემოება კი წარმოადგენს მის მიმართ სარჩელის მითითებულ ფარგლებში დაკმაყოფილების საფუძველს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

6.3. მოპასუხე მხარემ სადავო გახადა პროცენტის ოდენობა, რის შესახებაც სასამართლო განმარტავს შემდეგს:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

მხარეები თავად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ძირი თანხის და სარგებლის ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობით გადახდის პირობაზე. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ხელშეკრულებაში სესხის გამცემად გამოდის საკრედიტო დაწესებულება და მის მიერ გაცემული სესხი, მისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სასყიდლიანია, რაც გულისხმობს ძირი თანხის პროცენტით გაცემას და რაც მიუთითებს მასზედ, რომ დაწესებულება ორიენტირებულია, პროცენტის დაწესებით მიიღოს სარგებელი (მოგება). ამგვარი დამოკიდებულება განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, სყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს პირისათვის სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი პროცენტის სახით.

 

ამრიგად, ხელშეკრულებაზე თანხმობით, მასში მითითებულ პირობებს დაეთანხმა მსესხებელი, რითაც მან აიღო ვალდებულება შეასრულოს ისინი, დათქმულ დროს გადაიხადოს ძირი თანხა და მასზე დასარიცხი სარგებელი, რომლებიც არ სცდებიან გონივრულობის ფარგლებს.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,ე--------------- +“ უფლებამოსილია მოითხოვოს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გადაცემული თანხის - სესხის სარგებლის - 2350 (ორი ათას სამას ორმოცდაათი) აშშ დოლარის დაბრუნება და ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა დასაბუთებულია სრულად.

6.4. სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მოთხოვნას მის მიერ გაწეული ხარჯის ავტომანქანის შეფასების აქტის საფასურის - 100 (ასი) ლარის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე.

სასამართლო განმარტავს, რომ საქმის დასრულებისა და გადაწყვეტილების გამოტანის დროს კონკრეტული საქმის განმხილველი მოსამართლე (სასამართლო) ვალდებულია სასამართლო ხარჯები საკუთარი ინიციატივითაც კი შეაჯამოს და გაანაწილოს მხარეთა შორის, ანალოგიური რეჟიმია სასამართლოს გარეშე ხარჯებთან დაკავშირებით, თუკი საქმის განხილვისას ასეთი მოთხოვნა არსებობს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს დასკვნას სარჩელის დაკმაყოფილების ან სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ, მითითებას სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე, აგრეთვე მითითებას გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადასა და წესზე.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ გადახდილი ხარჯები სრულად შეესაბამება კანონის მოთხოვნას და მის მიერ გაღებული ხარჯის მოპასუხისათვის დაკისრება უნდა მოხდეს დაკმაყოფილებული მოთხოვნის გათვალისწინებითა და პროპორციულად.

 

6.5. მოსარჩელე მხარემ ასევე მოითხოვა ზემოაღნიშნული თანხების გადახდევინება მოხდეს მოპასუხეების საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების რეალიზაციის გზით ანუ მოპასუხეებმა პასუხი აგონ მთელი თავისი ქონებით.

 

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში აღნიშნული საკითხი მხარეთა შორის შეთანხმებულია 2016 წლის 13 მაისს საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულების დადებისას, აქედან გამომდინარე, მოსარჩელე უფლებამოსილია, მოითხოვოს დავალიანების დარჩენილი ნაწილის დაფარვის განხორციელება მოპასუხის საკუთრებაში არსებული სხვა ქონების რეალიზაციის გზით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქმეში წარმოდგენილი საგადასახადო დავალებით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 347 ლარის ოდენობით. ასევე გადახდილი იქნა ავტომობილის შეფასების ხარჯი 100 ლარის ოდენობით.

 

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, მოსარჩელის მიერ სარჩელის წარმოებაში მიღებისას წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურებაც უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს სოლიდარულად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

9. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი

 

9.1. მოსარჩელე მოითხოვა სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილით - ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილული იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიექცევა მიღებისთანავე დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს, სასამართლო საკითხს წყვეტს საქმის გარემოებების ყოველმხრივი ანალიზის და იმ შესაძლო რისკების გონივრულ ფარგლებში შეფასებით, რაც შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარს შეიძლება მოჰყვეს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო თვლის, რომ შეუძლებელია იმ ზარალის გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოპასუხეს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შემთხვევაში. მოსარჩელე მიუთითებს მხოლოდ საპროცესო ნორმაზე, რომელშიც აღნიშნულია სასამართლოს უფლებამოსილებაზე, რომ სასამართლოს შეუძლია დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება, მაგრამ მოსარჩელე არ ასაბუთებს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის აუცილებლობას და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობას, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 268-269-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,ე---------------+“-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

მოპასუხეებს მ--------------ეს (პ/ნ 6----------) და ჯ------------ეს (პ/ნ 6----------) შპს ,,ე---------------+“-ის (ს/ნ 4--------) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2 044 (ორი ათას ორმოცდაოთხი) აშშ დოლარი.

 

მოპასუხეებს მ--------------ეს (პ/ნ 6----------) და ჯ------------ეს (პ/ნ 6----------) შპს ,,ე---------------+“-ის (ს/ნ 4--------) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2350 (ორი ათას სამას ორმოცდაათი) აშშ დოლარი;

 

მოპასუხეებს მ--------------ეს (პ/ნ 6----------) და ჯ------------ეს (პ/ნ 6----------) შპს ,,ე---------------+“-ის (ს/ნ 4--------) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის და მოსარჩელის მიერ ავტომობილის შეფასების აქტის მომზადების სანაცვლოდ გადახდილი თანხა - 100 (ასი) ლარი.

 

ზემოაღნიშნული თანხების გადახდევინება მოხდეს მოპასუხეების საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების რეალიზაციის გზით ანუ მოპასუხეებმა პასუხი აგონ მთელი თავისი ქონებით.

 

2. მოსარჩელე შპს ,,ე---------------+“-ის სარჩელი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დავით გელაშვილი